ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეები შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდი და აჰმედ შეჰამ აჰმედ აჰმედ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/1249 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 თებერვალი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2018 19:25 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეები შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდი და აჰმედ შეჰაბ აჰმედ აჰმედ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1249) მომართეს ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეებმა - შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდიმ და აჰმედ შეჰაბ აჰმედ აჰმედმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2017 წლის 2 აგვისტოს. №1249 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 22 თებერვალს.
2. №1249 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირის ვალდებულებებს. აღნიშნული მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს დატოვება დაკავშირებულია პირის სასიცოცხლო ინტერესებთან და იგი წერილობით აცნობებს სამინისტროს საქართველოს დატოვების მიზეზებს და ვადას. ხოლო „ზ“ ქვეპუნქტი თავშესაფრის მაძიებელს ავალდებულებს, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მიღებისთანავე უფლებამოსილ თანამდებობის პირს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტები მათი არსებობის შემთხვევაში, რომლებიც მას დაუბრუნდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის, სამინისტროს მიერ განხილვის შეწყვეტის, სამინისტროს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების ანდა ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
4. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით დეკლარირებულია გადაადგილების უფლება. მისი მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან“.
5. №1249 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ერაყის მოქალაქეებს, რომლებიც 2016 წლის აგვისტოში კანონიერად ჩამოვიდნენ საქართველოში, მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) და დარეგისტრირდნენ თავშესაფრის მაძიებელ პირებად. 2017 წლის თებერვალში მათ უარი ეთქვათ ლტოლვილისა და/ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, რაც გასაჩივრებულია სასამართლო წესით. რამდენადაც ისინი კვლავ სარგებლობენ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით, სადავო ნორმების შესაბამისად, მათ ჩამორთმეული აქვთ სამგზავრო დოკუმენტაცია და არ აქვთ ქვეყნის საზღვრების დატოვების უფლება.
6. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ მოსარჩელეთა შემოსავლის მთავარ წყაროს ერთ-ერთი მოსარჩელისათვის ერაყის მთავრობისაგან დანიშნული პენსია წარმოადგენს, რომლის მიღებაც შეუძლებელია საქართველოში და, შესაბამისად, ესაჭიროებათ მისი ტერიტორიის დატოვება. ხოლო სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ზღუდავს მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულს პრაქტიკულადაც შეუძლებელს ხდის, რამდენადაც მოსარჩელეთა სამგზავრო დოკუმენტები ჩაბარებულია სამინისტროში.
7. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ისინი წარმოადგენენ თავშესაფრის მაძიებელ პირებს - რეგისტრირებულები არიან სამინისტროს მიერ და გააჩნიათ შესაბამისი ცნობა, აქედან გამომდინარე, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან კანონიერად და მათზე ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი გადაადგილების უფლება, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ქვეყნის თავისუფლად დატოვების კომპონენტსაც. სადავო ნორმების მოქმედების პირობებში კი საქართველოს ტერიტორიის დატოვება გულისხმობს საერთაშორისო დაცვაზე მათი განცხადების განხილვის შეწყვეტას. შესაბამისად, მოსარჩელეთა პოზიციით, ერთი ძირითადი უფლების რეალიზებისათვის მათ უწევთ, უარი თქვან სხვა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობაზე.
8. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმების სავარაუდო ლეგიტიმური მიზნები შეიძლება იყოს მართლმსაჯულების სწრაფი განხორციელება და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა. თუმცა სამგზავრო დოკუმენტები ერთმევა განურჩევლად ყველა თავშესაფრის მაძიებელს, მათი მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასების გარეშე. მოსარჩელეთა განმარტებით, საქმეში არსებული გარემოებები მიუთითებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვების ხანმოკლე საჭიროებაზე, რაც, თავისთავად, ვერ შეუშლის ხელს მართლმსაჯულების სწრაფ განხორციელებას. ამასთან, თუნდაც თავშესაფრის მაძიებელმა ქვეყნის ტერიტორია ხანგრძლივი დროით დატოვოს, პროცესის გაჭიანურების ნეგატიური შედეგები აისახება მხოლოდ მის მდგომარეობაზე და სადავო ნორმებით განსაზღვრული წესი ადგენს სახელმწიფოს პატერნალისტურ მიდგომას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათი გადაადგილების თავისუფლება იზღუდება არაპროპორციულად, იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნების დასაცავად.
9. მოსარჩელეები აგრეთვე მიუთითებენ, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების პროცედურა, ხოლო შემდეგ ამ საკითხზე სასამართლო განხილვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ვადების გათვალისწინებით, შესაძლოა გაჭიანურდეს 22 თვემდე, რა დროის განმავლობაშიც თავშესაფრის მაძიებელს სრულად ეზღუდება ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ პუნქტებით განსაზღვრული წესი წარმოადგენს მათი გადაადგილების თავისუფლებაში არამართლზომიერ, გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის „აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმები ადგენს უცხოელის ვალდებულებას, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში, ხოლო თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მიღებისთანავე უფლებამოსილ თანამდებობის პირს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი. ამდენად აშკარაა, რომ სადავო ნორმები ადგენენ საქართველოს ტერიტორიის დატოვების აკრძალვას როგორც საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის წინაპირობას.
3. ზოგადად, ამა თუ იმ უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის რეალიზებისათვის გარკვეული წინაპირობების დადგენა, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა უფლებით დაცულ სფეროზე. გარკვეული უფლების რეალიზება შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შეზღუდვასთან. თითოეულ მსგავს შემთხევაში კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს რომელი უფლების დაცული სფეროსკენ არის მიმართული სადავო ნორმით დადგენილი წესი. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით ბაჟის დაწესებას, აშკარაა, რომ ხსენებული რეგულაცია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვისკენ მიმართული ღონისძიებაა და არ მიემართება საკუთრების უფლებას, თუნდაც დავა საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდეს.
4. სადავო ნორმები საქართველოს მიერ უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის მარეგულირებელი წესის ნაწილია. გასაჩივრებული რეგულაცია საქართველოს ტერიტორიის დატოვების შეზღუდვას ადგენს მხოლოდ საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადების განხილვის განმავლობაში და პირდაპირ უკავშირდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღნიშნული განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს. თავშესაფრის მაძიებელს ნებისმერ დროს შეუძლია, უარი თქვას თავშესაფრის მოთხოვნაზე და დატოვოს საქართველოს ტერიტორია. აღნიშნულ შესაძლებლობაზე მიუთითებს, ერთი მხრივ, თავად სადავო ნორმა, რომლის თანახმადაც, განმცხადებელს სამგზავრო დოკუმენტები უბრუნდება მის მიერ განცხადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომელიც თავშესაფრის მაძიებლის მიერ ქვეყნის დატოვების სამართლებრივ შედეგად განსაზღვრავს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტას. ამდენად, სადავო ნორმა ადგენს არა თავისთავად საქართველოს ტერიტორიის დატოვების შეზღუდვას, არამედ საქართველოში ყოფნას განსაზღვრავს განცხადების განხილვის წინაპირობად.
5. ამდენად, აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნები მიემართება არა საქართველოს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების უფლებას, არამედ ადგენს თავშესაფრის მიღების წინაპირობას. საქართველოდან გასვლის აკრძალვა თავშესაფრის მოთხოვნის თანმდევი შედეგია, რომელიც წინასწარ ცნობილია თავშესაფრის მაძიებლისთვის. შესაბამისად, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დადგენილი პირობა არის არაგონივრული და დაუსაბუთებლად ზღუდავს მის მიერ თავშესაფრის მიღების შესაძლებლობას, მან სადავო ნორმები იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით უნდა გაასაჩივროს, რომელიც თავშესაფრის მიღების უფლებას ადგენს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ არ არსებობს მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებას შორის. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი N1249 დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1249 (ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეები შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდი და აჰმედ შეჰაბ აჰმედ აჰმედ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი