ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1214 |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ |
თარიღი | 2 მაისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. ასევე სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს. სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელე მხარე წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომლისთვისაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლითა და 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია კანონის წინაშე ყველა პირის თანასწორობა და უფლებათა და თავისფლებათა დაცვის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. მოსარჩელე მხარე, ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის მე-14 და 42-ე მუხლების დარღვევის პოტენციურ მსხვერპლს წარმოადგენს. ვინაიდან, იურიდიულ პირებს ფიზიკური პირებისგან განსხვავებით ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების შესაბამისი დებულებების/ნორმების საფუძველზე სასამართლოსათვის მიმართვის დროს უწევს სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდა მეტი ოდენობით, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს იურიდიული პირის უფლებებსა და ინტერსებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება არასამეწარმეო (არაკომრციულ) იურიდულ პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის ორიენტირებული მოგებაზე, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ დაინტერესებულ პირებს და შესაძლებელია, რომ ხსენებულ ნორმატიულ აქტებში ასეთი ჩანაწერის არსებობამ წარმოქმნას სასამართლოსთვის მიმართვისას ბარიერი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სარჩელში წარმოდგენილი ნორმატიული აქტების სადავო ნორმების მიხედვით იურიდიული პირები იხდიან სახელმწიფო ბაჟს უფრო მეტი ოდენობით, ვიდრე ფიზიკური პირები, როდესაც ისინი საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მიმართავენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან საქართველოს საერთო სასამართლოებს.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან: ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ასეთი განსხვავებული მიდგომა და მოთხოვნები აშკარად არის არაკონსტიტუციური და არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლითაც აღიარებულია კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა განურჩევლად რაიმე ნიშნისა. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. აქედან გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული უფლება ვრცელდება ასევე იურიდიულ პირებზე მიუხედავად მათი სტატუსისა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სადავო ნორმები პირდაპირ ახდენენ იურიდიული პირებისათვის ამ უფლების დარღვევას მათი სტატუსის გამო. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „ყველა ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. შესაბამისად, ამ ნორმიდან გამომდინარეობს ის აზრი, რომ ნორმატიული აქტების დებულებები არ უნდა იყოს იმგვარად ჩამოყალიბებული და არ უნდა აწესებდნენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებითაც ამ უფლების რელიზაციის პროცესში წარმოიქმენბა ბარიერები, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს ბარიერი გამომდინარეობს ფიზიკურ პირებთან შედარებით იურიდიული პირებისთვის განსვხავებული ოდენობის სახელმწიფო ბაჟის დაწესებით. კანონის წინაშე თანასწორობა პირველ რიგში ნიშნავს თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით სარგებლობის უფლებას. შესაბამისად ყველა პირისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანაბარი მართლმსაჯულება და სამართლებრივი დაცვა კანონის საფუძვეზე. შესაბამისად თუკი კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით არ იქნება უზრუნველყოფილი პირთა თანასწორობა, ასევე არ იქნება თანაბარი შესაძლებლობა უზრუნველყოფილი ყველა პირისათვის მიმართოს და დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოს საშუალებით. თანასწორობის პრინციპი ასევე მყარად არის დაკავშირებული სამართლიანობის პრინციპთან, ვინაიდან თანასწორობა სამართლიანობის გარეშე მოკლებულია თავის შინაარს თუ დანიშნულებას ისევე როგორც, სამართლიანობის ერთ-ერთი კრიტერიუმია თანასწორობა. აქედან გამომდინარე რთულია სამართლებრივად გამოინახოს ისეთი დასაბუთება, რითაც გამართლდება და სამართლიანად ჩაითვლება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ასეთ განსხვავებული ვალდებულება და მიდგომა როგორც საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. კონსტიტუციის ამ მუხლით აღიარებული თანასწორობის პრინციპი კრძალავს პირთა შორის მათ უსაფუძვლო დიფერენცირებას. უფლებრივი თანასწორობა გულისხმობს სასამართლოსთვის მიმართვის თანაბარი უფლების უზრუნვეყოფას როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის. ზოგადად, დაუშვებელია სახ. ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრება ბიუჯეტის შევსების წყარო იყოს. ბაჟის იდეაა, არ დაუშვას უსაფუძვლო სარჩელების ზრდა, ხელი შეუწყოს მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებას და მოახდინოს მხარეების სტიმულირება მოსარიგებლად. შესაბამისად, თუ კანონმდებლის გათვლა სადავო ნორმების მიღების დროს ის იყო, რომ იურიდიულ პირებს, როგორც მოგებაზე ორიენტირებულ სუბიექტებს, უფრო მაღალი ბიუჯეტი აქვთ, ან უნდა ჰქონდეთ, არასწორია, ვინაიდან სახ. ბაჟის დანიშნულება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ბიუჯეტის შევსების თვითმიზანი. ამდენად, დიფერენცირებული მოპყრობა ამ მხრივაც პრობლემურია (შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ- კონსტიტუციური სარჩელი 22.01.2015 წელი). მოცემული სადავო ნორმებით არ ხდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზაციის მხოლოდ გაუმართლებელი შეზღუდვა, არამედ შესაძლებელია საერთოდ შეუძლებელიც კი გახდეს იურიდიული პირისათვის სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელება, რადგან თუკი კანონმდებელმა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ასეთი განსხვავება პირებს შორის მხოლოდ იმიტომ დააწესა, რომ ამით მოახდინოს უსაფუძვლო სარჩელების შეტანის პრევენცია, ეს არ იქნება საკმარისი სამართლებრივი დასაბუთება და გამართლება იმისა, რომ ასეთი შეზღუდვა და განსხვავება ემსახურება მაღალ ლეგიტიმურ მიზანს. გარდა ამისა, თუ ასეთი ჩანაწერის არსებობა განაპირობა იმან, რომ იურიდიული პირი შესაძლოა იყოს მოგებაზე ორიენტირებული და მას ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და შესაძლებლობა, ეს არგუმენტი ხომ საერთოდ ვერ გაამართლებს ნორმატიულ აქტებში ასეთი ჩანაწერის არსებობის აუცილებლობას. რადგან იურიდიული პირი არის როგორ სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო მიზნებისათვის შექმნილი. თუკი ვიმსჯელებთ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მოგებაზე და შესაძლოა ჰქონდეთ საკმარისი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ სახელმწიფო ბაჟის დაუსაბუთებლად გაზრდილი თანხის გადახდას, ამ შემთხვევაშიც კანონის წინაშე თანასწორობისა და სასამართოსთვის მიმართვის უფლების გარდა ირღვევა სხვა უფლებაც. კერძოდ, მეწარმე სუბიექტი არის დამსაქმებელი, სახელმწიფომ კი ხელი უნდა შეუწყოს მეწარმეობას და არა პირიქით. კანონმდებლობში ასეთი ჩანაწერი კი პირდაპრ უშლის ხელს იურიდიულ პირს დაუბრკოლებლად განახორციელოს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და არ მოხდეს მისი დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, მათ შორის კი მისი სტატუსისა, ის იქნება მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებული თუ არასამეწარმეო პირად. მეწარმეთა ბაზრიდან განდევნა საფრთხეს უქმნის სამართლებრივი წესრიგისადმი სანდოობას. რაგინდ კეთილსინდისიერი მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს სახელმწიფოს საკანონმდებლო ნოვაციების შემოსაღებად, არ უნდა დაირღვეს ნდობის კონსტიტუციური პრინციპი, როგორც სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუცია სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/2/411, II-21). რაც შეეცება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, შესაძლებელია ისინი ახორციელებდნენ დამხმარე სახის სამეწარმეო საქმინობას, მაგრამ ამ საქმიანობიდან მიღებული მოგება აუცილებლად ხმარდება ორგანიზაციის განვითარებას და მიზნების რეალიზაციას. გარდა ამისა, ა(ა)იპ შესაძლებელია წარმოადგენდეს არასამთავრობო ან საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლებიც საზოგადოების წევრებს ხშირად უწევენ უფასო იურიდიულ სერვისს და მათთვის ასეთი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება არანაირად არ ამართლებს ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტებში არსებულ ჩანაწერებს, არამედ მათთვის წარმოქმნის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ დაბრკოლებას სასამართლოსათვის მიმართვის დროს და ხშირად კი საერთოდ შეუძლებელსაც კი ხდის. სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელია მისი მონაწილეთა სრული თანასწორობა და დამოუკიდებლობა. ურთიერთობის მონაწილეთა სამართლებრივი მდგომარეობის აუცილებელი წანამძღვარია თითოეული მათგანის იურიდიული დამოუკიდებლობა, ავტონომია, რაც ემყარება მათ ქონებრივ განცალკევებულობას. სამართლებრივი თვალსაზრისით, თანასწორნი არიან როგორც ცალკეული ფიზიკური პირები, ისე მათი გაერთიანებები, იურიდიული პირები. სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირების მეთოდი ერთმანეთთან ათანაბრებს იურიდიულად, ეკონომიურად თუ სოციალურად ძლიერ და სუსტ მხარეს.ისინი თანაბარნი არიან სამოქალაქო კანონმდებლობის, სასამართლოს წინაშე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მატერიალური ან სოციალური მდგომარეობა აქვთ (შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ- კონსტიტუციური სარჩელი 22.01.2015 წელი). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მსგავსი ჩანაწერია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლში, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს საკუთრივ კონვენციით გაცხადებული უფლებების მიმართ, ასევე კონვენციის მე-12 ოქმის პირველ მუხლი უთითებს დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვის შესახებ, რომლითაც დისკრიმინაციის აკრძალვა გავრცელებულია ყველა იმ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომლებიც ხელმომწერი ქვეყნების კანონმდებლობით არის დადგენილი. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს და მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის მიმართ უთანასწოროდ მოპყრობა დ აპირიქით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას. ევროპული სასამართოს მიერ დადგენილი პრაქტიკი მიხედვით მე-14 მუხლის მიზნებისათვის ქმედება დისკრიმინაციულია, თუ მას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, არ აქვს ლეგიტიმური მიზანი ან არ არის დაცული გონივრული ბალანსი გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტთა თანასწორობა სამოქალაქო სამართლის წამყვანი პრინციპია. მთლიანობაში სამოქალაქო სამართალი აგებულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტთა თანასწორობაზე, მიუხედავად იმისა, სუბიექტად გვევლინება ფიზიკური პირი, იურიდიული პირი თუ სახელმწიფო. აღნიშნული პრინციპი თანაბრად უნდა გავრცელდეს როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე სახელმწიფო ბაჟის განაკვეთების დადგენის დროს (შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ- კონსტიტუციური სარჩელი 22.01.2015 წელი). სადავო ნორმებიდან გამომდინარე კი საკმაოდ ბუნდოვანია ის გარემოება და მოტივი, თუ რა მიზნით იქნა დაწესებული ასეთი განსხვავებული მოთხოვნები იურიდიული პირებისათვის და არ იკვეთება არანაირი ლეგიტიმური მიზანი იმისა, თუ რატომ უნდა გადაიხადოს იურიდიულმა პირმა თუნდაც მცირედითაც გაზრდილი ოდენობა სახელმწიფო ბაჟისა ვიდრე ფიზიკურმა პირებმა, როდესაც ისინი სარგებლობენ თანაბარი სერვისით. სადავო ნორმების არსებობის საჭიროება ასევე ვერ დასაბუთდება იმით, რომ იურიდიული პირის მიერ შეტანილი სარჩელის, საქმის განხილვას უფრო მეტი რესურსი და ძალისხმევა სჭირდება სასამართლოს მხრიდან და ამიტომ არის დაწესებული მეტი ოდენობა ბაჟისა ვიდრე ფიზიკური პირებისათვის, ვინაიდან ყველა კონკრეტული საქმე, რომელზედაც სასამრთლოში მიმდინარეობს წარმოება არის თავისებურად ინდივიდუალური და ასე გადაჭრით ვერ დასაბუთდება ის, რომ თუკი საქმე ეხება იურიდიულ პირს, ეს საქმე განსახილველად უფრო რთულია ან მეტი რესურსი სჭირდება, რადგან სამართლებრივად რთული და იშვიათი სახის დავა შესაძლოა ასევე ფიზიკურ პირსაც ეხებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადსაღებია სადავო ნორმებში არსებული ჩანაწერები, სიტყვები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ თუ რამდენად გაზრდილი და უთანასწოროა დაწესებული გადასახადი იურიდიული პირებისათვის. კერძოდ: საქართველოს კანონის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მესამე ნაწილის ა.ბ), ბ.ბ) და გ.ბ) ქვეპუნქტების მიხედვით ფიზიკურ პირთან შედარებით იურიდიულ პირს უწევს გაუმართლებლად დიდი თანხის გადახდა სხვადასხვა ინსტანციის მიხედვით, კერძოდ 2000 ლარით მეტი უნდა გადაიხადოს იურიდულმა პირმა იმისათვის, რომ ისარგებლოს სასამართლოს იგივე სერვისით, რითაც სარგებლობს ფიზიკური პირი. შესაბამისად წინამდებარე ჩანაწერი სრულიად დაუსაბუთებელია და არ იკვეთება მისი ნორმატიულ აქტში არსებობის საჭიროების გამამართლებელი მაღალი ლეგიტიმური მიზანი. ინტანციების მიხედვით განსხვავებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შესახებ ანალოგიური ჩანაწერი არსებობს ასევე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ა.ბ) ქვეპუნქტის სიტყვები: „იურიდიული პირისათვის- 5 000 ლარს“, მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ბ.ბ) ქვეპუნქტის სიტყვები: „იურიდიული პირისათვის- 7 000 ლარს“, მე-4 მუხლის მეორე პუნქტის გ.ბ) ქვეპუნქტის სიტყვები: „იურიდიული პირისათვის- 8 000 ლარს“. ეს ჩანაწერიც, მგავსად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა, აწესებენ ბაჟის ოდენობის გადახდის ვალდებულებას იურიდიული პირებისათვის 2000 ლარის სხვაობით. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს დაახლოებით 6-ჯერ გაზრდილი ოდენობით, კერძო 55 ლარი. ამ შემთხვევაშიც გამართლებლად დიდი გადასახადია დაწესებული იურიდიული პირებისათვის, როდესაც პირიქით მაქსიმალურად ხელმისაწვდომის უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით ხდება კანონმდებლობაში არსებული უსწორობის გასწორება და კანონმდებლობის დახვეწა. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე იურიდიული პირი ვალდებულია გადაიხადოს სამმაგი ოდენობა სახელმწიფო ბაჟისა. ასევე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის თანახმად საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობის და აღსრულების შესახებ განცხადების შეტანისას იურიდულმა პირმა უნდა გადაიხადოს სამმაგი ოდენობა და აგრეთვე მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი კი მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე იურიდიული პირი ვალდებულია გადაიხადოს აგრეთვე სამმაგი ოდენობა სახელმწიფო ბაჟისა. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ანალოგიური ჩანაწერები არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“ და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარს“), რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა ცნობილი არაკონსტიტუციურად და გამოცხადდა ძალადაკარგულად. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე -შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). შესაბამისად თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა მსგავსი ჩანაწერის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით კონსტიტუციურობის საკითხე და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, ასევე აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ ხსენებული სადავო ნორმების შესახებ იმსჯელოს და შეამოწმოს მათი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან. აშკარად იკვეთება, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ხდება გარკვეული პირების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამოყენება, რაც გამოიხატება სასამართლოსთვის მიმართვის სუბიექტების საერთო წრიდან ერთი ნაწილის- კერძო სამართლის იურიდიული პირების გამოყოფაში და მათთვის განსხვავებული საფასურის დაწესებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე -შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების კანონმდებლობა აღნიშნული საკითხის რეგულირების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ერთგვაროვანი მიდგომა არ გააჩნიათ სხვადასხვა ქვეყნებს, მაგ. თუ ესპანეთში, ინგლისში და ახალ ზელანდიაში ერთი და იგივე განაკვეთებია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასამართლოსათვის მისამართად, განსხვავებული ტარიფებია დადგენილი კანადაში, გერმანიაში და რუსეთში. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმები შეფასებადია საქართველოში არსებული სამართლებრივი სისტემიდან, თანასწორობის და სამართლიანი სასამართლოს უფლების გამოყენებიდან გამომდინარე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა, რომ: ,,კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას - კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,ახალი მემარჯვენეები და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ცხადია, რომ სადავო ნორმების შესაბამისად მოსარჩელეს არ აქვს სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობები ფიზიკურ პირებთან მიმართებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მოცემული კონსტიტუციური დებულების მიზანია არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და პირიქით (საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, II-2). სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულირების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირები უნდა ჩაითვალონ არსებითად თანასწორებად, ვინაიდან სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა სამართლებრივი მდგომარეობის, სტატუსის მიხედვით, დაუშვებელია. შესაბამისად, არ იკვეთება კანონმდებლის დასაშვები და ვარგისი მიზანი დიფერენცირებული რეგულირების შემოსაღებად (შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ- კონსტიტუციური სარჩელი 22.01.2015 წელი).
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ყველა ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება მოიცავს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობასა და ასევე ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. სრულყოფილი დაცვა კი გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულად, სამართლიანად ისარგებლოს სასამართლოს მომსახურებით, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბერის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. II-4). შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ის აზრი, რომ ნორმატიული აქტების დებულებები არ უნდა იყოს იმგვარად ჩამოყალიბებული და არ უნდა აწესებდნენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებითაც ამ უფლების რელიზაციის პროცესში წარმოიქმნება ბარიერები, როდესაც ასეთი დაბრკოლება გამოწვეულია იურიდიული პირებისათვის გაზრდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის დაწესებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ,,უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის N2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). მოცემულ შემთხვევაში კი საერთოდ არ იკვეთება სასამართლოს სერვისით სარგებლობის შეზღუდვის თანაზომიერი, საჭირო და გამართლებული საშუალება, არ ჩანს კანონმდებლის ის დაუძლეველი და აუცილებელი მიზანი, რის გამოც იურიდიულმა პირებმა უნდა გადაიხადონ გაზრდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ სარჩელში ჩამოთვლილი სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია და რთულია კონსტიტუციის პრინციპებთან მათი შესაბამისობის ახსნა თუ დასაბუთება. ამდენად, აუცილებელი საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს წინამდებარე სარჩელზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც უკეთესად მოწესრიგდება და გათანაბრდება ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულირება. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა