ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/1334 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 28 თებერვალი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 თებერვალი 2019 16:03 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ.
განსახილველი საკითხი: საქმეზე „ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1334) მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2019 წლის 28 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას საქმეზე „ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1334) შუამდგომლობით მომართა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ და მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ევა გოცირიძის აცილება.
2. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მათ მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს №1/308 გადაწყვეტილება, მართალია, მიღებულია 2009 წლის 9 ოქტომბერს, თუმცა უშუალოდ სადავო ნორმა დასახელებულ აქტს დაემატა მასში 2014 წლის 24 სექტემბერს შესული ცვლილების შედეგად. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ამ დროისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და შესაძლოა, მას უშუალოდ ჰქონოდა მიღებული მონაწილეობა სადავო ნორმის მიღების პროცესში.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მის მიერ დასახელებული გარემოების დადასტურების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ევა გოცირიძის საქმის განხილვაში მონაწილეობა იწვევს ეჭვს მის მიუკერძოებლობაში. ამდენად, არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის საქმის განხილვაში მონაწილეობიდან აცილების საფუძველი.
4. მოპასუხის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სადავო ნორმის მიღების დროს, კერძოდ, 2014 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე ნამდვილად იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მას უშუალოდ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა სადავო ნორმის მიღების პროცესში როგორც მისი განხილვის, ისე კენჭისყრის ეტაპზე. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებით, განსახილველი საქმის ფარგლებში არსებობს გარემოება, რომელიც ობიექტური დამკვირვებლისთვის წარმოადგენს კონკრეტული მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. შედეგად, ის დაეთანხმა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობას.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ევა გოცირიძის განმარტებით, ის სუბიექტური თვალსაზრისით მიიჩნევს, რომ არ არსებობს მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. თუმცა, იმავდროულად, სასამართლოს წევრმა მიუთითა, რომ სუბიექტური ფაქტორის მიუხედავად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები საზოგადოებისთვის შესაძლოა, ნამდვილად იწვევდეს ეჭვს მის საქმის მიმართ მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის იზიარებს და ეთანხმება მოსარჩელე მხარის შუამდგომლობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის აცილების შესაძლებლობას, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა დადასტურების დროსაც უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილება. ეს საფუძვლებია - მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება საქმის შედეგით და ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.
2. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ის გარემოება, რომ მოსამართლე ევა გოცირიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისას მონაწილეობა აქვს მიღებული სადავო აქტის მიღებაში, ქმნის მისი აცილების საფუძველს. ამავე დროს, მას არ მიუთითებია რაიმე დამატებით გარემოებაზე, რომელიც გააჩენდა ეჭვს მოსამართლე ევა გოცირიძის მიუკერძოებლობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, სადავო აქტის მიღებაში მონაწილეობა, თავისთავად, რამდენად შეიძლება გახდეს მოსამართლის აცილების წინაპირობა.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში საქმეს განიხილავს ის მოსამართლე, რომელიც წარსულში პარლამენტის წევრის სტატუსით მონაწილეობდა ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტის მიღებაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მოსამართლეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ევალება იყოს მის საქმიანობაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქმედებდეს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად. ამგვარად, მაღალი პასუხისმგებლობის განმახორციელებელი პირების მიმართ მოქმედებს ვარაუდი, მოლოდინი, რომ ისინი საქმიანობას განახორციელებენ მაღალი პროფესიონალიზმით, რაც, პირველ რიგში, სწორედ სუბიექტური განცდებისა თუ დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებას, და საქმის შეფასებასა თუ გადაწყვეტას გულისხმობს კონსტიტუციის საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის №3/7/679 განჩინება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარსულში კოლეგიური ორგანოს მიერ რომელიმე, მათ შორის, სადავო აქტის მიღებაში მონაწილეობა, თავისთავად, ვერ გამოდგება მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების საფუძვლად.
4. გარდა ამისა, მოსამართლის საქმის განხილვიდან აცილების საკითხის გადაწყვეტისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად მის აღქმას, დამოკიდებულებას საქმისა თუ რომელიმე მხარის მიმართ. გააჩნია თუ არა ამ უკანასკნელს იმგვარი სუბიექტური გრძნობები, რომელთა დათრგუნვა და უარყოფაც, მისი ადამიანური ბუნების გათვალისწინებით, არ შეუძლია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე მიუთითებს, იგი მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას იქნება ობიექტური და წარსულში სადავო აქტის მიღებაში მონაწილეობა გავლენას არ მოახდენს მის მიუკერძოებლობაზე. მოსამართლე ევა გოცირიძე შუამდგომლობის დაკმაყოფილებას მხარს უჭერს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მის მიერ მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობა უარყოფითად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან და გააჩენს ეჭვებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიუკერძოებლობის შესახებ. ხსენებული მსჯელობა ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. სასამართლოს პრაქტიკა ნათლად წარმოაჩენს, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ წარსულში ამა თუ იმ აქტის მიღებაში მონაწილეობა, თავისთავად, არ განაპირობებს მოსამართლის და სასამართლოს მიკერძოებულად აღქმას.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ევა გოცირიძის აცილების საფუძველი. კერძოდ, მის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სადავო აქტის მიღებაში მონაწილეობა, ისევე როგორც თავად მოსამართლის სუბიექტური დამოკიდებულება აღნიშნული გარემოებების მიმართ, არ წარმოშობს დასაბუთებულ ეჭვს მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ევა გოცირიძის აცილების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე „ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1334) მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას დაერთოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი.
4. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე №1/1/1334 სარჩელთან დაკავშირებით
1. 2019 წლის 28 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიაში საქმის - „ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1334)- არსებითი განხილვისას, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლო კოლეგიას და მოითხოვა ჩემი აცილება. მისი განმარტებით, მათ მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს №1/308 გადაწყვეტილება, მართალია, მიღებული იყო 2009 წლის 9 ოქტომბერს, თუმცა უშუალოდ სადავო ნორმა დასახელებულ აქტს დაემატა შემდგომ, კერძოდ, 2014 წლის 24 სექტემბერს შესული ცვლილების შედეგად. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, იმ დროისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და შესაძლოა, მას უშუალოდ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა სადავო ნორმის მიღების პროცესში. საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარის - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ნამდვილად ვმონაწილეობდი როგორც სადავო ნორმის განხილვის, ისე გადაწყვეტილების მისაღებად გამართულ კენჭისყრის პროცესში. შესაბამისად, მან მხარი დაუჭირა მოსარჩელის შუამდგომლობას მოსამართლის აცილების საკითხზე. თავის მხრივ, სასამართლო პროცესზე თავადაც დავადასტურე აღნიშნული გარემოება და ამასთან, განვაცხადე, რომ მოსარჩელე მხარის ეჭვს ჩემი მიუკერძოებლობის თაობაზე გააჩნდა ობიექტური საფუძველი, რა დროსაც გადამწყვეტი ვეღარ იქნებოდა ის გარემოება, რომ სუბიექტური თვალსაზრისით, არ ვიყავი მიკერძოებული და დაინტერესებული საქმის შედეგით.
2. სასამართლო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა აცილების შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ მოსამართლის მიერ წარსულში კოლეგიური ორგანოს რომელიმე, მათ შორის, სადავო აქტის მიღებაში მონაწილეობა თავისთავად, ვერ გამოდგებოდა მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების საფუძვლად.
3. კოლეგიის ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები შემდეგი მოსაზრებების გამო:
ა) სასამართლომ, ფაქტობრივად, საკითხი გადაწყვიტა მოსამართლის სუბიექტური მიუკერძოებლობის ჭრილში. კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებაზე მიმანიშნებელი რაიმე საფუძველი, და რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმის შეფასებას, გააჩნდა თუ არა მოსამართლეს იმგვარი სუბიექტური გრძნობები, რომელთა დათრგუნვა და უარყოფაც, მისი ადამიანური ბუნების გათვალისწინებით, არ შეეძლო. იგი დაეყრდნო ჩემს განცხადებას, რომ წარსულში სადავო აქტის მიღებაში მონაწილეობა გავლენას ვერ მოახდენდა ჩემი მხრიდან სადავო აქტის მიუკერძოებელ და ობიექტურ შეფასებაზე. კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ საზოგადოდ, მოსამართლის მიმართ, რომელსაც კონსტიტუციის შესაბამისად ევალება იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, მოქმედებდა ვარაუდი თუ მოლოდინი, რომ იგი საქმიანობას განახორციელებდა მაღალი პროფესიონალიზმით, რაც, პირველ რიგში, სწორედ სუბიექტური განცდებისა თუ დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებასა და მხოლოდ კონსტუტუციის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტას გულისხმობდა.
ბ) სასამართლომ არ გამოიყენა ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი. განსახილველი საქმის მიმართ მოსამართლის მხოლოდ სუბიექტური დამოკიდებულების შეფასების საფუძველზე მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა არ მიმაჩნია სწორად. საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და მისი სუბიექტური მიკერძოება რომელიმე მხარის მიმართ ყოველთვის იოლი დასამტკიცებელი არ არის მხარის მიერ, ვინც მოსამართლის აცილების შუამდგომლობას აყენებს. სწორედ ამიტომ, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოსამართლის სუბიექტური მიკერძოება დადასტურებული არ არის, არ ან ვერ მტკიცდება, დამატებით უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი. ეს იმას გულისხმობს, რომ მოსამართლის აცილების საფუძველი მაშინაც არსებობს, როდესაც სახეზეა ესა თუ ის გარემოება, რომელიც მხარის ეჭვს სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ ობიექტურ საფუძველს უქმნის. ასეთ დროს მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, არის თუ არა მოსამართლე მართლაც მიკერძოებული სუბიექტურად. მთავარია, არსებობდეს რაიმე ობიექტური, ფაქტობრივი გარემოება, რომლის საფუძველზე მხარის ეჭვის წარმოშობა შეიძლება გამართლებული, ლოგიკური იყოს. სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი იმის შემოწმებას გულისხმობს, უზრუნველყოფილია თუ არა საკმარისი გარანტიები ამ მიმართებით მოსამართლის წინააღმდეგ ეჭვების გამოსარიცხად. როდესაც მოსამართლის მიუკერძოებლობის თაობაზე არსებობს „ლეგიტიმური ეჭვები“, მოსამართლე უნდა ჩამოსცილდეს საქმის განხილვას. როდესაც ეჭვი ლეგიტიმურია, მხარე არ არის ვალდებული, ირწმუნოს მოსამართლის მიუკერძოებლობა მხოლოდ მისი განცხადებისა თუ დაპირების საფუძველზე, რომ მიუკერძოებელი იქნება. სწორედ ამ გზით ხდება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საჩინარობის პრინციპის უზრუნველყოფა.
გ)მოცემულ შემთხვევაში ასეთ გარემოებას წარმოადგენდა მოსამართლის მიერ სადავო ნორმის განხილვასა და მიღებაში მონაწილეობა. მნიშვნელობა არა აქვს იმას, დაუჭირა თუ არა მოსამართლემ თავის დროზე მხარი სადავო ნორმის მიღებას. ორივე შემთხვევაში მხარეთა ეჭვის წარმოშობის საფუძველი არსებობს. სადავო ნორმის მხარდაჭერის შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს, ლოგიკურად, შეუძლია ივარაუდოს, რომ მოსამართლე იმისკენ იქნება მიდრეკილი, არ დადასტურდეს ნორმის არაკონსტიტუციურობა, რომელსაც ოდესღაც მხარი დაუჭირა. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი პირიქით: მოპასუხე მხარეს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ მოსამართლე მიდრეკილი იქნება იმისკენ, დადასტურდეს ნორმის არაკონსტიტუციურობა, რომელსაც არც მანამდე უჭერდა მხარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიას უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ევა გოცირიძე