საქართველოს მოქალაქეები - იმედა ქარქაშაძე, მევლუდ ჯანჯღავა, ხათუნა ჩხაიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/870 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 7 აპრილი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 აპრილი 2017 18:23 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - იმედა ქარქაშაძე, მევლუდ ჯანჯღავა, ხათუნა ჩხაიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16 მუხლებთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №870) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - იმედა ქარქაშაძემ, მევლუდ ჯანჯღავამ, ხათუნა ჩხაიძემ, სოფიო გოგლიჩიძემ, დიანა ფირუმიანმა, ნანა სამხარაძე-ალავიძემ, ირმა ინასარიძემ, ნინო მჭედლიშვილმა, თამარ გაჩეჩილაძემ, მამუკა ბასილაშვილმა და რევაზ ლაფაურმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 14 თებერვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 7 აპრილს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
3. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იურიდიული დახმარების საბჭო დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება, ხოლო მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია შრომის თავისუფლება. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია“, ამავე მუხლის მე-8 პუნქტი კი ადგენს, რომ „არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა იურიდიული დახმარების საბჭოს აძლევს შესაძლებლობას იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცებისას დაადგინოს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების ისეთი წესები და კრიტერიუმები, რომლებიც უგულებელყოფენ ადვოკატსა და კლიენტს შორის არსებული ურთიერთობის კონფიდენციალურ ხასიათს, ადვოკატს კი აკისრებს ვალდებულებას გასცეს ინფორმაცია მის მიერ შერჩეული დაცვის სტრატეგიისა და მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და რიგი საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ გაწეული იურიდიული დახმარების შეფასების ლეგიტიმურ მიზნებს შესაძლოა წარმოადგენდეს საზოგადოებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება და თანხების ეფექტური ხარჯვა. თუმცა იმ კრიტერიუმების დადგენისას, რომელზე დაყრდნობითაც ფასდება დასაქმებული ადვოკატის მიერ გაწეული კონსულტაცია და იურიდიული დახმარება, გათვალისწინებული უნდა იყოს ადვოკატის პროფესიის სპეციფიკა და კლიენტთან არსებული კომუნიკაციის კონფიდენციალობის პრინციპი.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსით, ადვოკატის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასების სისტემა ეყრდნობა ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: კლიენტის ინფორმირებულობა, ადვოკატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის სისრულე და რელევანტურობა, ადვოკატის მიერ კლიენტისათვის მიწოდებული რჩევის დროულობა და ა.შ. ამ კრიტერიუმებით ადვოკატის საქმიანობის შეფასება შეუძლებელია კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებული კონფიდენციალური ურთიერთობის გამჟღავნების გარეშე. ამ ინფორმაციის გაცემის დავალდებულება კი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ პირადი ცხოვრების უფლებას, რომელში ჩარევაც დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. აღნიშნული არგუმენტაციიდან გამომდინარე, სადავო ნორმა, ასევე არღვევს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-8 პუნქტის მოთხოვნებს.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ იურიდიული დახმარების საბჭოს 2014 წლის პირველი მაისის №07 გადაწყვეტილება იძლევა იმგვარი წაკითხვის შესაძლებლობას, რომ ადვოკატის მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარისხის მონიტორინგის შეფასების საფუძველზე ხდება მათი წახალისება და დისციპლინარული ზომების გამოყენების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული რეგულაცია ადვოკატს აიძულებს, გაამჟღავნოს კონფიდენციალური მონაცემები და შემფასებელს მიაწოდოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც თავისი არსით არის პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატი ვერ მიიღებს დამაკმაყოფილებელ შეფასებას, რაც წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციით განმტკიცებულ შრომის თავისუფლებისა და პიროვნული განვითარების უფლებებში.
9. მოსარჩელეთა განცხადებით, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს. ადვოკატთა ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ყველა ადვოკატის საქმიანობის შეფასების ზოგად წესსა და პრინციპებს, მიუხედავად მათი დასაქმებისა და საქმიანობის ადგილისა. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის კი დადგენილია შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც ეწინააღმდეგება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადვოკატთა ეთიკის კოდექსს. სადავო ნორმით უარესდება მათი მდგომარეობა სხვა ადვოკატებთან შედარებით და ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი თანასწორობის უფლება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებული ურთიერთობის კონფიდენციალურობა კონსტიტუციით დაცული სიკეთეა, რომელსაც არღვევს სადავო ნორმა. შესაბამისად, ეს უკანასკნელი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. სადავო ნორმის მიხედვით, „საბჭო დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს“. გასაჩივრებული რეგულაცია ადგენს იურიდიული დახმარების საბჭოს უფლებამოსილებას, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის წარდგინებით დაამტკიცოს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და დახმარების შეფასების წესი და კრიტერიუმები. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან ზოგადად იურიდიული დახმარების საბჭოს უფლებამოსილებას დაადგინოს ადვოკატის საქმიანობის შეფასების წესი. მათთვის პრობლემურია ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება ადვოკატის საქმიანობის შესაფასებლად. აღნიშნული კრიტერიუმები დადგენილია არა სადავო ნორმით, არამედ „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N39 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, პრობლემა, რომელიც, მოსარჩელის აზრით, იწვევს მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვას, მომდინარეობს არა სადავო ნორმიდან, არამედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებიდან, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენენ დავის საგანს.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელეების მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას, გასაჩივრებულ ნორმას არ გააჩნია სარჩელში მითითებული ნორმატიული შინაარსი. შესაბამისად, №870 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმავდროულად აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №870 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - იმედა ქარქაშაძე, მევლუდ ჯანჯღავა, ხათუნა ჩხაიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა