საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2025 წლის 28 მარტის №3/5/1750 განჩინებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/5/1750 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში |
თარიღი | 27 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 აპრილი 2025 18:24 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2025 წლის 28 მარტის №3/5/1750 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2025 წლის 28 მარტის №3/5/1750 განჩინებასთან (შემდგომში – №3/5/1750 განჩინება) დაკავშირებით.
2. №3/5/1750 განჩინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა საქმე №1750 კონსტიტუციურ სარჩელზე, მათ შორის, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა: (ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტის (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; (ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტის 2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ეს გამოწვეული იყო რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობით ან/და განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით ან/და მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესთან დაკავშირებული სხვა ობიექტური გარემოებით და ვერ ხერხდებოდა მოსამართლის შერჩევა, რომელიც თანხმობას გამოთქვამდა სხვა სასამართლოში მივლინებაზე, მოსამართლის თანხმობის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება მისი სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში) მივლინების შესახებ, მაგრამ არაუმეტეს 2 წლის ვადით, რომლის გაგრძელება, თავის მხრივ, დაიშვებოდა არაუმეტეს 2 წლით. ამასთანავე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის 2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომად ითვლებოდა მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით.
4. №1750 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა, მათ შორის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინების ინსტიტუტის გამოყენებას მივლინებას დაქვემდებარებული მოსამართლის შერჩევის სათანადო კრიტერიუმების კანონმდებლობით გათვალისწინების გარეშე. ამასთან ერთად, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინებას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, ისევე, როგორც მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების ვადას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ მოსამართლის თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინების მექანიზმის სადავო ფორმით მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა მოსამართლის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებასა და მოსამართლის შეუცვლელობის კონსტიტუციურ გარანტიას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის №3/5/1750 განჩინება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და სხვები (სულ 42 დეპუტატი)) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, I-8, 10, 12, 18). „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე, მათ შორის, მიუთითებდა, რომ სადავო რეგულაცია, გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ, კრძალავდა პოლიტიკის სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი მოსაზრების საჯაროდ გამოთქმის შესაძლებლობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის №3/5/1750 განჩინება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და სხვები (სულ 42 დეპუტატი)) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, I-29-31).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არსებითად მსგავსი სამართლებრივი პრობლემების კონსტიტუციურობა შეაფასა 2025 წლის 7 მარტს მიღებულ №3/4/1693,1700 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (შემდგომში – №3/4/1693,1700 გადაწყვეტილება), რომლის ფარგლებში შემოთავაზებულ გადაწყვეტასაც არ დავეთანხმეთ და, შესაბამისად, გამოვთქვით განსხვავებული აზრი.[1] განსხვავებული აზრი ფართოდ მიმოიხილავს მოსამართლის თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინების ინსტიტუტისადმი წაყენებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს და ასაბუთებს სადავო მექანიზმის არაკონსტიტუციურობას. განსხვავებული აზრის არგუმენტაციის ხაზი, აგრეთვე ნათლად წარმოაჩენს მოსამართლის მიერ მის საქმიანობასთან დაუკავშირებელი ნებისმიერი პოლიტიკურად არანეიტრალური აზრის საჯაროდ გამოთქმის აკრძალვის არაკონსტიტუციურ ხასიათს. ბუნებრივია, ვიზიარებთ ხსენებულ განსხვავებულ აზრში გამოხატულ პოზიციებს და მივიჩნევთ, რომ ჩვენი კოლეგები კიდევ ერთხელ შეცდნენ, როდესაც №1750 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე შეწყვიტეს მოთხოვნის მოცემულ ნაწილში, რამაც გამორიცხა საკითხის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყვეტის შესაძლებლობა.
6. №3/4/1693,1700 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინების მოქმედი მოდელი არ წარმოშობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და იმ რისკების რეალიზების რეალურ შესაძლებლობას, რომლებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56-59, 61-65). ანალოგიურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების შემოსაზღვრა აკმაყოფილებდა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-158-163).
7. №3/5/1750 განჩინებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა №3/4/1693,1700 გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ, №1750 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე, მსგავსი სამართლებრივი არგუმენტაციით, არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა ხსენებული გადაწყვეტილებით უკვე შეფასებულ საკითხებსა და სამართლებრივ მექანიზმებს. შესაბამისად, მიუხედავად, ფორმალურად, დავის საგნის განსხვავებული რედაქციებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ №1750 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული არ იყო რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/4/1693,1700 გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის №3/5/1750 განჩინება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და სხვები (სულ 42 დეპუტატი)) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8, 10, 12, 13).
8. აღსანიშნავია, რომ, ერთი მხრივ, №3/4/1693,1700 გადაწყვეტილებით შეფასებულ, ხოლო, მეორე მხრივ, №1750 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტის რედაქციებს შორის განსხვავება ვლინდება თანხმობის გარეშე მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ზღვრული ვადის ოდენობასა და გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნაში. კერძოდ, სადავო ნორმის 2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, თანხმობის გარეშე მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალურ ზღვრულ ვადად გათვალისწინებული იყო 4 წელი, ხოლო მოქმედი რედაქციით – 3 წელი. გარდა ამისა, ძალადაკარგული რედაქციით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მოეთხოვებოდა იმ გარემოების დასაბუთება, რომელიც მოსამართლის თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინებას/მივლინების ვადის გაგრძელებას აუცილებელს გახდიდა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის შინაარსთან დაკავშირებით კი, აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის 2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა დათქმას, რომლის შესაბამისადაც, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევად არ მიიჩნევა სასამართლო რეფორმის შესახებ, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების თაობაზე ან/და სამართლის განვითარების სხვა საკითხზე მოსამართლის მეცნიერული ან/და ანალიტიკური მსჯელობა.
9. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვიზიარებთ ჩვენი კოლეგების პოზიციას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ №1750 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმებში საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებული ცვლილებები არ ქმნიდა საფუძველს ხსენებული სადავო ნორმების განსხვავებულად მიჩნევისათვის. ვეთანხმებით იმასაც, რომ №1750 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ ამ კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით სადავოდ გამხდარი ყველა არსებითი საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/4/1693,1700 გადაწყვეტილებით. ჩვენთვის მიუღებელია სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრების მიერ შემოთავაზებული განმარტებები და სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე დადგენილი სტანდარტები.
10. მივიჩნევთ, რომ ხსენებული სადავო ნორმების ძალადაკარგულობის მოტივით №1750 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის შეწყვეტის ნაცვლად, ჩვენ კოლეგებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანმიმდევრული პრაქტიკის შესაბამისად, არსებითად განსახილველად უნდა მიეღოთ და შემდგომში – არაკონსტიტუციურად ეცნოთ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი და მისი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე ძალადაკარგული ნორმების იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმები.
11. სწორედ ამიტომ, ვრჩებით ერთგულნი №3/4/1693, 1700 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოთქმულ განსხვავებულ აზრში დაფიქსირებული პოზიციების მიმართ და კვლავაც მივიჩნევთ, რომ: (ა) მოსამართლის თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინების ინსტიტუტი, მივლინებას დაქვემდებარებული მოსამართლის შერჩევის ობიექტური კრიტერიუმების, შერჩევის პრინციპების, დასაბუთების ვალდებულებისა და ეფექტიანი სასამართლო კონტროლის გარეშე, ქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უფლებამოსილების შეცდომით/ბოროტად გამოყენებისა და მოსამართლეებზე არასათანადო ზეგავლენის რეალურ რისკებს; (ბ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის კომპეტენციის შინაარსის, დაკისრებული ფუნქციის ეფექტიანად განხორციელების და მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცების ინტერესების, ასევე მოსამართლის კარიერული სტაბილურობის გათვალისწინებით, გაუმართლებელი და დაუშვებელია პირდაპირ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანხმობის გარეშე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მივლინება, იმავე ადგილზე პირველი ინსტანციის მოსამართლის მივლინების შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში; (გ) მოსამართლის თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მაქსიმუმ სამწლიანი მივლინების შესაძლებლობა ეწინააღმდეგება ღონისძიების დროებითობის პრინციპს, ქმნის საგამონაკლისო ღონისძიება ორდინალურ პრაქტიკად გადაქცევის რისკს და გაუმართლებლად ზღუდავს მოსამართლის ინდივიდუალურ უფლებებს, ისევე, როგორც საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების სისტემის სტაბილურობასა და მოსამართლის დამოუკიდებლობას.
12. იმავდროულად, მოსამართლის მიერ მის საქმიანობასთან დაუკავშირებელი საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრაქტიკულად ყველა საკითხზე აზრის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაუცველად, საჯაროდ გამოთქმის აკრძალვა იწვევს მოსამართლის საზოგადოებრივი თუ პროფესიული ცხოვრებისაგან იზოლაციას, აფერხებს სამართლებრივი აზროვნების განვითარების შესაძლებლობას, აზიანებს მართლმსაჯულების დემოკრატიზაციის პროცესს, გამჭვირვალობასა და სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებას, უკიდურესად ზღუდავს სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების გამოვლენის, სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებისა და რეფორმირების შესაძლებლობას, რაც, საბოლოოდ, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებას ან ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობასა და ავტონომიურობას, არამედ მთლიანად სასამართლო სისტემის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაშიც, მივიჩნევთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი კი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები
გიორგი კვერენჩხილაძე
თეიმურაზ ტუღუში
[1] იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.