საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/4/665,683 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 26 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 ივლისი 2018 20:46 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) №665 კონსტიტუციურ სარჩელზე „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 113-ე მუხლის (2013 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების (2013 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2) №683 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტების და „ვ“ ქვეპუნქტის (2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2017 წლის 2 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების (2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2017 წლის 2 მარტამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე; მოპასუხის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წარმომადგენლები: ალექსანდრე თორია, თამარ ჭარბაძე და თენგიზ შაქარაშვილი; სპეციალისტები - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ რადიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ ურუშაძე; შპს „დ&გ კომუნიკაციის“ დირექტორი დავით დავითაშვილი; ექიმი რადიოლოგი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რენტგენოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ვალერიან აბულაძე და ინჟინერ-დიზომეტრისტი ანა ფიცხელაური.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 25 აგვისტოს და 2015 წლის 9 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №665 და №683) მომართა საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილმა. №665 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 26 აგვისტოს, ხოლო №683 კონსტიტუციური სარჩელი - 2015 წლის 10 ნოემბერს. №665 და №683 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 2 თებერვალს.
2. 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი №665 („საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“) მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 113-ე მუხლის და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელი №683 („საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“) კი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის და მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომები გაიმართა 2017 წლის 2 თებერვალს, 2017 წლის 16 მარტს და 2017 წლის 8 მაისს.
3. №665 და №683 კონსტიტუციურ სარჩელებში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანებით (შემდგომში - №200 ბრძანება) დამტკიცებული ინსტრუქციის 113-ე მუხლი და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებები, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების (შემდგომში - №116 ბრძანება) 22-ე მუხლის მე-8 პუნქტი და მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული პირადი შემოწმების შემთხვევებსა და პროცედურას. კერძოდ, ბრალდებული/მსჯავრდებული სრულ პირად შემოწმებას ექვემდებარება: დაწესებულებაში მიღებისას; დაწესებულებიდან გაგზავნისას; სამარტოო საკანში მოთავსებისას; განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას; დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას/დაბრუნებისას; სხვა შემთხვევებში დირექტორისა და მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. №200 ბრძანება პირის სრული პირადი შემოწმების საფუძვლად დამატებით განსაზღვრავს საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსების შემთხვევას. სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი კი იცავს ისეთი სიკეთეების ხელშეუხებლობას, როგორიცაა ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი და, იმავდროულად, ადგენს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს №200 ბრძანების სადავო ნორმებზე და აღნიშნავს, რომ სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ამგვარი მოპყრობა იწვევს პირის დამცირებას და შეურაცხყოფას. შესაბამისად, მისი გამოყენება უნდა ხდებოდეს მაშინ, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და, ამასთან, არ არსებობს მიზნის მიღწევის სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალება. მოსარჩელე მხარე მიზნის მიღწევის ანალოგიურად ეფექტურ, ამასთან ნაკლებად მზღუდავ საშუალებად მიიჩნევს სკანერით შემოწმების განხორციელებას, რასაც №200 ბრძანება არ ითვალისწინებს. ბრძანების შესაბამისად, სხეულის გაშიშვლება უალტერნატივოდ არის გათვალისწინებული სრული შემოწმების სახედ.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, დაიხვეწა სკანერის შესაძლებლობებიც და დღესდღეობით მას შეუძლია აღმოაჩინოს ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ადამიანი ინახავს. მოსარჩელის პოზიციით, სკანერს შეუძლია აღმოაჩინოს მეტალის ნივთები, პლასტიკური, კერამიკული, ასაფეთქებელი და სხვა საფრთხის შემცველი ნივთები. ამასთან, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, უკვე არსებობს იმგვარი სკანერებიც, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია იმ სხეულების აღმოჩენაც, რომელიც მოთავსებულია კანქვეშ.
8. მოსარჩელის პოზიციით, სკანერის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი რამდენიმე წამის განმავლობაში აჩვენებს ადამიანის მთელ სხეულს, სხეულის ჩვენება კი ხდება ე.წ. მულტიპლიკაციური გამოსახულებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადამიანის სხეულის ამგვარი გამოსახვა, განსხვავებით სხეულის ნაწილების გაშიშვლებისაგან, არ იწვევს პირის დამცირებას და მის სულიერ ტანჯვას. მოსარჩელე მიუთითებს საერთაშორისო კვლევებზე და აღნიშნავს, რომ სკანერის გამოყენებისას 400-ჯერ ნაკლებია რადიაციის დონე სამედიცინო დაწესებულებებში დანერგილ რენტგენის აპარატთან შედარებით, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ სკანერი არ არის საფრთხის შემცველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
9. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს №200 ბრძანების სადავო 113-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ საფუძვლები, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული ექვემდებარება სრულ შემოწმებას, არის ბლანკეტური ხასიათის და რუტინული. კერძოდ, სხეულის გაშიშვლება როგორც სრული შემოწმების უალტერნატივო საშუალება გამოიყენება, მათ შორის, დაბალი რისკის პატიმრების მიმართ და იგი ატარებს ინტენსიურ ხასიათს, კერძოდ, პირი შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაექვემდებაროს სრულ შემოწმებას. მოსარჩელის პოზიციით, იმისთვის, რომ შემოწმება არ იყოს ბლანკეტური და არ იწვევდეს უფლებაში ინტენსიურ ჩარევას, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის, თუ რა დანაშაულისათვის იმყოფება ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და როგორი ყოფაქცევით გამოირჩევა იგი. ნებისმიერი პირის მიმართ ამ ღონისძიების გამოყენება, ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის გარეშე, გაუმართლებლად ლახავს პირის კონსტიტუციურ უფლებებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
10. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს №200 ბრძანების 113-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული/მსჯავრდებული შესაძლოა, სრულ შემოწმებას დაექვემდებაროს დირექტორისა და მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურეების მითითებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარად დირექტორს ეძლევა ბუნდოვანი უფლებამოსილება, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ის საჭიროდ ჩათვლის, პირადი შემოწმების მიზნით, პირის გაშიშვლების ღონისძიება გამოიყენოს უალტერნატივოდ, დროის ნებისმიერ ინტერვალში და, მათ შორის, ნაკლები რისკის მქონე პატიმრების მიმართაც. მოსარჩელის პოზიციით, უცნობია, რა გარემოების არსებობის შემთხვევაში აქვს დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს პირადი შემოწმების შესახებ მითითების გაცემის უფლებამოსილება.
11. №200 ბრძანების 113-ე მუხლში გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებთან მიმართებით მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, პირადი შემოწმების განხორციელება ემსახურებოდეს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა მისთვის პრობლემურია სადავო ნორმით ბრალდებულის/მსჯავრდებულის რუტინული გაშიშვლება, რის გამოც იმაზე მეტად ხდება უფლებაში ჩარევა, ვიდრე ეს საჭიროა ღირებული კონსტიტუციური მიზნების მისაღწევად. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ №200 ბრძანება დაუშვებდა სკანერით შემოწმების განხორციელების შესაძლებლობას, მისი პრობლემა გადაიჭრებოდა და ასეთ შემთხვევაში მას არც სრული შემოწმების საფუძვლებთან მიმართებით ექნებოდა რაიმე პრეტენზია.
12. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ №200 ბრძანების შემთხვევაში სკანერით შემოწმებამ შესაძლოა, სრულად მიაღწიოს იმ მიზნებს, რასაც სრული შემოწმება ემსახურება. მართალია, სკანერს არ შეუძლია სხეულზე ნიშნის/წარწერის აღმოჩენა, მაგრამ №200 ბრძანების ლეგიტიმურ მიზანს, განსხვავებით №116 ბრძანებისაგან, არ წარმოადგენს სხეულზე ამგვარი ნიშნების/წარწერების აღმოჩენა. №200 ბრძანების მიზნებისათვის სრული შემოწმება ხორციელდება უკანონო ნივთის აღმოჩენის მიზნით. მისი მიზანი არც სხეულზე დაზიანების აღმოჩენაა, შესაბამისად, სკანერით შემოწმების განხორციელების შემთხვევაში ყველა ის მიზანი იქნებოდა მიღწეული, რასაც №200 ბრძანებით განსაზღვრული სრული შემოწმება ემსახურება.
13. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ №200 ბრძანების სადავო მუხლები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, ვინაიდან ბრალდებული/მსჯავრდებული სრული შემოწმების განხორციელების და, შესაბამისად, სხეულის ნაწილების გაშიშვლების თავიდან აცილების მიზნით იძულებულია, უარი თქვას პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებაზე. შესაბამისად, პირი უარს ამბობს სოციალურ აქტივობასა და გარე პირებთან კონტაქტზე, რაც მსუსხავი ეფექტის მატარებელია პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციური უფლების მიმართ.
14. მოსარჩელე მხარის პოზიციით, გაშიშვლება უცხო ადამიანის თანდასწრებით, ამასთან, დღის განმავლობაში ამის რამდენჯერმე დაშვების შესაძლებლობა იწვევს ადამიანის დამცირებას იმ ინტენსივობით, რომ ამგვარი მოპყრობა არღვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულ არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ, მართალია, სკანერის აპარატურა ძვირადღირებულია, მაგრამ სახელმწიფოსათვის ფინანსური ტვირთის აცილება ვერ გაამართლებს უფლებაში ამგვარი ინტენსივობით ჩარევას.
15. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე და აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა შესაძლებელია გამართლებული იყოს გადაუდებელი აუცილებლობის არსებობით. მართალია, აკრძალული ნივთების აღმოჩენის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ პირი მართლაც ფლობს ან/და ინახავს აკრძალულ ნივთებს. გონივრული ეჭვის არარსებობისას თუ მაინც მოხდება პირადი შემოწმების მიზნით პირის გაშიშვლება, გაუმართლებლად იქნება ხელყოფილი კონსტიტუციის მე-20 მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან მის გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობისას.
16. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისას №116 ბრძანება იმეორებდა №200 ბრძანებაში გათვალისწინებულ სრული პირადი შემოწმების საფუძვლებსა და პროცედურას. შესაბამისად, №200 ბრძანების სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის მიერ შემოთავაზებული არგუმენტაცია ასევე მიემართებოდა №116 ბრძანების სადავო ნორმებსაც. თუმცა საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას №116 ბრძანებაში განხორციელდა რიგი ცვლილებები. კერძოდ, ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტს დაემატა 81, 82 და 83 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც, დაინერგა პირადი სრული შემოწმების სკანერის გამოყენებით განხორციელების შესაძლებლობა. შემოწმების საშუალების არჩევა კი ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებამოსილება გახდა.
17. განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, სხეულის შესაბამისი ნაწილი გაიხადოს ან გაიშიშვლოს ან/და დადგენილი წესით მასზე განხორციელდეს სრული შინაგანი შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე; ბ) სკანერით შემოწმებამ დაადასტურა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ აკრძალული ნივთის/ნივთიერების ფლობა; გ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თან აქვს კანონით აკრძალული ისეთი ნივთი/ნივთიერება, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით; დ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
18. ცვლილებები შეეხო მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმებსაც. კერძოდ, №116 ბრძანების სადავო 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახლებურად, რომლის მიხედვითაც, პირის პირადი სრული შემოწმება შეიძლება განხორციელდეს დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე. ამასთან, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-9 პუნქტიც.
19. მოსარჩელე მხარემ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას სასამართლო ითვალისწინებს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს. შესაბამისად, მან სადავო ნორმებზე მსჯელობა განავითარა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების ჭრილში.
20. მოსარჩელემ, პირველ რიგში, აღნიშნა, რომ, მართალია, №116 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მისთვის გარკვეული პრობლემები გადაიჭრა და დაინერგა სკანერით სრული შემოწმების განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ ცვლილებები არ შეხებია №200 ბრძანებას. ეს უკანასკნელი კი კვლავ რჩება შესასრულებლად სავალდებულო ნორმატიულ აქტად და კვლავაც არსებობს უფლებაში ჩარევის ცდუნების რისკი.
21. თავად №116 ბრძანებაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმები მისთვის კვლავაც პრობლემურია. მოსარჩელის პოზიციით, ბუნდოვანია, რამდენად არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ სკანერი ზუსტად აღმოაჩენს სხეულის შიგნით არსებულ ნივთებს, რათა გაუმართლებლად არ მოხდეს პირის პირადი შემოწმების მიზნით გაშიშვლება.
22. მოსარჩელე მიუთითებს განხორციელებულ ცვლილებებზე, რა დროსაც ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, სხეულის შესაბამისი ნაწილი გაიხადოს ან გაიშიშვლოს და აღნიშნავს, რომ პირის გაშიშვლება მაშინ, როდესაც იგი უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე ან/და როდესაც სკანერით შემოწმებამ დაადასტურა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ აკრძალული ნივთის/ნივთიერების ფლობა, მისთვის არ არის პრობლემური და კონსტიტუციური უფლებების დამრღვევი.
23. მოსარჩელისათვის პრობლემურია დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით პირის გაშიშვლება საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ №116 ბრძანება არ განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა პასუხობდეს დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების დასაბუთებულობა. მოსარჩელის პოზიციით, ბრძანება დასაბუთებული იქნება მაშინაც, როდესაც დირექტორი ბრძანებაში მიუთითებს, რომ ფლობს გარკვეულ ოპერატიულ ინფორმაციას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე ისეთი ნიშნის/წარწერის არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ამგვარი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში ბრძანებები ყოველ ჯერზე იქნება დასაბუთებული, მაგრამ იგი არ იქნება პროპორციული ღონისძიება. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ამგვარ შემთხვევაში ეჭვი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გონივრულად და საფუძვლიანად. გაშიშვლება დროის მცირე ინტერვალში ინტენსიურად ზრდის მოპყრობის სიმკაცრეს. მეორე მხრივ, დროის მოკლე პერიოდში ჩარევის ინტენსივობა ამცირებს ნიშნის/წარწერის გაკეთების შესაძლებლობას, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომ ნიშანთან/ნახატთან დაკავშირებით დაუშვებელია ადამიანის გაშიშვლება დღეში რამდენჯერმე. მოსარჩელის პოზიციით, იმის გამო, რომ აღნიშნულის გამომრიცხავი დანაწესები არ გვხვდება №116-ე ბრძანებაში, სადავო ნორმები არის არაკონსტიტუციური.
24. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ დაუშვებელია ნახატის აღმოსაჩენად დაბალი რისკის პატიმრების გაშიშვლება. არაძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი და კარგი ყოფაქცევის მქონე პატიმარი არ უნდა დაექვემდებაროს სრულ შემოწმებას.
25. მოსარჩელემ მიუთითა, რომ №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდგომ მას პრობლემა აღარ აქვს, ვინაიდან მე-9 პუნქტი ითვალისწინებს პირადი შემოწმების მიზნით პირის გაშიშვლებას მაშინ, როდესაც დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანება მართლაც დასაბუთებულია.
26. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
27. მოპასუხე მხარის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტი არ შეცვლილა, კანონმდებლობაში განხორციელდა იმგვარი ცვლილებები, რომ აღნიშნულმა ნორმამ დაკარგა ის შინაარსი, რა შინაარსითაც იგი არსებითად განსახილველად იყო მიღებული. ამის გამო, მოპასუხის პოზიციით, წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
28. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სრული პირადი შემოწმება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება, კერძოდ, სრული შემოწმება შეიძლება ჩატარდეს პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის თავიდან აცილების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით. განხორციელებული ცვლილების შედეგად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია ან/და არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს. სრული პირადი შემოწმება ასევე დასაშვებია იმ ნიშნის/წარწერის აღმოჩენის მიზნით, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება.
29. მოპასუხე მხარის მითითებით, პირის პირადი შემოწმებისას, მაშინ როდესაც ხდება მისი გაშიშვლება, მაქსიმალურად არის დაცული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები და იგი მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, პირადი შემოწმება, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ხორციელდება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების არანაკლებ ორი და არა უმეტეს ხუთი უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ. შემოწმების პროცესში დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა, რა სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი, პირის გაშიშვლება მიმდინარეობს იზოლირებულ ოთახში, ელექტრონული მონიტორინგის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
30. მოპასუხე მხარე არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას სრული შემოწმების ინდივიდუალური მიდგომით განხორციელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სრული შემოწმების ბლანკეტური ბუნების დასაბალანსებლად მოსარჩელე მიზანშეწონილად მიიჩნევს სრული შემოწმების ინდივიდუალურ შეფასებას და ბრალდებულის/მსჯავრდებულის საშიშროების რისკთან დაკავშირებას. მოპასუხის პოზიციით, კონტროლის შესუსტებამ შესაძლოა წაახალისოს საშიშროების უფრო ნაკლები რისკის მქონე პირების მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში კანონმდებლობით აკრძალული ნივთის შეტანა ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენა. ამასთან, მოპასუხე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებული არიან სხვადასხვა საშიშროების რისკის მქონე პირები, რის გამოც საშიშროების უფრო ნაკლები რისკის მქონე პირები შესაძლოა ნებაყოფლობით ან ნების საწინააღმდეგოდ გამოყენებული იქნენ საშიშროების უფრო მეტი რისკის მქონე მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანის ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენის მიზნით.
31. მოპასუხის პოზიციით, დღის განმავლობაში პირის სრული შემოწმების საფუძვლის რამდენჯერმე წარმოშობა ძალიან იშვიათია, თუმცა, თუ ამგვარი საფუძველი წარმოიშვა, რისკების გამოსარიცხად აუცილებელია, ყოველ ჯერზე მოხდეს პირის სრული შემოწმება. მოპასუხეს მიაჩნია, რომ შემოწმების მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრა გაუმართლებელი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ პირადი შემოწმება ტარდება პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის თავიდან აცილების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით. პირადი შემოწმების მაქსიმალური დღიური რაოდენობის განსაზღვრა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას მისცემს, შეეცადოს დაწესებულების იმგვარ დატოვებას/დაწესებულებაში იმგვარად შესვლას, რომელიც შემოწმებას გამორიცხავს. შედეგად, შესაძლოა პენიტენციური სისტემის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგეს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ სრული შემოწმების განხორციელების საფუძვლებიდან გამომდინარე, თითქმის ყველა შემთხვევაში, სრული შემოწმების ჩატარება უკავშირდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარესამყაროსთან მეთვალყურეობის გარეშე კონტაქტს ანუ სახელმწიფოს ეფექტური კონტროლიდან გასვლას. გამონაკლისს წარმოადგენს სამარტოო საკანში მოთავსება და დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით სრული შემოწმება. დასახელებულ შემთხვევებში შემოწმების მიზანი დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის, მათ შორის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ თვითდაზიანების თავიდან აცილებაა. შესაბამისად, არგუმენტაცია, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშაა და სრული შემოწმების საჭიროება არ არსებობს, გაზიარებული ვერ იქნება.
32. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ, მართალია, სადავო №200 ბრძანების ნორმები არ შეცვლილა, მაგრამ ამ მიმართულებითაც მომზადებულია ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმების მარეგულირებელი ნორმები სრულებით ამოღებული იქნება ამ ბრძანებიდან და იგი მოწესრიგდება თითოეული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, ვინაიდან №116 ბრძანება უფრო ახალია, ვიდრე №200 ბრძანება, ამასთან, სპეციალურია და ეხება უშუალოდ №5 პენიტენციურ დაწესებულებას, ამიტომ ნორმებს შორის კოლიზიის დროს გამოყენებული უნდა იქნეს №116 ბრძანება როგორც სპეციალური და უფრო ახალი ნორმატიული აქტი. მოპასუხე აღნიშნავს, რომ №200 ბრძანება ნაწილ-ნაწილ უქმდება, იგი დღესდღეობით არსებობს მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაიმე საკითხი, რომელსაც დაწესებულების დებულება არ აწესრიგებს, არ დარჩეს დაურეგულირებელი.
33. მოპასუხე მხარის პოზიციით, სრული შემოწმების განხორციელებისას გამორიცხულია ციხის ადმინისტრაციის მიერ თვითნებურად პირის უფლებებში ჩარევის შესაძლებლობა. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია, ნებისმიერ დროს მიმართოს გენერალურ ინსპექციას, თუ მიიჩნევს, რომ რაიმე ქმედებამ გამოიწვია მისი უფლებების დარღვევა. ასევე, პირს შეუძლია, მიმართოს საგამოძიებო განყოფილებას და ამგვარად მოახდინოს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლი.
34. მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს სრული შემოწმების, დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებას და აღნიშნავს, რომ ასეთ დროს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლის გასაჩივრების უფლებამოსილებაც პირს გააჩნია კანონით გათვალისწინებული წესით. მოსარჩელე მხარეს შეუძლია, იდავოს როგორც აქტის კანონიერებაზე, ასევე მის მიზანშეწონილობაზეც. მოპასუხე მხარე არ იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას ბრძანების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ბრძანება არა მხოლოდ დასაბუთებული, არამედ პროპორციულიც უნდა იყოს. შესაბამისად, ამ მიმართულებით მოსარჩელის პრობლემა არ მომდინარეობს კანონმდებლობიდან.
35. მოპასუხის პოზიციით, სკანერი და სრული (სრული შინაგანი) შემოწმება შემავსებელი, სრულყოფილი შედეგის მისაღწევი და არა ალტერნატიული საშუალებებია. კერძოდ, არსებობს ნივთები/ნივთიერებები, რომელთა აღმოჩენაც სკანერის აპარატით შეუძლებელია. ასეთად, უპირველეს ყოვლისა, განიხილება ქაღალდის ფურცელი, წარწერა ან/და გარკვეული კატეგორიის ქსოვილი, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს როგორც ინფორმაციის გადატანის და, ამდენად, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მიღწევის საშუალება. სწორედ ამიტომ, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დასაშვებია პირის სრული შემოწმების მიზნით მისი გაშიშვლება, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც: პირი უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე; სკანერით შემოწმება დაადასტურებს, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული ფლობს კანონით აკრძალულ ნივთს/ნივთიერებას; არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თან აქვს კანონით აკრძალული ისეთი ნივთი/ნივთიერება, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით ან/და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ემსახურება ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.
37. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ რადიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ოთარ ურუშაძემ მიუთითა სხვადასხვა ტიპის სკანერზე და მათი გამოყენების დასაშვებ ინტენსივობაზე. სპეციალისტის მოსაზრებით, ვიზუალური გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, იზრდება სკანერის რადიაციის დონე და, შესაბამისად, იკლებს მისი გამოყენების დასაშვები ინტენსივობის ფარგლებიც. სპეციალისტის განმარტებით, უსაფრთხოების სფეროში გამოყენებული რენტგენის სხივის სიმძლავრე საკმაოდ დაბალია. კერძოდ, ევროპისა და აშშ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, აეროპორტებში, საელჩოებსა და სხვა მაღალი მოცულობის მქონე ობიექტებში გამოყენებული მაღალტექნოლოგიური სკანერების დასხივების დოზა საშუალოდ 0.25 მიკროზივერტია, რაც 400-ჯერ ნაკლებია სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებული გულმკერდის ერთი რენტგენოგრაფიის დროს მიღებულ დასხივებაზე.
38. ოთარ ურუშაძის მოსაზრებით, მას არ აქვს ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ სკანერთან დაკავშირებით, თუმცა მიუთითებს, რომ არსებობს სკანერის სხვადასხვა ტიპი და ვერც ერთის მეშვეობით ვერ გამოჩნდება დაბალი სიმკვრივის მქონე ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, მათ შორის, ქაღალდი ან/და სვირინგი. ამასთან, სპეციალისტის მოსაზრებით, სკანერი ვერ აღმოაჩენს ფხვნილს, გამხმარ ფოთოლს, თუ მათი რაოდენობა ცოტაა. სკანერი ვერ განასხვავებს ერთმანეთისაგან ქსოვილის სახეობებს. ოთარ ურუშაძის განმარტებით, რენტგენოდასხივებაზე მომუშავე სკანერებით შესაძლებელია აღმოჩენილ იქნეს მაღალი სიმკვრივის ნივთიერებები, რომელთა სიმკვრივე მეტია, ვიდრე ორგანიზმის ქსოვილების. სპეციალისტის მოსაზრებით, სკანერთან შედარებით მეტი გარჩევადობითა და ეფექტურობით ხასიათდება სამედიცინო აპარატურა, თუმცა მაქსიმალური სიზუსტით ვერც ამგვარი აპარატურით აღმოჩნდება ყველა ნივთი.
39. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა ექიმ-რადიოლოგმა, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რენტგენოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ვალერიან აბულაძემ აღნიშნა, რომ სკანერის შესაძლებლობებთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა რენტგენის სხივებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ამა თუ იმ სხეულის აღმოჩენა დამოკიდებულია მის სიმკვრივეზე. ვალერიან აბულაძის მითითებით, აპარატით არ გამოჩნდება სხეულზე არსებული ნაკერი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას მაღალი სიმკვრივე ახასიათებს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, იგი გამოჩნდეს დამატებითი ჩრდილის სახით. ამასთან, სპეციალისტის მითითებით, გამორიცხულია დაბალი სიმკვრივის ფხვნილის აღმოჩენის შესაძლებლობაც, სკანერით არ გამოჩნდება არც ქაღალდის ფურცელი და არც სხეულზე არსებული სვირინგი. სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა ადამიანისათვის დღიურად დასაშვებ რადიაციის დასხივების დონეზე და მიუთითა, რომ ეს არის 0.003 მიკროზივერტი.
40. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა ინჟინერ-დიზომეტრისტმა ანა ფიცხელაურმა მიუთითა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ სკანერებზე, თუმცა რენტგენის სხივებით ნივთების აღმოჩენასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მაღალი სიმკვრივის საგნების აღმოჩენა მისი გამოყენებით შესაძლებელია, მაგრამ ქაღალდის ან სხვა დაბალი სიმკვრივის ქსოვილის აღმოჩენა, პრაქტიკულად, გამოირიცხება. სპეციალისტმა განმარტა, რომ რენტგენის სხივების გამოყენებით მუქი ჩრდილების სახით აღმოჩნდება მხოლოდ მკვრივი სხეული ან ქსოვილი.
41. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა შპს „დ&გ კომუნიკაციის“ დირექტორმა დავით დავითაშვილმა მიუთითა, რომ არ არსებობს იმგვარი უნივერსალური აპარატურა, რომელიც შეძლებს ყველა სხეულის დანახვას. სპეციალისტის მოსაზრებით, რენტგენული სკანირების აპარატს აქვს შესაძლებლობა, აღმოაჩინოს, მათ შორის, ფხვნილიც. რაც შეეხება ქაღალდს, დავით დავითაშვილმა მიუთითა, რომ მისი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ის მაღალი სიმკვრივით ხასიათდება. ამგვარ შემთხვევაში ქაღალდი გამოიკვეთება ჩრდილის სახით. სპეციალისტის მოსაზრებით, ფაქტობრივად შეუძლებელია სკანერით ძუის აღმოჩენა, თუ ის იმეორებს ადამიანის ჩონჩხის ანატომიას. დავით დავითაშვილის მითითებით, სკანერით შემოწმებისას ასევე არ გამოჩნდება სხეულზე არსებული რაიმე ნახატი/ნიშანი. დავით დავითაშვილმა განმარტა, რომ სხივების სიმძლავრეზეა დამოკიდებული მათ მიერ ნივთიერებების აღმოჩენის ეფექტურობაც. მაღალი სიმძლავრის სხივების გამოყენებისას ის ღრმად შედის ორგანიზმში და ხედავს კანქვეშა ნაწილებს, თუმცა ამ შემთხვევაში რთულდება კანის ზედაპირზე არსებული ნაწილების აღქმადობა.
42. სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა დასხივების დასაშვებ ინტენსივობაზე და აღნიშნა, რომ ჩატარებული კვლევების შესაბამისად, თითო დასხივების დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მიკროზივერტს, ხოლო წლიური დასხივების ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მიკროზივერტს. რენტგენული სკანერების შემთხვევაში, სპეციალისტის განმარტებით, თითო დასხივების დოზა 0.75 მიკროზივერტია. შესაბამისად, დაახლოებით, 1250-ჯერ არის შესაძლებელი ადამიანზე ამგვარი დასხივების განხორციელება. თუმცა სპეციალისტის აღნიშვნით, სამედიცინო კუთხით არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თითო დასხივებისას რადიაციის დონე იმდენად დაბალია, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოუყენებლობის შემთხვევაში ორგანიზმი ადვილად ივიწყებს მას და, შესაბამისად, მისგან მომდინარე უარყოფითი ეფექტებიც ადამიანის ორგანიზმზე არ ახდენს რაიმე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე ითხოვს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 113-ე მუხლის და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე ითხოვს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის და მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქმის განხილვის მომენტისათვის ცვლილება განიცადა №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის სადავოდ გამხდარმა „ვ“ ქვეპუნქტმა, ამასთან, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა მე-9 პუნქტის სადავო პირველი და მე-2 წინადადებები. კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის პირველი მარტის №15 ბრძანების პირველი მუხლის „გ“ და „ვ“ პუნქტებით, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში და ამავე მუხლის მე-9 პუნქტში განხორციელდა ცვლილება. ცვლილებებამდე რედაქციით, №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის/ბრალდებულის სრული შემოწმება შესაძლოა განხორციელებულიყო დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ცვლილებით, „დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება“ ჩანაცვლდა „დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, არ შეცვლილა უშუალოდ სადავოდ გამხდარი პირველი და მე-2 წინადადება, თუმცა მოხდა მათი ახალი რედაქციით ჩამოყალიბება.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“), რაც იწვევს შესაბამის შედეგებს, იმის მიხედვით, თუ რა ეტაპზეა საქმე.
4. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, თუ არ არსებობს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო ნორმის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
5. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმების ცვლილება მოხდა საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა საქმის გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობამ ყველა შემთხვევაში შეიძლება არ გამოიწვიოს სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის გაუქმება. ნორმის გაუქმების შემდეგ, იგი შეიძლება ჩანაცვლებულ იქნეს სხვა ისეთი დებულებით, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ შეინარჩუნებს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
7. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიზანია, „არ მისცეს სამართალშემოქმედს შესაძლებლობა, ბოროტად ისარგებლოს სამართალშემოქმედებითი პროცესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის №1/1/386 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-4).
8. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ცვლილების შედეგად მიღებული რეგულაცია მნიშვნელოვანწილად, არსებითად იმეორებს ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს და ითვალისწინებს მსჯავრდებულის/ბრალდებულის სრულ შემოწმებას, მათ შორის, დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კვლავაც არსებობს მოსარჩელის უფლების შესაძლო დარღვევის რისკი. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია დავის საგნის ფარგლებით და, შესაბამისად, ვერ იმსჯელებს №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის ახალ რედაქციაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე მსჯელობა მოსარჩელის უფლების დაცვის ეფექტური პრევენციული საშუალებაა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტების მიხედვით, დაუშვებელია ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება, რომელიც შეიცავს იმ შინაარსის ნორმებს, რომლებიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად. ამასთან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. შესაბამისად, ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება ხელს შეუწყობს სადავო ნორმით გათვალისწინებული საფრთხეების სრულად აღმოფხვრას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს სამართალწარმოებას და შეაფასებს ძალადაკარგული სადავო ნორმის კონსტიტუციურობას.
9. ამის გარდა, №116 ბრძანებაში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, რომლებმაც გარკვეული გავლენა მოახდინა სადავო ნორმების შინაარსზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი კანონმდებლობა.
10. გარდა ამისა, ცვლილებები განხორციელდა №200 ბრძანებაში. კერძოდ, „„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №200 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 30 მაისის №42 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ჰ8 ქვეპუნქტით, ამოღებულ იქნა, მათ შორის, ხსენებული ბრძანების სადავო, 113-ე და 114-ე მუხლები. შესაბამისად, ძალადაკარგულია სადავო ნორმატიული აქტის დასახელებული ნორმების კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის დროს მოქმედი რედაქცია.
11. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებში ცვლილებები განხორციელდა საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც „სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს ძალადაკარგული სადავო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
12. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე მხარეს სადავო ნორმები გასაჩივრებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან ცალ-ცალკე შეაფასებს.
№200 ბრძანების 113-ე მუხლისა და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების, აგრეთვე №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის და მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო
13. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. ზემოაღნიშნული დებულების მიზნებისთვის, მოპყრობა რომ ჩაითვალოს არაჰუმანურად, სასტიკად ან პატივისა და ღირსების შემლახველად, ის უნდა აღწევდეს სიმწვავის განსაზღვრულ დონეს. „არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ზღვარს რომ მიაღწიოს, ქმედება უნდა სცილდებოდეს იმ ტკივილის, დისკომფორტის, სულიერი ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას, რომელსაც ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს ... ამავდროულად, თავისუფლების შეზღუდვის თანმდევი დამცირება და უხერხულობა არ უნდა სცილდებოდეს აუცილებელ მინიმალურ ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -185).
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მოპყრობის სიმწვავის დონის შეფასება დამოკიდებულია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაზე. „[მოპყრობის] შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532/533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -180).
15. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პატივისა და ღირსების შემლახავია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, ძლიერ ტკივილს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხვას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -181).
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სტანდარტები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ღონისძიებების მიმართ
16. თავისუფლების აღკვეთა ან თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვა გარდაუვლად ქმნის ადამიანისთვის ტკივილის, სირცხვილისა თუ სხვაგვარი დისკომფორტის შეგრძნებას. მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელი, როგორც წესი, არ მიიჩნევა ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობად. ცხადია, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა თუ ბრალდებულთა შემოწმების პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს ადამიანის სხეულის ანდა მისი ნაწილის გაშიშვლებას, ინტენსიურად ზღუდავს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ნებისმიერ შემთხვევაში ღონისძიება, რომელიც მოიცავს პირის ვალდებულებას, გაშიშვლდეს და გაიშიშვლოს სხეულის გარკვეული ნაწილები სხვა პირთა თანდასწრებით, გარკვეულწილად, იწვევს დისკომფორტისა და სირცხვილის შეგრძნებას.
17. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ პირის გაშიშვლება ინტენსიური ხასიათის შეზღუდვაა და, შესაძლოა, იწვევდეს დისკომფორტის და სირცხვილის შეგრძნებას, იგი, თავისთავად, არ უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ მოპყრობად. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილების გაშიშვლების ღონისძიება ხორციელდება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და ამ მიზნის მიღწევის აუცილებელ, თანაზომიერ საშუალებას წარმოადგენს, იგი არ შეფასდება, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა.
18. აღსანიშნავია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ცალკეული მოპყრობის ფორმა per se კონსტიტუციის მე-17 მუხლის საწინააღმდეგო შეიძლება იყოს და ასეთ შემთხვევაში, ცხადია, უადგილო იქნება მოპყრობის მიზნებისა და აუცილებლობის შეფასება. თუმცა, როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში ასეთ მოპყრობას ადგილი არ აქვს, პირის გაშიშვლება მისი შემოწმების მიზნით არ წარმოადგენს თავისთავად კონსტიტუციის მე-17 მუხლით აკრძალულ, პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულს არც მოსარჩელე მხარე უარყოფს. მისი განმარტებით, სრული შემოწმების სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი, a priori არაკონსტიტუციური არ არის. კერძოდ, უსაფრთხოების მიზნებისთვის შესაძლოა დასაშვები იყოს მსჯავრდებულის/ბრალდებულის სხეულის შესაბამისი ნაწილის გაშიშვლება. მისი მტკიცებით, ღირსების შემლახავი და არაჰუმანურია ყველა მსჯავრდებულისა თუ ბრალდებულის რუტინული შემოწმება იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას სადავო ნორმები ითვალისწინებს.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია, პირის მიმართ ისეთი ინტენსიური შემზღუდველი ღონისძიება, როგორიც არის სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილების გაშიშვლება, გამოყენებულ იქნეს გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები არ უნდა დაექვემდებარონ იმგვარ წნეხს, რომელიც აშკარად აჭარბებს თავისუფლების შეზღუდვის თანმდევ ლეგიტიმურ მოპყრობასა და თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკულ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული და მისი თანმდევი ყველა სხვა ზომა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის განკუთვნილი, თანაზომიერი საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპყრობა თვითმიზნურად ჩაითვლება და შეეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
20. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავს იქ მოთავსებული პირების უფლებებს, არ უნდა იწვევდეს ტკივილის, დისკომფორტის, ფსიქოლოგიური ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას იმაზე მეტად, ვიდრე ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღონისძიება დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური იქნება. ამგვარად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის გაშიშვლება ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ობიექტური საჭიროების გარეშე, არათანაზომიერი ინტენსივობით, ქმნის პირის მიმართ დისკომფორტის, სირცხვილისა და დამცირების შეგრძნებას, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აბსოლუტურად აკრძალულ მოპყრობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, დადგინდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების არსი, მისი ლეგიტიმური მიზანი და თანაზომიერება.
21. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი აბსოლუტურად კრძალავს წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში თანაზომიერების პრინციპის გამოყენება და სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიების ლეგიტიმური მიზნების, გამოსადეგობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება ემსახურება იმის იდენტიფიცირებას, ხომ არ ხდება ღონისძიების გამოყენება ობიექტური საფუძვლის გარეშე (mutatis mutandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ობიექტური საფუძვლის გარეშე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უფლებაშემზღუდველი ღონისძიების გამოყენება, რომელიც გულისხმობს დაწესებულებაში მოთავსებული პირის გაშიშვლებას, დაკვალიფიცირდება როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით უპირობოდ აკრძალული მოპყრობა.
სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება
22. №200 ბრძანების 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებით განსაზღვრულია სრული შემოწმების ჩატარების წესი. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. ანალოგიურად, №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები განსაზღვრავს სრული შემოწმების წესს, რომელიც ხორციელდება ქალთა №5 დაწესებულებაში. კერძოდ, ხსენებული ნორმის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები.
23. საქმის განხილვის მიმდინარეობისას აშკარა გახდა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები №200 ბრძანების 114-ე მუხლის მე-2 წინადადებას, რომლის თანახმადაც, სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები, განსხვავებულად განმარტავენ. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ნორმა მსჯავრდებულს ავალდებულებს, მთლიანად ან ნაწილობრივ გაშიშვლებას. ხოლო მოპასუხის აზრით, №200 ბრძანების 114-ე მუხლის მე-2 წინადადება და №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადება ერთი და იმავე შინაარსის მატარებელი ნორმებია. კერძოდ, მთლიანი გახდა და გაშიშვლება მიემართება სხეულის შესაბამის ნაწილებს და არ წარმოქმნის მსჯავრდებულის/ბრალდებულის მთლიანად გაშიშვლების ვალდებულებას. მოპასუხის განმარტებით, პრაქტიკაც სწორედ ასეთია.
24. აღსანიშნავია, რომ ნორმის გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი მოიცავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის როგორც ნაწილობრივ - ისე მთლიანად გაშიშვლების შესაძლებლობას, ვინაიდან ნორმა ადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ვალდებულებას „გაიხადოს მთლიანად“ ან „გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები“. ცხადია, „მთლიანად გახდა“ სწორედ სრულად გაშიშვლებაზე მიუთითებს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეფასებისას მხედველობაში მიიღებს ნორმის ამგვარ შინაარსს. იმის მიუხედავად, რომ შესაძლებელია, სადავო ნორმა პრაქტიკაში სხვაგვარად გამოიყენება.
25. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული სადავო ნორმები საკმარისი სიცხადით არ არის ფორმულირებული, რაც დაწესებულების თანამშრომლებს სრული შემოწმების ჩატარების პროცესში განუსაზღვრელ დისკრეციას ანიჭებს. კერძოდ, მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ სხეულის დათვალიერებაში დაწესებულების თანამშრომლებმა იგულისხმონ შიშველი პატიმრის მიერ ბუქნის გაკეთების ვალდებულებაც. მოსარჩელე მხარე მიუთითებს 2014 წლის სახალხო დამცველის ანგარიშზე და აღნიშნავს, რომ სრული შემოწმების პროცედურის დროს ხდება პატიმრების გაშიშვლება და, ამასთან, მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებასაც.
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში მართლაც ჰქონდა ამგვარ ფაქტებს ადგილი, თუმცა მოსარჩელის მსჯელობა ამ ნაწილში სადავო ნორმების მცდარ განმარტებას ეფუძნება. №200 ბრძანების 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებიდან, ისევე როგორც №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებიდან არ გამომდინარეობს, რომ დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია, მსჯავრდებულს/ბრალდებულს მოსთხოვოს ბუქნების გაკეთება ან ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც სცდება შემოწმების მიზნებს. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ამ კონტექსტში, სადავო ნორმების განმარტების თაობაზე მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას ვერ გაიზიარებს.
27. №200 ბრძანების 113-ე მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, როდესაც უნდა მოხდეს ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმება. ეს შემთხვევებია: ა) დაწესებულებაში მიღება; ბ) დაწესებულებიდან გაგზავნა; გ) სამარტოო საკანში მოთავსება; დ) საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსება; ე) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვება/დაბრუნება; ვ) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა/დაბრუნება; ზ) სხვა შემთხვევებში დირექტორისა და მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურეების მითითება.
28. №116 ბრძანების 22-ე მუხლის სადავოდ გამხდარ მე-8 პუნქტში, სრული შემოწმების არსებითად იგივე საფუძვლებია განსაზღვრული, რაც №200 ბრძანების 113-ე მუხლში, იმ განსხვავებით, რომ №116 ბრძანებაში დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ სრული შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მოხსენიებულია როგორც „გადაწყვეტილება“, ხოლო №200 ბრძანების 113-ე მუხლში - როგორც „მითითება“. ორივე ნორმის შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, იქნება ეს დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება თუ მითითება, მსჯავრდებული/ბრალდებული ვალდებულია, დაექვემდებაროს სრულ შემოწმებას.
29. განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს მსჯავრდებულისთვის/ბრალდებულისთვის №200 ბრძანების 113-ე მუხლსა და 114-ე მუხლის პირველ და მე-2 წინადადებებსა და აგრეთვე №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტსა და მე-9 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებში მოცემული სრული შემოწმების წესი და საფუძვლები წარმოადგენს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ მოპყრობას.
30. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გაშიშვლება, როგორც სრული შემოწმების ფორმა, უნდა გამოიყენებოდეს მსჯავრდებულის/ბრალდებულის პიროვნებიდან მომდინარე რისკფაქტორების გათვალისწინებით, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მათ შორის, დანაშაულის სიმძიმე და პირის ყოფაქცევა დაწესებულებაში. ამასთან, მოსარჩელისთვის პრობლემურია, სრული გაშიშვლების ღონისძიების გამოყენების ინტენსივობა. სადავო ნორმების არსებობის პირობებში შესაძლებელია დღის განმავლობაში ადამიანის გაშიშვლება რამდენჯერმე მოხდეს, რაც ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. მოსარჩელე, ამავდროულად, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზნები ეფექტურად იქნება მიღწეული ნაკლებად მზღუდველი ღონისძიებით, სკანერით შემოწმების შემთხვევაში. მისი აზრით, სკანერი გაცილებით უკეთესად უზრუნველყოფს ადამიანის სხეულზე ან სხეულში არსებული უკანონო ნივთების იდენტიფიკაციას, ვიდრე ვიზუალური შემოწმება.
ლეგიტიმური მიზანი
31. №116 ბრძანების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის თავიდან აცილების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირადი შემოწმება ხდება იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია ან/და არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს. პირადი შემოწმება ასევე დასაშვებია იმ ნიშნის/წარწერის აღმოჩენის მიზნით, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება.
32. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულ საგნებს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, შეიძლება გამოყენებულ იქნენ დანაშაულის ჩადენის იარაღად, დაპატიმრების ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ, არ არიან გათვალისწინებული ამ დებულებით განსაზღვრული (დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამანათის სახით მიიღოს (აგრეთვე ფოსტის მეშვეობით), შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში, აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა სამრეწველო პროდუქტებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების დანართი №1-ის მე-16 პუნქტით.
33. №116 ბრძანების 22-ე მუხლის 81 მუხლის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით ან ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. როგორც აღინიშნა, სკანერის გამოყენებით შემოწმების შესაძლებლობა გაჩნდა კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ, სადავო ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებებით. შემოწმების ჩატარების წინ, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესთავაზებს, აირჩიოს შემოწმების მისაღები საშუალება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება სკანერის გამოყენებით ხორციელდება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ამავე მუხლის მე-9 პუნქტი ითვალისწინებს პირადი სრული შემოწმების ჩატარების პროცედურას, რომლის ფარგლებშიც ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. ამავე მუხლის 82 პუნქტის თანახმად კი, ბრალდებული/მსჯავრდებული ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით შემოწმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ: უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე; სკანერით შემოწმებამ დაადასტურა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის/ნივთიერების ფლობა; არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თან აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ისეთი ნივთი/ნივთიერება, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით; არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
34. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით შეფასდება №116 ბრძანების სადავოდ გამხდარი ნორმებით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევები, როდესაც ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმება გაშიშვლების პროცედურის გამოყენებით.
35. №200 ბრძანება ექსპლიციტურად არ მიუთითებს სრული პირადი შემოწმების მიზნებზე. თუმცა, როგორც არსებული ნორმატიული ბაზიდან, ისე მოპასუხის არგუმენტაციიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ როგორც №116, ისე №200 ბრძანებით გათვალისწინებული სრული პირადი შემოწმების მიზნებია პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული და იქ დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. აღნიშნული, თავის მხრივ, იმაში გამოიხატება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არ მოხვდეს ისეთი აკრძალული ნივთები თუ წარწერები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ზემოთ დასახელებულ მიზნებს, გამოიწვევს უწესრიგობას, შექმნის ბრალდებულების/მსჯავრდებულების გაქცევის საფრთხეს და ა.შ. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია, პენიტენციური დაწესებულებიდან არ მოხდეს რაიმე ნივთის, ინფორმაციის შემცველი საგნისა თუ სხვა ისეთი ობიექტის გატანა, რომელიც მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, პირის შემოწმება თავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, რათა, ერთი მხრივ, მოხდეს ადეკვატური რეაგირება უშუალოდ მისი ჯანმრთელობის დასაცავად, ხოლო, მეორე მხრივ, არ მოხდეს დაწესებულებაში რიგი დაავადებების გავრცელება და დაცული იყოს დაწესებულებაში მოთავსებული და დასაქმებული პირების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
36. პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული და დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, აგრეთვე დანაშაულისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების გაქცევის თავიდან აცილების უზრუნველყოფა უდავოდ წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან ინტერესებს, რომლებიც ქმნის სახელმწიფოს ლეგიტიმაციას, განახორციელოს ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირადი შემოწმება.
გამოსადეგობა
37. როგორც №200, ისე №116 ბრძანება ითვალისწინებს სრული შემოწმების საფუძვლებს, რომელთა გარკვეული კატეგორია მოიცავს შემთხვევებს, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხება აქვს პენიტენციური დაწესებულების გარეთ არსებულ სივრცესთან („გარესამყაროსთან“). ესენია - ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღება, დაწესებულებიდან გაგზავნა, დაწესებულების დროებით დატოვება და დაბრუნება.
38. დაწესებულებიდან გასვლასა და გარე სამყაროსთან კონტაქტის გარდა, სადავო ნორმები ბრალდებულების/მსჯავრდებულების სრულ პირად შემოწმებას ითვალისწინებს ისეთი საფუძვლებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაწესებულების ტერიტორიის დატოვებასთან. ასეთი საფუძვლებია - სამარტოო საკანში მოთავსება, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსება (ამ უკანასკნელს ითვალისწინებს მხოლოდ №200 ბრძანება) („დაწესებულებაში გადაადგილება“) და სხვა შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. რა საფრთხეებსა და გამოწვევებთან არის დაკავშირებული თითოეული ამ საფუძვლის არსებობისას პენიტენციური დაწესებულება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თითოეული კატეგორიის საფუძველთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
კონტაქტი გარესამყაროსთან
39. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას არსებობს იმის რეალური ალბათობა, რომ მას ჰქონდეს ისეთი ნივთი/საგანი, რომელიც მიეკუთვნება აკრძალული ნივთების ჩამონათვალს და წარმოადგენს საფრთხეს პენიტენციური დაწესებულების ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. შესაძლოა, ეს ნივთი იყოს რაიმე ტიპის იარაღი, ძუა, თოკი, ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური საშუალება და ნებისმიერი სხვა ისეთი ობიექტი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს დაწესებულებაში უწესრიგობის გამოწვევის მიზნით, იქ მოთავსებული პირების გაქცევის ორგანიზებისათვის, სხვა პირების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზიანებისათვის და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ აფასებს დაწესებულებაში აკრძალული ნივთების ჩამონათვლის კონსტიტუციურობას. მოცემულ საქმეზე ეჭვქვეშ არ დამდგარა ის გარემოება, რომ აკრძალული ნივთების პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრა ნამდვილად გამოიწვევს მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანებას.
40. აკრძალული ნივთების, მიმოწერის, გარკვეული ინფორმაციის შემცველი ობიექტების უკანონო ბრუნვის რისკები სახეზეა როგორც დაწესებულებაში შესვლისას, ისე - დაწესებულების დატოვებისას. არსებობს საფრთხე, რომ პირი, რომელიც თუნდაც დროებით ტოვებს დაწესებულებას, გაიტანს ისეთ ობიექტს, ნივთს, რამაც შესაძლოა დააზიანოს პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების, პირების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე სამართალდარღვევის თავიდან აცილების ინტერესები. მაგალითად, პირმა, შესაძლოა გარკვეული ნივთების, ინფორმაციის შემცველი ობიექტების (მათ შორის, სხეულზე გაკეთებული წარწერები) გადატანით ხელი შეუწყოს უკანონო კომუნიკაციას დაწესებულებაში მოთავსებულ და გარეთ მყოფ პირებს შორის.
41. პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების შეტანის რეალური საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაშიც, როდესაც დაწესებულებაში შედის პირი, რომელმაც გარკვეული ვადით დატოვა დაწესებულება. კანონმდებლობა გამოყოფს ორ სხვადასხვა შემთხვევას, როდესაც პირი გარკვეული დროის განმავლობაში ტოვებს დაწესებულებას. ესენია - დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლა და განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვება.
42. პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან რომელსაც შეფარდებული არ აქვს დისციპლინური პატიმრობა, უფლება აქვს, წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.
43. პატიმრობის კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე თუ აუცილებელია ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს შეუძლია, გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით. „პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს №101 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაცილება. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, არ დაემალოს გამცილებელ თანამშრომლებს და დაემორჩილოს მათ კანონიერ მოთხოვნებს.
44. როგორც დაწესებულების დროებით დატოვებისას, ისე - დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს კონტაქტი გარე სამყაროსთან. კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების დროებით დატოვებისას პენიტენციური სისტემის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაცილება, რაც ამცირებს შესაძლებლობას, მოხდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნებისმიერი უკანონო კონტაქტი გარე სამყაროსთან. თუმცა, ამ დროს სახელმწიფოს კონტროლი არ არის იმდენად ეფექტური, როგორც ეს დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიმართ. აქედან გამომდინარე, გარკვეული ხარისხით, იზრდება რისკი, რომ პირმა ასეთ შემთხვევაში კონტაქტი დაამყაროს სხვა პირთან, სხვა პირმა გადასცეს (ან გამოართვას) აკრძალული ნივთი, წარწერა და ა.შ. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული რჩება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ, კვლავ არსებობს გარკვეული ხარისხის რისკი, რომ იგი დაწესებულებაში შეიტანს (ან დაწესებულებიდან გაიტანს) აკრძალულ ნივთებს და სხვა საფრთხის შემქმნელ ობიექტებს.
დაწესებულებაში გადაადგილება
45. პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის თანახმად, სამარტოო საკანში მოთავსება წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას. №200 ბრძანების თანახმად, სამარტოო საკანი არის პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოსახდელად განკუთვნილი საკანი, ასევე უსაფრთხოების ღონისძიებებიდან გამომდინარე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის არა უმეტეს 24 საათით მოთავსებისათვის განკუთვნილი ადგილი, რომელიც განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. №116 ბრძანების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემო მყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამარტოო საკანში განთავსების ღონისძიება. პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის მიხედვით, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაა საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსება 6 თვემდე ვადით.
46. ამდენად, პირის მოთავსება სამარტოო საკანში და საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში, წარმოადგენს დისციპლინური სახდელის ზომას. თავის მხრივ, სამარტოო საკანში მოთავსება, ცალკეულ შემთხვევებში, წარმოადგენს დაწესებულების უსაფრთხოებისათვის განკუთვნილ ღონისძიებას. აღნიშნული ღონისძიებების გამოყენება უკავშირდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას, ან მის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების, აგრეთვე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების ჩადენის აღკვეთას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის შემთხვევებს.
47. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ სამარტოო საკანში და საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსების საფუძვლების გათვალისწინებით, აღნიშნული ღონისძიებების გამოყენებისას ბრალდებული/მსჯავრდებული შესაძლოა, მომეტებულად აღელვებული იყოს. სამარტოო საკანში ბრალდებული/მსჯავრდებული სხვა პირებისგან იზოლირებულად არის მოთავსებული. ამ პირობებში იზრდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის ჩადენის საფრთხეები. შესაბამისად, როგორც სამარტოო საკანში, ისე საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსებისას არსებობს მომეტებული ინტერესი, რომ შემოწმდეს, როგორც ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისე - გამოირიცხოს მის მიერ აკრძალული ნივთების ფლობა და სამარტოო საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში შეტანა. იმის მიუხედავად, რომ სამარტოო საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსებამდე პირი უკვე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და დაწესებულებაში განთავსებისას უკვე გავლილი აქვს სრული პირადი შემოწმება, ეს სრულად ვერ გამორიცხავს რისკს, რომ მასთან, რაიმე გზით, შეიძლება მოხვდეს აკრძალული ნივთები. ასევე მნიშვნელოვანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი ინსპექტირების მიზნით, მოხდეს სხეულის დათვალიერება, რათა აღინუსხოს შესაძლო დაზიანებები, ნაწიბურები და ა.შ.
48. ნებისმიერი ხარისხის კონტროლისა და მეთვალყურეობის შემთხვევაში შეუძლებელია იმის სრულად გამორიცხვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არ მოხვდება აკრძალული ნივთები. პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების სისტემა, მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით, ემსახურება დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრის თავიდან აცილებას. თუმცა, პრაქტიკულად, ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემის ისეთი ოპერირება, რომ სრულად გამოირიცხოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრის რისკი. ასეთი ნივთების გარედან მოხვედრასთან ერთად, სრულად ვერ გამოირიცხება და შესაძლებელია მათი დაწესებულებაში დამზადებაც. პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დამზადება პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, პირის მიერ სამარტოო საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში რაიმე აკრძალული ნივთის შეტანა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს და ამ საფრთხის გამოსარიცხად პენიტენციურ დაწესებულებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, განახორციელოს პირის შემოწმება.
დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება
49. როგორც აღინიშნა, სრული პირადი შემოწმების კიდევ ერთი საფუძველია დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება. პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. №116 ბრძანების მე-5 მუხლის მიხედვით, დირექტორის უფლებამოსილებაა დაწესებულების მართვა. იგი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობაზე.
50. პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ბრალდებულების/მსჯავრდებულების გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევების აღკვეთა წარმოადგენს დაწესებულების დირექტორის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას. სწორედ დაწესებულების დირექტორია უფლებამოსილი და ვალდებული, მიიღოს ზომები დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების და სხვა ობიექტების შეტანის, შენახვის, დამზადებისა და ბრუნვის აღკვეთა დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის უმნიშვნელოვანესი და ურთულესი ამოცანაა. პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვს დაწესებულების ინტენსიურ მონიტორინგს, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად გამოვლინდეს შესაძლო საფრთხეები და მოხდეს მათზე სათანადო რეაგირება.
51. ამდენად, დაწესებულების დირექტორი დაწესებულების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იღებს ზომებს, შესაბამის სამსახურებს ავალებს ღონისძიებების ჩატარებას, რათა მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია დაწესებულებაში აკრძალული ნივთების ბრუნვის შესახებ. თავის მხრივ, ამ ინფორმაციის საფუძველზე ხდება აკრძალული ნივთების ამოღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომების მიღება. მაგალითად, ამ მიზნით ტარდება დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება. №200 ბრძანების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, „შემოწმება-დათვალიერება“ გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მისი ნივთებისა და მოთავსების ადგილის, ასევე დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იმ ნივთების, ნივთიერებების, კვების პროდუქტების, დოკუმენტების ან წერილების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა დაწესებულებაში შეტანა ან დაწესებულებიდან გატანა, ასევე შენახვა და გამოყენება აკრძალულია, აგრეთვე, რომლებიც არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს. №116 ბრძანების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ორჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში დირექტორის დავალებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
52. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადმინისტრაციული დისკრეცია, თავისი არსით, გულისხმობს უფლებამოსილებათა დელეგირებას - საკანონმდებლო ორგანო ადმინისტრაციულ ერთეულს, ქცევის წესის მკაცრი განსაზღვრის ნაცვლად, ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად განსაზღვროს ოპტიმალური ქცევა. ერთი შეხედვით, აღნიშნული კოლიზიაში მოდის სახელმწიფოში ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპთან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, წარმოუდგენელია კანონმდებელმა ხელისუფლების სხვა შტოთა კონკრეტული ინსტიტუციების მოქმედების ფარგლები სკრუპულოზური სიზუსტით გაწეროს. ამასთან, ნებისმიერი შემთხვევისა და პრობლემისათვის მოქმედების ინსტრუქციის ზედმიწევნით გაწერა, მისი პრაქტიკული განხორციელების შემთხვევაშიც კი შეზღუდავდა ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების თავისუფლებას, ადმინისტრაციული პრაქტიკის საკანონმდებლო რეგულირებისთვის მისადაგებას და, შესაბამისად, საჯარო ხელისუფლების განხორციელების ეფექტურობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-53).
53. მოცემულ შემთხვევაში, დირექტორის აღჭურვა უფლებამოსილებით, მიიღოს გადაწყვეტილება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების შესახებ, ასევე განსაზღვროს ამ გადაწყვეტილების მიმღები პირი, ემსახურება პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას. დაწესებულებაში აკრძალული ნივთებისა და სხვა ობიექტების აღმოჩენის მიზნით, დირექტორი სადავო ნორმებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია როგორც გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე, ისე რუტინულად შეიმუშაოს, დაგეგმოს და განახორციელოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური სრული პირადი შემოწმების ღონისძიებები. დაწესებულების უსაფრთხოების დაცვის ინტერესი მოითხოვს, აკრძალული ნივთებისა და ობიექტების აღმოსაჩენად შემოწმდეს არა მხოლოდ დაწესებულების ტერიტორია და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, არამედ - იქ მოთავსებული პირებიც. აღნიშნული სწორედ დაწესებულების უსაფრთხოების დაცვის ინტერესიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, სადავო ნორმა, რომელიც ადგენს ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირად შემოწმებას დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, ასევე მიმართულია ლეგიტიმური ინტერესის - დაწესებულების უსაფრთხოების დაცვისაკენ.
ლეგიტიმური მიზნების მიღწევის შესაძლებლობა სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებით
54. სრული პირადი შემოწმების ფარგლებში, პირის გაშიშვლების გზით, ხდება მისი შემოწმება აკრძალული ნივთებისა თუ წარწერების აღმოსაჩენად. კერძოდ, №200 ბრძანების 114-ე მუხლის (გასაჩივრებული რედაქცია) თანახმად, სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა ქონისა და შენახვის უფლებაც დადგენილი ჩამონათვლის ფარგლებში მათ გააჩნიათ. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნის ბარათში. დანარჩენი ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები შეინახება ან ნადგურდება დაწესებულების დირექტორის მოტივირებული ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი. ანალოგიურ წესს შეიცავს №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. პირადი სრული შემოწმების დროს შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექიმ-სპეციალისტი.
55. სრული შემოწმების ღონისძიების განხორციელების წესიდან გამომდინარე, დგინდება, რომ აღნიშნული ღონისძიება იძლევა შესაძლებლობას, აღმოჩენილ იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე, ტანსაცმელზე და ფეხსაცმელში განთავსებული აკრძალული ნივთები, ნივთიერებები, წარწერები და სხვა ობიექტები. ამგვარად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული საფუძვლების მიხედვით, მაშინ როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს კავშირი აქვს დაწესებულების გარე სივრცესთან, ხდება მისი სამარტოო საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში განთავსება ან სხვა, დირექტორისა და მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმება, შესაძლებელი ხდება აღიკვეთოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთებისა და ობიექტების მოხვედრა, ბრუნვა, დაწესებულებიდან გატანა და ა.შ. შესაბამისად, აშკარაა, რომ სრული პირადი შემოწმება სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნამდვილად წარმოადგენს ლეგიტიმური ინტერესის დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებას და არ ატარებს თვითმიზნურ ხასიათს.
აუცილებლობა
56. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების შემოწმება, მათ შორის, მათი სხეულისა თუ სხეულის ცალკეული ნაწილების გაშიშვლების ფორმით, ემსახურება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების დაცვას, წარმოადგენს ლეგიტიმურ ღონისძიებას და თავისთავად ვერ ჩაითვლება იმგვარ შეჭრად პირად სივრცეში, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აკრძალულ მოპყრობად დაკვალიფიცირდეს.
57. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, პირის შემოწმება, რომელიც გაშიშვლებას მოიცავს, მისი ინტენსივობიდან გამომდინარე, იწვევს დისკომფორტისა და სირცხვილის შეგრძნებას და უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ultima ratio საშუალებას. ასეთი ღონისძიება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას და უნდა განხორციელდეს იმგვარი წესით, რომ არ გამოიწვიოს ადამიანის პატივისა და ღირსების დარღვევა.
58. სრული შემოწმების განხორციელების წესთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარე არ დავობს სრული შემოწმების განხორციელების რაიმე სპეციფიკურ კომპონენტზე, რომელიც შეფასდებოდა როგორც ღირსების შემლახავი მოპყრობა. იგი მიუთითებს სრულ შემოწმებას დაქვემდებარებული პირების გრადაციის აუცილებლობასა და სკანერის, როგორც ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების, გამოყენების შესაძლებლობაზე. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ასპექტების კონსტიტუციურობის შემოწმებით.
59. საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების, პირის სრული შემოწმების საფუძვლებსა და წესს, რათა დადგინდეს, რამდენად არის ეს ღონისძიება ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ultima ratio საშუალება და ხომ არ უქმნის იგი ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებს დისკომფორტისა და სირცხვილის შეგრძნებას იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია. აქედან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს, რამდენად აუცილებელია სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები და ხომ არ არის შესაძლებელი, სახელმწიფოს მიერ დასახული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პირის გაშიშვლება ხდება ამის ობიექტური აუცილებლობის გარეშე, იგი დაკვალიფიცირდება, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აკრძალული პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა.
გამოყენება ყველა კატეგორიის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ
60. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმების ბლანკეტური ხასიათი და ის გარემოება, რომ ხდება ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის რუტინული შემოწმება მათ მიერ ჩადენილი (შესაძლო) დანაშაულის, ყოფაქცევისა და სხვა ინდივიდუალური მახასიათებლების მხედველობაში მიღების გარეშე, მიუთითებს სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების არაპროპორციულობაზე. კერძოდ, მოსარჩელის პოზიციაა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სრული შემოწმება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიმართ, ვის მიმართაც მათი ყოფაქცევის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ამის აუცილებლობა არსებობს.
61. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის დასახელებულ არგუმენტს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სრული პირადი შემოწმება წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებას. იგი არ არის რომელიმე პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა. პირის სრული შემოწმების ინტერესი, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, სახეზეა დაწესებულებაში მოთავსებული ყველა პირის მიმართ.
62. როგორც აღინიშნა, სრულ პირად შემოწმებას აკრძალული ნივთების, წარწერებისა და სხვა ობიექტების გარდა, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების ფუნქციაც აქვს. იმის მიუხედავად, რომ პატიმრობის კოდექსისა და მის შესაბამისად მიღებული კანონმდებლობის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში პირველად მიღებისას გადის სამედიცინო შემოწმებას, სხვა შემთხვევებში ასეთი შემოწმება არ ხდება და პირადი სრული შემოწმება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის იდენტიფიცირებასაც ემსახურება, რათა, ერთი მხრივ, შემოწმდეს და აღირიცხოს, პირს ხომ არ გააჩნია რაიმე დაზიანება და, მეორე მხრივ, გამოირიცხოს დაწესებულებაში დაავადებების გავრცელების საშიშროება. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების ინტერესი არსებობს ყველა კატეგორიის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ და მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემოწმებით ვერ მიიღწევა სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების მიზანი.
63. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, წარწერებისა და სხვა ობიექტების შეტანის/გატანის, ბრუნვისა და დამზადების საფრთხე ვერ გამოირიცხება ვერცერთი კატეგორიის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ. ნებისმიერი კატეგორიის ბრალდებული/მსჯავრდებული პოტენციურად შეიძლება გახდეს დაწესებულებაში ამგვარი ობიექტების შეტანის, დამზადებისა და ბრუნვის ხელშემწყობი. ის გარემოება, რომ პირს (შესაძლოა) ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული ან გამოირჩევა კარგი ყოფაქცევით, თავისთავად, ყველა შემთხვევაში ვერ გამორიცხავს დასახელებული საფრთხეების არსებობას. პირმა, რომელმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინა (ან ასეთი დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული), შესაძლოა, მაინც მოინდომოს დაწესებულებაში აკრძალული ობიექტის შეტანა, საკუთარი თავის დაცვის, პირადი გამორჩენის მიზნით, ან იმიტომ, რომ დააშინეს, ან თუნდაც შეცდომით, შემთხვევით, იმის გამო, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ნივთისა და ობიექტის დაწესებულებაში შეტანა, ან გარკვეული რაოდენობით შეტანა აკრძალულია.
64. მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სრულ შემოწმებას არ დაექვემდებარებიან ამა თუ იმ კატეგორიის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, ეს შეიძლება გახდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების მხრიდან სრული შემოწმების მექანიზმისათვის გვერდის ავლის საშუალება. კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პირებმა შესაძლოა მოახდინონ ამგვარი რეგულაციის ბოროტად გამოყენება და დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, წარწერები და სხვა ობიექტები მოხვდეს იმ კატეგორიის პირების მეშვეობით, რომლებიც არ ექვემდებარებიან შემოწმებას. ასეთი რეგულირება, შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული, მათ შორის, კრიმინალური ორგანიზაციების მიერ. შესაბამისად, ასეთი დაშვების შემთხვევაში ეჭვქვეშ დადგებოდა პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება, იქ მოთავსებული პირების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და სხვა მნიშვნელოვანი ინტერესები.
სკანერით შემოწმების შესაძლებლობა
65. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებდა ბრალდებულების/მსჯავრდებულების სპეციალური ტექნიკური საშუალებებით, სკანერით შემოწმების შესაძლებლობაზე, როგორც ნაკლებად მზღუდავ ალტერნატივაზე.
66. როგორც უკვე აღინიშნა, №116 ბრძანებაში შესული ცვლილებებისა და დამატებების შედეგად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შესაძლოა განხორციელდეს სკანერის მეშვეობით. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების 81 მუხლის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით ან ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. შემოწმების საშუალებას ირჩევს ბრალდებული/მსჯავრდებული. შემოწმების ჩატარების წინ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესთავაზებს, აირჩიოს შემოწმების მისაღები საშუალება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება სკანერის გამოყენებით ხორციელდება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ამავე მუხლის 82 მუხლის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით შემოწმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ა) უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე; ბ) სკანერით შემოწმებამ დაადასტურა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის/ნივთიერების ფლობა; გ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თან აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ისეთი ნივთი/ნივთიერება, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით; დ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
67. ამასთანავე, სკანერით შემოწმებას არ ითვალისწინებს №200 ბრძანების გასაჩივრებული რედაქცია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს მოსარჩელის არგუმენტაციის მართებულობას. კერძოდ, უნდა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა სკანერის გამოყენებით შემოწმება პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებისა და სხვა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.
68. განსახილველი საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხული სპეციალისტების განმარტებებიდან გამომდინარე, სკანერით შესაძლებელია აღმოჩენილ იქნეს მაღალი სიმკვრივის ნივთიერებები. რაც შეეხება დაბალი სიმკვრივის მქონე ორგანულ თუ არაორგანულ ნივთიერებებს, მათი სკანერით აღმოჩენა შეუძლებელია. პროფესორ ოთარ ურუშაძის მითითებით, სკანერით შეუძლებელია სხეულზე სვირინგის ან ფურცლის მსგავსი დაბალი სიმკვრივის მქონე ნივთიერებების, მცირე რაოდენობისა და სიმკვრივის ფხვნილის, გამხმარი ფოთლის, გარკვეული კატეგორიის ტანსაცმლის (მაგალითად, სამხედრო პერანგი, რომელიც შესაძლოა პირს ტანსაცმლის ქვეშ ეცვას) აღმოჩენა.
69. შპს „დ&გ კომუნიკაციის“ დირექტორის დავით დავითაშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით გამორიცხულია, რომ რაიმე ტიპის აპარატურამ ყველა სახის ნივთიერება აღმოაჩინოს. სპეციალისტის მოსაზრებით, თანამედროვე სკანერს აქვს შესაძლებლობა, აღმოაჩინოს ლითონები, სითხეები, ფხვნილიც და ტაბლეტიც. რაც შეეხება ქაღალდის აღმოჩენას, თუ ეს უკანასკნელი თხელი სიმკვრივისაა, მაშინ მისი აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ქაღალდის ფურცლის აღმოჩენის ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ის გაკეცილ მდგომარეობაშია. სპეციალისტის მოსაზრებით, ფაქტობრივად შეუძლებელია სკანერით ძუის აღმოჩენა, თუ ის იმეორებს ადამიანის ჩონჩხის ანატომიას. მისი განმარტებით, სკანერი ვერ აღმოაჩენს აგრეთვე წარწერებს სხეულზე და ვერ განასხვავებს ტანსაცმელს.
70. სპეციალისტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ დღეის მდგომარეობით, არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, გამორიცხულია სკანერის მეშვეობით ნებისმიერი სახის ნივთის/ნივთიერების აღმოჩენა. მაგალითად, სკანერის გამოყენებით ვერ ხდება ისეთი ობიექტების აღმოჩენა, როგორებიც არის გაუკეცავი ქაღალდი, წარწერები სხეულზე, ძუა და ა.შ. ამასთან, სკანერით შესაძლოა აღმოჩენილ იქნეს პირის სხეულში მოთავსებული ისეთი ნივთები, რომელთა აღმოჩენაც შეუძლებელია პირის გაშიშვლებით.
71. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკანერით შემოწმება და სრული პირადი შემოწმება პირის გაშიშვლების ფორმით არ არის სრულად ურთიერთჩანაცვლებადი ღონისძიებები. შეუძლებელია, სკანერის მეშვეობით ყველა აკრძალული ნივთის, ნივთიერების, წარწერისა თუ სხვა ობიექტის აღმოჩენა, რომელთა შეტანა, დამზადება, ბრუნვა საფრთხეს უქმნის პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგს, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ სკანერი ვერ აღმოაჩენს ძუას, რომელიც იმეორებს სხეულის ჩონჩხის კონტურებს, ძუა მოხვდება პენიტენციურ დაწესებულებაში და წარმოშობს საფრთხეს იქ მოთავსებული და დასაქმებული პირებისათვის. ანალოგიურად, შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ქაღალდზე ან სხეულზე შესრულებული წარწერები, რომელთა აღმოჩენაც სკანერის მეშვეობით შეუძლებელია და რომელთა დაწესებულებაში გავრცელებაც შექმნის რისკებს დაწესებულების უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.
72. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სკანერით შემოწმება პირის გაშიშვლების ღონისძიების ნაკლებად მზღუდველი ალტერნატივაა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით პირის სრული შემოწმება გაშიშვლების ფორმით წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების ინტერესების დაცვისკენ მიმართულ საშუალებას და არ სცდება ბრალდებული/მსჯავრდებული პირების ლეგიტიმური მოპყრობის ფარგლებს იმგვარად, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად იქნეს მიჩნეული.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
73. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებისა და სხვა ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად ბრალდებული/მსჯავრდებული პირის გაშიშვლების ღონისძიება მხოლოდ უკიდურეს ღონისძიებას უნდა წარმოადგენდეს. თავისუფლებააღკვეთილი პირის დავალდებულება, სხვა პირთა თანდასწრებით გაშიშვლდეს ან გაიშიშვლოს სხეულის ცალკეული ნაწილები, იწვევს სტრესს, უაღრესად დიდ დისკომფორტს და აჩენს, გარკვეულწილად, სირცხვილის შეგრძნებას. გაშიშვლების ღონისძიების სიმძიმის, მისი ინტენსივობის გათვალისწინებით, აუცილებელია, თითოეულ შემთხვევაში ასეთი ღონისძიების გამოყენებით დაცული კერძო და საჯარო ინტერესები იყოს იმ დისკომფორტის საპირწონე, რასაც ამ დროს განიცდიან თავისუფლებააღკვეთილი პირები. აუცილებელია, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ინტენსივობის მქონე მზღუდავი ღონისძიება ხორციელდება, ამ ღონისძიებით მიღწეული ეფექტის მნიშვნელობამ გადაწონოს ამ ღონისძიებით პირის, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის მიმართ გამოწვეული ნეგატიური შედეგები. შესაბამისად, ამგვარი საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს მკაფიო კრიტერიუმებს, გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით და იმგვარად იყოს ფორმულირებული, რომ არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აკრძალული მოპყრობის შესაძლებლობა.
კონტაქტი გარესამყაროსთან
74. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმებით გათვალისწინებულია სრული პირადი შემოწმების რიგი საფუძვლები, რომელთა ნაწილი უკავშირდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარესამყაროსთან კონტაქტს. ასეთი საფუძვლებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღება, გაგზავნა, დაწესებულების დროებით დატოვება/დაბრუნება და ხანმოკლე გასვლა/დაბრუნება.
75. იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს აქვს გარესამყაროსთან კონტაქტი, განსაკუთრებით იზრდება დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, წარწერებისა და სხვა ობიექტების მოხვედრის, ასევე დაწესებულებიდან ამგვარი ობიექტების გატანის საფრთხე. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი საფუძვლით პირის შემოწმება, თითოეულ შემთხვევაში დაწესებულების უსაფრთხოების, იქ დასაქმებული პირების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, აგრეთვე სამართალდარღვევის თავიდან აცილების ინტერესებს ემსახურება. თითოეული შემთხვევა, როდესაც გარესამყაროსთან კონტაქტის შემდეგ (ან კონტაქტამდე) ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება, მიზნად ისახავს, ზემოთაღნიშნული უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში შემოწმების ჩაუტარებლობა შეიცავს დასახელებული ინტერესების დაზიანების იმანენტურ საფრთხეს. შესაბამისად, გარესამყაროსთან კონტაქტამდე და კონტაქტის შემდეგ სრული შემოწმების ღონისძიების ჩატარებით მიღწეული ეფექტი, დაწესებულებაში წესრიგის, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისადმი საფრთხის აცილების ინტერესი გადაწონის იმ დისკომფორტისა და სირცხვილის შეგრძნებას, რასაც იწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაშიშვლება.
დაწესებულებაში გადაადგილება
76. როგორც აღინიშნა, სრული შემოწმების საფუძვლები ასევე მოიცავს შემთხვევებს, როდესაც პირი არ ტოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, არ აქვს გარესამყაროსთან კონტაქტი, თუმცა ხდება მისი გადაადგილება დაწესებულების შიგნით. ასეთი შემთხვევებია - ბრალდებული/მსჯავრდებული პირის სამარტოო საკანში მოთავსება და საკნის ტიპის საცხოვრებელ საკანში მოთავსება. როგორც აღინიშნა, ასეთ შემთხვევებში ბრალდებულის ემოციური მდგომარეობისა და შიდა გადაადგილების სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობს თვითდაზიანების, საკნიდან სამარტოო ან საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში აკრძალული ნივთების და სხვა ობიექტების გადაადგილების საფრთხე. სამარტოო საკანში და საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში განთავსებისას სრული შემოწმებით მიღწეული შედეგია პენიტენციური დაწესებულებისთვის, ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის თავიდან აცილება. თითოეულ შემთხვევაში შემოწმება სწორედ ამგვარი საფრთხის პრევენციას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ამ საფუძვლებით სრული შემოწმების ჩატარებით მიღწეული შედეგი, მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაწონის გაშიშვლებით გამოწვეულ ნეგატიურ შეგრძნებებს, რადგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე პენიტენციური სისტემის უსაფრთხოებისათვის რეალური რისკების განეიტრალება წარმოადგენს მაღალი მნიშვნელობის მქონე სიკეთეს, რის მისაღწევადაც, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პირის გაშიშვლების ლეგიტიმური შესაძლებლობა.
დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება
77. დაბოლოს, სადავო ნორმები ითვალისწინებს სრულ შემოწმებას დირექტორის და მის მიერ უფლებამოსილი პირების გადაწყვეტილებით. როგორც აღინიშნა, პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, უწესრიგობის, ბრალდებული/მსჯავრდებული პირების გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევების თავიდან აცილება საკმაოდ რთულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დაწესებულებაში უკანონო ნივთების, წარწერებისა და სხვა ობიექტების შეტანის, დამზადების, ბრუნვის აღკვეთა. როგორც აღინიშნა, დასახელებულის მისაღწევად აუცილებელია, დაწესებულების ხელმძღვანელობა აღჭურვილი იყოს როგორც დაწესებულების ტერიტორიის, ისე დაწესებულებაში მოთავსებული პირების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაწესებულების უსაფრთხოების მიღწევა რთულად მისაღწევი ამოცანა იქნება.
78. სწორედ პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება დირექტორის უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმების შესახებ. როგორც აღინიშნა, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ზოგადად, დირექტორის უფლებამოსილება, დაწესებულების უსაფრთხოების მიზნით შეიმუშაოს ბრალდებულების/მსჯავრდებულების მონიტორინგის ღონისძიებები, მათ შორის, გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე ან რუტინულად დაგეგმოს და განახორციელოს ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირადი შემოწმება, ემსახურება რა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზნებს, არ უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლების საწინააღმდეგო.
79. ამასთან, პირის გაშიშვლების ღონისძიების ინტენსივობიდან და მისი ნეგატიური ეფექტებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, ამ ღონისძიების გამოყენება გასცდეს ლეგიტიმური ინტერესების დაცვისათვის უკიდურესად აუცილებელ ფარგლებს და მოხდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს ამის საჭიროება ანდა ასეთი საჭიროება ისეთი მცირეა, რომ ვერ გაამ ართლებს პირის გაშიშვლებით გამოწვეულ უარყოფით ეფექტებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია საკითხის განსაკუთრებით მკაფიო მოწესრიგება. იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობა ამგვარი ინტენსივობის მქონე ღონისძიების გამოყენების უფლებამოსილებით აღჭურავს რომელიმე ორგანოს, აუცილებელია ეს უფლებამოსილება და მისი გამოყენების ფარგლები განსაკუთრებით მკაფიოდ განისაზღვროს.
80. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადმინისტრაციულ დისკრეციას, მის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, ყოველთვის თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). ამა თუ იმ ორგანოს (მათ შორის, დაწესებულების დირექტორს), შეიძლება ჰქონდეს პირის გაშიშვლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი შემოფარგლული იქნება მკაცრი საკანონმდებლო რეგლამენტაციით. საკითხი იმგვარად უნდა მოწესრიგდეს, რომ გამორიცხოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ან იმ შემთხვევაში გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც არ არსებობს ამის უპირობო აუცილებლობა.
81. დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, სრული პირადი შემოწმების ჩატარების თვალსაზრისით, ერთმანეთისგან განსხვავებულ მოწესრიგებას შეიცავს №116 და №200 ბრძანებები. №116 ბრძანებით უფრო დეტალურად არის რეგლამენტირებული დირექტორის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
№200 ბრძანება
82. №200 ბრძანების 113-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გასაჩივრებული რედაქცია ადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ შემოწმებას „სხვა შემთხვევებში, დირექტორისა და მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურეების მითითებით“. ბრძანება არ განსაზღვრავს დირექტორისა და მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მითითების გაცემის კრიტერიუმებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრძანება არც სრული შემოწმების მიზნებს განსაზღვრავს ექსპლიციტურად. ამასთანავე, ბრძანება არ ითვალისწინებს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში რა რაოდენობით არის შემოწმების ჩატარება დაშვებული. მაგალითად, ბრძანება არ გამორიცხავს დირექტორის უფლებამოსილებას, ჩაატაროს ერთი და იგივე პირის სრული პირადი შემოწმება დღეში 10-ჯერ, 15-ჯერ ან მეტჯერ.
83. ამასთანავე, პირის შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ ხდება იმის გათვალისწინება, მოხდა თუ არა დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში პირის სრული შემოწმება რომელიმე სხვა საფუძვლით (მაგალითად, დაწესებულებაში მოთავსებისას). შესაბამისად, ბრძანება არ გამორიცხავს, დირექტორის უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი პირის მიმართ სრული შემოწმების ჩატარების შესახებ, რომელიც უკვე შემოწმდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დროის მოკლე პერიოდში, მაგალითად, რამდენიმე საათით ან წუთით ადრე.
84. როგორც აღინიშნა, პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვან და რთულ გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონმდებელი უფლებამოსილია, აღჭუროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან სხვა თანამდებობის პირები უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოქნილი მექანიზმებით, მათ შორის, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და იქ განთავსებული პირების მონიტორინგის ღონისძიებების გამოყენების უფლებამოსილებით, რათა გამოირიცხოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, წარწერებისა და სხვა ობიექტების ფლობა, შეტანა, დამზადება, ბრუნვა და ა.შ. უსაფრთხოების მოქნილი მექანიზმების საჭიროება არსებობს გაზრდილი რისკების გათვალისწინებით. ვერ გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს დამზადდეს ან შეტანილ იქნეს დაწესებულებაში ისეთი ობიექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის დაწესებულებაში წესრიგს, იქ მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული საფრთხის მუდმივად არსებობა აჩენს ბრალდებული/მსჯავრდებული პირების მონიტორინგის, მათი შემოწმების აუცილებლობას და, შესაბამისად, ქმნის მისი განხორციელების ლეგიტიმაციას.
85. ამავე დროს, ყოველთვის იდენტური არ არის ის საფრთხე, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ტარდება სრული პირადი შემოწმება. შესაბამისად, ყოველთვის ერთი და იგივე მნიშვნელობის არ არის ის სიკეთე, რის მისაღწევადაც ხორციელდება ინდივიდუალურ შემთხვევებში განხორციელებული პირადი შემოწმება. მაგალითისთვის, ერთი და იგივე ბრალდებული/მსჯავრდებული პირის შემოწმება დღის განმავლობაში რამდენჯერმე ან ისეთი პირის შემოწმება, რომელმაც რამდენიმე წუთის თუ საათის წინ უკვე გაიარა სრული შემოწმება, ემსახურება მინიმალური საფრთხის აღკვეთას. ცხადია, ვითარება განსხვავებულია მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული ინფორმაცია პირის მიერ აკრძალული ნივთის, წარწერისა თუ სხვა ობიექტის დამზადების ან რაიმე ფორმით შეძენის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მაღალია საფრთხის ხარისხი და, შესაბამისად, პირის სრული შემოწმების ინტერესიც. ამგვარი ინფორმაციის არარსებობის პირობებში საფრთხე მინიმალური და ზედმეტად თეორიულია იმისათვის, რომ გაამართლოს ისეთი ინტენსიური მზღუდავი ღონისძიება, როგორიც არის პირის გაშიშვლება.
86. ამგვარად, №200 ბრძანება არ შემოსაზღვრავს დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მკაფიო კრიტერიუმებით. მკაფიო კრიტერიუმების არარსებობის გამო №200 ბრძანება ქმნის პირის გაშიშვლების შესაძლებლობას მინიმალური საფრთხის აღკვეთის მიზნით. როგორც აღინიშნა, ბრალდებული/მსჯავრდებული პირის გაშიშვლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული. მხოლოდ უკიდურესი, რეალისტური საფრთხის შემთხვევები ამართლებს ისეთი ღონისძიების გამოყენებას, რომელიც იწვევს ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებში უაღრესად დიდ დისკომფორტსა და სირცხვილის შეგრძნებას. №200 ბრძანება კი უშვებს პირის გაშიშვლების ღონისძიების ჩატარებას ისეთ პირობებშიც, როდესაც საფრთხე მინიმალური და ზედმეტად თეორიულია. ასეთ შემთხვევებში პირის გაშიშვლება აღწევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული მოპყრობის ხარისხს. შესაბამისად, №200 ბრძანების 113-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
№116 ბრძანება
87. №200 ბრძანებისაგან განსხვავებით, №116 ბრძანება (მასში განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების შედეგად) შეიცავს გარკვეულ მითითებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. როგორც აღინიშნა, №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმება ტარდება „სხვა შემთხვევებში, დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით“. ამავე მუხლის 83 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა დირექტორი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს დეპარტამენტის დირექტორს.
88. №116 ბრძანება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმებისთვის შეიცავს სამ მნიშვნელოვან კრიტერიუმს: (1) ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია; (2) გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და (3) გადაწყვეტილების პროპორციულობა. როგორც აღინიშნა, თითოეულ შემთხვევაში პირის შემოწმება დაწესებულების უსაფრთხოების, იქ მოთავსებული პირების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება. დირექტორის უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ბრალდებულების/მსჯავრდებულების სრული შემოწმების შესახებ, აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელი საშუალებაა. თუმცა №200 ბრძანების კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას დადგინდა, რომ პირის გაშიშვლების ღონისძიების გამოყენების შესახებ, თითოეულ შემთხვევაში უნდა მოხდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი ეფექტის მისაღწევად და დაუშვებელია პირის გაშიშვლება მინიმალური, თეორიული საფრთხის აღსაკვეთად.
89. №116 ბრძანება ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილება დასაბუთებული და პროპორციული უნდა იყოს, ასევე უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებები არ არის ეფექტური. შესაბამისად, №116 ბრძანება გამორიცხავს პირის გაშიშვლების ღონისძიების გამოყენებას მინიმალური, თეორიული საფრთხეების აღსაკვეთად. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი რამდენიმე საათის ან წუთის წინ შემოწმდა, აუცილებელია, არსებობდეს რაიმე დამატებითი გარემოება, რომლითაც დასაბუთდება მისი სრული შემოწმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილება არ იქნება შესაბამისი სადავო ბრძანების მოთხოვნებთან და სრული პირადი შემოწმება ჩაითვლება უკანონოდ. ასევე, დაუსაბუთებელი იქნება განსაკუთრებული გარემოებების არარსებობის პირობებში ერთი და იგივე პირის შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დროის ხანმოკლე პერიოდში. შესაბამისად, №116 ბრძანება იმგვარად განსაზღვრავს სრული შემოწმების განხორციელების კრიტერიუმებს, რომ შემოფარგლავს ამგვარი ღონისძიების გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სრული შემოწმებით მიღწეული სიკეთე ქმნის პირის გაშიშვლების წინაპირობას.
90. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ №116 ბრძანების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება სრული შემოწმების ჩატარების შესახებ. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნულის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. კერძოდ, პატიმრობის კოდექსის 107-ე მუხლის საფუძველზე, საჩივრის განხილვის შედეგები შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. ამგვარად, დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენად არის დასაბუთებული, პროპორციული და რამდენად შეესაბამება №116 ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმებს, ექვემდებარება გადამოწმებას. ამრიგად, №116 ბრძანებაში მოცემული სადავო ნორმა თავისი არსით მხოლოდ ისეთ შემთხვევებს მიემართება, როდესაც არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სრული შემოწმება მნიშვნელოვანი საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურება. ამავდროულად, სადავო ბრძანება და კანონმდებლობა ითვალისწინებს არამართლზომიერად, არათანაზომიერად ჩატარებული სრული პირადი შემოწმების პრევენციის ეფექტურ საშუალებებს. შესაბამისად, დასახელებული სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მოთხოვნებს და კონსტიტუციურია.
№200 ბრძანების 113-ე მუხლისა და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების, №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის და მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით
91. განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს №200 ბრძანების 113-ე მუხლისა და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების, აგრეთვე №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის და მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
92. სადავო ნორმები განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული/მსჯავრდებული პირების სრული პირადი შემოწმების საფუძვლებსა და წესს. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რომელი კონსტიტუციური დებულებით დაცული უფლების ფარგლებში უნდა შეფასდეს სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის კონსტიტუციურობა.
93. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით „დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
94. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა. მისი შეუფერხებელი რეალიზება გულისხმობს მრავალი სხვადასხვა სახის გარანტიისა და უფლებრივი კომპონენტის ერთობლივ მოქმედებას. პიროვნების თავისუფალი განვითარების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიებს შეიცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული სხვადასხვა უფლებებიც, რომლებიც განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების ცალკეულ გამოვლინებებთან დაკავშირებულ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს. მაგალითად, შესაბამისი კონსტიტუციური დებულებებით არის დაცული რწმენის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ფიზიკური გადაადგილების თავისუფლება, განათლების უფლება და ა.შ. დასახელებულ ფუნდამენტურ უფლებათა უზრუნველყოფის გარეშე ინდივიდის ავტონომიური განვითარების, თვითრეალიზაციის არსი დაიკარგებოდა და საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი მხოლოდ დეკლარაციულ ჩანაწერს დაემსგავსებოდა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
95. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამასთანავე, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
96. ამგვარად, „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
97. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „...კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57). აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი იცავს ადამიანის პიროვნული განვითარებისათვის მნიშვნელოვან ისეთ უფლებრივ კომპონენტებს, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა მუხლებით დაცულ სფეროში. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, არამედ - იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც მოცემული უფლებრივი კომპონენტის კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
98. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ბრალდებული/მსჯავრდებული პირების სრული პირადი შემოწმების საფუძვლებისა და წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობა. სადავო ნორმები ახდენენ ბრალდებული/მსჯავრდებული პირების სრული პირადი შემოწმების რეგლამენტაციას. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება გულისხმობს პირების შემოწმებას, რომლის ფარგლებშიც პირი ვალდებულია, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „უდავოა რომ სწორედ [კონსტიტუციის] მე–20 მუხლი იცავს პიროვნების ხელშეუხებლობას, მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით არის შესაძლებელი პიროვნების, მისი სხეულის, ტანსაცმლის ან/და პირადი ნივთების შემოწმება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-17). იგივე მოსაზრება გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაში, როდესაც შეაფასა პოლიციელის მიერ ზედაპირული შემოწმების ჩატარების დამდგენი ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან მიმართებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503/513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
99. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სადავო ნორმებით დადგენილი სრული პირადი შემოწმება არ არის შეფასებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით განმტკიცებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
№200 ბრძანების 113-ე მუხლისა და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების, №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის და მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტები პენიტენციურ დაწესებულებაში
100. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების (ბრალდებული, მსჯავრდებული) მიმართ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პატიმრობაში მყოფი პირი განაგრძობს ყველა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას, გარდა იმ უფლებებისა, რომელთა აბსოლუტურ შეზღუდვას თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს (მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლი), თუმცა განსხვავებულია ამ უფლებებით სარგებლობის ხარისხი. ასე მაგალითად, პატიმარი უზრუნველყოფილია უფლებით შექმნას ოჯახი, მაგრამ შეზღუდულია შესაძლებლობაში შეხვდეს ოჯახის წევრებს. ვინაიდან პირადი ცხოვრების უფლება არ არის აბსოლუტური, შეზღუდვა გამართლებული იქნება თუ ის პროპორცულობის ტესტს დააკმაყოფილებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-10).
101. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები, ცხადია, მიეკუთვნებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სუბიექტებს. ამასთანავე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ აღნიშნული პირები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებიან, რაც პირადი ცხოვრების დაცულობის მოლოდინის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს სხვა პირებთან შედარებით. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ცალკეული კომპონენტების კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ სტანდარტებისაგან, რომლებიც ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არ იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში.
102. პენიტენციურ დაწესებულებაში განსხვავებულია პირადი ცხოვრების უფლებით სარგებლობის ფარგლები, ასევე მისი დაცულობის მოლოდინი და დაცვის გარანტიები. პირველ რიგში, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ადამიანი იზოლირებულია საზოგადოებისაგან, ვერ ამყარებს სათანადო სოციალურ კავშირებს, შეზღუდულად აქვს ოჯახური ცხოვრება, ლიმიტირებულია მისი პირადი საქმიანობაც. შესაბამისად, თავისუფლებააღკვეთილი ადამიანის პიროვნული სფერო, რომლის ხელშეუხებლობასაც იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი, ბუნებრივად ვერ იქნება იმგვარი, როგორც ეს იმ ადამიანის შემთხვევაშია, რომელიც არ არის მოთავსებული ასეთ დაწესებულებაში. ამასთანავე, დაწესებულების რეჟიმიდან, იქ არსებული რეგულაციებიდან, აგრეთვე დაწესებულების სპეციფიკის შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ვერ ექნება პირადი ცხოვრების დაცულობის ისეთივე მოლოდინი, როგორც ეს თავისუფლებაში მყოფ პირს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში განსხვავებული, ნაკლებად მკაცრია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კონსტიტუციური მოთხოვნები.
სადავო ნორმების შინაარსი და შესაფასებელი მოცემულობა
103. წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე აღინიშნა, რომ სადავო ნორმები ითვალისწინებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმების წესს (იხ. სამოტივაციო ნაწილის 22-28 პარაგრაფები) და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, რამდენად შეესაბამება დადგენილი რეგულაცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისათვის დადგენილ ფორმალურ და მატერიალურ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს. ცხადია, კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების იდენტიფიცირებისა და შეფარდებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობის სპეციფიკა.
104. ამასთანავე, როგორც აღინიშნა, №116 ბრძანების 22-ე მუხლის 81 პუნქტის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით ან ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. შემოწმების საშუალებას ირჩევს ბრალდებული/მსჯავრდებული. შემოწმების ჩატარების წინ, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესთავაზებს, აირჩიოს შემოწმების მისაღები საშუალება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება სკანერის გამოყენებით ხორციელდება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ამავე მუხლის მე-9 პუნქტი ითვალისწინებს პირადი სრული შემოწმების ჩატარების პროცედურას, რომლის ფარგლებშიც ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. ამავე მუხლის 82 პუნქტის თანახმად კი, ბრალდებული/მსჯავრდებული ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით შემოწმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ: უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე; სკანერით შემოწმებამ დაადასტურა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის/ნივთიერების ფლობა; არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თან აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ისეთი ნივთი/ნივთიერება, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით; არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
105. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება სრულ შემოწმებას გაშიშვლების ფორმით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, შეაფასებს №116 ბრძანებით დადგენილ სრული პირადი შემოწმების საფუძვლებს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ის შეეხება სრულ პირად შემოწმებას გაშიშვლების ფორმით. ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ არ არის გამხდარი №116 ბრძანების 22-ე მუხლის 82 პუნქტის კონსტიტუციურობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს შემთხვევებს, როდის უნდა მოხდეს პირის შემოწმება სკანერის გამოყენებით და როდის - გაშიშვლების ფორმით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ვერ იმსჯელებს დასახელებული ნორმის კონსტიტუციურობაზე.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნების არსი და დანიშნულება
106. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების „შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“.
107. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის სპეციფიკურობა პირადი ცხოვრების უფლების დამცავ სხვა კონსტიტუციურ დებულებებთან (მაგ., საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, 36-ე მუხლი) შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული მუხლით გარანტირებულ უფლებათა შეზღუდვა, როგორც წესი, სასამართლოს, როგორც ნეიტრალური ორგანოს, ზედამხედველობით ხორციელდება. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადება ცხადად მიუთითებს, რომ ამ პუნქტში დასახელებულ უფლებათა შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
108. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ფორმალური მოთხოვნების მიზანია, ამავე მუხლში დასახელებული უფლებების შეზღუდვა არ განხორციელდეს სასამართლო ზედამხედველობის ან მყისიერი აუცილებლობის გარეშე. ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში გათვალისწინებული პირადი ცხოვრების უფლება კონსტიტუციით დაცულ სხვა რომელიმე უფლებაზე აღმატებულია. „ცალკეულ უფლებებში ჩარევის განსხვავებული ფარგლები არ მიუთითებს ამა თუ იმ უფლების უფრო მეტ მნიშვნელობაზე სხვებთან შედარებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
109. უფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნის დაწესება უკავშირდება ამ უფლებისა და მისი შეზღუდვის კონკრეტული ფორმის სპეციფიკურობას. სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც უფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნა მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის ცალკეულ დებულებებში. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი თავისუფლების უფლების შეზღუდვის წინაპირობად სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნას ადგენს, ანალოგიურად - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით საკუთრების ჩამორთმევის, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით ადამიანისათვის დანაშაულის დამტკიცების წინაპირობაა სასამართლოს გადაწყვეტილება. ცალკეული უფლების შეზღუდვისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების სახით დამატებითი ფორმალური კრიტერიუმის არსებობა ხაზს უსვამს ამ უფლების (თუ მისი ცალკეული უფლებრივი კომპონენტის) ბუნებას და იმ ფაქტს, რომ ამ ურთიერთობაში მაღალია აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების თვითნებობის საფრთხე და არსებობს სასამართლოს, როგორც ნეიტრალური და მიუკერძოებელი ორგანოს მხრიდან კონტროლის განხორციელების საჭიროება. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების დათქმა ემსახურება კანონის მოთხოვნების განუხრელ დაცვას და აღმასრულებელი ორგანოების შეცდომის ან/და თვითნებობის შედეგად უფლების დარღვევის გამორიცხვას.
110. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტიც ადგენს ფორმალურ, პროცესუალურ წინაპირობას აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, რომ არ მოხდეს ამ უფლებათა შეზღუდვა სასამართლოს ზედამხედველობის გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღუნიშნავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში სასამართლო ზედამხედველობის არსებობას. „ნეიტრალური პირის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებების გაკონტროლება ამცირებს თვითნებობის რისკებს და წარმოადგენს კანონის სწორი გამოყენების მნიშვნელოვან გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის №2/1/484 გადაწყვეტილება საქმეზე „„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
111. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც უფლებაში ჩარევის წინაპირობად განსაზღვრა ქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მნიშვნელოვან ბერკეტს. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ უფლებაში ჩარევა მოხდეს ნეიტრალური ორგანოს - სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც, ერთი მხრივ, ემსახურება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონის სწორად გამოყენების კონტროლს, ხოლო, მეორე მხრივ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფს უფლებაში ჩარევის აუცილებლობის შემოწმებას.
112. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის აუცილებლობის შემოწმება გულისხმობს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლების სწორად გამოყენების კონტროლს. სასამართლო კონტროლი ამ შემთხვევაში არ მოიცავს იმის გადამოწმებას, რამდენად სწორად არის განსაზღვრული კანონმდებლობით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის საფუძვლები ან რამდენად აუცილებელია უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების მინიჭება ამა თუ იმ აღმასრულებელი ორგანოსთვის. სასამართლო გადაწყვეტილების დათქმა ემსახურება აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონის სწორად გამოყენების უზრუნველყოფას და არა კანონით დადგენილი საფუძვლების აუცილებლობის შემოწმებას. კანონით დადგენილი საფუძვლების აუცილებლობის შემოწმება ხდება საკონსტიტუციო კონტროლის ფარგლებში, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება რეგულაცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მატერიალურ სტანდარტებს.
113. ამავდროულად, ცალკე შეფასებას საჭიროებს შემთხვევები, როდესაც კანონი ცალსახად ადგენს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების ვალდებულებას, შეზღუდონ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლებრივი კომპონენტები და დგინდება, რომ ყოველთვის არსებობს პირადი ცხოვრების შეზღუდვის საჭიროება. ასეთ შემთხვევაში არ არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის დისკრეციის შედეგად პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაუსაბუთებელი, არასაჭირო შეზღუდვის საფრთხე. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო მოქმედებს კანონით დაკისრებული პირდაპირი ვალდებულებით და ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდმივად არსებობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, ცხადია, უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევა ვერ მოხდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს მიერ დისკრეციული უფლების არასწორი გამოყენებით. ამასთანავე, მუდმივად არსებობს თუ არა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის საჭიროება, ექვემდებარება გადამოწმებას უშუალოდ კანონის მატერიალურ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის პროცესში.
114. მაგალითად, როდესაც კანონმდებლობით დადგენილია, რომ შესაბამისი ორგანოები ამოწმებენ პირს, რომელიც შედის ადმინისტრაციულ შენობაში, აეროპორტში თუ სხვა პოტენციურად საფრთხის შემცველ ობიექტში და თუ დადგინდება, რომ ყველა შემთხვევაში არსებობს აღნიშნულ შენობაში შემსვლელი პირების შემოწმების საჭიროება, არ იარსებებს დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფრთხე. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, აქტუალური იყოს დისკრეციული უფლებამოსილების დისკრიმინაციულად გამოყენება, თუმცა აღნიშნული პოტენციურად შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასთან და არ წარმოშობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფრთხეს.
115. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეზღუდვის მოთხოვნა უკავშირდება იმის პრევენციას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანომ ბოროტად არ გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა აწესრიგებს ისეთ კონკრეტულ სფეროებს, სადაც ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდმივად არსებობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი საფუძველი, ყოველგვარ აზრს მოკლებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული სასამართლო კონტროლი.
116. თუ კონკრეტულ ურთიერთობასთან მიმართებით ყველა შემთხვევაში არსებობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის საჭიროება, რელევანტურობას კარგავს სასამართლო კონტროლის მოთხოვნის დაწესება. ასეთ შემთხვევაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვას განაპირობებს თავად სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკა და არ იარსებებს რაიმე ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სასამართლომ უნდა გადაამოწმოს. მაგალითად, თუ დგინდება, რომ ობიექტურად არსებობს ამა თუ იმ შენობაში შემსვლელი პირების შემოწმების აუცილებლობა, პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვა ყველა შემთხვევაში ამ მოცემულობით არის განპირობებული და სახეზე აღარ არის ის ინდივიდუალური გარემოებები, მახასიათებლები, რომელთა გადამოწმების მიზანსაც ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული სასამართლო კონტროლის ფორმალური გარანტია. ასეთ შემთხვევაში სასამართლო კონტროლი ვერ მოახდენს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით პირადი ცხოვრების დაუსაბუთებლად შეზღუდვის საფრთხის პრევენციას, რადგან, როგორც აღინიშნა, ასეთ შემთხვევებში აღნიშნული საფრთხე ვერ იარსებებს. იმ შემთხვევაში, თუ ეჭვქვეშ დგას, ზოგადი წესი, უნდა შემოწმდნენ თუ არა კონკრეტულ შენობაში შემსვლელი პირები ანდა აღნიშნული შემოწმების აუცილებლობა, სახეზეა ამ წესის მატერიალურ კონსტიტუციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების და არა უფლების ფორმალური კრიტერიუმის - სასამართლო კონტროლის მოთხოვნის საჭიროება.
117. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ფორმალური კრიტერიუმის - სასამართლოს გადაწყვეტილების დათქმა, მისი არსისა და მიზანმიმართულების გათვალისწინებით, არ გამოიყენება ისეთ შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ თითოეულ შესაძლო შემთხვევაში არსებობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველი. იმგვარ ურთიერთობებთან მიმართებით, როდესაც ყოველთვის დასაბუთებულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შეზღუდვა, სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალურ, ბიუროკრატიულ დადასტურებად მოგვევლინება, რომელიც ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით, თითოეულ შემთხვევაში მიიღებდა დადებით გადაწყვეტილებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის მოთხოვნის შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არ არის სასამართლო კონტროლი თავისი არსით და არ ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიზნებს.
118. ამასთან, ის გარემოება რომ ცალკეულ ურთიერთობებთან მიმართებით არ გამოიყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის ფორმალური კრიტერიუმი - სასამართლოს გადაწყვეტილების დათქმა, არ ნიშნავს, რომ ასეთი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ დაექვემდებარება მატერიალურ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებთან მიმართებით შემოწმებას. პირიქით, ამგვარი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობა აუცილებლად უნდა შემოწმდეს მატერიალურ სტანდარტებთან, მათ შორის, თანაზომიერების პრინციპთან მიმართებით.
სადავო ნორმების შესაბამისობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებთან
119. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი №116 და №200 ბრძანებების რიგი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმების საფუძვლებსა და წესს.
120. წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე აღინიშნა, რომ №200 ბრძანების სადავოდ გამხდარი 113-ე მუხლი განსაზღვრავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების საფუძვლებს. ამასთანავე, №116 და №200 ბრძანებით გათვალისწინებული საფუძვლები შესაძლოა პირობითად დაიყოს 3 კატეგორიად: (1) ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება, როდესაც მას აქვს კონტაქტი გარესამყაროსთან. (ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება დაწესებულებაში მიღებისას, დაწესებულებიდან გაგზავნისას, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვება/დაბრუნებისას და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა/დაბრუნებისას); (2) ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება მისი დაწესებულებაში გადაადგილებისას (ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება სამარტოო საკანში და საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსებისას) და (3) სრული შემოწმების ღია საფუძველი - დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
121. განსახილველი საქმის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეაფასოს, რამდენად გამოიყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფორმალური მოთხოვნები თითოეული საფუძვლით პირის შემოწმების დამდგენ ნორმებთან მიმართებით.
კონტაქტი გარესამყაროსთან
122. წინამდებარე გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას, დაწესებულებიდან გაგზავნისას, აგრეთვე დაწესებულების დროებით, ასევე ხანმოკლე დატოვებისას და დაბრუნებისას, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს კონტაქტი გარესამყაროსთან, არსებობს, ერთი მხრივ, დაწესებულებაში აკრძალული ნივთის, წარწერისა და სხვა ობიექტის მოხვედრის, ხოლო, მეორე მხრივ, დაწესებულებიდან რაიმე ობიექტის გატანის რისკი (იხ. სამოტივაციო ნაწილის 44-ე პარაგრაფი). ამასთანავე, აღნიშნული რისკები არსებობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარესამყაროსთან ნებისმიერ კონტაქტამდე და კონტაქტის შემდეგ. კერძოდ, არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულებაში შეიტანს ისეთ ნივთს, წარწერასა თუ სხვა აკრძალულ ობიექტს, რომელიც საფრთხეს უქმნის დაწესებულების უსაფრთხოებას, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთანავე, გარესამყაროსთან კონტაქტის პირობებში ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, შესაძლოა, დაწესებულებიდან გაიტანოს და ვინმეს გადასცეს რაიმე აკრძალული ნივთი ან ინფორმაცის შემცველი ობიექტი, რაც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის კომუნიკაციის, დაწესებულებაში უწესრიგობის შეტანის ან სხვა არამართლზომიერი მიზნებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარესამყაროსთან ნებისმიერი კონტაქტისას და კონტაქტამდე არსებობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმების აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და სხვა ლეგიტიმური ინტერესები.
დაწესებულებაში გადაადგილება
123. წინამდებარე გადაწყვეტილებაში ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების აუცილებლობა არსებობს დაწესებულებაში გადაადგილების დროსაც (იხ. სამოტივაციო ნაწილის 48-ე პარაგრაფი). კერძოდ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსებისას, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ღონისძიებები დისციპლინური გადაცდომის ზომებს წარმოადგენს, მძიმეა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ემოციური მდგომარეობა. ამასთანავე, სამარტოო საკანში ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება ხდება განცალკევებით, სხვა ბრალდებულების/მსჯავრდებულების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მაღალია პირის თვითდაზიანების რისკები. აუცილებელია, გამოირიცხოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სამარტოო საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში აკრძალული ობიექტების გატანის საფრთხე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე აუცილებელი ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება დაწესებულებაში გადაადგილებისას, კერძოდ, სამარტოო საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსების თითოეული შემთხვევის წინ.
დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება
124. წინამდებარე გადაწყვეტილებაში ასევე შეფასებულ იქნა დირექტორისა და მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების ჩატარების აუცილებლობის საკითხი (იხ. სამოტივაციო ნაწილის 53-ე პარაგრაფი). ზოგადად, პენიტენციური სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებით, მომეტებულია პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთებისა და სხვა ობიექტების მოხვედრის, დამზადებისა და ბრუნვის საფრთხეები. ამასთან, მსგავსი ნივთების დაწესებულებაში მოხვედრა ეჭვქვეშ აყენებს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებას, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების დაცვის ინტერესი მოითხოვს, აკრძალული ნივთებისა და ობიექტების აღმოსაჩენად შემოწმდეს დაწესებულების ტერიტორია, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, აგრეთვე იქ მოთავსებული პირების სხეული, ტანსაცმელი და პირადი ნივთები. აღნიშნული სწორედ დაწესებულების უსაფრთხოების დაცვის ინტერესიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, დასახელებული საფრთხეების პრევენციის მიზნით, არსებობს ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირადი შემოწმების საჭიროება.
125. როგორც აღინიშნა, დაბალია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების მოლოდინი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცულობაზე. ასევე, დაბალია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტებიც. პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, დაწესებულებაში შესაძლოა დადგინდეს პირების შემოწმების სხვადასხვაგვარი რუტინა, რათა ეფექტურად იქნეს უზრუნველყოფილი დაწესებულებისა და იქ მყოფი პირების უსაფრთხოება. ასეთ შემთხვევაში მაღალია დირექტორის, როგორც დაწესებულების ხელმძღვანელის, პასუხისმგებლობა, აგრეთვე მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები. დაწესებულებაში მუდმივად არის აკრძალული ნივთებისა და სხვა ობიექტების მოხვედრისა და ბრუნვის საფრთხე. შესაბამისად, მათი აღმოჩენის მიზნით, მუდმივად არსებობს გარკვეული ღონისძიებების გატარების საჭიროებაც. აღნიშნული ღონისძიებები ხშირ შემთხვევაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვას იწვევს. ობიექტური საჭიროებებიდან გამომდინარე, მუდმივად არსებობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის აუცილებლობის დასაბუთებაც.
ფორმალურ მოთხოვნებთან შეფასება
126. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იკვეთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის აუცილებლობა. კერძოდ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარესამყაროსთან კონტაქტისას, სამარტოო საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაადგილებისას და სხვა შემთხვევებში, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი დაწესებულების უსაფრთხოების, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად არსებობს ბრალდებული/მსჯავრდებული პირების სრული შემოწმების საჭიროება. აღნიშნული საჭიროება თითოეულ შემთხვევაში განაპირობებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის დასაბუთებულობას.
127. ამგვარად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული საფუძვლები და ნორმებით შემოსაზღვრული ურთიერთობა თავისი შინაარსით ისეთია, რომ, როგორც წესი, დასაბუთებულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის საჭიროება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნის გამოყენების წინაპირობა. კერძოდ, როგორც აღინიშნა, ისეთ ურთიერთობებში, როდესაც საბუთდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის ზოგადი საჭიროება, ყოველგვარ საფუძველს და რაციონალურ ახსნას მოკლებულია, უფლებამოსილ ორგანოს მოეთხოვებოდეს უფლებაშემზღუდველი ღონისძიების სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელება.
128. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგას სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით განმტკიცებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფორმალურ მოთხოვნებთან შეფასების საჭიროება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს მათი შესაბამისობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის მატერიალურ კონსტიტუციურ სტანდარტებთან.
სადავო ნორმების შესაბამისობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის მატერიალურ სტანდარტებთან
129. საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება შეიზღუდოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
ლეგიტიმური მიზანი
130. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზნის იდენტიფიცირება და შეფასება, კერძოდ, იმის დადგენა, ემსახურება თუ არა ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება იმგვარ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა. წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე აღინიშნა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმების მიზანია პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული და დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, აგრეთვე დანაშაულისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების გაქცევის თავიდან აცილების უზრუნველყოფა (იხ. სამოტივაციო ნაწილის 31-36 პარაგრაფები). ზემოაღნიშნული ინტერესების დაცვა ნამდვილად წარმოადგენს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა.
გამოსადეგობა
131. თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, შემზღუდველი ღონისძიება ასევე უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. წინამდებარე გადაწვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ სრული შემოწმების ფარგლებში მოწმდება ბრალდებული/მსჯავრდებული, მისი სხეული, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. დასახელებული ღონისძიება უზრუნველყოფს მითითებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, მნიშვნელოვნად აბრკოლებს პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, წარწერებისა და სხვა ობიექტების მოხვედრას, ბრუნვას და დაწესებულებიდან ამგვარი ობიექტების გატანას. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა (ვრცლად იხ. სამოტივაციო ნაწილის 54-55 პარაგრაფები).
აუცილებლობა
132. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლებაში ჩარევა მოხდეს არა მხოლოდ გამოსადეგი, არამედ - აუცილებელი, ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს, რამდენად არის სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება - ბრალდებული/მსჯავრდებული პირების სრული შემოწმება ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდველი საშუალება. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მიუთითებდა ნორმის არაპროპორციულობის გამომწვევ შემდეგ გარემოებებზე: (1) სადავო ნორმები ბლანკეტურია, მიემართება ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს და არ ითვალისწინებს (შესაძლო) ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მათ ყოფაქცევას; (2) სადავო ნორმებით გათვალისწინებული გაშიშვლების ღონისძიების ნაკლებად მზღუდველი ალტერნატივაა სკანერით შემოწმება.
გამოყენება ყველა კატეგორიის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ
133. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში შეაფასა ზემოხსენებული არგუმენტაციის მართებულობა და არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია (იხ. სამოტივაციო ნაწილის 60-63 პარაგრაფები). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, წარწერებისა და ობიექტების შეტანის, ბრუნვის, დამზადებისა და მათი დაწესებულებიდან გამოტანის საფრთხე თანაბრად არსებობს დაწესებულებაში მოთავსებულ თითოეულ პირთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთ შემთხვევებში ასევე მიუთითა იმ საფრთხეზე, რომ, თუ შემოწმებას არ დაექვემდებარებიან გარკვეული კატეგორიის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები სწორედ მათი გამოყენებით შეეცდებიან, აკრძალული ნივთების, წარწერებისა და სხვა ობიექტების გადაზიდვას. შესაბამისად, სრული პირადი შემოწმების გამოყენება მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიმართ ვერ უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებას და ვერ ჩაითვლება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.
სკანერით შემოწმების შესაძლებლობა
134. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა არც მოსარჩელის ის არგუმენტაცია, რომელიც უკავშირდება სკანერით შემოწმებას, როგორც ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ ალტერნატივას (იხ. სამოტივაციო ნაწილის 65-72 პარაგრაფები). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე მოწვეული სპეციალისტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინა, რომ გაშიშვლების ფორმით შემოწმება და სკანერით შემოწმება არ არის ურთიერთჩანაცვლებადი ღონისძიებები. დღეის მდგომარეობით სკანერის მეშვეობით არ არის შესაძლებელი პირის სხეულზე თუ ტანსაცმელზე რიგი ობიექტების შემჩნევა. მაგალითად, სკანერი ვერ ამჩნევს ძუას, რომელიც მიჰყვება სხეულის ჩონჩხის ანატომიას, ქაღალდს, თუ იგი არ არის გაკეცილი და ა.შ. შესაბამისად, სკანერით შემოწმებით შეუძლებელია ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა.
135. მოსარჩელეს სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით სხვა არგუმენტაცია არ წარმოუდგენია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სრული პირადი შემოწმება წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სხვა ღირებული ინტერესების დაცვისათვის აუცილებელ საშუალებას.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
136. თანაზომიერების პრინციპის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. ე.ი. დაცული ინტერესი მნიშვნელობით უნდა აღემატებოდეს შეზღუდულ ინტერესს. წინამდებარე გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების - სრული პირადი შემოწმების ჩატარება ისეთი საფუძვლებით, რომლებიც უკავშირდება ბრალდებული/მსჯავრდებული პირების კონტაქტს გარესამყაროსთან, ასევე მათ გადაადგილებას პენიტენციურ დაწესებულებაში (სამარტოო საკანში და საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსება), დაცული ინტერესი აღემატება შეზღუდულ ინტერესს (იხ. სამოტივაციო ნაწილის 75-76 პარაგრაფები). იმ საფრთხის თავიდან აცილების ინტერესი, რაც შესაძლოა პენიტენციურ დაწესებულებას და იქ მყოფ პირებს, ასევე მართლწესრიგს მიადგეს დაწესებულებაში აკრძალული ობიექტების შეტანის, ბრუნვის, დამზადების და დაწესებულებიდან გამოტანის შემთხვევაში, ნამდვილად გადაწონის ბრალდებული/მსჯავრდებული პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ინტერესს. თითოეულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული ამყარებს კონტაქტს გარესამყაროსთან ან/და გადაადგილდება დაწესებულების შიგნით, მისი სრული პირადი შემოწმება სასიცოცხლოდ აუცილებელია საფრთხეების აღსაკვეთად. აღნიშნული საფრთხეების აღკვეთა კი უაღრესად მაღალი კონსტიტუციური ღირებულებისაა.
137. იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ტარდება დირექტორის ან მის მიერ განსაზღვრული პირის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა უნდა განსაზღვრავდეს მკაფიო კრიტერიუმებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ინდივიდუალური შემთხვევები, როდესაც სრული პირადი შემოწმებით მიღწეული სიკეთე მინიმალურია და ვერ გადაწონის პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებისა და სხვა ლეგიტიმური მიზნების დაცვის ინტერესს.
138. №200 ბრძანება არ შეიცავს მკაფიო კრიტერიუმებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გასცენ „მითითება“ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმების შესახებ დირექტორმა ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა. ამგვარი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში არსებობს საფრთხე, რომ მიღებულ იქნეს ისეთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების გადაწყვეტილება, რომელიც უკვე შემოწმებულია რამდენიმე წუთის/საათის წინ ანდა მიღებულ იქნეს ერთი და იგივე პირის დღის განმავლობაში ძალიან ხშირად შემოწმების გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, იმის საფრთხე, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელთ აღმოჩნდება რაიმე აკრძალული ნივთი, წარწერა ან სხვა ობიექტი, მუდმივად არსებობს. სწორედ ამ საფრთხის არსებობა ახდენს დირექტორის მიერ ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციურსამართლებრივ ლეგიტიმაციას და ხდის დასაბუთებულს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების საჭიროებას. ამასთანავე, როდესაც სრული პირადი შემოწმება არ უკავშირდება რაიმე ობიექტურ გარემოებებს (მაგალითად, კავშირს გარესამყაროსთან ან დაწესებულებაში გადაადგილებას) ეს საჭიროება განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ როდის მოხდა პირის შემოწმება. საჭიროება იზრდება იმასთან ერთად, თუ რა დროა გასული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უკანასკნელი შემოწმებიდან. თუ უკანასკნელი შემოწმებიდან ძალიან მცირე დროა გასული, ასევე მინიმალურია მისი ხელმეორედ შემოწმების აუცილებლობა. შესაბამისად, მინიმალურია შემზღუდველი ღონისძიების გამოყენებით დაცული სიკეთე. აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში ამ მინიმალური სიკეთის დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ინტერესს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №200 ბრძანების 113-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი (2013 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
139. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე შეაფასა №116 ბრძანებით გათვალისწინებული კრიტერიუმები. კერძოდ, აღნიშნული ბრძანება შეიცავს გარკვეულ მითითებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. როგორც აღინიშნა, №116 ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის სადავო რედაქციის მიხედვით, ბრალდებულის/მსჯავრდებული სრული პირადი შემოწმება ტარდება „სხვა შემთხვევებში, დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით“. ამავე მუხლის 83 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დირექტორი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს დეპარტამენტის დირექტორს.
140. როგორც აღინიშნა, №116 ბრძანებით დირექტორის (ან მის მიერ განსაზღვრული პირის) უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ბრალდებულების/მსჯავრდებულების სრული შემოწმების შესახებ, დასაბუთებული და პროპორციული უნდა იყოს, ასევე უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებები არ არის ეფექტური. შესაბამისად, №116 ბრძანება გამორიცხავს პირის გაშიშვლების ღონისძიების გამოყენებას მინიმალური, თეორიული საფრთხეების აღსაკვეთად. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი რამდენიმე საათის ან წუთის წინ შემოწმდა, აუცილებელია, არსებობდეს რაიმე დამატებითი ინფორმაცია, რომლითაც დასაბუთდება მისი სრული შემოწმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ასევე, დაუსაბუთებელი იქნება განსაკუთრებული გარემოებების არარსებობის პირობებში ერთი და იგივე პირის შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, №116 ბრძანება იმგვარად განსაზღვრავს სრული შემოწმების განხორციელების კრიტერიუმებს, რომ შემოფარგლავს ამგვარი ღონისძიების გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სრული შემოწმებით მიღწეული სიკეთე გადაწონის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ინტერესს. ამასთან, ბრალდებულის სრული პირადი შემოწმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება სასამართლოს მიერ გადამოწმებას, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაადგენს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას და პროპორციულობას. შესაბამისად, ამ ნაწილში დაცულია პროპორციულობა ვიწრო გაგებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, №116 ბრძანებაში მოცემული სადავო ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №665 („საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 113-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი (2013 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. კონსტიტუციური სარჩელი №665 („საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 113-ე მუხლის (2013 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების (2013 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
ბ) „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 113-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, და „ვ“ ქვეპუნქტების (2013 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების (2013 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. კონსტიტუციური სარჩელი №683 („საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი