სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - პაატა ტურავა
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1733 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | პაატა ტურავა |
თარიღი | 23 იანვარი 2023 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. "შპს ომეგა მოტორ ჯგუფი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
I. სარჩელის შინაარსი
1. სადავო ნორმატიული აქტია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ითვალისწინებს შემძენის, მათ შორის, ქონების ნატურით მიმღების, საკუთრებაში ქონების გადასვლის შედეგად მასზე არსებული აღნაგობის უფლების გაუქმებას, როდესაც ამ უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა გამიზნულია/გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის.
2. ზემოთ აღნიშნული ნორმა გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
II. სასამართლოს მეგობრის წარდგენის მიზანი
3. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანია, სასამართლომ ყურადღება მიაქციოს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არასწორად არის შერჩეული უფლების დაცვის მატერიალურსამართლებრივი საფუძველი. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობით ვერ მიიღწევა მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებით გარანტირებული უფლებების დაცვა.
III. სადავო საკითხის ანალიზი
A. სადავო ნორმის მოწესრიგების სფერო
4. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი ,,განსხვავებით სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძოსამართლებრივი წესრიგისა, ითვალისწინებს ერთი მესაკუთრის (მიწის ნაკვეთის მესაკუთრის) მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში სხვა პირის (მეაღნაგის) საკუთრების უფლების გაუქმებას მესამე პირთა, მიწის ნაკვეთის კრედიტორთა, ინტერესების დასაკმაყოფილებლად,“[1]
5. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძოსამართლებრივი წესრიგი ასევე გულისხმობს, რომ მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში წარმოშობილი ურთიერთობის შინაარსი არ ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს.[2]
6. ვისი ინტერესების დაცვას ემსახურება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი, რომლის თანახმადაც ,,საკუთრებაში ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლება“, უნდა დავადგინოთ არა იზოლირებულად, არამედ აღნიშნული კანონის მიზნების გათვალისწინებით და კანონის ერთიანობის კონტექსტში.
7. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოწესრიგების სფეროს ნათლად წარმოსაჩენად, ამავე კანონით მოწესრიგებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება უნდა გავყოთ ორ ეტაპად.[3] ამ გამიჯვნას საფუძვლად უდევს ორი კრიტერიუმი: (ა) საქმის წარმოების განსხვავებული წესები და (ბ) სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტები.
8. ა. საქმის წარმოების წესის მიხედვით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პირველი ეტაპი მოიცავს სასამართლოს მიერ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე განხორციელებულ პროცედურებს, ხოლო მეორე ეტაპი - სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ ქონების რეალიზაციის მიზნით საჯარო აუქციონის ჩატარებას „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლში მოცემული საჯაროსამართლებრივი დებულებების საფუძველზე და ,,იმ წესითა და პირობებით, რომლებიც გათვალისწინებულია ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით“[4]. ადმინისტრაციული წარმოების მიმართ გარდა აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა, ასევე ვრცელდება საჯარო სამართალში დამკვიდრებული კანონიერების, მიუკერძოებლობის, თანასწორობის და კანონიერი ნდობის პრინციპები.
9. ბ. სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების მიხედვით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პირველ ეტაპზე სასამართლო ადგენს კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სარეალიზაციო ქონებას, რომელსაც ენიჭება ,,სამეურვეო ქონების“[5] სტატუსი და განისაზღვრება ამ ქონების მიმართ კრედიტორთა და მესამე პირების სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივი უფლებები[6]. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეორე ეტაპის მონაწილეები კი არიან ადმინისტრაციული წარმოების განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო (აღსრულების ეროვნული ბიურო) და აუქციონზე გასაყიდი ნივთის შეძენით დაინტერესებული პირები.
10. განჭვრეტადობის საჯაროსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტის იმგვარი განმარტება, რომელიც ითხოვს, რომ საჯარო აუქციონზე შეძენილი ქონება არ შეიძლება იყოს ვალდებულებით დატვირთული, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ეს წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული აუქციონის პირობებში, შესაბამისად, აუქციონში მონაწილე პირებისთვის ცნობილი.[7]
11. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი არის საჯაროსამართლებრივი ნორმა და ემსახურება საჯარო წესრიგის დაცვას, რომლის თანახმადაც, აუქციონში გამარჯვების შედეგად გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტი (საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა) არის ,,სამეურვეო ქონების“ გასხვისების პროცესის დამაგვირგვინებელი[8] დოკუმენტი და მის გამოსაცემად (გამარჯვებულის გამოსავლენად) ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება წარმოშობს გადაწყვეტილების ადრესატის კანონიერ ნდობას ამ პროცესში მოპოვებული უფლების მიმართ.
12. ანალოგიური მიდგომა აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის 5-ე ნაწილს, რომლის თანახმადაც აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების გადასვლის შედეგად ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება უქმდება, რომლებითაც იყო დატვირთული ეს უძრავი ნივთი.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის 5-ე ნაწილი და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლის მოთხოვნიდან, რომლის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს უფლებრივად უნაკლო ნივთი. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.
14. სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლი ადმინისტრაციულსამართლებრივ ურთიერთობაში იქცევა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერების პრინციპის დაცვის ვალდებულების, ხოლო მეორე მხარის მიმართ კანონიერი ნდობის საჯაროსამართლებრივი უფლების წარმოშობის საფუძვლად.
15. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი, რომელიც საჯარო აუქციონის გზით ნივთის გამყიდველს (სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“) ავალდებულებს მყიდველს გადასცეს უფლებრივად უნაკლო ნივთი, არ გამოდგება აღნაგობის უფლებისა და მიწის მესაკუთრის კრედიტორთა უფლებების ურთიერთშეპირისპირების სამართლებრივ საფუძლად, როგორც ამას მოსარჩელე მხარე გვთავაზობს, რამდენადაც ნორმის ამგვარი გაგება წინააღმდეგობაში მოვა ნორმის განმარტების მეთოდებთან. კერძოდ, კანონის განმარტება უნდა მოხდეს კანონის ტექსტისა და კანონმდებლის გამოხატული ნების საფუძველზე. საკანონმდებლო დებულებები არ უნდა იკითხებოდეს იზოლირებულად, არამედ სისტემატურად, კანონის კონტექსტში და ამავდროულად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კანონმდებელის განზრახვა და მიზნები[9].
16. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი ვერ დაარღვევს მეაღნაგის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებით მინიჭებულ უფლებებს, რამდენადაც ის არ არის სააღსრულებო წარმოების იმ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი, რომელიც ეხება სამეურვეო ქონების საჯარო აუქციონის წესით რეალიზაციის საკითხის მოწესრიგებას[10]. ამას ადასტურებს გერმანიის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც. სასამართლომ დაუშვებლად ცნო მეაღნაგის სარჩელი, რომელიც უკავშირდებოდა მიწის მესაკუთრის ვალის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის წესით გასაყიდად გამოტანილი აღნაგობის უფლებით დატვირთული მიწის ნაკვეთის ღირებულების დადგენას. სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა, რომ მეაღნაგე არ არის აუქციონის წარმოების მონაწილე სუბიექტი და დაადგინა, რომ არ არსებობდა მეაღნაგის უფლებადაცვის ინტერესი, რამდენადაც აუქციონის შედეგად მიღებული სახსრები არ ემსახურებოდა მეაღნაგის სამართლებრივი ინტერესების დაკმაყოფილებას. მეაღნაგის უფლება დაცულია იმითი, რომ მისი მოთხოვნის რანგი ძალაში რჩება. იმისათვის, რომ პირს გააჩნდეს სააღსრულებო წარმოებასთან მიმართებით დავის უფლება, ის უნდა გამომდინარეობდეს აღსრულების წარმოებიდან, ე.ი. იმ უარყოფითი შედეგებიდან, რაც გავლენას ახდენს მის წარმოებასამასრთლებრივ უფლებებზე.[11]
17. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სისტემური მიდგომის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი არ ითვალისწინებს საკუთრების უფლების გაუქმებას მესამე პირთა, მიწის ნაკვეთის კრედიტორთა, ინტერესების დასაკმაყოფილებლად, არამედ, ის იცავს საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, საჯარო აუქციონის გზით ქონების კეთილსინდისიერი შემძენის (აუქციონში გამარჯვებულის) კანონიერი ნდობის[12], სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების[13] და საკუთრების[14] კონსტიტუციურ უფლებებს.
B. აუქციონში გამარჯვებული პირის უფლებები
18. ,,საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური პრინციპები ადგენენ კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს. აღნიშნული პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის განჭვრეტადობას.“[15] „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტის სწორი ინტერპრეტაციისთვის უნდა განვსაზღვროთ აღნიშნული ნორმით დაცული სამართლებრივი სიკეთეების განჭვრეტადობის ხარისხი.
19. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი დაინტერესებულ პირებს აძლევს საჯარო აუქციონში მონაწილეობის უფლებას. საჯარო აუქციონის წარმოებაში მონაწილეობით დაინტერესებული პირები იძენენ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებას, ხოლო აუქცინში გამარჯვების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ხდება შეძენილი ქონების საკუთრებაში გადასვლა და მესაკუთრე ექცევა საკუთრების კონსტიტუციური უფლების (მე-19 მუხლი) მოქმედების ქვეშ.
20. კანონმდებლის მიერ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მიღება მისი 19-ე პუნქტის გარეშე, შექმნიდა აუქციონში გამარჯვებული პირის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას განუჭვრეტადი სამართლებრივი საფუძვლებით და საფრთხეს შეუქმნიდა სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციურ პრინციპს.
21. სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპი[16] (საიდანაც გამომდინარეობს ნორმის განჭვრეტადობის პრინციპი) მოითხოვს, რომ ნორმა საკმარისად ცხადი იყოს იმ თვალსაზრისით, რომ, ერთი მხრივ, ადამიანებმა მათ უფლებაში ჩარევისას ზუსტად იცოდნენ, რა მიზნის მისაღწევად, რა წესით და ვის მიერ შეიძლება მოხდეს მათი უფლების შეზღუდვა და უნდა უქმნიდეს ცხად წარმოდგენას, როდის და როგორ შეიძლება დაექვემდებაროს მათი უფლება შეზღუდვას. ამასთანავე, მეორე მხრივ, სამართალშემფარდებელს, უნდა ჰქონდეს მკაფიო ინსტრუქციები, რა საფუძვლების არსებობისას, რომელი მიზნების მისაღწევად, რა გზით, წესით და ინტენსივობით შეუძლია ჩაერიოს ადამიანის კონკრეტულ უფლებაში, რათა გამოირიცხოს პირთა უფლებების თვითნებური შეზღუდვის საფრთხე.[17]
22. ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია გადაწყვეტილების მიღებისკენ. გადაწყვეტილების პროცესის სამართლებრივი მოწესრიგება უზრუნველყოფს მმართველობითი საქმიანობის განჭვრეტადობას, ხოლო შედეგების - პროგნოზირებადობას. ადმინისტრაციული წარმოება არის არა მარტო გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი ინსტრუმენტი, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული პირების მონაწილეობის, შესაბამისად, მათი უფლებების რეალიზების სამართლებრივი საშუალება. სწორედ ეს უკანასკნელი განაპირობებს საქართველოს კონსტიტუციით მის უფლებების რანგში აყვანას.[18]
23. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციური უფლება იცავს არა მარტო ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლებას, არამედ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოპოვებულ სამართლებრივ სიკეთეს. სხვაგვარად ადმინისტრაციულ წარმოებას ექნებოდა ფორმალური ხასიათი და ვერ უზრუნველყოფდა კონსტიტუციით დასახულ მიზანს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოშობს მისი ადრესატის კანონიერ ნდობას, რომ ამ აქტის საფუძველზე მოპოვებული საკუთრების კონსტიტუციური უფლება არის დაცული.[19]
24. აუქციონში გამარჯვებული პირის საკუთრების უფლება უნდა განიმარტოს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპთან კავშირში. სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი – განსაზღვრულობის პრინციპი, რომელიც განამტკიცებს კანონმდებლობის განჭვრეტადობის გარანტიებს. სამართლებრივი უსაფრთხოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სამართლებრივი ნდობის პრინციპი. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნდობის განცდა კანონით მინიჭებულ პრივილეგიებთან დაკავშირებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის გათვალისწინებით, დაცული უნდა იყოს ლეგიტიმური მოლოდინები, რომელთა მიმართაც ინდივიდებს ნდობა გააჩნიათ. კანონით მინიჭებული უფლებების მიმართ მაღალია ინდივიდების ნდობის ხარისხი. აღნიშნული ნდობის გაუმართლებელი შერყევა ნეგატიურად აისახება სამართლის მიმართ ნდობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებაზე.[20]
25. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 19-ე პუნქტის შინაარსობრივი სიზუსტე - რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბის გათვალისწინებით, შეესაბამება ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს. არ იკვეთება კანონის ნორმის იმგავრი განმარტების შესაძლებლობა, რომელიც ნორმის შემფარდებელს მისცემდა იმის შესაძლებლობას, რომ საკუთრების უფლების აუქციონზე შემძენის კონსტიტუციური უფლებები შეეზღუდა ,,ყადაღის, სანივთო და ვალდებულებითი უფლებების” სასარგებლოდ.
26. კანონმდებლის მიდგომა, რომელიც აუქციონში გამარჯვებული პირის საკუთრების უფლების დაცვის ფარგლებში არ ახდენს აღნაგობის უფლების გამიჯვნას ყადაღისა და სხვა სანივთო და ვალდებულებითი უფლებებისგან, არ შეიძლება შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რამდენადაც აუქციონში გამარჯვებული პირის საკუთრების კონსტიტუციური უფლება არ დგას აღნაგობის და სხვა სანივთო და ვალდებულებითი უფლებების პირისპირ.
C. მიწის მესაკუთრის უფლებები VS. აღნაგობის უფლება
27. აღნაგობის უფლება[21] არის შეზღუდული სანივთო უფლება, რომელიც პირს აძლევს შესაძლებლობას, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე ააგოს შენობა-ნაგებობა[22]. მისი, როგორც მიწის ნაკვეთის საკუთრების მსგავსი უფლების მიმართ გამოიყენება მიწის ნაკვეთის მიმართ გამოსაყენებელი ნორმების ძირითადი ნაწილი. აღნაგობის უფლების წარმოშობის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენის წესები. უძრავი ქონების შეძენა კი უკავშირდება გარიგების დადებას, რაც წარმოშობს მხარეთა ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობებს.[23]
28. აღნაგობის უფლების განმავლობაში მეაღნაგე მიიჩნევა უფლების მესაკუთრედ არა თავად ნაგებობის, თუმცა, მისი ორმაგი ბუნებიდან გამომდინარე, ფიქციის საფუძველზე, სსკ-ის 234.2. მუხლის შესაბამისად, აშენებული ნაგებობა ითვლება არა მარტო აღნაგობის არსებით შემადგენელ ნაწილად, არამედ რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად.[24] კანონმდებლის ეს მიდგომა გამომდინარეობს, მათ შორის, აღნაგობის უფლების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშალებად გამოყენების მიზნებიდან.
29. აღნაგობის უფლების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობა წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს და ეს ნაგებობა იმავდროულად ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად. აქიდან გამომდინარე, აღნაგობის უფლების ფარგლებში აშენებული შენობის ცალკე უფლების ობიექტად გამოყოფა არ ნიშნავს, რომ ამ უფლებით სარგებლობა არ მოიცავს მიწის ნაკვეთზე უფლებას და პირიქით, რომ მიწის მესაკუთრის საკუთრების უფლება უქმდება ამ შენობაზე მეაღნაგის საკუთრების უფლების აღიარებით.[25]
30. რამდენადაც კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შინაარსი იმგავრად უნდა იქნას გაგებული, „რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას“[26] აღიარებულია მოთხოვნა, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ და აღნაგობის უფლების მქონე პირმა უნდა შეძლონ საკუთრების უფლებით შეუფერხებელი სარგებლობა, რაც გულისხმობს მეაღნაგის უფლებას, აღნაგობის უფლება და აშენებული შენობა გამოიყენოს ვალდებულების უზრუნველსაყოფადაც და შესაბამისად, დატვირთოს იპოთეკით[27].
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე არ შეიძლება შეიზღუდოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლება, ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთოს საკუთარი მიწის ნაკვეთი, რამდენადაც საკუთრების კონსტიტუციური უფლების შინაარსი მოიცავს მიწის მესაკუთრის უფლებას საკუთარი ნივთი გამოიყენოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად. აღნაგობის უფლებით მიწის მესაკუთრის უფლების შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოვიდოდა საკუთრების უფლების ზემოთ მოცემულ კონსტიტუციურ გაგებასთან.
32. მოლოდინი, რომ მიწის მესაკუთრის საკუთრების უფლების გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მეაღნაგის უფლებას, რეალურია, თუმცა ასეთი საფრთხე არსებობს ასევე ნაგებობაზე მეაღნაგის უფლების რეგისტრაციის შემდეგ ამ შენობის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების შემთხვევაშიც, რაც ნაგებობასთან ერთად მიწის რეალიზაციის საშიშროებას ქმნის[28]. საკუთრების უფლების კონსტიტუციურ გაგებასთან შეუსაბამო იქნებოდა თუ კი ცალმხრივად ვაღიარებდით მეაღნაგის უფლებას ვალდებულებით დატვირთოს სხვისი ქონება (მიწის ნაკვეთი, რომელზეც დგას შენობა), ხოლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეეზღუდებოდა საკუთარი ნივთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების უფლება მეაღნაგის უფლების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.
33. როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ისე მეაღნაგის რისკების დაზღვევის საშუალებად არ გამოდგება საკუთრების უფლების შინაარსის იმგვარად დავიწროება, რაც უფუნქციოს (ფორმალურს) გახდის მას[29]. მათი უფლების დაცვის საფუძველს ქმნის სამოქალაქო კოდექსით დამკვიდრებული (აღნაგობის) ხელშეკრულების მხარეების ბოჭვა კეთილსინდისიერების პრინციპით, რაც მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ისე, რომ ზიანი არ შეუქმნან ხელშეკლურების მეორე მხარის ინტერესებს.
34. თუ კი მიწის მესაკუთრის საკუთრების კონსტიტუციური უფლების რეალიზებიდან გამომდინარე ზიანი მიადგენა მეაღნაგის უფლებებს, მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მეაღნაგის უფლება უფრო მეტად არის დაცული, რამდენადაც საჯარო რეესტრში აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ რეგისტრირდება მეაღნაგის მოთხოვნა, რომელიც ინარჩუნებს პირველი რიგის უფლების სტატუსს. კანონი იგივე წესს არ ადგენს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიმართ.
D. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ტესტის შეფასება
35. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, მოსარჩელემ სწორად უნდა შეარჩიოს ნორმა, რომელიც მის უფლებებს ზღუდავს[30]; „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტის, რომელიც ადგენს, რომ შემძენის საკუთრებაში ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლება, კონსტიტუციურობის შემოწმების ფარგლებში არ ექნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობა, შეაფასოს, ნივთის საჯარო აუქციონზე შემძენის უფლებების დაცვასთან ერთად, რამდენად ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა მეაღნაგის საკუთრების უფლების დაცვის სათანადო გარანტიებს.
36. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი არ არის პირველადი ნორმა, არამედ ის აყალიბებს კერძო[31] და საჯარო[32] სამართლის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს პრინციპის სახით. ე.ი. ის არის არა ,,მარეგულირებელი“, არამედ ,,დეფინიციური ნორმა“[33], რომლის შინაარსის დადგენა ხდება სხვა ნორმებთან კავშირში. ის გარემოება, რომ ნორმაში მოხსენიებულია ,,ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლება“ ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ის არის ამ უფლებების მატარებელი სუბიექტების უფლებების შეზღუდვის პირველადი სამართლებრივი საფუძველი.
37. მოსარჩელის მიერ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტის შინაარსის არასწორ გაგებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას ახდენს მეაღნაგის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულ უფლებების შეპირისპირებას მიწის ნაკვეთის მესაკუთრის კრედიტორთა ინტერესებთან. სადავო ნორმა არ გამოდგება მოსარჩელის მიერ შერჩეული ინტერესების (მეაღნაგე VS. კრედიტორები) შეპირისპირების საფუძველზე სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად.
(1) ლეგიტიმური საჯარო მიზნის განსაზღვრა
38. უფლების შემზღუდველი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობას. სადავო აქტის შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს მისი მიღებისას. თუ შეუძლებელია უფლების შემზღუდველი ნორმის შემოღების ლეგიტიმური მიზნის გარკვევა, მაშინ შეუძლებელი იქნება მისი კონსტიტუციურობის მტკიცება, რადგან უფლებაში ჩარევა გაუგებარი, თვითმიზნური და არასამართლიანი იქნება. ამ თვალსაზირისთ, არ არის საკმარისი მოსარჩელის მხარის მიერ კონკრეტული ლეგიტიმური მიზნების დასახელება. აუცილებელია სარჩელში დასახელებული საჯარო მიზნები იდენტიფიცირებადი და ამოკითხვადი იყოს თავად კანონიდან.[34]
39. მოსარჩელის მიერ ლეგიტიმური მიზნის დადგენაში დაშვებული შეცდომა გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ ის, ერთი მხრივ,აღიარებს მოვალის ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხების კრედიტორებზე განაწილების და დაკმაყოფილების ლეგიტიმურობას, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ხდება არა მოვალის, არამედ ,,სხვა პირის“ ქონების რეალიზაცია[35].
40. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი არ ადგენს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონების შინაარსს. ეს ხდება ,,სამეურვეო ქონების“ განსაზღვრის ფარგლებში. აუქციონზე გამოტანილი სამეურვეო ქონების მიმართ გამოიყენება მოსარჩელის მიერ დასახელებული უფლების დაცვის ის მოდელი, რომელიც იწოდება როგორც ,,საკუთრების წესი“.[36] ეს ნიშნავს იმას, რომ მიწის ნაკვეთის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშალებად გამოყენება შეესაბამება მისი მესაკუთრის ნებას და კონსტიტუციურ უფლებას თავისუფლად განკარგოს მისი საკუთრება.
41. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი მიზნად არ ისახავს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის კრედიტორების ,,სამეურვეო ქონების“ აუქციონზე რეალიზაციის გზით დაკმაყოფილების საკითხის მოწესრიგებას[37], არამედ ის ადგენს აუქციონში გამარჯვებული პირის კანონიერი ნდობის დაცვის სამართლებრივ გარანტიებს. თუ კი სწორად განვსაზღვრავთ ნორმის შინაარს, დავინახავთ, რომ ნორმის საფუძველზე არ ხდება ,,სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა შორის კერძო ავტონომიის ფარგლებში წარმოშობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე რისკების მესამე პირებზე გადატანა“ და ,,სახელშეკრულებო რისკების მესამე პირებზე გადანაწილება“[38].
42. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღნაგობის უფლებას არ ანიჭებს აბსოლუტური უფლების სტატუსს, რაც შეუძლებელს გახდიდა მის შეზღუდვას, არამედ, როგორც სამოქალაქო სამართლის სხვა ინტიტუტებისათვის არის დამახასიათებელი, ის შეიძლება გახდეს სხვა უფლებებთან შეპირისპირების საგანი. აღნაგობის უფლების განსაკუთრებული სტატუსი ვლინდება არა ამ უფლების შეზღუდვის დაუშვებლობაში, არამედ მისი პირველი რანგის უფლებად რეგისტრაციაში.
43. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტის ლეგიტიმური მიზანია აუქციონზე შეძენილი ნივთის ვალდებულებებისაგან გათავისუფლება არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის კრედიტორების უფლებიდან გამომდინარე, როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებს, არამედ აუქციონში გამარჯვებული პირის კონსტიტუციური უფლებებიდან[39] გამომდინარე.
(2) გამოსადეგობის შემოწმება
44. კანონის ნორმით დადგენილი ღონისძიების გამოსადეგობა გულისხმობს, რომ ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს და შესაძლებელს უნდა ხდიდეს მის მიღწევას.
45. გამოსადეგობის შემოწმებაში დაშვებული შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელე არ ახდენს მის შემოწმებას მიწის ნაკვეთის მესაკუთრის და აუქციონის გზით შეძენილი ქონების მესაკუთრის კონსტიტუციური უფლების დაცვის საჭიროების შეფასების ჭრილში, არამედ - მიწის ნაკვეთის მესაკუთრის კრედიტორების ინტერესების დაცვის კონტექსტში.
46. საჯარო სამართლებრივი პროცედურების (საჯარო აუქციონის) საფუძველზე მოპოვებული საკუთრების კონსტიტუციური უფლება სახელმწიფოს უდგენს ისეთი სამართლებრივი წესრიგის შექმნის ვალდებულებას, სადაც მისი დაცვისკენ მიმართული ღონისძიებები იქნება სამართლიანი და გონივრული.
47. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი არის გამოსადეგი რამდენადაც ის მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრების კონსტიტუციური უფლებისა და საჯარო აუქციონზე ქონების შემძენის კონსტიტუციური უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება და შესაძლებელს ხდის მის მიღწევას.
(3) აუცილებლობის ელემენტის შეფასება
48. კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებასაც უნდა წარმოადგენდეს. უფლების შეზღუდვა არ იქნება მიჩნეული როგორც აუცილებელი ღონისძიება, თუ კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია უფლებაში უფრო ნაკლები ინტენსივობით ჩარევის გზით, უფრო ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებით. ანუ მიზნის მიღწევის ალტერნატიული საშუალებების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის არჩეულ უნდა იქნეს ყველაზე ნაკლებად მზღუდავი. ,,...საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს როგორც გარდაუვალი აუცილებლობა“[40].
49. მოსარჩელის მიერ აუცილებლობის შემოწმებისას დაშვებული შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მისი შემოწმება ხდება არა საჯარო აუქციონზე საკუთრების უფლების შემძენის არამედ მიწის მესაკუთრის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილების კონტექსტში.
50. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, საჯარო აუქციონში გამარჯვებულად გამოვლენილი პირის მიერ ნივთის ღირებულების გადახდის შემდეგ მისთვის სამართლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის მოთხოვნა არის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად განხორციელებული შესაფერისი და აუცილებელი ღონისძიება, რამდენადაც არ არსებობს მიზნის მიღწევის სხვა ალტერნატიული საშუალება.
(4) პროპორციულობის დადგენა
51. უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა კონსტიტუციით სწორედ იმიტომ არის გათვალისწინებული, რომ მათმა შეუზღუდავმა რეალიზაციამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კონსტიტუციით დაცულ სხვა (კერძო ან/და საჯარო) ინტერესებს, ინტერესების დაბალანსება კი კონსტიტუციის მთავარი მიზანია.[41]
52. მოსარჩელის მიერ პროპორციულობის შემოწმებაში დაშვებული შეცდომა მდგომარეობ იმაში, რომ ის არასწორად ახდენს საპირისპირო ინტერესების განსაზღვრას და ერთმანეთს უპირისპირებს მოსარჩელე მხარის, როგორც აღნაგობის უფლების საფუძველზე არსებული ნაგებობის მესაკუთრის ინტერესს შეინარჩუნოს აღნაგობის უფლება და ისარგებლოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით და მიწის ნაკვეთის მესაკუთრის კრედიტორთა ინტერესებს, ხოლო აუქციონის გზით რეალიზებული ქონების შემძენის ინტერესი - საკუთრებაში მიიღოს უფლებარივად უნაკლო ნივთი, არ ხდება მსჯელობის საგანი.
53. მეაღნაგის ქონება არის თუ არა აუქციონზე გამოტანილი ქონების შემადგენელი ნაწილი, ანუ ექცევა თუ არა ის ,,სამეურვეო ქონების“ სტატუსის ქვეშ, ეს უნდა გაირკვეს არა საჯარო აუქციონში გაყიდული ქონების შემძენის კონსტიტუციურ უფლებებთან შეპირისპირების გზით არამედ კანონის სხვა ნორმების საფუძველზე.
54. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი არის აუქციონის გზით მოპოვებული საკუთრების უფლების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშალება.
IV. შემაჯამებელი თეზისები
1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტში მოცემული ,,სამეურვეო ქონების“ შინაარსი ადგენს კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამოყენებული ქონების სამართლებრივ ბუნებას და მესამე პირების უფლებებს ამ ქონების მიმართ;
2. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტი არ ემსახურება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის კრედიტორთა ინტერესების დაცვას;
3. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტში ერთმანეთის პირისპირ არ დგას მიწის ნაკვეთის მესაკუთრის კრედიტორების უფლება და აღნაგობის უფლება;
4. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი ადგენს საჯარო აუქციონის ჩატარების წესებს და ამავე მუხლის მე-19 პუნქტი იცავს საჯარო აუქციონის გზით მოპოვებულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას;
5. მეაღნაგე არ არის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით დადგენილი საჯარო აუქციონის ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებული მხარე;
6. მიწის მესაკუთრის და აუქციონში გამარჯვებული პირის საკუთრების კონსტიტუციური უფლებების აღიარება არ ნიშნავს აღნაგობის უფლების მქონე პირის დაუცველობას;
7. აღნაგობის უფლება არ რჩება დაუცველი და მეაღნაგეს აქვს აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების მხარის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. მისი მოთხოვნა საჯარო რეესტრში რეგისტრირდება, როგორც პირველი რიგის უფლება;
8. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ნორმის (საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 19-ე პუნქტის) არაკოსტიტუციურად ცნობა ვერ უზრუნველყოფს მეაღნაგის უფლებების დაცვას.
9. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 19-ე პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა შექმნიდა აუქციონში გამარჯვებული პირის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას განუჭვრეტადი სამართლებრივი საფუძვლებით და საფრთხეს შეუქმნიდა სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციურ პრინციპს.
[1] იხ. სარჩელის I ნაწილის მე-4 აბზაცი;
[2] საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2.4 მუხლი, 54-ე მუხლი და 61.5 მუხლი.
[3] იგივე მიდგომა აქვს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონს. კანონის 251 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება; დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.
[4] „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
[5] სამეურვეო ქონება – ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.
[6] საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2022 წლის 4 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა სასამართლომ, გერმანიის უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის ანალოგიურად (იხ. სქოლიო 10) არ ჩათვალა მოსარჩელის უფლების დაცვა საჭიროდ (უფლებადაცვის ინტერესის არ არსებობა) აუქციონის ჩატარების პროცედურების კანონიერების ჭრილში.
[7] ნორმის ამგვარი განმარტების მართებულობისა და აუქციონის გზით მოპოვებული საკუთრების უფლების დაცვის პრიორიტეტულობის დადასტურება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონონის 102-ე მუხლის მე-16 პუნქტი, რომელიც ინარჩუნებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-19 პუნქტის შინაარს და აზუსტებს მას დამატებითი დათქმით, რომ არ შეიძლება შეიზღუდოს აუქციონის გზით მოპოვებული საკუთრების უფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლისა და წინასწარი ინფორმირებისა.
[8] ტერმინი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან: ბს-1133(4კ-20), 07 ნოემბერი, 2022წ; ბს-549(2კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი; Nბს-459-453(3კ-14), 24 მარტი, 2015 წელი.
[9] საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ნორმის სრულყოფილი განმარტებისათვის იგი უნდა განიმარტოს როგორც სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, ასევე სხვა ნორმებთან კონტექსტში, მისი მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით. ასევე, საქართველოს საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით.“ (უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტიელბა საქმის №: ბს-915-911(2კ-17), ასევე უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება საქმის №: ბს-313(კ-22) და უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება საქმის №: ბს-1177(კ-21) და სხვ.).
[10] იგევე მიდგომა აქვს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლს, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ: ა) კრედიტორი და მოვალე (სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.
[11] Bundesgerichtshof, გადაწყვეტილება Zb. 8/07. 05.07.2007.
[12] რომელიც გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპიდან.
[13] საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი.
[14] საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი.
[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 1/4/614.616, 30.09.2016.
[16] საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი.
[17] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 1/4/614.616, 30.09.2016
[18] პაატა ტურავა, ზოგადი ადმინისტრაციული სამართლი, 2020, გვ. 251.
[19] პაატა ტურავა, კანონიერი ნდობის პრინციპი (შედარებითსამართლებრივი ანალიზი), ჟურნ. „ქართული სამართლის მიმოხილვა“, 2007, No 2-3, 218.
[20] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/3/522,553, 2013 წლის 27 დეკემბერი.
[21] გერმანულ კანონმდებლობაში ის ,,მშენებლობის მემკვიდრეობით უფლებად“ იწოდება (das Erbbaurecht). რამდენადაც აღნაგობის ინსტიტუტი ქართულ სამართალში დამკვიდრდა გერმანული სამართლის გავლენით, იდენტური მნიშვნელობა დევს ქართულ ტერმინშიც.
[22] გერმანულ სამართალში მშენებლობის მემკვიდრეობითი უფლებ განიხილება, როგორც მიწის ნაკვეთზე უფლებრივი შეზღუდვა, თუმცა არ ხდება მისი როგორც ქონების განხილვა.
[23] ბესარიონ ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 215 გვერდიდან; აგრეთვე, თამარ შოთაძე, იპოთეკა როგორც საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება, 2011, გვ. 37; Uleich Keller, das Erbbaurecht in der Insolvenz, 2012, გვ. 19.
[24] თამარ შოთაძე, სანივთო სამართალი, გვ. 223, გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო სამართალი, 2018, გვ. 212.
[25] Uleich Keller, das Erbbaurecht in der Insolvenz, 2012, გვ. 18
[26] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №3/1/512, II–33.
[27] Uleich Keller, das Erbbaurecht in der Insolvenz, 2012, გვ. 20
[28] თამარ შოთაძე, სანივთო სამართალი, 2014, გვ. 228.
[29] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/2/411, II–24.
[30] „იღებს რა კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს შინაარსობრივი მიმართება, ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ ნორმებსა და ამ ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხოლო მეორე მხრივ ‒ კონსტიტუციის იმ ნორმებს შორის, რომლებთან მიმართებითაც არის დამდგარი კონსტიტუციურობის საკითხი. სწორედ ეს მიმართება აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს საფუძველს, რომ არსებითი განხილვისას მას ექნება ობიექტური შესაძლებლობა, იმსჯელოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/2/389 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“.)
[31] საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლი, რომლის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს უფლებრივად უნაკლო ნივთი.
[32] კანონიერი ნდობის პრინციპი;
[33] იხ. გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია, 2015, აბზ. 184,
[34] ქეთევან ერემაძე, ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ საზოგადოებაში, 2013, გვ, 58-დან.
[35] იხ. სარჩელის III ნაწილი - ,, აუცილებლობა“ მე-3 აბზაცი.
[36] იხ. სარჩელის III ნაწილი - ,,გამოსადეგობა“ მე-7 აბზაცი.
[37] მოსარჩელის მსჯელობა, რომ ,,სავსებით შესაძლებელია რომ კანონმდებლის მიერ დასახული მიზანი, მოვალის კრედიტორთა დაკმაყოფილება და მათი ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, მიღწეულ იქნეს სწორედ მოვალის ქონების რეალიზაციის გზით, რა დროსაც, მოსარჩელე, როგორც მეაღნაგე, შეინარჩუნებს მის საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე. აღნაგობის უფლება, გარდა იმისა, რომ დამოუკიდებელი საკუთრების უფლებაა, არ ამცირებს მიწის ნაკვეთს ღირებულებას. შესაბამისად, მოვალის კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზანი მიღწეული იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად ძალაში დარჩება მასზე არსებული აღნაგობის უფლებაც“ (იხ. საკონსტიტუციო სარჩელი III ნაწილის აუცილებლობის #4 ნაწილი), არის უადგილო, რამდენადაც გასაჩივრებული ნორმა არ აწესრიგებს ამ პრობლემას. ეს საკითხი არის კანონის სხვა ნორმის მოწესრიგების საგანი.
[38] იხ. სარჩელის III ნაწილი - ,,ლეგიტიმური საჯარო მიზანი” მე-7 აბზაცი.
[39] საკუთრების უფლება, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება და კანონიერი ნდობის უფლება.
[40] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/2/411 საქმეზე შპს ,,რუსენერგოსერვისი“, შპს ,,პატარა კახი“, სს ,,გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო ,,ფერმერი“ და შპს ,,ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ. წიგნში: ქეთევან ერემაძე, ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ საზოგადოებაში, 2013, გვ. 101.
[41] ქეთევან ერემაძე, ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ საზოგადოებაში, 2013, გვ. 69-70.