ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1/648 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 17 აპრილი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 აპრილი 2019 16:56 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №648) მომართა ლევან მესხმა. №648 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 11 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიჩნია, რომ №648 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია განსხვავდებოდა სასამართლოს ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებებში გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან და 2016 წლის 15 აპრილის №2-3/1/648 განჩინებით საქმე განსახილველად გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 17 აპრილს.
3. №648 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად (2015 წლის 8 მაისს მოქმედი რედაქცია), „კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გადასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს“. ხოლო ამავე კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის ამოქმედებიდან კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა“.
5. №648 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლებს.
6. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
7. №648 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის №2/7/365,371 განჩინებით, არსებითად განსახილველად არ იქნა მიღებული კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც დავის საგანს წარმოადგენდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა. მოსარჩელე მხარის მითითებით, მოცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკუთარი შინაარსიდან გამომდინარე, განსხვავდება ზემოაღნიშნული საქმისაგან. კერძოდ, ხსენებულ განჩინებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა, იმავდროულად, მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, რის გამოც, რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, გარკვეულ შემთხვევებში, ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს საკუთრების უფლების მოთხოვნები. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, დასახელებულ განჩინებაში არ არის დაზუსტებული ასეთი შემთხვევები, შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე პარლამენტის ყოფილი წევრია. მას სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2002 წლის 1 იანვრიდან „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია გაიცემოდა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე, 2002 წლის პირველი იანვრიდან 2005 წლის პირველ აპრილამდე, სამსახურებრივ პენსიას იღებდა 495 ლარის, ხოლო 2005 წლის პირველი აპრილიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე 750 ლარის ოდენობით. 2006 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. აღნიშნული კანონის თანახმად, სამსახურებრივი პენსია განისაზღვრა როგორც სახელმწიფო კომპენსაცია. ამასთან, ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვარმა შეადგინა 560 ლარი, ხოლო 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე მხარის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა გაუთანაბრდა ამ უკანასკნელს.
9. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმების საფუძველზე, მისი კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა შემცირდა 190 ლარით, შესაბამისად, მას შეეზღუდა საკუთრების უფლება სარგებლის დასახელებულ ოდენობაზე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, უფლება კონკრეტული ოდენობის სახელმწიფო კომპენსაციაზე შესაძლებელია წარმოადგენდეს საკუთრებას საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის, თუკი იგი საკმარისად რეალიზებადი იქნება. მოსარჩელე მხარის აზრით, კანონის საფუძველზე მას მიენიჭა ხსენებული კომპენსაციის (სამსახურებრივი პენსიის) მიღების უფლება, რომელსაც იგი შეუფერხებლად ახორციელებდა 2002 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე. შესაბამისად, ეს უფლება საკმარისად რეალიზებადად უნდა ჩაითვალოს.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის თავად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ძირითად პრინციპებთან, განსაკუთრებით მუდმივობის პრინციპთან, რითაც მოსარჩელე მხარისათვის, ფაქტობრივად, აზრი ეკარგება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების კანონით განსაზღვრულ გარანტიას.
11. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი და 41-ე მუხლის პირველი პუნქტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცულ საკუთრების უფლებას.
12. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №648 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა ხსენებული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, საკუთრების უფლებას და მისი შეზღუდვის საფუძვლებს განამტკიცებს მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. ამდენად, სწორედ ამ დებულებებთან მიმართებით შეაფასებს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
4. №648 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის №3894-რს კანონის შესაბამისად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი შეიცვალა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №648 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ძალადაკარგულია.
5. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
6. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №648 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №648 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №648 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე კონსტიტუციურ სარჩელზე №648 („ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი