გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/6/1300 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:21 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის184-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1300) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - გიორგი გულაბერიძემ და ბადრი შუშანიძემ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას განსახილველად გადაეცა 2018 წლის 20 მარტს. №1300 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
2. №1300 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტები, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 184-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“.
5. №1300 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გიორგი გულაბერიძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის მოსამართლე სათადარიგო მოსამართლით შეიცვალა სამჯერ. ამასთანავე, მოსამართლემ გიორგი გულაბერიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც უშუალოდ მისი თავმჯდომარეობით გამართულ სასამართლო განხილვებზე არ ყოფილა გამოკვლეული. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მსგავსი ვითარებაა მოსარჩელე ბადრი შუშანიძის საქმეში. მისი საქმის არსებითი განხილვის მოსამართლე ჩაანაცვლა სათადარიგო მოსამართლემ, ხოლო ამ უკანასკნელმა საქმის განხილვა განაგრძო იმ ეტაპიდან, რომელზეც წინამორბედმა მოსამართლემ შეაჩერა სასამართლო პროცესის მსვლელობა.
6. მოსარჩელეების მოსაზრებით, არაკონსტიტუციურია სსსკ-ის 184-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის განხილვის დაწყების შემდეგ დანიშნული სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვის გაგრძელების შესაძლებლობას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა, სათადარიგო მოსამართლის დანიშვნით, ადგენს მოსამართლის ცვლილებისას საქმის განხილვის ხელახლა დაწყების წესიდან გამონაკლისს. მართალია, გასაჩივრებული დებულება არ ითვალისწინებს სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის კონკრეტულ მომენტს, თუმცა ის უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ არ დაირღვეს სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპი. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა გრძელდება სათადარიგო მოსამართლის მიერ, იგი უნდა დაინიშნოს საქმის განმხილველი მოსამართლისათვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემის პარალელურად. ამდენად, სათადარიგო მოსამართლის სასამართლოს შემადგენლობაში ყოფნა სავალდებულო უნდა იყოს საქმის განხილვის დაწყებისთანავე.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, შემადგენლობის უცვლელობის პრინციპი მჭიდროდაა დაკავშირებული სასამართლოს შემადგენლობის კანონიერებასთან. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, პირის უფლება კომპეტენტურ სასამართლოზე გულისხმობს როგორც სასამართლოს კომპეტენტურობას განსჯადობის მიხედვით, ისე საქმის განმხილველი კონკრეტული სასამართლოს შემადგენლობის კანონიერებას.
8. დამატებით, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა უზრუნველყოფს მტკიცებულებების ზეპირად და უშუალოდ გამოკვლევის პრინციპის რეალიზებას. დასახელებული პრინციპი ემსახურება პროცესის მწარმოებელი პირისა და მხარის მიერ მტკიცებულებების უშუალოდ აღქმასა და გამოკვლევას, აგრეთვე, ხელს უწყობს სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას კონკრეტულ მტკიცებულებებთან და ბრალის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული დებულების მოქმედების პირობებში კი სათადარიგო მოსამართლე არსებითი განხილვის დაწყებისთანავე არ არის ჩართული მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში, რაც, მოსარჩელე მხარის აზრით, მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას იწვევს.
9. მოსარჩელე მხარე სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპს აგრეთვე უკავშირებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უფლებას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა სათადარიგო მოსამართლეს აღჭურავს შესაძლებლობით, განაჩენი დააფუძნოს იმგვარ მტკიცებულებებს, რომლებიც პროცესზე მის მიერ უშუალოდ არ გამოკვლეულა. მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევის გარეშე კი ვერ შეფასდება მათი უტყუარობა, რის გამოც ასეთი მტკიცებულებების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იქნება. ზემოხსენებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სსსკ-ის 184-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-7 პუნქტებს.
10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ანგარიშსა და სამართლებრივ ლიტერატურაში არსებულ მოსაზრებებს.
11. დამატებით, მოსარჩელეები შუამდგომლობენ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადება არ ნიშნავს ამ კანონის საფუძველზე მიღებული სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, არამედ იწვევს მხოლოდ ამ განაჩენის აღსრულების შეჩერებას. ასეთ ვითარებაში კი სადავო ნორმის მოქმედების შენარჩუნებას შესაძლებელია, ბრალდებულ ბადრი შუშანიძის შემთხვევაში მოჰყვეს უკანონო მსჯავრდება, ხოლო მსჯავრდებულ გიორგი გულაბერიძის მიმართ - პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ზემოხსენებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.
2. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას ასაჩივრებს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“. მოსარჩელეები უთითებენ, რომ სათადარიგო მოსამართლის განწესება საქმის განხილვის დაწყების შემდეგ არღვევს სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპს, რაც სასამართლოს შემადგენლობას უკანონოს ხდის. დამატებით, მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვის გაგრძელების ნაკლოვანებებზე, რაც, მათი აზრით, არღვევს მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უფლებებს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ერთმნიშვნელოვნად მიემართება სათადარიგო მოსამართლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ცალკეულ წესებს. სათადარიგო მოსამართლის განწესების ეტაპი, ისევე როგორც მისი უფლება, განაგრძოს საქმის განხილვა და განაჩენის მიღებისას დაეყრდნოს იმგვარ მტკიცებულებებს, რომლებიც უშუალოდ მისი თანდასწრებით არ გამოკვლეულა, სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცედურული საკითხებია. მოსარჩელე მხარის დასაბუთებით, სათადარიგო მოსამართლის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარკვეული პროცედურული ხარვეზებით განხილვა იწვევს მათი სამართლიანი სასამართლოს ცალკეული უფლებრივი კომპონენტების დარღვევას. მხარე არ მიუთითებს, რომ, ზოგადად, სათადარიგო მოსამართლე არ არის უფლებამოსილი, განიხილოს და გადაწყვიტოს ესა თუ ის საქმე. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რატომ არის სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული იურისდიქციის დარღვევა. ამდენად, ცხადია, რომ მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია არა თავისთავად სათადარიგო მოსამართლისათვის პირის განსჯის უფლებამოსილების მინიჭება, არამედ ამ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული პროცედურული საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებას შორის.
4. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, №1300 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსსკ-ის184-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებულია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სსსკ-ის 184-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელეები მიუთითებენ მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევის პრინციპზე და აღნიშნავენ, რომ მათი პროცესუალური უფლების შეზღუდვა - გამოიკვლიონ მტკიცებულებები იმ მოსამართლის წინაშე, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზეა უფლებამოსილი, არღვევს ზემოხსენებულ კონსტიტუციურ დანაწესს.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა, რომლის თანახმად, კანონისა და ადამიანის უფლებათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაუშვებელია პირის სისხლისსამართლებრივი დევნა და მსჯავრდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). დასახელებული კონსტიტუციური დებულების შესაბამისად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას არ გააჩნია იურიდიული ძალა, იმის მიუხედავად, თუ რომელი სუბიექტის მიერ არის იგი მოპოვებული და მტკიცებულების მოპოვების რა ეტაპზე დაარღვია შესაბამისმა ორგანომ კანონმდებლობის მოთხოვნები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
7. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს იმგვარი მტკიცებულების იურიდიული ძალის საკითხს, რომელიც კანონის დარღვევითაა მოპოვებული. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით დადგენილი გარანტია არ შეეხება მტკიცებულების გამოკვლევის უფლებასთან დაკავშირებულ იმ პროცედურულ საკითხებს, რომლებიც, თავის მხრივ, კონსტიტუციის სხვა დებულებებით არის დაცული. კონსტიტუციური სარჩელიდან ცალსახად იკვეთება, რომ მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს სადავო ნორმიდან მომდინარე მტკიცებულების გამოკვლევის უფლების შეზღუდვას და არ უთითებს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობის/გამოყენების საკითხზე. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტს შორის.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1300 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსსკ-ის 184-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1300 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
10. მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი საკონსტიტუციო სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ იგი მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-15). ამასთან, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის №1/1/592 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამასთანავე, უფლების განგრძობადი შეზღუდვის/დარღვევის საფრთხე თავისთავად არ გამოდგება გამოუსწორებელი ზიანის არსებობის დასასაბუთებლად. №1300 კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შენარჩუნებას შესაძლებელია, მოსარჩელეთა მიმართ მოჰყვეს უკანონო მსჯავრდება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა არ გამოიწვევს ამ ნორმის საფუძველზე მიღებული განაჩენის გაუქმებას.
12. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მიდგომას. სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: [...] არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადახედვა და შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მისი გაუქმება. ამიტომ მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ სადავო ნორმის საფუძველზე შესაძლებელია მოხდეს მოსარჩელეთა მსჯავრდება, ვერ გამოდგება მისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის სათანადოდ დასასაბუთებლად. ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელეთა შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1300 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1300 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი