ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/10/1334 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 6 დეკემბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 დეკემბერი 2018 20:13 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის” 127 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და 41-ე მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1334) მომართა ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ“. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 20 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 6 დეკემბერს.
2. №1334 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოსიუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის 127 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
5. №1334 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან ტარდება დახურულ სხდომაზე. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს ერთმევათ შესაძლებლობა, დაესწრონ სხდომას და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წარსდგა მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი საბჭოს წინაშე, რა კითხვები დაისვა სხდომის მიმდინარეობისას და რა იყო კანდიდატთა პასუხები. ამასთან, მხარისათვის ხელმიუწვდომელია სხდომის შედეგად შექმნილი ოფიციალური ინფორმაცია, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ინფორმაციის მიღების თავისუფლება მოიაზრებს ინფორმაციის მიღების პირველწყაროზე, კერძოდ მისი შექმნის პროცესზე ხელმისაწვდომობასაც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით დაცული ინფორმაციის მიღების თავისუფლება გულისხმობს ასევე იუსტიციის საბჭოს იმ სხდომებზე წვდომის თავისუფლებასაც, რომელზეც ხდება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ასევე ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ კანონით მოწესრიგების ფორმალურ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგად კომპეტენციებს, რომელთა შორისაცაა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურის განსაზღვრა, არც აღნიშნული და არც სხვა საკანონმდებლო აქტით დადგენილი არ არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება - შეზღუდოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ამგვარად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონმდებელს არ მოუხდენია ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის კომპეტენციის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დელეგირება და, რამდენადაც სადავო კანონქვემდებარე აქტით საბჭო აწესებს ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვას, ირღვევა კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნა.
7. მოსარჩელის მითითებით, იმის მიუხედავად, სასამართლო გაიზიარებს თუ არა მის პოზიციას, სადავო ნორმის ფორმალური კანონიერების დარღვევასთან მიმართებით, გასაჩივრებული ნორმა მაინც არაკონსტიტუციურია, რამდენადაც ის ასევე ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების მოთხოვნას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, ზოგადად, ინფორმაციის თავისუფლების უფლება შესაძლოა შეიზღუდოს ღირებული მიზნის მისაღწევად. ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, იარსებებს ასეთი ლეგიტიმური მიზანი, კერძოდ, მოსამართლეობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დაცვა. თუმცა, მოსარჩელის პოზიციით, ასეთი ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებშიც, სადავო ნორმის ბლანკეტურობიდან გამომდინარე, დადგენილი მოწესრიგება არ არის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, ზოგადად, სხდომა უნდა იყოს საჯარო და მისი დახურვა, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შეიძლება მხოლოდ შესაბამისი გარემოებების არსებობისას. ხსენებული არგუმენტაციისა და საჯარო ინფორმაციის მნიშვნელობაზე მითითებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
8. №1334 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ასევე არაკონსტიტუციურადაა მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ეს კონსტიტუციური დებულება, გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, იცავს ინფორმაციის პროაქტიულად მოთხოვნის უფლებასაც და რამდენადაც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასწრება წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს, ხსენებული ინფორმაცია არსებითია გამოხატვის თავისუფლებისთვის. ამგვარად, მოსარჩელე მხარე ზემოთ მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით.
9. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1334 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1334 კონსტიტუციური სარჩელი („ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი