საქართველოს მოქალაქე თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/5/1313 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:55 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 51-ე მუხლისა და 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1313) მიმართა საქართველოს მოქალაქე თამაზ მეჭიაურმა. №1313 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2018 წლის 1 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
2. №1313 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (შემდგომში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას ამ კანონით დადგენილი წესით უნდობლობა გამოუცხადოს მუნიციპალიტეტის მერს. ამავე კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით, ფარული კენჭისყრა კი იმართება თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლი განსაზღვრავს მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების საფუძვლებს, უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიცირების უფლების მქონე სუბიექტებს, ინიცირებისა და უნდობლობის გამოცხადების განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურებსა და ვადებს. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი კი მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლად ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადებას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
5. №1313 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე თამაზ მეჭიაური არჩეულ იქნა თიანეთის მერის თანამდებობაზე. ამასთან, მოსარჩელე არის პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსათვის“. მოსარჩელის მითითებით, მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის ინიცირება შესაძლებელია მერის არჩევიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, 2018 წლის 14 მაისიდან, სადავო ნორმების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ენიჭება მოსარჩელისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირებისა და უნდობლობის გამოცხადების უფლებამოსილება.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რადგანაც საკრებულოს ანიჭებს უფლებამოსილებას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოუცხადოს უნდობლობა ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეულ მერს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის სადავო დებულება ამავე კოდექსის 51-ე მუხლთან ერთად ქმნის იმგვარ შესაძლებლობას, რომ საკრებულომ საერთოდ არ მიუთითოს მერისათვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზები და მერის უფლებამოსილების შეწყვეტისათვის საკმარისი საფუძველი იყოს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მერისათვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივის მხარდაჭერა.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ იმ პირობებში, როდესაც საკრებულოს არ ევალება მერის თანამდებობიდან გადაყენების დასაბუთება, არაკონსტიტუციურია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლით დადგენილი ყველა ის პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია მერისათვის უნდობლობის გამოცხადებასთან. ამავე არგუმენტაციით მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს ეწინააღმდეგება ფარული კენჭისყრით მერის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამომრჩეველმა მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიცირებისათვის ამომრჩეველთა სპეციალურ ფურცელზე ღიად უნდა შეიყვანოს თავისი პირადი მონაცემები და მოაწეროს ხელი. ამგვარი რეგულაციის პირობებში მაღალია ამომრჩეველზე ზემოქმედების საფრთხე და დასახელებული პროცედურით მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიცირება ვერ იქნება საპირწონე იმ ფარული კენჭისყრისა, რომლის საფუძველზე მოხდა მერის თანამდებობაზე არჩევა. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება.
9. №1313 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება იმგვარი ნორმატიული შინაარსით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს აძლევს მერის მიმართ უნდობლობის სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას. წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადოს მოსარჩელე თამაზ მეჭიაურს. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა შეიძლება დროში გაჭიანურდეს და კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა ვერ გამოიწვევს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენას და გამოუსწორებელი, შეუქცევადი ზიანი მიადგება მის ძირითად კონსტიტუციურ უფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი/სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ნაწილი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველ წინადადებას, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. კონსტიტუციური სარჩელიდან იკვეთება, რომ მოსარჩელისათვის პრობლემურია მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის გადაწყვეტა ფარული კენჭისყრით. დასახელებული სადავო ნორმა არ განსაზღვრავს, თუ რა ტიპის კენჭისყრით უნდა გადაწყდეს საკითხი მერისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. ამის საპირისპიროდ, იგი მიუთითებს ზოგად წესზე, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით. ის, რომ მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, გამომდინარეობს არა დასახელებული დებულებიდან, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ დასახელებული ნორმატიული შინაარსი. მოსარჩელე მხარე დამატებით არ მიუთითებს სხვა რაიმე გარემოებაზე, რომელიც წარმოაჩენდა სადავო რეგულაციიდან მომდინარე მოსარჩელის უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში N1313 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
3. მოსარჩელე აგრეთვე სადავოდ ხდის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 პუნქტებისა და ამავე მუხლის მე-10 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, ვინაიდან საკრებულოს არ ევალება მერისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება, ეს გარემოება არაკონსტიტუციურს ხდის უნდობლობის გამოცხადების მთლიან პროცედურას.
4. დასახელებული სადავო ნორმები განსაზღვრავენ მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიცირებისათვის დადგენილ ისეთ პროცედურულ ასპექტებს, როგორებიცაა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ფორმირება და რეგისტრაცია, საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის გასაჩივრების წესი და ვადები, ამომრჩეველთა ინიციატივის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენის წესი და ვადები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინიციატივის განხილვის ვადა.
5. მოცემულ შემთხვევაში დასახელებული სადავო ნორმების რეგულირების სფერო შემოიფარგლება მხოლოდ უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიცირებისათვის აუცილებელი რიგი პროცედურების განსაზღვრით და ხსენებული ნორმები დამოუკიდებლად არ განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადების მატერიალურ საფუძვლებს. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, თუ რაში გამოიხატება ზემოხსენებული ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვა და რატომ ეწინააღმდეგება დასახელებული სადავო დებულებები საქართველოს კონსტიტუციას. იგი მხოლოდ ზოგადად მიუთითებს, რომ, რადგან საკრებულოს არ გააჩნია მერის თანამდებობიდან გადაყენების დასაბუთების ვალდებულება, ეს გარემოება არაკონსტიტუციურად აქცევს მთლიანად უნდობლობის გამოცხადების პროცესს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლი აწესრიგებს უნდობლობის გამოცხადების პროცესის სხვადასხვა, თვისებრივად განსხვავებულ საკითხებს და თითოეულ პუნქტს გააჩნია დამოუკიდებელი რეგულირების საგანი, რომელებიც შეიძლება საერთოდ არ უკავშირდებოდეს საკრებულოს გადაწყვეტილების დასაბუთების საკითხს. აღნიშნულიდან მხოლოდ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლად მიღებაზე მითითება ვერ გამოდგება სადავო ნორმების შემზღუდველი ბუნების წარმოსაჩენად, ისევე, როგორც მათი არაკონსტიტუციურობის დასამტკიცებლად. მოსარჩელე მხარე ვალდებულია, თითოეულ მათგანთან მიმართებით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთება, როგორც კონკრეტული უფლების შეზღუდვის, ისე სადავო ნორმების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის წარმოსაჩენად.
6. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 პუნქტებისა და მე-10 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1313 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებს, რომელთა მიხედვითაც, მერისათვის უნდობლობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია, ასევე უნდობლობის საკითხის დასმა და უნდობლობის გამოცხადება დაუშვებელია მერის არჩევიდან 6 თვის, აგრეთვე მერის უფლებამოსილების ვადის ბოლო 1 წლის განმავლობაში.
8. დასახელებული ნორმებით განსაზღვრულია დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დაუშვებელია მერისათვის უნდობლობის გამოცხადება. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია მერისათვის უფლებააღმჭურველი ხასიათის მატარებელია, რამდენადაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში გამორიცხავს მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების შესაძლებლობას და, შესაბამისად, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. აღნიშნულ ნორმებთან მიმართებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა სადავო რეგულაციით უფლების შეზღუდვას. იგი მხოლოდ ზოგადად მიუთითებს, რომ, რამდენადაც არ არსებობს მერისათვის უნდობლობის გამოცხადების კონკრეტული საფუძვლები, არაკონსტიტუციურია ყველა ის ნორმა, რომელიც აღნიშნული საკითხის რეგულირებისკენაა მიმართული. დასახელებული არგუმენტი ვერ გამოდგება ვერც სადავო ნორმის შემზღუდველი ხასიათის წარმოსაჩენად და ვერც ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1313 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №1313 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
11. მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას.
12. №1313 კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული არგუმენტაციის თანახმად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ, სადავო ნორმების საფუძველზე, მოსარჩელის წინააღმდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულომ წამოიწყოს და განახორციელოს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის უნდობლობის გამოცხადება გამოუსწორებელი შედეგისა და შეუქცევადი ზიანის გამომწვევი იქნება, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნება მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ეს არის „ ... საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37.). ამასთან, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2.).
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნისას მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს ნორმის მოქმედების პირობებში, განჭვრეტად მომავალში მისი უფლებების შეუქცევადად დარღვევის რეალური საფრთხის არსებობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის №2/3/868 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, კახი ცალუღელაშვილი და მაყვალა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37.). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა შესაძლებელია გაჭიანურდეს და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, სადავო ნორმების საფუძველზე მოხდეს მოსარჩელისათვის უნდობლობის გამოცხადება, რაც გამოიწვევს მისი ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეუქცევადად დარღვევას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოსარჩელის მიმართ არ მიმდინარეობს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და ცალსახაა, რომ შუამდგომლობა ეფუძნება აბსტრაქტულ ვარაუდს, სუბიექტურ მოსაზრებას, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსარჩელეს შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოების გამო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიყენებს უნდობლობის გამოცხადების მექანიზმს. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულის გარდა, მოსარჩელე მხარეს დამატებით არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმების მოქმედება გამოიწვევს მოსარჩელის უფლების რეალურ დარღვევას.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1313 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის მეორე წინადადების, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებისა და 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1313 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების, 51-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მე-8, მე-9 პუნქტების, მე-10 პუნქტის პირველი წინადადების, მე-11 და მე-12 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. №1298 და №1313 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი