- მოსარჩელეებს წარმოადგენენ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეები შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდი და აჰმედ შეჰაბ აჰმედ აჰმედი, რომლებიც ერაყიდან საქართველოში ჩამოსვლამდე ქალაქ ბაღდადში ცხოვრობდნენ. იმის გამო, რომ ერაყის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა ერაყში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების გამო, მათ დატოვეს წარმოშობის ქვეყანა და 2016 წლის 11 აგვისტოს კანონიერად ჩამოვიდნენ საქართველოში, რის შემდეგაც 2016 წლის 17 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) მიმართეს თავშესაფრის თხოვნით და იმავე დღეს დარეგისტრირდნენ თავშესაფრის მაძიებელ პირებად. მოსარჩელეებმა სამინისტროს ჩააბარეს სამგზავრო დოკუმენტები და თავშესაფრის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული პროცედურების მიმდინარეობის პერიოდში (2016 წლის 17 აგვისტოდან 2017 წლის 17 თებერვლამდე) მათ შეეზღუდათ და დღემდე ეზღუდებათ (რადგან კვლავაც თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით სარგებლობენ) საქართველოს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების უფლება. 2017 წლის 17 თებერვალს მოსარჩელეებს სამინისტროსგან უარი ეთქვათ ლტოლვილისა და/ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
- ლტოლვილთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეების მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა 2017 წლის 31 მარტს. კერძოდ, ეს მუხლი მიუთითებს, რომ: „ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სსამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის ვადაში.“ მოსარჩელეების ადმინისტრაციული სარჩელი საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2017 წლის 5 აპრილს.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესს. აღნიშნული მუხლის მიხედვით: „რაიონული (საქალაქო) სასამართლო საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და გამოტანილ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 2 თვის ვადაში.“ ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, მხარისათვის მისი გადაცემიდან 15 დღის ვადაში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.“
- მოსარჩელეების მიმართ სამინისტროს უარყოფითი გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში და მათ საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეები სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე კვლავ სარგებლობენ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით. კერძოდ, ისინი წარმოადგენენ თავშესაფრის მაძიებლებს, როგორც ეს გათვალისწინებულია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ პუნქტი განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებლის ცნებას: „თავშესაფრის მაძიებელი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა.“
- აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოსარჩელეებისათვის, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლებს წარმოადგენენ, შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდისა და მისი შვილის, აჰმედ შეჰაბ აჰმედ აჰმედისათვის, შემოსავლის მთავარ წყაროს შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდის პენსია წარმოადგენს. შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რომლებიც ერაყის საჰაერო შეიარაღებულ ძალებში მსახურობისას მიიღო. აღნიშნულის გამო იგი ერაყის მთავრობისაგან ყოველთვიურ პენსიას იღებს. ეს თანხა მას საბანკო ანგარიშზე ერიცხება. ეს სწორედ ის თანხაა, რომელიც, მოსარჩელეთა თქმით, მათ საქართველოში თავის სარჩენად სჭირდებათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საქართველოს მთავრობისგან არ იღებენ შემწეობას ან რაიმე სხვა დახმარებას.
- მოსარჩელეთა თქმით, აღნიშნულ თანხას საქართველოში ვერ მიიღებენ, რადგან აქ არ არსებობს ბანკი, სადაც ბაღდადიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილის განაღდებას შეძლებენ. უფრო ზუსტად, შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდს პენსია ერიცხება ერაყში არსებული ,,Rafidain Bank“-ის საბანკო ანგარიშზე, სადაც განთავსებული თანხის განაღდება საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლებელია, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ბანკის ფილიალი საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს. მოსარჩელეთათვის თანხის განაღდების ერთადერთ რეალურ შესაძლებლობას თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლა და აღნიშნული ბანკის თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ფილიალის გამოყენება წარმოადგენს.
- მოსარჩელეები ვერ ახერხებდნენ თურქეთში ჩასვლას, რადგან, მათ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნის საფუძველზე, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მიღებისთანავე უფლებამოსილ თანამდებობის პირს ჩააბარეს სამგზავრო დოკუმენტი. გარდა ამისა, მათ საქართველოს დატოვება დღემდე ეკრძალებათ საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტითაც, რომლის თანახმადაც, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია „არ დატოვოს საქართველო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს დატოვება დაკავშირებულია პირის სასიცოცხლო ინტერესებთან და იგი წერილობით აცნობებს სამინისტროს საქართველოს დატოვების მიზეზებსა და ვადას.“
- ზემოთქმულიდან გამომდინარე, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ბ“ პუნქტი და 57-ე მუხლის „ზ“ პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მეორე პუნქტს.
სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22(2)-ე მუხლთან
- სადავო ნორმის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია „არ დატოვოს საქართველო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში.“ მეტიც, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ზ“ პუნქტი, რომელიც ასევე სადავო ნორმაა, აწესებს მოთხოვნას, რომ თავშესაფრის მაძიებლები ვალდებულნი არიან თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციისთანავე ჩააბარონ სამგზავრო დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტების გამოთხოვის შემთხვევაში კი მათ მიმართ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები შეწყდება, რადგან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მიხედვით სამგზავრო დოკუმენტის უკან დაბრუნების საფუძველი სწორედ პირადი განცხადებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობაა. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
- ზემოთქმულიდან გამომდინარე, რელევანტურია ორივე სადავო ნორმის ნაწილში ვიმსჯელოთ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტთან წინააღმდეგობის შესახებ.
- საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან.“ მოსარჩელეები, როგორც თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლებად ოფიციალურად რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, საქართველოში იმყოფებიან კანონიერად. მოსარჩელეების სახელზე გაცემულია თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობები. ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის მიხედვით ,,თავშესაფრის მაძიებლის ცნობა’’ არის ,,დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვას და საქართველოში მის კანონიერ ყოფნას.“ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მე-5 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ასევე ადასტურებს თავშესაფრის მაძიებლების საქართველოში კანონიერად ყოფნის ფაქტს (იხ. ასევე ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,რ“ და ,,ს“ პუნქტები და მე-10 მუხლის 4-ე პუნქტი).
- შესაბამისად, მოსარჩელეები წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების სუბიექტებს.
- როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა პლენუმის 2010 წლის 28 ივნისის #466 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (II,პარ. 5), საქართველოდან გასვლის უფლების სუბიექტია „ყველა, ვინც კანონიერად იმყოფება“ საქართველოს ტერიტორიაზე. „ყველაში“ იგულისხმება როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე მოქალაქეობის არმქონე პირი და უცხოელიც.
- ზემოთქმულ მსჯელობას ასევე განამტკიცებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაც გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დროებით დაიშვებიან ქვეყნის ტერიტორიაზე, მანამ, სანამ მიმდინარეობს წარმოება მათთვის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ბინადრობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ პირებად მიიჩნევიან, თუ ისინი კანონით დადგენილ წესებს დაემორჩილებიან“ (ომვენუეკე გერმანიის წინააღმდეგ, N44294/04, განჩინება, 20.11.07). მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ თავშესაფრის მაძიებელი პირები საქართველოში იმყოფებიან კანონიერად.
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, სადავო ნორმის საფუძველზე მოსარჩელეებს, როგორც თავშესაფრის მაძიებლებს, ეზღუდებათ საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა, ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის უპირველეს ელემენტსა და დაცულ სფეროს. შესაბამისად, სადავო ნორმა წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაადგილების (ქვეყნის თავისუფლად დატოვების) უფლებაში. თავისუფლად დატოვება კი უნდა განიმარტოს, როგორც კანონიერად მყოფი უცხოელისთვის დამატებითი ვალდებულებებისა და შეზღუდვის გარეშე საქართველოს დატოვების თავისუფლება. შესაბამისად, საქართველოს დატოვება არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ პირობასთან, რომ უცხოელი აღარ მოითხოვს საქართველოში თავშესაფარს და ერთი ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა (კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლება) არ უნდა ზღუდავდეს მეორე ფუნდამენტურ უფლებას (კონსტიტუციის 47-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებას).
- აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მეორე პუნქტით გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და იგი შესაძლოა რიგ შეზღუდვებს დაექვემდებაროს. ამ მუხლით გათვალისწინებულ გადაადგილების თავისუფლებაში ჩარევის საფუძვლებს თავად მუხლის მესამე პუნქტი ითვალისწინებს. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადაადგილების თავისუფლება შესაძლოა შეიზღუდოს შემდეგი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში: 1- მხოლოდ კანონის შესაბამისად; 2- შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების დასაცავად; 3-შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; 4- შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს ჯანმრთელობის დაცვის მიზნით; 5- შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით; 6- შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის.
- საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ზემოთქმულ წინაპირობებთაგან პირველი და მეექვსე აუცილებელი წინაპირობებია, შესაბამისად, ისინი კუმულაციურ კავშირშია მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე წინაპირობებთან. თავად ეს უკანასკნელნი კი ერთმანეთთან ალტერნატიულ კავშირში არიან. შესაბამისად, სახელმწიფოს შესაძლებლობა აქვს მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე წინაპირობებში გადმოცემულ საფუძველთაგან ერთი ან რამდენიმე მოიაზროს სადავო ნორმით მისაღწევ ლეგიტიმურ მიზნად.
- იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმები წარმოადგენს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერს და, შესაბამისად, ნორმატიული ძალის მქონეა და ასევე ნათლად და საკმარისი სიზუსტით ასახავს კანონმდებლის მოთხოვნას, მოსარჩელე არ უარყოფს ფაქტს, რომ სადავო ნორმები აკმაყოფილებს შეზღუდვის გასამართლებელ პირველ წინაპირობას.
- რაც შეეხება ლეგიტიმურ მიზანს, სახელმწიფომ შესაძლოა მიუთითოს, რომ სადავო ნორმებს ერთიანობაში ორი ლეგიტიმური მიზანი აქვს - მართლმასჯულების სწრაფი განხორციელება და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა.
- მოსარჩელე არ უარყოფს, რომ, ზოგადად, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს და იგი აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის, თუმცა სადავო ნორმები ამ მიზნის მისაღწევ შესაბამის საშუალებას არ წარმოადგენს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება, რომ არსებობს რელევანტური ბმა სადავო ნორმებით დაწესებულ შეზღუდვასა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას შორის და რომ აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერები წარმოადგენს ამ მიზნის მისაღწევ ლეგიტიმურ საშუალებას, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სადავო ნორმის ფარგლებში დაცული არ არის პროპორციულობის პრინციპი.
- როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ( II, პარ. 19): „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეზღუდვა არ უნდა იწვევდეს პირის უფლების იმაზე მაღალი ხარისხით შეზღუდვას, რაც უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის.“
- სადავო ნორმებით თავშესაფრის მაძიებლის გადაადგილების უფლება იზღუდება იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთოების დასაცავად, ვინაიდან არ არსებობს ინდივიდუალური შეფასების ტესტი და განურჩევლად ყველა თავშესაფრის მაძიებელს ერთმევა სამგზავრო დოკუმენტი. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი სადავო ნორმასა და თუნდაც სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანს შორის, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა გაუმართლებელია პროპორციულობის მოთხოვნის დარღვევის გამო.
- დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა საქმეზე „ბარტიკი რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც სახელმწიფო ორგანოებმა განმცხადებელს დოკუმენტის მიღებაზე უარი განუცხადეს. აღნიშნული დოკუმენტი განმცხადებელს საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებოდა, რათა ავადმყოფი მამა ენახა. თუმცა მის მიმართ უარი განპირობებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ვინაიდან წარსულში განმცხადებელს სახელმწიფო საიდუმლოებასთან ჰქონდა კავშირი. სასამართლომ დარღვევა დაადგინა იმის გამო, რომ არ ხდებოდა ინდივიდუალური შეფასება, რაც წინააღმდეგობაში იყო ჩარევის პროპორციულობის მოთხოვნასთან.
- მეორე ლეგიტიმური მიზანი, რომელსაც შესაძლოა სახელმწიფო დაეყრდნოს, არის მართლმსაჯულების განხორციელება. ამ ნაწილში, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს თუ რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმები ამ მიზნის მისაღწევ გამოსადეგ საშუალებას.
- სადავოა რამდენად შეაფერხებს მართლმსაჯულების განხორციელებას თავშესაფრის მაძიებლის მიერ საქართველოს ტერიტორიის დროებითი დატოვება. მოსარჩელის შემთხვევაშიც, მას სურვილი და საჭიროება აქვს საქართველოდან თურქეთში თანხის მისაღებდ გადავიდეს, რაც, ცხადია, დროის ხანგრძლივ მონაკვეთთან არ არის დაკავშირებული და, სავარაუდოდ, რამდენიმე საათის განმავლობაშიც შესაძლოა განხორციელდეს. შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებლის მიერ საქართველოს ტერიტორიის დროებითი დატოვება ხელს ვერ შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.
- გარდა ამისა, მართლმსაჯულების სწრაფი განხორციელების მიზნის სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნად მოაზრებით სახელმწიფო ფაქტობრივად პატერნალისტურ მიდგომას უჭერს მხარს, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავშესაფრის მაძიებლის საქართველოს ტერიტორიის დროებითი დატოვებით თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესი გახანგრძლივდება, აღნიშნული უმეტესწილად მხოლოდ თავად თავშესაფრის მაძიებლისათვის იქნება ზიანის მომცველი და ხელს არ შეუშლის სხვა რომელიმე პირის უფლებების დაცვას.
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის ანალიზი და, ზოგადად, საქართველოში არსებული ნორმატიული სივრცე მოწმობს, რომ სახელმწიფო ადამიანს უყურებს, როგორც რაციონალურ ინდივიდს, რომელსაც თავად შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ცხოვრება და რომელსაც ამ მხრივ თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს. საქართველოში არსებული სამართლებრივი რეალობა ეხმიანება სამართლის ფილოსოფოსის - ჯონ სტიუარტ მილის მოსაზრებას თავისუფლებასთან მიმართებით, რომელიც ამ უკანასკნელის ,,თავისუფლების შესახებ“ ანგარიშშია ასახული. კერძოდ, ჯონ სტიუარტ მილი აღნიშნულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ პირის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როცა ეს სხვა ადამიანს აყენებს ზიანს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქმედებს პრინციპი, რომლის თანახმადაც: „ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორეს უფლება.“
- ადამიანების რაციონალურობისა და თავისუფლების მნიშვნელობის ნათელი გამოხატულებაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ნორმა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა პირის მიერ მარიხუანის მოხმარებისათვის. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ნათლად უჩვენა, რომ დაუშვებელია სახელმწიფომ მკაცრი ზომები გამოიყენოს იმ ადამიანის მიმართ, რომლის მოქმედებაც მხოლოდ საკუთარ თავს მიემართება და არ არის ზიანის მომცველი სხვა პირთათვის.
- გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების არსებობა გამართლებულია მართლმასჯულების განხორციელების მიზნით, ამ ნაწილშიც დარღვეულია თანაზომიერების პრინციპი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სადავო ნორმები, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის ,,ბ“ და „ზ“ პუნქტები, არ ითვალისწინებენ ინდივიდუალური შეფასების ტესტს და ბლანკეტურ შეზღუდვას აწესებენ თითოეული თავშესაფრის მაძიებლისთვის. გარდა ამისა, ხდება გადაადგილების თავისუფლების გაუმართლებლად ხანგრძლივი ვადით შეზღუდვა.
- ამ ნაწილში პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა 6 თვის ვადაში უნდა განიხილოს. ეს მუხლი ასევე უშვებს აღნიშნული განხილვის პროცესის დამატებით 9 თვით გაგრძელების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამ მუხლის მეორე პუნქტი დამატებით მიუთითებს, რომ შესაბამისი დასაბუთების არსებობისას, გამონაკლისის სახით, საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძლებდეს კიდევ 3 თვით. შესაბამისად თავშესაფრის/საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება შეიძლება მიმდინარეობდეს 18 თვის ვადით.
- ზემოაღნიშნულ ვადას ასევე ემატება სასამართლო განხილვისათვის საჭირო დრო. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „რაიონული (საქალაქო) სასამართლო საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და გამოტანილ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 2 თვის ვადაში.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შესაძლებლობა აქვთ ამ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანონ, მხარისათვის გადაცემიდან 15 დღის ვადაში, ხოლო შემდეგ ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,“ სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში.“ თუმცა პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები თითქმის არასდროს არის დაცული და ყოველთვის უფრო მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე კანონმდებლობით გათვალისწინებული დროა. მაგალითად, თავად მოსარჩელეების საქმეზეც ადმინისტრაციული სამართალწარმოება უკვე 4 თვეა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჯერ მოსამზადებელი სხდომაც კი არ ჩატარებულა.
- ზემოთქმულიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურა შესაძლოა გაგრძელდეს 22 თვეზე მეტი ხნით, რა დროის განმავლობაშიც თავშესაფრის მაძიებლებს სრულად ეზღუდებათ საქართველოს ტერიტორიის დატოვება, რაც წარმოადგენს მათი გადაადგილების თავისუფლებაში არამართლზომიერ, გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევას.
- მოპასუხემ შესაძლოა მიუთითოს, რომ რიგ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლისათვის სამგზავრო დოკუმენტის ჩამორთმევა გამართლებულია მისი იდენტობის დადგენის მიზნით, თუმცა აღნიშნული კვლავ თანაზომიერების პრინციპის დარღვევას მოწმობს. ამ მიზნით შესაძლებელია დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება მხოლოდ იმ პირებს ჰქონდეთ, რომელთა იდენტიფიკაციაც ვერ ხერხდება. მაგალითად მსგავსი მეთოდია ბელგიაში, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს არ აქვთ სამგზავრო დოკუმენტთა ჩაბარების ვალდებულება, თუკი დოკუმენტების ჩაბარება თავშესაფრის მაძიებლის ეროვნებისა და პირად მონაცემთა იდენტიფიკაციისათვის არ არის საჭირო. ასეთ დროსაც კი დოკუმენტები მხოლოდ გარკვეული პერიოდით ინახება, იქამდე, სანამ ეს შედეგი არ იქნება მიღწეული, შემდეგ კი კვლავ თავშესაფრის მაძიებლებს უბრუნდებათ. მსგავსი რეგულირებაა ხორვატიაშიც (იხ. ევროპული მიგრაციის კავშირის 2016 წლის 10 მარტის კვლევა, ხელმისაწვდომია: http://ec.europa.eu/home-affairs/sites/homeaffairs/files/what-we-do/networks/european_migration_network/reports/docs/ad-hoc-queries/ad-hoc-queries-2016.1035_-_handing_over_of_personal_documents_in_the_framework_of_the_asylum_and_return_procedure.pdf, ნანახია 13 ივლისი 2017წ.).
- ბელგიაში ანალოგიური რეგულირებაა მაშინაც, როცა არსებობს ეჭვი, რომ თავშესაფრის მაძიებლის დოკუმენტები ფალსიფიცირებულია. ანალოგიურ რეგულირებას ვხვდებით სლოვენიაშიც, სადაც თავშესაფრის მაძიებელთათვის დოკუმენტების ჩამორთმევა მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა დოკუმენტთა ავთენტურეობის დასადგენად. ამ უკანასკნელის დადგენის შემდეგ კი ისინი თავშესაფრის მაძიებლებს ავტომატურად უბრუნდებათ. აღნიშნული მაგალითები ნათლად უჩვენებს, რომ, თუკი სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი რეგულირების შემოღებას რეალურად მართლმასჯულების განხორციელების მიზანი წარმოადგენდა, ამ მიზნის მიღწევა სხვა უფრო ნაკლებადმზღუდავი მექანიზმის გამოყენებითაც იყო შესაძლებელი.
- სადავო ნორმებთან მიმართებით დამატებით შეგვიძლია მოვიხმოთ საერთაშორისო წყაროებიც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ, მართალია, სასამართლომ საქმიანობის დაწყებიდან 2002 წლამდე მხოლოდ ორჯერ გამოიყენა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, თუმცა მას შემდგომ პრაქტიკაში კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტების გამოყენება იშვიათი აღარ არის. ჯერ კიდევ 2002 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე სამჯერ გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. ხოლო ბოლო წლებია ამ უკანასკნელის მიერ დადგენილი სტანდარტების შესახებ მსჯელობისას მათი გამოყენება უფრო მოხშირდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხშირად თავისი ინიციატივითაც იყენებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (მაგ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 1/2-14-19, 1996 წლის 30 დეკემბერი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლის განჩინება საქმეზე „მოქალაქე ლადო სანიკიძე და მოქალაქე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N1/7/20, 1997 წლის 15 იანვარი).
- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რელევანტურია სადავო ნორმათა კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საუბრისას საერთაშორისო წყაროები გამოვიყენოთ.
- გადაადგილების თავისუფლება დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით, რომლის მე-3 ნაწილში მოცემულია უფლების შეზღუდვის საფუძვლები. ეს საფუძვლები ფაქტობრივად ანალოგიურია საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებთან მიმართებით.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, მათ შორის, პასპორტის კონფისკაცია ან ჩამორთმევა უტოლდება გადაადგილების თავისუფლებაში ჩარევას (მაგ. „ბუამანი საფრანგეთის წინააღმდეგ“ N33592/96). საქმეზე „სისანისი რუმინეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი, ვინაიდან განმცხადებლის, ბერძენი მოქალაქის პასპორტი მონიშნეს, რათა ამ უკანასკნელს არ დაეტოვებინა ქვეყანა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო. აღნიშნული საქმე რელევანტურია იმ კუთხით, რომ სასამართლომ დარღვევა დაადგინა, საკითხის სისხლისსამართლებრივ დანაშაულთან კავშირის მიუხედავად. სადავო ნორმებთან მიმართებით კი უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის შენიშვნიდან გამომდინარე, თავშესაფრის მაძიებელთა სისხლისსამართლებრივი პასუხიმსგებლობა გამოირიცხება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, თუმცა მოითხოვეს თავშესაფარი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ,,მით უფროობის“ პრინციპით იქნას გამოყენებული. სადავო ნორმები კი საერთოდ არ არის კავშირში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან და ყოველგვარი დანაშაულებრივი ქმედების გარეშე აწესებს ერთგვარ სანქციას, რაც გამოიხატება სამგზავრო დოკუმენტის ჩამორთმევასა და ქვეყნის თავისუფლად დატოვების შეზღუდვაში.
- მეტიც, საქმეზე „ნაპიჯალო ხორვატიის წინააღმდეგ“ განმცხადებელს მებაჟემ ჩამოართვა პასპორტი, ვინაიდან განმცხადებელმა უარი განაცხადა სამართალდარღვევის გამო ჯარიმის გადახდაზე. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელს პასპორტის დაბრუნება გაუჭიანურეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პასპორტის დაბრუნების გაჭიანურება არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენდა, ვინაიდან განმცხადებელს საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
- პროპორციულობის ნაწილში ასევე რელევანტურია გადაწყვეტილება საქმეზე „რინერი ბულგარეთის წინააღმდეგ“, სადაც გადასახადების გადაუხდელობის გამო განმცხადებლისათვის დადგენილი აკრძალვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 ნაწილის დარღვევად ჩაითვალა. სასამართლომ აღნიშნა, რომ აკრძალვა ამოქმედდა ავტომატურად და ცხრა წლის განმავლობაში მოქმედებდა, სახელმწიფო ორგანოებს კი არ შეუფასებიათ, ამ დროის განმავლობაში მისი ძალაში დატოვება გამართლებული და პროპორციული იყო თუ არა. სადავო ნორმათა ფარგლებშიც თავშესაფრის მაძიებელს ერთმევა სამგზავრო დოკუმენტი და არ ხდება იმისი შემოწმება, რამდენად არსებობს დოკუმენტის ჩამორთმევის რეალური საფუძვლები. აღნიშნულის შემოწმება არც საწყის ეტაპზე ხდება და არც უშუალოდ სამგზავრო დოკუმენტის ჩამორთმევის შემდეგ. შესაბამისად, ირღვევა პროპორციულობის პრინციპი.
- პროპორციულობის დაცვა წარმოადგენს „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მოთხოვნასაც. გადაადგილების თავისუფლება დაცულია პაქტის მე-12 მუხლით, რომლის პირველი პარაგრაფი მიუთითებს: „თითოეულს, ვინც კანონიერად იმყოფება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიის ფარგლებში უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს და თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი.“ ხოლო მუხლის მეორე პარაგრაფი დამატებით მიუთითებს: „თითოეულ ადამიანს აქვს უფლება წავიდეს ყოველი ქვეყნიდან, მათ შორის საკუთარი ქვეყნიდან.“
- უშუალოდ შეზღუდვასთან მიმართებით, პაქტის მე-12 მუხლის მესამე პარაგრაფი დამატებით მიუთითებს შეზღუდვის სტანდარტის შესახებ, კერძოდ, მითითებულია: „ზემოთ აღნიშნული უფლებები არ შეიძლება გახდეს რაიმე შეზღუდვის ობიექტი, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, საჭიროა სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა თუ ზნეობის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის და ეთავსება ამ პაქტით აღიარებულ სხვა უფლებებს.“
- მუხლის აღნიშნულ პარაგრაფთან მიმართებით გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ზოგად კომენტარ N27-ში დამატებითი განმარტება გააკეთა და მიუთითა, რომ პროპორციულობის მოთხოვნა, რომელიც ნაგულისხმევად გამომდინარეობს უშუალოდ მე-12 მუხლის მესამე პარაგრაფში ასახული შეზღუდვის სტანდარტიდან, ასევე მოითხოვს, რომ გადაადგილების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა ინდივიდუალურად, თითოეულ შემთხვევაში ცალ-ცალკე შეფასდეს. აღნიშნული შეზღუდვა არ უნდა ეყრდნობოდეს სამართლებრივ საფუძველს, დაცული უნდა იყოს აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმები (CCPR/C/21Rev/Add9. Par. 15-16).
- გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დამატებით მიუთითა, რომ გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვისას აუცილებელია შეფასდეს გადაწონის თუ არა გადაადგილების თავისუფლებასთან მიმართებით არსებული საჯარო ინტერესი კერძო ინტერესს (Hajibeyl v. Azerbaijan, application no. 1628/05, judgment of 10 July 2008, par. 63).
- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სადავო ნორმები არ არის განპირობებული ლეგიტიმური მიზნით, არ წარმოადგენს ამ მიზნის მისაღწევ ლეგიტიმურ საშუალებას და, თუნდაც, მიზანთან დაკავშირებული კრიტერიუმი სახეზე იყოს, სადავო ნორმათა ფარგლებში დარღვეულია თანაზომიერების პრინციპი.
- დამატებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე შესაძლოა დაეყრდნოს ევროპის კავშირში მოქმედ დირექტივას - 2013/32/EU of the European Parliament and of the Council of 26 June 2013 on Common Procedures for Granting an Withdrawing International Protection-ს. კერძოდ, აღნიშნული დირექტივის მე-13(2)(პ) მუხლის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია მის ხელთ არსებული დოკუმენტები, რომლებიც მისი განაცხადის გამოსაკვლევად არის საჭირო, მათ შორის პასპორტი, შესაბამის ორგანოს ჩააბაროს. მართალია, საქართველოსათვის მნიშვნელოვანია არსებული კანონმდებლობის ევროპის კავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერიც არის, თუმცა თავად საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.“
- შესაბამისად, იქედან გამომდინარე, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტში ასახული შეზღუდვის სტანდარტს, სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურობის შეფასებისას სწორედ ეს გარემოება უნდა იყოს გათვალისწინებული, რის საფუძველზეც სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და, შესაბამისად, გაუქმდეს.
დასკვნა
- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაადგილების თავისუფლებაში (საქართველოდან თავისუფლად გასვლა), რადგან იგი არ არის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევი გამოსადეგი საშუალება და, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება, რომ ნორმა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება, მის ფარგლებში დარღვეულია თანაზომიერების მოთხოვნა.
- სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტს, შესაბამისად, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე ,,ბ“ და ,,ზ“ პუნქტები არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი და გაუქმდეს.
|