გურამ იმნაძე და მარიამ ბეგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/9/1306 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 6 დეკემბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 დეკემბერი 2018 20:20 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გურამ იმნაძე და მარიამ ბეგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17 და მე-20 მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1306) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა გურამ იმნაძემ და მარიამ ბეგაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2018 წლის 2 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №1306 კონსტიტუციურ სარჩელზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 6 დეკემბერს.
2. №1306 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად განხორციელებული შემოწმება“, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ხორციელდება პირის, ნივთისა და სატრანსპორტო საშუალების შემოწმება და დათვალიერება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-17 მუხლები განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლებებს, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს საპოლიციო კონტროლის დაწყების შესაძლებლობას, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება პირების შემოწმება ყოველგვარი ინდივიდუალური ეჭვის გარეშე. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია საპოლიციო კონტროლის დაწყება დანაშაულისა და სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე რეაგირების მიზნით, ვინაიდან აღნიშნული ქმედების გამოძიება წარმოებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმი საშუალებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს, შეამოწმონ კონკრეტული პირები მათზე ინდივიდუალური ეჭვის დასაბუთების გარეშე და მათგან შესაბამისი საპროცესო გარანტიების გარეშე მოიპოვონ მტკიცებულებები, რაც ზრდის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მომეტებულ რისკს.
6. მოსარჩელე მხარე, აგრეთვე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულების ან ინფორმაციის არსებობის ვალდებულებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა, ობიექტურ პირს ევარაუდა, რომ არსებობს დანაშაულის ან სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციის აუცილებლობა. ამის საპირისპიროდ, საპოლიციო კონტროლის დაწყება შეიძლება ეყრდნობოდეს ზოგადად დანაშაულის ჩადენის შესახებ პრეზუმფციას ან დანაშაულთან ბრძოლის ზოგად ინტერესს და საპოლიციო კონტროლი შესაძლოა დაიწყოს აბსტრაქტული საფრთხის საფუძველზე. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონკრეტული მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, გაუმართლებელია საპოლიციო კონტროლის დაწყება ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულსა და სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით. სადავო ნორმა არ ახდენს დანაშაულების/სამართალდარღვევების სიმძიმის მიხედვით დიფერენცირებას და ნებისმიერ მათგანზე რეაგირებისთვის შესაბამის ღონისძიებად მიიჩნევს საპოლიციო კონტროლის დაწყებას. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება კი თავისი საგანგებო ხასიათიდან გამომდინარე, დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ ქმედებებზე რეაგირებისა თუ პრევენციის მიზნით.
7. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა აგრეთვე ეწინააღმდეგება კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს. სადავო ნორმაში მითითებული სიტყვები „ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა“ არ აკონკრეტებს, თუ რა საფრთხის აღკვეთას ემსახურება საპოლიციო კონტროლი, თუ რა სახის და სიმძიმის დანაშაულები შეიძლება დაედოს მას საფუძვლად და ბუნდოვანია ისიც, თუ დანაშაულზე რეაგირების რა შემთხვევებს მოიცავს საპოლიციო კონტროლი. ხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით განმტკიცებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საპოლიციო კონტროლის ჩატარების შესაძლებლობას წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე განსაზღვრული დროით. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმა ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს და მსგავსი ტერმინები მათი განუსაზღვრელი შინაარსის და ფართო ფარგლებიდან გამომდინარე, შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება არა კონკრეტულ, ვიწროდ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, არამედ მინისტრის მიერ შეუზღუდავი უფლებამოსილების ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე განუსაზღვრელი დროით, რომელიც არ არის დაკავშირებული დანაშაულზე რეაგირების ინტერესთან. აღნიშნული არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებებზე, რომელთა საფუძველზეც საპოლიციო კონტროლი განხორციელდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამრიგად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი განუსაზღვრელი ტერმინები მინისტრს ანიჭებს დისკრეციას, შეუზღუდავი დროით და შეუზღუდავ ტერიტორიულ არეალში განახორციელოს საპოლიციო კონტროლი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
9. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ხორციელდება პირის, ნივთის და ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება და დათვალიერება. მოსარჩელის მტკიცებით, კანონმდებლობა, პირველ რიგში, უნდა ადგენდეს უფრო მსუბუქი ღონისძიების - პირის იდენტიფიცირების, გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო შემდგომ, ინდივიდუალური ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაძლოა გათვალისწინებული იყოს ისეთი ინტენსიური საშუალებები, როგორებიცაა შემოწმება და დათვალიერება, რაც დამატებით უნდა საჭიროებდეს დასაბუთებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს საპოლიციო კონტროლის ფარგლებში უფრო ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ უფლებას.
10. მოსარჩელეთა განმარტებით, ზემოაღნიშნული სადავო ნორმები არ ითვალისწინებს საპოლიციო კონტროლის დაწყების საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას. კონსტიტუციის მე-20 მუხლი კი პირადი ცხოვრების შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში უნდა შეფასდეს საპოლიციო კონტროლის დაწყების აუცილებლობა და მინისტრის დისკრეციის გამოყენების მართლზომიერება. ამავდროულად, თუ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საპოლიციო კონტროლი ტარდება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული არ უნდა ათავისუფლებდეს მას სასამართლო კონტროლისგან, არამედ უნდა მოხდეს მხლოდ მისი დროში გადანაცვლება და საპოლიციო კონტროლის დასრულების შემდგომ სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს მისი დაწყების მართლზომიერება. შესაბამისად, საპოლიციო კონტროლის განხორციელება სასამართლო ნებართვის გარეშე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.
11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები, საპოლიციო კონტროლის დაწყების დაბალი სტანდარტის და ამ ღონისძიების ფარგლებში უფლების შეზღუდვის ინტენსიური ბუნებიდან გამომდინარე, ქმნის პირის პირად ცხოვრებაში ჩარევის მოლოდინის მდგომარეობას. ნებისმიერი დანაშაულის პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის საპოლიციო კონტროლის გამოყენება ქმნის განცდას, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანზე მაღალი ღირებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის აღკვეთა და მასზე რეაგირება ემსახურება ადამიანის უსაფრთხოებას, მტკიცებულებების ამგვარი ფორმით მოპოვება და სამართალდარღვევის პრევენცია შეუთავსებელია ადამიანის უფლებების პატივისცემის იდეასთან. ხსენებულის გათვალისწინებით, სადავო ნორმები აგრეთვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-17 მუხლებით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და ადამიანის ღირსების უფლებას.
12. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, კანადის უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
3. №1306 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17 და მე-20 მუხლებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა სპეციალური საპოლიციო კონტროლის ხანგრძლივობას არ უკავშირებს კონკრეტული საფრთხის აღკვეთას, არც ჩადენილ სამართალდარღვევაზე/დანაშაულზე რეაგირების ინტერესს. იგი განსახილველი საპოლიციო ღონისძიების ხანგრძლივობისა და ტერიტორიული არეალის განსაზღვრას სრულად მინისტრის დისკრეციულ უფლებამოსილებას ანდობს.
4. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად განხორციელებული შემოწმება“. ციტირებული ნორმა, ერთი შეხედვით, არ ადგენს სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროით და ტერიტორიული არეალის განსაზღვრის მკაფიო წესს. მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არერთხელ აღუნიშნავს, რომ „... სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6). სხვაგვარად, ნორმის შინაარსზე ხშირად ახდენს გავლენას კანონის სხვა დებულებები. ამდენად, გასაჩივრებული ნორმით დადგენილი წესის გააზრებისთვის აუცილებელია მისი სისტემურად წაკითხვა.
5. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ადგენს პოლიციის პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების (საპოლიციო ღონისძიებების) ჩამონათვალს. აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის საპოლიციო ღონისძიების ერთ-ერთი სახე. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საპოლიციო საქმიანობის ძირითად პრინციპებს, რომელთა დაცვა თითოეული საპოლიციო ღონისძიების კანონიერების აუცილებელი კომპონენტია. განსახილველი კანონის მე-12 მუხლი მოთხოვს, რომ ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება, მათ შორის, სპეციალური საპოლიციო კონტროლი იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.
6. წარმოდგენილი არგუმენტაცია მიუთითებს, რომ უფლებამოსილი პირი სპეციალური საპოლიციო კონტროლის ტერიტორიული და დროითი არეალის განსაზღვრისას შებოჭილია თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებით. კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სპეციალური საპოლიციო კონტროლის ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრისას, უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს დასახელებული კრიტერიუმებისა და საპოლიციო კონტროლის საჭიროების ურთიერთკავშირი.
7. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი ან/და მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებდა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი უფლებამოსილ პირს ანიჭებს სპეციალური საპოლიციო კონტროლის ტერიტორიული და დროითი არეალის განსაზღვრის შეუზღუდავ უფლებამოსილებას და ამ ნორმას გააჩნია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი.
8. აქედან გამომდინარე, №1306 კონსტიტუციურ სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17 და მე-20 მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
9. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17 და მე-20 მუხლებთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „სპეციალური საპოლიციო კონტროლისას ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება და დათვალიერება“. მოსარჩელეები დასახელებულ ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ იმდენად, რამდენადაც თვლიან, რომ პირის მიმართ შემოწმება-დათვალიერების საპოლიციო ღონისძიების გამოყენებისთვის საკმარისია სპეციალურ საპოლიციო კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ყოფნა და აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი კონკრეტული პირის მიმართ რაიმე ეჭვის არსებობა ან მისი დასაბუთება.
10. მოსარჩელე მხარე, ზოგადად, სადავოდ არ ხდის სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებას, თუმცა სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმდენად, რამდენადაც სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას არ არსებობს უფლების შეზღუდვის ნაკლებად მზღუდავი საშუალებები, მაგალითად, პირის იდენტიფიკაცია და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ყველა ადამიანი შეიძლება დაექვემდებაროს შემოწმებას და დათვალიერებას.
11. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსი ამოიწურება იმ საპოლიციო ინსტრუმენტების განსაზღვრით, რომლებიც სპეციალური საპოლიციო კონტროლისას შეიძლება იქნეს გამოყენებული. სადავო ნორმა არ არეგულირებს საპოლიციო კონტროლის აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენების საფუძვლებს ანდა აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული მექანიზმების რიგითობას. მოსარჩელე მხარის მიერ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში დასახელებულ სამართლებრივ პრობლემებს, როგორიცაა პირის მიმართ საპოლიციო კონტროლის განხორციელების ინსტრუმენტების ბლანკეტური გამოყენება, აგრეთვე ამ ინსტრუმენტებზე ნაკლებად მზღუდავი მექანიზმების არსებობა, შინაარსობრივად ფარავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი.
12. ამდენად, №1306 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17 და მე-20 მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
13. №306 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
14. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული უფლება იცავს პიროვნების ავტონომიურობას, პირის თავისუფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი შინაგანი სამყარო, მისი პირადი გონებრივი და ფიზიკური სფერო, სხვებისგან ჩაურევლად, პირადი გადაწყვეტილებით დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა სხვა პირებთან და გარესამყაროსთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის N2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „“საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
15. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N 2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი და სხვები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-57).
16. განსახილველი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, არსებითად განსახილველად მიღებული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლების ფარგლებში. №1306 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც დაასაბუთებდა, რომ სადავო ნორმა ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების ისეთ უფლებრივ კომპონენტს, რომლის შეფასება შეუძლებელი იქნება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის ფარგლებში.
17. აქედან გამომდინარე, №1306 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
18. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა ადგენს ადამიანის ძირითად უფლებებში ჩარევის გაუმართლებლად დაბალ სტანდარტს. სპეციალური საპოლიციო კონტროლი ინტენსიურ ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო სადავო ნორმის მოქმედებით იქმნება მდგომარეობა, როდესაც დანაშაულთან ბრძოლა ადამიანზე მაღალი ღირებულებაა.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების უფლების უდიდეს მნიშვნელობაზე. ადამიანს ღირსების უფლება აქვს იმიტომ, რომ იგი ადამიანია „...და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ... მთავარი ღირებულება არის ადამიანი როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30).
20. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „უფლება სამართალსუბიექტობაზე წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ღირსების უფლების განუყოფელ ელემენტს. აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-10).
21. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ვერ იქნება განხილული სხვა ძირითადი უფლების დამდგენი ნორმებისგან მოწყვეტილად. „ადამიანის ღირსების კონსტიტუციური პრინციპი ყველა ფუნდამენტური უფლების – ადამიანის თავისუფლების საფუძველია, ისევე როგორც უფლებებით სრულყოფილად სარგებლობა და მათი ეფექტური დაცვა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უშუალო გარანტიაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-12). „ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება... მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ამიტომ ამ უფლებებში სახელმწიფოს არათანაზომიერი, გადამეტებული ჩარევა ხელყოფს ადამიანის ღირსებასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/3/407 საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-3).
22. ადამიანის ღირსებასა და სხვა ძირითად უფლებებს შორის ამგვარი კავშირის მიუხედავად, სადავო ნორმის მიერ რომელიმე ძირითადი უფლების შეზღუდვა არ ამყარებს მის ავტომატურ კავშირს ღირსების უფლებასთან მიმართებით და პირიქით. ადამიანის ღირსებას, როგორც უფლებას, გააჩნია თავისი დამოუკიდებელი დაცული სფერო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ სიკეთესთან სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების დასაბუთებისთვის აუცილებელია, რომ მას ახასიათებდეს ადამიანის გარკვეული მიზნის მისაღწევად გამოყენების ნიშნები.
23. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა“. სადავო ნორმა ადგენს სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების მიზნებსა და საფუძვლებს. ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „სპეციალური საპოლიციო კონტროლისას ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება და დათვალიერება“. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას“. დასახელებული ნორმები ცხადყოფს, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს გამოიყენება მხოლოდ მითითებული საპოლიციო ღონისძიებები (შემოწმება და დათვალიერება). ამდენად, სპეციალური საპოლიციო კონტროლის უფლების შემზღუდველი ბუნება სწორედ აღნიშნული მექანიზმების შინაარსის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.
24. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად გამოყენებადი საპოლიციო ღონისძიებებისგან განსხვავებით, სპეციალური საპოლიციო კონტროლისას შემოწმება და დათვალიერება გამოიყენება ინდივიდუალური ეჭვის დასაბუთების გარეშე. სპეციალური საპოლიციო კონტროლის ინსტიტუტის სრული გაუქმება არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას. საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს საპოლიციო კონტროლის იმპლემენტირებული ინსტიტუტის პროპორციულობის თაობაზე შესაბამის კონსტიტუციურ უფლებასთან (საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან) მიმართებით, მათ შორის, რამდენად პასუხობს სადავო ნორმა ვიწრო პროპორციულობის მოთხოვნებს. თუმცა, გასაჩივრებული რეგულირება არ მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ სფეროს. სხვაგვარად, განსახილველი კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება, რომ სადავო ნორმები აფერმკრთალებს ადამიანის, როგორც სამართლის სუბიექტის სტატუსს და ახდენს მის ობიექტივიზაციას.
25. ამდენად, №1306 კონსტიტუციურ სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1306 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1306 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - გურამ იმნაძე და მარიამ ბეგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1306 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - გურამ იმნაძე და მარიამ ბეგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-17 მუხლებთან მიმართებით.
ბ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17 და მე-20 მუხლებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი