ასლანბეკ დადაევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/1806 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 6 ივნისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 ივნისი 2024 13:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ასლანბეკ დადაევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1806) მომართა ასლანბეკ დადაევმა. №1806 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 29 დეკემბერს. №1806 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 6 ივნისს.
2. №1806 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ „უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს უცხოელისთვის საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის თქმას კონკრეტული საკანონმდებლო საფუძვლის მითითების გარეშე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“.
5. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ასლანბეკ დადაევი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც 2018 წლის 7 ნოემბერს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად, უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ისეთ შემთხვევაში, რომელიც საკუთრივ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით არის განსაზღვრული. კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა, აღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წლის 9 ნოემბერს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) გაასაჩივრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 30 ნოემბრის N MIA 9 18 02898495 გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანს ეცნობა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის №3/8035-18 გადაწყვეტილებით, მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ დასაბუთებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას, რომლის გამოყენებაც მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობასთან შესაბამისი იყო. კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის №3-ბ-3356-18 განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის №3/8035-18 გადაწყვეტილება. თავის მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის ბს-959(კ-21) განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტმა პრაქტიკაში შეიძინა ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომ იგი - რომელშიც ზოგადად მითითებულია „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა“ როგორც უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი - წარმოადგენს უარის თვითკმარ, საკმარის ლეგიტიმურ საფუძველს იმ ნორმის იდენტიფიცირებისა და მოშველიების გარეშე, რომელიც, სადავო ნორმის გაგებით, წარმოადგენს „კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევას“. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმის ამგვარად მოქმედების პირობებში ირღვევა სამართლის წინაშე თანასწორობისა და ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანად განხილვის უფლებები.
7. კერძოდ, გასაჩივრებული წესის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობის წარმოსაჩენად მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ ერთი მხრივ, პირები, რომელთაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი განუსაზღვრელი საფუძვლით, ხოლო მეორე მხრივ - პირები, რომელთაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ ამავე კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის ან მე-11 მუხლის პირველი პუნქტის სხვა ქვეპუნქტების შესაბამისად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული პირთა წრე არსებითად თანასწორია იმ თვალსაზრისით, რომ ორივე მათგანს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე და მათ აქვთ თანაბარი ინტერესი, იყვნენ ინფორმირებულები უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე/იყვნენ დაცული მათ წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილების მიღებისაგან. მისი პოზიციით, ამ თანაბარი ინტერესის მიუხედავად, სადავო ნორმა, განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს პირთა თანასწორ ჯგუფებს და, ერთის მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ზოგად და ბუნდოვან საფუძველს იყენებს, მეორის მიმართ კი ითვალისწინებს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის მითითების ვალდებულებას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, ამგვარი დიფერენცირება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და დისკრიმინაციულია.
8. კონსტიტუციურ სარჩელის ავტორის განმარტებით, სადავო წესის არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ასევე განაპირობებს ის, რომ იგი ადმინისტრაციული ორგანოს აბსოლუტურ და უკონტურო დისკრეციას უქვემდებარებს ერთგვაროვან მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ ადგენს გარანტიებს, რომლებიც ამ დისკრეციულ უფლებამოსილებას გონივრულ ჩარჩოებში მოაქცევდა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მსურველ უცხოელებს დაიცავდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომების გამოყენების რისკისგან.
9. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმით ნაგულისხმები დიფერენცირება არ უკავშირდება რაიმე გამოკვეთილ ნიშანს, იგი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს პირად შეხედულებაზე და არა კანონით დადგენილ რაიმე კრიტერიუმზე. თავის მხრივ, უთანასწორო მოპყრობის ინტენსივობა დაბალია, რის გამოც, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უნდა შეაფასოს რაციონალური დიფერენცირების ტესტის ფარგლებში.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი უთითებს, რომ გასაჩივრებული წესის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის აბსოლუტური დისკრეციის მინიჭების გამო, არაფერი აზღვევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საზღვრის კვეთის პროცესში თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის, დისკრიმინაციული პრაქტიკის დამკვიდრების რისკებს. ამ ფონზე, ინდივიდს ერთმევა ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობაში საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვის ყველანაირი პროცესუალური ბერკეტი და იძულებული ხდება, მის მიმართ წარმოებულ პროცესში აქტიური მონაწილეობის ნაცვლად, ადმინისტრაციული ორგანოს ერთპიროვნული გადაწყვეტილების პასიური მიმღები გახდეს. ასეთ დროს, უცხოელს ეზღუდება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების არსებითი კომპონენტები, როგორც მის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის, ისე - პროცესის სამართლიანი განხილვისა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების უფლებით ეფექტიანად სარგებლობის თვალსაზრისით.
11. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული წესის საფუძველზე უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამასთან, საერთო სასამართლოების პრაქტიკით დადასტურებულია ადმინისტრაციული ორგანოს ფართო დისკრეცია, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხზე. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლო ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების კონკრეტულ ფარგლებში მოქცევას, რის შედეგადაც, ინდივიდისა და სახელმწიფოს ურთიერთობა სრულად გადის სამართლებრივი სივრციდან. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ასეთი განმარტების პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად დაადგინოს გასაჩივრებულ რეგულაციაში მოაზრებული ნორმატიული შინაარსი, რაც უხეშად არღვევს კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. ამდენად, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ფორმალური კანონიერების კრიტერიუმს, რადგან მის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდის სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების ბლანკეტური შეზღუდვა ყოველგვარი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმისა თუ სახელმძღვანელო მითითების გარეშე.
12. მოსარჩელე ამავდროულად უთითებს, რომ სადავო ნორმა მატერიალური თვალსაზრისითაც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციურობის მოთხოვნებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული ლოგიკით, სადავო ნორმატიული შინაარსი ქმნის უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ფიქციურ, შინაარსისგან დაცლილ საფუძველს, რაც, ნორმის ადრესატს სახელმწიფოს წინაშე სრულად დაუცველ სუბიექტად აქცევს. ასეთ ბლანკეტურ შეზღუდვას, ყოველგვარი გონივრული კრიტერიუმის ან მდგენელის განსაზღვრის გარეშე, იმთავითვე თვითმიზნური ხასიათი აქვს და შეუძლებელია მისი რაიმე ლეგიტიმური საჯარო ინტერესით გამართლება. შესაბამისად, სადავო ნორმა არღვევს კონსტიტუციის მატერიალურ მოთხოვნებსაც და ამ ასპექტშიც არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
13. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებობის სტანდარტები, რომლითაც იხელმძღვანელებს საკონსტიტუციო სასამართლო
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). ამდენად, მოსარჩელის უფლებების სრულყოფილად რეალიზაციისათვის, ისევე როგორც, კონსტიტუციური წესრიგის დაცვისათვის, აუცილებელია, ერთი მხრივ, იმ მტკიცებულებების მოყვანა, რომელიც წარმოაჩენს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ძირითადი უფლების სწორად იდენტიფიცირება, რომლის რეალურ შეზღუდვასაც იწვევს სადავო ნორმა. ამ კუთხით, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსისა და მისგან მომდინარე შეზღუდვის ზუსტად წარმოჩენას და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის დაყენებას კონსტიტუციის რელევანტურ მუხლთან, რათა უფლების შესაძლო შეზღუდვის შეფასება განხორციელდეს სწორი, კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტით.
2. სადავო ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან
ა) შესადარებელი ჯგუფების იდენტიფიცირება
2. №1806 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ითხოვს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც უშვებს უცხოელისთვის საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის თქმას კონკრეტული საკანონმდებლო საფუძვლის მითითების გარეშე.
3. მოსარჩელის პოზიციით, დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, პირები, რომელთაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი განუსაზღვრელი საფუძვლით, ხოლო მეორე მხრივ - პირები, რომელთაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ ამავე კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის ან მე-11 მუხლის პირველი პუნქტის სხვა ქვეპუნქტების შესაბამისად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ პირთა წრე არსებითად თანასწორია იმ თვალსაზრისით, რომ ორივე მათგანს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე და მათ აქვთ თანაბარი ინტერესი, იყვნენ ინფორმირებულები უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე/იყვნენ დაცული მათ წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილების მიღებისაგან. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, ამგვარი დიფერენცირება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და დისკრიმინაციულია.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული „სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორს შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს - პირიქით“ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან პირიქით, ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ადგილი აქვს დიფერენცირებულ მოპყრობას. სხვაგვარად, გასაჩივრებული რეგულაცია უნდა მიემართებოდეს და გამოკვეთდეს პირთა იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად წრეს და ადგენდეს შესადარებელ პირებს ან პირთა ჯგუფებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას ამა თუ იმ ნიშნით.
5. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, მისსა და მის მსგავს/ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირების შესადარებელ ჯგუფებად უთითებს იმ უცხოელებს, რომელთაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა-თ“ ქვეპუნქტების მიხედვით, კონკრეტული და ცხადად განსაზღვრული საფუძვლით ეთქვა უარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული შესადარებელი ჯგუფი სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში საერთოდ არ მოიაზრება. ნორმა მიუთითებს „კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაზე“, და ეს „სხვა შემთხვევა“ შეიძლება თანაბრად მიემართებოდეს ნებისმიერ უცხოელს მისი ამა თუ იმ კუთვნილების მიუხედავად. სადავო ნორმა არ შეიცავს იმგვარ მოწესრიგებას, რომელიც გაითვალისწინებდა უცხოელთა რომელიმე წინასწარ იდენტიფიცირებადი ჯგუფისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას მხოლოდ კონკრეტული საკანონმდებლო საფუძვლით, ხოლო სხვა ნიშნით იდენტიფიცირებადი ჯგუფის მიმართ კი - უარის თქმას ზოგადი საფუძვლითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის დისკრეციით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უარის ზოგადი საფუძველი, რომლის განსაზღვრის უფლებამოსილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის დისკრეციას განეკუთვნება, თანაბრად შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერი უცხოელის მიმართ. ცვლადი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე და მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები, თანაბრად შეიძლება დაექვემდებარონ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას, როგორც სადავო ნორმის, აგრეთვე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა-თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული პირები არ ექცევიან განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმში.
6. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმით დადგენილი წესი განსაზღვრავს საფუძველს, რომლის არსებობის დროსაც, ზოგადად უცხოელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოში შემოსვლაზე. შესაბამისად, იგი აწესებს ერთგვაროვან უფლებრივ რეჟიმს სადავო ნორმის ყველა პოტენციური ადრესატისთვის, არ გამოყოფს რომელიმე იდენტიფიცირებად პირთა ჯგუფს და გააჩნია გენერალური მოქმედების ეფექტი ნებისმიერი უცხოელის მიმართ. გარდა ამისა, მოსარჩელეს მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია დასაბუთება, ერთი მხრივ, იმის თაობაზე, რომ, ზოგადად, სადავო ნორმას ცალკეულ პირთა შორის დისკრიმინაციულად გამოყენების პოტენციალი გააჩნია, ხოლო, მეორე მხრივ, არ დაუდასტურებია ის, რომ სადავო ნორმა უშუალოდ მის მიმართ რაიმე ფორმით დისკრიმინაციულად იქნა გამოყენებული. მოსარჩელე არც იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული რეგულაცია, პრაქტიკაში, პირთა რაიმე ნიშნით გამოკვეთილი ჯგუფისთვის საქართველოში შემოსვლის უარის თქმის მექანიზმად გამოიყენება.
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილის პირის დისკრეციული უფლებამოსილება
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის სასარჩელო ლოგიკა უპირატესად მიმართულია იმის დემონსტრირებისკენ, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი შეიცავს თვითნებობის რისკს. კერძოდ, მოსარჩელის აზრით, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომელს) გააჩნია მეტისმეტად ფართო დისკრეციული უფლებამოსილება - უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში საკუთარი შეხედულებით, პირად პრეფერენციებზე დაყრდნობით, თავად გადაწყვიტოს და თანხმობა ან უარი უთხრას უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე - წარმოშობს დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღების რისკს, რისი დამზღვევი ეფექტიანი მექანიზმიც რეალურად არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია აბსოლუტური დისკრეცია უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარი თქმის თაობაზე, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცული სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. სწორედ ამ კონტექსტს უკავშირებს იგი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას მე-11 მუხლთან მიმართებით. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად კი მოჰყავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც დისკრიმინაციული მოპყრობა შეიძლება გამოიწვიოს ნეიტრალური შინაარსის მქონე ნორმამაც, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს აბსოლუტურ და უკონტურო დისკრეციას უქვემდებარებს ერთგვაროვან ვითარებაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას. ასეთ პირობებში, დისკრიმინაციული მიდგომის დასადგენად აუცილებლად არ არის მიჩნეული კანონით ორი მყარად იდენტიფიცირებული ჯგუფის გამოყოფა და მათ მიმართ დიფერენცირებული უფლებრივი რეჟიმის პირდაპირ დადგენა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40-41).
8. მოსარჩელის ამ არგუმენტთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქმეს, რომლითაც ზემოხსენებული სტანდარტი ჩამოყალიბდა, საფუძვლად ედო შემდეგი გარემოება: სადავო ნორმა საგადასახადო ორგანოს ანიჭებდა დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომ ქონების გადასახადის ადმინისტრირების მიზნით, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო ტვირთი განესაზღვრა ქონების საბალანსო ანდა საბაზრო ფასის შესაბამისად. ამ მოცემულობის გარდა, სადავო ან საგადასახადო კოდექსის რომელიმე სხვა ნორმა არ განსაზღვრავდა რაიმე სახის კრიტერიუმს ან სახელმძღვანელო პრინციპს, რომლებიც საგადასახადო ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა დისკრეციული გადაწყვეტილების მიღებისას; არც საქართველოს კანონმდებლობის რომელიმე სხვა ნორმა მიუთითებდა უშუალოდ სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებაზე, თვითონ განესაზღვრა დისკრეციის გამოყენების კრიტერიუმები. არ არსებობდა რაიმე რეგულაცია, რომლის საფუძველზეც ცხადი გახდებოდა, თუ რა კრიტერიუმზე დაყრდნობით იღებდა საგადასახადო ორგანო განსხვავებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა სუბიექტის მიმართ. სადავო ნორმა არ ითვალისწინებდა რაიმე დამცავ მექანიზმს/გარანტიას, რომელიც გადასახადის გადამხდელებს დაიცავდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების დისკრიმინაციული ტენდენციებისგან. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს მის მიერ დადგენილი სტანდარტის საწინააღმდეგოდ, ხომ იძლევა სადავო ნორმა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აბსოლუტური დისკრეციის ფარგლებში, სათანადო კრიტერიუმების არარსებობის პირობებში მიღების შესაძლებლობას, რისი დადასტურებაც საფუძვლიანს გახდიდა მოსარჩელის მტკიცებას სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართების თაობაზე.
9. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაწესი, რაც გულისხმობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების არ დაკმაყოფილების მოტივით, სხვა შესაძლო შემთხვევებთან ერთად, უდავოდ მოიაზრებს უფლებამოსილი ორგანოებიდან საიდუმლო მტკიცებულებების შედეგად მიღებულ ინფორმაციასაც, რომელიც მისი შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებულ, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში. ამავე წესის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ სამგზავრო დოკუმენტებითა და საქართველოს ვიზით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის საქართველოში უვიზო შემოსვლის წესი. ამასთან, ამავე წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წელი 25 იანვრის №ბს-950(კ-23) განჩინება, 2022 წელის პირველი მარტის №ბს-144(კ-21) განჩინება). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, უცხოელის საქართველოში შემოსვლაზე უარი თქმის საფუძველის - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში მოიაზრება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომზადებული სიები და შესაბამისი ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
11. იმავდროულად, საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრეციის დასაშვებ ფარგლებს. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომელთა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ იძლეოდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო არ არის ვალდებული მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიწოდებულ სიებსა და ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები, გარკვეულ შემთხვევებში, კონკრეტულად და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და საკმარისია შესაბამისი უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ძალზე ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის თაობაზე მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას და არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის რეალური საფრთხის შექმნის საფუძვლიანი ეჭვის საფუძველს, რის გამოც, დამატებით მოითხოვდეს სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის №ბს-950(კ-23) განჩინება).
12. №1806 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარეს სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის საქართველოში არ შემოშვების საკითხის კანონიერების შემოწმებისას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შეაფასა გასაჩივრებული წესის საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოში უცხოელის დაშვების დამაბრკოლებელი გარემოებების დამდგენი მონაცემები შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოსატანი განაჩენის „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. მთავარია საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა ქმნიდეს სავარაუდოობის გარკვეულ ხარისხს, რაც შექმნის გონივრულ ეჭვს, დასაბუთებულ მოლოდინს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოების არსებობის, შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წელის 29 ივლისის №ბს-959(კ-21) განჩინება). ამგვარად, საერთო სასამართლოების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისთვის სადავო ნორმით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება შეზღუდულია და ის კონკრეტულ ფარგლებშია მოქცეული კერძოდ, ორგანო ვალდებულია პირის საქართველოში შემოსვლის საფუძველი შეამოწმოს გონივრული/დასაბუთებული ეჭვის ფარგლებში, რაც იმავდროულად ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის დისკრეციული უფლებამოსილება არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც აბსოლუტური და უკონტურო.
13. სხვა საკითხია ცალკეულ შემთხვევაში ამ შეზღუდული დისკრეციული უფლებამოსილების დისკრიმინაციულად გამოყენების შესაძლებლობაზე მითითება. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელისუფლებო ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის არსებობს შეცდომის დაშვების, ძალაუფლების არასათანადოდ გამოყენების, უსაფუძვლო და მიკერძოებულ გადაწყვეტილებათა რისკი. უდავოა, რომ ამა თუ იმ აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ დამოუკიდებელი ორგანოს მოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კონსტიტუციური უფლების დარღვევა და ამას ვერ გამორიცხავს, მათ შორის, კანონმდებლობით სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილების ფარგლების, ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებისათვის რელევანტური კრიტერიუმებისა და წინაპირობების ზედმიწევნით ზუსტად გაწერა. საზოგადოდ, ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის დარღვევის გარკვეული ალბათობა ყოველთვის არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. უფრო მეტიც, ძნელად წარმოსადგენია არსებობდეს უფლებამოსილების დამდგენი ნორმა, რომლის არასათანადოდ, ადამიანის უფლების საზიანოდ გამოყენებაც გამორიცხული იყოს პრაქტიკულად. ეს რომ ასე არ იყოს, საფუძველი გამოეცლებოდა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების დანიშნულებას. სწორედ სასამართლოთა ფუნქციაა, მოახდინონ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მოქმედებათა კანონიერებისა და კონსტიტუციურობის შეფასება და აღმოფხვრან კონსტიტუციისა და კანონის დარღვევის ფაქტები. მოსარჩელეს, ისევე როგორც სადავო ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ უცხოელ პირს, შეუძლია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული უარის გადაწყვეტილება გაასაჩივროს საერთო სასამართლოში, თუკი მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად ედო დისკრიმინაციული მოტივი. ამ მხრივ, საერთო სასამართლოების მიერ განხორციელებული სასამართლო კონტროლი საკმარისი იქნება იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა ხელისუფლების ორგანომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავისი დისკრეციული უფლებამოსილება ბოროტად, არასათანადოდ, სამსახურებრივი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, დისკრიმინაციული მოტივით და დაირღვა თუ არა სამართლის წინაშე ყველას თანაბარი მოპყრობის კონსტიტუციური მოთხოვნა კონკრეტულ შემთხვევაში.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1806 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
3. სადავო ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 პირველი პუნქტთან
15. №1806 კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდ არის გამხდარი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი წესი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომელს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტულ საკანონმდებლო საფუძველზე მითითების გარეშე, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, დაინტერესებულ პირს (უცხოელს) ერთმევა ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობაში საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვის ყველანაირი პროცესუალური ბერკეტი. კერძოდ, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების არსებითი კომპონენტები, როგორც მის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის, ისე - პროცესის სამართლიანი განხილვისა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების უფლებით ეფექტიანად სარგებლობის კუთხით.
16. უწინარეს ყოვლისა, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი განსახილველი სარჩელთან დაკავშირებით არ დგას იმის აუცილებლობის წინაშე, ყოველმხრივ შეაფასოს სადავო ნორმატიული შინაარსის - რომელიც ცალსახად დადასტურებულია საერთო სასამართლოების პრაქტიკით - რაციონალურობა, გამართლებულობა თუ მისი ღირსება-ნაკლოვანებები. უფრო მეტიც, წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის ამ კონკრეტული სეგმენტის ფარგლებში სასამართლო არ არის უფლებამოსილი, კონსტიტუციის მე-18 მუხლის კონტექსტის გარდა, სხვა კონტექსტშიც შეაფასოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობა და არსებითად იმსჯელოს იმაზე, რამდენად გონივრული და გამართლებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ - „კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“ - უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის დისკრეციული უფლებამოსილების ამოკითხვა და, საზოგადოდ, ამ საკითხში, მათთვის დისკრეციის დამკვიდრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების შეფასებით.
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საქმე განიხილოს სამართლიანად და გონივრულ ვადაში, შესაბამისი პროცედურული მოთხოვნების დაცვით. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულად, სამართლიანად განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/15/1403 განჩინება საქმეზე „სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). შესაბამისად, სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ უფლებას შორის შინაარსობრივი მიმართების არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს, იწვევს თუ არა ეს ნორმა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას.
18. სადავო ნორმა განსაზღვრავს უცხოელის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კონკრეტულ, მატერიალურსამართლებრივ საფუძველს. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, უცხოელს, გარდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით ცხადად განსაზღვრული სხვა საფუძვლებისა, ამავე კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოში შემოსვლაზე უარი ასევე შეიძლება ეთქვას „კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში“. შესაბამისად, სადავო ნორმა არ აწესრიგებს ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს, მათ შორის, იგი არ არეგულირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომლის მიერ უცხოელის საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების საპროცესო წესს. სადავო ნორმის რეგულირება შემოიფარგლება უცხოელის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელი სახის მატერიალურ საფუძვლის დადგენით.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1806 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილშიც, რომელიც შეეხება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1806 კონსტიტუციური სარჩელი („ასლანბეკ დადაევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე