„შპს ემფარმა“ და სხვები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/9/1721 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ნოემბერი 2022 15:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „შპს ემფარმა“ და სხვები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების და წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის განსაზღვრისა და დანერგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №349 დადგენილებისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის, დანართი №2-ისა და დანართი №3-ის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან და 34-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1721) მომართეს „შპს ემფარმამ“, ინდივიდუალურმა მეწარმემ „გიორგი ქუთათელაძე - შროშანი ფარმაცევტიკალზ“ და ვახტანგ ჯებაშვილმა. №1721 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 4 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 7 ნოემბერს.
2. №1721 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №349 დადგენილება და მისი დანართები განსაზღვრავენ საკითხებს, რომლებიც შეეხება, ერთი მხრივ, საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხას, რომელთაც აღიარებს საქართველო წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვამდე, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტსა და მისი დანერგვის ეტაპობრივ ვადებს, ასევე ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვის სტრატეგიულ გეგმას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი განამტკიცებს ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს.
5. №1721 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო დადგენილების შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრიდან ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მფლობელები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ წარმოება საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით. მოსარჩელე მხარის მითითებით, შესასრულებლად სავალდებულო GMP-ის სტანდარტის მოთხოვნები არ არის გამოცემული და გამოქვეყნებული სახელმწიფო ენაზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტსა და 34-ე მუხლს.
6. №1721 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1721 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს „ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების და წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის განსაზღვრისა და დანერგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №349 დადგენილებისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო აქტის კონსტიტუციურობის პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, რომ შესასრულებლად სავალდებულო GMP-ის სტანდარტის მოთხოვნები არ არის გამოცემული და გამოქვეყნებული სახელმწიფო ენაზე.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული კონსტიტუციური დებულების მიზანია „უმცირესობების დაცვა და უთანასწორობის დაუშვებლობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ ნორმასთან მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობაზე „იმსჯელებს იმ შემთხვევაში, თუ ეს აქტები საქართველოს მოქალაქეებს რომელიმე მითითებული ნიშნის მიხედვით აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/10/560 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). №1721 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ისინი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებულ რომელიმე უმცირესობას მიეკუთვნებიან და მათ მიერ სადავოდ ქცეული აქტი საქართველოს სხვა მოქალაქეებთან შედარებით მათ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს.
4. შესაბამისად, №1721 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების და წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის განსაზღვრისა და დანერგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №349 დადგენილებისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის, დანართი №2-ისა და დანართი №3-ის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №349 დადგენილებისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი არ შეიცავს ძირითადი უფლებების დამდგენ დებულებებს, რომლებთან მიმართებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამა თუ იმ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის განცალკევებულად შეფასება. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი ადგენს ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს აღნიშნული ნორმის სახელწოდებაც.
6. უფრო კონკრეტულად, მოცემული ნორმის პირველი პუნქტი ითვალისწინებს კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებების გავრცელებას იურიდიულ პირებზე მათი შინაარსის გათვალისწინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არ ახდენს რომელიმე უფლების დეკლარირებას, არ განსაზღვრავს ამა თუ იმ უფლების ნორმატიულ შინაარსს და ფარგლებს. მისი მიზანი არის კონსტიტუციის სხვა მუხლებით დეკლარირებული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების, მათი არსის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებზე გავრცელებისათვის კონსტიტუციური საფუძვლის შექმნა და, შესაბამისად, ხელისუფლების დავალდებულება, უზრუნველყოს იურიდიული პირები ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობისა და მათი დაცვის კონსტიტუციური გარანტიებით. მაშასადამე, ეს ნორმა ეხება არა რომელიმე უფლების შინაარსის, არამედ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დამატებითი სუბიექტის განსაზღვრას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის №1/2/566 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული პირები მოკლებული არიან შესაძლებლობას, მიუთითონ აღნიშნულ დებულებაზე, როგორც იურიდიული პირის კონსტიტუციური უფლების მარეგლამენტირებელ ნორმაზე და მოითხოვონ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასება მასზე დაყრდნობით.
7. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები, ხოლო მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „დასახელებული კონსტიტუციური დებულებები არ წარმოადგენენ ძირითადი უფლების დამდგენ ნორმებს, არამედ განსაზღვრავენ ზოგად კონსტიტუციურ პრინციპებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/24/1508 განჩინება საქმეზე „დურმიშხან გურგენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ხსენებული კონსტიტუციური გარანტიები, თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული ცალკეული უფლებებიდან. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ, კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი პრინციპების კონტექსტში“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/22/930 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1472 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23-24).
8. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასახელებული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმებს, რომლებიც ადგენენ ზოგად პრინციპებს და არა კონკრეტულ ძირითად უფლებებს, სადავო ნორმის კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტთან მიმართებით ვერ განხორციელდება განცალკევებულად (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1721 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების და წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის განსაზღვრისა და დანერგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №349 დადგენილებისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის, დანართი №2-ისა და დანართი №3-ის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1721 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ემფარმა“ და სხვები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში