საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do1/1/1334 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ევა გოცირიძე |
თარიღი | 28 თებერვალი 2019 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის N1/1/1334 განჩინებასთან დაკავშირებით
1. 2019 წლის 28 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიაში საქმის - „ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1334)- არსებითი განხილვისას, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლო კოლეგიას და მოითხოვა ჩემი აცილება. მისი განმარტებით, მათ მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს №1/308 გადაწყვეტილება, მართალია, მიღებული იყო 2009 წლის 9 ოქტომბერს, თუმცა უშუალოდ სადავო ნორმა დასახელებულ აქტს დაემატა შემდგომ, კერძოდ, 2014 წლის 24 სექტემბერს შესული ცვლილების შედეგად. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, იმ დროისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და შესაძლოა, მას უშუალოდ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა სადავო ნორმის მიღების პროცესში. საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარის - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ნამდვილად ვმონაწილეობდი როგორც სადავო ნორმის განხილვის, ისე გადაწყვეტილების მისაღებად გამართულ კენჭისყრის პროცესში. შესაბამისად, მან მხარი დაუჭირა მოსარჩელის შუამდგომლობას მოსამართლის აცილების საკითხზე. თავის მხრივ, სასამართლო პროცესზე თავადაც დავადასტურე აღნიშნული გარემოება და ამასთან, განვაცხადე, რომ მოსარჩელე მხარის ეჭვს ჩემი მიუკერძოებლობის თაობაზე გააჩნდა ობიექტური საფუძველი, რა დროსაც გადამწყვეტი ვეღარ იქნებოდა ის გარემოება, რომ სუბიექტური თვალსაზრისით, არ ვიყავი მიკერძოებული და დაინტერესებული საქმის შედეგით.
2. სასამართლო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა აცილების შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ მოსამართლის მიერ წარსულში კოლეგიური ორგანოს რომელიმე, მათ შორის, სადავო აქტის მიღებაში მონაწილეობა თავისთავად, ვერ გამოდგებოდა მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების საფუძვლად.
3. კოლეგიის ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები შემდეგი მოსაზრებების გამო:
ა) სასამართლომ, ფაქტობრივად, საკითხი გადაწყვიტა მოსამართლის სუბიექტური მიუკერძოებლობის ჭრილში. კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებაზე მიმანიშნებელი რაიმე საფუძველი, და რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმის შეფასებას, გააჩნდა თუ არა მოსამართლეს იმგვარი სუბიექტური გრძნობები, რომელთა დათრგუნვა და უარყოფაც, მისი ადამიანური ბუნების გათვალისწინებით, არ შეეძლო. იგი დაეყრდნო ჩემს განცხადებას, რომ წარსულში სადავო აქტის მიღებაში მონაწილეობა გავლენას ვერ მოახდენდა ჩემი მხრიდან სადავო აქტის მიუკერძოებელ და ობიექტურ შეფასებაზე. კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ საზოგადოდ, მოსამართლის მიმართ, რომელსაც კონსტიტუციის შესაბამისად ევალება იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, მოქმედებდა ვარაუდი თუ მოლოდინი, რომ იგი საქმიანობას განახორციელებდა მაღალი პროფესიონალიზმით, რაც, პირველ რიგში, სწორედ სუბიექტური განცდებისა თუ დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებასა და მხოლოდ კონსტუტუციის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტას გულისხმობდა.
ბ) სასამართლომ არ გამოიყენა ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი. განსახილველი საქმის მიმართ მოსამართლის მხოლოდ სუბიექტური დამოკიდებულების შეფასების საფუძველზე მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა არ მიმაჩნია სწორად. საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და მისი სუბიექტური მიკერძოება რომელიმე მხარის მიმართ ყოველთვის იოლი დასამტკიცებელი არ არის მხარის მიერ, ვინც მოსამართლის აცილების შუამდგომლობას აყენებს. სწორედ ამიტომ, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოსამართლის სუბიექტური მიკერძოება დადასტურებული არ არის, არ ან ვერ მტკიცდება, დამატებით უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი. ეს იმას გულისხმობს, რომ მოსამართლის აცილების საფუძველი მაშინაც არსებობს, როდესაც სახეზეა ესა თუ ის გარემოება, რომელიც მხარის ეჭვს სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ ობიექტურ საფუძველს უქმნის. ასეთ დროს მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, არის თუ არა მოსამართლე მართლაც მიკერძოებული სუბიექტურად. მთავარია, არსებობდეს რაიმე ობიექტური, ფაქტობრივი გარემოება, რომლის საფუძველზე მხარის ეჭვის წარმოშობა შეიძლება გამართლებული, ლოგიკური იყოს. სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი იმის შემოწმებას გულისხმობს, უზრუნველყოფილია თუ არა საკმარისი გარანტიები ამ მიმართებით მოსამართლის წინააღმდეგ ეჭვების გამოსარიცხად. როდესაც მოსამართლის მიუკერძოებლობის თაობაზე არსებობს „ლეგიტიმური ეჭვები“, მოსამართლე უნდა ჩამოსცილდეს საქმის განხილვას. როდესაც ეჭვი ლეგიტიმურია, მხარე არ არის ვალდებული, ირწმუნოს მოსამართლის მიუკერძოებლობა მხოლოდ მისი განცხადებისა თუ დაპირების საფუძველზე, რომ მიუკერძოებელი იქნება. სწორედ ამ გზით ხდება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საჩინარობის პრინციპის უზრუნველყოფა.
გ) მოცემულ შემთხვევაში ასეთ გარემოებას წარმოადგენდა მოსამართლის მიერ სადავო ნორმის განხილვასა და მიღებაში მონაწილეობა. მნიშვნელობა არა აქვს იმას, დაუჭირა თუ არა მოსამართლემ თავის დროზე მხარი სადავო ნორმის მიღებას. ორივე შემთხვევაში მხარეთა ეჭვის წარმოშობის საფუძველი არსებობს. სადავო ნორმის მხარდაჭერის შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს, ლოგიკურად, შეუძლია ივარაუდოს, რომ მოსამართლე იმისკენ იქნება მიდრეკილი, არ დადასტურდეს ნორმის არაკონსტიტუციურობა, რომელსაც ოდესღაც მხარი დაუჭირა. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი პირიქით: მოპასუხე მხარეს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ მოსამართლე მიდრეკილი იქნება იმისკენ, დადასტურდეს ნორმის არაკონსტიტუციურობა, რომელსაც არც მანამდე უჭერდა მხარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიას უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ევა გოცირიძე