საქართველოს მოქალაქე ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2-3/1/648 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 15 აპრილი 2016 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №648) მომართა საქართველოს მოქალაქე ლევან მესხმა. №648 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 11 მაისს.
2. №648 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 15 აპრილს.
3. №648 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. ხოლო 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის ამოქმედებიდან კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საკუთრების საყოველთაო უფლებაში ჩარევის, მისი შეზღუდვის საფუძვლებს, რა დროსაც არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის N2/7/365,371 განჩინებით, არსებითად განსახიველად არ იქნა მიღებული სარჩელი, რომელშიც ერთ-ერთ დავის საგანს წარმოადგენდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი. თუმცა მოსარჩელე მხარის მითითებით, მოცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკუთარი შინაარსიდან გამომდინარე, განსხვავდება ზემოაღნიშნული საქმისაგან, რადგან სასამართლოს განმარტებით, საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განეკუთვნება სოციალური უფლებების კატეგორიას, მაგრამ, ამავდროულად, მათ აქვთ ეკონომიკური ხასიათი. ამიტომ რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია გავრცელდეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, დასახელებულ განჩინებაში არ არის დაზუსტებული ასეთი შემთხვევები, შესაბამისად, მოცემული კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს პარლამენტის ყოფილ წევრს, რომელსაც სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2002 წლის 1 იანვრიდან „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია მიეცემოდა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე, 2002 წლის პირველი იანვრიდან 2005 წლის პირველ აპრილამდე, სამსახურებრივ პენსიას იღებდა 495 ლარის ოდენობით, ხოლო 2005 წლის პირველი აპრილიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე - 750 ლარის ოდენობით. 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. კანონის თანახმად, სამსახურებრივი პენსია განისაზღვრა როგორც სახელმწიფო კომპენსაცია. ამასთან, მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვარმა შეადგინა 560 ლარი, ხოლო 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე მხარის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა გაუთანაბრდა ამ უკანასკნელს.
8. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმების საფუძველზე, მისი კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა შემცირდა 190 ლარით, შესაბამისად, მას შეეზღუდა საკუთრების უფლება სარგებლის დასახელებულ ოდენობაზე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, უფლება კონკრეტული ოდენობის სახელმწიფო კომპენსაციაზე შესაძლებელია წარმოადგენდეს საკუთრებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიზნებისათვის, თუკი იგი საკმარისად რეალიზებადი იქნება. მოსარჩელე მხარეს კანონის საფუძველზე მიენიჭა ხსენებული კომპენსაციის (სამსახურებრივი პენსიის) მიღების უფლება, რომელსაც იგი შეუფერხებლად ახორციელებდა 2002 წლიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე. შესაბამისად, ეს უფლება საკმარისად რეალიზებადად უნდა ჩაითვალოს.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაციები რეტროსპექტულად გავრცელდა მოსარჩელე მხარეზე, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვას.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შესაძლოა შეიზღუდოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას შესაძლებელია წარმოადგენდეს სახელმწიფო კომპენსაციებისა და სტიპენდიების გაცემის უფრო ეფექტური და კოორდინირებული სისტემის შექმნა. თუმცა მოსარჩელე მხარის მითითებით, აღნიშნულ მიზნებს ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრები ასევე წარმოადგენენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტებს, თუმცა მათ მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განსაზღვრულია სხვა საკანონმდებლო აქტებით.
11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის თავად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ძირითად პრინციპებთან, კერძოდ მუდმივობის პრინციპთან, რითაც მოსარჩელე მხარისათვის ფაქტობრივად აზრი ეკარგება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების კანონით განსაზღვრულ გარანტიას.
12. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი და 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით დაცულ უფლებებს, შესაბამისად, სარჩელი მიღებულ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად.
13. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან ან, თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე, დასაბუთებული განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. №648 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საკუთრების უფლებასთან მიმართებით იმ საკანონმდებლო რეგულაციის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს კანონიერად დანიშნული კომპენსაციის ოდენობის ახალი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე შემცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, რამდენად ექცევა კომპენსაციებთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში და რა მოცულობით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი პრაქტიკით ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად, საპენსიო უზრუნველყოფის უფლება სოციალური უფლებაა და საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის დაცვის საგანს წარმოადგენს. „...სასამართლო მიუთითებს, რომ საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით კი აღიარებულია საკუთრების საყოველთაო უფლება, რომელიც ადამიანის პირადი უფლებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის №2/7/365,371 განჩინება საქმეზე „მოსარჩელეები - ომარ შერაზადიშვილი, თამაზ კოღუა, ვახტანგ რაზმაძე, რევაზ ყიფიანი, გიორგი ნადარეიშვილი და ნუგზარ სოტკილავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1).
4. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა შეეხება პენსიებთან დაკავშირებულ საკითხებს, რის გამოც, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს შინაარსობრივი მიმართება პენსიასა და კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ კომპენსაციას შორის. შესაბამისად, რამდენად მართებული იქნება მათი ერთიან კონტექსტში შეფასება. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციას წარმოადგენს „პირის ყოველთვიურ ფულად უზრუნველყოფას ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით“. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე კი, პენსიის შინაარსი განისაზღვრება როგორც „პირისთვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა“. როგორც ჩანს, როგორც პენსიას, ისე კომპენსაციას მსგავსი დანიშნულება, შინაარსი გააჩნია და გულისხმობს პირთა ყოველთვიური ფულადი სარგებლით უზრუნველყოფას, რომლის დანიშვნასა თუ გაცემასთან დაკავშირებული საკითხებიც შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება.
5. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მართებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა გავრცელებულ იქნეს არა მხოლოდ პენსიასთან, არამედ, აგრეთვე კომპენსაციებთან დაკავშირებულ საკითხებზეც და სასამართლოს მიერ ერთობლივად მოხდეს მათი შეფასება.
6. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულია იმ უფლებების რეალიზება, რომლებიც პირდაპირ არ არის მოხსენიებული საქართველოს კონსტიტუციით, თუმცა გამომდინარეობს მისი პრინციპებიდან. სასამართლოს მიდგომა, რომლის თანახმად, სახელმწიფო პენსიასთან/კომპენსაციასთან დაკავშირებული საკითხები სრულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით, გულისხმობს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის დაცვის სფეროში ამგვარი შინაარსი არ დევს.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია არ ეთანხმება სასამართლოს მიერ ადრე დამკვიდრებულ პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ, მართალია, უფლება კომპენსაციაზე/პენსიაზე სოციალური უფლებების კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა აღნიშნული უფლება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის რეგულირების სფეროშია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე აპელირებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობაზე და აყენებს საკითხს კონკრეტული კატეგორიის პირებისათვის კანონმდებლობით კომპენსაციის/პენსიის დანიშვნის შესახებ, ხოლო, როდესაც უფლება კომპენსაციაზე/პენსიაზე კონკრეტული კატეგორიის პირებისათვის უზრუნველყოფილია კანონმდებლობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული უფლება ხვდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის რეგულირების სფეროში. შესაბამისად, მართალია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არ უზრუნველყოფს გარკვეული ოდენობით სოციალური გასაცემლის მიღების უფლებას, მაგრამ კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული სფერო მოიცავს აგრეთვე უფლებას კომპენსაციაზე/პენსიაზე, მათ შორის კომპენსაციის/პენსიის დანიშვნის და დანიშნული კომპენსაციის ოდენობის მოდიფიცირებას, როდესაც განმცხადებელს გააჩნია შესაბამისი ლეგიტიმური მოლოდინი. კერძოდ, როდესაც განსაზღვრული ოდენობის კომპენსაციის/პენსიის მიღების უფლება დადგენილია კანონით ან სავალდებულო სასამართლო გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კომპენსაციის/პენსიის შემცირება ან შეწყვეტა შეიძლება წარმოადგენდეს საკუთრების შეუფერხებელ სარგებლობაში ჩარევას და შეფასებადია საკუთრების საყოველთაო უფლებასთან მიმართებით. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ სოციალური გასაცემლის ოდენობის განსაზღვრა, კერძოდ, მისი თავდაპირველი მოცულობის შემცირების, გაუქმების ან/და გაზრდის საკითხი სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და ექვემდებარება პროპორციულობის ტესტით შემოწმებას.
8. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხედვა. სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი არ იცავს საკუთრების შეძენის უფლებას, (Van der Mussele v. Belgium, 23 November 1983, § 48, Series A no. 70; Slivenko v. Latvia (dec.) [GC], no. 48321/99, § 121, ECHR 2002-II; Kopecký v. Slovakia [GC], no. 44912/98, § 35 (b), ECHR 2004-IX), ისევე, როგორც არ იცავს უფლებას, კონკრეტული ოდენობის პენსიაზე, (Kjartan Ásmundsson v. Iceland, no. 60669/00, § 39, ECHR 2004-IX; Domalewski v. Poland (dec.), no. 34610/97, ECHR 1999-V; Janković v. Croatia (dec.), no. 43440/98, ECHR 2000-X; Valkov and Others v. Bulgaria, nos. 2033/04, 19125/04, 19475/04, 19490/04, 19495/04, 19497/04, 24729/04, 171/05, 2041/05, § 25, 25 October 2011; Frimu and 4 other applications v. Romania (dec.), nos. 45312/11, 45581/11, 45583/11, 45587/11, 45588/11, § 42, 7 February 2012 და სხვა). იმავდროულად, მოთხოვნა პენსიაზე შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკუთრებად კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისათვის, თუ საამისოდ სახეზეა საკმარისი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში, მაგალითად, თუ ამგვარი მოთხოვნა დადასტურებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებით (Stefanetti and others v. Italy, Applications nos. 21838/10, 21849/10, 21852/10, 21855/10, 21860/10, 21863/10, 21869/10, 21870/10, §49).
9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით „პირველი დამატებითი ოქმის 1–ლი მუხლი არ განსაზღვრავს გარკვეული ოდენობით პენსიის მიღების უფლებას (იხ. ზემოხსენებული Kjartan Ásmundsson, §39) და, შესაბამისად, არც უზრუნველყოფს პენსიის ან სხვა სოციალური დახმარების განსაზღვრული ოდენობით მიღების უფლებას (იხ., მაგალითად, Carson and Others v. the United Kingdom[GC], no. 42184/05, § 64, ECHR 2010, Aunola v. Finland (dec.), no. 30517/96, 15 March 2001; Kjartan Asmundsson v Iceland,12/10/2004, par. 39; Torri and Others v Italy,24/01/2012, par. 37). თუმცა სასამართლო პრაქტიკის თანახმად, თუ განსაზღვრული ოდენობის პენსიის მიღების უფლება დადგენილია კანონით ან სავალდებულო სასამართლო გადაწყვეტილებით, ასეთი უფლება დაცულია პირველი დამატებითი ოქმის 1–ლი მუხლით. (იხ., მაგალითად, Andrejeva v. Latvia [GC], no 55707/00, §§ 77 and 78, 18 February 2009; Pravednaya v. Russia, no. 69529/01, §§ 37-41, 18 November 2004; Smirnitskaya and Others v. Russia, no. 852/02, §§33- 37, 5 July 2007; and Solodyuk v. Russia, no. 67099/01, §§ 26-27, 12 July 2005). თუმცა, როცა ხელშემკვრელ მხარეს აქვს მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს პენსიის ანაზღაურებას იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ეს პირობითი წინა გადახდების დროს – კანონმდებლობა უნდა იყოს მიჩნეული როგორც საკუთრების უფლების წარმომქმნელი, რომელიც თავსდება პირველიდამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მოქმედების ფარგლებში. პენსიის შემცირება ან შეწყვეტა შეიძლება წარმოადგენდეს საკუთრების შეუფერხებელ სარგებლობაში ჩარევას, რომელიც უნდა იქნეს სამართლებრივად განმარტებული (იხ., მაგალითად, Rasmussen v. Poland, no. 38886/05, § 71, 28 April 2009) [ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ, 19/06/2012, პარ. 69]. “შესაბამისად, აღნიშნული ჩარევა საჭიროებს მის სამართლებრივ განმარტებას „კანონიერების“, „საზოგადოებრივი ინტერესის“ და „პროპორციულობის“ პრინციპებით, რომელსაც შეიცავს პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (იხ., მაგალითად, Lakićević and Others, cited above, § 59).“[ იქვე, პარ. 72].
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №648 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია განსხვავდება სასამართლოს ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებებში გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან და საქმეს განსახილველად გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცეს საქმე №648 („საქართველოს მოქალაქე ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) პლენუმზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი