საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/665,683 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 დეკემბერი 2016 16:03 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) №665 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №200 ბრძანების დანართის 113-ე და 114-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ)„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულიოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანების №2 დანართის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „და სრული“, მე-8 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2) №683 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე, მოპასუხის წარმომადგენლები - ალექსანდრე დარახველიძე და ალექსანდრე თორია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 25 აგვისტოს და 2015 წლის 9 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის ნომერი №665 და №683) მომართა საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილმა. №665 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 26 აგვისტოს, ხოლო №683 კონსტიტუციური სარჩელი - 2015 წლის 10 ნოემბერს.
2. №665 და №683 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 2 თებერვალს.
3. კონსტიტუციურ სარჩელებში მათი შემოტანის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის აგვისტოს №200 ბრძანების(შემდგომში №200 ბრძანება) დანართის 113-ე და 114-ე მუხლები, „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულიოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანების (შემდგომში №97 ბრძანება) №2 დანართის მე-8 და მე-9 პუნქტები და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების (შემდეგში №116 ბრძანება) 22-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ანალოგიურად განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული პირადი შემოწმების შემთხვევებსა და პროცედურას. კერძოდ, ბრალდებული/მსჯავრდებული სრულ პირად შემოწმებას ექვემდებარება: დაწესებულებაში მიღებისას; დაწესებულებიდან გაგზავნისას; სამარტოო საკანში მოთავსებისას; განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას; დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას/დაბრუნებისას; სხვა შემთხვევებში, დირექტორისა და მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამის მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. მსჯავრდებულს დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა ქონისა და შენახვის უფლებაც დადგენილი წესით გააჩნიათ. მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება საკნის ბარათში. დანარჩენი საგნები შეინახება ან ნადგურდება დაწესებულების დირექტორის მოტივირებული ბრძანებით, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი.
5. №97 ბრძანების №2 დანართის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული.“
6. №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები დამატებით ადგენს პირადი სრული შემოწმების პროცედურაში ექიმ-სპეციალისტის ჩართვის შესაძლებლობასა და პროცედურის ჩატარებას იზოლირებულ ოთახში, გარეშე პირთა დაუსწრებლად, რა დროსაც დაუშვებელია ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით დაკვირვება, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი კი იცავს ისეთი სიკეთეების ხელშეუხებლობას, როგორიცაა ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით, ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინება და, იმავდროულად, ადგენს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
8. კონსტიტუციურ სარჩელთა თანახმად, სადავო ნორმატიული აქტები განსაზღვრავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი შემოწმების ორ სახეს: სრულსა და არასრულს. არასრული პირადი შემოწმებისაგან განსხვავებით, რომელიც მოიცავს მხოლოდ პირის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმებას, მათი გახდის გარეშე, სრული პირადი შემოწმებისას, უფლებამოსილი პირის მითითების შემთხვევაში, პირი ვალდებულია მთლიანად გაშიშვლდეს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები, თუმცა სადავო ნორმები არ აკონკრეტებს შემოწმებისას გამოყენებულ მეთოდებს, რაც არ გამორიცხავს უფლებამოსილი პირის მხრიდან ფიზიკურ კონტაქტს ან სხეულის დათვალიერების გარდა სხვა დამატებითი ქმედების განხორციელების (მაგალითად, ბუქნის გაკეთების) მოთხოვნის შესაძლებლობას. შედეგად აღნიშნული სადავო ნორმები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დეტალურად ფორმულირების სპეციფიკის გათვალისწინებით, ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნას და ამიტომაც ქმნის ადამიანის ღირსების შელახვის, პიროვნულ თავისუფლებისა და ინტიმური ცხოვრების სფეროში გაუმართლებლად ჩარევის მაღალ რისკებს.
9. მოსარჩელე მხარის მითითებით, პატიმრობის კოდექსის 52-ე მუხლი უშვებს პენიტენციურ დაწესებულებაში მისი დებულების დაცვის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი მოთავსების ადგილის ჩხრეკას, მისი ნივთების შემოწმებას, თუმცა უშუალოდ შემოწმების საკითხისა და ინტენსივობის შესახებ გადაწყვეტის და რეგულირების უფლებამოსილებას ანიჭებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს - პენიტენციური დაწესებულების დებულებას. რამდენადაც მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის შემოწმების, მათ შორის სრული პირადი შემოწმების ინსტიტუტის არსებობას ზოგადად, არამედ ამგვარი შემოწმების განხორციელების წესებს, სადავო კანონქვემდებარე აქტებზე მსჯელობა, მოსარჩელის აზრით, შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის, პატიმრობის კოდექსისაგან დამოუკიდებლად.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმათა პრობლემურობაზე მიუთითებს მათი ბლანკეტური ხასიათი. ისინი თანაბრად ვრცელდება ყველა ბრალდებულსა თუ მსჯავრდებულზე და მხედველობაში არ მიიღება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ასევე მათი ქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გარდა ამისა, სადავო ნორმები არ შეიცავენ იმ შემთხვევათა ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც შესაძლებელია სრული პირადი შემოწმების ჩატარება. დაწესებულებიდან გაყვანისა თუ დაბრუნების, ასევე საკნის შეცვლის გარდა ასეთი შემოწმება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების საფუძველზე, რაც იძლევა ამ უკანასკნელთა მხრიდან თვითნებობისა და აღნიშნული ღონისძიების მაღალი ინტენსივობით გამოყენების შესაძლებლობას, რაც აღწევს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს და უნდა ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევად. ვინაიდან წამების, სასტიკი, არაჰუმანური ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის უფლება აბსოლუტურია, დაცულ სფეროში ჩარევა ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება გამართლებულად.
11. კონსტიტუციურ სარჩელთა თანახმად, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლსა და მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. სრული პირადი შემოწმება, როგორც ღონისძიება, თავისთავად არ ეწინააღმდეგება ძირითად უფლებებს და მათი გამოყენება შესაძლებელია გამართლებულ იქნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის, პატიმართა უსაფრთხოებისა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებით, თუმცა ასეთი შემოწმება უნდა წარმოადგენდეს უკიდურესად აუცილებელ საშუალებას და გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი და იმავდროულად, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებით, მაგალითად, დეტექტორის გამოყენებით, შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში სადავო ნორმათა ბლანკეტური და არაგანჭვრეტადი ბუნება და მათი ინტენსიურად გამოყენების შესაძლებლობა წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში თანაც ისე, რომ საერთოდ არ ითვალისწინებს გადაუდებელი აუცილებლობისა და სასამართლო კონტროლის მექანიზმებს, როგორც ამას მოითხოვს კონსტიტუციური ჩანაწერი.
12. კონსტიტუციურ სარჩელთა თანახმად, მოსარჩელე მხარე მოითხოვს სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერებას, რადგან თავად იმყოფება №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის თანახმად, ადგილი აქვს ადამიანთა გაშიშვლების პრაქტიკას. ამიტომაც შესაძლებელია, მოსარჩელის თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე კვლავ გაგრძელდეს ამგვარი პრაქტიკა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მის უფლებრივ მდგომარეობას, რომლის აღდგენა ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკზე.
14. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ერთ-ერთი სადავო აქტი - №97 ბრძანება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი №665 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდეგ, შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
15. მოსარჩელემ მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა №200 ბრძანების 114-ე მუხლსა და №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-9 პუნქტს შორის შინაარსობრივ სხვაობაზე. კერძოდ, ეს უკანასკნელი, პირველი სადავო ნორმისგან განსხვავებით ბრალდებულს/მსჯავრდებულს ავალდებულებს არა მთლიანად, არამედ სხეულის მხოლოდ შესაბამისი ნაწილების მოშიშვლებას. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც ამგვარი მოთხოვნა შესაძლებელია გავრცელდეს სხეულის ნებისმიერი ნაწილზე, №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი რეგულირება ასევე წარმოშობს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საფრთხეს. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ბრძანება ეხება კონკრეტულად №5 პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც იმყოფება თავად მოსარჩელე, აღნიშნული არ გამორიცხავს მასზე №200 ბრძანების გავრცელების და ამდენად, უფლებამოსილი პირის მიერ სრული გაშიშვლების მოთხოვნის შესაძლებლობას, რადგან ეს უკანასკნელი კვლავაც მოქმედ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს.
16. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, სადავო ნორმებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, პატიმრობის კოდექსის თანახმად, ითვლება დისციპლინურ გადაცდომად, რომლის ჩადენის შემთხვევაშიც პირს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური სახდელის ესა თუ ის ფორმა, გადაცდომის განმეორების შემთხვევაში კი - ადმინისტრაციული პატიმრობა 80 დღემდე ვადით. ამგვარად, სრულ შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას შეიძლება შეეზღუდოს არა მხოლოდ პროცესზე დასწრების ან სამედიცინო შემოწმების უფლებები, არამედ დაეკისროს დამატებითი პასუხისმგებლობა.
17. მოსარჩელე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ რამდენადაც ადამიანის გაშიშვლება და მისი სხეულის დათვალიერება ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ სფეროში და დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის, ამგვარი ქმედების მიმართ გამოყენებული უნდა იქნას პირადი ჩხრეკისას მოქმედი სამართლებრივი სტანდარტები, მათ შორის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუკი არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
18. მოპასუხე მხარის პოზიციით, №665 და №683 კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა იქნას არსებითად განსახილველად მიღებული, რადგან ძირითად ნორმატიულ აქტს, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოაწესრიგოს პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხები, წარმოადგენს საქართველოს პატიმრობის კოდექსი. აღნიშნული კი მოსარჩელე მხარის მხრიდან სადავოდ არ არის გამხდარი, რაც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად არმიღების საფუძველს.
19. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს, რომ ზემოთ აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების პირობებში, მოსარჩელე ნანა ფარჩუკაშვილი არ წარმოადგენს №200 ბრძანების სუბიექტს, რადგან №5 პენიტენციური დაწესებულების მიმართ მოქმედებს უფრო ახალი და სპეციალური, №116 ბრძანება კონკრეტულად ამ დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ. №200 ბრძანება შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სპეციალური კანონქვემდებარე აქტი არ არეგულირებს კონკრეტულ საკითხს. მოპასუხის განმარტებით, №116 ბრძანება განსხვავებულად არეგულირებს პირადი შემოწმების წინაპირობებსა და პროცედურას, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე მხარის მიმართ №200 ბრძანების გამოყენების საფუძველი.
20. მოპასუხე მხარის აღნიშვნით, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მაგალითად, დეტექტორი, როგორც ამის თაობაზე მითითებულია კონსტიტუციურ სარჩელებში, სრულად ვერ ცვლის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმების საჭიროებას. კერძოდ, ტექნიკური საშუალებებით შეუძლებელია ყველა იმ ნივთიერების აღმოჩენა ადამიანის სხეულზე თუ სხეულში, რომლის ქონაც აკრძალულია პენიტენციურ დაწესებულებაში. გარდა ამისა, მსგავსი საშუალებების ხშირი გამოყენება საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
21. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო რეგულირებათა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგისა და მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დაცვა, ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის შესაძლო დაზიანებების აღმოჩენა, რაც შემდგომ დაექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას. მოპასუხე მხარის თქმით, არსებობს მსჯავრდებულთა მხრიდან პენიტენციურ დაწესებულებაში უკანონო ნივთების შემოტანის პრეცედენტები, რაც დამატებით ადასტურებს სადავო რეგულირებათა არსებობის საჭიროებას.
22. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ სადავო ნორმის დათქმა, რომელიც ითვალისწინებს სრულ პირად შემოწმებას დამატებით სხვა შემთხვევებში დირექტორის ბრძანებით ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ, ეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით გაწერილ სპეციალურ შემთხვევებს, ძირითადად ოპერატიულ ინფორმაციას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ანუ მისი ერთ-ერთი მოადგილე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას შემოწმების ჩატარების საფუძველზე, შესაბამისად სადავო ნორმა ამ ნაწილში სრულად აკმაყოფილებს განჭვრეტადობის პრინციპს.
23. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას პირადი სრული შემოწმების სადავო ნორმებით განსაზღვრული ინტენსივობის თაობაზე. მოპასუხე მიუთითებს, რომ სადავო ბრძანებებით დადგენილი შემოწმების შემთხვევები იშვიათი და საგამონაკლისოა, ასევე პრაქტიკაში არ ხდება პირთა სრულად გაშიშვლება. გარდა ამისა, ტერმინი „სხეულის დათვალიერება“ გულისხმობს მხოლოდ დაკვირვებას, მსჯავრდებულთან ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი მოპყრობა ვერ აღწევს სისასტიკის იმ მინიმალურ ზღვარს, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის მიზნებისათვის. დამატებით, №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-18 პუნქტი პირდაპირ კრძალავს შემოწმების ჩატარებას დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.
24. მოპასუხის პოზიციით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებას ასევე არ უნდა განსაზღვრავდეს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რადგან ეს უკანასკნელი სრულებით არ გამორიცხავს ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში უკანონო ნივთების შემოტანის სურვილს.
25. რაც შეეხება სადავო ნორმის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლებთან მიმართებით, მოპასუხის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
26. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, სადავო ნორმების შეჩერება მნიშვნელოვნად გაართულებს პენიტენციურ დაწესებულებებში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. იმის გათვალისწინებით რომ პრაქტიკაში მრავლად არსებობს უკანონო და მათ შორის ფეთქებადსაშიში საგნებისა და ნივთიერებების დაწესებულებაში შემოტანის ან შემოტანის მცდელობის პრეცედენტები, სადავო ნორმების შეჩერება ბიძგს მისცემს მსგავს ქმედებათა ჩადენას მსჯავრდებულთა მხრიდან, და საფრთხის ქვეშ დააყენებს მსჯავრდებულთა წესრიგსა და უსაფრთხოებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამავდროულად, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
2. №665 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის №97 ბრძანების №2 დანართის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „და სრული“, ამავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №105 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სადავო №97 ბრძანება.
4. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და რაც ასევე გამორიცხავს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №665 კონსტიტუციურ სარჩელზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის №97 ბრძანების №2 დანართის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „და სრული“, ამავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
6. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
7. სხვა ნორმებთან ერთად, №665 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის №200 ბრძანების დანართის 114-ე მუხლის კონსტიტუციურობა. ანალოგიურად, №683 კონსტიტუციურ სარჩელით მოსარჩელე ითხოვს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116-ბრძანების დანართის 22-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას.
8. №200 ბრძანების დანართის 114-ე მუხლი განსაზღვრავს პროცედურას, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმება. აღნიშნული დებულების მე-3 წინადადება შეეხება პლასტირის, თაბაშირისა და სხვა ნახვევების შემოწმების წესს, მე-4 - ტანსაცმელში ჩაკარებული ნივთების აღმოჩენის შემთხვევებს, მე-5 - ფეხსაცმლიდან სუპინატორებისა და მეტალის დეტალების ამოღებას, მე-6 წინადადება - იმ ნივთებს, ნივთიერებებსა და საკვებ პროდუქტებს, რომლებიც უნდა დარჩეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს შემოწმების შემდეგ, მე-7 წინადადებით განისაზღვრება ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთების აღრიცხვის წესი, ხოლო მე-8 წინადადება ადგენს ჩამორთმეული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების შენახვისა და განადგურების წესებს.
9. №116 ბრძანების დანართის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების პროცედურას. მოცემული პუნქტის მე-3 წინადადება შეეხება პლასტირის, თაბაშირისა და სხვა ნახვევების შემოწმების წესს, მე-4 - ტანსაცმელში ჩაკარებული ნივთების აღმოჩენის შემთხვევებს, მე-5 - ფეხსაცმლიდან სუპინატორებისა და მეტალის დეტალების ამოღებას, ხოლო მე-6 წინადადება განსაზღვრავს პირადი სრული შემოწმების ჩატარებაზე უფლებამოსილ პირს. 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების დროს, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექიმ-სპეციალისტი, მე-11 პუნქტის მიხედვით კი - პირადი სრული შემოწმება მიმდინარეობს იზოლირებულ ოთახში, გარეშე პირთა დაუსწრებლად და დაუშვებელია ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით დაკვირვება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
10. №665 და №683 კონსტიტუციურ სარჩელებში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების პროცესში პირის გაშიშვლების ღონისძიების კონსტიტუციურობას. როგორც აღინიშნა, №200 ბრძანების დანართის 114-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 წინადადებები, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების დანართის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 წინადადებები, ამავე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები შეეხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების პროცედურულ საკითხებს, თუმცა, არ უკავშირდება გაშიშვლების ღონისძიებას და არ ადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაშიშვლების უფლებამოსილებას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დასაბუთება აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №665 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №200 ბრძანების დანართის 114-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ასევე №683 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების დანართის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 წინადადებების, ამავე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველზე.
12. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №665 და №683 კონსტიტუციური სარჩელები, სხვა მხრივ, აკმაყოფილებენ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
13. მოსარჩელე როგორც №665, ისე №683 კონსტიტუციურ სარჩელში ითხოვს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
14. მოსარჩელის განმარტებით, თუკი დროში ხანგრძლივად გაგრძელდა სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების - მსჯავრდებულის გაშიშვლების პრაქტიკა, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ვერ ჩაანაცვლებს იმ დამცირებას და შეურაცხყოფას, რასაც ეს მოპყრობა იწვევს.
15. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
16. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები ითვალისწინებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ შემოწმებას, მათ შორის, პირის გაშიშვლების ღონისძიებას, რაც მოსარჩელის მტკიცებით ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, წარმოადგენს პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას და იწვევს შეუქცევად, გამოუსწორებელ შედეგებს. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის უფლების შეზღუდვა, უფლების შესაძლო დარღვევა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერი მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში თავისთავად ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემობად. უფლების შესაძლო შეზღუდვა როგორც წესი ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი თავისთავად არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა.
17. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ და შეფასებულ უნდა იქნეს ის მესამე პირთა, თუ საზოგადოების ინტერესი, რომელსაც, შესაძლოა ზიანი მიადგეს ნორმის მოქმედების შეჩერებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
18. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი ნივთებისა და მოთავსების ადგილის შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია, აგრეთვე რომლებიც არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს. ამდენად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები ემსახურება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას აღნიშნული მიზნების მიღწევას, მოსარჩელის უფლებების სავარაუდო დარღვევის საფრთხე ვერ გადაწონის დასახელებულ საჯარო ინტერესებს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №665 („საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანების დანართის 113-ე მუხლის და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №665 („საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანების დანართის 114-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №683 („საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების დანართის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის და მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით,
4. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილევლად კონსტიტუციური სარჩელი №683 („საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების დანართის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 წინადადებების, ამავე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. შეწყდეს სამართალწარმოება №665 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანების №2 დანართის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „და სრული“, ამავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
7. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
8. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
9. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი