საქართველოს მოქალაქე თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1313 |
ავტორ(ებ)ი | თამაზ მეჭიაური |
თარიღი | 25 აპრილი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ორგანული კანონი - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.გ.“ქვეპუნქტი | კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი |
ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი | კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი |
ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 51-ე მუხლი | კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი |
ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, | კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
მოსარჩელე თამაზ მეჭიაური იკავებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას. თამაზ მეჭიაური არის პარტია ,,ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენს პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსათვის“ წევრები. თიანეთის საკრებულო შედგება 27 წევრისაგან (https://matsne.gov.ge/ka/document/view/2244429). ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის პირველი პუნქტი თიანეთის საკრებულოს ნახევარზე მეტს, მინიმუმ 14 დეპუტატს ანიჭებს მერის უნდობლობის საკითხის ინიცირების უფლებას.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მერისათვის უნდობლობის გამოცხადების ინიცირება შესაძლებელია მერის არჩევიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველი მერის უფლებამოსილება წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს. თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი შედგა 2017 წლის 1 ნოემბერს, აქედან გამომდინარე, თამაზ მეჭიურმა უფლებამოსილების შესრულება დაიწყო 2017 წლის 13 ნოემბრიდან. თამაზ მეჭიაურს მერის უფლებამოსილების 6 თვიანი ვადა ეწურება 2018 წლის 13 მაისს. შესაბამისად, 2018 წლის 14 მაისიდან აქვს თიანეთის საკრებულოს თამაზ მეჭიაურისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიცირების შესაძლებლობა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინიციატივას მერისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ საკრებულო განიხილავს ინიცირებიდან 10 დღის ვადაში. საკრებულო მერს უნდობლობას უცხადებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თიანეთის საკრებულოს შემთხვევაში ეს არის 18 წევრი.
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი; მოცემულ შემთხვევაში, არსებობს რეალური შესაძლებლობა სადავო ნორმებმა 2018 წლის მაისის თვეში უშუალოდ დაარღვიოს მოქალაქე თამაზ მეჭიაურის კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტით აღიარებული უფლებები. შესაბამისად, თამაზ მეჭიაური უფლებამოსილია იდავოს გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს, ვინაიდან ითვალისწინებს ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერისათვის უნდობლობის გამოცხადებას და უფლებამოსილების შეწყვეტას, მაშინ როდესაც საკრებულოს არ მოეთხოვება ამ გადაწყვეტილების დასაბუთება. უნდობლობის გამოცხადებისათვის არ არის აუცილებელი საკრებულოს მიერ იმაზე მითითება, რომ მერი ჯეროვნად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მერისათვის უნდობლობის გამოსაცხადებლად სრულიად საკმარისია საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა და საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ ამ ინიციატივაზე მხარდაჭერა.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი იცავს საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან. საქართველოს ორგანული კანონი -თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდობლობის გამოცხადება; ეს ნორმა მიუთითებს ამ კანონით დადგენილ წესზე, მათ შორის კოდექსის 51-ე მუხლზე, რაც არ ავალდებულებს საკრებულოს, მიუთითოს მერისათვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზები. ამის გამო, ეს ნორმა 51-ე მუხლთან კავშირში არაკონსტიტუციურია.
საქართველოს ორგანული კანონი -თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტში პრობლემურია ის ნაწილი, რაც ფარული კენჭისყრის ჩატარებას ითვალისწინებს უნდობლობის საკითხის გადაწყვეტისას. მერი არის ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელსაც საკრებულო უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გზით გადააყენებს. ეს ნორმა არის მერისათვის უნდობლობის გამოცხადების არაკონსტიტუციური პროცედურის შემადგენელი ნაწილი. იმ პირობებში, როდესაც საკრებულოს არ მოეთხოვება მერის თანამდებობიდან გადაყენების გამამართლებელ საფუძველზე მითითება, ეს გარემოება არაკონსტიტუციურს ხდის მთლიანად თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ მერის უნდობლობის პროცედურას, ფარული კენჭისყრით მერის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილების ჩათვლით.
საკონსტიტუციო სასამართლოში 2018 წლის 28 თებერვალს რეგისტრირებული #1298 ჩვენი სარჩელით გასაჩივრებულია ორგანული კანონის - თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის პირველი და მეათე პუნქტები. ჩვენ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ სარჩელში დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნას. დამატებით ვასაჩივრებთ 51-ე მუხლის დანარჩენ პუნქტებსაც. მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საკრებულო არ მოეთხოვება მერისათვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილების დასაბუთება, ეს გარემოება გავლენას ახდენს მთელი უნდობლობის პროცედურის კონსტიტუციურობაზე. განსაკუთრებით პრობლემურია თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველმა სპეციალურ ფურცელზე ღიად უნდა შეიყვანოს თავისი პირადი მონაცემები და ასევე ღიად მოაწეროს ხელი მუნიციპალიტეტის მერის უნდობლობის თაობაზე ინიციატივას. ამ დროს მაღალია ამომრჩეველზე ზემოქმედების საფრთხე. იმავდროულად, ეს პროცედურა ვერ იქნება საპირწონე იმ ფარულ კენჭისყრასთან, რომლის საფუძველზეც მერი თანამდებობაზე იქნა არჩეული.
თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლი შეიცავს ძალიან ბევრ პროცედურას და წესს, მათ შორის ადგენს ვადებს, როდესაც დაუშვებელია მერისათვის უნდობლობის გამოცხადება. იმ პირობებში, როდესაც უნდობლობის პროცედურა არ ითვალისწინებს საკრებულოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მერის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანად შესრულება, კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგოა 51-ე მუხლით გაწერილი ყველა წესი და პროცედურა, რაც საკრებულოს მიერ მერისათვის უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას უკავშირდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია მერისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძველი. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით უფლებამოსილების შეწყვეტა უნდობლობის გამოცხადების გზით. ეს ნორმა იმეორებს 51-ე მუხლის მე-10 პუნქტს, სადაც აღნიშნულია: ,,მერისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას.“ თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის მე-10 პუნქტი სადავოდ არის გამხდარი 2018 წლის 28 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილი ჩვენი #1298 კონსტიტუციური სარჩელით. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი იმეორებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის მე-10 პუნქტის შინაარსს, ამიტომ მასთან უნდა იყოს არაკონსტიტუციურად ცნობილი.
ამ და #1298 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და ვითხოვთ, გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად და შესაბამისად ძალადაკარგულად ცნობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი