საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1212 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ნიკოლაძე |
თარიღი | 28 აპრილი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ -,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო. კერძოდ, მოსარჩელე წარმოადგენს მისი არასრულწლოვანი შვილის მიხეილ ნიკოლაძის(დაბ. 27.12.2012წ. პ/ნ 01550021502) კანონიერ ინტერესებს, როგორც კანონიერი წარმომადგენელი . სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს: ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები; ბ) ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან; ნორმის ბუნდოვანი და განუსაზღვრელი ფორმულირებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ განხორციელდა იმგვარი განმარტება, რომლითაც მამას - გიორგი სპარტაკ ნიკოლაძეს აეკრძალა არასრულწლოვანი შვილის - მიხეილ ნიკოლაძის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება სადავო ნორმის წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ძირითად უფლებებთან . ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომისხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. ამრიგად, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების და აღნიშნული ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა რომელიც უშვებს მშობლისათვის ბავშვის საქართველოდან გაყვანის უფლების შეზღუდვას, კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს: ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები; ბ) ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან; აღნიშნული ნორმა შესაძლებლობას იძლევა მოსამართლემ მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა. ნორმის შინაარსი პირდაპირ არ ითვალისწინებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის უფლების შეზღუდვას, თუმცა აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის მშობლისა და შვილის ურთიერთობის მოწესრიგების ფარგლებში გამოიყენოს ამგვარი შეზღუდვა. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი, რომლის თანახმად, ,,კანონად შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც კანონის ხარისხის მოთხოვნებს პასუხობს. კანონის ხარისხი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #1/3/407-26.12.2007“. თავის მხრივ, ,,სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი გულისხმობს, რომ ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი. ადამიანს უნდა შეეძლოს ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #2/2-389-26.10.2007) სასამართლოს შეფასებით ,,განსაზღვრულობის პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან დაკავშირებული სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე 2/3/406,408-30.10.2008). სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კონსტიტუციურ პრინციპებს. სადავო ნორმის ფორმულირება შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალი სხვადასხვა შინაარსის, განსხვავებულ ფაქტობრივ საკითხებთან მიმართებით. ამასთანავე, ნორმა ბუნდოვანია, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ იძლევა ,,მშობელთა ზრუნვის“ და ,,მშობლის ურთიერთობა ბავშვთან“ განმარტებებს და შესაბამისად, სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა ფართოდ განმარტოს აღნიშნული ტერმინები და ამ ინტერპრეტაციის ფარგლებში შეეხოს ისეთ კონსტიტუციურ უფლებას, რომლის შეზღუდვაც მხოლოდ კანონის შესაბამისად არის შესაძლებელი. საქართველოს კონსტიტუციის 22-მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. მაშასადამე, კონსტიტუცია ითვალისწინებს ქვეყნიდან გასვლის უფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და კანონითაც ეს გამონაკლისი უნდა უზრუნველყოფდეს ხსენებულ ნორმაში მითითებულ მიზანს - მართმსაჯულების განხორციელებას, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელ სახელმწიფო უშიშროებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჯანმრთელობის დაცვას, დანაშაულის თავიდან აცილებას. სადავო ნორმის იმგვარად ინტერპრეტაცია, რაც შეზღუდავს ქვეყნიდან გასვლის კონსტიტუციურ უფლებას, გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმის ნორმატიული შინაარსში მოცემული იქნებოდა კონკრეტული მიზეზები, რაც შეიძლება გახდეს ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო ნორმა იძლევა ფართო განმარტების შესაძლებლობას, რაც ქმნის ადამიანის კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკებს. მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილების მისაღებად უნდა არსებობდეს მკაფიო სამართლებრივი საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა არ ითვალისწინებს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რა შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნიდან გასვლის უფლების შეზღუდვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ,,უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო უფლების პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე ,,დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“) საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც. შეზღუდვა, რომ თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად ჩაითვალოს, უპორველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. (საქართველოს საკნსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება #2/2/558 საქმეზე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სადავო ნორმის შემთხვევაში აღნიშნული პრინციპები დარღვეულია. ადამინაის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი გარანტიას აძლევს ყველა პირს უფლება ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების, რომელიც მოიცავს ქვეყნის დატოვების უფლებას. ნებისმიერი სახის ღონისძიება, რომელიც ამ უფლებას შეზღუდავს უნდა იყოს კანონიერი, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი, რომელიც განმარტებულია მე-2 მუხლში.. უნდა იყოს დაცული ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესისა და კერძო უფლებებს შორის ( ა.კერმლი აზერბაიჯანის წინააღმდეგ 16.07.2015წ. გადაწყვეტილება) (რაინერი ბულგარეთის წინააღმდეგ 23.05. 2006 წ.) ( ბაუმანი საფრანგეთის წინააღმდეგ 27.03.2008წ.)
2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების და აღნიშნული ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა რომელიც უშვებს მშობლისათვის ბავშვის საქართველოდან გაყვანის უფლების შეზღუდვას, კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
აღსანიშნავია, რომ ბავშვი - მიხეილ ნიკოლაძე (დაბ 27.12.2012წ. პ/ნ 01550021502), რომლის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა(სსკ-ის 355-ე მუხლის საფუძველზე) აეკრძალა მამას გიორგი სპარტაკ ნიკოლაძეს, არის კანადის მოქალაქე. ბავშვი, როგორც კანადის მოქალაქე, კანადის ტერიტორიაზე, სარგებლობს უნივერსალური ჯანდაცვის საშეღავათო დაზღვევით. ამასთანავე, კანადის საგანმანათლებლო დაზოგვების პროგრამიდან ბავშვი - მიხეილ ნიკოლაძე უფლებამოსილია მიიღოს 500 დოლარი კანადის სასწავლო ობლიგაციიდან. ბავშვი ასევე ვერ სარგებლობს სოციალური დახმარებით, რომლის ფარგლებშიც კანადის შემოსავლების სააგენტო ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით უნივერსალურ დახმარების სახით მშობელს ურიცხვს 300 დოლარს. ამ ყველა სიკეთით ბავშვი ვერ სარგებლობს იმის გამო, რომ სასამართლოს დროებითი განკარგულებით მამას აკრძალული აქვს ბავშვის საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანა. ამრიგად, სახეზეა აბსტრაქტული ნორმის ინტერპრეტაცია იმგვარად, რაც შეუქცევად ზიანს იძლევა ბავშვისთვის და მისი განვითარებისთვის. კონსტიტუციური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა უშუალო ზიანს აყენებს ბავშვის კანონიერ ინტერესსა და უფლებას პიროვნების თავისუფალ განვითარებასთან დაკავშირებით. კონსტიტუციის მე-16 მუხლის შინაარსი გაცილებით უფრო ფართოა, იგი მოიცავს სხვა უფლებებსაც, რომლებსაც, მართალია, კონსტიტუციაში სპეციალური მუხლები არ ეძღვნება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეს უფლებები, კერძოდ, უკავშირდება ადამიანს, როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირების მხრიდან ჩარევისაგან. ეს უფლებები ადამიანს აღჭურავს უფლებით დამოუკიდებლად, სხვისი ჩარევის გარეშე განსაზღვროს თავისი მეობა, ვინაობა, ცხოვრების წესი და სტილი; ინდივიდუალური განვითარების გზები და ფორმები; გარესამყაროსთან, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ფორმები და ინტენსივობა; თავისი სულიერი, მორალური, სოციალური, ინტელექტუალური თუ სხვა მოთხოვნილებებისა და ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებები და ა. შ. ( კონსტიტუციის კომენტარი; ევა გოცირიძე)
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების და აღნიშნული ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა რომელიც უშვებს მშობლისათვის ბავშვის საქართველოდან გაყვანის უფლების შეზღუდვას, კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ადამიანის პირადი ცხოვრების ძირითადი უფლება არის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შინაარსობრივი კომპონენტი, რომელიც მოიცავს ინდივიდის ცხოვრების ინტიმურ, კერძო და სოციალურ სფეროებს. მე-20 მუხლი არის სპეციალური ნორმა (lex specialis) მე-16 მუხლის მიმართ. შესაბამისად, პირადი ცხოვრების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეფასდეს მე-20 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად და იგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ „სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას”. მე-20 მუხლით აღიარებული სხვა უფლებები უნდა განვიხილოთ სპეციალურ უფლებებად პირადი ცხოვრების ძირითადი უფლების მიმართ. (კონსტიტუციის კომენტარი; ირაკლი კობახიძე) პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლების ცალკე უფლებად აღიარება უკავშირდება ადამიანის, როგორც უმთავრესი სამართლებრივი ღირებულების, მისი ღირსების აღიარებას. სწორედ ადამიანია უმთავრესი დემოკრა ტიული ღირებულებების – მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლებისა და ყველა საზოგადოებრივი სიკეთის შემქმნელიცა და მომხმარებელიც. ბავშვის საქართველოდან გაყვანის უფლების შეზღუდვა, თავის მხრივ არის ღირსების შემლახველი ღონისძიება, რომელიც აბრკოლებს პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას. ბავშვს, რომელიც არის კანადის მოქალაქე, შეზღუდული აქვს თავის ქვეყანაში გამგზავრების უფლება, ისეთი ნორმის გამოყენებით, რომელიც ასეთ აკრძალვას არ ითვალისწინებს. მუხლის ბუნდოვანმა და არასრულყოფილმა ჩანაწერმა შესაძლებელი გახადა მისი ინტერპრეტაცია იმგვარად, რომ მამას აეკრძალა ბავშვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა, რაც დაუშვებელია და ხელყოფს როგორც პიროვნების თავისუფალი განვითარების ასევე ადამიანის პირადი ცხოვრების კონსტიტუციით დაცულ უფლებას. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებია. ისინი ზღუდავს სახელმწიფოს ხელისუფლების განხორციელებისას. ხელისუფლებას იმდენი უფლება აქვს, რამდენსაც მას კანონი ანიჭებს (შეზღუდული ძალაუფლების პრინციპი), ხოლო ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, რასაც კანონი არ უკრძალავს. თავად კონსტიტუციაშივეა დეკლარირებული ის პირობები, როდესაც შესაძლებელია შეიზღუდოს ადამიანის უფლებები. აქვეა განმარტებული საზოგადოებისათვის პრიორიტეტული ინტერესების სანაცვლოდ საკანონმდებლო გზით რომელი უფლება შეიძლება შეიზღუდოს და რა ხარისხით. ადამიანისთვის გადაადგილების თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, შეურაცხყოფს მის ღირსებას. ღირსება, ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, რომელიც საერთოა ადამიანთა მთელი მოდგმისთვის. ამასთანავე, ყოველ ადამიანს აქვს გარკვეული საკითხების მომცველი სუვერენული სფერო, რომელიც მხოლოდ მას ექვემდებარება. სწორედ ეს სფეროა ადამიანის ღირსება. ფაქტია, რომ ღირსების ცნება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში გამოტანილი უმაღლესი ფასეულობა და ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების საფუძველია. (ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები - ღირსება; ფრიდონ საყვარელიძე). კონსტიტუცია ითვალისწინებს ქვეყნიდან გასვლის უფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და კანონითაც ეს გამონაკლისი უნდა უზრუნველყოფდეს მართლზომიერ მიზანს - მართმსაჯულების განხორციელებას, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელ სახელმწიფო უშიშროებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჯანმრთელობის დაცვას, დანაშაულის თავიდან აცილებას.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა