კობა კობახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/11/1302 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 6 დეკემბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 დეკემბერი 2018 20:09 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კობა კობახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადებისა და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 44-ე მუხლთან, 83-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 21 და მე-5 ნაწილების, 54-ე და 55-ე მუხლების და 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, 39-ე მუხლთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 44-ე მუხლთან, 83-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; ე) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1302) მიმართა საქართველოს მოქალაქე კობა კობახიძემ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2018 წლის 29 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 6 დეკემბერს.
2. №1302 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების მიხედვით, ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება, პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობასთან დაკავშირებით, საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. მსგავსი ფორმულირება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებას, რომელიც განსაზღვრავს, რომ ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი მსჯავრდებულს აძლევს უფლებას, ზემდგომ ინსტანციაში მოითხოვოს საპროცესო შეთანხმების გაუქმება, ხოლო მე-4 ნაწილით იგივე უფლება აქვს გარანტირებული პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული დაარღვევს საპროცესო შეთანხმების პირობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილით გარანტირებულია პირის უფლება, დანაშაულის შესახებ განცხადების შემთხვევაში, მიიღოს შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 21 ნაწილით განსაზღვრულია სასამართლოს უფლება, საპროცესო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, დანიშნოს სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი. ანალოგიურ რეგულაციას შეიცავს სადავო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლიც. დასახელებული კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, სასჯელის ნაწილი პირობით მსჯავრად ჩათვალოს. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, „თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები განსაზღვრავენ სასამართლოს უფლებამოსილებას, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი ჩათვალოს პირობითად, თუ ჩადენილი არ არის განსაკუთრებით მძიმე ან განზრახ მძიმე დანაშაული.
5. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულთათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლების და სხვა უფლებების ამავე კანონით განსაზღვრული ვადით ჩამორთმევა.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი აღიარებს უფლებებს, რომლებიც, მართალია, კონსტიტუციით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, თუმცა თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დეკლარირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ვალდებულებას, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ადამიანის უფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირებს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, ხოლო ამავე კანონის 414 მუხლით საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და 84-ე მუხლებთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება გააჩნია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მიუხედავად იმისა, რომ მოყვანილი კონსტიტუციური დებულებები საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მიღმაა მოქცეული, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის სასამართლოს დეფინიცია თავის თავში მოიცავს კონსტიტუციის არა მარტო კონსტიტუციის 83-ე და 85-ე მუხლებით გათვალისწინებულ პრინციპებს, არამედ 82-ე და 84-ე მუხლებით აღიარებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლომ მაინც უნდა განიხილოს.
8. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ზღუდავენ მისი კლიენტებისა და მისი, როგორც მოქალაქის, ადვოკატის და გადასახადების გადამხდელის უფლებებს. კერძოდ, სადავო ნორმები ზღუდავს სასამართლოს შესაძლებლობას, საპროცესო შეთანხმების არსებობის გარეშე, მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და განსაზღვროს შესაბამისი სასჯელი. მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დადება, ხშირად, ბრალდების მხარის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რის გამოც ბრალდების მხარე იმგვარად ზემოქმედებს სასამართლოზე, რომ სასამართლომ შეუძლებელია, სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს. აღნიშნული ერთდროულად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ ადამიანის უფლებებს, ისევე, როგორც სასამართლოს თავისუფლებას.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად თუ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული. მოსარჩელის აზრით, გაუმართლებელია ის ფაქტი, რომ მოსამართლეებს მხოლოდ გარკვეული სიმძიმის დანაშაულის შემთხვევაში აქვთ აღნიშნული უფლებამოსილება და სხვა შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების არსებობა ესაჭიროებათ პირობითი მსჯავრის დასანიშნად, რადგან მათ უკეთ იციან მართლმსაჯულება და არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი მათ მიერ დამოუკიდებლად განაჩენის გამოტანას.
10. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის გარდა, საპროცესო შეთანხმების გადამწყვეტი როლი და ბრალდების მხარის უპირატესობა აშკარაა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც. კერძოდ, მისი 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შედარებისას პირველ შემთხვევაში მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმების გაუქმების მოთხოვნის უფლება გადაწყვეტილების გამოტანიდან 15 დღეში აქვს, ხოლო მეორე შემთხვევაში პროკურორს არათუ განაჩენის გამოტანიდან, არამედ საპროცესო შეთახმების პირობის დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში შეუძლია, მოითხოვოს შეთანხმების გაუქმება. აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორობის პრინციპს და ართმევს მსჯავრდებულს უფლებას, გადაწყვეტილების გამოტანიდან 15 დღის შემდეგ აღმოჩენილი გარემოების გამო მოითხოვოს საპროცესო შეთანხმების გაუქმება.
11. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს დამატებით უფრო მძიმე სასჯელებს ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენებისთვის, შესაბამისად, უპირატესობა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებს უნდა მიენიჭოს, რადგან ისინი შეზღუდვის უფრო მსუბუქ ფორმას შეიცავს. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით და ამ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე და რადგან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეესაბამება არც ერთს, ის არღვევს პირის კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებს.
12. მოსარჩელე ასევე აცხადებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილს, რადგან განმცხადებელს არ ანიჭებს არანაირ უფლებას, მის მიერ განცხადებული დანაშაულის შესახებ მიიღოს ინფორმაცია ან გაასაჩივროს პროკურატურის გადაწყვეტილება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით.
13. მოსარჩელის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადება და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რადგან მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში აძლევს პირს უფლებას, მიმართოს სასამართლოს საჩივრით, რის თავიდან ასაცილებლადაც პროკურატურა, ხშირად, ისეთ დანაშაულებს, სადაც აშკარაა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მძიმედ ან ნაკლებად მძიმედ აკვალიფიცირებს.
14. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 54-ე მუხლი ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის სხვა მუხლებს, რადგან შესაძლებლობას იძლევა, პირი 54-ე მუხლის მოთხოვნებს საპროცესო შეთანხმების არსებობის გარეშე აკმაყოფილებდეს, რაც წინააღმდეგობას წარმოქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლთან. არის შემთხვევები, როცა დანაშაულზე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სამი მეოთხედი დანაშაულისთვის განსაზღვრულ მინიმალურ სასჯელზე ნაკლებია და რადგან 55-ე მუხლის თანახმად, უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი მხოლოდ მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს, ნორმებს შორის იქმნება წინააღმდეგობა.
15. მოსარჩელე მიჩნევს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო და, თავისთავად, არაკონსტიტუციურია სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამ უკანასკნელი ნორმის მიხედვით, ნაკლებად მძიმე დანაშაული მთლიანად შეიძლება ჩაითვალოს პირობითად, 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი კი ამ კატეგორიის დელიქტზე მხოლოდ ნახევარი სასჯელის პირობითად ჩათვლას მოითხოვს. გარდა ამისა, დასახელებული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილი კრძალავს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე პირობითი მსჯავრის დაწესებას, ხოლო მისი 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ასეთი სახის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებზე, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელს ხდის პირობით მსჯავრის გამოყენებას.
16. საბოლოო ჯამში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, ერთი მხრივ, არ აძლევს სასამართლოს უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება პირის სასჯელის განსაზღვრისას, ხოლო, მეორე მხრივ, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს დაცვის მხარეს ბრალდების მხარესთან და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ უფლებებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მისაღებად იგი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში "actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდაოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-3;).
2. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, წარმოებაში მიიღოს კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სადავო საკანონმდებლო აქტი ან მისი ნაწილი ზღუდავს უშუალოდ მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებს. შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად მათი მხრიდან შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7;).
3. №1302 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე არის ადვოკატი და სარჩელის შემოტანის მიზანია მისი კლიენტების, მისი როგორც მოქალაქის, გადასახადების გადამხდელისა და ადვოკატის უფლებების დაცვა. გასაჩივრებული ნორმებით რეგულირდება: ა) მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნისას გამოსაყენებელი წესები; ბ) დაზარალებულად ცნობაზე უარის და დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი; გ) საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების წესი; დ) დანაშაულის შეტყობინების შემთხვევაში ცნობის გაცემის ვალდებულება; ე) ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულთათვის გარკვეული ვადით კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის წესი. შესაბამისად, სადავო ნორმებით შეიძლება შეიზღუდოს მსჯავრდებულის ან დაზარალებულის უფლებები.
4. მოსარჩელე არაერთხელ მიუთითებს მისი კლიენტების უფლებების დარღვევაზე, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია და დასაბუთება იმის თაობაზე, თუ უშულოდ მოსარჩელის რომელი კონსტიტუციური უფლება იზღუდება ან მომავალში შეიძლება შეიზღუდოს სადავო ნორმების მოქმედებით. ის არ მიუთითებს კონკრეტულ შემთხვევებზე, როდესაც სადავო ნორმები მოსარჩელის მიმართ იქნა გამოყენებული (ან მომავალში შეიძლება იქნეს გამოყენებული). ამდენად, აშკარაა, რომ იგი დავობს სხვისი უფლებების დარღვევაზე.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა №1302 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, სარჩელი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. შესაბამისად, იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის, მე–18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1302 („საქართველოს მოქალაქე კობა კობახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი