საქართველოს მოქალაქე გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/22/1209 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 25 ოქტომბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 ოქტომბერი 2017 17:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1209) მიმართა საქართველოს მოქალაქე გევორგ ბაბაიანმა. №1209 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 8 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 25 ოქტომბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. თავის მხრივ, 423-ე მუხლი განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის საფუძვლებსა და წინაპირობებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამგვარი განცხადების შეტანა დაიშვება, თუ დადგინდება მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს მხარეების და მათი წარმომადგენლების დანაშაულებრივი ქმედების ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების დადგენის შემთხვევაში ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი განსაზღვრავს გამოძიების მიმდინარეობის ვადას, კერძოდ, „გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.“ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტი კი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების 15-წლიან ხანდაზმულობის ვადას იმ სამოხელეო დანაშაულებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით კი „ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბილების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.“
6. №1209 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში. იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს 2009 წლის 30 აპრილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) და „ბ“ (დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების წელთა ნამსახურეობის ცნობის არასწორად გაანგარიშების და უსაფუძვლოდ ნამსახურეობის დანამატის გაცემის გამო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 4 თანამშრომლის ნამსახურეობის ცნობიდან 3 ცნობა არ იყო შედგენილი კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მიერ, დარჩენილი ერთი ცნობის თაობაზე 2016 წლის 29 მარტს მოსარჩელეს ბრალი წაეყენა და მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.
7. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით აღნიშნული საფუძვლების არსებობა უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. მოსარჩელე განმარტავს, რომ სამოხელეო დანაშაულებთან მიმართებით გამოძიების მიმდინარეობის მაქსიმალური ვადა არის 15 წელი, რაც ხშირ შემთხვევაში ქმნის საფრთხეს, რომ საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელი გარემოება გამოვლინდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში საქმის წარმოების განახლება ვერ მოხდება 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის არსებობის გამო.
8. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, თუმცა იმგვარად, რომ არ დაირღვეს სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვების დაწესებისას სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ამ უფლების თვითნებურად შეზღუდვის შემთხვევაში არსებობს თავად იმ უფლების უგულებელყოფის საფრთხე, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა შეზღუდული.
9. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ასევე გამოძიების გონივრული ვადით მიმდინარეობის შესაძლებლობას. კერძოდ, ვინაიდან კანონმდებელი არ აწესებს გონივრული ვადის დეფინიციას, გამოძიების მიმდინარეობის ვადის განსაზღვრა მთლიანად მინდობილი რჩება ბრალდების მხარის დისკრეციაზე და არ არსებობს გამოძიების გაჭიანურების თავიდან აცილების არანაირი მექანიზმი.
10. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში პირი კარგავს სოციალური უზრუნველყოფის შესაძლებლობას, საჯარო სამსახურში მიღების უფლებას და ამგვარად, სამოხელეო დანაშაულებთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გახანგრძლივებული ვადა არის სასჯელი, რომელიც ზოგად პრევენციას ისახავს მიზნად. მისი პოზიციით, გამოძიებაზე არის დამოკიდებული მისი როგორც დამნაშავედ, ასევე უდანაშაულოდ ცნობა. მას აქვს მოლოდინი, რომ სწრაფი და ეფექტური გამოძიების გზით აღდგება მისი დარღვეული უფლებები, რაც სადავო ნორმების არსებობის პირობებში გამორიცხულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული რეგულაცია პატივისა და ღირსების შემლახველია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
11. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. №1209 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმიდან გამოყოფს მის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადის გასვლის შემდგომ კრძალავს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო ამ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების წარდგენის უფლებას ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.
3. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე მხარე, კონსტიტუციურ სარჩელში აპელირებს მისი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. იმავდროულად, მისი ძირითადი არგუმენტაცია წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურობის კონტექსტში. კერძოდ, მისთვის არაკონსტიტუციურია სამოხელეო დანაშაულების გამოძიებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის 15 წლიანი ვადა.
4. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ რა კუთხით და რის საფუძველზე არის სადავო ნორმა არაკონსტიტუციური. კერძოდ, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმებისგან დამოუკიდებლად წარმოაჩენდა მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. როგორც აღინიშნა, მისი არგუმენტაციიდან იკვეთება მხოლოდ გამოძიების მიმდინარეობისა და კონკრეტული, მის მიერ მითითებული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით პრეტენზია. აღნიშნული ვადები არის იმდენად ხანგრძლივი, რომ მას ერთმევა შესაძლებლობა, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება. უშუალოდ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების გასაჩივრებული ნორმების შინაარსსა და მათ დასაბუთებულობას სასამართლო სწორედ ამ ნორმების ფარგლებში შეაფასებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავისთავად, კონკრეტული სისხლის სამართლებრივი ხანდაზმულობის ვადების ხანგრძლივობა, ვერ იქნება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცების საფუძველი. აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, დამოუკიდებლად სხვა ნორმებისაგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის პრობლემურობასთან მიმართებით, რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ ყოფილა მითითებული.
5. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №1209 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არის დაუსაბუთებელი და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებული დასაბუთებულობის მოთხოვნა აგრეთვე გულისხმობს, რომ „მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
7. მოსარჩელე მხარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
8. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის „42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
9. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს გარანტიას, რომ არსებობდეს სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა ყველასთვის. აღნიშნული დებულებით არ არის გათვალისწინებული სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რაც თავისი შინაარსით სამართლიანი სასამართლოს უფლებრივ ელემენტს წარმოადგენს. თავის მხრივ, სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის მე–4 ნაწილი არეგულირებს სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს. სადავო ნორმის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება სახელმწიფოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის რეგულირება. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოში საქმის განახლების ზოგად საფუძვლებსა და მის პროცედურულ მოწესრიგებას.
10. შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გარანტირებულ უფლებასთან და არსებობს №1209 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
11. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
12. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს არაჰუმანურ, სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელს. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „როგორც არაჰუმანური, სასტიკი, ისე პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელი არის ადამიანზე განზრახ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მორალური ზემოქმედება, იძულება, რაც, შედეგად, ადამიანს აყენებს განსაცდელს, სტრესს, სატანჯველს. ამასთან, ადამიანზე ასეთი წნეხი, იძულება, ზემოქმედება როგორც თვისობრივად, ისე ხანგრძლივობით ინტენსივობის გარკვეულ ხარისხს, მაღალ დონეს უნდა აღწევდეს... მოპყრობა ან სასჯელი ჩაითვლება დამამცირებლად, თუ ის გამოიხატება ადამიანის ნების და სინდისის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის იძულებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-22).
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, „გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისსხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა“. თავის მხრივ, სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლი განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადებსა და წესს, რომლის სადავო, პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული ვადა იმ სამოხელეო დანაშაულებისათვის, რომლებიც არ განეკუთვნებიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს, შეადგენს 15 წელს.
14. სადავო ნორმები არ ითვალისწინებს გამოძიების მიმდინარეობიდან გამომდინარე რაიმე სახის შედეგებსა თუ შეზღუდვებს კონკრეტული ინდივიდების მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამოძიება არის „უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება“. შესაბამისად, გამოძიების პროცესი წარმოადგენს არა უშუალოდ კონკრეტული ინდივიდების, პიროვნებებისკენ მიმართულ პროცესს, არამედ მოქმედებათა ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული ფაქტის გამოძიებას, შესაბამისი მტკიცებულებების მოძიებას. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი მსჯელობა და არგუმენტაცია, კონკრეტულად რა სახის მოპყრობასა თუ სასჯელს ითვალისწინებს სადავო ნორმები, ან რატომ შეიძლება ეს ჩაითვალოს არაჰუმანურ ან სასტიკ მოპყრობად ან სასჯელად.
15. ამდენად, №1209 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმავდროულად აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის №1/3/780 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ნონიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1209 („საქართველოს მოქალაქე გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა