საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/22/930 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2017 19:42 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №930) მომართა საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2017 წლის 19 აპრილს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 28 დეკემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამავე მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი უფლებამოსილია სააღსრულებო ფურცელი გასცეს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას“. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილია, რომ „მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი დაცვის უფლების გარანტიას ადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.“
5. №930 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ანა ჯალაღონიას სარჩელის განხილვა, რომელშიც მოპასუხეებს წარმოადგენენ მისი კრედიტორი და აღსრულების ეროვნული ბიურო.
6. მოსარჩელის განცხადებით, მისი საკუთრების მიმართ იძულებითი აღსრულება განხორციელდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. ამასთან, მას არ ჩაბარდა შეტყობინება და დამატებით არ ეცნობა იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმები არღვევს მოვალის უფლებას, რადგან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე არ ხდება მოთხოვნის ოდენობის კანონიერების დადგენა და ვალდებულების შეუსრულებლობის დადასტურება. მოსარჩელის აზრით, სააღსრულებო ფურცლის სადავო წესით გაცემა არათანაბარ პირობებში აყენებს და გაუმართლებლად ზღუდავს მის უფლებებს. მისი განმარტებით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველს უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებული მოთხოვნა უნდა წარმოადგენდეს. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მოვალეს არ აქვს შესაძლებლობა, გააქარწყლოს ან შეამციროს დაკისრებული, შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობა. მისი პოზიციით, კანონი არ უნდა ახდენდეს ვალდებულების შეუსრულებლობის პრეზუმირებას.
7. მოსარჩელის განმარტებით, იძულებითი აღსრულების ღონისძიებების შედეგებით მხარეს შეიძება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს, რომელის აღმოფხვრაც აღსრულების ღონისძიების გასაჩივრების შედეგად ვერ მოხდება. ამავე დროს, პირს, რომელსაც სადავო ნორმის საფუძველზე გადაეცემა ქონება, არ აქვს განცდა, რომ ნივთი საბოლოოდ მას დარჩება. შესაბამისად, იგი არ არის დაინტერესებული, რომ სათანადოდ მოუფრთხილდეს მას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქონების გაუფასურება.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებით ირღვევა მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლება. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებულ ნორმებს არ გააჩნიათ ლეგიტიმური მიზანი, ასევე ვერ აკმაყოფილებენ განსაზღვრულობის პრინციპს და ქმნიან მათი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ განმარტების შესაძლებლობას.
9. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტზე მსჯელობისას მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, მოსარჩელის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს მისთვის იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დროისა და ადგილის დამატებით შეუტყობინებლობა.
10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკას.
11. მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობით მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების შეჩერება. მოსარჩელის მტკიცებით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო, სადავო ნორმის საფუძველზე, მისი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც მას მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე ითხოვს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის საპროცესო უფლებას, მის შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მატერიალური უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული „დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და, ზოგადად, გულისხმობს პირის შესაძლებლობას, დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის N1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55).
4. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესს, კერძოდ, ნოტარიუსი უფლებამოსილია სააღსრულებო ფურცელი გასცეს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. ხსენებული ნორმა არ შეეხება მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოსათვის მიმართვის გზით დაცვის რეგულირებას. მის საფუძველზე არ ხდება სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობის ანდა სასამართლოს მეშვეობით რომელიმე უფლების დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვა. ამდენად, სადავო ნორმა არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გარანტირებულ მოსარჩელის უფლებებს.
5. N930 კონსტიტუციურ სარჩელში „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა ასევე მოთხოვნილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მიუთითებს, რომ ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე არ ამოწმებს ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს და მოვალეს არ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს მტკიცებულებები მოთხოვნის უარყოფისა, თუ მისი ოდენობის შემცირების თაობაზე.
6. ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლები მოწესრიგებულია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტით. ხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ აღნიშნულის შესახებ არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი წესით სააღსრულებო ფურცლის გაცემა წარმოადგენს მხარეთა მიერ დადებული შეთანხმების სამართლებრივი ძალის ცნობას და აღსრულებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოსარჩელემ იდავოს ნორმის არაკონსტიტუციურობაზე, იგი ვალდებულია დაასაბუთოს, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მხარეებს მსგავსი ხასიათის სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების დადების საშუალება და რატომ უნდა თქვას სახელმწიფომ უარი მსგავსი პირობით დადებული გარიგების აღსრულებაზე. ზოგადად, მხარეთა ნებაზე დაფუძნებული ქონებრივი გარიგებების დადება (რომელთა აღსრულებასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს) სახელშეკრულებო სამართლის განუყოფელი ელემენტია. ნოტარიუსის მიერ მსგავსი გარიგებების დამოწმება კი, როგორც წესი, ამ გარიგებების სანდოობას ზრდის. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ნოტარიუსი მხარეებს წინასწარ, წერილობით განუმარტავს სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმების აღსრულების შედეგად კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე მითითება სათანადო დასაბუთებას საჭიროებს.
8. კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მოხდეს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების აღსრულება სახელმწიფოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, N930 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. №930 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე ითხოვს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმის თანახმად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას არ აჩერებს მისი ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა იგი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით მას ეზღუდება შესაძლებლობა, საკუთრების უფლება ეფექტურად დაიცვას სასამართლოში. კერძოდ, ის გარემოება, რომ სადავო ნორმის გამო არ ხდება გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება, არაეფექტურს ხდის გასაჩივრებას, რადგან, შესაძლოა, დავის გადაწყვეტამდე მოხდეს სადავო ქონების დაზიანება, „გაუვარგისება“.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდებული პრაქტიკის თანახმად „საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს პირის მატერიალურ უფლებას, ჰქონდეს ქონება, მათ შორის, მოთხოვნები, ისარგებლოს საკუთრებით და განკარგოს იგი. ხოლო სასამართლოს მეშვეობით საკუთრების დაცვის პროცესუალურ ასპექტებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი. შესაბამისად, სადავო რეგულირებას საკუთრების უფლებასთან მიმართება ექნება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი განსაზღვრავს საკუთრების მატერიალური უფლების ფარგლებს, ხოლო სასამართლოს მეშვეობით საკუთრების უფლების დაცვის პროცედურა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროს წარმოდგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის N2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა შეეხება სასამართლოში გასაჩივრების ეფექტს, კერძოდ განმარტავს იმას თუ რა გავლენას ახდენს იგი ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებაზე. სადავო ნორმა საერთოდ არ არეგულირებს საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებთან დაკავშირებულ საკითხებს, მის საფუძველზე არ ხდება რაიმე ქონებრივი უფლების შეზღუდვა. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილი მოსარჩელის არგუმენტაციაც მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების არაეფექტურობის წარმოჩენისკენ არის მიმართული. ამდენად, N930 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
11. ასევე მნიშვნელოვანია შემოწმდეს, რამდენად გასაზიარებელია მოსარჩელის არგუმენტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შეზღუდვასთან დაკავშირებით. მხარის პოზიციით, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეუჩერებლობამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს იმ შემთხვევაში, თუ მოხდება არასწორი მოთხოვნის აღსრულება. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მეშვეობით საკუთრების დაცვის ეფექტური მექანიზმის არსებობა უდავოდ წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ სიკეთეს. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, რამდენად ტოვებს სადავო ნორმა მოსარჩელეს უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე არასწორად გაცემული სააღსრულებო ფურცლის შემთხვევაში.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
13. საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოების არსებული პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე გამოარკვია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და სააღსრულებო წარმოების დაწყების შემთხვევაში, პირი უზრუნველყოფილია აღსრულების შეჩერების მექანიზმით. კერძოდ, საერთო სასამართლოების მითითებით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტიდან და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საერთო სასამართლოებისვე განმარტებით, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბერის განჩინება, საქმე №2ბ/5878-14; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინება, საქმე №2ბ/5227-16; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინება, საქმე №2ბ/4348-15; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინება, საქმე №2ბ/1695-17; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინება, საქმე №2ბ/2966-17; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის განჩინება, საქმე №2/ბ-1190;).
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სანოტარო აქტების გასაჩივრების შემთხვევაში, მისი აღსრულება შეიძლება შეჩერდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გზით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ მისი „გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან სადავო ნორმის მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად სანოტარო აქტის აღსრულების შეჩერების საჭიროება არსებობს, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი აღსრულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ შედეგებს არ იწვევს. მსგავსი არგუმენტაცია N930 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სარჩელი ასევე დაუსაბუთებელია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. მოსარჩლე მხარე ასევე ითხოვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმის თანახმად, „მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება“. დასახელებული ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად სარჩელში მხოლოდ ის არის მითითებული, რომ მოსარჩელის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს მისთვის იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დროისა და ადგილის დამატებით შეუტყობინებლობა. თუმცა, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე ხსენებული სადავო ნორმით გათვალისწინებულ რეგულირებას არაკონსტიტუციურად. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი არ მიუთითებს, რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს გასაჩივრებულ ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მის მიერ მითითებულ დებულებებს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №930 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
16. №930 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების თანახმად, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები“. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოითხოვს კანონმდებლობით ინტერესთა ისეთ დაბალანსებას, როდესაც ყველა შესაძლო უფლების დამრღვევს [...] ეკისრება ვალდებულება, არ დაარღვიოს სხვათა უფლებები საკუთარი თავისუფლების რეალიზების პროცესში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
17. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადამიანის უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის კონსტიტუციურ პრინციპს განსაზღვრავს. ხსენებული კონსტიტუციური დებულებისგან დამოუკიდებლად, აღნიშნული გარანტია თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული თითოეული უფლებიდანაც.ამდენად,საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ, კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით, კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პრინციპის კონტექსტში.
18. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასახელებული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმას, რომელიც ადგენს ზოგად პრინციპს და არა კონკრეტულ ძირითად უფლებას. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ვერ განხორციელდება განცალკევებულად (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
19. ამდენად, №930 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №930 („საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი