თეიმურაზ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/7/1373 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 17 აპრილი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 აპრილი 2019 17:21 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თეიმურაზ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1373) მიმართა საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ მეგრელიშვილმა. №1373 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2018 წლის 6 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 17 აპრილს.
2. №1373 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. ხოლო 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის ამოქმედებიდან კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა“.
4. №1373 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენდა აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის N2/7/365,371 განჩინებით, არსებითად განსახიველად არ იქნა მიღებული სარჩელი, რომელშიც დავის საგანს წარმოადგენდა, მათ შორის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი. თუმცა მოსარჩელის მითითებით, მოცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკუთარი შინაარსიდან გამომდინარე, განსხვავდება ზემოაღნიშნული საქმისაგან. კერძოდ, ხსენებულ განჩინებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა, იმავდროულად, მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, რის გამოც რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, გარკვეულ შემთხვევებში, ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს საკუთრების უფლების მოთხოვნები. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, დასახელებულ განჩინებაში არ არის დაზუსტებული ასეთი შემთხვევები, შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს პარლამენტის ყოფილ წევრს, რომელსაც სახელმწიფო პენსია დანიშნული ჰქონდა „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ყოფილ პარლამენტის წევრს მიეცემოდა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე 2005 წლის პირველ აპრილამდე, სამსახურებრივ პენსიას იღებდა 495 ლარის ოდენობით, ხოლო 2005 წლის პირველი აპრილიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე - 750 ლარის ოდენობით. 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. აღნიშნული კანონის თანახმად, სამსახურებრივი პენსია განისაზღვრა როგორც სახელმწიფო კომპენსაცია. ამასთან, მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვარმა შეადგინა 560 ლარი, ხოლო 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა გაუთანაბრდა ამ უკანასკნელს.
8. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმების საფუძველზე, მისი კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა შემცირდა 190 ლარით, შესაბამისად, მოსარჩელეს შეეზღუდა საკუთრების უფლება კომპენსაციის დასახელებულ ოდენობაზე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, უფლება კონკრეტული ოდენობის სახელმწიფო კომპენსაციაზე შესაძლებელია წარმოადგენდეს საკუთრებას საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის, თუკი იგი საკმარისად რეალიზებადი იქნება. მოსარჩელეს კანონის საფუძველზე მიენიჭა ხსენებული კომპენსაციის (სამსახურებრივი პენსიის) მიღების უფლება, რომელსაც იგი შეუფერხებლად ახორციელებდა 2006 წლის პირველ იანვრამდე. შესაბამისად, ეს უფლება საკმარისად რეალიზებადად უნდა ჩაითვალოს.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის თავად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ძირითად პრინციპებთან, კერძოდ, მუდმივობის პრინციპთან, რითაც მოსარჩელისთვის ფაქტობრივად აზრი ეკარგება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების კანონით განსაზღვრულ გარანტიას.
10. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი და 41-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრის სადავო ნორმების ამოქმედებამდე დანიშნული პენსიის (სახელმწიფო კომპენსაციის) ოდენობისათვის ზედა მაქსიმალური ზღვარის რეტროსპექტულ დადგენას, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, საკუთრების უფლება დაცულია მე-19 მუხლის პირველი პუნქტით. ხოლო აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს ითვალისწინებს მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1373 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1373 კონსტიტუციური სარჩელი („თეიმურაზ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. №648, №1315, №1369, №1370, №1371, №1372 და №1373 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი