ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/15/1214 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 16 ნოემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2017 20:28 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარი“, „თ1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარი“, „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარი“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ბექა კვინიკაძე; მოპასუხე მხარის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თინათინ ერქვანია და გიორგი ჩიფჩიური.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1214) მიმართა ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. №1214 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 10 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 7 ივნისს.
2. №1214 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისთვის 3000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის 5000 ლარს, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბაჟის მაქსიმალური ოდენობა ფიზიკური პირისთვის შეადგენს 5000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის 7000 ლარს, ამავე კანონის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლოში ბაჟის ზღვრულ ოდენობას წარმოადგენს ფიზიკური პირისთვის 6000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისათვის 8000 ლარი.
4. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი იმეორებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ბაჟის ზღვრულ ოდენობებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებით. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე განისაზღვრება ფიზიკური პირისთვის 50 ლარის ოდენობით, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარის ოდენობით. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისთვის სახელმწიფო ბაჟი განისაზღვრება ფიზიკური პირისთვის 100 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარის ოდენობით, თუ განმცხადებელი იურიდიული პირია. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი კონსტიტუციურ სარჩელზე ფიზიკური პირებისთვის განისაზღვრება 10 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა პირებისთვის სახელმწიფო ბაჟი კონსტიტუციურ სარჩელებსა და წარდგინებებზე - 55 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას.
6. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, გარკვეული სამართლებრივი პროცედურებისთვის იურიდიული პირები იხდიან სახელმწიფო ბაჟს უფრო მაღალი ოდენობით, ვიდრე ფიზიკური პირები. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადების შეტანისას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე, იურიდიული პირები ვალდებული არიან, გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟის სამჯერ მეტი ოდენობა, ვიდრე ფიზიკურმა პირებმა. ხოლო კონსტიტუციურ სარჩელებზე იურიდიულ პირებს უწევთ ფიზიკურ პირებზე ხუთჯერ მეტი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავდროულად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განსხვავებულია სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობები.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, დაუშვებელია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრება წარმოადგენდეს ბიუჯეტის შევსების წყაროს. ბაჟის მიზანია, არ დაუშვას უსაფუძვლო სარჩელების ზრდა, ხელი შეუწყოს მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებას და მხარეთა მორიგებას. კანონმდებლის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ იურიდიულ პირებს, როგორც მოგებაზე ორიენტირებულ სუბიექტებს უფრო მაღალი ბიუჯეტი აქვთ ან უნდა ჰქონდეთ, არასწორია, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის დაწესების მიზანს არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება. იურიდიული პირი არის როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო მიზნებისთვის შექმნილი. ამავდროულად, ფიზიკურ პირს შესაძლოა ჰქონდეს გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი, ვიდრე რიგ იურიდიულ პირებს.
8. მოსარჩელის მტკიცებით, კანონმდებლობაში არსებული ასეთი ჩანაწერი იურიდიულ პირს ხელს უშლის, დაუბრკოლებლად განახორციელოს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და ახდენს დისკრიმინაციას პირის სამართლებრივი სტატუსის საფუძველზე. სადავო ნორმებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბუნდოვანია ის გარემოება და მოტივი, თუ რა მიზნით იქნა დაწესებული დიფერენცირებული მოთხოვნები იურიდიული პირებისათვის და არ იკვეთება არანაირი ლეგიტიმური მიზანი, თუ რატომ უნდა გადაიხადონ იურიდიულმა პირებმა სახელმწიფო ბაჟის თუნდაც მცირედით გაზრდილი ოდენობა ფიზიკურ პირებთან შედარებით, როდესაც ისინი სარგებლობენ თანაბარი სასამართლო სერვისებით. დიფერენცირება ვერც იმით დასაბუთდება, რომ იურიდიული პირების მიერ შეტანილი სარჩელის საქმის განხილვას მეტი რესურსი და ძალისხმევა სჭირდება. სასამართლოში მიმდინარე ყოველი კონკრეტული საქმე არის თავისებურად ინდივიდუალური და არასწორია წინასწარი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ იურიდიული პირის საქმის განხილვას სჭირდება მეტი რესურსი. რთული და იშვიათი სამართლებრივი დავა შესაძლოა ასევე შეეხებოდეს ფიზიკურ პირებსაც.
9. მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით განმარტავს, რომ ნორმატიული აქტები არ უნდა აწესებდნენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებითაც წარმოიქმნება ბარიერები სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის. ამ შემთხვევაში ასეთი ბარიერი გამოიხატება იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ბაჟის დისკრიმინაციული ოდენობის დაკისრებაში.
10. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმების საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო აქტები შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად 2016 წლის 29 დეკემბერის №2/6/623 გადაწყვეტილებით საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
11. ამავდროულად, მოსარჩელე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელის პოზიციით, არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მისთვის გამოუსწორებელ შედეგებს.
12. მოპასუხე მხარის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განსხვავებული მიდგომა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის შესაძლებელია განპირობებული იყოს იმ ფაქტორით, რომ მათ აქვთ სხვადასხვა ქონებრივი მდგომაროება, რაც გამოიხატება იურიდიული პირებისთავის სავალდებულოდ განსაზღვრული კაპიტალის არსებობაში. მოპასუხემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევას მოსარჩელე ასაბუთებს მხოლოდ დიფერენცირების ფაქტით, რაც დაუსაბუთებელია და სარჩელს მიმართება შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 14 მუხლთან, თუმცა არა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
13. მოპასუხე თავის არგუმენტაციას ამყარებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის დაწესება არ შეიძლება, თავისთავად, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად იქნეს მიჩნეული.
14. მოპასუხემ განმარტა, რომ სადავო ნორმები არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერის №2/6/623 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებს. მოპასუხის პოზიციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ შეფასებული იყო იურიდიული პირებისთვის დაკისრებული ბაჟის ფიქსირებული ოდენობა, ხოლო №1214 კონსტიტუციური სარჩელის მსჯელობის საგანს აგრეთვე წარმოადგენს პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის დადგენილი ბაჟის ზედა ზღვრის ოდენობის კონსტიტუციურობა. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის დადგენილ ბაჟთან დაკავშირებით მოპასუხემ აღნიშნა, რომ კანონმდებელს, როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში, აგრეთვე სამოქალაქო სამართალწარმოებაში აქვს ერთნაირი მიდგომა, რაც გამოიხატება ფიზიკური და იურდიული პირებისათვის ბაჟის დიფერენცირებულ ოდენობაში. მოპასუხის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოება განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოებისგან, ბაჟის დაკისრების საკითხი კანონმდებელმა ერთი და იმავე ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად ერთნაირად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართ დიფერენცირებულად დაარეგულირა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იმეორებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე შუამდგომლობს, საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში მიიღოს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 8).
4. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილებით საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდა იურიდიული პირებისთვის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ფიზიკურ პირებთან შედარებით უფრო მაღალი ოდენობით დაკისრებას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ფიზიკური პირისთვის განისაზღვრებოდა 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის - 150 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, ფიზიკური პირისთვის სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა 50 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის - 150 ლარს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი ფიზიკური პირისთვის შეადგენდა 100 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის - 300 ლარს.
6. №1214 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე, სხვა ნორმებთან ერთად, ითხოვს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარს“ არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმები ითვალისწინებს იურიდიული პირის ვალდებულებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟის უფრო მაღალი ოდენობა, ვიდრე ეს ფიზიკური პირებისთვის არის განსაზღვრული.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილებით დისკრიმინაციულად მიიჩნია და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო ბაჟის დიფერენცირებული ოდენობის განსაზღვრა იმავე სამოქალაქო საპროცესო ქმედებებისთვის, რაც მოცემული კონსტიტუციური დავის ფარგლებში გასაჩივრებული ნორმებით არის დადგენილი. განსხვავებას წარმოადგენს მხოლოდ ის გარემოება, რომ ძალადაკარგული ნორმები წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებს, ხოლო განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები წარმოადგენენ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებს. დასახელებული სადავო ნორმები სიტყვასიტყვით იმეორებს ძალადაკარგული ნორმების შინაარსს, გააჩნია იგივე რეგულირების სფერო და ფარგლები. ის ტექნიკური, ფორმალური განსხვავება, რაც გამოიხატება სადავო ნორმების სხვა ნორმატიულ აქტში ასახვაში, არ განაპირობებს სადავო ნორმების იმგვარ სხვაობას, რომ საჭიროებდეს საქმის შემოწმებას არსებითი განხილვის ფორმატში.
8. ამდენად, დასახელებულ სადავო ნორმებს აქვთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იდენტური შინაარსი. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმის პლენუმზე გადაცემის საფუძველი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარი“, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარი“, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარი“ საქმის არსებითი განხილვის გარეშე უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
10. №1214 კონსტიტუციურ სარჩელში აგრეთვე მოთხოვნილია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ძალადაკარგულად ცნობა. აღნიშნული პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი 10 ლარის ოდენობით, ხოლო სადავო ნორმის მიხედვით, სხვა პირების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და წარდგინებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 55 ლარს.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის არსებობას. კერძოდ, „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამასთან, „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
12. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმები არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილებით და რამდენად შეიძლება იგი მიჩნეულ იქნეს ხსენებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსების დადგენისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: „სადავო ნორმა იწვევს თუ არა იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ... გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და დგება თუ არა არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“, II-5). აშკარაა, რომ №2/6/623 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად ცნობილი ნორმების მსგავსად, სადავო ნორმაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის დიფერენცირებას ადგენს სასამართლოსადმი მიმართვისას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მოცულობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ზემოთ ხსენებული წინაპირობების შესამოწმებლად სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად გააჩნია სადავო ნორმას უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებთან მიმართებით იმგვარი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც წარმოშობს მისი კონსტიტუციურობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალი შეფასების საჭიროებას.
13. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო ბაჟის დიფერენცირებული ოდენობები სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა კი ადგენს სახელმწიფო ბაჟს საკონსტიტუციო სამართალწარმოებისთვის. ზოგადად, სამოქალაქო საქმის განხილვასა და საკონსტიტუციო სამართალწარმოებას შორის არსებობს რიგი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორები. ამ ორ პროცესში განსხვავებულია სამართალწარმოების სპეციფიკა და პროცედურები. ამავდროულად, უნდა გაირკვეს, ახდენს თუ არა არსებით გავლენას სამართალწარმოების სპეციფიკა სახელმწიფო ბაჟის დანიშნულებაზე და თანასწორობის უფლებით გათვალისწინებულ იმ კონსტიტუციურ სტანდარტებზე, რომლებიც ბაჟის დაწესებას უკავშირდება.
14. საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბერის №2/6/623 გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ სახელმწიფო ბაჟთან მიმართებით დაუშვებელია, გაუმართლებელი დიფერენცირებული მოპყრობა იურიდიული პირის სტატუსის საფუძველზე. ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის დაწესების ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნია სასამართლოში დაუსაბუთებელი და უმიზნო სარჩელების შეტანის ალბათობის შემცირება. სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო ბაჟის დაწესება ხელს უწყობს მხარეების მიერ სარჩელის მხოლოდ რეალური საჭიროების პირობებში წარდგენას, მაშინ, როდესაც მხარე მიიჩნევს, რომ მეორე მხარის მიმართ მას რეალური სამართლებრივი მოთხოვნა გააჩნია. ბაჟის დაწესებით სახელმწიფო ახალისებს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეებს, იდავონ მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება რეალურად სჭირდებათ” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
15. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამართლებრივ სტატუსში სხვაობის მიუხედავად, ფიზიკური პირიც და იურიდიული პირიც საერთო სასამართლოებს საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართავენ და მათთვის კონსტიტუციით თანაბრად დაცული უფლების რეალიზებას ახდენენ. იმავდროულად, დაუსაბუთებელი სარჩელებისგან თავის არიდების მიზნით დადგენილი სახელწიფო ბაჟი თანაბრად ეფექტურია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მიმართ. არ არსებობს გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დადგენილი ერთი და იმავე ოდენობის სახელმწიფო ბაჟი განსხვავებულ ტვირთად შეიძლება დააწვეს მათ. ფიზიკური პირი შეიძლება იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი, მაშინ, როდესაც იურიდიული პირს შეიძლება ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. სადავო ნორმები პირების დიფერენცირებას ახდენს არა მათი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არამედ მათი სტატუსის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ ფიზიკური და იურიდიული პირების არსებითად არათანასწორ სუბიექტებად მიჩნევა“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერი №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
16. როგორც სამოქალაქო ისე საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თანაბარი ინტერესი აქვთ, მიმართონ სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ასევე, იდენტურია პირისათვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟის მიზნები და დანიშნულებაც. საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში, ისევე როგორც სამოქალაქო საქმეებზე, სახელმწიფო ბაჟის მიზანია დაიცვას წარმოება თვითმიზნური და დაუსაბუთებელი სარჩელებისაგან. ასევე, ის გარემოება, რომ დაუსაბუთებელი სარჩელებისგან თავის არიდების მიზნით დადგენილი სახელწიფო ბაჟი თანაბრად ეფექტურია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ, ასევე აქტუალურია საკონსტიტუციო სამართალწარმოებაშიც. ამასთან, არ იკვეთება რაიმე დამატებითი ინტერესი, რომელიც შესაძლოა განაპირობებდეს ამ სამართალურთიერთობაში ფიზიკური და იურიდიული პირების დიფერენცირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსხვავებული სამართალწარმოებების არსებობა ვერ ჩაითვლება იმგვარ არსებით განსხვავებად, რის გამოც აუცილებელი იქნებოდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის დამატებით შესწავლა საქმის არსებითი განხილვის ფორმატში. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმის პლენუმზე გადაცემის საფუძველი.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი საქმის არსებითი განხილვის გარეშე უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
18. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შემდეგ აღარ იარსებებს არც ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს სადავო ნორმით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებზე იურიდიული პირის ბაჟის გადახდის ვალდებულებას. შესაბამისად, იურიდიული პირები სრულად გათავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე საპროცესო მოქმედებებზე ფიზიკურ პირებს დარჩებათ ბაჟის გადახდის ვალდებულება, რამაც შესაძლოა, თავის მხრივ, განაპირობოს გაუმართლებელი დიფერენცირება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება სასამართლოების დაუსაბუთებელი, უმიზნო სარჩელებით გადატვირთვისგან დაცვის მიზანს ემსახურება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). შესაბამისად, იურიდიული პირების სახელმწიფო ბაჟისაგან სრულად გათავისუფლება, ერთი მხრივ, არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნას (თანასწორობის უფლების მიზანია უზრუნველყოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ერთნაირი ბაჟის გადახდა), ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების ხელყოფა გამოიწვიოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტს მიეცეს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების და ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრის შესაძლებლობა, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ უნდა გადავადდეს სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება 2018 წლის 31 მარტამდე.
19. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის „აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
20. მოსარჩელე, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული სადავო ნორმები განსაზღვრავს იურიდიული პირების მიერ პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ზღვრულ ოდენობებს, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს, შესაბამისად, 5000, 7000 და 8000 ლარს.
21. დასახელებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურობის თაობაზე წარდგენილი სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ უკვე იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერში საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
22. სასამართლოს განმარტებით, „ხსენებული სადავო ნორმები ადგენენ იურიდიული პირის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალურ ოდენობას სასამართლო ინსტანციების მიხედვით. სადავო ნორმები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ კანონით დადგენილი წესით გამოთვლილი ბაჟი აღემატება ამავე ნორმებით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას. ეს ნორმები საერთოდ არ წარმოადგენს იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოთხოვნის საფუძველს, არამედ განსაზღვრავს იმ მაქსიმალურ ოდენობას, რომელსაც არ უნდა აღემატებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სხვა ნორმების საფუძველზე გამოთვლილი სახელმწიფო ბაჟი. ერთადერთი ზეგავლენა, რომელიც შეიძლება მათ მოსარჩელეზე მოახდინონ, არის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ხსენებული სადავო ნორმები კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით აღმჭურველი ხასიათისაა“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
23. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან სადავო ნორმების მიმართებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა: „უდავოა, რომ სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსხვავებულ უფლებებს ადგენს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ფიზიკური პირები აღჭურვილი არიან უკეთესი უფლებით, რაც შეიძლება დიფერენცირებულ მდგომარეობადაც იქნეს განხილული, თუმცა კანონის აღნიშნული მოპყრობა დამოუკიდებლად არ გამომდინარეობს სადავო ნორმებიდან. მოსარჩელე მიჩნევს, რომ დიფერენცირება განპირობებულია ფიზიკური პირებისათვის შედარებით დაბალი ზღვრული ოდენობის სახელმწიფო ბაჟის დაწესებით იურიდიულ პირებთან შედარებით. მაგალითად, პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, მაშინ როდესაც იურიდიული პირისათვის დადგენილი ბაჟის ზღვრული ოდენობა 5000 ლარია. იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს აღნიშნული დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობის საკითხზე, საჭიროა, მოსარჩელემ სადავოდ გახადოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც დიფერენცირებას განაპირობებს და რომლის არაკონსტიტუციურად ცნობაც მოსარჩელის პრობლემის აღმოფხვრას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სადავოდ უნდა გახადოს ის წესი, რომელიც ფიზიკურ პირებს უკეთეს მდგომარეობაში აყენებს იურიდიულ პირებთან შედარებით და მათთვის ადგენს სახელმწიფო ბაჟის შედარებით დაბალ ზღვრულ ოდენობას. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებს იურიდიული პირების მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობის განმსაზღვრელი ნორმა, რასაც მათი უფლებების თვალსაზრისით მხოლოდ უარყოფითი ეფექტი ექნება და მოსარჩელის მიერ მითითებული დიფერენცირებული მოპყრობის ინტენსივობას მხოლოდ გაზრდის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
24. განსახილველ შემთხვევაშიც აშკარაა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ ამ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. ხსენებულ ნორმებს მოსარჩელის მიმართ არ გააჩნიათ უფლების შემზღუდავი ეფექტი და არ წარმოადგენენ არც დიფერენცირების დამდგენ და არც სამართლიანი სასამართლოს უფლების შემზღუდველ ნორმებს.
25. შესაბამისად, №1214 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მათი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 და 41 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, 51, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის 51 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1214 კონსტიტუციური სარჩელი („ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. 2018 წლის 31 მარტიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარი“, „თ1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარი“, „ი“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარი“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. განჩინება ძალაშია მისი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი