საქართველოს მოქალაქეები - იმედა ქარქაშაძე, მევლუდ ჯანჯღავა, ხათუნა ჩხაიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N870 |
ავტორ(ებ)ი | იმედა ქარქაშაძე , მევლუდ ჯანჯღავა, ხათუნა ჩხაიძე, სოფიო გოგლიჩიძე, დიანა ფირუმიანი, ნანა სამხარაძე–ალავიძე, ირმა ინასარიძე, ნინო მჭედლიშვილი, თამარ გაჩეჩილაძე, მამუკა ბასილაშვილი, რევაზ ლაფა |
თარიღი | 13 თებერვალი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ, მოსარჩელეებს წარმოადგენენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ფიზიკური პირები - იმედა ქარქაშაძე, მევლუდ ჯანჯღავა, დიანა ფირუმიანი, სოფიო გოგლიჩიძე, ხათუნა ჩხაიძე, ნინო მჭედლიშვილი, ირმა ინასარიძე,თამარ გაჩეჩილაძე, მამუკა ბასილაშვილი, ნანა სამხარაძე-ალავიძე და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის ბენეფიციარი ფიზიკური პირი რევაზ ლაფაური, რომელთა უფლებებიც უშუალოდ დაირღვა სადავო არაკონსტიტუციური ნორმის მოქმედების შედეგად. ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება აღნიშნული ნორმის წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სამართლებრივ სახელმწიფოში ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ძირითად უფლებებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელეტა მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნა 1.
,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული დახმარების საბჭო იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დასაქმებულული ადვოკატების მხრიდან კლიენტებისთვის გაწეული სერვისის შეფასება ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ისახავდეს, სამსახური დაინტერესებულია მიაწოდოს მაღალი დონის სერვისი, ეფექტურად ხარჯოს თანხები და ა.შ., რისთვისაც საჭიროა დაგინდეს გარკვეული წესები და დაწესდეს კონკრეტული კრიტერიუმები. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადვოკატის პროფესია, ადვოკატის მიერ გაწეული სერვისი სპეციფიურია მომსახურების სხვა სფეროებისგან და ადვოკატის საქმიანობის შეფასების წესებისა და კრიტერიუმების დადგენის პროცესში კანონმდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოება. სადაო ნორმამ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს მისცა შესაძლებლობა დაედგინა სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების ისეთი წესები და კრიტერიუმები, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადვოკატის პროცესიის არსს, მოქმედ კანონდებლობას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. კერძოდ, იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 02 მარტის N39 გადაწყვეტილებით დამტკიცდა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის თანახმადაც ადვოკატი ვალდებულია შემფასებელს მიაწოდოს ინფორმაცია: ,,იყო თუ არა ინფორმირებული კლიენტი ადვოკატის მიერ შერჩეულ სტრატეგიასთან დაკავშირებით“ , პუნქტი 3; ,,ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით რამდენად დროული და საკმარისი იყო კლიენტთან კომუნიკაცია დაკავების დროს/პატიმრობის გამოყენებამდე“, პუნქტი 4; ,,რამდენად ადეკვატურად იყო კლიენტი ინფორმირებული? საქმის პერსპექტივებზე ან მათ არარსებობაზე საქმეში ყველა სტადიაზე საქმის მიმდინარეობაზე/განვითარებაზე (მათ შორის სავარაუდო საბოლოო შედეგზე)“, პუნქტი 5, 5.1, 5.2; ,,რამდენად სრული და რელევანტური იყო ადვოკატის მიერ შეგროვებული ინფორმაცია კლიენტის შესახებ“, პუნქტი 6; ,,რამდენად დროული და ეფექტური იყო ადვოკატის მიერ შესაბამისი ინფორმაციის/მტკიცებულებების შეგროვება საქმის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე“, პუნქტი 7; ,,საქმის წარმოების განმავლობაში, რამდენად ეფექტურად იყენებდა ადვოკატი იმ ეტაპისთვის არსებულ რესურსებს ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით“, პუნქტი 8; ,,მიიღო თუ არა კლიენტმა რჩევა (ნებისმიერ სტადიაზე) ბრალის აღიარებასთან ან არ აღიარებასთან დაკავშირებით. იყო თუ არა რჩევა (ნაადრევი, დროული, დაგვიანებული) ასეთის საჭიროების შემთხვევაში, პუნქტი 9; მითითებული პუნქტები, განსაკუთრებით პუნქტი 9, პირდაპირ ხელყოფს ადვოკატსა და კლიენტს შორის არსებული ურთიერთობის კონფიდენციალობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს. შეუძლებელია ზემოთმითითებული პუნქტების მიხედვით ადვოკატის საქმიანობის შეფასება განხორციელდეს კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებული ურთიერთობის გამჟღავნების გარეშე. იმისათვის, რომ ზემოთმითითებული პუნქტების შესაბამისად განხორციელდეს ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების სრულყოფილი შეფასება, ადვოკატმა შემფასებლებს უნდა მიაწოდონ სრული ინფორმაცია კლიენტთან არსებული კონსულტაციების თაობაზე. ანუ კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებული ურთიერთობა და ადვოკატირების პროცესში კლიენტისგან მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირებისთვის. მაგ.: სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულის წინააღმდეგ არსებობს ყველა შესაძლო მტკიცებულება, რისი მოპოვება თეორიული დაშვების დონეზეც კი შესაძლებელი იყო. ასეთ შემთხვევაში გონივრული იქნებოდა ადვოკატს ერჩია ბრალის აღიარება და შესაბამისად ეზრუნა სასჯელის შემსუბუქების გზებზე, თუმცა მიუხედავად ამისა ადვოკატმა ეს არ გააკეთა, რადგან ბრალდებულმა მას აუხსნა, რომ საქმის ცენტრალური მოწმეები არსებითი განხილვისას ჩვენებებს შეცლიდნენ (ამ საკითხის სამართლებრივი ასპექტი მოცემულ შემთხვევაში განსახილველი არაა). თუ ამ ინფორმაციას არ გაამჟღავნებს, როგორ შეძლებს ადვოკატი მონიტორინგისა და ანალიზის პროცესში საკუთარი პოზიციის ახსნას ? და ეს არის ყველაზე მარტივი მაგალითი, რაც უეცრად ადამიანს შეიძება მოუვიდეს თავში, პრაქტიკა კი გაცილებით რთულ შემთხვევებსაც წამოჭრის ხოლმე. მე-6, მე-7, მე-8 პუნქტებთან დაკავშირებული საკითხები ფაქტიურად საქმეზე ადვოკატის მიერ არჩეულ ტაქტიკისა და სტრატეგიას წარმოადგენს. აღნიშნული კი კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად ყალიბდება, რაღაც წინასწარი რეცეპტი, წინასწარ დადგენილი ჭეშმარიტება არ არსებობს რა ინფორმაცია უნდა შეგროვდეს ადვოკატის მიერ კლიენტის შესახებ, რა მტკიცებულებები უნდა იქნეს მოპოვებული და ა.შ. აღნიშნულტან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება კლიენტთან უშუალო კონსულტაციისა და ანალიზის გზით. შესაბამისად ამ თემებთან დაკავშირებიტ ადვოკატის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება ცალსახად მოვა კოლიზიაში კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებული ურთიერთობის კონფიდენციალურობასთან. ანუ იურიდიული დახმარების შესახებ კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი იძლევა შესაძლებლობას, დაწესდეს იმდგაგვარი რეგულაციები, რაც პირდაპირ არღვევს ადვოკატის საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპს - კლიენტსა და ადვოკატს შორის ურთიერთობის კონფიდენციალობა. აღნიშნულ უფლებას ჩვენის აზრით იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ელი ნაწილი და 42-ე მუხლის მე-3 ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ელი ნაწილი ადგენს ,,ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. აღნიშნული მუხლით დაცული სფერო არამხოლოდ პირადი საიდუმლოების დაცვაა, არამედ პროფესიულ საიდუმლოებასაც ფარავს. თუმცა აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. თუმცა მიგვაჩნია, რომ ადვოკატის პროფესიული საიდუმლოება, განსხვავებით სხვა (და არა ყველა) პროფესიული საიდუმლოებებისგან აბსოლუტურად დაცული უფლებაა 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ,,დაცვის უფლება გარანტირებულია“. დაცვის უფლება თავისთავში ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობის ფარულობას. ამავეს განამტკიცებს გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ ,,ყველა დაპატიმრებული, დაკავებული ან საპყრობილეში მყოფი პირი უზრუნველყოფილ უნდა იქნას სატანადო შესაძლებლობით, დროითა და პირობებით თავის ადვოკატთან შეხვედრის, მასთან კომუნიკაციისა და კონსულტაციისათვის, დაყოვნების, შეჩერებისა და ცენზურის გარეშე, სრული კონფიდენციალურობის დაცვით. ასეთ კონსულტაციებს შეიძლება თვალყური ადევნოს სამართალდამცავი ორგანოების წარმოამდგენელმა, მაგრამ მას მოსმენის უფლება არ აქვს.“ იგივეს ეხება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ფარგლებში მიღებული არაერთი აქტი (იხ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec (2000)21 ადვოკატის პროფესიის განხორციელების თავისუფლების შესახებ, ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსი). ის, რომ კონფიდენციალურობა ადვოკატის უპირველესი ფუნდამენტური უფლება და მოვალეობაა, განმტკიცებულია ქართული კანონმდებლობითაც (იხ. ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, ადვოკატთა ეთიკის კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი) ვფიქრობთ, სასამართლოსათვის ნათელია, რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობის კონფიდენციალურობა კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს, ხოლო მიღებული რეგულაცია ქმნის აღნიშნული პრინციპის დარღვევის რეალურ საფრთხეს. მე-20 მუხლის 1-ელი პუნქტი და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცულია არამხოლოდ ბრალდებულის უფლება, მის მიერ არ იქნეს გამჟღავნებული მის მიერ გაცემული ინფორმაცია, არამედ ადვოკატის უფლება დაცული იყოს კონფიდენციალური ინფორმაციის გამღჟავნების ვალდებულებისგან. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტები ადვოკატის ამ კონსტიტუციური უფლების დაცვის დამატებით გარანტიებს ქმნის (,,მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება: ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით.“) ადვოკატის უფლებას არ გაამჟღავნოს პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია იცავს ასევე კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილი ,,არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“. ამ უფლებით მოსარგებლე სუბიექტები არიან უპირველეს ყოვლისა არიან არა ის ადამიანები, ვის წინააღმდეგაც ჩვენება ახლობელთა ჩვენება შეიძლება იყოს/არ იყოს გამოყენებული, არამედ ის პირები, ვისი ჩვენებაც შეიძება შვილების, მშობლების, დების, ძმების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. ანუ კონსტიტუციამ ჩათვალა, რომ არაჰუმანური იქნებოდა ადამიანი დაგვევალდებულებინა მიეცა ჩვენება საკუთარი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. აღნიშნული დანაწესის დაფარვის ზონა ჩვენის აზრით ცდება ნათესაობის ცნებას და ეხება ასევე ადვოკატს, სასულიერო პირს, სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს (იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს), საქართველოს პარლამენტის წევრს (იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს), მოსამართლეს (იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის საიდუმლოებაა), ჟურნალისტს (პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით). ანუ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტი პირთა წრეს, მათ შორის გარკვეული პროფესიის მქონე პირებს პროფესიული საქმიანობის გარკვეული სფეროს ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის სრულიად საიდუმლოდ დარჩენის უფლებას ანიჭებს. სხვაგვარად ამ პროფესიატა ბუნება აზრს დაკარგავდა.
მოთხოვნა 2.
როგორც პირველი მოთხოვნის დასაბუთებისას ვუთითებდით, ჩვენთვის სრულიად გასაგებია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული სერვისის ხარისხის კონტროლისა და გაუმჯობესების მიზნით შეფასების გარკვეული კრიტერიუმების შემოღება. თუმცა აღნიშნული კრიტერიუმები არ უნდა ზღუდავდეს ადვოკატს პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში პირდაპირი ჩარევად მიგვაჩნია, ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით: ,,ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით რამდენად დროული და საკმარისი იყო კლიენტთან კომუნიკაცია დაკავების დროს/პატიმრობის გამოყენებამდე“, პუნქტი 4; ,,რამდენად ადეკვატურად იყო კლიენტი ინფორმირებული? საქმის პერსპექტივებზე ან მათ არარსებობაზე საქმეში ყველა სტადიაზე საქმის მიმდინარეობაზე/განვითარებაზე (მათ შორის სავარაუდო საბოლოო შედეგზე)“, პუნქტი 5, 5.1, 5.2; ,,რამდენად სრული და რელევანტური იყო ადვოკატის მიერ შეგროვებული ინფორმაცია კლიენტის შესახებ“, პუნქტი 6; ,,რამდენად დროული და ეფექტური იყო ადვოკატის მიერ შესაბამისი ინფორმაციის/მტკიცებულებების შეგროვება საქმის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე“, პუნქტი 7; ,,საქმის წარმოების განმავლობაში, რამდენად ეფექტურად იყენებდა ადვოკატი იმ ეტაპისთვის არსებულ რესურსებს ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით“, პუნქტი 8; ,,მიიღო თუ არა კლიენტმა რჩევა (ნებისმიერ სტადიაზე) ბრალის აღიარებასთან ან არ აღიარებასთან დაკავშირებით. იყო თუ არა რჩევა (ნაადრევი, დროული, დაგვიანებული) ასეთის საჭიროების შემთხვევაში, პუნქტი 9; აღნიშნული კრიტერიუმებით ფასდება ადვოკატის მიერ შერჩეული ტაქტიკა და სტრატეგია, რის ჩამოყალიბებაშიც ჩვენის აზრით ადვოკატი არის სრულიად თავისუფალი და ემორჩილება მხოლოდ კანონს. კანონის იმდაგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც იმ პირთა თუ ორგანოთა მიერ, ვინც კონკრეტული საქმის მხარეს არ წარმოადგენს, ადვოკატის მიერ შერჩეული ტაქტიკისა და სტრატეგიის ავკარგიანობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში უხეშ ჩარევად უნდა მივიჩნიოთ, მით უფრო თუ აღნიშნულ შეფასებას კონკრეტული შედეგენი შეიძება დაუკავშირდეს. აღნიშნული მოთხოვნის გადაწყვეტისას პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვაზე: რამდენადაა შესაძლებელი პროფესიულ საქმიანობაში ჩარევად მივიჩნიოთ, უკვე მომხდარი ფაქტის შეფასება ? პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ზემოთმითითებული კრიტერიუმების საფუძველზე ადვოკატის საქმიანობის შეფასება საქმის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განხორციელდეს და ზეგავლენა მოახდინოს ადვოკატის სამომავლო ტაქტიკასა და სტრატეგიაზე. დავუშვათ, შემფასებლებმა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს ადვოკატის მიერ მოძიებული პიროვნული ინფორმაცია, მტკიცებულებები, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები და ა.შ., მაშინ როცა ადვოკატის პასიურობას კლიენტთან შეთანხმებით შესაძლოა გარკვეული მიზეზი ქონდა, რასტან დაკავშირებიტაც ადვოკატს შემფასებლებისთვის არ განუცხადებია კონფიდენციალობის პრინციპიდან გამომდინარე. შეუძლებელია ეს უარყოფითი შეფასება არ აისახოს ადვოკატის მიერ შემდგომ განხორციელებულ პროცედურების ინტენსივობაზე, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლებელია კლიენტის ინტერესებს ავნოს. მაგალითად: ბრალდების მხარე გარკვეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბრალდებულებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ქონდათ. ადვოკატისთვის კი ცნობილია, რომ ბრალდებულთა სახელზე რეგისტრირებულ მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომრებზე ერთმანეთთან შემავალ-გამავალი ზარი უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ფიქსირდება. აღნიშნული საკმაოდ წონადი მტკიცებულება იქნებოდა ბრალდების საპირისპიროდ, შესაბამისად ლოგიკური იქნებოდა, რომ ადვოკატმა ეს ამონაწერები მოიპოვოს და წარადგინოს (ბრალდებას არ აქვს ჯერ მოპოვებული და არც აპირებს, არავის უფიქრია ამაზე), მაგრამ ადვოკატი არ ახდენს ამ მტკიცებულების მოპოვებას და საქმეზე დართვას, რადგან ბრალდებულებისგან იცის, რომ იმავე ნომრებიდან უკავშირდებოდნენ თავიანთ მეკავშირეს, რომელიც ათანხმებდა მათი შეხვედრის დროს და სატელეფონო ამონაწერების წარდგენამ შესაძლოა უკუეფექტიც კი მოახდინოს. ადვოკატი რა თქმა უნდა შემფასებლების წინაშე ამ ინფორმაციას ვერ გაამხელს და მიიღებს უარყოფით შეფასებას. უარყოფითი შეფასების მიღება კი შეიძლება სხვადასხვა კარიერულ შედეგებს დაუკავშირდეს, შესაბამისად ადვოკატს უჩნდება მოტივაცია რისკის პირობებში (ან გაიშიფრება მეკავშირე ან არა) წარადგინოს სატელეფონო ამონაწერები. გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული დახმარების საბჭოს,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 01 მაისის N07 გადაწყვეტილებით დადგენილი რეგულაციები იძლევა იმგვარად წაკითხვის შესაძლებლობას, რომ ადვოკატების მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარისხის მონიტორინგის შეფასების საფუძველზე ხდება წახალისებისა და დისციპლინარული ზომების გამოყენების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება. შესაბამისად დადებითი შეფასების მიღების მოტივაცია ნამდვილად აქვთ ადვოკატებს. თუ საქმე უმაღლეს ინსტანციაშიც დამთავრდა და შემდეგ მოხდა ადვოკატის საქმიანობის შეფასება ზემოთმითითებული კრიტერიუმების საფუძველზე, ამ შემთხვევაშიც არსებობს ადვოკატის საქმიანობაში ჩარევის უშუალო საფრთხე. რამდენადაც აღნიშნული შეფასებები მომავალში ერთგვარი ,,გაიდლაინის“ ფორმას მიიღებს, როგორც ეს პროკურატურის ან/და სასამართლოს სისტემაში არსებობდა. არნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე შეფასებებისა და რეკომენდაციების მიღება, შემდგომში მის პრაქტიკაში იმპლემენტაციას ემსახურება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამტკიცდა ,,სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები“, ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცდა ,,შეფასების სისტემის კონცეფცია, საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურების ხარისხისა და იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების შესახებ“, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ შეფასების სისტემის მიზანს წარმოადგენს გასაუმჯობესებელი ასპექტების იდენტიფიცირება, ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საუკეთესო პრაქტიკის გამოკვეთა. შესაბამისად ყურადღება გამახვილებულია შესრულების ხარისხის წახალისებაზე და ასევე მომსახურების ხარისხის დახვეწაზე. მეორეს მხრივ, შეფასების მეთოდი იძლევა ნაკლებად კომპეტენტური ადვოკატების იდენტიფიცირების საშუალებას.“ თვალნათელია, რომ საბოლოო ჯამში შეფასების აღნიშნული კრიტერიუმების შემოღება ემსახურება იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატების საქმიანობის ერთ ყალიბში მოქცევას, რაც არსებიტად ეწინააღმდეგება ადვოკატის პროფესიული თავისუფლების პრინციპს. შესაძლებელია ადვოკატის საქმიანობის შესაფასებლად ტექნიკური ხასიათის კრიტერიუმები იქნეს გამოყენებული (მაგალითად იცნობს თუ არა საქმის მასალებს სრულად, ხომ არ გაუშვა საპროცესო ვადები და ა.შ.), მაგრამ ადვოკატის საქმიანობის შინაარსობრივ ნაწილში ჩარევა აშკარად ეწინააღმდეგება ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გამტკიცებულ პრინციპებს: ,,ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.“ (მუხლი 1, პუნქტი 2); ,,საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია: საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა“(მუხლი 3, ქვეპუნქტი ,,ბ“ და ,,დ“). მიგვაჩნია, რომ ადვოკატის პროფესიული თავისუფლების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი და 30-ე მუხლის 1-ელი ნაწილი. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან დაკავშირებით სასამართლოს პრაქტიკა უაღრესად მწირია, მაგრამ ვფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს საუკეთესო შესაძლებლობა სწორედ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლების პრინციპზე მსჯელობისას ჩამოაყალიბოს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების თაობაზე საინტერესო განმარტებები. რამდენადაც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, რას უნდა ეხებოდეს სხვას, თუ არა ადვოკატის მიერ დასაცავ პირთან შეთანხმებით ყველა სხვა პირისგან დამოუკიდებლად განავითაროს დაცვის ტაქტიკა და სტრატეგია. ამასთან ერთად შრომის თავისუფლება იცავს ადვოკატს განახორციელოს თავისი საქმიანობა იმდაგვარად, რომ დამოუკიდებელი იყოს ვინმე შემფასებელთა მოსაზრებებისგან. შემოთავაზებული რეგულაციების მიხედვით, ხომ შეფასებას ახორციელებს იურიდიული დახმარების სამსახურში შექმნილი მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი იურისტებით. გამოცდილები რომ არიან ეს იურისტები ვინ დაადგინა? ან გამოცდილი კომპეტენტურს ხომ არ ნიშნავს ? ან თუნდაც გამოცდილი და კომპეტენტური იყვნენ თავიანთ საქმეში, იქნებ შეფასებაში არ ვარგიან ? მოკლედ რეგულაცია კი არა ცისფერი მთებია. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს შემფასებელი და როგორ დახვეწილიც არ უნდა იყოს კრიტერიუმები, საბოლოო ჯამში არავის აქვს უფლება პირდაპირ ან ირიბად ჩაერიოს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში, რისი მთავარი შემადგენელი ნაწილიც ტაქტიკა-სტრატეგიის განსაზღვრა და მის შესაბამისად მოქმედებაა. ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლების კლიენტის ინტერესებთან დაბალანსების თვალსაზრისით კანონმდებელმა უკვე იზრუნა. როგორია ადვოკატის საქმიანობა კონკრეტულ საქმეზე - გონივრული თუ უგუნური, კომპეტენტური თუ დილეტანტური, ეფექტური თუ არაფრისმომცემი, წარმატებული იყო თუ წარუმატებელი, ეს წყდება სასამართლო დარბაზში და თუ ადვოკატის საქმიანობაში შეიმჩნევა მოვალეობის არასრულფასოვნად ან არაჯეროვნად შესრულების ნიშნები ანკლიენტი თუ რაიმეთი უკამყოფილოა ადვოკატის მოქმედებას იხილავს ადვოკატთა ეთიკის კომისიას, რომლის საქმიანობაც რეგულირებულია კანონისა და შესაბამისი კანონის საფუძველზე მიღებული აქტის საფუძველზე. ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებაში სხვა ნებისმიერი ჩარევა უნდა მივიჩნიოთ კონსტიტუციით დაცულ სფეროში არათანაბარზომიერ ჩარევად.
მოთხოვნა 3.
აღნიშნული მოთხოვნის ჩამოყალიბებისას ვიქნებით მაქსიმალურად ლაკონურები, რამდენადაც საკითხი მკაფიო, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა არათანაბარზომიერი შელახვა სახეზეა. ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად: ,,1. საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. 2. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.“ საადვოკატო საქმიანობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია: ,,ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა“(მუხლი 3, ქვეპუნქტი ,,ბ“ და ,,დ“). ადვოკატთა თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს თანასწორობის ზოგადი პრინციპიდან, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით. დისკრიმინაციის აკრძალვიდან გამომდინარე ადვოკატთა საქმიანობის შეფასების/კონტროლის საკანონმდებლო მექანიზმი საერთო უნდა იყოს ყველა ადვოკატისათვის (ინდივიდუალურად რა პირობებით მოახდენს შეთანხმებას კლიენტთან კონკრეტული ადვოკატი ეს კონსტიტუციურობის თვალსაზრისით არარელევანტურია). ადვოკატის საქმიანობის შეფასებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ არეგულირებს ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი და ამ კანონის საფუძველზე მიღებული ადვოკატთა ეთიკის კოდექსი, სადაც ამომწურავადაა ჩამოთვლილი ადვოკატის პროფესიული საქმიანობის პრინციპები: მუხლი 1. პროფესიული საქმიანობის ძირითადი პრინციპები ადვოკატი ვალდებულია, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, იხელმძღვანელოს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: დამოუკიდებლობა, ნდობა, კონფიდენციალობა, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა, კოლეგიალობა (მუხლი 1). შემდგომ მუხლებში დეტალურადაა გაწერილი თუ რას გულისხმობს ესა თუ ის პრინციპი. ადვოკატთა ეთიკის კოდექსი ვრცელდება აბსოლუტურად ყველა ადვოკატზე. კანონმდებლის მიერ ადვოკატთა რომელიმე ჯგუფისთვის ეთიკის კოდექსისგან განსხვავებული, დამატებითი ამ ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციად უნდა ჩაითვალოს. ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი, იძლევა შესაძლებლობას დისკრიმინაციული მიდგომის მსხვერპლი აღმოჩნდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები. შეფასების პროცესში დაემორჩილონ იმგვარ წესებსა და კრიტერიუმებს, რაც არ ვრცელდება სხვა ყველა დანარჩენ ადვოკატზე, ვინც არ მუშაობს იურიდიული დახმარების სამსახურში. ვთვლით, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების საქმიანობის შეფასებისას კანონმდებელი არ უნდა ცდებოდეს იმ ფარგლებს, რაც დაწესებულია ადვოკატთა შესახებ საქარტველოს კანონითა და ადვოკატთა ეთიკის კოდექსით. შემოთავაზებული რეგულაციები, პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს აბსოლუტურად იდენტური სტატუსის მქონე პირებს. მითითება იმაზე, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები სხვა ადვოკატებისგან განსხვავებულ ჯგუფს წარმოადგენს არის ბიუროკრატიული ფაშიზმი. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები და ყველა სხვა დანარჩენი ადვოკატები ადვოკატის სტატუსს ღებულობენ იდენტურად, საქმიანობენ იდენტურად, სტატუსი უჩერდებათ იდენტურად, ეთიკის კომიისის იურისდიქცია მათზე ვრცელდება იდენტურად. შესაბამისად მათი საქმიანობის შეფასების კრიტერიუმების დადგენაშიც უნდა არსებობდეს იდენტური მიდგომები. მიგვაჩნია, რომ დისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიმართ, რამდენადაც, გარდა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა, კანონის შესაბამისად არცერთი ადვოკატის საქმიანობა არ ფასდება ზემოთხსენებული აქტით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, კერძოდ: ,,იყო თუ არა ინფორმირებული კლიენტი ადვოკატის მიერ შერჩეულ სტრატეგიასთან დაკავშირებით“ , პუნქტი 3; ,,ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით რამდენად დროული და საკმარისი იყო კლიენტთან კომუნიკაცია დაკავების დროს/პატიმრობის გამოყენებამდე“, პუნქტი 4; ,,რამდენად ადეკვატურად იყო კლიენტი ინფორმირებული? საქმის პერსპექტივებზე ან მათ არარსებობაზე საქმეში ყველა სტადიაზე საქმის მიმდინარეობაზე/განვითარებაზე (მათ შორის სავარაუდო საბოლოო შედეგზე)“, პუნქტი 5, 5.1, 5.2; ,,რამდენად სრული და რელევანტური იყო ადვოკატის მიერ შეგროვებული ინფორმაცია კლიენტის შესახებ“, პუნქტი 6; ,,რამდენად დროული და ეფექტური იყო ადვოკატის მიერ შესაბამისი ინფორმაციის/მტკიცებულებების შეგროვება საქმის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე“, პუნქტი 7; ,,საქმის წარმოების განმავლობაში, რამდენად ეფექტურად იყენებდა ადვოკატი იმ ეტაპისთვის არსებულ რესურსებს ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით“, პუნქტი 8; ,,მიიღო თუ არა კლიენტმა რჩევა (ნებისმიერ სტადიაზე) ბრალის აღიარებასთან ან არ აღიარებასთან დაკავშირებით. იყო თუ არა რჩევა (ნაადრევი, დროული, დაგვიანებული) ასეთის საჭიროების შემთხვევაში, პუნქტი 9. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა