საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/16/1212 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2017 19:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1212) მიმართა საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 8 მაისს. №1212 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 28 დეკემბერს.
2. №1212 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები, ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან და ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, „ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს მისი არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) შვილის ინტერესებს, როგორც მისი კანონიერი წარმომადგენელი. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომელიც მშობლებს არასრულწლოვანი შვილების კანონიერ წარმომადგენლებად მიიჩნევს და მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილს, განჩინებით გამოცემულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლის საფუძველზეც სასამართლოში, საოჯახო დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, გიორგი სპარტაკ ნიკოლაძეს აეკრძალა მისი შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა.
7. მოსარჩელის განმარტებით, სადავოდ გამხდარი რეგულირება გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულ, საკუთარი მცირეწლოვანი შვილის პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და მე-20 მუხლით განმტკიცებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ძირითად უფლებებს. აღნიშნული რეგულირების მოქმედების პირობებში, ბავშვი ვერ იღებს მთელ რიგ სარგებელს, რომლის მიღების უფლებაც მას, როგორც კანადის მოქალაქეს, წარმოეშობა კანადის ტერიტორიაზე ყოფნისას. კერძოდ, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია კანადის ტერიტორიაზე ისარგებლოს უნივერსალური ჯანდაცვის საშეღავათო დაზღვევით, აგრეთვე კანადის მთავრობისგან მიიღოს 500 კანადური დოლარის სასწავლო ობლიგაცია. ამავე დროს, კანადის შემოსავლების სააგენტო ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით, უნივერსალური დახმარების სახით, მშობელს ურიცხავს 300 კანადურ დოლარს.
8. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის შინაარსი ფართო და ყოვლისმომცველია და უკავშირდება ადამიანს, როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ სუბიექტს, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირების მხრიდან ჩარევისაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შინაარსობრივ კომპონენტს, რომელიც მოიცავს ინდივიდის ცხოვრების ინტიმურ, კერძო და სოციალურ სფეროებს. ამ მხრივ, კონსტიტუციის მე-20 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას (lex specialis) მე-16 მუხლთან მიმართებით.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით გარანტირებულ თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებას. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცულ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ამასთანავე, კანონმდებლის მიერ განსაზღვრული რეგულირება უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას.
10. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციურ პრინციპებს. კერძოდ, კოდექსი არ შეიცავს ტერმინების - „მშობელთა ზრუნვის“ და „მშობლის ურთიერთობა ბავშვთან“ - განმარტებებს, რაც საბოლოო ჯამში, იძლევა აღნიშნულ ტერმინთა იმდენად ფართოდ განმარტების შესაძლებლობას, რომ სასამართლომ მშობელს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმები აღნიშნულს პირდაპირ, ექსპლიციტურად არ ითვალისწინებს. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო რეგულირება კონსტიტუციის შესაბამისი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათში სახელდებით იქნებოდა მოცემული კონკრეტული მიზეზები, რაც შეიძლება გახდეს პირის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძველი. ასევე, გათვალისწინებული იქნებოდა იმ გარემოებათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა იქნეს გამოყენებული ამგვარი ზომა.
11. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.
12. მოსარჩელემ 2017 წლის 11 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მიმართა შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელის მტკიცებით, რამდენადაც მოცემული სამართლებრივი დავა შესაძლებელია წლები გაგრძელდეს, დროთა განმავლობაში, დადგება გამოუსწორებელი ზიანი ბავშვის განვითარებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სხვადასხვა სახის სარგებლების მიღებისათვის აუცილებელია ბავშვი 1 წლის მანძილზე 3 თვით იმყოფებოდეს კანადაში, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, ეს უკანასკნელი კარგავს საქართველოდან გასვლისა და ზემოაღნიშნული სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. მოსარჩელე მხარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის საფუძველზე ბავშვს, რომელიც კანადის მოქალაქეა, ეზღუდება საკუთარ ქვეყანაში გამგზავრების უფლება, რაც ხელყოფს მისი, როგორც პიროვნების თავისუფალი განვითარების, ასევე ადამიანის პირადი ცხოვრების კონსტიტუციით დაცულ უფლებას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ზოგადად, თავისუფალი მიმოსვლა და პირის თავისუფალი გადაადგილება წარმოადგენს არაერთი ძირითადი უფლებით სარგებლობის წინაპირობას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისუფალი მიმოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა თავისთავად იწვევს სხვა უფლებების შეზღუდვას. მიმოსვლის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შეფასება სხვა კონსტიტუციურ უფლებებთან არ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს.
4. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ზღუდავს მშობლის უფლებას, საზღვარგარეთ გაიყვანოს შვილი. აღნიშნული შეზღუდვის კონსტიტუციურობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით გარანტირებულ თავისუფალი მიმოსვლის უფლებასთან მიმართებით და არა იმ უფლებებთან, რომელთა რეალიზაციის წინაპირობაც არის პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება მხოლოდ პირის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის აკრძალვის საკითხს და არ არეგულირებს ამა თუ იმ პირის მიერ საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე სარგებლის, მათ შორის, განათლების მიღების უფლებას. ის გარემოება, რომ პირი სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვის გამო ვერ ახერხებს რაიმე უფლების რეალიზაციას, წარმოადგენს სადავო ნორმით გათვალისწინებული მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის გვერდით ეფექტს და არა უშუალოდ სადავო ნორმით გამოწვეულ შეზღუდვას.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის ფარგლებს და მისი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის რეალურ შინაარსს. ამდენად, N1212 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №1212 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
7. მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, შეუძლია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. სასამართლოს განმარტებით, ეს არის „ [...] საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
9. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე მხარემ სასამართლოს უნდა წარმოუდგინოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად მიუთითებს სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის გარდაუვალ საფრთხეზე. განსახილველ საქმეში მოსარჩელის ძირითადი არგუმენტაცია გამოუსწორებელ შედეგთან მიმართებით ემყარება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმეების განხილვის ხანგრძლივობას. შუამდგომლობაში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალურ და გარდაუვალ რისკზე, არ იკვეთება რაიმე ობიექტური გარემოება, რომელიც სასამართლოს ნათლად დაანახვებდა უფლების შეუქცევადი დარღვევის საფრთხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისთვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1212 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1212 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი