ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N648 |
ავტორ(ებ)ი | ლევან მესხი |
თარიღი | 8 მაისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ მოსარჩელე ლევან მესხი წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოსილ სუბიექტს. კერძოდ, იგი წარმადგენს საქართველოს –– მოწვევის პარლამენტის წევრს. იგი, როგორც პარლამენტის ყოფილი წევრი იღებს სახელმწიფო კომპენსაციას 560 ლარის ოდენობით. 2006 წლის პირველ იანვრამდე პარლამენტის წევრის სამსახურეობრივი პენსია განსაზღვრული იყო პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით. დანიშვნის მომენტიდან, 2002 წლის პირველი იანვრიდან 2005 წლის პირველ აპრილამდე, შესაბამისად, მოსარჩელე იღებდა ჯერ 495 ლარს, ხოლო 2005 წლის პირველი აპრილიდან კი, 750 ლარს. 2006 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე–7 მუხლის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის ზედა, მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 560 ლარით. იგივე კანონის 41–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, მოსარჩელის სახელმწიფო კომპენსაცის ოდენობა გაუთანაბრდა მე–7 მუხლით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს – 560 ლარს. შესაბამისად, მოხდა მოსარჩელის სახელმწიფო პენსიის, რომელსაც ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია, შემცირება 190 ლარით. ამრიგად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარმა ნორმებმა პირდაპირი და უშუალო ზეგავლენა მოახდინეს მოსარჩელის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, კერძოდ, იმ სარგებელზე, რომელსაც იგი, როგორც პარლამენტის ყოფილი წევრი უკვე იღებდა სამსახურეობრივი პენსიის სახით და რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით დაცულ სიკეთეს. მხდედველობაშია მისაღები ის გარემოება 2006 წლის 29 მარტის #2/7/365,371 განჩინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო სასამართლოში არსებითად განსახილველად ანალოგიური შინაარსის სარჩელი, რომელშიც ერთ–ერთ დავის საგანს წარმოადგენდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის პირველი პუნქტი. მიგვაჩნია, რომ მოცემული კონსტიტუციური სარჩელი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე განსხვავდება ზემოაღნიშნული საქმისგან. როგორც 2006 წლის 29 მარტის #2/7/365,371 განჩინებაშია აღნიშნული, „სასამართლო მიუთითებს, რომ საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით კი აღიარებულია საკუთრების საყოველთაო უფლება, რომელიც ადამიანის პირადი უფლებაა. იმავდროულად მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, ამიტომ რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება გავრცელდეს კონსტიტუციის 21-ე მუხლის ფარგლები.“ ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაში არ არის განმარტებული და დაზუსტებული თუ რა შემთხვევაში ვრცელდება ე.წ. „სოციალური უფლებების ხელყოფაზე“ კონსტიტუციის 21–ე მუხლის ფარგლები. ჩვენს შემთხვევაში სადავოა, არა ზოგადად სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის მიზანშეწონილობა, არამედ, ზუსტად კანონით განსაზღვრული, „საკმარისად რეალიზებადი“ და „ლეგიტიმურად მოთხოვნადი“ სარგებლის მიღების შესაძლებლობის გაუქმების კონსტიტუციურობა. აღნიშნული „საკმარისად რალიზებადი“ და „ლეგიტიმურად მოთხოვნადი“ სარგებელი, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, წარმოადგენს საკუთრების უფლებით დაცულ სფეროს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ–სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამრიგად, პენსიის, როგორც „საკმარისად რეალიზებადი“ და „ლეგიტიმურად მოთხოვნადი“ სარგებლის სახელმწიფოს მიერ გაუქმების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია და ამ თვალსაზრისით არ შეუფასებია სადავო აქტები. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არმიღების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებელს მიეცემა შეუზღუდავი მოქმედების სივრცე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით შეამციროს, გააუქმოს და კორექტირება შეიტანოს პენსიების (სახელმწიფო კომპენსაციების) ოდენობაში, რაც წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციის 21–ე მუხლის არსთან და დაუცველს დატოვებს შესაბამისი სუბიექტის საკუთრების უფლებას. გარდა ამისა, კონსტიტუციური სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, სარჩელში მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები, ასევე მათი მისამართი, სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი, საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი, მტკიცებულებან ი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, მოთხოვნის არსი, საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას, კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი. სარჩელს თან ერთვის სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი, საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია. კონსტიტუციური სარჩელი წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის, სუბიექტის მიერ, ვინაიდან სადავო აქტმა უშუალო ზეგავლენა მოახდინა მოსარჩელის კონსტიტუციი მეორე თავით დაცულ საკუთრების უფლებაზე; კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან შეეხება საკანონმდებლო აქტის საქართველოს კონსტიტუციი 21-ე მუხლთან შესაბამისობის საკითხს; კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციურობა სასამართლოს არ განუხილია არსებითად; კონსტიტუციურ სარჩელში დავა შეეხება საკანონმდებლო აქტის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებასთან. ამდენად საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით; დავის საგანი წარმოადგენს საკანონმდებლო და არა კანონქვემდებარე აქტს; არ არის დარღვეული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, ვინაიდან არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლით განსაზღვრული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არ მიღების არცერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე ლევან მესხი წარმადგენს საქართველოს –– მოწვევის პარლამენტის წევრს. იგი, როგორც პარლამენტის ყოფილი წევრი იღებს სახელმწიფო კომპენსაციას 560 ლარის ოდენობით. 2006 წლის პირველ ინავრამდე საქართველოს პარლამენტის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს აწესრიგებდა „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის III თავი განსაზღვრავდა პარლამენტის წევრის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხს. კერძოდ, კანონის მე–15 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, „პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ყოფილ პარლამენტის წევრს მიეცემა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობით.“. მხედველობაშია მისაღები იგივე კანონის მე–20 მუხლიც, რომლის შესაბამისად, „ამ კანონით განსაზღვრული საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის ოდენობა შეიცვლება მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) ცვლილების შესაბამისად.“ მაშასადამე, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2006 წლის პირველ იანვრამდე პარლამენტის წევრის სამსახურეობრივი პენსია განსაზღვრული იყო პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე ლევან მესხი, პენსიის დანიშვნის მომენტიდან, 2002 წლის პირველი იანვრიდან 2005 წლის პირველ აპრილამდე, პენსიის სახით იღებდა 495 ლარს, ხოლო 2005 წლის პირველი აპრილიდან პენსიის ოდენობა განისაზღვრა 750 ლარით. 2005 წლის 23 დეკემბერს „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები. კერძოდ, შეიცვალა კანონის სახელწოდება და მას ეწოდა „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე, კანონიდან ამოღებული იქნა III თავი, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს პარლამენტის წევრის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს. ზემოაღნიშნული ცვლილებები განაპირობა საპენსიო სფეროში განხორციელებულმა სერიოზულმა ცვლილებებმა. კერძოდ, 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებული იქნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის პირველი იანვრიდან. ამ კანონის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები იმ მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების საფუძვლების განსაზღვრა, რომლებმაც სახელმწიფოს წინაშე გაიარეს განსაკუთრებული სამსახური. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36–ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით დანიშნულ პენსიებს ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის III-VI1 თავებით დადგინდა სახელმწიფო კომპენსაციის ახლებური გაანგარიშების წესი. კერძოდ, კანონის მე–13 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედით. მიუხედავად ამისა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ უნდა დაქვემდებარებოდა გადაანგარიშებას ამ კანონის III, IV, V და VI თავების მიხედვით. თუმცა, კანონის მე–7 მუხლით დადგინდა სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვარი და იგი განისაზღვრა 560 ლარით. იგივე კანონის 41–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ამ კანონის ამოქმედებიდან მოხდა ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების, მათ შორის, პარლამენტის ყოფილი წევრის კომპენსაციის ამ კანონის მე-7 მუხლით დადგენილ ოდენობასთან შესაბამისობაში მოყვანა, რის გამოც, მოსარჩელის სახელმწიფო კომპენსაცია შემცირდა 190 ლარით. ანუ, სხვაგვარად, რომ ვთქვათ მას ჩამოერთვა (შეეზღუდა) საკუთრების უფლება იმ სარგებელზე, რომელიც მას, როგორც საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს კანონით ჰქონდა მინიჭებული. უპირველეს ყოვლისა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განვსაზღვროთ, თუ რამდენად წარმოადგენდა 750 ლარის ოდენობით დანიშნული პენსია საკუთრებას საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის მიზნებისათვის. ამ თვალსაზრისით მხედველობაშია მისაღები ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართოს პრეცენდენტული სამართალი. როგორც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა „... უფლება კონკრეტული ოდენობის... პენსიაზე... არ შედის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში და თავისუფლებებში.“ (“Aunola v. Finland”). „თუმცა „მოთხოვნა“ – მათ შორის პენსიასთან მიმართებით – შესაძლებელია წარმოადგენდეს საკუთრებას კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მნიშვნელობით, თუკი იგი საკმარისად რეალიზებადია” (“Stran Greek Refineries and Stratis Andreadis v. Greece”).“ (“Pravednayav. Russia” აბზაცი 38.). როგორც უკვე აღნიშნა 2006 წლის პირველ ინავრამდე საქართველოს პარლამენტის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს აწესრიგებდა „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, კანონის მე–15 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ყოფილ პარლამენტის წევრს მიეცემოდა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნულმა კანონმა მოსარჩელეს მიანიჭა საკმარისად „რეალიზებადი მოთხოვნის“ უფლება პენსიის კონკრეტულ ოდენობაზე, რომელსაც იგი შეუფერხებლად იღებდა კიდეც, 2006 წლის პირველ იანვრამდე. 2006 წლის პირველი იანვრიდან კი, მოსარჩელეს, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძლაში შესვლით და სახელმწიფო კომპენსაციის ახლებური გაანგარიშების წესის მოსარჩელეზე რეტროსპექტული გავრცელებით, შეეზღუდა უფლება მიეღო კომპენსაცია კანონით განსაზღვრული კონკრეტული ოდენობით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, წარმოადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის მე–2 პუნქტისა და ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მე–2 წინადადების მნიშვნელობით. ამ თვალსაზრისით, მხდეველობაშია მისაღები, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკაც. 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე „CASE OF BÉLÁNÉ NAGY v. HUNGARY“. კერძოდ, 25–ე პარაგრაფში აღნიშნულია: „განმცხადებელი დავობს, რომ მან დაკარგა არსებობის საშუალება („livelihood“), რომელიც მას გარანტირებული ჰქონდა ინვალიდობის პენსიით, ვინაიდან ახალი სისტემით მას აღარ ეძლევა უფლება კონკრეტულ ფულად დახმარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა. აღნიშნული განხორციელდა კანონმდებლობის ცვლილებით დადგენილი ახალი პირობებით, რომლებსაც იგი აღარ აკმაყოფილებს.“. სასამართლომ, იგივე პარაგრაფში, ასევე განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული „საჩივარი უნდა შემოწმდეს პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან მიმართებით, რომელიც იკითხება შემდეგნაირად: „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.““. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის მე–2 პუნქტთან მიმართებით უნდა შეაფასოს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის პირველი პუნქტის და მე–7 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომლითაც სახელმწიფო კომპენსაციის ზედა მაქსიმალური ზღვარი რეტროსპექტულად გავრცელდა მოსარჩელეზე და რომლითაც მოხდა მისი პენსიის (სახელმწიფო კომპენსაციის) შემცირება. ევროსასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების 36–ე პარაგრაფში სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ „...თუ სარგებელი, რომელიც გაიცემოდა მოქმედი კანონმდებლობით... იქნა ამოღებული – კერძოდ, კანონმდებლობის რეტროსპექტული შესწორებით... ამგვარი ღონისძიება საჭიროებს დამაჯერებელ დასაბუთებას პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისათვის...“. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლიტური და შეუზღუდავი უფლება. „საკუთრების ჩამორთმევა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მე–2 წინადადების მნიშნველობით გამართლებულია, თუ მტკიცდება, inter alia, რომ იგი განხორციელდა „საზოგადოების ინტერესებში“ და „კანონით გათვალისწინებული პირობებით“. საზოგადოების ინტერესები, როგორც ცნობილია, შეიძლება შეიცავდნენ, ასევე, პენსიების უფრო ეფექტური და მეტად კოორდინირებული სქემის შექმნას, რისთვისაც სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს შესაბამისი კანონმდებლობის კორექტირება.“ (Pravednaya v. Russia აბზაცი #40). მნიშვნელოვანია განისაზღვროს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველს კანონის მიღებით, რა მიზანი დაისახა საქართველოს კანონმდებელმა. როგორც დასახელებული კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტშია აღნიშნული, „ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს,მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.“. ამრიგად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს იმ მოქალაქეების სოციალური დაცვის ერთიანი, კოორდინირებული სისტემის შექმნა, რომლებმაც სახელმწიფოს წინაშე გაიარეს განსაკუთრებული სამსახური. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლი განსაზღვრავს კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის მიღების საფუძველსა და სუბიექტებს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე–2 პუნქტი განსაზღვრავს კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის „ამ კანონის შესაბამისად“ მიღების უფლების მქონე სუბიექტებს. მხედველობაშია მისაღები ის, რომ, მართალია „ამ კანონის შესაბამისად“ კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტებად განსაზღვრულია, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრები, მაგრამ, ისინი, ფაქტიურად, კომპენსაციას იღებენ არა ამ კანონის, არამედ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საერთო სასამართოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი გამონაკლისის არსებობა, თავისთავად არ მეტყველებს ჩვენს მიერ გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურობასა და მოსარჩელის საკუთრების კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის – კონკრეტულ სუბიექტთა სოციალური დაცვის გარანტიების ერთიანი, კოორდინირებული სისტემის შექმნის თვასაზრისით. მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ სუბიექტთა სოციალური დაცვის გარანტიები ამოვარდნილია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებიდან იმ დროს, როდესაც კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტი პირდაპირ მოითხოვს, რომ, მათ შორის ამ სუბიექტთა სახელწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხები უნდა მოწესრიგდეს „ამ კანონის შესაბამისად“. ამრიგად, ამ კანონით დადგენილი წესებიდან ნებისმიერი გამონაკლისიც, შესაბამისად, ამავე კანონითვე უნდა მოწესრიგდეს. საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრები დღეს იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას 1200 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს მათ საკუთრების უფლებას საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის მიზენბისათვის. მაგრამ მათმა ამ უფლებამაც შესაძლებელია აზრი დაკარგოს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად არ განიხილავს ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელს და არ დაუდგენს საქართველოს კანონმდებელს ამ სფეროში თავისუფალი მოქმედების შემზღუდველ კონსტიტუციურ ფარგლებს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის განსაზღვრავს ამ კანონის, ანუ, სხვაგვარად, რომ ვთქვათ, შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის ძირითად პრინციპებს. კერძოდ, კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნა და გაცემა უნდა ეფუძვნებოდეს, სამართლიანობას, კანონის წინაშე თანასწორობას, მუდმივობას და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტიას. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ საქართველოს კანონმა, მოსარჩელესთან მიმართებით, თვითონ დაარღვია, მათ შორის, ზემოაღნიშნული სამართლებრივი პრინციპები, კერძოდ, სახელმწიფო გარანტია შესაბამისი სარგებლის მიღების მუდმივობის თაობაზე, რითაც საერთოდ აზრი დაკარგა კანონით მოსარჩელისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღებამ. ამ თვალსარისით, გასათვალისწინებელია საქართველოს უზენაესი სასამართოს ადმინისტრაციულ საქამეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაც (ბს–479–459(კ–10)). დასახელებულ განჩინებაში საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სასამართლო სდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას, „... რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა დღეისათვის გაუთანაბრდა, ზოგ შემთხვევაში კი, ნაკლები გახდა «სახელმწიფო პენსიის შესახებ» საქართველოს კანონით დანიშნული სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე, რითაც აზრი დაკარგა სახელმწიფო კომპენსაციის კანონით მათთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღებამ.“. როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართომ განაცხადა, „...პენსიების შესახებ კანონის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფის სახელმწიფოს ინტერესი არ უნდა იწვევდეს ადრე მინიჭებული ფულადი თანხის ოდენობის რეტროსპექტულ გადაანგარიშებას. ევროპის სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლისათვის პენსიის მიღების უფლების ჩამორთმევით... სახელმწიფომ დაარღვია განხილულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. ...შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას.“ (Pravednaya v. Russia. აბზ.: 41, 42). ამრიგად, მიგვაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაშიც, მოსარჩელე ლევან მესხთან მიმართებით, ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის დარღვევას. ამსათან ერთად, დაირღვა, ასევე კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველი პუნქტიც, ვინაიდან, „...21–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტის დამრღვევი ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საკუთრების უფლების შეზღუდვისადმი ან საკუთების ჩამორთმევისადმის წაყენებულ კონსტიტუციურ–სამართლებრივ სტანდარტს, იმავდროულად წინააღმდეგობაში მოვა ამავე მუხლის პირველ პუნქტთანაც.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ, საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ და მე–2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნოს „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე–7 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრის სადავო ნორმების ამოქმედებამდე დანიშნული პენსიის (სახელმწიფო კომპენსაციის) ოდენობისათვის ზედა მაქსიმალური ზღვარის რეტროსპექტულ დადგენას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა