საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/10/1212 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 დეკემბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 დეკემბერი 2018 15:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე; მოსარჩელის წარმომადგენლები - ანა ღელეყვა და რაჟდენი კუპრაშვილი; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თინათინ ერქვანია და ქრისტინე კუპრავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1212) მომართა საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2017 წლის 8 მაისს. 2017 წლის 28 დეკემბრის №2/16/1212 საოქმო ჩანაწერით №1212 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 22 თებერვალს, 22 მარტს და 15 ივნისს.
2. №1212 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები, ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან და ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის.
4. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, „ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს მისი არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) შვილის ინტერესებს, როგორც მისი კანონიერი წარმომადგენელი. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომელიც მშობლებს არასრულწლოვანი შვილების კანონიერ წარმომადგენლებად მიიჩნევს და მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 22 აპრილს გამოსცა დროებითი განკარგულება, რომლის საფუძველზეც, სასამართლოში საოჯახო დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, გიორგი სპარტაკ ნიკოლაძეს აეკრძალა მისი შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა.
7. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული რეგულირების მოქმედების პირობებში ბავშვი ვერ იღებს მთელ რიგ სარგებელს, რომლის მიღების უფლებაც მას, როგორც კანადის მოქალაქეს წარმოეშობა კანადის ტერიტორიაზე ყოფნისას. კერძოდ, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია, კანადის ტერიტორიაზე ისარგებლოს უნივერსალური ჯანდაცვის საშეღავათო დაზღვევით, აგრეთვე კანადის მთავრობისგან მიიღოს 500 კანადური დოლარის სასწავლო ობლიგაცია. ამავე დროს, კანადის შემოსავლების სააგენტო ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით, უნივერსალური დახმარების სახით, მშობელს ურიცხავს 300 კანადურ დოლარს.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით გარანტირებულ თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებას. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცულ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ამასთანავე, კანონმდებლის მიერ განსაზღვრული რეგულირება უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას.
9. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციურ პრინციპებს. კერძოდ, კოდექსი არ შეიცავს ტერმინების - „მშობელთა ზრუნვის“ და „მშობლის ურთიერთობა ბავშვთან“ - განმარტებებს, რაც, საბოლოო ჯამში, იძლევა აღნიშნულ ტერმინთა იმდენად ფართოდ განმარტების შესაძლებლობას, რომ სასამართლომ მშობელს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმები აღნიშნულს პირდაპირ, ექსპლიციტურად არ ითვალისწინებს. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო რეგულირება კონსტიტუციის შესაბამისი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათში სახელდებით იქნებოდა მოცემული კონკრეტული მიზეზები, რაც შეიძლება გახდეს პირის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძველი. ასევე, გათვალისწინებული იქნებოდა იმ გარემოებათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა იქნეს გამოყენებული ამგვარი ზომა.
10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო რეგულირებით დადგენილი შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ფორმალურ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, ქვეყნიდან თავისუფლად გასვლის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის პრინციპს, ირღვევა კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნა აღნიშნული უფლების მხოლოდ კანონის საფუძველზე შეზღუდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დადგენილი შეზღუდვის კონსტიტუციასთან შინაარსობრივ შესაბამისობაზე მსჯელობის საჭიროება არ არსებობს.
11. მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაციით, „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-10 მუხლი განამტკიცებს ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მშობლებთან, რაც სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება. სადავო რეგულირება აღნიშნულის შესაძლებლობას ართმევს ერთ-ერთ მშობელს, რაც არღვევს თავად არასრულწლოვნის უფლებას. შესაბამისად, სადავო რეგულირება არ ემსახურება ბავშვის ინტერესების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
13. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფორმალური საფუძველი დაცულია, ვინაიდან საოჯახო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილება კანონით არის განსაზღვრული. ამასთან, სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ბავშვთა უფლებების დაცვა, კერძოდ, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა, რაც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფოს ევალება ოჯახის კეთილდღეობის ხელშეწყობა და დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვა. რაც შეეხება კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ ლეგიტიმურ მიზნებს, სადავო რეგულირება ემსახურება ჯანმრთელობის დაცვისა და მართლმსაჯულების განხორციელების საჯარო ინტერესს. ამ შემთხვევაში სადავო რეგულირება უზრუნველყოფს თავად არასრულწლოვანი პირის ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნებისა, სადავო რეგულირების არსებობა აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებული ვალდებულებიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები“.
14. მოპასუხის პოზიციით, სადავო რეგულირება სრულად პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, რადგან დადგენილი შეზღუდვა უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების ეფექტურ დაცვას. ასევე, ის წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, რადგან მშობლების შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელმაც უნდა მიიღოს ბავშვის ინტერესების დაცვისათვის საუკეთესო გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლემ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით განმტკიცებული ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტებით. ამგვარი ფართო ფარგლების მქონე დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება სასამართლოსთვის სწორედ იმას ემსახურება, რომ მოსამართლემ შეძლოს ყოველი კონკრეტული საქმის სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველმყოფი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა იცავს უფრო მნიშვნელოვან სიკეთეს - არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვას, ვიდრე თავისუფლად გადაადგილების უფლებაა.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე №1212 კონსტიტუციურ სარჩელზე ააიპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება, მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ საოჯახოსამართლებრივი დავების განხილვისას საერთო სასამართლოებში ხშირად საკმაოდ მწვავედ დამდგარა მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანის საკითხი. ასეთ შემთხვევებში სასამართლოს ევალება, არასრულწლოვანთა ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ ტიპის შეზღუდვა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, ვინაიდან არასრულწლოვნის მიერ ქვეყნის დატოვება დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებთან.
17. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განმარტებულია, რომ შესაძლოა მოსარჩელის შემთხვევაში მართლაც არ არსებობდეს უფლების შეზღუდვის საფუძველი. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამორიცხოს თითოეულ შემთხვევაში არასრულწლოვანი პირის უფლებების შელახვის რისკები. სახელმწიფოს ევალება უზრუნველყოს არასრულწლოვანთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და უფლების დარღვევის საფრთხის თავიდან არიდება. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, წარმოადგენს უფლების შეზღუდვის გონივრულ ზომას, რომელიც აუცილებელია არასრულწლოვანთა უფლებების სრულყოფილად დასაცავად. შესაბამისად, სადავო რეგულირება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საოჯახო საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები, ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან და ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის. ხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა დროებითი განკარგულება, რომლის საფუძველზეც, სასამართლოში მიმდინარე დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, მოსარჩელე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძეს აეკრძალა მისი შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა.
2. კონსტიტუციურის სარჩელის ავტორი, სპარტაკ გიორგი ნიკოლაძე მიჩნევს, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, არღვევს მისი არასრულწლოვანი შვილის საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დაცულ ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლებას. ამრიგად, ხსენებული დავის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დადგინოს, რამდენად წარმოადგენს მამა, მცირეწლოვანი შვილის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილ სუბიექტს. ხოლო მოსარჩელის სათანადო სუბიექტად მიჩნევის შემთხვევაში უნდა შემოწმდეს სახეზეა თუ არა მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილის საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლების შეზღუდვა.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
4. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის უპირველესი მიზანია ყველა პირისათვის საკუთარი უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობის მინიჭება. შესაბამისად, კანონის ხსენებული ნორმის მიზანს არ წარმოადგენს, იმ პირთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის შეფერხება, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უნარი არ გააჩნიათ. ამავე დროს, “actio popularis-ის” აკრძალვის უმთავრესი დანიშნულებაა სასამართლოს დაცვა იმგვარი სარჩელებით გადატვირთვისგან, რომლებიც რეალურად უფლების დაცვას არ ემსახურება. მცირეწლოვანი ბავშვების შესაძლებლობები საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეზღუდულია. შესაბამისად, მცირეწლოვანი ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით მამის მიერ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანა ვერ იქნება აღქმული როგორც ქმედება, რომელიც არ არის მიმართული პირის უფლების დაცვისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, N1212 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიჩნეული “actio popularis-ად”. მოცემულ შემთხვევაში მშობელი (მამა) წარმოჩნდება მცირეწლოვანი შვილის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის უფლების განმახორციელებლად. ასეთ შემთხვევაში მშობელი ეხმარება არასრულწლოვანს კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, თავისი შინაარსით, იმგვარია, რომ მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ამ უფლების რეალიზაციაში დახმარება და მისი სახელით კონსტიტუციური სარჩელის აღძვრა შეიცავს არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაზიანების მინიმალურ საფრთხეს.
5. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს შვილის უფლებების დარღვევაზე კონსტიტუციური დავის სათანადო სუბიექტს. ასევე, აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციური სარჩელი შეეხება მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვის უფლებებს, მოსარჩელე არ დაობს შვილის ქვეყნიდან გაყვანის აკრძალვის გამო საკუთარი უფლების დარღვევის საკითხზე. შესაბამისად, არსებული დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რამდენად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები არასრულწლოვანის უფლებას, დატოვოს საქართველოს ტერიტორია და ხსენებული უფლების რა ფორმით რეალიზებას ადგენს საქართველოს კონსტიტუცია.
6. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. დასახელებული კონსტიტუციური დებულებები იცავენ პირის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების უფლებას და არეგულირებენ ამ უფლების შეზღუდვის წესს.
7. ზოგადად, კონსტიტუციური უფლებების არსებობა არ იწყება სრულწლოვანების ასაკის მიღწევასთან ერთად და არასრულწლოვან პირთა უფლებები დაცულია სრულწლოვან პირთა უფლებების მსგავსად. ამ ზოგადი წესიდან არსებობს თავად კონსტიტუციითვე დადგენილი გამონაკლისები. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს მოქალაქეებს აქვთ 18 წლის ასაკიდან. თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი მიუთითებს, რომ ქვეყნის დატოვება ყველა ადამიანის უფლებაა და არ ადგენს რაიმე ასაკთან დაკავშირებულ გამონაკლისს. შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიის თავისუფლად დატოვების კონსტიტუციური უფლების სუბიექტები არიან როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი პირები.
8. ამავდროულად, არასრულწლოვანი პირების ფიზიკური თუ ფსიქიკური განვითარების დონის შესაბამისად, შესაძლოა, განსხვავებული იყოს მათი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის პირობები. ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში გაცნობიერებული, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი არასრულწლოვან პირებს სრულწლოვან პირებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები აქვთ. ხსენებულიდან გამომდინარე, მათივე ინტერსების დასაცავად შეზღუდულია არასრულწლოვანის ზოგადი თავისუფლების ფარგლები. არასრულწლოვანი პირები ასაკის შესაბამისად საჭიროებენ განსაკუთრებულ მზრუნველობას, რათა დაცული იყოს მათი ინტერესები და ეჭვქვეშ არ დადგეს მათი ნორმალური განვითარება.
9. არასრულწლოვანი პირების ზედამხედველობისა და აღზრდის კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია მშობლების როლი. როგორც წესი, არასრულწლოვანი პირები თავისთავად არ ფლობენ საკუთარი თავის მოვლის სათანადო უნარებსა და შესაძლებლობებს. ისინი ექვემდებარებიან მშობლების მიერ ზედამხედველობას და მზრუნველობას, ამავდროულად, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო არ ხერხდება მშობლების მხრიდან არასრულწლოვანი პირის მზრუნველობა, სახელმწიფო მისი ინტერესების დასაცავად, ნორმალური განვითარების ხელშესაწყობად, სათანადო მექანიზმებით უზრუნველყოფს მშობლის როლის ჩანაცვლებას. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო კისრულობს parens patriae ფუნქციას. ცხადია, ამა თუ იმ შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავებულია სახელმწიფო მზრუნველობის ფორმები და მასშტაბები.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მიმართ კონსტიტუციური უფლებები სპეციფიკური სტანდარტებით ვრცელდება. მათი მოქმედების ფარგლები დამოკიდებულია თავად უფლების ხასიათსა და ურთიერთობის თავისებურებებზე. განსახილველ შემთხვევაში აუცილებელია განისაზღვროს, რა ფარგლებში და რა პირობებით იცავს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი არასრულწლოვანი პირების უფლებას, დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული დასახელებული უფლების სპეციფიკა და არასრულწლოვანი პირების მიერ ამ უფლებით დამოუკიდებლად სარგებლობის გონივრული შესაძლებლობა.
11. საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება ორგანულ კავშირშია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან. ადამიანის თავისუფლება, საკუთარი არჩევანით დატოვოს საქართველოს ტერიტორია და სურვილისამებრ გაემგზავროს ამა თუ იმ ქვეყანაში ტურისტული, სასწავლო, სამეცნიერო თუ ნებისმიერი სხვა მიზნით, პიროვნული ავტონომიისა და თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული უფლების რეალიზაცია მეტწილად არის დამოკიდებული პირის ნების ავტონომიაზე და ორგანულ კავშირშია პირის თავისუფალი, გაცნობიერებული ნების არსებობასა და გამოვლენასთან.
12. ზოგადად, ისეთი უფლებების რეალიზებისას, რომლებიც პირის მიერ ინფორმირებული, გაცნობიერებული ნების არსებობასა და გამოვლენას უკავშირდება, არასრულწლოვნები მშობლების ან სხვა პირების მხარდაჭერას საჭიროებენ. ამ პროცესში მშობლებისა და სხვა პირების ჩართვა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის აუცილებელი წინაპირობაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს არასრულწლოვანთა მიერ ამა თუ იმ კონსტიტუციური უფლებების სათანადო სარგებლობა და მათი ინტერესების დაცვა გაუცნობიერებელი გადაწყვეტილებებისაგან. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იქნეს მხედველობაში მიღებული არასრულწლოვნის ნება და დაცული იყოს გონივრული ბალანსი არასრულწლოვნის მიერ გამოხატულ ნებასა და მის საუკეთესო ინტერესებს შორის. ამავე დროს, რაც უფრო დიდია ამა თუ იმ ცხოვრებისეული გადაწყვეტილების გავლენა არასრულწლოვანის განვითარებაზე, მით უფრო მეტად საჭიროებს იგი ნების ფორმირებაში დახმარებას.
13. აღსანიშნავია, რომ პირის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებთან. კერძოდ, ქვეყნის დატოვების შემთხვევაში ადამიანი შესაძლოა, სრულიად უცხო სოციალურ და კულტურულ გარემოში აღმოჩნდეს. სრულწლოვანი პირები გააზრებული და ინფორმირებული ნების გამოვლენის შედეგად სრულად იღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებასა და მისგან მომდინარე შედეგებზე. თუმცა არასრულწლოვანთა შემთხვევაში ნაკლებია ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმირებული, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
14. არასრულწლოვანი პირის მიერ ქვეყნის დატოვების შედეგად ის შესაძლოა, თავისთავად აღმოჩნდეს ისეთ გარემოში, სადაც საქართველოს სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების მფარველობის პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. სხვადასხვა ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური გარემოს არსებობის პირობებში არასრულწლოვანი, შესაძლოა, ქვეყნის დატოვებისთანავე აღმოჩნდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხის წინაშე. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის რისკებიც, რაც განსაკუთრებით მაღალია არასრულწლოვნის მიერ ქვეყნის დამოუკიდებლად დატოვების შემთხვევაში. გარდა უშუალო ფიზიკური საფრთხისა, ქვეყნის შედარებით ხანგრძლივი დროით დატოვება, შესაძლოა, არასრულწლოვანი პირისათვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემების საფუძველი აღმოჩნდეს, რადგან ზრდასრულ ადამიანად ჩამოუყალიბებელი პირის სრულიად უცხო სოციალურ-კულტურულ გარემოში ცხოვრება განსაკუთრებით რთულად გადასატანია.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის თავისუფლად დატოვება განეკუთვნება იმ ტიპის უფლებას, რომელსაც არასრულწლოვნები დამოუკიდებლად ვერ განახორციელებენ. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი არ იცავს არასრულწლოვანი პირების შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება მცირე თუ დიდი ხნით საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით. არასრულწლოვნების მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობა დამოკიდებულია მშობლებზე. სწორედ მშობლები იღებენ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი პირის მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით.
16. ამავე დროს, ორივე მშობელს გააჩნია არასრულწლოვნის განვითარების ხელშეწყობის თანაბარი ფუნქცია. შესაბამისად, ისინი თანაბრად არიან უფლებამოსილნი, მიიღონ გადაწყვეტილებები არასრულწლოვნის მიერ ამა თუ იმ უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით. ამდენად, მშობლების შეუთანხმებლობა არასრულწლოვნის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ უნდა გაუტოლდეს ხსენებულ საკითხზე თანხმობის და, შესაბამისად, უფლების რეალიზებისათვის კონსტიტუციით დადგენილი წინაპირობების არარსებობას.
17. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევაში უფლების შინაარსის, ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, არასრულწლოვნის უფლების განხორციელებისათვის საკმარისი იყოს ერთი მშობლის თანხმობა. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მოისურვებს დაეხმაროს არასრულწლოვან შვილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გზით უფლების დაცვაში და მიმართოს სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით. ამ შემთხვევაში ბავშვის უფლების რეალიზება ხორციელდება მაქსიმალურად დაცულ გარემოში, უფლებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო. შესაბამისად, ერთი მშობლის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისას ბავშვის ინტერესების დაზიანების საფრთხე მინიმალურია. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისგან განსხვავებით, ქვეყნის დატოვებისას ბავშვის განვითარების შეფერხების საფრთხე რადიკალურად მაღალია. ამავე დროს, ქვეყნის დატოვება წარმოადგენს ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან არჩევანს, შესაბამისად, აღნიშნული უფლებით სარგებლობა მშობლებს შორის შეუთანხმებლობისას ვერ განხორციელდება მხოლოდ ერთი მშობლის გადაწყვეტილებით.
18. ამდენად, ქვეყნის დატოვების საკითხზე მშობლებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისათვის უნდა არსებობდეს მშობლის ნების ჩანაცვლების და ბავშვის ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების სათანადო მექანიზმი. აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევებში მშობლის ნების ჩამნაცვლებელი მექანიზმის არსებობის საჭიროებაზე არც მოსარჩელე არ დავობს. უფრო მეტიც, მას ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ბავშვის უფლების რეალიზების ერთადერთ სწორ გზად მიაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციურ პრინციპებს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ შეიცავს ტერმინების - „მშობელთა ზრუნვის“ და „მშობლის ურთიერთობა ბავშვთან“ - განმარტებებს, რაც, საბოლოო ჯამში, იძლევა აღნიშნულ ტერმინთა იმდენად ფართოდ განმარტების შესაძლებლობას, რომ სასამართლომ მშობელს, დროებითი განკარგულების საფუძველზე, აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმები აღნიშნულს პირდაპირ, ექსპლიციტურად არ ითვალისწინებს. ამავე დროს, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სასამართლოს კომპეტენციის ნათლად გაწერის შემთხვევაში, მშობლისათვის ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის ამკრძალავი ნორმა კონსტიტუციის შესაბამისი იქნებოდა.
19. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად პასუხობს სადავო ნორმა განსაზღვრულობის მოთხოვნებს და ხომ არ უშვებს ბავშვის უფლების რეალიზებაზე კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი ბარიერის დაწესებას.
20. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-3). „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი. კანონი უნდა პასუხობდეს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსაზღვრულობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი სწორი აღქმა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
21. ამავე დროს, „განსაზღვრულობის მასშტაბი ზოგად დადგენას არ ექვემდებარება, არამედ დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის თავისებურებაზე. საკანონმდებლო რეგულირებისას, რა თქმა უნდა, იმთავითვე ვერ იქნება აცილებული ყველა გაურკვევლობა და ეჭვი, მაგრამ აუცილებელია, რომ კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი, სრულიად გარკვევით ჩამოაყალიბოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის N2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, „კონკრეტული შემთხვევის თავისებურების ანალიზისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული იმ ურთიერთობის სპეციფიკა, რომელსაც არეგულირებს შესაფასებელი ნორმატიული აქტი. შესაძლებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული იყოს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნები, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ურთიერთობას აწესრიგებს ეს კანონი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
22. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც სასამართლომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო, ვინაიდან მისი რამდენიმე შესაძლო ინტერპრეტაციიდან ერთ-ერთი კონსტიტუციის საწინააღმდეგო იყო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-30). დასახელებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმის ბუნდოვანების საფუძვლით არაკონსტიტუციურობას განაპირობებდა არა ცალკე აღებული ნორმის განუსაზღვრელი შინაარსი, არამედ ის გარემოება, რომ მისი რომელიმე კეთილსინდისიერი განმარტება არაკონსტიტუციურ შედეგებს აყენებდა.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის განვითარების კვალდაკვალ, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმიდან რამდენიმე წესი, ინტერპრეტაცია იკითხება, რომელთაგან ერთ-ერთი არაკონსტიტუციურია, სასამართლო სადავო ნორმას მთლიანად არაკონსტიტუციურად აღარ ცნობს, არამედ აფასებს და საჭიროების შემთხვევაში ძალადაკარგულად ცნობს კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს. ამდენად, 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მოქმედ პრაქტიკაზე მორგების შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც მოსარჩელე მხარისათვის არის პრობლემატური (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
24. საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა განსხვავებულია პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ცალკე აღებული სადავო ნორმის ბუნდოვანება შეიძლება იყოს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლეო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-37). თუმცა განსახილველ შემთხვევაში პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან დაკავშირებული განჭვრეტადობის სტანდარტი მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია, ვინაიდან, ერთი მხრივ, სადავოდ არ არის გამხდარი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის კონსტიტუციურობა, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება არ არის მოთხოვნილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
25. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, განსაზღვრულობის პრინციპთან მიმართებით ნორმის შეუსაბამობის სამტკიცებლად საკმარისი არ არის მოსარჩელის მითითება ნორმის ზოგად ხასიათზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ვერ გამოირიცხება ზოგადი ნორმების კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს თითოეული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას და ამ გზით უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს არაკონსტიტუციური შინაარსის ნორმების გამოყენება. სწორედ ასე მიიღწევა, ერთი მხრივ, ურთიერთობათა მეტ-ნაკლებად ამომწურავი სამართლებრივი მოწესრიგება, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ ნორმის საფუძველზე გაკეთებული თითოეული სამართლებრივი განმარტება არ დარჩება კონსტიტუციური კონტროლის მიღმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ მოსარჩელემ ამტკიცოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, მან უნდა მიუთითოს იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც, მისი აზრით, უფლების დარღვევას იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად უნდა წარმოჩნდეს მისი არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობა.
26. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით“. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის მე-3 მუხლი ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისას უმთავრეს ღირებულებად აღიარებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, „მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს“. დასახელებული დანაწესი ცხადად ავალდებულებს სასამართლოს, რომ მშობლისა და არასრულწლოვნის ურთიერთობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ინტერესები.
27. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის ინტერპრეტირებისას საოჯახო საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, სრულყოფილად გამოიკვლიოს ყველა რელევანტური გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამრიგად, სადავო ნორმის სისტემური ანალიზი მიუთითებს, რომ მის საფუძველზე მშობელს ბავშვის ქვეყნის გარეთ გაყვანა შეიძლება აეკრძალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ბავშვის ინტერესები.
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/552 „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
29. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საერთო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განმარტების კონკრეტული მაგალითები, გარდა სასამართლოს იმ განჩინებისა, რომლითაც მოსარჩლეს აეკრძალა მცირეწლოვანი შვილის ქვეყნიდან გაყვანა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განჩინება საქმეზე N2/7389-15). ხსენებულ განჩინებაში სასამართლომ მოსარჩელის მიერ შვილის ქვეყნიდან გაყვანის აკრძალვის საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქმის ბავშვის ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტის სტანდარტით. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა: „საქმეზე ამ ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დადგენილი გარემოებების და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მათი შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დღეის მდგომარეობით არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ... საცხოვრებელი ადგილი. ამასთან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე არ უნდა მოხდეს მამის, გიორგი სპარტაკ ნიკოლაძის მიერ შვილის, ... საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა“.
30. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის გონივრული განმარტება, ისევე როგორც მისი პრაქტიკაში გამოყენების კონკრეტული მაგალითი მიუთითებს, რომ მის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმღვანელობს ბავშვის ინტერესებით. ამდენად, სადავო ნორმა ადგენს საოჯახო დავის ფარგლებში მხარის შუამდგომლობით მშობლისათვის არასრულწლოვანი შვილის ქვეყნის გარეთ გაყვანის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აკრძალვის უფლებამოსილებას. როგორც უკვე აღინიშნა, საკითხის ამგვარად მოწესრიგება არათუ არასრულწლოვნის საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებას არ ზღუდავს, არამედ ამ უფლების განხორციელებისათვის აუცილებელ კონსტიტუციურ მოთხოვნას წარმოადგენს.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულაცია, რომლის თანახმადაც, მშობელთა შორის დავის არსებობის პირობებში სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კრძალავს მხოლოდ ერთი მშობლის გადაწყვეტილებით არასრულწლოვნის მიერ ქვეყნის დატოვებას, ვერ შეფასდება როგორც საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1212 („საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი