საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1212 |
თარიღი | 15 აგვისტო 2018 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ', კონსტიტუციური სარჩელი № 1212 |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–141 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში მოქმედებს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი (Amicus Curiae), რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კონსტიტუციური კონტროლის პროცესში ჩართულობას უწყობს ხელს. შესაბამისად, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ სარგებლობს კანონით დადგენილი ამ უფლებით და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმეზე წერილობითი მოსაზრებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააუქმოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355–ე მუხლის პირველი ნაწილის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, მშობელს ეკრძალება არასრულწლოვანი შვილის სასამართლოს თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ გაყვანა. მისი მოსაზრებით, კანონმა სასამართლოს მიერ უფლებაში ჩარევის ზუსტი მიზეზები უნდა მოაწესრიგოს. მას სარჩელში აქცენტი გაკეთებული აქვს პიროვნების თავისუფლების განვითარების, პირადი ცხოვრების თავისუფლებისა და გადაადგილების თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებზე. საკითხის განხილვისას უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული კონსტიტუციური პრინციპები არ წარმოადგენს აბსოლუტურ, შეუზღუდავ თავისუფლებებს, რომლებში ჩარევაც დასაშვები არ არის. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს კანონის შესაბამისად, ამ უფლებათა შეზღუდვის შემთხვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც კონსტიტუციით პირდაპირ არის აღნიშნული და დამოკიდებულია რიგ გარემოებებზე. ორგანიზაცია, საკუთარი პრაქტიკის ფარგლებში, მრავალჯერ გამხდარა საოჯახო სამართალთან დაკავშირებული ისეთი დავების მონაწილე (საპროცესო უფლებით წარმომადგენელი საერთო სასამართლოებში), რომლებშიც საკმაოდ მწვავედ დამდგარა არასრულწლოვანთა ქვეყნიდან გაყვანის შესახებ ნებართვის საკითხი. ასეთი საქმეები, ხშირ შემთხვევაში, მოიცავს ისეთ გარემოებებს, რომლებიც საჭიროებს ყურადღებით გამორკვევას სასამართლოს მხრიდან, რაც სახელმწიფოს მიერ არასწრულწლოვანთა უფლებების დაცვის ერთ–ერთი გამოხატულებაა, ეს კი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების სახეს წარმოადგენს. ამ პროცესში, სასამართლოს მხრიდან ობიექტური მონაწილეობა, არასრულწლოვნის სამომავლო უსაფრთხოების, როგორც უპირატესი და მთავარი ღირებულების დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შეზღუდვის ეს ფორმა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება, რადგან სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ის რისკები, რაც შესაძლოა, არასრულწლოვნის მიერ ქვეყნის საზღვრების დატოვებას მოჰყვეს, სადაც, საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია და, მაშასადამე, მის მიერ არასრულწლოვნის უფლების დაცვის საშუალებები, ნაკლებად ვრცელდება. შესაძლოა, მოსარჩელის შემთხვევაში, ბავშვის სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, მართლაც არ საჭიროებდეს შეზღუდვას, ასევე, ბევრ სხვა შემთხვევაშიც, სასამართლო დავის გამო დროის გაჭიანურების საჭიროება ნაკლებად არსებობდეს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გამორიცხოს არასრულწლოვნის დაუცველ მდგომარეობაში ჩაყენება ყველა შემთხვევაში, თუნდაც საამისოდ, სხვა დავების ფარგლებში, სხვა არასრულწლოვნების გაყვანასთან დაკავშირებით გაჭიანურებული ვადების დადგენა გახდეს საჭირო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ერთი არასრულწლოვანი, სახელმწიფოს მიერ გაუთვალისწინებელი ქმედების და წინდაუხედავი გადაწყვეტილების გამო, დაუცველად არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, კანონის არსებული რედაქცია, უფლებაში გონივრულ და მიზანშეწონილ ჩარევად უნდა ჩაითვალოს. საზოგადოდ, სასამართლომ ნორმების არაკონსტიტიციურობა, უფლებაში არაგონივრული, თვითმიზნული და დაუსაბუთებელი ჩარევის მიხედვით უნდა დაადგინოს. ამ შემთხვევაში კი, სახეზეა აუცილებლობა, რაც გამოწვეულია არასრულწლოვნის უსაფრთხოების ინტერესებიდან, რასაც მის მიერ სახელმწიფო საზღვრის დატოვების შემდეგ შესაძლოა საფრთხე შეექმნას. შესაბამისად, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ პოზიციით, დღეს არსებული რეგულაციით წარმოდგენილი ნორმა, დაცვის მნიშვნელოვან სტანდარტს წარმოადგენს, რომლის გაუქმებაც, არასრულწლოვანთა უფლების დაცვის თვალსაზრისით, სამომავლოდ, შესაძლოა პრობლემების გამომწვევი გახდეს. |