ხვიჩა ყირმიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/15/1817 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ნოემბერი 2024 14:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ხვიჩა ყირმიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-6 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1817) მომართა ხვიჩა ყირმიზაშვილმა. №1817 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის 3 მაისს. №1817 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 20 ნოემბერს.
2. №1817 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ცალკეული საფუძვლები. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ხოლო, ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად კი, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.
5. №1817 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 30 მარტის განაჩენით მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
6. მოსარჩელე მხარის განცხადებით, 2014 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული წერილებისა და მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორის სპეციალური აღრიცხვის ჟურნალის გაცნობის შემდეგ, მისთვის ნათელი გახდა, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც, სასამართლო დაეყრდნო განაჩენის გამოტანისას, იყო ყალბი, არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო და გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არასაკმარისი. შედეგად, მოსარჩელემ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გარემოებები, რომლებზეც მიუთითებდა მოსარჩელე მხარე, განაჩენის გამოტანის დროს უკვე იყო ცნობილი და შეფასებული სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ. აღნიშნული გარემოებების არაარსებითი ხასიათიდან გამომდინარე, მტკიცებულებები, რომლის უტყუარობასაც ეჭვქვეშ აყენებდა მოსარჩელე მხარე, სასამართლოს არ უცნია დაუშვებლად. ამავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალები არ ადგენდა რაიმე ისეთ ახალ ფაქტს ან გარემოებას, რომელიც არ იყო მოსარჩელისთვის ცნობილი ან/და რომლის მოძიებაც მას არ შეეძლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. მტკიცებულებათა სიყალბის თაობაზე მოსარჩელე მხარის მითითებასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ აღნიშნული საფუძვლით განაჩენის გადასინჯვისთვის აუცილებელია მტკიცებულებათა სიყალბე, ისევე, როგორც მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის მიერ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენა, დადგენილი იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. მსგავსი დოკუმენტი კი სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, განჩინებით, დაუშვებლად ცნო მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. აღნიშნული განჩინება უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საერთო სასამართლოების მხრიდან გასაჩივრებული ნორმების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად, რასაც თავად ამ ნორმების ფორმულირებამაც შეუწყო ხელი, არ მოხდა მის მიმართ საგამოძიებო ორგანოს მიერ გაყალბებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა, რამაც მოსარჩელის რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა გამოიწვია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას გამორიცხავს სასამართლოს მიერ საგამოძიებო უწყებებისგან დამოუკიდებლად იმ მტკიცებულებების გადასინჯვის შესაძლებლობას, რომელთა უკანონობა არის საგამოძიებო ორგანოების დანაშაულებრივი ქმედების შედეგი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად, მიუთითებს, აგრეთვე აღნიშნულ მუხლში 2016 წელს შეტანილი ცვლილებების განმარტებით ბარათზე, რომელიც, მისი აზრით, ხაზს უსვამს სადავო ნორმის საფუძველზე მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და ადასტურებს მასში ცვლილების განხორციელების საჭიროებას.
11. მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, იგი ითხოვს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის და საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების გადასინჯვის შესაძლებლობას, იმ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის ნაკლებ ბრალეულობას, თუმცა მისი წარდგენა მსჯავრდებულმა სასამართლო განხილვის ეტაპზე ვერ შეძლო.
12. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის პოზიციით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა შესახებ შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, სასამართლო მსჯავრდებული პირისაგან ითხოვს დასაბუთების წარდგენას, რომ ახლად გამოვლენილი გარემოება ამტკიცებს მის ნაკლებ ბრალეულობას ან უდანაშაულობას. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა, მოსარჩელის აზრით, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, მოსარჩელე განმარტავს, რომ არაერთ განჩინებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად ცნო იმ საფუძვლით, რომ „კასატორმა ვერ წარმოადგინა ახალი გარემოება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი მხარეების ან სასამართლოსათვის და რომელიც დაადასტურებდა მის პოზიციას“, ასევე „კასატორმა ვერ დაამტკიცა, რომ ახალი გარემოება საქმის არსებითი განხილვის დროს არ იქნებოდა ხელმისაწვდომი და მას შესაბამისად შეეძლო საქმის არსებითი განხილვის დროს ედავა“.
13. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მის მიერ იდენტიფიცირებული უფლებების შეზღუდვა არაპროპორციულია შეზღუდვის შესაძლო ლეგიტიმური მიზნების დაცვის ინტერესთან მიმართებით, რის გამოც სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1817 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც, გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას, გამორიცხავს სასამართლოს მიერ საგამოძიებო უწყებებისგან დამოუკიდებლად იმ მტკიცებულებების გადასინჯვის შესაძლებლობას, რომელთა უკანონობა არის საგამოძიებო ორგანოების დანაშაულებრივი ქმედების შედეგი. საკუთარ არგუმენტაციას მოსარჩელე მხარე აყრდნობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განჩინებას საქმეზე №1/აგ-771-16, რომლითაც სასამართლომ დაუშვებლად ცნო მოსარჩელის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებას საქმეზე №166აგ-16, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება დარჩა უცვლელი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. თავის მხრივ, იმისათვის, რომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოკითხულ იქნეს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი, იგი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. მაშასადამე, სადავო ნორმა განსაზღვრავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ერთ-ერთ საფუძველს და აღნიშნული მექანიზმის ამოქმედებისათვის ადგენს ერთადერთ პირობას − სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი იყოს, რომ მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს ყალბია. აღნიშნულის მიღმა, სადავო ნორმა არ განსაზღვრავს სასამართლოს მხრიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესს და არ აწესრიგებს ამ მექანიზმის განხორციელებისას სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებს შორის ურთიერთობის საკითხებს. შესაბამისად, სადავო ნორმის ტექსტიდან არ მომდინარეობს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაბამისი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაუშვებლად მიიჩნევს, საგამოძიებო უწყებებისგან დამოუკიდებლად, სასამართლოს მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დაწყებას და მტკიცებულებების ხელახლა შემოწმების შესაძლებლობას, თუნდაც არსებობდეს ეჭვი, რომ მტკიცებულებები სწორედ საგამოძიებო ორგანოების მეშვეობით იქნა გაყალბებული.
5. აღსანიშნავია, რომ თავად მოსარჩელე მხარის მიერ მოხმობილ განჩინებებში, როგორც თბილისის სააპელაციო, აგრეთვე საქართველოს უზენაეს სასამართლოს სადავო ნორმისათვის არ მიუნიჭებია ის ნორმატიული შინაარსი, რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს და არ განუმარტავთ, რომ, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში, საგამოძიებო უწყებებისგან დამოუკიდებლად არ აქვს მტკიცებულებათა ხელახალი შემოწმების შესაძლებლობა, თუნდაც ეს მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოების მიერ იყოს გაყალბებული. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მიერ წარდგენილ შუამდგომლობასთან მიმართებით, განმარტა, რომ „მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები ცნობილი იყო საქმის განხილვის დროსაც და აღნიშნულ საქმეზე არცერთი მტკიცებულება, სასამართლოს მხრიდან შესაბამისი დადგენილებით არ ყოფილა ცნობილი დაუშვებელ მტკიცებულებად“. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მტკიცებულებათა გაყალბების თაობაზე კი დაადგინა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, „მტკიცებულებათა სიყალბე, ისევე, როგორც მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის მიერ, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენა, დადგენილი უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით“. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მხრიდან მოსარჩელის საქმეზე დადგინდა, რომ გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, ვერ აკმაყოფილებდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვერცერთ საფუძველს და სწორედ ამიტომ იქნა მოსარჩელის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნობილი.
6. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე, აგრეთვე მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათზე, თუმცა, განმარტებითი ბარათის ანალიზიდან ირკვევა, რომ ცვლილება და მასთან დაკავშირებული მსჯელობა შეეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის არა „ა“, არამედ „ზ“ ქვეპუნქტის ცალკეულ ნაწილს. შესაბამისად, განმარტებით ბარათში განვითარებული არგუმენტაცია არ მიემართება კონკრეტულად სადავო ნორმას, რის გამოც იგი ვერ გამოდგება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად და მისგან სადავო ნორმატიული შინაარსის ამოკითხვის საილუსტრაციოდ.
7. ამდენად, სადავო ნორმის გონივრული განმარტება, ისევე, როგორც წინამდებარე საქმის ფარგლებში მოხმობილი საერთო სასამართლოების პრაქტიკა, არ იძლევა სადავო ნორმიდან მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული მზღუდავი ნორმატიული შინაარსის ამოკითხვის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს სადავო ნორმის შინაარსისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკის არასწორ აღქმას. ამასთანავე, ზემოხსენებულის მიღმა, განსახილველ საქმეზე, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის არგუმენტაცია, მტკიცებულება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გასაჩივრებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსით წაკითხვის გონივრულობაში დაარწმუნებდა.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1817 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. №1817 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე სადავოდ ხდის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. უფრო კონკრეტულად, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის და საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების გადასინჯვის შესაძლებლობას იმ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომელიც, თავის მხრივ, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის ნაკლებ ბრალეულობას, თუმცა მისი წარდგენა მსჯავრდებულმა სასამართლო განხილვის ეტაპზე ვერ შეძლო.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ტექსტიდან ცხადად და არაორაზროვნად იკითხება, რომ სადავო ნორმა არათუ გამორიცხავს, არამედ, პირიქით, აღჭურავს მსჯავრდებულს შესაძლებლობით, მოითხოვოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და წარადგინოს სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობის ან უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მისთვის არ იყო ცნობილი და, შესაბამისად, რომლის წარდგენაც საქმის განხილვის პერიოდში ვერ შეძლო.
12. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული ნორმიდან სადავო ნორმატიული შინაარსის ამოკითხვის შესაძლებლობას არ იძლევა არც მოსარჩელე მხარის მიერ განსახილველ საქმეზე თანდართული საერთო სასამართლოების პრაქტიკა. კერძოდ, მოსარჩელის შუამდგომლობასთან მიმართებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „მსჯავრდებულის მიერ დროებითი იზოლატორიდან გამოთხოვილი ცნობები ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილი იქნება ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი, მაგრამ არსებობდა და რომლის წარმოუდგენლობას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ აქტიური მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო აღნიშნული ცნობების მოპოვება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინება საქმეზე №166აგ-16, II-4).
13. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის ფარგლებში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ აქტიური მცდელობის მიუხედავად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, არ შეეძლო დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოთხოვილი ცნობების მოპოვება. სწორედ აღნიშნული მტკიცებულების საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოპოვების შეუძლებლობის დაუსაბუთებლობა გახდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი. შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, სადავო ნორმის საფუძველზე, უარი არ უთქვამს მოსარჩელის შუამდგომლობის დაშვებაზე ისეთი მტკიცებულების წარდგენის პირობებში, რომლის მოპოვებაც, სასამართლოს აზრით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მსჯავრდებულმა ობიექტურად ვერ შეძლო.
14. ამდენად, სადავო ნორმის გონივრული განმარტებისა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საერთო სასამართლოების პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ლოგიკურად მიდის დასკვნამდე, რომ, სადავო ნორმიდან არ მომდინარეობს სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების იმგვარი შეზღუდვა, რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მხრიდან სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1817 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
16. №1817 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე ასევე ასაჩივრებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის პოზიციით, არაკონსტიტუციურია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ავალდებულებს მსჯავრდებულ პირს, ახლად გამოვლენილი მტკიცებულების ან გარემოების შემთხვევაში, თავად ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.
17. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმიდან ხსენებული ნორმატიული შინაარსის ამოკითხვის საილუსტრაციოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტავს, რომ არაერთ განჩინებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად ცნო იმ საფუძვლით, რომ „კასატორმა ვერ წარმოადგინა ახალი გარემოება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი მხარეების ან სასამართლოსათვის და რომელიც დაადასტურებდა მის პოზიციას“, ასევე „კასატორმა ვერ დაამტკიცა, რომ ახალი გარემოება საქმის არსებითი განხილვის დროს არ იქნებოდა ხელმისაწვდომი და მას შესაბამისად შეეძლო საქმის არსებითი განხილვის დროს ედავა“. მოსარჩელის განცხადებით, მსგავსი მიდგომა არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პრინციპს, რომლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, ზოგადად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ითვალისწინებს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, ხდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მექანიზმის ამოქმედება. უშუალოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამგვარ საფუძვლად მიიჩნევს სასამართლოსთვის კონკრეტული სახის მტკიცებულების ან ფაქტის წარდგენას და მისი შინაარსი ამ საფუძვლის განსაზღვრით ამოიწურება. სადავო ნორმის რეგულირების სფეროს არ მიეკუთვნება შუამდგომლობის ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის მტკიცების ტვირთის მხარეებს შორის გადანაწილება ან/და შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხების მოწესრიგება, როგორც ამას ხედავს მოსარჩელე მხარე. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის საფუძველზე, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი, ამავე კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში ტარდება საქმის არსებითი განხილვა საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას არ აქვს უფლების მზღუდავი ის ნორმატიული შინაარსი, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც მოსარჩელე მხარე მოითხოვს.
19. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, დამატებით, მიუთითებს საკუთარი სამართალწარმოების პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით განმტკიცებული უდანაშაულობის პრეზუმფციის მოქმედება ვრცელდება სისხლის სამართლის მთლიან პროცესზე, სააპელაციო და საკასაციო განხილვების ჩათვლით და დაკავშირებულია სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლასთან. უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური გარანტია მოიცავს, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების დასრულების შემდეგ იმ პირთა დაცვის ინტერესსაც, რომელთა დამნაშავეობა არ დადასტურებულა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/7/636 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი პრაქტიკით, გასაჩივრებული რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს შეზღუდავს იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე დაასაბუთებს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესის რომელიმე ზემოხსენებულ სტადიაზე, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების ვალდებულება, რაიმე ფორმით, ეკისრება ან უდანაშაულობის პრეზუმფციით დაცული რომელიმე სხვა უფლებრივი კომპონენტი ეზღუდება.
20. ბუნებრივია, როდესაც პირი უკვე ცნობილია დამნაშავედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე და სურს ახლად გამოვლენილი მტკიცებულების საფუძვლით ამგვარი განაჩენის გადასინჯვა, მასვე მოეთხოვება უფლებამოსილი სასამართლო, გარკვეულწილად, დაარწმუნოს საქმის განახლებისა და განაჩენის გადასინჯვის დაწყების გონივრულობაში, რაც, თავისთავად, გულისხმობს იმის წარმოჩენას, რომ ახლად გამოვლენილი მტკიცებულების საფუძველზე, შესაძლოა, იგი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ ან მსჯავრი დაედოს უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენაში. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის დასაბუთების ვალდებულებისგან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, დამნაშავედ ცნობილი პირის უდანაშაულობის პრეზუმფციაში რაიმე ფორმით ჩარევას და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადებით განმტკიცებული პრინციპის შეზღუდვას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ამ კონტექსტში, მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია არც შინაარსობრივი მიმართება, ერთი მხრივ, სადავო ნორმასა და, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველ წინადადებას შორის.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, №1817 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1817 კონსტიტუციური სარჩელი („ხვიჩა ყირმიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე