საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და სხვები (სულ 42 დეპუტატი)) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/5/1750 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 27 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 მარტი 2025 15:08 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და სხვები (სულ 42 დეპუტატი)) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან, 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 63-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-5 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით; ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტის (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით; ე) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით; ვ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 64-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ზ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 2 დეკემბერს, კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1750) მომართა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფმა (სულ 42-მა დეპუტატმა). №1750 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2022 წლის 5 დეკემბერს. №1750 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 27 მარტს.
2. №1750 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 33-ე მუხლის პირველი პუნქტი.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომში - ორგანული კანონი) 371 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენდა საფუძვლებს, რომელთა არსებობისასაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იყო, მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით მიემართა სხვა სასამართლოების მოსამართლეებისათვის. ხოლო მე-2 პუნქტით, გათვალისწინებული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება - მოსამართლის თანხმობის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) მივლინების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავდა მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს. ხსენებული მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების საფუძვლად მიჩნეული იყო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმომადგენლის დანიშვნის წესს, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ წარდგინების განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში − აგრეთვე უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, რეგლამენტირებული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის უფლებამოსილება, მიეღო გადაწყვეტილება სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ კოლეგია გაიზიარებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებაში ასახულ დასკვნებს. ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებდა სადისციპლინო საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის სახით. ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დისციპლინური გადაცდომის სახედ გათვალისწინებული იყო მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, მე-3 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო ხელისუფლება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით ხორციელდება. ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება იცავს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას, 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას და საჯარო თანამდებობის განხორციელების პირობებს, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებულია მოსამართლის სტატუსთან დაკავშირებული რიგი გარანტიები. კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები განამტკიცებს მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონისადმი მორჩილების პრინციპს, ასევე, კრძალავს მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედებას ან მის საქმიანობაში ჩარევას გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით. ხსენებული მუხლის მე-5 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადება ითვალისწინებს მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილებასთან, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მე-6 პუნქტის მე-5 წინადადების შესაბამისად კი, „გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით“. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შექმნის მიზნებს.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღჭურავს უფლებამოსილებით, მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის საფუძვლით, მოსამართლე, მისი თანხმობის გარეშე, მიავლინოს სხვა სასამართლოში, რაც მოსარჩელე მხარის პოზიციით, წარმოადგენს მოსამართლის საქმიანობის განხორციელებაში იმდენად ინტენსიურ ჩარევას, რომ მას უნდა ჰქონდეს მხოლოდ დისციპლინური სანქციის სახე ან განპირობებული იყოს სასამართლო სისტემის სტრუქტურის რეფორმით.
6. პარლამენტის წევრთა ჯგუფის პოზიციით, სადავო ნორმაში მოხსენიებული „სხვა ობიექტური გარემოება“ არღვევს განსაზღვრულობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რამდენადაც იგი შეიცავს მოსამართლის სხვა სასამართლოში გადაყვანის საფუძვლების ამოუწურავ ჩამონათვალს და შესაძლებლობას, რომ მოსამართლეს, ფაქტობრივად, დაეკისროს დისციპლინური სანქცია შესაბამისი პროცედურების გვერდის ავლით. ამავდროულად, „მართლმსაჯულების ინტერესი“, როგორც საკანონმდებლო ფარგლების დადგენის მექანიზმი, ვერ გახდება თვითნებობის პრევენციისთვის სათანადო საშუალება, რამდენადაც მას ფართო შინაარსი გააჩნია და, მოსარჩელეთა პოზიციით, მოიაზრებს სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირების თითქმის ყველა ინტერესს.
7. მოსარჩელეები ასევე თვლიან, რომ „რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობა“ ან „განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა“ არ წარმოადგენს მოსამართლის მივლინების საჭიროების თვითკმარ ინდიკატორს, რამდენადაც იმ პირობებშიც, როდესაც მოსამართლეთა კონტინგენტი შევსებული არ არის, შესაძლოა, მოქმედი მოსამართლეების დატვირთვა არ იყოს მაღალი ან განსახილველი საქმეების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მოსამართლეთა არსებული შემადგენლობა წარმატებით უმკლავდებოდეს განსახილველ საქმეთა ოდენობას. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ, ერთი მხრივ, შესაძლებელი იყო კონკრეტული მოსამართლის შერჩევისათვის წილისყრის პროცედურის რეგლამენტირება, მეორე მხრივ კი, საკანონმდებლო ორგანოს შეეძლო, ვაკანტურ ადგილზე ახალი მოსამართლის დანიშვნის გზით ჩაენაცვლებინა, კონკრეტული მოსამართლის თანხმობის გარეშე, მივლინების მექანიზმი.
8. დამატებით, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც შეირჩევა მოსამართლე სხვა სასამართლოში მისავლინებლად. მაგალითად, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმა, მოსამართლის გადაყვანისას, არ ითვალისწინებს მისი სპეციალიზაციის საკითხს, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობას აძლევს, სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მოსამართლე გადაიყვანოს სამოქალაქო საქმეთა განმხილველ კოლეგიაში ან პირიქით. ამავდროულად, სადავო ნორმა არ გამორიცხავს ისეთ შემთხვევასაც, რომლის ფარგლებშიც მოხდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქვედა ინსტანციაში, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ზემდგომ ინსტანციაში გადაყვანა. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლე თანხმობას აცხადებს მის გადაყვანაზე, სადავო ნორმით იქმნება მოსამართლის დაწინაურების ალტერნატიული მექანიზმი, რამდენადაც იგი შესაძლებლობას იძლევა, მოსამართლე უფლებამოსილების ვადით განწესდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმის პირობებში, ერთი მხრივ, შესაძლებელია, მოსამართლე ზემდგომ ინსტანციაში გადავიდეს შესაბამისი კვალიფიკაციის არარსებობის შემთხვევაშიც, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, მაღალკვალიფიციური მოსამართლე გადაყვანილ იქნეს ქვედა ინსტანციაში.
9. მოსარჩელე მხარე, სადავო ნორმის ვიწრო პროპორციულობის კრიტერიუმთან შესაბამისობის საკითხზე მსჯელობისას მიუთითებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მკაფიოდ უნდა განესაზღვრა ის შემთხვევები, რომელთა არსებობისასაც შესაძლებელი იქნებოდა, მოსამართლის იძულების წესით, სხვა თანამდებობაზე გადაყვანა. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის საპირისპიროდ, რომელიც მოსამართლის სხვა სასამართლოში გადაყვანას ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უშვებს, „სხვა ობიექტური გარემოება“, მისი განუსაზღვრელი შინაარსიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს შესაძლებლობას, თვითონ დაადგინოს როგორც პროცედურის დაწყების საფუძვლები, ასევე კრიტერიუმები.
10. პარლამენტის წევრთა ჯგუფის პოზიციით, იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეუძლია მოსამართლეს, შეუცვალოს სპეციალიზაცია, საქმიანობის ინსტანცია, ასევე, სხვა სასამართლოში მიავლინოს 4 წლამდე ვადით, ხოლო მოსამართლის თანხმობის არსებობისას მისი უფლებამოსილების ვადით, ინტენსივობიდან გამომდინარე, უთანაბრდება სხვა თანამდებობაზე დანიშვნას და, შესაბამისად, მოსამართლის გადაყვანის პროცედურა განხილულ უნდა იქნეს მოსამართლის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის სტანდარტის შესაბამისად.
11. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავენ, რომ უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების გამოსარიცხად, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას მაშინ, როდესაც სადავო ნორმაში ფიგურირებს გარემოებები და შეფასებითი კრიტერიუმები. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე, მოსამართლეებს არ მიეცემათ შესაძლებლობა, გამოასწორონ ის მიზეზები, რომლებიც საფუძვლად დაედო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. ამასთან, დასაბუთებული გადაწყვეტილების არარსებობა იწვევს ნდობის დაკარგვას საბჭოს მიმართ.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.
13. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების პირველ და მე-2 წინადადებებთან. მოსარჩელეების პოზიციით, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს მოსამართლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისგან დაცვის მაღალ სტანდარტს, რაც გამოიხატება ხსენებული საკითხის მხოლოდ ორგანული კანონით რეგულირებაზე მითითებით. მოსარჩელეები თვლიან, რომ კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერი საკანონმდებლო ორგანოს უკრძალავს არა მხოლოდ მოსამართლის გადაყვანის შემთხვევების დადგენის უფლებამოსილების რომელიმე სხვა ორგანოსადმი გადაცემას, არამედ დამატებით ზღუდავს საკითხის ორდინალური კანონმდებლობით მოწესრიგების შესაძლებლობას, რაც გამორიცხავს, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ან პრაქტიკით დაარეგულიროს მოსამართლის გადაყვანის საფუძვლები.
14. მოსარჩელეების მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა პირდაპირ არ უთითებს მოსამართლეთა გადაყვანის საფუძვლების დადგენის უფლებამოსილების საბჭოსთვის დელეგირებაზე, მისი შინაარსიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილება გახდა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვროს „ობიექტური გარემოება“, რომელიც მოსამართლის სხვა სასამართლოში გადაყვანას დაედება საფუძვლად. დამატებით, პარლამენტის წევრთა ჯგუფი აპელირებს იმაზე, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მოაზრებულ უნდა იქნეს მოსამართლის გადაყვანის საფუძვლების ნაწილად. მათი პოზიციით, მოსამართლის გადაყვანისა და შეუცვლელობის პრინციპის დაცვა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი კომპონენტია. შესაბამისად, ორგანული კანონით, ამომწურავად უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ მოსამართლის გადაყვანის უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლები, არამედ კონკრეტული მოსამართლის გადაყვანის საფუძვლებიც. იმავდროულად, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ადგილი აქვს განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევას დელეგირებისას, რამდენადაც შეუძლებელია დელეგირების ფარგლების, მათ შორის, კონკრეტული, მკაცრად განსაზღვრული მიზნის დადგენა.
15. მოსარჩელეების პოზიციით, ამავე კონტექსტში უნდა იქნეს განხილული მოსამართლის შეუცვლელობის საკითხიც. იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლის სხვა სასამართლოში გადაყვანით, იგი ვეღარ განიხილავს მიმდინარე საქმეებს, შედეგად კი, იცვლება კონკრეტული საქმეების განმხილველი მოსამართლე, საქართველოს კონსტიტუციის ლოგიკური განმარტების შედეგად, მოსამართლის შეუცვლელობის უზრუნველყოფის საკითხები მკაცრად რეგულირებული უნდა იყოს მხოლოდ ორგანული კანონის საფუძველზე.
16. პარლამენტის წევრთა ჯგუფის მოსაზრებით, სადავო ნორმით დადგენილმა პროცედურამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისცა შესაძლებლობა, ზედა ინსტანციაში გადაყვანით, წაახალისოს მოსამართლე ან დასაჯოს იგი ქვედა ინსტანციაში ან ტერიტორიულად შორს მყოფ სასამართლოში გადაყვანით, წინასწარდადგენილი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობის გარეშე. შედეგად, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ იქმნება მოსამართლეზე არამართლზომიერი ზემოქმედების საფრთხე, რაც უხეშად ხელყოფს მოსამართლის დამოუკიდებლობას.
17. №1750 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რამდენადაც შექმნილი მოცემულობით, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადასცა კანონშემოქმედებითი ფუნქცია. შედეგად, მოსარჩელეთა აღნიშვნით, ერთი ორგანოს ხელში ამ დოზით ძალაუფლების თავმოყრა იწვევს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დარღვევას, ძალაუფლების განუსაზღვრელ კონსოლიდაციასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესუსტებას. დამატებით, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზეც, რომ საკანონმდებლო ორგანომ არსებითად მნიშვნელოვანი საკითხების რეგულირებაზე უარის თქმითა და განსაზღვრულობის კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევით, საფრთხე შეუქმნა მმართველობის კანონიერების პრინციპს, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო საქმიანობის ფუნდამენტური სფეროების საკანონმდებლო ლეგიტიმაციას, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით დადგენილი პრინციპები.
18. მოსარჩელე მხარე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, დამატებით, გარდა ზემოაღნიშნული არგუმენტაციისა, აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის არსებული რედაქცია უშვებს, მოსამართლის, იძულების წესით, მივლინებას 4 წლამდე ვადით, რაც, მოსარჩელეთა პოზიციით, წარმოადგენს განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობის ჩარევას სამოსამართლო საქმიანობაში.
19. №1750 კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდაა გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას მყარი საკანონმდებლო გარანტია, რომლის ფარგლებშიც, მოსამართლეს ექნება შესაძლებლობა, გადაამოწმოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის გასვლის შემდგომ, სადავო ნორმა აღარ ითვალისწინებს იმ საფუძვლების გადამოწმების შესაძლებლობას, რაზე დაყრდნობითაც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონკრეტული მოსამართლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ორგანული კანონის 371 მუხლის პირველ პუნქტში არსებული გარემოებები (რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობა, განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ან/და სხვა ობიექტური გარემოება) არ არის უცვლელი მოცემულობა, შესაბამისად, მოსამართლეს უნდა გააჩნდეს, მისი გადაყვანის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში, მივლინების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ კანონმდებელს შეეძლო, სადავო ნორმით გაეთვალისწინებინა უფლებაში ჩარევის ნაკლები ინტენსივობის იმგვარი მექანიზმი, როგორიცაა საბჭოს გადაწყვეტილების პერიოდულად გადასინჯვა.
20. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის მოქმედი რედაქცია, წინასაგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს დასაბუთების ვალდებულებას, რითაც არსებითად იზრდება თვითნებობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, დასაბუთების არარსებობის პირობებში, პრაქტიკული მნიშვნელობა ეკარგება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ერთჯერადად გასაჩივრების უფლებას, ვინაიდან იძულებით მივლინებულ მოსამართლეს ერთმევა შესაძლებლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წინაშე წარადგინოს საკუთარი არგუმენტაცია, რამდენადაც მისთვის უცნობია ის გარემოებები, თუ რის საფუძველზე მოხდა, მისი თანხმობის გარეშე, მივლინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მოსამართლის იძულების წესით მივლინების ბუნდოვანი საფუძვლების არსებობის პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
21. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადების შესაბამისად, მოსამართლეთა განწესების შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, მოსამართლის თანამდებობაზე განწესების მაღალ ლეგიტიმაციას, მეორე მხრივ კი, ახდენს, ყოველგვარი თვითნებობისა და ვიწროდ კორპორაციული ინტერესის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების პრევენციას. ამავდროულად, მოსარჩელეები თვლიან, რომ კონსტიტუციის ნახსენები დებულებით დადგენილი კვორუმი წარმოადგენს ფორმალური კონსტიტუციურობის სტანდარტს იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლებიც მოსამართლის საქმიანობაზე არსებით ზეგავლენას ახდენს.
22. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ზემოთ ნახსენები მოცემულობის საპირისპიროდ, სადავო ნორმა, მოსამართლის განსახილველი საქმეებიდან ჩამოცილების პროცედურის დაწყებისთვის, ითვალისწინებს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის აუცილებლობას. შესაბამისად, იქმნება მოცემულობა, რომლის ფარგლებშიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერით თანამდებობაზე განწესებული მოსამართლის უფლებამოსილებების განხორციელების შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს შედარებით დაბალი ლეგიტიმაციის მქონე გადაწყვეტილებამ. ამავდროულად, მოსარჩელეები აპელირებენ იმაზეც, რომ კვორუმის შემცირება, გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის შემცირებასთან ერთად, იწვევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმის რისკების გაძლიერებას, რამდენადაც, შემცირებული კვორუმის პირობებში, მოსამართლე, ფაქტობრივად, დამოკიდებული ხდება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების გადაწყვეტილებაზე, რაც არღვევს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. ასევე, აზრს უკარგავს კონსტიტუციით განსაზღვრულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის მნიშვნელობას.
23. ამავდროულად, პარლამენტის წევრთა ჯგუფი პრობლემურად მიიჩნევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტს. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი უნდა დაინიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტით. შესაბამისად, მოსარჩელეები თვლიან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიაში ან/და უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში წარმომადგენელს უნდა ნიშნავდეს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით.
24. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. პარლამენტის წევრთა ჯგუფის პოზიციით, სადავო ნორმა, ფაქტობრივი შინაარსით, ითვალისწინებს მოსამართლის დროებით გადაყენებას დაკავებული თანამდებობიდან, რის გამოც სახეზეა მაღალი ინტენსივობით ჩარევა საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებაში. მოსარჩელეების განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურდება ის, რომ მოსამართლის თანამდებობაზე დატოვებით, მისი მხრიდან, მოსალოდნელია სამოსამართლო საქმიანობის გამოყენება გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ან იგი ხელს შეუშლის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას. აღნიშნულისგან განსხვავებით, სადავოდ გამხდარი ნორმა მოსამართლის განსახილველი საქმეებიდან ჩამოცილების საკმარის საფუძვლად, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების გარეშე, ბლანკეტურად მხოლოდ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მიიჩნევს. სადავო ნორმის ბლანკეტური შინაარსის პირობებში, იგი სადისციპლინო კოლეგიას არ უტოვებს დისკრეციას და მასთან ერთად არ განუსაზღვრავს შესაბამის კრიტერიუმებსა თუ სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მეშვეობითაც, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეაფასებდა მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების საფუძვლებსა და მიზანშეწონილობას.
25. ამავდროულად, მოსარჩელეები აღნიშნავენ იმასაც, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა გენერალური პროკურორის უფლებამოსილებას წარმოადგენს, სადავო ნორმა კი ითვალისწინებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკვალიფიკაციო პალატისადმი მიმართვის შესაძლებლობას, მოსამართლისთვის საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების შუამდგომლობით. მოსარჩელე მხარის პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია შემოფარგლულია კონსტიტუციით და იგი ვერ იქნება სისხლისსამართლებრივი საპროცესო მოქმედების მონაწილე. შესაბამისად, იქმნება მოცემულობა, რომლის ფარგლებშიც, სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედების განხორციელების შუამდგომლობით, აღჭურვილია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რაც, მოსარჩელეთა მოსაზრებით, სცდება მისი უფლებამოსილების კონსტიტუციურ ფარგლებს და სტატუსს.
26. მოსარჩელეების პოზიციით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზნების მიღწევა შესაძლებელია უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალებით. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის არარსებობის პირობებშიც, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები იძლევა, ბრალდებული მოსამართლის მხრიდან, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე არასათანადო ზემოქმედებისთვის გამოყენების პრევენციისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, რომლებიც ინტერესთა სამართლიანი ბალანსის კუთხით, ბრალდების მხარისთვის შუამდგომლობის დასაბუთების მოთხოვნითა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისთვის, კონკრეტული ვადის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობით, უფლების დაცვის გაცილებით მაღალ სტანდარტს ქმნიან.
27. კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდაა გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. პარლამენტის წევრთა ჯგუფი მიუთითებს, რომ სადავო ნორმა, მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის გასვლის შემდგომ, აღარ ითვალისწინებს იმ საფუძვლების გადამოწმების შესაძლებლობას, რაზე დაყრდნობითაც მიღებულ იქნა კონკრეტული მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილება. მოსარჩელე მხარის პოზიციით, მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების საფუძვლები შესაძლოა აღმოიფხვრას და, შესაბამისად, მოსამართლეს უნდა გააჩნდეს. მისი საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, რათა დაუსაბუთებლად არ გაგრძელდეს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედება.
28. მოსარჩელე მხარე ასევე აპელირებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურობაზე. პარლამენტის წევრთა ჯგუფის მოსაზრებით, მოსამართლის განწესება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით ხდება, სადავო ნორმით კი, ჩნდება შესაძლებლობა, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნეს უფრო დაბალი ლეგიტიმაციის მქონე გადაწყვეტილებით. აღნიშნული კვორუმის შემცირება, პარლამენტის წევრთა ჯგუფის შეფასებით, გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის შემცირებასთან ერთად, ზრდის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმის რისკებს, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ხსენებული გადაწყვეტილების მიღება შეეძლებათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს. მოსარჩელეები თვლიან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების წესის დადგენისას, კანონმდებელმა უნდა გაითვალისწინოს კონსტიტუციური სტანდარტი და ერთობლივი წესი გაავრცელოს როგორც მოსამართლის დანიშვნის, აგრეთვე, მის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების, მათ შორის, თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევისთვის.
29. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდაა გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე, მოსამართლეს შეეზღუდა ისეთი აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა, რომელიც დაარღვევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს. თავის მხრივ, ის, თუ რამდენად ნეიტრალურია კონკრეტული აზრი პოლიტიკური თვალსაზრისით, შეუძლებელია, შემოწმდეს მისი შინაარსის ანალიზისა და შეფასების გარეშე. ხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით, სახელმწიფომ დააწესა მოსამართლის აზრის გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, რაც გულისხმობს აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი შინაარსის გამო.
30. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს, ვინაიდან ბუნდოვანებიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი შინაარსის წინასწარ განჭვრეტა. პარლამენტის წევრთა ჯგუფი განმარტავს, რომ თანამედროვე რეალობაში, პოლიტიკის გაგების გათვალისწინებით, თუ მოსამართლე აზრს დააფიქსირებს რომელიმე საზოგადოებრივ ურთიერთობაზე, იგი ავტომატურად დაკვალიფიცირდება როგორც პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა, რითაც მოექცევა სადავო ნორმით დაწესებული შინაარსობრივი რეგულირების სფეროში, განურჩევლად იმისა, რამდენად კავშირშია აღნიშნული აზრი სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, მიუკერძოებლობასთან ან ავტორიტეტთან. ხსენებულიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრთა ჯგუფი აპელირებს „მსუსხავი ეფექტის“ არსებობაზე, რომლის ფარგლებშიც, დისციპლინური სანქციის შიშით, მოსამართლეები თავს შეიკავებენ, გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური აზრი.
31. მოსარჩელეთა შეფასებით, მოსამართლის პოლიტიკური აქტივობის კონსტიტუციური ზღვარი გადის პოლიტიკური პარტიის წევრობასა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის საკითხზე. სადავო ნორმა კი აფართოებს ხსენებულ ზღვარს და მასში მოიაზრებს ნებისმიერ ისეთ გამოხატვას, რომელიც შესაძლოა, საზოგადოდ, უკავშირდებოდეს პოლიტიკის სფეროს. ამასთან, მოსარჩელეები თვლიან, რომ აზრის დაფიქსირება ყოველთვის კავშირშია მოსამართლის სუბიექტურ დამოკიდებულებასთან და იგი ვერ იქნება ნეიტრალური. იმავდროულად, მოსარჩელეები თვლიან, რომ მოსამართლემ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, მათ შორის, აზრის გამოხატვისას, იმ საზღვრებში უნდა დაიცვას, რომლის მიღმაც აშკარად შეიქმნება მოსამართლის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ დამოკიდებულების ან მიკერძოების მოცემულობა. ამასთან, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზანი ვერ იქნება, ზოგადად, მოსამართლის პოლიტიკური ინდიფერენტულობა, თავის შეკავება პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამჟღავნებისაგან. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმის განუსაზღვრელი და ყოვლისმომცველი შინაარსი იძლევა მოსამართლისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როდესაც საამისო მიზეზი არ არსებობს.
32. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ სადავო ნორმის ფორმალური კონსტიტუციურობის საკითხზე. მათი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკრეტული სადავო ნორმის განჭვრეტადობის უზრუნველყოფის მიზნით კრიტერიუმების დადგენა, გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების განხორციელებას, რისი უფლებამოსილებაც მარტოოდენ საქართველოს პარლამენტს გააჩნია.
33. პარლამენტის წევრთა ჯგუფი სარჩელში უთითებს იმასაც, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის ფარგლებშიც სადავო ნორმები იქნა მიღებული, წინ უსწრებდა მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფის მიერ ერთობლივი განცხადების გავრცელება, რომელიც შეეხებოდა მოსამართლეთა ინდივიდუალურ და სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხს. მოსარჩელეთა აზრით, საკანონმდებლო ცვლილებების მიმღები საპარლამენტო უმრავლესობის მიზანი იყო მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება. შედეგად, მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმებით დაირღვა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვისა და საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება, არამედ გამოიკვეთა პარლამენტის განზრახვა, გამოიყენოს საკანონმდებლო უფლებამოსილება არა კონსტიტუციით უფლებათა შეზღუდვისთვის დადგენილი მიზნების შესაბამისად, არამედ თვითნებურად, კონკრეტული მოსამართლეების ჯგუფის წინააღმდეგ. შედეგად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობით დაირღვა კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი.
34. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმებში განხორციელებული ცვლილებები
1. №1750 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე, „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2023 წლის 13 ივნისის №3129-XIმს-Xმპ და 2024 წლის 29 მაისის №4218-XIVმს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონების საფუძველზე, გასაჩივრებული ნორმები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
3. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის/ნორმების გაუქმება a priori არ იწვევს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის/ნორმების იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის/ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შესაბამისი წინა პირობების არსებობისას, გააგრძელოს სამართალწარმოება. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს, რამდენად აკმაყოფილებს კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულება.
2. სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი
2.1. სადავო ნორმები, რომლებთან მიმართებითაც საკითხი უკვე გადაწყვეტილია
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. №1750 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტის (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის რიგ დებულებებთან მიმართებით.
7. აღსანიშნავია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „სხვა ობიექტური გარემოება“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. იმავდროულად, ხაზგასასმელია, რომ №1750 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, მოსამართლის თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინების ინსტიტუტის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, ისე მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული პროცედურული ასპექტების არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებასთან მიმართებით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პირობებში, მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად, არსებითად იმეორებს №1693 და №1700 კონსტიტუციურ სარჩელებზე მოსარჩელე მხარის პოზიციას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ხსენებული არგუმენტაციის შეფასებით, უკვე გადაწყვეტილია სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი.
8. საგულისხმოა, რომ ზოგიერთ სადავო ნორმაში, რომელიც ასევე გასაჩივრებულია წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით, საკანონმდებლო ცვლილება განხორციელებული იყო 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილების მიღების დროს. აღსანიშნავია, რომ დავის საგნის აღნიშნულ ნაწილთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამართალწარმოება გააგრძელა მოქმედი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების გზით. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებში განხორციელებულმა ცვლილებებმა ამ ნორმებში განსხვავებული განსაზღვრებები/მოცემულობები გააჩინა, თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემა არ შეცვლილა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13,14). იმის გათვალისწინებით, რომ №1750 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე, მსგავსი სამართლებრივი არგუმენტაციით, პრობლემურად მიიჩნევს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში უკვე შეფასებულ საკითხებსა და სამართლებრივ მექანიზმებს, მიუხედავად, ფორმალურად, დავის საგნის განსხვავებული რედაქციებისა, საკითხი უკვე გადაწყვეტილად უნდა იქნეს მიჩნეული.
9. კერძოდ, 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლით მოწესრიგებული თანხმობის გარეშე მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების ინსტიტუტის კონსტიტუციურობა; ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პირობებში.
10. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების ინსტიტუტის („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „სხვა ობიექტური გარემოების“ და მე-2 პუნქტის) კონსტიტუციურობის თაობაზე და განმარტა, რომ სადავო ნორმები ემსახურება მართლმსაჯულების ეფექტიან და ჯეროვან განხორციელებას. ამასთანავე, მივლინების საგამონაკლისო საფუძვლად „სხვა ობიექტური გარემოების“ განსაზღვრა, იმ პირობით, რომ ყოველ ჯერზე დასაბუთდება ამ საფუძვლით მივლინების აუცილებლობა მართლმსაჯულების ჯეროვნად განსახორციელებლად, იძლევა ამ ინსტიტუტის უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო მივლინების პროცესში მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმების საკანონმდებლო დონეზე გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეძლევა ამ მექანიზმის უფრო მოქნილად და ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა კერძოდ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის შეზღუდული გარკვეული კრიტერიუმებით და, მით უფრო, წილისყრის მეშვეობით მოსამართლეთა შემთხვევითი შერჩევის პროცედურით. მას საჯარო ლეგიტიმური მიზნების მხედველობაში მიღების პარალელურად, ეძლევა თითოეული მოსამართლის ინდივიდუალური საჭიროებებისა და მივლინების კონკრეტული შემთხვევის ირგვლივ არსებული გარემოებების სრულყოფილად გათვალისწინების შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებაზე პასუხისმგებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსისა და მოქმედების ფარგლების, ხოლო, მეორე მხრივ, ამ პროცესის მოწესრიგების, მოსამართლის უფლებრივი მდგომარეობის და საკანონმდებლო გარანტიების გათვალისწინებით სადავოდ გამხდარი საფუძველი და პროცედურა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დადგენილ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48-49, 65-67). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის საფუძველზე დადგენილი მივლინების ინსტიტუტის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თანხმობის გარეშე მივლინების არსებული მოდელი არ წარმოშობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და იმ რისკების რეალიზების რეალურ საფრთხეებს, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობის გარანტიებს.
11. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლის უფლების დაცვის გარანტიების გათვალისწინებით, სხვა სასამართლოში მივლინების ინსტიტუტი არ წარმოშობს მოსამართლეზე არამართლზომიერი ზემოქმედების საფრთხეს და რისკს არ უქმნის მის დამოუკიდებლობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-72-71).
12. 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილების ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე შეაფასა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით და მიიჩნია, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებდა განჭვრეტადობისა და კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს. ამასთან, მოსამართლის პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოდ, მოსამართლისათვის აზრის საჯაროდ დაფიქსირებას აკრძალვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევით, არ არღვევს თანაზომიერების პრინციპის ვიწრო პროპორციულობის მოთხოვნას და იცავს ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესების შეზღუდვას შორის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-148, 163). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დადგენილ ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს და არ არსებობს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1750 კონსტიტუციურ სარჩელში, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება, ერთი მხრივ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 63-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, 371 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მეორე მხრივ კი, ამავე ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, იდენტიფიცირებული არ არის რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც, სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას. ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში არსებობს №1750 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
2.2. სადავო ნორმა, რომელიც ძალადაკარგულად ცნობის შემდგომ, არსებითად შეიცვალა
14. №1750 კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
15. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, ერთი მხრივ, ბლანკეტურობის საფუძვლით, რამდენადაც სადისციპლინო კოლეგიას არ რჩება დისკრეცია მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილებისას, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ხსენებული პროცესი არ ითვალისწინებს შესაბამის კრიტერიუმებსა თუ სახელმძღვანელო პრინციპებს, რაც იძლევა სადავო ნორმის თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას.
16. №1750 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ არსებობს შემდეგი საფუძვლებიდან რომელიმე: ა) მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.“
17. საქმის არსებითად განსახილველად მიღებამდე, „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2023 წლის 13 ივნისის №3129-XIმს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კენჭისყრის შედეგად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით, ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების მოქმედი ინსტიტუტი, მართალია, მოსამართლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას კვლავ მოიაზრებს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების საფუძვლად, თუმცა ახლებურად განსაზღვრავს ამ ღონისძიების გამოყენების კონკრეტულ წინაპირობებსა და დასაბუთების სტანდარტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნება ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც, იგი მიიჩნევს, რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით, ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. აქედან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, მოსამართლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლით, ამ მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესისათვის ჩამოყალიბდა კონკრეტული კრიტერიუმები და სახელმძღვანელო სტანდარტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას.
18. როგორც უკვე აღინიშნა, იმისათვის, რომ საქმის არსებითად განხილვამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააგრძელოს სამართალწარმოება, უნდა დადასტურდეს, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის მსგავსად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი. განსახილველ შემთხვევაში, №1750 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოქმედ კანონმდებლობაში სადავო ძალადაკარგული ნორმის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არსებობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1750 კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
2.3. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების სხვა საფუძვლები
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, „აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის, შეცვლილ ნორმებთან მიმართებით, შეამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების კანონით დადგენილ საფუძვლებს.
20. №1750 კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
21. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მოსამართლის სხვა სასამართლოში გადაყვანის საფუძვლების დელეგირება განახორციელა. დელეგირება გამოიხატა კანონმდებლის უარით - ამომწურავად დაადგინოს როგორც გადაყვანის პროცედურის დაწყების, აგრეთვე კონკრეტული მოსამართლის შერჩევის საფუძვლები. მოსარჩელეების პოზიციით, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს მოსამართლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისგან დაცვის მაღალ სტანდარტს, რაც გამოიხატება ხსენებული საკითხის მხოლოდ ორგანული კანონით რეგულირებაზე მითითებით. მოსარჩელეები თვლიან, რომ კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერი საკანონმდებლო ორგანოს უკრძალავს არა მხოლოდ მოსამართლის გადაყვანის შემთხვევების დადგენის უფლებამოსილების რომელიმე სხვა ორგანოსადმი გადაცემას, არამედ, დამატებით, ზღუდავს საკითხის ორდინალური კანონმდებლობით მოწესრიგების შესაძლებლობას, რაც გამორიცხავს, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ან პრაქტიკით დაარეგულიროს მოსამართლის გადაყვანის საფუძვლები.
22. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, საერთო სასამართლოს მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოსამართლის შეუცვლელობა გარანტირებულია ორგანული კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნაა, რომ მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება, თანამდებობაზე გადაყვანისა და შეუცვლელობის გარანტიები განისაზღვრებოდეს ორგანული კანონით. განსახილველ შემთხვევაში, თანხმობის გარეშე მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესი, საფუძვლები და მივლინების პროცედურა განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და, შესაბამისად, სახეზე ვერ იქნება კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნის დარღვევა. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე უთითებს მოსამართლის მივლინების უფლებამოსილების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დელეგირებაზე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება განსაზღვრავს მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესს. კერძოდ, აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ეს გამოწვეულია რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობით ან/და განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით, ან/და გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ეს სხვა ობიექტური გარემოების არსებობის გამო აუცილებელია, მართლმსაჯულების ჯეროვნად განსახორციელებლად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებას სხვა სასამართლოების მოსამართლეებს წარუდგენს. შესაბამისად, ორგანული კანონით განსაზღვრული საფუძვლისა და წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სადავო ნორმა ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, მოსამართლე მიავლინოს სხვა სასამართლოში. ამდენად, სადავო ნორმა განსაზღვრავს მივლინების ზოგად წესს და ადგილი არ აქვს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე უფლებამოსილების გადანდობას, დელეგირებას. ამასთან, მოსამართლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისგან დაცვის სტანდარტები, ის, თუ რამდენად ფართოა მივლინების საფუძვლად მიჩნეული წინაპირობები, წარმოადგენს არა კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან, არამედ უფლების მატერიალურ მოთხოვნებთან მიმართებით შესაფასებელ მოცემულობას.
23. №1750 კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდაა გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე ნორმის არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად მიუთითებს ანალოგიური წესის სისხლისსამართლებრივ რეგულირებაზე. კერძოდ, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა გენერალური პროკურორის უფლებამოსილებას წარმოადგენს, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია შემოფარგლულია კონსტიტუციის მოთხოვნებით, რის გამოც, იგი ვერ იქნება სისხლისსამართლებრივი საპროცესო მოქმედების მონაწილე.
24. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც დაასაბუთებდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის აღნიშნული კომპეტენციის მინიჭება ხელს შეუშლის მისი კონსტიტუციური მანდატის სათანადოდ განხორციელებას. მოსარჩელეებს არც ის დაუსაბუთებიათ, რატომ წარმოადგენს კონსტიტუციის მოთხოვნას, მოსამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, უშუალოდ გენერალური პროკურორის მონაწილეობით და არა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. ამასთან, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის ერთ-ერთ არგუმენტად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს მოსამართლის საქმიდან ჩამოცილების არაუფლებამოსილ სუბიექტს, რამდენადაც აღნიშნული კომპეტენცია მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი ადგენს ზოგიერთი პირის თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) წესს. კერძოდ, მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) მოთხოვნით, მიმართვის უფლება აქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. აღნიშნულისაგან დამოუკიდებლად, სადავოდ გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესი ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებისგან სრულიად დამოუკიდებელ რეგულირებას და, ამდენად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების პროცესში მონაწილეობას არაფერი აქვს საერთო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგლამენტირებულ მოქმედებებთან.
26. იმავდროულად, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, გააჩნია ექსკლუზიური კომპეტენციები და უფლებამოსილებები. საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შექმნილია საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა დანიშვნის, გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით. ამდენად, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების პროცესში საბჭოს მონაწილეობა ლოგიკურად გამომდინარეობს კონსტიტუციით, ამ ორგანოსათვის განსაზღვრული მიზნებიდან და უფლებამოსილებიდან.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობას მე-5 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით და ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1750 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
28. მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-4 პუნქტსა და 45-ე მუხლის მე-4 პუნქტს (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მივლინებული მოსამართლის მიერ, შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. თავის მხრივ, ამავე ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, თუ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია გაიზიარებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებაში ასახულ დასკვნებს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების რომელიმე საფუძვლის არსებობის შესახებ, იგი მიიღებდა გადაწყვეტილებას, შესაბამისი სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიიღებდა გადაწყვეტილებას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
29. მოსარჩელეების არგუმენტაციით, სადავო ნორმებით დადგენილია მარტოოდენ ერთჯერადი გასაჩივრების შესაძლებლობა. სადავო რეგულირება აღარ ითვალისწინებს იმ წინა პირობების გადამოწმებას, რაც საფუძვლად დაედო კონკრეტული მოსამართლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც მიიღება აღნიშნული გადაწყვეტილებები, შესაძლოა შეიცვალოს და, შესაბამისად, მოსამართლეს უნდა შეეძლოს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება, რათა დაუსაბუთებლად არ გაგრძელდეს მისი (მოსამართლის) საქმიდან ჩამოცილება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა.
30. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ადეკვატური, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/9/884 განჩინება საქმეზე „იზოლდა რჩეულიშვილი და მანია ოსიტაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-12). სამართლიანი სასამართლოს უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაცავი კონსტიტუციური უფლება ან/და კანონიერი ინტერესი და სადავო ნორმა ზღუდავს მისი სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/19/1382 განჩინება საქმეზე „თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). მაშასადამე, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების დასადგენად, ერთი მხრივ, უნდა შემოწმდეს, ზღუდავს თუ არა სადავო ნორმა სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, მეორე მხრივ, უნდა გაირკვევს, არსებობს თუ არა სამართლებრივი ინტერესი, რომლის დასაცავადაც პირს სურს, მიმართოს სასამართლოს.
31. აღსანიშნავია, რომ მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებასთან დაკავშირებით, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი არ არის რეგლამენტირებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის არც მოქმედი და არც ძალადაკარგული (სადავოდ გამხდარი) რედაქციით. სადავო ნორმის რეგულირება შემოიფარგლებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული, კონკრეტულ გარემოებებზე დაფუძნებული, გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესის რეგულირებით. შესაბამისად, სადავო ნორმა არ განსაზღვრავს მომავალში შეცვლილი გარემოებების საპასუხოდ, თავდაპირველი გადაწყვეტილების ცვლილების ან/და გასაჩივრების წესს და არ ზღუდავს გასაჩივრების უფლებას. ამ მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა, სწორედ იმ პირობებში, როდესაც შეიცვლება მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების ან/და მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილების ის საფუძვლები, რომლებსაც გადაწყვეტილება დაეფუძნა.
32. გარდა ამისა, როგორც მოქმედი, ისე კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის დროს არსებული კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ადგენს, შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის წესს, ხოლო, მეორე მხრივ, მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების პერიოდს შემოსაზღვრავს სათანადო წინა პირობების რელევანტურობის ვადით. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-3 მუხლი ადგენს, რომ შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას, მოსამართლის მივლინება შეწყდება დადგენილ ვადაზე ადრე. ხოლო ამავე ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია გაიზიარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებაში ასახულ დასკვნებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შესახებ, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისი სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების თაობაზე. თავის მხრივ, შესაბამისი სამართალწარმოება წარმოადგენდა მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების საფუძველს. ამდენად, წინაპირობების ცვლილების შემთხვევაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს/ითვალისწინებდა აღნიშნულ წინაპირობებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების ცვლილებასაც და, იმავდროულად, მითითებული სადავო ნორმები არ შეიცავს აკრძალვას სასამართლოსადმი მიმართვისა და ამ გზით პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების შესახებ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე არ ხდება სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1750 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
34. ამავდროულად, რამდენადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტთან (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1750 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
35. №1750 კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელეები თვლიან, რომ კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი კვორუმი წარმოადგენს ერთიან სტანდარტს, რომელიც უნდა გავრცელდეს როგორც მოსამართლის დანიშვნის, აგრეთვე, მის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების, მათ შორის, თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების წესთან მიმართებით. პარლამენტის წევრთა ჯგუფის მოსაზრებით, მოსამართლის განწესება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით ხდება, სადავო ნორმით კი ჩნდება შესაძლებლობა, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდეს უფრო დაბალი ლეგიტიმაციის მქონე გადაწყვეტილებით.
36. ხაზგასასმელია, რომ „კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). მოსამართლის ჩამოცილებას საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მის გათავისუფლებას ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის საკითხს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც ხსენებულ პროცესებთან მიმართებით ადგენს ფორმალურ მოთხოვნებს. მათ შორის, დასახელებული კონსტიტუციური დებულების მოთხოვნას წარმოადგენს, ზემოაღნიშნული საკითხები განისაზღვროს მხოლოდ ორგანული კანონით. იმავდროულად, კონსტიტუცია expressis verbis არ განსაზღვრავს, თუ რა წესითა და კვორუმით მოხდება მოსამართლის საქმიდან ჩამოცილება ან გათავისუფლება და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხის მოწესრიგების კომპეტენცია საქართველოს პარლამენტის მიხედულების ფარგლებში ექცევა. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო, კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას, კონსტიტუციას განიხილავს როგორც ერთიან ორგანიზმს, შესაბამისად, კონსტიტუციის ნორმებს განმარტავს სისტემურად, ერთმანეთთან კავშირში, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს სასამართლოს მიერ ახალი, ისეთი წესრიგის ხელოვნურად შექმნას, რომელიც არ არის ნაგულისხმევი საქართველოს კონსტიტუციით. ამგვარად, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას არ წარმოადგენს მოსამართლეთა საქმის განხილვისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ერთი კონკრეტული ფორმით გადაწყვეტა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, თუნდაც მოსამართლის განწესების მარეგულირებელი სპეციალური წესის აღნიშნულ საკითხებზე ავტომატური გავრცელების დაშვება, ცდება სასამართლოს კომპეტენციას და არათუ ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის შენარჩუნებას, არამედ საფრთხეს შეუქმნის მას.
37. ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების წესის, კვორუმის პირდაპირ განუსაზღვრელობა არ გულისხმობს არც საქართველოს პარლამენტის მიხედულების სრულ თავისუფლებას და არც მისი მომწესრიგებელი ნორმების საკონსტიტუციო კონტროლის მიღმა მოქცევას. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი შებოჭილია როგორც კონსტიტუციით დადგენილი ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, ასევე, ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგითა და მე-2 თავს მიღმა არსებული კონსტიტუციური დებულებებით. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კვალიფიკაციის ნიშნით დაკომპლექტებული კოლეგიური კონსტიტუციური ორგანოს მიერ საქმის განხილვაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება უნდა ჩაითვალოს ოპტიმალურ წესად. თუმცა არსებობს საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც არ არის საკმარისი მხოლოდ მაღალი ალბათობით სწორი გადაწყვეტილების მიღება და შესაძლებელია, მოითხოვებოდეს უფრო მკაცრი სტანდარტი. რიგ შემთხვევებში, მისაღები გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისათვის აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება მიიღოს კვალიფიციურმა უმრავლესობამ. ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება მნიშვნელოვანი კონსტიტუციურსამართლებრივი ინსტიტუტების განსაზღვრას, შესაძლოა, დადგინდეს გადაწყვეტილების მიღების უფრო მაღალი უმრავლესობის მოთხოვნა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები: ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-112-115).
38. ამასთან, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა 2022 წლის 25 ნოემბრის №3/15/1700 საოქმო ჩანაწერის ფარგლებში, საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სათანადო საფუძვლების არსებობისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ, გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ სადისციპლინო საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას, ფარული კენჭისყრისას, მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ე.წ. შუალედურ გადაწყვეტილებას, რაც საკითხის ინიცირების ტოლფასია და, თავისთავად, არ იწვევს მოსამართლის საქმიდან ჩამოცილებას ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენ შედეგს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის №3/15/1700 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
39. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს და მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. კერძოდ, ორგანული კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. ხოლო, ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია გაიზიარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებაში ასახულ დასკვნებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შესახებ, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისი სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის №3/15/1700 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
40. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავოდ გამხდარი ნორმების შინაარსზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ცხადი გახდა, რომ მათი რეგულირების სფეროს არ წარმოადგენდა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის საბოლოო შედეგის მომტანი გადაწყვეტა. ამასთან, სადავო ნორმები ასევე არ აწესრიგებდა მოსამართლის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილების მიღების წესს. სადავოდ გამხდარი ნორმებით დადგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება მარტოოდენ მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების ინიციირებას ან/და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების პროცედურის წამოწყებას მოიაზრებდა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არაფერი მიუთითებდა ზოგადი წესიდან განსხვავებული კვორუმით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის №3/15/1700 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით, №1750 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1750 კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით, საქმე უნდა შეწყდეს.
42. №1750 კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიაში ან/და უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში წარმომადგენელს უნდა ნიშნავდეს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტით, კერძოდ, სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით. სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისათვის წარდგინებით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, ნიშნავს წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ წარდგინების განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში − აგრეთვე უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში, იმავდროულად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7514 მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში დანიშნული წარმომადგენლის ფუნქციაა საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდაჭერა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად, დანიშნოს რამდენიმე წარმომადგენელი ან შეცვალოს წარმომადგენელი დისციპლინური სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ საბჭოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი არ წარმოადგენს უშუალო გადაწყვეტილების მიმღებ პირს და მისი ფუნქცია საბჭოს პოზიციების დაცვით, მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდების შინაარსის მტკიცებითა და საპროცესო წარმომადგენლისათვის დამახასიათებელი კომპეტენციებით შემოიფარგლება.
43. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადების თანახმად, გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. ამდენად, კონსტიტუციის მოთხოვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე, არ მიემართება ისეთ პროცედურულ საკითხს, როგორიცაა მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის სხდომაზე საბჭოს წარმომადგენლის განსაზღვრა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებდა მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილებასთან ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები მიღებული უნდა იქნეს კონსტიტუციით მოსამართლის განწესებისათვის დადგენილი სტანდარტით, სადავო ნორმით განსაზღვრული წესი წარმოადგენს იმ ფორმის პროცედურულ ასპექტს, რომელიც არსებით გავლენას ვერ მოახდენს მოსამართლის საქმიანობასა თუ დისციპლინური საკითხის გადაწყვეტაზე. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს სხვა არგუმენტაცია, რაც დაასაბუთებდა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას.
44. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1750 კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით, საქმე უნდა შეწყდეს.
45. №1750 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე, მათ შორის, სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტთან, ასევე, ამავე ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტისა (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
46. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ აცხადებს, მე-3 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“, ხოლო მე-4 პუნქტი განამტკიცებს სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში განხორციელებისა და საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია და მისი ძირითადი პრინციპები, მათ შორის, უპირატესად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპები სახელმწიფო ხელისუფლებას მკაცრ კონსტიტუციურსამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18). იმავდროულად, ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპი „... როგორც წესი, გულისხმობს ხელისუფლების დანაწილებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად, რაც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ქვაკუთხედს წარმოადგენს. მოცემული ჩანაწერი არ არის დეკლარაციული ხასიათის და იგი მჭიდრო კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რომელიც გაცხადებული და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით. ... აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, არამედ მისი მიზანია, აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც გამოხატულია კიდეც კონსტიტუციის შესაბამის თავებში მოცემული რეგულირებებით, რომლებიც განსაზღვრავს ხელისუფლების თითოეული შტოს კომპეტენციას და მის ურთიერთმიმართებას სხვა შტოებთან“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6, 7).
47. ამდენად, კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისი კონსტიტუციური ლეგიტიმაციის არმქონე სუბიექტის მიერ განხორციელება საფრთხეს უქმნის სამართლებრივ სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს, სახელისუფლებო შტოებს შორის შეკავება-გაწონასწორების სისტემის ქმედითობას და წარმოშობს ძალაუფლების კონცენტრირების მომეტებულ რისკს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს, ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის მიერ საკუთარი კომპეტენციების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დელეგირებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების იმგვარად განსაზღვრაზე, რაც არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების კონსტიტუციით/კანონით დადგენილ ფარგლებში განხორციელების, საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპებს. წინამდებარე განჩინების ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების სადავოდ გამხდარი მექანიზმის ფარგლებში არ ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირება. იმავდროულად, აღნიშნული ინსტიტუტის კონსტიტუციურობის საკითხი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი მოსამართლის მივლინების პროცესში, შეფასდა 2025 წლის 7 მარტის №3/4/1693,1700 გადაწყვეტილებით. ამასთანავე, აღნიშნული გადაწყვეტილებითვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევის საფუძველზე მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებთან დაკავშირებულ მოწესრიგებაზე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი პასუხობს როგორც განჭვრეტადობის, ასევე კანონის ხარისხობრივი მოთხოვნების და არ არღვევს თანაზომიერების პრინციპის ვიწრო პროპორციულობის სტანდარტს, იცავს ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციის გათვალისწინებით, არ საბუთდება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით დადგენილი ძირითადი პრინციპების რაიმე ფორმით შეზღუდვა.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტთან, ამავე ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტის (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1750 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 33-ე მუხლის, 43-ე მუხლისა და 47-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1750 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და სხვები (სულ 42 დეპუტატი)) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1750 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და სხვები (სულ 42 დეპუტატი)) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებთან, 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 63-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-5 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით;
ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტის (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
დ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით;
ე) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით;
ვ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 64-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ზ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინებას დაერთოს მოსამართლეების: გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი, ასევე მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი და მოსამართლე ევა გოცირიძის თანმხვედრი აზრი.
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში