ირაკლი დოკვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/32/1780 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2023 16:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ირაკლი დოკვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან, მე-9 მუხლთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1780) მომართა ირაკლი დოკვაძემ. №1780 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 21 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.
2. №1780 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ“. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია სასამართლოსათვის მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს მხოლოდ ჰიპოთეზასა და დისპოზიციას და უგულებელყოფს სანქციის საკითხს. მოსარჩელე აღნიშნავს, ყოველმა ადამიანმა, ვისაც ბრალად შეერაცხება სამართლებრივი უმართლობის ჩადენა, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. თუმცა სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგების შემთხვევაში, პირისთვის დაწესებული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური იყოს.
6. მოსარჩელის პოზიციით, დანაშაულის მცდელობა წარმოადგენს დამოუკიდებელ სამართლებრივ დელიქტს, რომლის სამართლებრივი შეფასების შემდეგ, მის ჩამდენს უნდა განესაზღვროს ადეკვატური სასჯელი და არა სადავო ნორმით გათვალისწინებული დასრულებული დანაშაულისათვის განკუთვნილი სასჯელი. მოსარჩელის მითითებით, დამამცირებელ სასჯელად ითვლება ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ადამიანში წარმოშობს შიშის, ტანჯვისა და დამცირების გრძნობას, რომელსაც შეუძლია, გამოიწვიოს მისი უუნარობა და ხელყოს პიროვნების ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა. ამასთანავე, მოსარჩელის მტკიცებით, შეფარდებული სასჯელი მასში იწვევს იმ მორალურ-ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რომელიც მის ცნობიერში აკუმულირდება შიშის, განცდისა და დამცირების ერთობლიობით. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასჯელის ფუნქციაა ობიექტური პასუხი დანაშაულისათვის და არა არარელევანტური, ანუ დამამცირებელი სასჯელი, რაც, ამ შემთხვევაში, ხორციელდება დანაშაულის მცდელობის დამთავრებულ დანაშაულად შერაცხვის გზით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის №1/2/541 განჩინება საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. განსახილველ შემთხვევაში, №1780 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია ფიზიკური პირი, რომელიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს მიღმა. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1780 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 მუხლის მე-2 ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობას, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
7. №1780 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 მუხლის მე-2 ნაწილს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით“. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია უმთავრესად უკავშირდება იმის დასაბუთებას, რომ სადავო ნორმა ქმნის საფუძველს, პირს დანაშაულის მცდელობა შეერაცხოს, როგორც დამთავრებული დანაშაული.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო სივრცის ფორმირების პროცესში კანონმდებელმა შესაძლებელია, მიმართოს სამართლებრივი ტექნიკის სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის, გადაწყვიტოს/განსაზღვროს დამთავრებული/დაუმთავრებელი დანაშაულის და დანაშაულის მცდელობის დეფინიცია. აღნიშნული საკითხის მოწესრიგება ექცევა კანონმდებლის მიხედულების სფეროში. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ პოზიციას, რომლის თანახმად, დანაშაულის მცდელობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა, დამთავრებული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დანაშაულის მცდელობაზე მითითებით, თავისთავად, აღნიშნული მოწესრიგების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს.
9. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს მისი უფლების დარღვევაზე და არა, განყენებულად, დანაშაულის დეფინიციის მართებულობასა თუ მიზანშეწონილობაზე. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 მუხლის მე-2 ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტული დანაშაულის მცდელობისთვის განსაზღვრული კონკრეტული სასჯელის ზომა, აშკარად არაგონივრული და არაპროპორციულია. აღნიშნულისგან განსხვავებით, კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა მოსარჩელის პოზიციას, თუ რატომ ეწინააღმდეგება სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს და მე-13 მუხლის პირველ პუნქტს.
10. ამავდროულად, სადავო ნორმა წარმოადგენს დანაშაულის მცდელობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მატერიალურ საფუძველს და იგი არ განსაზღვრავს, სასამართლოსადმი მიმართვისა თუ სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას, რაიმე ეტაპზე გამოსაყენებელ საპროცესო წესს. სადავო ნორმის საფუძველზე, არ ხდება უფლების ან/და კანონიერი ინტერესის დასაცავად, საპროცესო უფლების შეზღუდვა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს შორის.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1780 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1780 კონსტიტუციური სარჩელი („ირაკლი დოკვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში