თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/874 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 7 აპრილი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 აპრილი 2017 19:41 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს“ და ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №874) მიმართა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 14 მარტს. №874 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 7 აპრილს.
2. №874 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მის მიერ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადაუვადდეს ან/და შეუმცირდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სასამართლო ხარჯების ოდენობა.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, კერძოდ, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ (60%) შეიტანა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის გადახდის გადავადება იმ მოტივით, რომ მარწმუნებელს ჰქონდა სხვა სასამართლო დავებიც, რის გამოც მოკლებული იყო სახელმწიფო ბაჟის სრული მოცულობით გადახდის შესაძლებლობას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან/და გადავადების საფუძველია მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. სასამართლოს განმარტებით, მძიმე ქონებრივი მდგომარეობის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდებოდა, ვინაიდან აპელანტს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ხოლო აპელანტთან მიმართებით სხვა სასამართლო დავების არსებობა არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს. სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო ნორმებით და სახელმწიფო ბაჟის სრულად გადაუხდელობის გამო მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რითიც მოსარჩელის აზრით, დაირღვა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის მისი უფლება.
7. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, რომელიც არ არის აბსოლუტური ხასიათის და შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნების არსებობისას, თუმცა იმგვარად, რომ დაცული იყოს პროპორციულობის პრინციპი მიზანსა და მიზნის მიღწევის საშუალებას შორის. მოსარჩელის მოსაზრებით, შეზღუდვამ პირის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად, რომ დაირღვეს თავად უფლების ძირითადი არსი.
8. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები არის ზოგადი და არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რა მტკიცებულებები უნდა იქნეს წარდგენილი სასამართლოში, იმისათვის, რომ მოქალაქე გათავისუფლდეს სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან, გადაუვადდეს ან შეუმცირდეს ოდენობა. აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაში იმგვარ ჩარევას, რომელსაც არ გააჩნია კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება. მოცემულ შემთხვევაში არ არის დაცული სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
9. მოსარჩელის პოზიციით, სამართლის ნორმა უნდა იყოს კონკრეტული და გასაგები, არ უნდა ქმნიდეს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. სადავო ნორმების მიხედვით კი ის, თუ რა ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებად მთლიანად არის დამოკიდებული კონკრეტული მოსამართლის მიხედულებაზე, რაც ქმნის კანონის ნორმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშიშროებას.
10. №874 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას.
11. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. №874 კონსტიტუციურ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს“ და ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს“ არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბუნდოვანი და გაურკვეველია, რა იგულისხმება უტყუარ მტკიცებულებებში და ყოველ ჯერზე მოსამართლის დისკრეციაა, თუ რას მიიიჩნევს ასეთად, რაც ზრდის თვითნებობის რისკს და წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაში.
3. აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, სადავო ნორმების განმარტების და მათგან მომდინარე შეზღუდვის თაობაზე. სადავო ნორმების მიხედვით, მხარის მიერ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მოსამართლეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, გადაუვადოს ან შეუმციროს მისი ოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული ნორმები გულისხმობს ნებისმიერი ისეთი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის აუცილებლობას, რომელიც დაადასტურებს, რომ მხარეს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა. ის, რომ ამ გარემოების დამადასტურებლად ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ჩაითვალოს განსხვავებული მტკიცებულებები, ეს განპირობებულია არა ნორმის ბუნდოვანების პრობლემით, არამედ ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური ხასიათით და იმ ობიექტური გარემოებით, რომ სხვადასხვა შემთხვევაში მოსამართლისათვის პირის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი შეიძლება გახდეს სხვადასხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან სასამართლოს წარუდგინა მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და სასამართლომ სადავო ნორმების საფუძველზე არ მიიჩნია ისინი უტყუარ მტკიცებულებებად. შესაბამისად, მოსარჩელის მსჯელობა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
4. არსებული რეგულაციის თანახმად, მოქალაქეს შეუძლია სასამართლოს წარუდგინოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი ნებისმიერი მტკიცებულება, რომლის უტყუარობას შეაფასებს სასამართლო. კონკრეტული მტკიცებულებების ჩამონათვალის არსებობის შემთხვევაში, მხარეს ექნებოდა მხოლოდ ნორმაში მითითებული მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამასთან, იქნებოდა თუ არა ეს მტკიცებულებები უტყუარი და საკმარისი პირის მძიმე ფინანასური მდგომარეობის დასადასტურებლად, კვლავ მოსამართლის შეფასებაზე იქნებოდა დამოკიდებული.
5. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის ერთ-ერთ არგუმენტად მოსარჩელე ასევე მიუთითებს სასამართლო ხარჯების გადავადების, შემცირების ანდა ნაწილობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოსამართლის უფლებამოსილების და არა ვალდებულების არსებობაზე. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ასაჩივრებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვებს „სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს“ და 48-ე მუხლების პირველი ნაწილის სიტყვებს „სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს“. აღნიშნული სიტყვები მიუთითებს მხოლოდ წარსადგენი მტკიცებულებების ტიპზე და საერთოდ არ შეიცავს მითითებას მოსამართლის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე.
6. როგორც აღინიშნა, მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის მცდარ აღქმას. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, №874 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმავდროულად აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №874 (თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
მაია კოპალეიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა