საქართველოს მოქალაქეები - ივანე პეტრიაშვილი და ირაკლი ულუმბელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1218 |
ავტორ(ებ)ი | ივანე პეტრიაშვილი, ირაკლი ულუმბელაშვილი |
თარიღი | 8 მაისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. ასევე სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს. სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელე მხარე წარმოადგენს ფიზიკურ პირს, რომლისთვისაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მომსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. მოსარჩელე მხარე, ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცული უფლების დარღვევის მსხვერპლს წარმოადგენს. ვინაიდან მისი სამსახურიდან განთავისუფლება მოხდა უკანონოდ და მისთვის განაცდურის ანაზღაურების შემთხვევაში, მოქმედი სადავო ნორმის მიხედვით მას უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და არა სრულად, როგორც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტის თანახმად. სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, სადავო საკითხი არ ყოფილა გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავოდ ქცეული ნორმის ჭრილში, თუმცა შინაარსობრივად მსგავსი საკითხი ერთხელ უკვე იქნა განხილული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 31 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით N2/3/630 საქმეზე - საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლითაც დადგინდა გრამატიკულად და შინაარსობრივად მსგავსი ნორმის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან წინააღმდეგობა. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს. არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არ მიღების საფუძვლები, კერძოდ: ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბემება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მოსარჩელე უფლებამოსილია წარმოადგინოს სარჩელი, შესაბამისად, სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ; გ) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით. ვ) არ არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა, ვინაიდან მოცემული სარჩელისათვის ასეთს არ ითვალისწინებს კანონი; ზ) არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2011 წლის 18 აპრილის N81/3 დადგენილებით დამტკიცებული სარჩელის სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. არსებობს აშკარა მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს შორის. შესაბამისად, სარჩელი აკმაყოფილებს აქ განხილული კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. წინამდებარე სარჩელში წარმოდგენილია მტკიცება სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურობის შესახებ. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სარჩელში წარმოდგენილი ნორმატიული აქტის სადავო ნორმის - „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, „მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ხელფასი მიეცემა არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტთან:მოსარჩელე ირაკლი ულუმბელაშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე 2007 წლიდან მსახურობდა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 26 თებერვლის ბრძანებით იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს კინოლოგიური მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის #MCLA91500001421 ბრძანებით კინოლოგი ირაკლი ულუმბელაშვილი დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N5 სამმართველოს სპეცრაზმის მებრძოლის თანამდებობაზე, იმ პიროებებში, როდესაც მას არ გააჩნდა არც საამისო ცოდნა, გამოცდილება და უნარები. ამასთან, ფიზიკური მდგომარეობით არ შეესაბამებოდა გადაყვანის შედეგად დაკავებულ თანამდებობას. გადაყვანის შედეგად, სპეცრაზმის მებრძოლის წესების არცოდნის გამო ის არ იქნა დაშვებული სამუშაოზე, ხოლო 2015 წლის 2 ივლისს, მას მიეწოდა ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის შესახებ და ასევე განემარტა, რომ უნდა ჩაებარებინა ნორმატივები. კერძოდ, მას ნორმატივების ჩასაბარებლად სირბილში 3 200 მეტრის დისტანცია სრული საბრძოლო აღჭურვილობით 15 წუთში უნდა დაეფარა და შეესრულებინა სხვა დავალებები. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ნორმატივები იყო საკმაოდ მძიმე შეასრულებლად და ირაკლი ულუმბელაშვილს არ ჰქონდა საკმარისი ფიზიკური მონაცემები ამ ნორმატივების ჩასაბარებლად, მან უარი განაცხადა ნორმატივების ჩაბარებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს #MCLA21500003161 ბრძანებით ირაკლი ულუმბელაშვილი გათავისუფლდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს N5 სამმართველოს მებრძოლის თანამდებობიდან გენერალური ინსპექციის 2015 წლის 1 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე „ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების -დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. სამუშაოზე აღდგენის, მის წინააღმდეგ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების - გადაყვანისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობისა და განაცდურის ანაზღაურების მიზნით ირაკლი ულუმბელაშვილმა 2015 წლის 2 სექტემბერს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ირაკლი ულუმბელაშვილის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის #MCLA91500001421 ბრძანება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს #MCLA21500003161 ბრძანება. დასახელებული გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეს დაევალა მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რითაც მოპასუხეს უნდა უზრუნველყო მოსარჩელის მიმართ უკანონო აქტის გამოცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე N3/6955-15 - N330310015001081187). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება უარყოფილ ნაწილში სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ირაკლი ულუმბელაშვილის მიერ, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სასამართლო გადაწყვეტილების ძალით მისი სამსახურში აღდგენა და თანმდევი შედეგით - გათავისუფლების დღიდან აღდგენის დღემდე განაცდურის სრულად ანაზღაურება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ N2/3/630 საქმეზე 2015 წლის 31 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე მითითებით (საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის N3ბ/1176-16 – N330310015001081187 განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული, სააპელაციო პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ასევე ირაკლი ულუმბელაშვილის კერძო საჩივარიც. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო საჩივრით ასევე გასაჩივრებული იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის N3ბ/1176-16 – N330310015001081187 განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრების შედეგად ძალაში იქნა დატოვებული უცვლელად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის Nბს-682-675(კს-16) - N330310015001081187 განჩინებით. ამდენად, საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება ვეღარ შეიცვლება ირაკლი ულუმბელაშვილის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატაში მისი სააპელაციო საჩივრის უარყოფის შემთხვევაშიც, რაც დღის წესრიგში დააყენებს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და უკანონოდ გათავისუფლების გამო სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისათვის განაცდურის, როგორც ზიანის ანაზღაურებას. ირაკლი ულუმბელაშვილი სააპელაციო საჩივარი, ამ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენის პერიოდისათვის ჯერ კიდევ განსახილველია, მასზე არ მიღებულა სააპელაციო პალატის მხრიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილება და სადავო ნორმა ზიანს მიაყენებს კონსტიტუციური სარჩელის ავტორს, სააპელაციო სასამართლოში მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და სასამართლო აქტით მისი სამსახურში აღგენის შემთხვევაში. განაცდურის ანაზღაურება თავისი არსით ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს და ამგვარი მოთხოვნის არსებობის პირობებში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ექმნება ვალდებულება, ახალი აქტის გამოცემის პროცესში იმსჯელოს მოსარჩელის შესაბამის უფლებაზეც. უფლება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე N3/6955-15). რაც შეეხება ივანე პეტრიაშვილს, ის სადავო ნორმის სავარაუდო მსხვერპლი შესაძლოა იყოს ნებისმიერ დროს, ამგვარ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის შემთხვევაში. განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ვაწყდებით პრობლემას, რაც გამოწვეულია სადავო ნორმის მოქმედებით. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „1. სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ხელფასი მიეცემა არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“. აქედან გამომდინარე, მოქმედი სადავო ნორმის თანახმად ირაკლი ულუმბელაშვილს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ხელფასი მიეცემა არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. სადავო ნორმის ეს ჩანაწერი უთუოდ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტს, რომლის მიხედვით: „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მომსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. აღნიშნული ჩანაწერი კონსტიტუციაში მიუთითებს იმაზე, რომ ირაკლი ულუმბელაშვილს უნდა აუნაზღაურდეს ზარალი არა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, არამედ სრულად. ირაკლი ულუმბელაშვილის გათავისუფლება სამსახურიდან მოხდა სრულიად უკანონოდ და მას წაერთვა ყოველთვიური ფინანსური შემოსავალი, რითაც გაუარესდა მისი მატერიალური მდგომარეობა. შესაბამისად უსამართლო და კონსტიტუციის მეორე თავთან შეუსაბამო იქნება, თუკი მას ზიანი აუნაზღაურდება მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, როდესაც ირაკლი ულუმბელაშვილი სამუშაოდან გათავისუფლებულია 2015 წლის 15 აგვისტოდან და მას მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების უფლება გარანტირებული უნდა ჰქონდეს 2015 წლის 15 აგვისტოდან დღემდე გასული პერიოდის მიხედვით სრულად. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტის მიხედვით: „ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მომსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებირდან“. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით: „თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. სადავო ნორმის მიხედვით კი დადგენილია, რომ მიუხედავად სასამართლოსთვის მიმართვისა უკანონოდ გათავისუფლებული პირი ვერ შეძლებს დარღვეული უფლების სრულად აღდგენას, არამედ მას აქვს უფლება მიიღოს მხოლოდ არაუმეტეს 3 თვის იძულებით განაცდური ხელფასის ოდენობა. კანონმდებლობაში მსგავი ჩანაწერის არსებობის საჭიროება არ შეიძლება გამართლდეს და დასაბუთდეს რაიმე ლეგიტიმური მიზნის არსებობით, მით უფრო უკანონოდ გათავისუფლებული პირისათვის ზიანის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის გზით სახელმწიფოს ფინანსური რესურსების დაზოგვაზე მითითებით. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მსგავსი ჩანაწერი არსებობდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის ბოლო წინადადებაში - „იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“. რაზედაც კონსტიტუციური სარჩელი შეტანილ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 24 თებერვლის კონსტიტუციური სარჩელი(რეგისტრაციის N630)). აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება N2/3/630 საქმეზე საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელზე ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება, სადაც ორგანიზაცია უთითებს, რომ ინდივიდს სახელმწიფოს მხრიდან გააჩნია კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების მოლოდინი იმგვარად, რომ არ დაარღვევს დასაქმებულთა უფლებებს, ხოლო მოხელე მიიღებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას და მის შესაბამისად დაგეგმავს მომავალს. სასამართლოს მეგობრის აზრით, პირის უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში, დაკმაყოფილებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტის თანახმად ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობა, კერძოდ, სახელმწიფო მოხელე მოქმედებს უკანონოდ, უკანონობის ფაქტი დადასტურებულია სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სახეზეა ასევე ზიანი, რომელიც გამოიხატება უკანონო განთავისუფლების შედეგად მიუღებელ შემოსავალში. გარდა ამისა, არსებობს დასახელებულ ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ირაკლი ულუმბელაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც ანალოგიური ვითარება გვაქვს, იგი ჯერ სხვა თანამდებობაზე იქნა გადაყვანილი მისი ნების საწინააღმდეგოდ, შემდეგ კი ბოლოს დაკავებული პოზიციიდანაც კი გაათავისუფლეს. შედეგად კი ირაკლი ულუმბელაშვილი დარჩა შემოსავლის გარეშე და აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამასთანავე მას ეზღუდება უფლება სრულად აუნაზღაურდეს ზიანი. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტის მიხედვით: „ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მომსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებირდან“. ამ ნომრით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. ნათლად არის დადგენილი ასევე ანაზღაურების მასშტაბებიც- ზარალი უნდა ანაზღაურდეს სრულად. ამ ნორმის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება N2/3/630 საქმეზე საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). უკანონოდ განთავისუფლებული პირისათვის მიყენებული ზარალი შესაძლოა სხვადასხვა სახით იყოს გამოხატული, მათ შორის, არამატერიალური ფორმით. უკანონოდ განთავისუფლებული პირი, გარდა იმისა, რომ ვერ იღებს იძულებითი გაცდენის პერიოდში ნავარაუდებ ანაზღაურებას, განიცდის მის მიმართ განხორციელებული უკანონობის თანმხლებ უარყოფით შედეგებსაც, რაც ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა გამოხატულ იქნეს, საზოგადოების ან/და პოტენციური დამსაქმებლების მხრიდან, მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაში, რაც ნეგატიურად აისახება განთავისუფლებული პირის როგორც ქონებრივ მდგომარეობაზე, ასევე მის სამსახურებრივ რეპუტაციაზე. შესაბამისად, უკანონოდ განთავისუფლება შესაძლოა პირს აყენებდეს როგორც ქონებრივ, ასევე მორალურ ზიანსაც, რაც წარმოადგენს ზარალს, რომლის ანაზღაურებაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება N2/3/630 საქმეზე საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). უკანონოდ განთავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის- „სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 (Termination of employment Convention) კონვენციის მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციიის R 118 (Termination of employment Convention) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე. საქართველოსა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული შეთანხმების 228-ე და 229-ე მუხლები აღიარებენ და იცავენ შრომის საერთაშორისოდ დამკვიდრებულ, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებს, განამტკიცებენ თითოეული დასაქმებული პირისათვის ღირსეული შრომის უფლების საკანონმდებლო იმპლემენტაციის ვალდებულებას სახელმწიფოთათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება N2/3/630 საქმეზე საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი სახელმწიფოს ავალდებულებს უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანის სრულ ანაზღაურებას, მაგრამ სადავო ნორმა ადგენს სახელმწიფოს შეზღუდულ პასუხისმგებლობას და სრული მოცულობით ანაზღაურების ნაცვლად დაზარალებულს მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ზიანის ანაზღაურებას აკისრებს. იმ პირობებში, როდესაც განაცდური პერიოდი აღემატება 3 თვეს, დასახელებული რეგულაცია ეწინააღმდეგება ზიანის სრულად ანაზღაურების კონსტიტუციურ უფლებას. ამდენად სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება ვერ უზრუნველყოფს პენიტენციური სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირებისათვის ზიანის სამართლიან და სრულ ანაზღაურებას. ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების სანაცვლოდ კანონი ადგენს ანაზღაურების ზედა ზღვარს. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ სარჩელში წარმოდგენილი სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია და რთულია კონსტიტუციის პრინციპებთან მათი შესაბამისობის ახსნა თუ დასაბუთება. ამდენად, აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს წინამდებარე სარჩელზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი