კობა კობახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1302 |
ავტორ(ებ)ი | კობა კობახიძე |
თარიღი | 23 მარტი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
ბ. სისხლის სამართლის კოდექსი;
გ. საქართველოს კანონი "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1. სსსკ56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადება; 2. სსსკ 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება; 3. სსსკ 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები; 4. სსსკ 101-ე მუხლის მე-2 პრიმა ნაწილი; 5. სსკ 50-ე მუხლის მე-2 პრიმა ნაწილი და მე-5 ნაწილი; 6. სსკ 54-ე მუხლი; 7. სსკ 55-ე მუხლი; 8. სსკ 63-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები; 9. "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი მთლიანად. |
კონსტიტუციის 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადება და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი; კონსტიტუციის 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადება და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი; კონსტიტუციის 39-ე მუხლი; კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი; კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადება და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი; კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადება და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი; კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადება და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი; კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადება და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი; კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, 39-ე მუხლი, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი, 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, "საკონსტიტუციოს სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-15 მუხლი და მე-16 მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მე ვარ ფიზიკური პირი, პროფესიით ადვოკატი და სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ვარ კონსტიტუციური სარჩელის სუბიექტი და ქვემოთ ჩამოთვლილი კონსტიტუციური ნორმები იძლევა საფუძველს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად. ეს ნორმებია: საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი, 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-15 მუხლი და მე-16 მუხლი.
თუ თქვენ არსებითად არ განიხილავთ სარჩელს და, რა თქმა უნდა, ამას ვითხოვთ ზეპირი მოსმენით, ვერ დაგარწმუნებთ სრულად ჩემი მოთხოვნების სამართლიანობასა და კანონიერებაში. ამ საკითხებით დამძიმებულია მთელი იურისპრუდენციის მონაწილენი, განსაკუთრებით ადვოკატები, მოსამართლეები და რიგ შემთხვევებში პროკურორებიც. მოსამართლეები, რომლებთანაც მქონია ურთიერთობა, ყველა გულანთებული მიესალმება ჩემს მოწადინებას, ბევრჯერ უჭირვეულიათ პროკურატურაზე და ამ უკანასკნელთაც, როცა ზემდგომები არ აძლევენ თანხმობას, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მტკიცებულებათა სიმწირის ან ბრალდებულისადმი ჰუმანური და კანონიერი თანაგრძნობის გამოსახატავად. არსებითი განხილვის გადაწყვეტილებამ შეიძლება აფიქრებინოს ზოგ მოსამართლეს კონსტიტუციური წარდგინების შემოტანა თქვენთან, ასევე ჩაერთვებიან არასამთავრობოებიც და საზოგადოებას დიდი იმედი გაუჩნდება მართალი სამართლის ქმნის
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, ანუ ამავე ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე. ვინაიდან ჩვენი სარჩელი გარკვეულ შემხებლობაშია კონსტიტუციის 82-ე მუხლის 1-ლ და მე-3 პუნქტებსა და 84-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებაში სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან, ხოლო საკონსტიტუციო სამართლის შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის "მ" ქვეპუნქტის და 41-ე კვარტა მუხლის კონსტიტუციის 82-ე და 84-ე მუხლებთან შეუსაბამობაზე კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ვეცდები, დავამტკიცო, რატომ უნდა განიხილოს ჩემი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ და რატომ ირღვევა სადავო ნორმებით ჩემი, როგორც მოქალაქის და ადვოკატის, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები.
ჩემი დავა ეხება ჩემი კლიენტებისა და, თავისთავად, ჩემი, როგორც მოქალაქის, ადვოკატის და გადამხდელის, უფლებების შელახვას, როცა სასამართლო ხელისუფლება არ ხორციელდება კონსტიტუციურ მოთხოვნათა შესაბამისად, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებები და, პირველ რიგში, ის უფლება, რომ ყველა ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს (კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი) და ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს სასამართლო განახორციელებს მართლმსაჯულებას და არა სხვა ორგანო (კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის 1-ლი წინადადება), თანაც სამართალწარმოება განხორციელდება მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპზე (კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ანუ იქნება სამართლიანი და დამოუკიდებელი. ამდენად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის სასამართლოს დეფინიცია თავის თავში მოიცავს კონსტიტუციის არამარტო 83-ე და 85-ე მუხლებით გათვალისწინებულ ზემოაღნიშნულ პრინციპებს, არამედ მისი 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით და 84-ე მუხლის 1-ლი პუნქტით აღიარებულ ვალდებულებებს. ამის გამო სარჩელის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე თქვენთვის მომართვა არა თხუთმეტკაციანი იუსტიციის საბჭოს უფლებაა მხოლოდ, არამედ ჩვენეული ფორმულირებით თხუთმეტი მილიონი ადამიანისა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ან აქ ბინადრობს და რომელთაც შეიძლება აქ იცხოვრონ მომავალში.
ზემოაღნიშნულ პრინციპებზე უშუალოდაა მითითებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში:
მე-6 მუხლის (ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა) მე-2 ნაწილი (პირისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა) და მე-3 ნაწილი - უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას - სსკ-ის დელიქტებით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის უდაბლესი ზღვრების ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელების ან პირობითი მსჯავრის გამოყენება ვერ ხორციელდება მოსამართლისგან სსკ 50-ე, 55-ე და 63-ე მუხლებში დათქმული საპროცესო შეთანხმების აუცილებლად არსებობის მოთხოვნების გამო; სსსკ მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდებულს აქვს სამართლიანი პროცესის უფლება); სსსკ მე-9 და 25-ე მუხლები (მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის გარანტია); სსსკ მე-12 მუხლის (კანონიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა) მე-4 ნაწილი (პირის კანონიერ ინტერესს პრიორიტეტი აქვს დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით); სსსკ მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილი (სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს მართლმსაჯულება, გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი).
აღნიშნული ნორმები იმიტომ მოვიყვანეთ, რომ სისხლის სამართლის და სისლხის სამართლის საპროცესო კოდექსების რიგი ნორმები ანტიკონსტიტუციურია და ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას, ანუ ბრალდების მხარე იმგვარად ზემოქმედებს სასამართლოზე, რომ სასამართლომ სამართლიანი განაჩენი ვერ გამოიტანოს და ეს ძირითადად ეხება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის, ასე ვთქვათ, ვირუსულ შეღწევას მართლმსაჯულების მარეგულირებელ ნორმებში, რითაც ირღვევა კონსტიტუციის მე-2 თავში პირდაპირ გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები:
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი (დაუშვებელია ადამიანის მიმართ არაჰუმანური და სასტიკი სასჯელის გამოყენება); მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი (თავისუფლების აღკვეთა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე); 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი (ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს); 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები (ყოველი პირი ვალდებულია, ასრულებდეს კონსტიტუციას. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები); და რაც მთავარია, საკონსტიტუციოს ნორმის ანალოგიის შემცველი 39-ე მუხლი (საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებს და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან - მისი 82-ე და 84-ე მუხლების დებულებებიც ამ პრინციპებში თავსდება).
რომ არაფერი ვთქვათ ზემოთმითითებულ ეროვნული კანონმდებლობის, სისხლის სამართლის პროცესის პრინციპებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიაზრება კონსტიტუციის 39-ე მუხლში, მისი განვრცობის არეალშია ასევე "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" ნორმები:
მე-3 მუხლი (არავინ შეიძლება დაექვემდებაროს არაადამიანურ დასჯას); მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რომელიც მოიცავს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპებს); მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) და მე-17 მუხლი (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა).
ამდენად, კონსტიტუციის 39-ე მუხლი მოითხოვს სასამართლოზე საკონსტიტუციოს კონტროლს და პირისთვის სასჯელის შეფარდებას მხოლოდ სასამართლოს მიერ (სსსკ მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები) და მხარეთა თანასწორობის თუ შეჯიბრებითობის გარანტიას (სსსკ მე-9 და 25-ე მუხლები, ევროკონვენციის მე-6 მუხლი), რის გამოც აპელირება, რომ ჩვენი სარჩელი შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 82-ე და 84-ე მუხლებთან მიმართებაში, აღარ დაგვჭირდება. ამიტომაც დავაფიქსირებ, რომ კონსტიტუციური სარჩელით სადავო ნორმების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის აღიარებას მოვითხოვ მის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის, 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადების, 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან მიმართებაში.
კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები. ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით, სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის მეშვეობითაც, ხოლო მომდევნო 83-ე მუხლის 1ლი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საკონსტიტუციო სასამართლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. რაც შეეხება კონსტიტუციის 84-ე მუხლის 1-ლ პუნქტს, ის, მიუთითებს რა მოსამართლის პირველ რიგში კონსტიტუციისთვის დამორჩილებას, კატეგორიულად კრძალავს რაიმე ზემოქმედებას მოსამართლეზე ან ჩარევას მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიღების მიზნით.
ამგვარად, კონსტიტუციაში საერთოდ არაა ნორმა სასამართლოზე პროკურორის კონტროლი თაობაზე, ანუ სასამართლო ხელისუფლების პროკურატურისგანაც განხორციელების შესახებ, თუმცა ასეთი ნორმები უხვად მოგვეძებნება სისხლის სამართლის კოდექსსა თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში:
სსკ 50-ე მუხლის მე-2 პრიმა ნაწილი: "სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება";
სსკ 55-ე მუხლი: "სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება";
სსკ 63-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები: "თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახ მძიმე დანაშაული. დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია" (იხილეთ მტკიცებულებად დართული გიორგი ჩაჩიბაიას საქმე - დანართი 1).
პროკურატურას ისედაც გააჩნია ის დისკრეციული ნორმები, როცა იგი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას არ ახორციელებს ან დაწყებულს წყვეტს: განრიდების შემთხვევაში (სსსკ 168-ე პრიმა და 168-ე სეკუნდა მუხლები); ქმედითი მონანიების დროს (სსკ 68-ე მუხლი); ვითარების შეცვლის გამო (სსკ 70-ე მუხლი); იარაღის უკანონო ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, ქრთამის მიცემის თუ კომერციული მოსყიდვის დელიქტების შენიშვნებში დათქმულ გარემოებებში და მისთანანი, მაგრამ კანონშემოქმედის მიერ მოცემული ზემოაღნიშნული, ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, უფლებები არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული დამნაშავის სასჯელისგან გასათავისუფლებისლად სასამართლოზე გარკვეული ზემოქმედებისთვის. თუ მოსამართლეს სსკ 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით უფლება აქვს, საპროცესო შეთანხმების გარეშე სასჯელი პირობითად ჩაუთვალოს გაუფრთხილებელი ან განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისშემთხვევაში, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას ასეთის უფლება განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მზიმე დელიქტებით ინკრიმინირებისას ან ორი ნაკლებად მძიმე განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მსჯავრად შერაცხვისას (სსკ 63-ე მუხლის მე-4 ნაწილი)?! ანუ დღევანდელი მდგომარეობით, სსკ 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით (სანქცია 10 წლამდე) 241-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სანქცია 13 წლამდე), 242-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სანქცია 8 წლამდე), 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სანქცია 8 წლამდე), 245-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სანქცია 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) გათვალისწინებული გაუფრთხილებელი დანაშაულების შედეგად, ვთქვათ, 10-მდე ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში მოსამართლეს უფლება აქვს გამოიყენოს პირობითი მსჯავრი საპროცესო შეთანხმების მიუხედავად და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯად, ვთქვათ, სსკ 190-ე და 191-ე მუხლებით, 203 მუხლის 1-ლი ნაწილით, 204-ე პრიმა მუხლით, 207-ე პრიმა მუხლით და მისთანათი, ასევე 273-ე მუხლით გათვალისწინებული 2 განზრახი დანაშაულისთვის, თუ მესამეჯერ ჩაიდენს თუნდაც იგივე სანქციიან ან გაუფრთხილებელ მცირე სასჯელიან დანაშაულს, მის მიმართ პირობით მსჯავრს ვერ გამოიყენებს, თუ არ იქნა საპროცესო შეთანხმება გაფორმებული. ირღვევა კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და "ევროკონვენციის" მე-17 მუხლის მოთხოვნები - პროკურორების უკანონოდ დეკლარირებული უფლებების ბოროტად გამოყენებამ არ უნდა დაარღვიოს მოსამართლეების დამოუკიდებლობის და მართლმსაჯულების მხოლოდ მათგან განხორციელების უფლება. ამიტომაა ხალხის რეაქცია უარყოფითი იმ პიარზე, რომ თითქოს მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან და მხოლოდ ისინი ახორციელებენ მართლმსაჯულებას.
არ ვამბობ, რომ საპროცესო შეთანხმება ანტიკონსტიტუციურია, არამედ ანტიკონსტიტუციურია ის, რომ ასეთის გაფორმების გარეშე მოსამართლეს არ შეუძლია ნაკლებად მძმე დანაშაულის გარდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზეც უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის მიცემა ან პირობით მსჯავრის გამოყენება (იხილეთ დამართი 2 - მტკიცებულებად წარმოდგენილი დავით ჭანტურიძის განაჩენი, სადაც იმიტომ არ ვარ დაფიქსირებული, რომ პროკურორისგან მოსამართლეზე გაცემული პასუხი, საპროცესო შეთანხმება არ ფორმდებოდა და მსჯავრდებულისთვის შეიძლებოდა 6 წლით აღეკვეთა მოსამართლეს თავისუფლება, უვიცობის და სისასტიკის გამოვლინებად მივიჩნიე და უარი ვთქვი დაცვის განხორციელებაზე, თუმცა მოსამართლემ ჩემს მაგიერ უთხრა, 6 წელი როგორ უნდა მიესაჯოს, სსკ 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ძველი რედაქცია 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებსო). რატომ ვენდობით მოსამართლეს ერთი დანაშაულის კატეგორიის შემთხვევაში და არ ვენდობით ორი სხვა სახის დანაშაულის კატეგორიის შემხვევაში, მით უმეტეს, როცა უკვე ისინი მუდმივად გამწესდებიან მოსამართლეებად?! მათ უკეთ იციან მართლმსაჯულება და ვინმემ და რამემ ხელი არ უნდა შეუშალოს დამოუკიდებლად განაჩენის გამოტანაში. ასეთი ანტიკონსტიტუციური ნორმების არსებობით ჩვენ ვაღიარებთ, რომ სასამართლო ხელისუფლება არაა დამოუკიდებელი. მეც და მრავალ ადვოკატს ჰქონია საქმე, როცა გამოძიებაში უამრავი ხარვეზი იყო დაშვებული, მაგრამ მოსამართლეს ბრალდებულების არ აღიარების ფონზე მიუციათ მინიმუმი სასჯელი და უფრო ნაკლებსაც მისცემდნენ, კანონი რომ აძლევდეს ამის საშუალებას, ან გაამართლებდნენ (იხილეთ მტკიცებულებად დართული ნიკა მუსერიძის საქმის მასალები - დანართი 3), მაგრამ ვერ აღდგომიან წინ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს პროკურატურის მათზე ზეგავლენის თაობაზე. თუმცა გამამართლებელი განაჩენების გამოტანამ იმრავლა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ზოგ მოსამართლეთ შედეგად მიუღია ის, რომ აღარ გაამწესეს მოსამართლეებად.
პროკურატურის საპროცესო შეთანხმებაში გადამწყვეტ როლზე როგორც კოდექსის ნორმებშია მითითებული შენიღბულად, ასევეა პრაქტიკაშიც, მაგრამ სამართლებრივად აშკარად მის დომინანტურ როლზე, ანუ დაცვის მხარეზე უპირატესობაზე მიუთითებს სსსკ 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შედარება: პირველ შემთხვევაში მსჯავრდებულს სასამართლო განაჩენის გაუქმების მოთხოვნის უფლება აქვს მისი გამოტანიდან 15 დღეში, ხოლო მე-2 შემთხვევაში პროკურორს არა თუ განაჩენის გამოტანიდან, არამედ საპროცესო შეთანხმების პირობის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში აქვს იმავე სახის უფლება. ხომ შეიძლება, მსჯავრდებულმაც, ვთქვათ, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის შემდეგ აღმოაჩინოს მისი უფლებების შემლახავი გარემოებები, რაც განაჩენის გაუქმების საფუძველია, რატომ არ უნდა შეეძლოს მისი გასაჩივრება ბრალდების მხარის მსგავსად უფრო მეტი ხნის ვადაში?! პროკურატურის ნების გარეშე ვინაიდან არც საპროცესო შეთანხმება გაფორმდება და შესაბამისად მოსამართლე სასჯელის უდაბლეს ზღვარზე ნაკლებს ვერ შეუფარდებს და ვერც პირობით მსჯავრს გამოიყენებს, ამით ზარალდება სამართლიანი სასამართლოს იმიჯი, ჭეშმარიტების დადგენის ხარისხიც დაბალია და ფასი ეკარგება ადვოკატის პროფესიონალიზმს, რისი მანიშნებელიც ისაა, რომ წინა თუ ახალ ხელისუფლებაში პროკურატურასთან ახლო დამოკიდებულებაში მყოფი ზოგი უწიგნური ადვოკატი თავისუფლად აღწევდა და აღწევს საპროცესო შეთანხმებებს და ბრალდებულები აღარც ცდილობენ თავისი სიმართლის მტკიცებას, ოღონდ თავი დააღწიონ ციხეს ან შეიმსუბუქონ სასჯელი, მიდიან საპროცესო შეთანხმებაზე. ამ თვალსაზრისით უკვე გახრწნილია ქართული მართლმსაჯულება, გახმა ნედლი თემიდას ხე. ნუ ვიმოქმედებთ იმ პრინციპებით - როგორიც ერი, ისეთი ბერიო. მივცეთ მოსამართლეებს მართლმსაჯულების არა ფსევდო, არამედ ნაღდი განხორციელების უფლებამოსილება და თანდათან გალამაზდება ქართული სამართალწარმოება, მოსამართლენი მართლა დამოუკიდებლები გახდებიან, სამართალი პურს ჭამს, რუსთაველის თითქმის ათასწლოვანი შესანიშნავი იდეა, "ქმნა მართალი სამართლისა ხესა შეიქს ხმელსა ნედლადო", ფრთებს შეისხამს -ევროპელმა იურისტებმა შოთას სიტყვები "მართალი სამართალი" მხოლოდ 70 წლის წინ დაუდეს საფუძვლად "ევროკონვენციის" ძრითად ნორმას სამართალწარმოების აღსრულების მხრივ მისი მე-6 მუხლის სახით, სადაც დეკლარირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ადვოკატთა პროფესიონალიზმის დაკნინების თვალსაზრისით ანტიკონსტიტუციურია "პროკურატურის შესახებ" კანონის საპროკურორო საბჭოს ინსტიტუტიც, მხედველობაში მაქვს მის შემადგენლობაში ადვოკატთა ასოციაციის წევრის არსებობა ისე, რომ მას არ აქვს შეზღუდული საადვოკატო საქმიანობა - თუ ადვოკატთა ასოციაციის თამჯდომარეს შეზღუდული აქვს ასეთი, ამგვარად უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს წევრი ადვოკატის მიმართაც, ვინაიდან ამ უკანასკნელის მიერ საბჭოში მთავარი პროკურორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების უფლების შიშით, პროკურორები მასთან იოლად ახერხებენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. აღნიშნული არის დისკრიმინაცია სხვა ადვოკატების მიმართ და სირცხვილი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, მაგრამ თქვენ ვერ მოგთხოვთ არარსებული კანონის შესწორებას. რომ იყოს კანონი, საპროკურორო საბჭოს წევრ ადვოკატს არ ეკრძალება საადვოკატო საქმიანობაო, მივუთითებდი მის ანტიკონსტიტუციურობაზე კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 44 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში. შესაფერისი იქნებოდა ნორმა, სადაც ჩაიწერებოდა, რომ ასეთ პერსონას ეკრძალება საადვოკატო საქმიანობა და მისი შრომის ანაზღაურება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ. ეს კანონშემოქმედთა ფუნქციაა და ამ სარჩელის მათთვის გადაგზავნის შემდეგ იქნებ ვინმემ გაბედოს საკანონმდებლო ინიციატივა ამ უმსგავსობის აღმოსაფხვრელად. ამიტომ უნდა გამართოთ წელში წაკუზული და ხელებში მობილურებმომარჯვებული თემიდა და პროკურატურას, მასთან უკანონო გარიგებაში მყოფ ადვოკატებს თუ ნეპოტიზმით დაავადებულ პირებს კი აღარ უნდა მიეცეთ სასამართლოზე უკანონო ზემოქმედების უფლება ან თუნდაც არასამთავრობოთა წარმომადგენლებს აქციების მოწყობის საბაბი, არამედ მოსამართლეები აუცილებელია აღჭურვოთ უბედნიერესი, ჭეშმარიტი სახელმწიფოებრივი გრძნობით - დამოუკიდებლობით. შორენა გუნცაძეც, რომელმაც განიხილა ნარკოდამნაშავე გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მსჯავრდების საქმე, მჯერა, რომ ჰქონდა უფლება, სასჯელის უდაბლეს ზღვარზე ნაკლებს მისცემდა ნარკობალახის მოყვარული "ბახალას", მაგრამ უკანონობა ვერ ჩაიდინა, რაც იქიდან ჩანს, რომ ბრალის არაღიარების პირობებშიც კანონით გათვალისწინებული მინიმუმი სასჯელი შეუფარდა. ამან "თეთრ ხმაურს" მისცა საშუალება, რომ თავს დასხმოდნენ მას, ამ დროს ის არაფერ შუაში იყო, მთავარი ის უკანონო კანონია, რომელსაც სადავოდ მივიჩნევ სსკ 50-ე, 55-ე და 63-ე მუხლების სახით. საზოგადოებაში და პარლამენტში ეს საკითხი პრობლემატურია მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება მარიხუანასთან მიმართებაში და ვერ ჩამოყალიბდნენ, დეკრიმინალიზაცია მოხდეს თუ არა - ბევრი მომხრე ჰყავს და ბევრი მოწინააღმდეგე. დროული გამოსავალი ამ შემთხვევაში ისაა, რომ თქვენ განიხილოთ სსკ 50-ე, 55-ე და 63-ე მუხლების კონსტიტუციურობის საკითხი და ცნოთ ისინი ანტიკონსტიტუციურად, რაც ამ ეტაპზე განმუხტავს საზოგადოებრივ დაძაბულობას, მოსამართლე თუ მიიჩნევს საჭიროდ, სასჯელის უდაბლეს ზღვარზე ნაკლებს მისცემს ან პირობით მსჯავრს გამოიყენებს. რა თქმა უნდა, კანონშემოქმედიც შესაბამის ცვლილებებს შეიტანს პირობითი მსჯავრის გამოყენების დათქმებშიც. ამ ეტაპზე ეს ნაბიჯი მიმაჩნია მართებულად, თორემ შემდგომში, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს მარიხუანას ლეგალიზაცია მათი სათანადო ლიცენზიის აფთიაქებში გაყიდვის გზით და აღარც საგამოძიებო ორგანოებს დასჭირდებათ უამრავი საქმის გამოყოფა ნარკოტიკის ვითომ პოვნის ფაქტის ან "უცნობ" გამსაღებელთა ვინაობის დასადგენად.
გთხოვთ, სადავო საგნის შემოწმებისას "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის მიხედვით მხედველობაში მიიღოთ არა მარტო ჩემეული ანტიკონსტიტუციური სადავო ნორმების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, არამედ მასში გამოხატული ნამდვილი აზრი და მისი გამოყენების პრაქტიკა, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსი.
რადგან კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის გადაწყვეტილება ე.წ. ბახალას საქმემ მიმაღებინა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, სასჯელის მიღების თაობაზე მოსამართლეთა განაჩენების შესახებ ჩემეული ხედვა თქვენ მინდა მოგაწოდოთ, ვინაიდან ჩემი მოსაზრებანი ვერც სააპელაციო სასამართლომ გამიბათილა სანდო არგუმენტებით, რაც შეეხება მე-3 ინსტანციას, ის უმეტესად არ შედის საჩივრის სიღრმისეულ დოქტრინულ და არსებულ პრაქტიკასთან მიმართულ განხილვებში და შაბლონურად იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ამ დროს ზუსტად მნიშვნელოვანი იყო ლაშა ჩანადირის საქმე სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის. როცა მე ლაშა ჩანადირის მსჯავრდება გავასაჩივრე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ბატონმა კახაბერ მაჭავარიანმა, ჩემი საჩივრის უარყოფა ძირითადად მოახდინა იმით, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სასჯელებს, ხოლო "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი მსჯავრდებულთა მიმართ დამატებით ღონისძიებებს წარმოადგენსო - საქმე იმაშია, რომ მე ვითხოვდი სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების და არა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კანონების გამოყენებას მსჯავრდებულისთვის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვისთვის, მით უმეტეს, რომ სისხლის სამართლის კანონები შეზღუდვის უფრო მსუბუქ ფორმებს შეიცავს და უპირატესობაც მას უნდა მინიჭებოდა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძლის ნორმებთან შედარებით. რაც მთავარია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე. ანუ "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არაა და, ამდენად, იგი მთლიანად ანტიკონსტიტუციურია კონსტიტუციის მეორე თავის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის და 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებთან მიმართებაში, რადგან ასეთი შეზღუდვები შეიძლება პირს დაუწესდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი რეკვიზიტებით - სარეზოლუციო ნაწილში უნდა აღნიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი და სასჯელის სახე თუ ზომა. არსადაა მითითებული რაიმე დამატებითი ღონისძიებების თაობაზე, არც საპროცესო კოდექსში და არც სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 (სასჯელის მიზნები და სახეები) თუ 33-ე (ნარკოტიკული დანაშაული) თავებში. მიმაჩნია, რომ მოყვანილი არგუმენტები საკმარისია სადავო საგნის დაკმაყოფილებისთვის. დამატებითი მოტივაცია შეგიძლიათ იხილოთ მტკიცებულებად წარმოდგენილ ლაშა ჩანადირის საქმის მასალებში (დანართი 4).
ასეთივე უკანონობები და კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმებია გამოძიების თუ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევებშიც.
მიუხედავად იმისა, რომ სსსკ მე-100 მუხლით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გამოძიების დაწყება და მისი არ დაწყება არ წარმოადგენს პროკურატურის დისკრეციულ უფლებამოსილებას, გამომძიებლები და პროკურორები მაინც არ იწყებენ გამოძიებას და წელავენ საკითხის გადაწყვეტას თვეების თუ წლების მანძილზე, რის შემდგომაც წერილობით გვამცნობენ პასუხს, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენს ან შემოდებენ თაროზე (იხილეთ მტკიცებულებად წარმოდგენილი მიშა ხარძიანის საქმე, დანართი 5) და რაიმე მოსაზრებით შემდეგ იწყებენ გამოძიებას და ახორციელებენ სისხლისსამართლებრივ დევნას განცხადებაში მხილებული პირის მიმართ. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა უნდა აღმოიფვხრას (იხილეთ დანართი 6, მტკიცებულებად წარმოდგენილი პაატა ბებიაშვილის საქმე). თუ სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენს განცხადება, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე და არა თვეებისა და წლების გასვლის შემდგომ, უნდა ეცნობოს განმცხადებელს, ხოლო თუ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები რაიმე შემოწმებას საჭიროებს, მყისიერად უნდა დაიწყოს გამოძიება, სსსკ 101-ე მუხლის მე-4 ნაწილით განცხადებელი გაფრთხილდეს ცრუ დასმენისთვის და თუ არ დადგინდება დანაშაულის ფაქტები, მას წარედგინოს ბრალდება სსკ 373-ე მუხლით ან შეწყდეს გამოძიება სსსკ 105-ე მუხლით. პრაქტიკაში დანერგილი ე.წ. წინასაგამოძებო შემოწმება უკანონოა, ვინაიდან მისი არც წარმოების და არც ვადების შესახებ მითითებული არაა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თუ პროკურატურის შესახებ კანონის არცერთ ნორმაში. განსაკუთრებით საყურადღებოა თანდართული საქმე ი.ჭკადუასი (დანართი 7), რომლის მიმართ გამოძების დაწყებას ითხოვდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და გამოძიება არ დაიწყეს ისე, რომ ეს უკანასკნელი არც გამოუკითხავთ.
ეს ე.წ. წინასაგამოძებო შემოწმებები არამარტო უკანონოა, ანუ კანონში არ წერია მის შესახებ, არამედ ანტიკონსტიტუციური ბუნებისაა, რადგან გამოძიებადაუწყებელ მასალებზე პირი არაა პროცესის მონაწილე და სსსკ 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, უფლება არ აქვს, გაასაჩივროს პროკურატურის ან გამომძიებლის გადაწყვეტილება (საერთოდ უნდა იყოს სსსკ მე-3 მუხლში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დეფინიცია, რადგან ასეთად მოაზრებული მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის გარდა უნდა მოიაზრებოდეს სხვა მხრივ დაინტერესებული პირი, მაგალითად, დანაშაულის შესახებ განმცხადებელი), ვთქვათ, გამოძიების არდაწყების შესახებ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მას ნათლავენ დანაშაულის შესახებ განმცხადებლად თუ შემტყობინებლად (სსსკ 101-ე მუხლის მე-2 პრიმა ნაწილი) და არა პროცესის მონაწილედ და, მეორეც, არ შეიძლება წერილის გასაჩივრება, იგი უნდა იყოს პროცესუალური აქტი - სსსკ მე-3 მუხლის მე-16 ნაწილის მიხედვით, პროკურორი ან გამომძიებელი ნებისმიერ საკითხზე იღებს დადგენილებას, ანუ ჩემს მიერ დართულ საქმეებზე (ბებიაშვილი, ჭკადუა), რომლებზეც გამოძიება არ დაიწყეს და პასუხი მაინც მაცნობეს (ხარძიანის შემთხვევაში პასუხიც არ მაღირსეს), უნდა იყოს დადგენილებები, ბებიაშვილის შემთხვევაში იმგვარი, რომ სამოქალაქო დავას მიეკუთვნებოდეს, ჭკადუას შემთხვევაში კი ისეთი, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების ფაქტს (მათი სიტყვებით ვციტირებ) ადგილი არ ჰქონია. ასეთ ვითარებაში, თავისთავად, დგება განმცხადებლის კონსტიტუციური უფლება, რომ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად, სსსკ 101-ე მუხლის მე-2 პრიმა ნაწილი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნას, რადგან "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასში გამოხატული ნამდვილი აზრით და მისი გამოყენების პრაქტიკით იმგვარად იკითხება, რომ განმცხადებელს, ვთქვათ, დაზარალებულს, მხოლოდ დანაშაულის შესახებ შეტყობინების დამადასტურებელი ცნობის მიღების უფლება აქვს და არა, მაგალითად, უკანონო გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივების უფლება მისი ინტერესების დასაცავად.
როცა სსსკ 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 169-ე მუხლის მე-9 ნაწილით პროცესის მონაწილეს სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ პროკურატურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილებით გამოტანილი დადგენილების შემთხვევაში და ასეთის უფლება არ აქვს სსსკ 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მოაზრებულ გარემოებებში, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყებისას იმ მოტივით, რომ დაზარალებულის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დანაშაულებრივი არაა და სამოქალაქო დავას მიეკუთვნება, აღნიშნული ნორმები (სსსკ 168-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 169-ე მუხლის მე-9 ნაწილი) ანტიკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან მიმართებაში, რადგან ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მტკიცებულებად წარმოდგენილი (დანართი 8 და 9) მურთაზ უგულავას და თამაზ ნავერიანის გამოძიებადაწყებული საქმეები, სადაც გამოძება არაადეკვატური დელიქტებით დაიწყო და პროკურატურამ და სასამართლომ მომისპო უფლება ბოლოს ხსენებული საპროცესო ნორმებით დამეცვა მათი უფლებები და თავისუფლებები, ანალოგიური საჩივრები ერთმა მოსამართლემ სხვაგვარად გადაწყვიტა, მეორემ სხვაგვარად - ერთმა პროკურატურის დადგენილება დაზარალებულად ცნობასა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის დადგენილება განჩინებით უარყო, ხოლო მეორე მოსამართლის თანაშემწემ არ დაუშვა განსახილველად(?!). პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე ასევე მიტყველებს სარჩელს დართული ონიანის საქმეც (დანართი 10), სადაც ჩემს მოთხოვნაზე, თუ რა ბედი ეწია საქმეს, მიპასუხეს, რომ გამოძება ამჟამადაც მიმდინარეობს. ამ დროს პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა გასულია იმ დელიქტისთვის, რომლითაც დაიწყეს გამოძიება?!
საქმე აქ ეხება არამარტო სსსკ 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ანტიკონსტიტუციურობას, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნის მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილებით გამოტანილი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების უფლებას იძლევა მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში (რა დააშავეს მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულებით დაზარალებულმა ადამიანმებმა?), არამედ სსსკ 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების ანტიკონსტიტუციურობას, რადგანაც ამ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაწყებული არაა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციით, ფაქტობრივ დაზარალებულს უფლება არ აქვს, მიმართოს სასამართლოს. ასეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად პროკურატურა მიმართავს უკანონო ხრიკს - საქმეზე გამოძიების დაწყებას აკვალიფიცირებს ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულით, როცა აშკარაა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (იხილეთ დართული მურთაზ უგულავას და თამაზ ნავერიანების საქმეები). ამ შემთხვევაში საქმე ადეკვატურად უნდა დაეკვალიფიცირებინათ 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ მუხლით თავიდანვე აკვალიფიცირებენ ისეთ მუხლებს, როცა პოლიტიკური მოსაზრებით ვინმეზე ზეწოლა უნდათ (იხილეთ ღვინის მწარმოებელი ფირმის "ბადაგონის" საყოველთაოდ ცნობილი საქმე). უგულავა-ნავერიანის შემთხვევაშიც მილიონობით ქონების მითვისებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ გამოძება დაიწყეს სსკ 180-ე მუხლით თითქოსდა 150 ლარამდე ან 10000 ლარამდე მიყენებული ზარალის მიყენებისთვის(?!).
მინდა ასევე თქვენი ყურადღება გავამახვილო სსკ 54-ე მუხლის შეუსაბამობაზე იმავე სსკ მე-3 და 53-ე მუხლების 1-ლი ნაწილების 1-ლ წინადადებებთან, სსსკ მე-2 მუხლის მე-2 ნაწილთან, სსსკ მე-5 მუხლის მე-3 ნაწილთან, სსსკ მე-6 მუხლის მე-3 ნაწილთან, სსსკ მე-12 მუხლის მე-4 ნაწილთან, "ევროკონვენციის" მე-7 მუხლთან, ერთიანობაში კი ადრე აღნიშნულ კონსტიტუციის მე-17, 39-ე, 42-ე და 44-ე მუხლების მოთხოვნებთან, რადგან სსკ 54-ე მუხლში მითითებულ პირობებში, ვთქვათ, სსკ 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, 20-ის სამი მეოთხედი შეადგენს 15 წელს, ამავე დელიქტის მე-2 ნაწილის სასჯელია 13-დან 17 წლამდე, 17-ის სამი მეოთხედი არის 12.75, ხოლო 1-ლი ნაწილის 11-დან 14 წლამდე, 14-ის სამი მეოთხედია 10.5, ანუ სსკ 54-ე მუხლით დათქმულ გარემოებებში სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს მკაცრი სასჯელის, ე.ი. ზედა ზღვარის სამ მეოთხედს - პირველ შემთხვევაში სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს მაშინ, როცა უდაბლესი ზღვარია 16 წელი, მეორე შემთხვევაში - 12.75 წელს, როცა სანქციის მინიმუმია 13 წელი და მესამე შემთხვევაში - 10.5 წელს, როცა ყველაზე მცირეა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, მოსამართლე დამოუკიდებლად საპროცესო შეთანხმების გარეშე (როცა სსკ 54-ე მუხლში საპროცესო შეთანხმებაზე საერთოდ არაა ლაპარაკი 50-ე, 55-ე და 63-ე მუხლების მსგავსად) სასჯელის უდაბლეს ზღვარზე ნაკლებს ვერ მისცემს მკვლელობისთვის მსჯავრდებულს, რადგან სსკ 55-ე მუხლის მე-2 პრიმა ნაწილი ამას კრძალავს, ვინაიდან სსკ 109-ე მუხლი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიის მიეკუთვნება.
ასევე წინააღმდეგობაშია (თავისთავად არაკონსტიტუციურია ზემოხსენებული არგუმენტებით და კონსტიტუციის ზემოხსენებულ მუხლებთან მიმართებაში) სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი სსკ 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნასთან. ეს უკანასკნელი ნორმა გვეუბნება, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაული მთლიანად შეიძლება ჩაითვალოს პირობითად, 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი კი ამ კატეგორიის დელიქტზე მხოლოდ ნახევარი სასჯელის პირობითად ჩათვლას მოითხოვს. სსკ 63-ე მუხლის მე-2 ნაწილი კრძალავს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე პირობითი მსჯავრის გამოყენებას, ხოლო სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ასეთი სახის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებზე შესაძლებელს ხდის პირობით მსჯავრში სასჯელის ერთი მესამედის ჩათვლას პირველ შემთხვევაში, ხოლო ერთი მეოთხედისას - მეორე შემთხვევაში. თავი რომ დავანებოთ ნორმათა კონკურენციისას მსჯავრდებულისთვის სასარგებლო სასჯელის შეფარდების უპირატესობის პრინციპს, რაც პრაქტიკაში თითქმის არ გამოიყენება, რატომ უნდა შევბოჭოთ მოსამართლეები ასეთი დათქმებით (1/4, 1/3, 1/2) ან დამოუკიდებლობის შემლახავი თუნდაც ოდნავი პირობებით? სამი ინსტანცია არსებობს და თუ პირველი ინსტანციის მოსამართლე მსუბუქ სასჯელს მისცემს კანონიერი შემამსუბუქებელი გარემოებების გარეშე, შეუძლიათ გამოასწორონ ზემდგომებმა. რაღა საჭიროა რეფორმების ე.წ. მესამე ტალღა, როცა მუდმივად დანიშნულ მოსამართლეებს რაიმე უკანონო კანონებით, ანტიკონსტიტუციური ნორმებით არ მივცემთ დამოუკიდებლობას? თუ არ ვენდობით, რატომ ვნიშნავთ? პროკურატურას უფრო ვენდობით, როცა უამრავი ფაქტია საპროცესო შეთანხმებების უკანონო გაფორმებისა და მოსამართლეთა მათ ნოტარიუსად მონათვლისა? აკი, იმიტომაც შეიქმნა მთავარ პროკურატურაში მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დეპარტამენტი. ნუ ფიქრობთ, რომ დღევანდელი პროკურატურა არ ცდილობს ზეგავლენას სასამართლოზე, აბა, რატომ შემოიღეს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა? ამიტომ ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები და აღნიშნული დეპარტამენტის მაგალითები (მრავალი ფაქტი გაჟღერდა ტელევიზიებში, თუმცა მათ გადაწყვეტილებებზე ვერ წვდომის გამო მტკიცებულებებად ვერ დავურთავ სარჩელს) პრეიუდიციებად უნდა გამოიყენოთ დავის ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტისთვის. მიეცით დამოუკიდებლობა მოსამართლეებს, თქვენც ხომ მოსამართლეები ხართ! გთხოვთ, დააკმაყოფილოთ სარჩელი მომავალ, სამუდამოდ გათვლილ სამართლებრივ სივრცეში, რადგან მისი უარყოფის შემთხვევაში მეორეჯერ ამ საკითხებზე ვეღარ მოგმართავენ. გარკვეულწილად, ქოთნისთვის ყურის მობმის ადგილის შერჩევის პრინციპით შეგიძლიათ გამოიყენოთ ინკვიზიციური უფლება და თუ ჩემს სარჩელში შეცდომებს იპოვით და გამოასწორებთ, მადლობას მოგახსენებთ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა