საქართველოს მოქალაქეები - ივანე პეტრიაშვილი და ირაკლი ულუმბელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/16/1218 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 16 ნოემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2017 20:32 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ივანე პეტრიაშვილი და ირაკლი ულუმბელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - ბექა კვინიკაძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თინათინ ერქვანია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1218) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ივანე პეტრიაშვილმა და ირაკლი ულუმბელაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 16 მაისს. №1218 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 8 ივნისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლი ადგენს მოსამსახურის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აღდგენის საფუძვლებს. მისი პირველი პუნქტის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე უფლებამოსილია, მოითხოვოს დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე პუნქტის მე-2 წინადადება კი მიუთითებს, რომ „მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ხელფასი მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ირაკლი ულუმბელაშვილი 2007 წლიდან დასაქმებული იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის ბრძანებით, იგი დაინიშნა ამავე სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს №5 სამმართველოს სპეცრაზმის მებრძოლის თანამდებობაზე ისე, რომ მას არ გააჩნდა საამისო ცოდნა, გამოცდილება და უნარები. მოსარჩელის განმარტებით, იგი ფიზიკური მდგომარეობით არ შეესაბამებოდა გადანიშვნის შედეგად დაკავებულ თანამდებობას და უარი განაცხადა დადგენილი ნორმატივების ჩაბარებაზე. აღნიშნულის გამო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საფუძვლით.
6. №1218 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მიზნით, ირაკლი ულუმბელაშვილმა მიმართა სასამართლოს, რის შედეგად, მისი მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებისა და სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. თუმცა მიღებული გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და სამართლებრივი დავა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის სრულად ანაზღაურების თაობაზე ჯერ კიდევ გრძელდება ზემდგომ ინსტანციაში.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, მეორე მოსარჩელე ივანე პეტრიაშვილი, სადავო ნორმის მსხვერპლი გახდეს ნებისმიერ დროს, ამგვარ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის შემთხვევაში. შესაბამისად, მასაც ანალოგიურად დაერღვევა კონსტიტუციით გარანტირებული სახელმწიფო ორგანოების უკანონო ქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების უფლება.
8. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ გათავისუფლებულ პირს აქვს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, იგი მაინც ვერ შეძლებს დარღვეული უფლების სრულად აღდგენას. მას იძულებით განაცდური, ხელფასის სახით მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება არა სრულად, არამედ არა უმეტეს 3 თვის ხელფასის ოდენობით.
9. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტა, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია არავითარი ლეგიტიმური მიზანი და მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება დაეფუძნოს სახელმწიფოს ფინანსური რესურსის დაზოგვის მოტივს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება ვერ უზრუნველყოფს პენიტენციური სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირისათვის ზიანის სამართლიან და სრულ ანაზღაურებას და იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს.
11. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვენ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რამდენადაც, მოსარჩელეთა პოზიციით, არსებობს საფრთხე, რომ გასაჩივრებული ნორმის მოქმედება გამოუსწორებელ შედეგს გამოიწვევს არა მხოლოდ მოსარჩელისათვის, არამედ მსგავს სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი პირისთვის.
12. მოსარჩელე მხარე ასევე შუამდგომლობს, რომ გასაჩივრებული ნორმა საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოცხადდეს ძალადაკარგულად, რამდენადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 31 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით №2/3/630 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად მიიჩნია იგივე შინაარსის მქონე ნორმა.
13. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ სადავო ნორმა არსობრივად მსგავსია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისა. ამასთან, მოპასუხე კვლავ იზიარებს პოზიციას, რომელიც მას გააჩნდა აღნიშნული საქმის განხილვისას. კერძოდ, პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმა, ისევე როგორც არაკონსტიტუციურად ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის თანაზომიერ საშუალებას.
14. მოპასუხე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც სრულიად სხვაგვარად მოაწესრიგებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის იძულებითი მოცდენის გამო მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის გადახდის წესს. ახალი კანონისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/3/630 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით კი, მოსამართლეს ექნება შესაძლებლობა, სრულად აუნაზღაუროს მოხელეს მიყენებული ზიანი და არ შეიზღუდოს სადავო ნორმით დაწესებული კომპენსაციის ოდენობის ზედა ზღვრით.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ, მართალია, №1218 სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა შინაარსობრივად მსგავსია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისა, თუმცა იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება განსახილველად, თუ იგი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ფიზიკურ პირთა უფლებამოსილებას, მომართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მიაჩნიათ, რომ დაირღვა ან შესაძლოა უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის №2/2/508 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გევორქ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №1218 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია ორი სუბიექტის - ივანე პეტრიაშვილისა და ირაკლი ულუმბელაშვილის მიერ. №1218 კონსტიტუციურ სარჩელში, ისევე როგორც განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ივანე პეტრიაშვილს სადავო ნორმის მოქმედებით დაერღვა რაიმე ძირითადი უფლება. იგი არ ყოფილა სამსახურიდან გათავისუფლებული სადავო ნორმის საფუძველზე. თუმცა მოსარჩელე მხარის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ივანე პეტრიაშვილი ამჟამად არ წარმოადგენს სადავო ნორმით დარეგულირებული ურთიერთობის სუბიექტს, შესაძლებელია, სადავო ნორმამ მომავალში დაარღვიოს მისი უფლებები, თუ იგი გახდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოხელე.
3. მოსარჩელის უფლების სავარაუდო, სამომავლო დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „მოსარჩელის უფლებების დარღვევის რეალურობის შემოწმების და კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით ... სასამართლომ უნდა შეისწავლოს ის მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობის მონაწილე განჭვრეტად მომავალში აუცილებლად გახდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. სადავო ნორმით დარეგულირებულია კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა - სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოხელე. შესაბამისად, ზედმეტად აბსტრაქტულია შესაძლებლობა, რომ იგი დასაქმდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, შემდგომში უკანონოდ განთავისუფლდება და სრულად ვერ მოახერხებს განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, რომ იგი გახდება სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობის მონაწილე განჭვრეტად მომავალში. მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ იმის ვარაუდი, რომ მოსარჩელე ოდესმე დასაქმდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და შემდეგ უკანონოდ გათავისუფლდება, არ აკმაყოფილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დამკვიდრებულ სტანდარტს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ივანე პეტრიაშვილი არ არის კონსტიტუციური სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი სუბიექტი და მასთან მიმართებით სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძველი.
6. მოსარჩელე ირაკლი ულუმბელაშვილი საკუთარი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას გააჩნია იგივე შინაარსი, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას. აქედან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები.
7. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
9. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. ,,სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმები არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით და რამდენად შეიძლება იგი მიჩნეულ იქნეს ხსენებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსების დადგენისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: „სადავო ნორმა იწვევს თუ არა იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს … გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და დგება თუ არა არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“, II-5). შესაბამისად, ზემოთ ხსენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად გააჩნია სადავო ნორმას უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასთან მიმართებით იმგვარი განმასხვავებელი ნიშნები, რამდენად არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც მისი კონსტიტუციურობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალი შეფასების საჭიროებას წარმოშობს.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის კომპენსაციის სახით იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის შრომითი ანაზღაურების მიცემას არა უმეტეს 3 თვის ოდენობით. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ზღუდავდა საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირებისათვის მიყენებული ზიანის სრულ ანაზღაურებას და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს.
13. წინამდებარე საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ზიანის ანაზღაურების ზედა ზღვარს. №1218 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/3/630 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, მიზნად ისახავს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვასა და მათი ოპტიმალური ხარჯვის უზრუნველყოფას. სადავო ნორმის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს, იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის კომპენსაცია მიეცემა იგივე მოცულობით, რაც ეს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმით იყო გათვალისწინებული - არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ვრცელდებოდა ზოგადად საჯარო სამსახურზე, ხოლო განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელი ნორმის მოქმედების სფერო მხოლოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და მისი მოხელის ურთიერთობის მოწესრიგებით შემოიფარგლება.
14. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახური არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში. ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური არის სპეციალური, გასამხედროებული ქვედანაყოფების ერთიანი სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში და ექვემდებარება მინისტრს, აგრეთვე მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი მინისტრის მოადგილეს.
15. სპეციალური პენიტენციური სამსახური ახორციელებს უფლებამოსილებას საჯარო საქმიანობის სპეციფიკურ სფეროში. მისთვის დაკისრებულ ამოცანათა შორისაა პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, უსაფრთხოების დაცვის, პირადი საქმეებისა და რეესტრის წარმოების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანისა და ექსტრადიციის საკითხები. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობენ ოფიცრები, რიგითები და სხვა საჯარო მოსამსახურეები, რომელთა მიმართ, რიგ შემთხვევებში, მოქმედებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები. ამდენად, კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არის საჯარო სამსახურის ერთ-ერთი სპეციფიკური სახე.
16. სადავო ნორმა შეეხება სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული პირის მიერ განაცდური ხელფასის სახით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ სრულად მოხდეს სახელმწიფო ორგანოების უკანონო ქმედებებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. აღნიშნული ვალდებულება თანაბრად მოქმედებს ნებისმიერი საჯარო მოხელის მიმართ, ვინც სახელმწიფო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლდა. საჯარო სამსახურის სპეციფიკა გავლენას არ ახდენს აღნიშნულ კონსტიტუციურ სტანდარტზე. პირს უნდა აუნაზღაურდეს სახელმწიფო სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებით მიყენებული ზარალი მისი სამსახურის სპეციფიკის მიუხედავად. სახელმწიფოს ვალდებულება, აანაზღაუროს საჯარო სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებით გამოწვეული ზარალი, მოქმედებს ამა თუ იმ საჯარო სამსახურის თავისებურებების მიუხედავად.
17. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებული სამსახურის სპეციფიკა არ ქმნის ისეთ სხვაობას სადავო ნორმასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შორის, რომ საჭირო იყოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება არსებითი განხილვის ფორმატში. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 მუხლის მიზნებისთვის, სადავო აქტი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის პლენუმზე გადაცემის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1218 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2, მე-3 და 41 პუნქტების, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, 51, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 51 პუნქტის, მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1218 („საქართველოს მოქალაქეები - ივანე პეტრიაშვილი და ირაკლი ულუმბელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. განჩინება ძალაშია მისი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი