ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/5/1792 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2023 12:24 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; ბ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 18 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1792) მომართა ნიკოლოზ თომასიანმა. №1792 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 22 აგვისტოს. №1792 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.
2. №1792 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია იმ საფასურების ჩამონათვალი, რომელიც დაწესებულია მაცნეს კონკრეტული მომსახურებისათვის. აღნიშნული პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია მაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობის (გარდა საკანონმდებლო აქტებისა), აგრეთვე თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდების საფასური, რომლის ოდენობები გაწერილია ამავე ბრძანების დანართი №1-ის 1.2 ცხრილით. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარეს ანიჭებს უფლებამოსილებას, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისგან გაათავისუფლოს ფიზიკური პირი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულია ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ამ უფლების შეზღუდვის წესს.
5. №1792 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, ნორმატიული აქტი იურიდიულ ძალას იძენს მისი ოფიციალური გამოქვეყნების შედეგად. ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება კი ხდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (შემდგომში საკანონმდებლო მაცნე). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს. მაშასადამე, საკანონმდებლო მაცნეა ის სივრცე, სადაც ნორმატიული აქტების ოფიციალური, მათ შორის, სისტემატიზებული ვერსიებია განთავსებული.
6. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის პირობებში, პირს არ აქვს შესაძლებლობა, საფასურის გადახდის გარეშე გაეცნოს სხვადასხვა ნორმატიული აქტების საბოლოო, კონსოლიდირებულ ვერსიებს. ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიების გაცნობა კი, როგორც წესი, საკმარისი არ არის ამ აქტებით დადგენილი მოთხოვნების გასაგებად, ვინაიდან კანონშემოქმედებითი პროცესის დინამიკური ბუნებიდან გამომდინარე, მათში ხშირად შედის ცვლილება, იურიდიული ძალა კი ნორმატიული აქტის სწორედ საბოლოო რედაქციას ენიჭება.
7. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან შეზღუდვა ეხება ნორმატიული აქტების ფართო სპექტრს, შესაბამისად, სადავო საფასურის არსებობის პირობებში, პირს ერთმევა შესაძლებლობა თავისუფლად გაეცნოს და საკუთარი ქმედება შეუსაბამოს სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებში დადგენილ წესებს, რაც მას ხელს უშლის მთელი რიგი უფლებების ეფექტიან დაცვასა და რეალიზებაში.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფოს ავალდებულებს უზრუნველყოს ყველა პირის უფლება, ყოველგვარი დაბრკოლებისა და შეფერხების გარეშე მიიღოს ინფორმაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან. თუ პირს არ ექნება ნორმატიული აქტების საბოლოო, კონსოლიდირებულ ვერსიებზე თავისუფალი წვდომა, იგი ამ ინფორმაციის გარეშე ვერ შეძლებს, ვერც თავისუფალი აზრის ჩამოყალიბებას და ვერც საკუთარი ქცევის კანონშესაბამისობის განსაზღვრას, რაც საბოლოო ჯამში, მისთვის შეუძლებელს გახდის საკუთარი უფლებების სრულყოფილ დაცვას.
9. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, საკანონმდებლო მაცნეს, გარდა ნორმატიული აქტის გაცნობის საფასურისა, ასევე დაწესებული აქვს ამ აქტის გამოქვეყნების საფასური და ის, ფაქტობრივად ორმაგ დაფინანსებას იღებს გაწეული მომსახურებისთვის. ამ პირობებში, მოსარჩელისთვის განსაკუთრებით გაუგებარია, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ნორმატიული აქტის გაცნობისთვის საფასურის დაწესება, როდესაც მისი გამოქვეყნების საფასური უკვე გადახდილია შესაბამისი ორგანოს მიერ. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზნებზე, რომელთა საფუძველზეც, დასაშვებია ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა და განმარტავს, რომ სადავო შეზღუდვა არ ემსახურება რომელიმე მათგანის მიღწევას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ასკვნის, რომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას გაამართლებდა, რის გამოც, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმებით საკანონმდებლო მაცნეზე განთავსებული ნორმატიული აქტების კონსოლიდირებული ვერსიების გაცნობისთვის საფასურის დაწესება ეწინააღმდეგება, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებას.
11. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს რა საჯარო დაწესებულებებში არსებული ოფიციალური დოკუმენტების საზოგადოებისთვის გაცნობის ვალდებულებას, მიზნად ისახავს სახელმწიფოში ღია მმართველობის დამკვიდრებას და მოსახლეობის წინაშე საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებას. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ინფორმირებული, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე. ამდენად, ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით, საფრთხე ექმნება საზოგადოების მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში და პირებს ერთმევათ შესაძლებლობა, ეფექტიანი კონტროლი გაუწიონ საჯარო დაწესებულებების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
12. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განმტკიცებული უფლების შეზღუდვა შესაძლებელია კანონის საფუძველზე და მხოლოდ იმ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, რომლებიც თავად კონსტიტუციის ამ დებულებაშია მითითებული. აღნიშნულის საპირისპიროდ, აშკარაა, რომ სადავო ნორმების თანახმად, საჯარო დაწესებულებაში, კერძოდ, საკანონმდებლო მაცნეში დაცული ინფორმაციის (სისტემატიზებული ნორმატიული აქტების (გარდა საკანონმდებლო აქტებისა)) გაცნობისთვის დაწესებული საფასური განისაზღვრება არა კანონით, არამედ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამასთან, მოსარჩელისთვის გაუგებარია საფასურის დაწესების ლეგიტიმური მიზნები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
13. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
14. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილი საფასური პირს აკისრებს ფინანსურ ვალდებულებას. ფინანსური ვალდებულების დაკისრება კი, თავისთავად, საკუთრების უფლებაში ჩარევას წარმოადგენს.
15. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით და მიუთითებს, რომ პარლამენტის მხრიდან აღნიშნული უფლებამოსილების მინისტრზე დელეგირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წესრიგს. კერძოდ, მოსარჩელის პოზიციით, სადავო საფასური თავისი შინაარსით, წარმოადგენს გადასახადს, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონითაა დასაშვები გადასახადის სტრუქტურისა და შემოღების წესის, განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ასკვნის, რომ სისტემატიზებული ნორმატიული აქტის გაცნობის საფასურის არა კანონის, არამედ მინისტრის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრით, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან და შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ჩარევაც არაკონსტიტუციურია.
17. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
18. სადავო ნორმის თანახმად, „მაცნეს თავმჯდომარეს უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისგან გაათავისუფლოს ფიზიკური პირი“.
19. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა, ისევე როგორც ბრძანების სხვა დებულებები, არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ კრიტერიუმს, რომლითაც საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ უნდა იხელმძღვანელოს ფიზიკური პირის საფასურისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. საკითხის ამგვარი მოწესრიგება კი მაცნეს თავმჯდომარეს უტოვებს მოქმედების ფართო არეალს და აჩენს მისი მხრიდან პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის რეალურ საფრთხეს.
20. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა იმგვარადაა ფორმულირებული, რომ შეუძლებელია მისგან მომდინარე დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობის შემოწმება მკაცრი ან რაციონალური დიფერენცირების ტესტის საფუძველზე, რის გამოც, ეს ნორმა იმთავითვე არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს სადავო ნორმის საფუძველზე მისი უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვას, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციის მითითებული უფლებით დაცულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/3/617 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ირაკლი საბანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1792 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესის სადავოდ გამხდარი ნორმა კი ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობის (გარდა საკანონმდებლო აქტებისა), აგრეთვე თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდების საფასურს.
4. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის კონსოლიდირებული ვერსიის გაცნობისთვის დაწესებული საფასური პირს აკისრებს ფინანსურ ვალდებულებას, რითაც ხდება ჩარევა საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში. ჩარევის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო საფასური თავისი ბუნებით წარმოადგენს გადასახადს. გადასახადის დაწესება კი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ კანონით არის შესაძლებელი. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოცემულ შემთხვევაში, საფასური დადგენილია მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, მოსარჩელე ასკვნის, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევა ხდება კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დაუცველად, რაც ამ უფლების დარღვევას განაპირობებს.
5. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელეს მოეთხოვება, მოიყვანოს არგუმენტები იმ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც იგი ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. იმისათვის, რომ იდავოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დარღვევაზე, პირველ რიგში, აუცილებელია, მოსარჩელემ მოახდინოს სადავო ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება. „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, პირის სარჩელის საფუძველზე, მხოლოდ უფლებაშემზღუდველი ნორმები ცნოს არაკონსტიტუციურად. პირი ვერ მოითხოვს, თუნდაც კონსტიტუციით დადგენილი ფორმის დარღვევით მიღებული ისეთი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც მის უფლებას არ ზღუდავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/4/1438 განჩინება საქმეზე „„შპს ლექსიკა“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
6. სადავო ნორმების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ, ზოგადად, საფასური არის ფინანსური ტვირთი, რომლის გადახდაც იწვევს პირის საკუთრების შემცირებას და, აქედან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
7. მოსარჩელის მიერ დასახელებულ არგუმენტთან მიმართებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, საფასურის გადახდის ვალდებულება, რაღაც დოზით, გულისხმობს პირისათვის ფინანსური ტვირთის დაკისრებას, „გარკვეულ მომსახურებაზე საფასურის დადგენა, თავისთავად, საკუთრების უფლების შეზღუდვას არ იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/4/1438 განჩინება საქმეზე „„შპს ლექსიკა“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/10/1533 განჩინება საქმეზე „„შპს ლექსიკა“ და „შპს კომპანია სალუტი SALUTE Company“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). იმისათვის, რათა პირმა მოახდინოს კონკრეტული საფასურიდან მომდინარე შეზღუდვის შესაბამისი კონსტიტუციური უფლების სწორად იდენტიფიცირება, მან ყურადღება უნდა გაამახვილოს, ერთი მხრივ, იმ სამართლებრივი ურთიერთობის სფეროსა და ხასიათზე, რომელთან დაკავშირებითაც ეს საფასურია დადგენილი, ხოლო, მეორე მხრივ, საპასუხო შედეგზე, რომელიც ამ საფასურის გადახდას ან გადაუხდელობას ახლავს თან. ამავე ლოგიკით, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლო დავებზე სახელმწიფოს ბაჟის გადახდის ვალდებულების დადგენის კონსტიტუციურობა შეფასებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განმარტავს, რომ მხოლოდ საფასურზე, როგორც ფინანსურ ტვირთზე მითითება, რომელიც პირმა უნდა გასწიოს კონკრეტული სერვისის მიღების სანაცვლოდ, ვერ გამოდგება აღნიშნულ საფასურით დადგენილ შეზღუდვასა და საკუთრების უფლებას შორის მიმართების წარმოჩენის თვითკმარ საფუძვლად.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე, შეიძინოს და გაასხვისოს ქონებრივი უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, ჰქონდეს ქონება, მათ შორის, მოთხოვნები, ისარგებლოს საკუთრებით და განკარგოს იგი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის N2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, აღნიშნულ უფლებაში ჩარევას, როგორც წესი, ადგილი აქვს ისეთ შემთხვევებში, როდესაც პირს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფლად გამოყენება, განკარგვა ან ქონების შეძენა.
10. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებით დადგენილი საფასური მიემართება მაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობას (გარდა საკანონმდებლო აქტებისა), აგრეთვე თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდებას. მაშასადამე, აღნიშნული საფასურის გადახდის გარეშე, პირი ვერ შეძლებს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გარკვეული ნორმატიული აქტების სისტემატიზებული ვერსიების გაცნობას ან/და თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიღებას.
11. წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში, გარდა საფასურზე, როგორც, ზოგადად, გარკვეული სერვისის სანაცვლოდ პირისათვის დაკისრებულ ფინანსურ ტვირთზე ხაზგასმისა, არ არის წარმოდგენილი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირშია სადავო საფასურით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობა ან მისი გადაუხდელობით დამდგარი შედეგი საკუთრების უფლებით დაცულ სფეროსთან ან/და საკუთრების უფლებით დაცული რომელი უფლებრივი კომპონენტის შეზღუდვას განაპირობებს იგი. არ არის წარმოჩენილი მიმართება საკანონმდებლო მაცნეზე არსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებზე ხელმისაწვდომობასა და საკუთრების უფლების შეზღუდვას შორის. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, უფლების შეზღუდვის დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, პირი ვერ მოითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დაუცველობაზე მითითებით.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, №1792 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
13. №1792 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
14. სადავო ნორმებით, ერთი მხრივ, განსაზღვრულია, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო, მეორე მხრივ, დადგენილია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობისა (გარდა საკანონმდებლო აქტებისა) და თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდების საფასური.
15. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ნორმატიულ აქტებს აქვს ოფიციალური იურიდიული ძალა. თავის მხრივ, საკანონმდებლო მაცნე არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახდენს, მათ შორის, ნორმატიული აქტების სისტემატიზებას. ამდენად, მაცნეში გამოქვეყნებული ნორმატიული აქტები წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებს. სადავო ნორმების თანახმად კი, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ნორმატიული აქტების საბოლოო, კონსოლიდირებული ვერსიების გაცნობისათვის დაწესებულია გარკვეული საფასური, რაც პირს უზღუდავს ამ დოკუმენტებზე და, შესაბამისად, მათში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა კონსტიტუციური უფლებების დაცული სფეროს ფარგლების სწორად იდენტიფიცირებისა და ერთმანეთისაგან გამიჯვნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის №2/11/663 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-15-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებს შორის არსებული შინაარსობრივი ურთიერთკავშირის მიუხედავად, ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროებთან მიმართების დადგენა საჭიროებს ინდივიდუალურ შეფასებას კონკრეტული უფლების შინაარსისა და ფარგლების გათვალისწინებით. ამ მხრივ, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები, გარკვეულწილად, ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პირის უფლებას, „ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დატანილ ნებისმიერ ინფორმაციაზე“, იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5). სწორედ აღნიშნული უფლების ყურადღების ცენტრშია „სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით ოფიციალური წყაროებიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია, ზოგადად, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება იცავს „ადამიანის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს საკუთარი აზრი, საგანგებოდ იცავს აზრისა და ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
18. მაშასადამე, ზოგადად, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი, ხოლო კონკრეტულად, საჯარო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით.
19. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე მხარე საკუთარ არგუმენტებს აყალიბებს როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2, ისე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, თუმცა №1792 კონსტიტუციური სარჩელის ანალიზიდან ცალსახად იკვეთება, რომ პირის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს უფასო წვდომის შესაძლებლობა ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის სახით დაცულია საჯარო დაწესებულებაში. აღნიშნული სპეციფიკური ინფორმაციის მოთხოვნის უფლება კი, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის სპეციალური ნორმით, კერძოდ, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით არის გარანტირებული.
20. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ერთი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გასაჩივრებულ სადავო ნორმას, შესაძლოა, მიმართება ჰქონდეს ერთდროულად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტებთან, თუმცა წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიღმა, კერძოდ, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში განხილვის საჭიროებას წარმოაჩენდა.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1792 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
22. №1792 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
23. სადავო ნორმის თანახმად, მაცნეს მომსახურების საფასურებს განეკუთვნება მაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობის (გარდა საკანონმდებლო აქტებისა), აგრეთვე თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდების საფასური (დანართი №1-ის 1.2 ცხრილით).
24. აშკარაა, რომ სადავო ნორმა ადგენს ორი სხვადასხვა მომსახურების საფასურს, კერძოდ, სადავო ნორმით, საფასური დადგენილია, ერთი მხრივ, მაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობისათვის (გარდა საკანონმდებლო აქტებისა), ხოლო, მეორე მხრივ, პირისთვის თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდებისათვის.
25. №1792 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის შემდგომ, მისი საბოლოო, კონსოლიდირებული ვერსიის გაცნობისთვის საფასურის დაწესება.
26. „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებით დამტკიცებული „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია გულისხმობს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვას იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და მისი ტექსტის საბოლოო მდგომარეობაში მოყვანას.
27. ამდენად, ნათელია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიემართება იმ საფასურის არაკონსტიტუციურობის მტკიცებას, რომელიც დაწესებულია მაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობისთვის. ხოლო, რაც შეეხება თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდების საფასურს, აღნიშნული საფასურის არაკონსტიტუციურობასთან მიმართებით, №1792 კონსტიტუციურ სარჩელში არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „აგრეთვე თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდების საფასური (დანართი №1-ის 1.2 ცხრილით);“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1792 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1792 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1792 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „მაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობის (გარდა საკანონმდებლო აქტებისა),“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1792 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „აგრეთვე თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდების საფასური (დანართი №1-ის 1.2 ცხრილით);“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში