„შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/877 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 15:49 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-6 პუნქტის, 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ამასთან, ორგანიზაციას უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
2) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებისა და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
3) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
4) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №877) მომართა „შპს ალტამ“, „შპს ოქეიმ“, „შპს ზუმერი ჯორჯიამ“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტმა“ და „შპს სმაილმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 20 მარტს. №877 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 ივლისს.
2. №877 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელისათვის ჰონორარის გადახდის ვალდებულებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია ის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი ადგენს ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესს. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველ ორგანიზაციას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. ამავე კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო მე-20 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები განამტკიცებს საკუთრების უფლებას და განსაზღვრავს მისი შეზღუდვის საფუძველს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, ხოლო 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი იცავს ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
5. №877 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით, წარმოადგენს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, 2016 წლის აპრილში იმპორტიორებს გაუგზავნა წერილი და მოსთხოვა ჰონორარის გადახდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, თავის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით.
6. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჰონორარის გადახდაზე ვალდებულ პირად განსაზღვრავს არა ფიზიკურ პირს, რომელიც რეალურად ახორციელებს ნაწარმოების რეპროდუცირებას, არამედ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებსა და იმპორტიორებს, რაც პირდაპირ უკავშირდება იმპორტიორების საკუთრების უფლებას. კერძოდ, ჰონორარით დასაბეგრ მოწყობილობაზე/მატერიალურ მატარებელზე საკუთრების უფლება, სანამ იგი ფიზიკურ პირს გადაეცემა, ეკუთვნის იმპორტიორს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჰონორარის გადახდა ხდება მოწყობილობის/მატერიალური მატარებლის ფიზიკურ პირზე რეალიზაციის შემდეგ მიღებული შემოსავლიდან, კვლავ საკუთრების შეზღუდვა ხდება, რადგან კანონიერი გზით მიღებული ნებისმიერი სახის შემოსავალი/ქონება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ობიექტს.
7. მოსარჩელეების აზრით, იმპორტიორისთვის ჰონორარის გადახდის ვალდებულების დაკისრების არსს წარმოადგენს სამმხრივ ურთიერთობაში (საავტორო უფლების მფლობელი, იმპორტიორი/მწარმოებელი, მომხმარებელი) ჰონორარის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა. ამასთან, კანონი ფინანსურ ტვირთს აკისრებს იმპორტიორს, გადაიხადოს ჰონორარი მომხმარებლის მიერ მოწყობილობის/მატერიალური მატარებლის შესაძლო შეძენისა და გამოყენების გამო. მოსარჩელეების აზრით, აღნიშნული რეგულაცია არღვევს იმპორტიორის საკუთრების უფლებას, რადგან იმპორტიორები ჰონორარს იხდიან მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოადგენენ ნაწარმოებით მოსარგებლეებს. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს ერთგვაროვან მიდგომას ყველა სახის მოწყობილობისთვის/მატერიალური მატარებლისათვის ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისას და არ ხდება მათი განსხვავებული დანიშნულების ან/და ფუნქციების გათვალისწინება. მაგალითად, ფიჭური ტელეფონის პირველადი დანიშნულებაა სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება და იგი უნდა იქნეს გამიჯნული ისეთი მოწყობილობებისგან, რომელთა პირდაპირი დანიშნულება ნაწარმოების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებაა.
8. №877 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველ ორგანიზაციას ენიჭება შეუზღუდავი თავისუფლება, თავად განსაზღვროს ჰონორარის ოდენობა, გამოანგარიშებისა და გადახდის წესი. მოსარჩელეების აზრით, ოდენობის გამოთვლის წესის არარსებობა აჩენს საფრთხეს, გაუმართლებლად გაიზარდოს საავტორო უფლებების მფლობელებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა. ამასთან, კანონით, ჰონორარის გადახდის ვალდებულების წარმოშობის მომენტი არ უკავშირდება ფიზიკურ პირზე მოწყობილობის/მატერიალური მატარებლის რეალიზაციას, რის გარეშეც შეუძლებელია, საავტორო უფლებების მფლობელებს მიადგეთ რაიმე ზიანი და წარმოიშვას ჰონორარის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელეების აზრით, ჰონორარი თავისი არსით წარმოადგენს გადასახადს, რაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით უნდა იყოს მკაფიოდ დადგენილი. ამდენად, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმები არ არის საკმარისად განსაზღვრული და გაუმართლებლად ზღუდავს პირის საკუთრების უფლებას.
9. №877 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია მარტივი წესით და სახელმწიფო არ ახდენს მის საქმიანობაზე სათანადო კონტროლს. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს იმ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების შესაბამისად. მოსარჩელეების აზრით, სადავო ნორმიდან გაურკვეველია, რომელია ის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებაზე, რადგან კანონი არ განსაზღვრავს ამგვარი ორგანიზაციების სტატუსს და არ არსებობს შესაბამისი რეესტრი, სადაც აისახებოდა მათ შესახებ ინფორმაცია.
10. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შეგროვებული ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებასთან, განაწილებასა და გადახდასთან დაკავშირებული ხარჯები. მოსარჩელეების აზრით, აღნიშნული თანხები მნიშვნელოვნად გაზრდის ჰონორარის ოდენობას, იმის გათვალისწინებით, რომ კანონი მკაფიოდ არ ადგენს ჰონორარის განსაზღვრის კრიტერიუმებს. მოსარჩელეების აზრით, ჰონორარის იმ ოდენობის გადახდა, რომელიც მოიცავს დაუსაბუთებელ ხარჯებს, წარმოადგენს საკუთრების უფლების დარღვევას.
11. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, იმავე დასაბუთებით/არგუმენტებით არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებულ მეწარმეობის თავისუფლებასა და მე-16 მუხლით დაცულ საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებასაც. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე მეწარმე პირები ჰონორარის გადახდის ვალდებულების დაკისრების გამო, იძულებული არიან, გაზარდონ მოწყობილობის სარეალიზაციო ფასი, რაც პირდაპირ მოქმედებს ფასებისა დ მომხმარებლის პოლიტიკის განსაზღვრაზე. თავისუფალი მეწარმეობის უფლებას ზღუდავს ის ფაქტიც, რომ კანონი არ ადგენს ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
12. №877 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ანიჭებს უფლებას, როგორც კერძო, ასევე საჯარო სამართლის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისგან, ნებისმიერი სახელმწიფო ორგანიზაციისა და დაწესებულებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისათვის გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ თავად მწარმოებლებისა და იმპორტიორების თანხმობის გარეშე. მოსარჩელეების განცხადებით, წარმოებისა და იმპორტის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს კონფიდენციალურ ან კომერციულ საიდუმლოებას, ასევე პირებს შორის განხორციელებულ მიმოწერას, სატელეფონო საუბარსა თუ სხვა სახის ტექნიკური საშუალებით განხორციელებულ შეტყობინებას.
13. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტი აწესებს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტით მოსარგებლის ვალდებულებას, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. მოსარჩელეების აზრით, სადავო ნორმაში მითითებულ „მოსარგებლეებში“ იგულისხმება ნებისმიერი პირი, მათ შორის, იმპორტიორებიც. ამდენად, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ირღვევა იმპორტიორებისა და მწარმოებლების პირადი კომუნიკაციის, კონფიდენციალური ინფორმაციისა და კომერციული საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლება.
14. №877 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „საქპატენტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც სასამართლოში გასაჩივრდება ადმინისტრაციული წესით. მოსარჩელეების აზრით, სამართალწარმოებისას სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ „საქპატენტის“ გადაწყვეტილების მიღების ფორმალურ პროცედურებს და ჰონორარის ოდენობის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის განსაზღვრას შინაარსობრივად არ შეეხება, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
15. მოსარჩელეები თავიანთი არგუმენტების გასამყარებლად მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე.
16. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის პირველი და მე-3 წინადადებების, მე-6 პუნქტის, 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების შემდეგი სიტყვების „ამასთან, ორგანიზაციას უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხმები“ მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელეების აზრით, თუკი სადავო ნორმების შესაბამისად მოხდება კომერციული ან/და კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, მათი არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი ვერ მოხდება დამდგარი შედეგების გამოსწორება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. №877 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მოითხოვენ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის პირველი წინადადების და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის, 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ამასთან, ორგანიზაციას უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმების ხსენებულ კონსტიტუციურ დებულებებთან შეუსაბამობას განაპირობებს მათ საფუძველზე საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. მოსარჩელე მხარის აზრით, საკუთრების უფლების დარღვევა თავისთავად იწვევს მეწარმეობის თავისუფლებისა (30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება) და საქმიანობის თავისუფლების (მე-16 მუხლი) დარღვევას, შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად გამოყენებული არგუმენტაცია ასევე რელევანტურია კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დარღვევის წარმოსაჩენად კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია უკავშირდება დადგენილი ფინანსური ტვირთის კონსტიტუციასთან შეუსაბამობას. მოსარჩელე მიუთითებს იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიერ ჰონორარის გადახდის ვალდებულების უსაფუძვლობაზე, ტვირთის სიმძიმესა და განუსაზღვრელობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ხსენებული არგუმენტები რამდენად გამოდგება სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართების დასასაბუთებლად.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „[საქართველოს] კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-55). ამდენად, სადავო ნორმებით საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შეზღუდვა არათუ არ განაპირობებს კონსტიტუციის მე-16 მუხლის დარღვევას, არამედ პირიქით, როგორც წესი, გამორიცხავს მას. სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-16 მუხლთან სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მის საფუძველზე იზღუდება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ის ასპექტები, რომლებიც არ არის დაცული კონსტიტუციის სხვა დებულებებით (მათ შორის, კონსტიტუციის 21-ე მუხლით). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა არგუმენტაცია, რომელიც შეეხება, არასათანადო ფინანსური ტვირთის დადგენის გამო, საკუთრების უფლების შეზღუდვას, არ გამოდგება სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართების დასასაბუთებლად.
4. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, მოსარჩელე ნორმებს სადავოდ ხდის იმდენად, რამდენადაც მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების დარღვევა თავისთავად იწვევს თავისუფალი მეწარმეობის უფლების დარღვევასაც. ზოგადად, არსებობს გარკვეული კავშირი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებებს შორის. თუმცა, მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში განმტკიცებულ ზოგიერთ უფლებასა და თავისუფლებას შორის არსებული შინაარსობრივი ურთიერთკავშირისა, ხსენებული კონსტიტუციური ნორმების დაცულ სფეროებში ჩარევის დადგენა საჭიროებს ცალკეულ, ინდივიდუალურ შეფასებას კონკრეტული უფლებისა თუ თავისუფლების კონტექსტში. „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
5. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად: „ზოგადად, პირებს (მათ შორის მეწარმე სუბიექტებს) შორის თანასწორობას და მათი საკუთრების უფლებას იცავს, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლები. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზანი ვერ იქნება საკუთრებისა და კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დარღვევის ფაქტების აკრძალვა მეწარმე სუბიექტებთან მიმართებით. ამდენად, კონსტიტუციის ხსენებული დებულების შეზღუდვის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს მე-14 და 21-ე მუხლებით დაცულ სფეროს გარეთ არსებულ ურთიერთობებს და ამ ფორმით არღვევს თავისუფალ მეწარმეობას. მეწარმე სუბიექტებს შორის დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა ან/და მათი საკუთრების უფლების დარღვევა იმთავითვე კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას ვერ განაპირობებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვის დასასაბუთებლად მოსარჩელე ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ სადავო ნორმა სცდება საკუთრების უფლებით დაცული სფეროს შეზღუდვას და სხვა ფორმით ახდენს გავლენას თავისუფალ მეწარმეობაზე.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვაზე მითითება თავისთავად არ გამოდგება სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართების წარმოსაჩენად. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს, მათ შორის, მეწარმის საკუთრების უფლებას. შესაბამისად, მეწარმისათვის გარკვეული ფინანსური ვალდებულებების დადგენა, როგროც წესი, საკუთრების უფლების შეზღუდვას იწვევს და არა თავისუფალი მეწარმეობის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებს ფინანსური ტვირთის უსაფუძვლობაზე, სიმძიმესა და ბუნდოვანებაზე, არ გამოდგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან სადავო ნორმების მიმართების არსებობის დასასაბუთებლად.
7. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად მოსარჩელე დამატებით მიუთითებს ერთადერთ არგუმენტზე. მხარის პოზიციით, სადავო ნორმებიდან ცალსახად არ დგინდება, საავტორო უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველმა ორგანიზაციამ შეთანხმება ყველა იმპორტიორთან ერთდროულად უნდა გააფორმოს, თუ შესაძლებელია შეთანხმების ცალ-ცალკე გაფორმება. შესაბამისად, თუ შეთანხმება არ გაფორმდება ყველა იმპორტიორთან ანდა სხვადასხვა იმპორტიორთან გაფორმდება სხვადასხვა დროს, მაშინ გამოვა, რომ იმპორტიორები სხვადასხვა რეჟიმში იქნებიან ჩაყენებული, რაც დააზიანებს ჯანსაღ კონკურენციას.
8. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმით ერთნაირი უფლებრივი რეჟიმია დადგენილი ყველა იმპორტიორისათვის. თითოეული მათგანი ვალდებულია, გადაიხადოს ჰონორარი, რომლის მოცულობაც და გადახდის დაწყებაც დამოკიდებულია საავტორო უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმების გაფორმებაზე. ამდენად, სადავო ნორმა თავისთავად არაკონკურენტულ პირობებში არ აყენებს მეწარმე სუბიექტებს. თუ რომელიმე ექსპორტიორი სხვაზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ეს განპირობებული იქნება ორ კერძო პირს შორის შეთანხმების შედეგებით. შესაძლებელია, ზოგიერთმა იმპორტიორმა საავტორო უფლებების მართვის ორგანიზაციასთან შეთანხმებისას სხვა იმპორტიორებთან შედარებით უკეთეს პირობებს მიაღწიოს, მათ შორის, შესაძლოა განსხვავებულიც კი იყოს ჰონორარის ოდენობა.
9. ზოგადად, თავისუფალ ბაზარზე გარკვეული საქონლისა თუ მომსახურების შესყიდვისას ურთიერთმოლაპარაკების შედეგად სხვადასხვა პირები სხვადასხვაგვარ შედეგებს აღწევენ, ზოგი სარფიან გარიგებას დებს, ზოგი კი - ნაკლებად. თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ კანონმდებლობა კერძო პირებს საშუალებას აძლევს, ესა თუ ის საბაზრო პირობა შეთანხმების შედეგად განსაზღვროს, ჯანსაღი კონკურენციის შეზღუდვაზე ვერ მიუთითებს. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში საბაზრო კონკურენციის უზრუნველსაყოფად საჭირო იყოს, ბაზრის ყველა მოთამაშეს გარკვეული სერვისისა თუ საქონლის იდენტურ პირობებში შეძენის საშუალება მიეცეს, თუმცა ეს ვერ იქნება მიჩნეული როგორც კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან მომდინარე ზოგადი მოთხოვნა ყველა შემთხვევაში. შესაბამისად, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით რეგულირდება სპეციალური შემთხვევა, რომლის ფარგლებიც, ჰონორარის გადახდის პირობები არა მხარეთა შეთანხმებით, არამედ რაიმე სხვა ფორმით უნდა გადაწყდეს, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს სათანადო არგუმენტაცია, რატომ არის ამ შემთხვევაში აუცილებელი ურთიერთობის მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად გადაწყვეტის გამორიცხვა. მსგავსი არგუმენტაცია კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, სადავო ნორმების თავისუფალი მეწარმეობის უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ამ თვალსაზრისითაც დაუსაბუთებელია.
10. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი №877 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის პირველი წინადადების და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის, 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ამასთან, ორგანიზაციას უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. მოსარჩელეების აზრით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს იმ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების მიხედვით. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, ნებისმიერ პირს შეუძლია, შექმნას საავტორო უფლებების მფლობელის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და სადავო ნორმიდან ვერ ირკვევა, რომელია ის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც უნდა შეაგროვოს და გაანაწილოს ჰონორარი. ტექნიკის იმპორტიორები მოკლებული არიან შესაძლებლობას, განსაზღვრონ ჰონორარის მართვაზე უფლებამოსილი პირი.
13. უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰონორარის გადახდის ვალდებულება, მისი ოდენობისა და გადახდის წესი რეგულირდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი მხოლოდ იმას არეგულირებს, თუ რომელი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უზრუნველყოფს ხსენებული ჰონორარის შეგროვებას. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, საკუთრების უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარისათვის რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ორგანიზაციას გადაუხდის ჰონორარს. საკუთრების უფლების შეზღუდვას თავისთავად ვერც ის ფაქტი განაპირობებს, რომ იმპორტიორებისათვის პირდაპირ კანონით არ არის განსაზღვრული, რომელი ორგანიზაცია მოახდენს ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას. სადავო ნორმა განსაზღვრავს, რომ ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებაზე უფლებამოსილი ორგანიზაცია დგინდება ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველ ორგანიზაციებს შორის შეთანხმებით. შესაბამისად, შეთანხმების შემთხვევაში მოსარჩელეთათვის იდენტიფიცირებადია, თუ ვის უნდა გადაუხადოს ჰონორარი, ხოლო თუ ორგანიზაციები ამ საკითხზე არ შეთანხმდებიან, არც იარსებებს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების უფლებამოსილება.
14. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, №877 კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას გააჩნია რაიმე დამატებითი უფლების მზღუდავი ეფექტი. შესაბამისად, ხსენებული ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში №877 კონსტიტუციურ სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების „ამასთან, ორგანიზაციას უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმის თანახმად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ორგანიზაციისათვის ხსენებული უფლების მინიჭება თავისთავად გამოიწვევს იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიერ გადასახდელი ჰონორარის ოდენობის გაზრდას. შესაბამისად, წარმოდგენილი პოზიციით, ხსენებული სადავო ნორმა დამოუკიდებლად იწვევს საკუთრების უფლების შეზღუდვას.
16. როგორც უკვე აღინიშნა, გადასახდელი ჰონორარის მოცულობის განსაზღვრის წესს ადგენს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი. შესაბამისად, ჰონორარის მოცულობა დამოკიდებულია საავტორო უფლებების მმართველ ორგანიზაციასა და იმპორტიორებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგებზე. ხოლო სადავო ნორმა განსაზღვრავს ავტორების მიერ საავტორო უფლებების მმართველი ორგანიზაციისათვის მომსახურების ანაზღაურების წესს. სადავო ნორმა აწესრიგებს ურთიერთობას საავტორო უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და ავტორებს შორის, ამავე დროს არ იკვეთება პირდაპირი კავშირი გაქვითულ თანხებსა და გადასახდელი ჰონორარის მოცულობას შორის. ჰონორარის გადახდის შემდეგ შეგროვებული თანხა აღარ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო ავტორთა ქონების განკარგვის საკითხები არ ექცევა მოსარჩელის კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული უფლების რეგულირების სფეროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ხსენებულ ნაწილთან დაკავშირებით, სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან არ იკვეთება სადავო ნორმის კავშირი მოსარჩელის საკუთრების უფლებასთან.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №877 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ამასთან, ორგანიზაციას უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
18. №877 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კანონის სადავო დებულება ადგენს ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესს. კერძოდ, ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება მწარმოებლებს ან იმპორტიორებს და ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ქონებრივ უფლებებს. ხოლო თუ შეთანხმება ვერ შედგა, მაშინ მხარის/მხარეების მიმართვის საფუძველზე, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს განსაზღვრავს „საქპატენტი“. ამასთან, „საქპატენტის“ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
19. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არ ადგენს ჰონორარის განსაზღვრის კრიტერიუმებს, შესაბამისად, შეუძლებელია, სასამართლომ ეფექტური კონტროლი განახორციელოს საქპატენტის გადაწყვეტილების კანონიერებაზე. მხარის მითითებით, სასამართლოს შეუძლია, შეამოწმოს მხოლოდ „საქპატენტის“ გადაწყვეტილების მიღების ფორმალური პროცედურის კანონიერება და ჰონორარის ოდენობის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის განსაზღვრას შინაარსობრივად არ შეეხება, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
20. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება „… ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს არსებული უფლების ან კანონიერი ინტერესის სასამართლოს მეშვეობით დაცვის პროცესუალურ გარანტიას. ამდენად, კონსტიტუციის ხსენებული უფლების შეზღუდვის წარმოსაჩენად მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ იგი პროცესუალური ნაკლოვანების გამო ვერ ახერხებს დადგენილი უფლების სრულყოფილად დაცვას.
21. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმების არარსებობაზე მითითება ნიშნავს, რომ იგი უსამართლოდ მიიჩნევს ჰონორარის გადახდის ვალდებულების დამდგენ მატერიალურ წესს. ის, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ჰონორარის მოცულობა, წარმოადგენს არა სამართლიანი სასამართლოს საპროცესო გარანტიის ნაწილს, არამედ თავად კანონით დადგენილი ვალდებულების შინაარსის განმსაზღვრელ წესს. თავად მოსარჩელეც მიუთითებს, რომ ხსენებული ნორმით საკუთრების უფლების შეზღუდვა ხდება. სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფს კონსტიტუციით ან/და კანონით დადგენილი მატერიალური უფლებების დაცვის შესაძლებლობას და არა თავად ამ უფლების ფარგლების განსაზღვრას. ხსენებულ უფლებასთან მიმართებით ვერ შეფასდება ჰონორარის ოდენობის ან/და მისი განსაზღვრის წესის სამართლიანობა. ამავე დროს, მოსარჩელე არ მიუთითებს რაიმე პროცესუალურ ასპექტზე, რომლის შეზღუდვაც ხდება სადავო ნორმის შედეგად, სარჩელში არ არის დასაბუთებული, რომ ვერ ხერხდება სასამართლოს მეშვეობით რომელიმე მატერიალური უფლების სრულყოფილად დაცვა.
22. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი №877 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №877 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნას და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
24. მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის მე-3 წინადადების და მე-6 პუნქტის მოქმედება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, შეუძლია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. სასამართლოს განმარტებით, ეს არის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
25. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისათვის სავალდებულო წინაპირობაა, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთებს სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ სათანადო მტკიცებულებები ან არგუმენტაცია, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გამოუსწორებელი შედეგის საფრთხის არსებობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების მოთხოვნა სადავო ნორმის შეჩერებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №877 კონსტიტუციური სარჩელი („შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
გ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებისა და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №877 („შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-6 პუნქტის, 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ამასთან, ორგანიზაციას უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ბ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების და 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ამასთან, ორგანიზაციას უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
გ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი