ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/13/1329 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 19:22 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1329) მომართა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ახალაძემ. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას განსახილველად გადმოეცა 2018 წლის 9 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 24 ოქტომბერს.
2. №1329 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქმის არსებითად განხილვის დროს არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის კოდექსით გათვალისწინებული საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.
4. №1329 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ადგენს პირთა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ხოლო 21-ე მუხლის პირველი პუნქტით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) აღიარებულია საკუთრების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაცვის უფლება გარანტირებულია.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია თანასწორობის უფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით - საკუთრების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები აღიარებს სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებებს.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ალექსანდრე ახალაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა 26500 აშშ დოლარის ალი იჰსან ორჰანის სასარგებლოდ გადახდის ვალდებულება. აღნიშნული საქმე რამდენჯერმე იქნა განხილული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ და, საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ალექსანდრე ახალაძის საკასაციო საჩივარი. მოსარჩელე განმარტავს, რომ ალი იჰსან ორჰანის მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები იყო გაყალბებული და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ალი იჰსან ორჰანი ბრალდებულად იქნა ცნობილი ალექსანდრე ახალაძის კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინების საფუძველზე, ბრალდებულ ალი იჰსან ორჰანის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მისი გარდაცვალების გამო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია ბრალდებულის გარდაცვალება, ხოლო ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს სისხლისსამართლებრივი დევნის შესაწყვეტად საკმარისი საფუძველია ბრალდებულის გარდაცვალების ფაქტის დადგომა და მხარის შუამდგომლობა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამასთანავე, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს აღნიშნულ პროცესში იმ პირის მონაწილეობას, რომელსაც ჩადენილი ქმედების შედეგად მიადგა ფიზიკური, ქონებრივი თუ მორალური ზიანი, რის გამოც დაზარალებული ვერ ახერხებს საკუთარი მოთხოვნების რეალიზაციასა და ინტერესების დაცვას.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულსა და დაზარალებულს აბსოლუტურად განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი აქვთ. ამის მიუხედავად, სადავო ნორმით ორივე მათგანის მიმართ დადგენილია თანაბარი მოპყრობა და ბრალდებულის გარდაცვალება იწვევს ერთგვაროვან სამართლებრივ შედეგს, როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისათვის. განსხვავებული სამართლებრივი სტატუსის მატარებელი პირებისათვის თანაბარი მოპყრობით კი ირღვევა კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.
9. მოსარჩელის პოზიციით, ადამიანის ღირსების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამართლიანობის დაცვა, ქვეყანაში არსებული სამართლებრივი სისტემა მოქალაქეებს არ უნდა უქმნიდეს დაუცველობის განცდას. პირს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მისი უფლებები და ინტერესები უკანონოდ არ შეილახება, ხოლო უფლების დარღვევის შემთხვევაში, მას ექნება, სამართლებრივი შესაძლებლობების გამოყენების გზით, საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის გამოყენებით გამოირიცხება სამართლიანობის დაცვა, რამდენადაც ბრალდებულის გარდაცვალების შემთხვევაში დაზარალებულს ერთმევა საკუთარი ღირსების დაცვის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
10. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების კონსტიტუციური უფლება სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. ამ კუთხით, სადავო ნორმით განსაზღვრული საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმი არაეფექტურია, რადგან ბრალდებულის გარდაცვალების შემთხვევაში შეუძლებელი ხდება დანაშაულის ჩადენის შედეგად ბრალდებულის მიერ დაუფლებული ქონების უკან დაბრუნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას.
11. №1329 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულს გააჩნია მისი დარღვეული უფლების, იქნება ეს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება თუ საკუთრება, აღდგენის, ზიანის ანაზღაურების ინტერესი. ამ კუთხით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს, ერთი მხრივ, დამნაშავის დასჯა, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებული პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა. ამ მხრივ, სადავო ნორმა, ბრალდებულის გარდაცვალების შემთხვევაში, ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას დაზარალებულის თანხმობის გარეშე, რაც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაზარალებულს უზღუდავს საკუთარი ინტერესების რეალიზაციის შესაძლებლობას და გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის შედეგად დაუფლებული ქონების უკან დაბრუნებასა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლოში დავას. ამასთანავე, სადავო ნორმა დაზარალებულს შესაძლებლობას არ აძლევს, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გამოიყენოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებებს.
12. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო, ბრალდებულის გარდაცვალებისას მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაზარალებულის თანხმობის გარეშე წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მე-14 მუხლს, მე-17 მუხლის პირველ პუნქტს, 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
13. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1329 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტში დასახელებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებებს, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი აქვთ.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება, მე-17 მუხლის პირველი პუნქტით - ღირსების უფლება, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით - საკუთრების უფლება, ხოლო 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებები.
3. ღირსების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, თანასწორობის უფლება კი - საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმადაც, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საკუთრების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი. სამართლიანი სასამართლოს უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო დაცვის უფლება - ამავე მუხლის მე-3 პუნქტით.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1329 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ დავის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
6. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხს“. ხსენებული ნორმით მოწესრიგებულია სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის პროცედურა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. კერძოდ, ნორმა ადგენს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოს მიერ, მხარის შუამდგომლობით. ამავდროულად, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან ერთად, უქმდება გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, რადგან სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსის და სისხლის სამართლის პროცესისადმი სხვადასხვა ინტერესის მქონე პირების - ბრალდებულისა და დაზარალებულისათვის იწვევს ერთგვაროვან სამართლებრივ შედეგებს. მოსარჩელის პოზიციით, განსხვავებული სამართლებრივი სტატუსის მატარებელი პირების მიმართ თანაბარი მოპყრობა განაპირობებს თანასწორობის უფლების დარღვევას.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს - პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). ზოგადად, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება იზღუდება, როდესაც კანონმდებელი დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს არსებითად თანასწორ პირებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ასევე გვხვდება შემთხვევები, როდესაც სასამართლომ კანონმდებლის მიერ თანაბარი მოპყრობა თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად მიიჩნია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), ვინაიდან იგი არსებითად უთანასწორო პირების მიმართ ხორციელდებოდა. ამდენად, თანასწორობის უფლების მიზანია, პირები აღჭურვოს მსგავსი უფლებებითა და ვალდებულებებით, ხოლო რიგ შემთხვევებში, ასევე დააბალანსოს მათი ბუნებიდან მომდინარე ფაქტობრივი უთანასწორობა და არსებითად უთანასწორო პირებს განსხვავებული უფლება-ვალდებულებები დაუდგინოს. თუმცა ორივე შემთხვევაში შესადარებელი პირები მოთხოვნებს უნდა აყენებდნენ მსგავსი პოზიციიდან. სასამართლომ უნდა შეაფასოს ერთნაირ მდგომარეობაში მყოფ პირებს რამდენად მისცა ერთნაირი შესაძლებლობები კანონმდებელმა ან/და ხომ არ უნდა მიეცა კანონმდებელს სხვადასხვა შესაძლებლობები პირთა არსებითად უთანასწორობის გამო.
9. ზემოთქმულიდან გამომდინარე, თანასწორობის უფლების მიზანია, პირებს მისცეს სხვისი მსგავსი შესაძლებლობები და არა საკუთარი ინტერესის დაკმაყოფილება სხვისი ინტერესების შეზღუდვის ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა განსაზღვრავს პროცედურულ ასპექტს, რომელიც არ უკავშირდება რაიმე პირთა წრის უფლებით აღჭურვას ან/და მათთვის ვალდებულების დაწესებას. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, დგება საპროცესო შედეგი - სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა. მოსარჩელე სწორად მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიმართ ბრალდებულსა და დაზარალებულს ურთიერთსაპირისპირო ინტერესები გააჩნიათ. იგი დაზარალებული პოზიციიდან ითხოვს არა სხვა პირის თანასწორად მოპყრობას (ან არსებითად უთანასწორობის გამო სხვაზე უკეთესად მოპყრობას), არამედ - საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტური ინტერესების მის სასარგებლოს გადაწყვეტას. როგორც უკვე აღინიშნა, თანასწორობის უფლების მიზანი არ არის დაპირისპირებული ინტერესების მქონე სუბიექტების ინტერესების დაბალანსება. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ბრალდებულისა და დაზარალებულის ინტერესების დაბალანსება სცდება თანასწორობის უფლების რეგულირების სფეროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1329 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
10. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს. კონსტიტუციის ხსენებული დებულების მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
11. სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად) მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16,17).
12. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. … კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
13. ასევე აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამდენად, აშკარაა, რომ ამა თუ იმ უფლების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
14. მოსარჩელის არგუმენტაციით, ღირსების უფლების დარღვევას განაპირობებს ის გარემოება, რომ ბრალდებულის გარდაცვალების შემდეგ წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა და დაზარალებულს ერთმევა ყოველგვარი შესაძლებლობა, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას და აღიდგინოს საკუთარი უფლებები. ამდენად, მოსარჩელე ღირსების უფლების დარღვევაზე აპელირებს მისი ქონებრივი უფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის შეუძლებლობაზე მითითებით. ამგვარი უფლებრივი სიკეთე გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით და არა ღირსების უფლებით. შესაბამისად, სასამართლოს ხელმისაწვდომის შეზღუდვაზე აპელირება არ გამოდგება ღირსების უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად თვითკმარ არგუმენტად. ამასთანავე, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სხვა არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა შინაარსობრივ მიმართებას, ერთი მხრივ, სადავო ნორმასა და, მეორე მხრივ, ღირსებისა კონსტიტუციურ უფლებას შორის.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1329 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
16. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საკუთრების და სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით. მისი პოზიციით, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის გარდაცვალების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შედეგად, დაზარალებულს ერთმევა სამართლებრივი შესაძლებლობა, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა, ვერ დგება სასამართლოს განაჩენი კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ და დაზარალებული კარგავს შესაძლებლობას, რაიმე სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით აინაზღაუროს მიყენებული მორალური თუ მატერიალური ზიანი.
17. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არასწორად არის აღქმული სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნები და მისი შეწყვეტის თანმდევი სამართლებრივი შედეგები. სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება პირის დამნაშავეობის დადგენის და მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ამ პროცესის მიზანი ან/და ამოცანა არ არის ქონებრივ დავებზე სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების განსაზღვრა. უფრო მეტიც, სხვადასხვა ეკონომიკური დანაშაულის შედეგად პირის მიმართ დამდგარი ქონებრივი ზიანის ანაზღაურება საერთოდ სცდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეგულირების სფეროს. პირის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობა, ისევე როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, გულისხმობს კონკრეტული პირის (ბრალდებულის) მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების დასრულებას და არ გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, სამოქალაქო წესით დაადასტუროს მისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ფაქტი და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
18. მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით შექმნილია სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები. სწორედ სამოქალაქო სამართლის (მატერიალური და საპროცესო) ნორმები არეგულირებს ზიანის მოთხოვნის წესსა და ფარგლებს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პირისათვის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის სამოქალაქო წესით ანაზღაურების შესაძლებლობას, იმისდა მიუხედავად, პირის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლოს მიერ თუ არა. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგომა, რიგ შეთხვევებში, უმარტივებს პირს სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი ითვალისწინებს ცალკეული დელიქტით (მათ შორის, დანაშაულით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებულ წესს. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი კანონმდებლობის მიხედვით, ახლად აღმოჩენილი გარემოებაა, რომლის საფუძველზეც ხდება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. თუმცა სამოქალაქოსამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების გამარტივება სისხლის სამართლებრივი დევნის თანმდევი შედეგია და არა მისი მიზანი.
19. სახელმწიფო სისხლის სამართლის პროცესში არ მონაწილეობს შეჯიბრებითობაზე დაფუძნებულ სამოქალაქო პროცესში რომელიმე მხარისათვის მტკიცებულებების მოპოვების ან/და მტკიცების სხვა ფორმით გამარტივების მიზნით. ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ წარმოადგენს იმ მექანიზმს, რომელსაც სახელმწიფო ქმნის პირთა სამოქალაქო მოთხოვნების დაცვის მექანიზმების შექმნის კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით, სახელმწიფო პირის საკუთრების დაცვის კონსტიტუციურ ვალდებულებებს უგულებელყოფს. მოსარჩელე ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან პირის სისხლისსამართლებრივ დევნაზე რესურსების დახარჯვას, დევნის პროცესის სასამართლოს განაჩენამდე მიყვანას იმ პირობებში, როდესაც დევნის მიზნები ფაქტობრივად არ არსებობს, პირის დასჯა შეუძლებელია მისი გარდაცვალების გამო. ამავე დროს, სარჩელში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ წარმოადგენს პირის სისხლის სამართლებრივი დევნის სამოქალაქოსამართლებრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენება სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლებით დაცულ სიკეთეს.
20. ამრიგად, მოსარჩელეს არ წარმოუჩენია, რომ არსებობს ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს შორის. შესაბამისად, №1329 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
21. მოსარჩელე ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ დაცვის უფლებასთან მიმართებითაც. მოსარჩელის არგუმენტაციით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას დაზარალებულის ნების გათვალისწინების გარეშე, რის შედეგად დაზარალებულს არ აქვს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მისი ინტერესების რეალიზაციის შესაძლებლობა.
22. მოსარჩელის მიერ დაცვის უფლებასთან დაკავშირებით წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი არგუმენტაცია. კონსტიტუციურ სარჩელში დაკონკრეტებული არ არის დაცვის უფლებით გარანტირებული რომელი ინტერესის რეალიზაციის შესაძლებლობა იზღუდება სადავო ნორმით. შესაბამისად, სათანადოდ არ არის წარმოჩენილი ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და დაცვის უფლებას შორის.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1329 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1329 („ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი