"შპს საგა იმპექსი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/20/1293 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 4 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ოქტომბერი 2018 17:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „შპს საგა იმპექსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 251 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1293) მომართა „შპს საგა იმპექსმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 19 იანვარს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 4 ოქტომბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ამავე კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო, „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას, ხოლო 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელსაც გაფორმებული აქვს არაერთი ხელშეკრულება სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან. მოსარჩელის აზრით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესახებ დავების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა მნიშვნელოვნად ცვლის მხარეთა მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის პროცესუალურ წესებს და შესაძლო გადაწყვეტილებას.
6. №1293 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება განიმარტება როგორც საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდებოდა კონკრეტული უფლებამოსილების განხორციელების საჯარო მიზანი, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად განსაზღვროს ხელშეკრულების მიზანი. იმავდროულად, ხელშეკრულების დადებისას მეორე მხარისთვის სრულიად უმნიშვნელოა, თუ რა მიზანს ემსახურება იგი.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, იდენტურ საკითხზე ხელშეკრულების დადებისას თავად გადაწყვიტოს, თუ რომელი სამართალწარმოების წესით მოხდება შემდგომში სასამართლო განხილვა. ამგვარი მოწესრიგება კი ხელშეკრულების მეორე მხარეს ართმევს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობას, იქმნება სასამართლო დავის შეუსაბამო სამართალწარმოების, კერძოდ, ადმინისტრაციული წესით განხილვის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
8. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არის დისკრიმინაციული ხასიათის, ვინაიდან მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ბუნდოვანი ნორმების საფუძველზე, გადაწყვიტოს სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების მიზანი და, ამდენად, უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენოს ამ ხელშეკრულების მეორე მხარე. შესაბამისად, სადავო ნორმები არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოს და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოსთან დებს ხელშეკრულებას. აღნიშნული მოპყრობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან არ არსებობს რაიმე ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა სადავო ნორმებით დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებსაც უნდა შეეხებოდეს და ადასტურებდეს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №1293 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 251 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. სადაო ნორმების თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული დავის ადმინისტრაციული წესით განხილვა უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, პირები, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოსთან დებენ ხელშეკრულებას, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული თავად ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ... ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულია პირებს შორის თანასწორობის უფლება კანონის წინაშე, რაც გამორიცხავს სახელმწიფოსა და პირების შესადარებელ ჯგუფად განხილვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანი არ არის ინდივიდების და სახელმწიფოს თანასწორობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხება სადავო ნორმების დისკრიმინაციულად მიჩნევას მისი და ადმინისტრაციული ორგანოს შესადარებელ ჯგუფად განხილვის საფუძველზე, ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების შინაარსის არასწორ აღქმას.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 251 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, №1293 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტაზე სასამართლოს განსჯადობას. შესაბამისად, მან უნდა წარმოადგინოს სათანადო არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, თუ რატომ არის ხსენებული დავების ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ განხილვა კონსტიტუციის საწინააღმდეგო.
7. სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციასა და კომპეტენციებთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 თავი. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით“, ხოლო 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართლმსაჯულებას საერთო სასამართლოები ახორციელებენ. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია არ მიუთითებს მართლმსაჯულების განხორციელების ამა თუ იმ ფორმებზე (მათ შორის სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების გადაწყვეტაზე) საერთო სასამართლოების სისტემის რომელიმე სეგმენტის ექსკლუზიურ კომპეტენციაზე. „საქართველოს კონსტიტუცია თავად არ ახდენს საერთო სასამართლოების სისტემის მართლმსაჯულების განმახორციელებელ სასამართლო ორგანოთა სპეციალიზაციის ან მათ შორის იერარქიის განსაზღვრას. აღნიშნული საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილებას საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოების სისტემა დადგენილია ორგანული კანონით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
8. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ქმნის გარანტიას, რომ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა მოხდება საერთო სასამართლოების მიერ. თუმცა, ამავე დროს, კანონმდებელს მიანდობს ამა თუ იმ ტიპის დავაზე საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალ სუბიექტებს შორის განსჯადობის გამიჯვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი არგუმენტაციიდან არ საბუთდება, რომ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავებზე სამოქალაქო სასამართლოს განსჯადობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას წარმოადგენს.
9. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, №1293 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 251 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის,31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1293 („„შპს საგა იმპექსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი