გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/10/1395 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მაისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მაისი 2019 22:38 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით და ამავე კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1395) მომართა გიორგი ხორგუაშვილმა. №1395 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 6 თებერვალს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 28 მაისს.
2. №1395 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლი განსაზღვრავს კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეთა ჩამონათვალს მათი რიგითობის მიხედვით. ამავე კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვას საჯარო ინტერესებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე, გიორგი ხორგუაშვილი, ფაქტობრივად ფლობს, თუმცა მემკვიდრეობის უფლებით ვერ სარგებლობს საკუთარი დედინაცვლის გარდაცვალების შედეგად გახსნილ სამკვიდროზე, რომელიც ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, მემკვიდრეობით მიიღო მოსარჩელის მამის გარდაცვალების შედეგად. კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის №16/9970 წერილით ირკვევა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის ჩანაწერი მოსარჩელის გარდაცვლილი დედინაცვლის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების თაობაზე, რაც მოსარჩელის პოზიციით, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მამკვიდრებელს არ ჰყავდა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით განსაზღვრული არც ერთი რიგის მემკვიდრე. შესაბამისად, ამ უკანასკნელის სამკვიდრო, სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მიიჩნევა უმკვიდრო ქონებად და გადადის სახელმწიფოზე ან თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სამოქალაქო კოდექსის სადავო 1336-ე მუხლი განსაზღვრავს კანონით მემკვიდრეთა ამომწურავ ჩამონათვალს და მასში არ ითვალისწინებს გარდაცვლილი პირის გერს, რომელსაც საშუალება ექნება პირველი ხუთი რიგის მემკვიდრეთა არარსებობის შემთხვევაში მიიღოს დედინაცვლის/მამინაცვლის სამკვიდრო ქონება. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმას მასში ჩამოთვლილ სუბიექტებთან მიმართებით გააჩნია უფლებააღმჭურველი ხასიათი, მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ნორმა უნდა ჩაითვალოს უფლების შემზღუდველად იმ სუბიექტებთან მიმართებით, რომლებიც ამ ამომწურავ ჩამონათვალში არ არიან.
7. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები საერთოდ არ აღიარებს გერს დედინაცვლის/მამინაცვლის მემკვიდრედ და კანონით მემკვიდრეობისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება იმ გარემოებას, რომ დედინაცვალს/მამინაცვალსა და გერს შორის შესაძლოა არსებობდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მრავალწლიანი ემოციური და მჭიდრო კავშირი. მეტიც, მოსარჩელე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1226-ე და 1227-ე მუხლებით განსაზღვრულ ურთიერთრჩენის ვალდებულებასა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ოჯახის წევრთა ჩამონათვალზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა გერისა და დედინაცვლის/მამინაცვლის ურთიერთობას ოჯახური ცხოვრების ნაწილად განიხილავს. შესაბამისად, მათი გამორიცხვა კანონით მემკვიდრეთა სიიდან, რაც სამოქალაქო კოდექსის სადავო, 1343-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების არსებობისას სამკვიდროს სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას იწვევს, ზღუდავს მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებულ მემკვიდრეობის უფლებას.
8. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს მემკვიდრეობის უფლების, როგორც საკუთრების შეძენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებასა და პიროვნული თავისუფლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ასპექტზე, რომელიც, მისი პოზიციით, ემსახურება საკუთრების ინსტიტუტის დაცვას და მიზნად ისახავს, სახელმწიფოს ხელში კერძო საკუთრების მოქცევის შესაძლებლობის შემცირებას. შესაბამისად, სახელმწიფო შეზღუდულია კონსტიტუციით, მამკვიდრებელთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამორიცხოს მემკვიდრეთა რიგებიდან, როდესაც არსებობს კანონით განსაზღვრული საჯარო ინტერესი.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებით დადგენილ შემთხვევაში, კანონით მემკვიდრეთა ამომწურავი ჩამონათვალი, რომელიც გერს არ ითვალისწინებს, შესაძლოა ემყარებოდეს მკაცრად სისხლით ნათესაობის ისტორიულ პრინციპს. თუმცა, მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნულმა ისტორიულმა პრინციპმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ადამიანის უფლებათა სამართლის განვითარების კვალდაკვალ, რისი პირდაპირი შედეგიც მემკვიდრეთა წრის გაზრდაა მჭიდრო ემოციური (თუმცა არა სისხლისმიერი) კავშირების სასარგებლოდ. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა ვერ იქნება კანონით უკვე განსაზღვრულ მემკვიდრეთა ინტერესების შემზღუდველი, რადგან სასარჩელო მოთხოვნის მიზანი არ არის გერის გათანაბრება რომელიმე რიგის მემკვიდრის სამართლებრივ სტატუსთან, არამედ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების აღიარება მათი არყოფნის შემთხვევაში.
10. რაც შეეხება 1343-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ უმკვიდრო ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის წესს, მაშინ როდესაც ფაქტობრივად არსებობს მამკვიდრებლის გერი როგორც სამართალსუბიექტი, მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული მოწესრიგების ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს სახელმწიფოს ინტერესი - ქონებრივი სარგებელი მიიღოს უმკვიდრო ქონებიდან. თუმცა აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალება, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ვერ ჩაითვლება პროპორციულად, რადგან მოსარჩელის მსგავს პირთა (გერის) კერძო ინტერესები აშკარად გადაწონის სახელმწიფოს მხრიდან უმკვიდრო ქონების მიღების საჯარო ინტერესს. კერძოდ, დედინაცვალს/მამინაცვალსა და გერს შორის ახლო ურთიერთობამ, თანაცხოვრებამ, რომელიც მოიცავს გერის აღზრდასა და მის რჩენას, მჭიდრო ემოციური კავშირის გარდა შესაძლოა წარმოშვას კანონით განსაზღვრული ურთიერთრჩენის ვალდებულება. გერისთვის კანონით მემკვიდრეობის უფლების აღიარება კი ემსახურება აღნიშნულ სუბიექტთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას. ასევე, ამ გზით ქონების მიღების ინტერესი, უდავოდ, ახალისებს გერს, იზრუნოს საკუთარ დედინაცვალზე/მამინაცვალზე, იცხოვროს მათთან და ემსახურება დამატებით მამკვიდრებლის ინტერესების დაცვას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის, როგორც გერის სამართლებრივი ინტერესი - კანონით მემკვიდრეობით მიიღოს დედინაცვლის/მამინაცვლის ქონება, რომელთანაც მას აქვს ხანგრძლივი ოჯახური ურთიერთობა, აღემატება სახელმწიფოს საჯარო ინტერესს, თავის საკუთრებაში მოაქციოს უმკვიდრო ქონება. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისათვის ასევე პრობლემურია სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ის ალტერნატიული დანაწესი, რომლის თანახმადაც, თუკი არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, სამკვიდრო გადადის არა სახელმწიფოს, არამედ მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა საკუთრებაში, თუკი მამკვიდრებელი მათ რჩენაზე იმყოფებოდა. მოსარჩელის პოზიციით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ კონსტიტუციის მე-19 მუხლი არ იცავს გერის კანონით მემკვიდრეობის უფლებას, მსჯელობა უნდა წარიმართოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლების კონტექსტში. კერძოდ, უნდა დადგინდეს, აღნიშნული უფლების მიზნებისათვის რამდენად გამართლებულია უმკვიდრო ქონების გადაცემა ზემოაღნიშნულ მზრუნველობით დაწესებულებაზე, მაშინ როდესაც გერს, რომელიც ასევე არჩენდა მამკვიდრებელს, სამკვიდრო ქონებაზე ანალოგიური უფლება არ გააჩნია.
13. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით განსაზღვრული მზრუნველობის განმახორციელებელი ორგანიზაცია და მამკვიდრებლის გერი სამკვიდრო ქონების მიღების მიზნებისათვის წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. მამკვიდრებლის სიცოცხლეში მასზე ზრუნვას, რომელიც მის სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების წარმოშობის საფუძველია, შესაძლებელია თანაბრად ახორციელებდეს ორივე სუბიექტი, როგორც კანონით განსაზღვრული ვალდებულების, ასევე კეთილი ნების საფუძველზე. შესაბამისად, ამგვარ ქონებაზე საკუთრებითი ინტერესი თანაბრად გააჩნია როგორც მზრუნველობის განმახორციელებელ ორგანიზაციას, ასევე მოსარჩელეს.
14. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს მამკვიდრებლის მარჩენალის სტატუსი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და საქმიანობის მასშტაბი. აღნიშნული, მართალია, არ მიეკუთვნება კონსტიტუციის მიერ სახელდებით განსაზღვრულ კლასიკურ ნიშანს, თუმცა დიფერენცირება ატარებს ინტენსიურ ხასიათს და მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, ამგვარ დიფერენცირებას თავად დააღწიოს თავი.
15. მოსარჩელის აღნიშვნით, უმკვიდრო ქონების გადაცემის მიზნებისათვის მზრუნველობის განმახორციელებელი ორგანიზაციის ცალკე გამოყოფას შესაძლოა გააჩნდეს კონკრეტული ლეგიტიმური საჯარო მიზანი - ამგვარი ორგანიზაციის ფინანსური გაძლიერება და უმკვიდრო ქონების გადაცემით მისი მომსახურების ხარისხის ამაღლება. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება დასახელებული მიზნის მიღწევის გამოუსადეგარი და უვარგისი საშუალებაა. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გერს არ გააჩნია საკუთარ დედინაცვალზე/მამინაცვალზე ზრუნვის ინტერესი, მან შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის მზრუნველობის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, რაც, უდავოდ, გაზრდის დაწესებულების ხარჯებს და უარყოფით გავლენას მოახდენს გაწეული მომსახურების ხარისხზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელის მითითებით, გერისთვის დედინაცვლის/მამინაცვლის უმკვიდრო ქონების მიღების პერსპექტივა ამ უკანასკნელს აძლევს დამატებით მოტივაციას, რათა თავად იზრუნოს მამკვიდრებელზე და შესაძლოა, ხელიც კი შეუწყოს მზრუნველობის განმახორციელებელი დაწესებულების განტვირთვას და მისი მომსახურების გაუმჯობესებას.
16. მოსარჩელე მხარე დამატებით ყურადღებას ამახვილებს მზრუნველობის განმახორციელებელ ორგანიზაციათა მნიშვნელოვან როლზე და მიესალმება, სახელმწიფოს მხრიდან, განხორციელებულ იმგვარ ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება მათ წახალისებას და ფინანსურ გაძლიერებას. თუმცა სახელმწიფოს ამგვარი ქმედება არ უნდა ხორციელდებოდეს გაუმართლებელი დიფერენცირების ხარჯზე. მოსარჩელე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა მისთვის პრობლემურია, რადგან იგი არსებითად თანასწორი სუბიექტებიდან ერთ-ერთს ანიჭებს დაუსაბუთებელ უპირატესობას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არა მოსარჩელისთვის იმავე უპირატესობის მინიჭება, არამედ დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რაც შემდგომში კანონმდებელს საშუალებას მისცემს, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში და თანასწორობის უფლების შესაბამისად გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის ის დანაწესი, რომელიც ითვალისწინებს უმკვიდრო ქონების გადაცემას მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა საკუთრებაში, თუკი მამკვიდრებელი მათ რჩენაზე იმყოფებოდა, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
18. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური და შტატების კანონმდებლობაზე და მათი სასამართლოების რელევანტურ პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9), წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1395 კონსტიტუციურ სარჩელში, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. აღნიშნული სადავო ნორმის თანახმად, „თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში“.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილი, ზოგადი წესის სახით, ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილებისას, ითვალისწინებს უმკვიდრო ქონების გადაცემას სახელმწიფოსთვის. ხოლო ამავე ნაწილის მე-2 დანაწესი ეხება საგამონაკლისო წესს, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, როდესაც მამკვიდრებელი იმყოფებოდა მზრუნველობის განმახორციელებელი ორგანიზაციის კმაყოფაზე, მისი კუთვნილი ქონება გადაეცემა სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციას.
4. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარისთვის თანასწორობის უფლებასთან მიმართებით პრობლემურია მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს უმკვიდრო ქონების გადაცემის შესაძლებლობას მზრუნველობის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის. მოსარჩელე მხარე თანასწორობის უფლებაზე მსჯელობისას შესადარებელ კატეგორიებად მიიჩნევს საკუთარ თავს (გერს) და სწორედ ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებს და ამ კონტექსტში საერთოდ არ საუბრობს სახელმწიფოზე, როგორც უმკვიდრო ქონების მიმღებ სუბიექტზე. შესაბამისად, აშკარაა, რომ მისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით პრობლემურია სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მხოლოდ მეორე დანაწესი და არა მთლიანად აღნიშნული ნაწილი.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე;“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1395 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1395 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1395 („გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში.“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კოდექსის 1336-ე მუხლისა და 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1395 („გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე;“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი