საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/6/854 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 10 თებერვალი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 თებერვალი 2017 13:45 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე,
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი,
მაია კოპალეიშვილი - წევრი,
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების, მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-5 პუნქტების, ასევე მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №854) მიმართა საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაიამ. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 1 ნოემბერს. №854 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 10 თებერვალს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. სადავო ნორმათა ერთი ნაწილი განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს, ასევე მიმართვისა და შესაბამისი განაცხადის შევსების წესს. სადავო ნორმათა მეორე ნაწილით კი, განსაზღვრულია მიზნობრივი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის ცნება, მიზნობრიობა, მისი დანიშვნის წესი, ასევე საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და თავად საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების წესი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. 39-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარემ, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა 2016 წლის 1 სექტემბრის წერილით მას უარი ეთქვა ზემოაღნიშნული მდგომარეობის შეფასებაზე, რადგან განმცხადებელს არ გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც შემოწმების და, შესაბამისად, მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.
6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, იმ სადავო ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს სუბიექტის უფლებას, მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით, უფლების შემზღუდველ ხასიათს ანიჭებს ტერმინ „ოჯახის“ განმარტება, რომელიც მოცემულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში და რომელიც მოიცავს იმგვარი ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრეს, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას და მუდმივად ცხოვრობენ განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე. ამასთან, ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანიც. შესაბამისად, აღნიშნული ნორმები მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესაძლებლობას არ ანიჭებს პირებს, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვთ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენენ უსახლკარო პირებს.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისათვის დადგენილი მოთხოვნის მსგავსად, საარსებო შემწეობის მოთხოვნის უფლება, რაც წარმოადგენს ფულად სოციალურ დახმარებას და განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, აქვს ოჯახს. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ღატაკი ოჯახის ცნება ასევე უკავშირდება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად ცხოვრებას და საარსებო შემწეობის მიღების უფლებამოსილების მქონე პირთა წრიდან ამორიცხავს ამგვარი საცხოვრებლის არმქონე, უსახლკარო პირებს. შესაბამისად, სადავო ნორმებს ამ ნაწილშიც აქვთ უფლების შემზღუდველი ხასიათი მოსარჩელე მხარის მსგავსი პირების მიმართ.
8. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს სადავო ნორმების იმ ნაწილით დადგენილ რეგულირებაზე, რომლის თანახმად, ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დაკარგვისას შეუჩერდება საარსებო შემწეობის მიღების უფლება. ამგვარად, უკვე დანიშნული საარსებო შემწეობის შემდგომში შეჩერების საფუძველი ასევე შესაძლებელია გახდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დაკარგვის ან შეცვლის შემთხვევა, რაც ასევე ზღუდავს მოსარჩელის უფლებებს.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის პირთა შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, პირები/ოჯახები, რომელთაც გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და, მეორე მხრივ, პირები/ოჯახები, რომელთაც ამგვარი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ და არიან უსახლკაროები. აღნიშნულ პირთა თანასწორობის საკითხის შეფასება, მოსარჩელის თქმით, უნდა მოხდეს იმ საჭიროებებთან მიმართებით, რომლის გამოც პირები მიმართავენ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მოთხოვნით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს. ამგვარი რეგისტრაციის, ისევე როგორც შემწეობის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს პირის/ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მათი სიღარიბე. შესაბამისად, მსგავსი პირები საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, გარკვეული სარგებლის მიღებასა და შეღავათებს და, ამ მხრივ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავს მიიჩნევს ასეთი საჭიროების მქონედ, არსებითად თანასწორია, მიუხედავად იმისა, გააჩნია თუ არა მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, პირთა შესადარებელი ჯგუფების მიმართ, რომლებიც არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ, სადავო ნორმები ადგენს განსხვავებულ მოპყრობას როგორც საცხოვრებელი ადგილის, ასევე სოციალური კუთვნილების საფუძველზე. შესაბამისად, მათი კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს შეფასების მკაცრი ტესტის საფუძველზე.
11. მოსარჩელე მხარის მითითებით, კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით სადავო ნორმათა მკაცრი ტესტით შეფასების საჭიროებას ქმნის ასევე პირთა შესადარებელ ჯგუფებს შორის არსებული დიფერენცირების ინტენსივობა. კერძოდ, სადავო ნორმები უსახლკარო პირებს სრულად ამორიცხავენ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღების შესაძლებლობიდან. აღნიშნული ზოგადი წესი ატარებს მუდმივ ხასიათს და არ ითვალისწინებს არანაირ გამონაკლის შემთხვევას, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა სადავო ნორმებით განსაზღვრულ რეგულირებათა გავრცელება უსახლკარო პირებზე.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესაძლებლობიდან უსახლკარო პირთა ამორიცხვის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლებელია წარმოადგენდეს ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელების სირთულე, რაც დაკავშირებულია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონასთან. თუმცა მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალება ვერ ჩაითვლება უფლების შეზღუდვისათვის ყველაზე ნაკლებად ინტენსიურად და, შესაბამისად, ვერ გაამართლებს ჩარევას კანონის წინაშე თანასწორობის უფლებაში. მოსარჩელის პოზიციით, დამატებით გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, უსახლკარო პირთა მხრიდან მიწოდებული მონაცემების საეჭვოობის ხარისხი არ იზრდება მნიშვნელოვნად ან შესაძლებელია საერთოდ არ იზრდებოდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე პირებთან შედარებით.
13. საარსებო შემწეობის გაცემასთან დაკავშირებულ სადავო ნორმათა ლეგიტიმურ მიზანს, მოსარჩელის მტკიცებით, შესაძლებელია წარმოადგენდეს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. საბიუჯეტო სახსრების განკარგვისას სახელმწიფო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა მხოლოდ ამგვარი სახსრების დაზოგვის მიზანი არ შეიძლება დაედოს საფუძვლად ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვას.
14. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ ის შეღავათები და სერვისები, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს უსახლკარო პირთა მიმართ, საარსებო შემწეობისა და სხვა სახის შეღავათების საპირწონედ ვერ ჩაანაცვლებს იმ შესაძლებლობებს, რაც თან ახლავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასა და საარსებო შემწეობის მიღებას.
15. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლს, რადგან სიცოცხლის უფლებაში ჩარევას იწვევს არა მხოლოდ ისეთი სამართლებრივი რეგულირება, რომელიც იწვევს მყისიერ, იმწუთიერ საფრთხეს, არამედ შემთხვევები, როდესაც ნორმის განგრძობად მოქმედებას შეუძლია ფაქტობრივად გამოიწვიოს ამგვარი შედეგი. საარსებო მინიმუმის მიღება იმ პირის მიერ, რომელსაც აქვს ამგვარი საჭიროება და შინაარსობრივად აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის უფლების უზრუნველმყოფ ინსტრუმენტს და დაცულია კონსტიტუციის მე-15 მუხლით. შესაბამისად, სადავო ნორმებით საარსებო მინიმუმის უფლების ჩამორთმევა, გარკვეული დროის ფარგლებში ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.
16. მოსარჩელის მტკიცებით, მე-15 მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელობა არ აქვს შედეგი იმწამიერი ქმედების საფუძველზე დადგა, თუ დროში განვრცობილ ქმედებათა ერთობლიობის შედეგად. თუ სიცოცხლის უფლება შემოფარგლული იქნება მხოლოდ ერთჯერადი აქტების შეფასებით, რომელიც იმწამიერად, ან დროის მცირე პერიოდში ასახვას ჰპოვებს სიცოცხლეზე, კონსტიტუციის მე-15 მუხლის მიზანი ვერ მიიღწევა.
17. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სიცოცხლის უფლება, მართალია, არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, თუმცა აუცილებელია, სახელმწიფოს გააჩნდეს დაუძლეველი ინტერესი, რომელიც გადაწონის ამგვარ ღირებულებას. ადამიანის სიცოცხლის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია გამართლებულ იქნეს სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ან ადმინისტრაციულ სირთულეთა თავიდან არიდების მიზნით.
18. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ასევე ლახავს უსახლკარო პირთა ღირსების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი წარმოადგენს სახელმწიფოსათვის როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ვალდებულების დამდგენ ნორმას, რომელშიც მოიაზრება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ადამიანებს შეუქმნას ცხოვრების ღირსეული პირობები, როდესაც დაკმაყოფილებული იქნება მათი მინიმალური საჭიროებები. სადავო ნორმები კი, აღნიშნულის საპირისპიროდ, ამგვარ საჭიროებათა დაკმაყოფილების შესაძლებლობიდან სრულად ამორიცხავს უსახლკარო პირებს, რომლებიც უმძიმეს სოციალურ პირობებში იმყოფებიან და საცხოვრებლის გარდა ასევე არ გააჩნიათ მატერიალური რესურსი საკვების მოძიებისა თუ სამედიცინო მკურნალობისათვის.
19. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება 39-ე მუხლს, რომლითაც დაცულია ზოგადად სოციალურ უფლებათა კატეგორია - სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დახმარების ან სარგებლის მიღების უფლება იმ ადამიანების მიერ, ვისთვისაც ამგვარი საჭიროება არსებობს. თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტულ სოციალურ დახმარებაზე უფლების შეზღუდვის ინტენსივობა ადამიანს აქცევს სამართლის ობიექტად და ინსტრუმენტად სახელმწიფოს ხელში, ამგვარი უფლების შემზღუდველი ნორმა ასევე ლახავს ადამიანის ღირსების უფლებას. მოსარჩელე მხარის თქმით, სოციალური უფლებები პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით, თუმცა პირდაპირ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან, მათ შორის სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან და უფლებათა დამდგენი საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მონაწილეს საქართველოც წარმოადგენს.
20. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რადგან მოსარჩელე მხარეს ეზღუდება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების არდაშვების გზით. სადავო ნორმათა შემზღუდველი ბუნება შედეგობრივად აისახება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდისგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც, დადგენილი წესით, რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების მეორე ელემენტს - „დაცვის უფლებას“, რადგან კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება სწორედ ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის წევრს, რომელსაც კონკრეტული სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული.
21. მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების კონსტიტუციურობას ეჭვქვეშ აყენებს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმათა შემზღუდველი ბუნება (ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე უარის თქმა და საარსებო შემწეობის მიუღებლობა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონის გამო) შედეგობრივად აისახება საქართველოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში არსებულ იმ რეგულირებებში, რომლებიც მას უფლებას არ ანიჭებს, კანონის საფუძველზე გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებისგან და ასევე სახელმწიფოს ხარჯზე ისარგებლოს იურიდიული დახმარებით.
3. №854 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები, როგორც ზემოთ აღინიშნა, უსახლკარო პირებს ამორიცხავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღების შესაძლებლობიდან. სადავო ნორმები არ არეგულირებენ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის საკითხებს. აღნიშნულზე თავადაც იმსჯელა მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასაბუთებისას, როდესაც მიუთითა სისხლისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის იმ ნორმებზე, რომლებიც დასახელებულ საკითხებს აწესრიგებს. შესაბამისად, აშკარაა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს სადავო ნორმათა შინაარსის არასწორ აღქმას. არგუმენტაცია, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილთან მიმართებით არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება სადავო ნორმების რეალურ შინაარსს.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №854 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება სადავო ნორმათა კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. №854 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №854 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების, მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-5 პუნქტების, ასევე მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით (ტექნიკურად გასწორდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის №1/1-2/854 განჩინებით).
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №854 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების, მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-5 პუნქტების, ასევე მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ტექნიკურად გასწორდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის №1/1-2/854 განჩინებით).
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა