საქართველოს მოქალაქე თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/4/1298 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:52 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1298) მიმართა საქართველოს მოქალაქე თამაზ მეჭიაურმა. №1298 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2018 წლის 5 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
2. №1298 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (შემდგომში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი) 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების საფუძველია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. ამავე კოდექსის მე-10 პუნქტით განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინიციატივა განიხილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. მერისთვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ ინიციატივას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. მერისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
5. №1298 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე თამაზ მეჭიაური, რომელიც პოლიტიკური პარტიის – „ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა, არჩეულ იქნა თიანეთის მერის თანამდებობაზე. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი უმრავლესობას წარმოადგენს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსათვის“. მოსარჩელის მითითებით, მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის ინიცირება შესაძლებელია მერის არჩევიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, 2018 წლის 14 მაისიდან, სადავო ნორმების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ენიჭება მოსარჩელისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირებისა და უნდობლობის გამოცხადების უფლებამოსილება.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების საფუძვლებს. კერძოდ, მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის ინიცირების საფუძველია საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა მერისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე. ამასთან, მათ არ ეკისრებათ წერილობითი ინციატივის სამართლებრივი დასაბუთების, კონკრეტულ გარემოებებზე მითითების ვალდებულება, რაც გაამართლებდა მერისათვის უნდობლობის გამოცხადებას; მაგალითად, მერი ვერ ასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს ან არსებობს გარემოებები, რაც სამართლებრივად გაამართლებდა მის თანამდებობიდან გადაყენებას (მაგალითად, დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, სასამართლომ ცნო უგზო-უკვლოდ დაკარგულად და სხვ.). მოსარჩელის განცხადებით, კანონმდებლობა ამომწურავად არ განსაზღვრავს მერისათვის უნდობლობის გამოცხადების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს და არც მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების და არც გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტებს არ ეკისრებათ ამგვარ გარემოებებზე მითითების ვალდებულება.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ განცალკევებულ კონსტიტუციურ პრობლემას წარმოშობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტს ანიჭებს პირდაპირი წესითარჩეული მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, პრობლემურია, ერთი მხრივ, უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების უფლებამოსილი სუბიექტების კვორუმი, ვინაიდან სადავო ნორმები მოქალაქეთა უმცირესობას ანიჭებს შესაძლებლობას, უმრავლესობის მიერ არჩეული მერისათვის უნდობლობის პროცედურის ინიცირება მოახდინოს; მეორე მხრივ, პრობლემურია, მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების ფორმაც. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია საინიციატივო ჯგუფის მიერ ხელმოწერების შეგროვებისა და წარდგენის ღია პროცედურა, რომელიც მოითხოვს ამომრჩეველთა მხრიდან საკუთარი სახელის, გვარის, დაბადების წელის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის, რეგისტრაციის ადგილის და ხელმოწერის თარიღის მითითებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ამგვარი პროცედურა ვერ იქნება ფარული კენჭისყრის საპირწონე, რომლის საფუძველზეც პირი იქნა არჩეული მერის თანამდებობაზე; ამასთან, მსგავსი მოწესრიგების პირობებში, არ არის გამორიცხული ამომრჩეველზე ზემოქმედების შესაძლებლობაც.
8. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის მე-10 პუნქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ს ანიჭებს შესაძლებლობას, უნდობლობა გამოუცხადოს მერს და მათ არც მოცემულ შემთხვევაში ეკისრებათ, კანონით წინასწარ დადგენილ საფუძველზე მითითებით, მერისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.
9. კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული არგუმენტაციის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლის უფლებამოსილებათა სპექტრი მიუთითებს, რომ იგი განსაზღვრავს და დამოუკიდებლად ახორციელებს კონკრეტულ პოლიტიკას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ამასთან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის მიერ პირდაპირი წესითაა არჩეული, მის მიმართ არაა წარდგენილი საკვალიფიკაციო და პროფესიული მოთხოვნები და პირდაპირ თუ ირიბად პასუხისმგებელია ამომრჩეველთა წინაშე. შესაბამისად, იმგვარი მოწესრიგების პირობებში, როდესაც ხალხის მიერ პირდაპირი კენჭისყრის გზით არჩეული მერისათვის უნდობლობის გამოცხადებისას მუნიციპალიტეტის საკრებულო არ არის შეზღუდული უკიდურესი აუცილებლობით, არ ეკისრება არც მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების და არც უნდობლობის გამოცხადების დასაბუთების ვალდებულება, იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მერისათვის პოლიტიკური, დაუსაბუთებელი პასუხისმგებლობის დაკისრების საფრთხე, წინასწარ დადგენილი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, რაც განაპირობებს სახალხო სუვერენიტეტის უგულებელყოფას.
10. ამგვარად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის პირველ და მე-10 პუნქტებს არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოსა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპებს და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
11. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
12. №1298 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება იმგვარი ნორმატიული შინაარსით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს აძლევს მერის მიმართ უნდობლობის სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას. წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადოს მოსარჩელე თამაზ მეჭიაურს. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა შეიძლება დროში გაჭიანურდეს და კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა არ გამოიწვევს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენას და გამოუსწორებელი და შეუქცევადი ზიანი მიადგება მის ძირითად კონსტიტუციურ უფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, რომ იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის №1/4/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის მე-10 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს მერისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ საკრებულოს წევრთა ინიციატივის განხილვის ვადას - 10 დღეს. კონსტიტუციური სარჩელიდან იკვეთება, რომ მოსარჩელე მხარისათვის სადავო ნორმები პრობლემურია, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ არ ითვალისწინებს უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირებისა და უნდობლობის გამოცხადებისათვის შესაბამის საფუძველს და უნდობლობის გამოცხადება არ საჭიროებს დასაბუთებას, ხოლო, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტი საკმარისი რაოდენობაა მოსახლეობის უმრავლესობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიცირებისათვის. დასახელებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
3. მოცემულ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის მე-10 პუნქტის პირველი წინადადება განსაზღვრავს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინიციატივის განხილვის პროცედურის კონკრეტულ ასპექტს - ინიციატივის განხილვის ვადას. ამგვარად, ცალსახაა, რომ სადავო რეგულაცია დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის პროცედურის ინიცირებისა და უნდობლობის გამოცხადების არც საფუძვლებს და არც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მიერ უნდობლობის პროცედურის ინიცირებისათვის საჭირო კვორუმს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, არ ზღუდავს მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
4. მოსარჩელე მხარეს დამატებით არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია ან მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ნათლად დაანახვებდა, თუ რა კავშირი არსებობს უნდობლობის საკითხის ინიცირების განხილვის კონკრეტული პროცედურის მოწესრიგებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებს არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებასთან.
5. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-10 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1298 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №1298 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
7. მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას.
8. №1298 კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული არგუმენტაციის თანახმად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ, სადავო ნორმების საფუძველზე, მოსარჩელის წინააღმდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულომ წამოიწყოს და განახორციელოს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის უნდობლობის გამოცხადება გამოუსწორებელი შედეგისა და შეუქცევადი ზიანის გამომწვევი იქნება, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნება მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ეს არის „ ... საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37.). ამასთან, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2.).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნისას მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, ნორმის მოქმედების პირობებში, განჭვრეტად მომავალში მისი უფლებების შეუქცევადად დარღვევის რეალური საფრთხის არსებობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის №2/3/868 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, კახი ცალუღელაშვილი და მაყვალა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა შესაძლებელია გაჭიანურდეს და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, სადავო ნორმების საფუძველზე მოხდეს მოსარჩელისათვის უნდობლობის გამოცხადება, რაც გამოიწვევს მისი ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეუქცევადად დარღვევას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოსარჩელის მიმართ არ მიმდინარეობს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და, ცალსახაა, რომ შუამდგომლობა ეფუძნება აბსტრაქტულ ვარაუდს, სუბიექტურ მოსაზრებას, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსარჩელეს შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოების გამო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიყენებს უნდობლობის გამოცხადების მექანიზმს. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულის გარდა, მოსარჩელე მხარეს დამატებით არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმების მოქმედება გამოიწვევს მოსარჩელის უფლების რეალურ დარღვევას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1298 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-10 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1298 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-10 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი