„შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/1/877 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 25 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 დეკემბერი 2020 20:45 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
ბ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
გ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებისა და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - ნათია კობოსნიძე, თამარ კანკავა და ივანე გოგელია; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - ქრისტინე კუპრავა; მოწმეები - ააიპ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე - მირიან კულულაშვილი და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე - ნიკოლოზ გოგილიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №877) მომართეს „შპს ალტამ“, „შპს ოქეიმ“, „შპს ზუმერი ჯორჯიამ“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტმა“ და „შპს სმაილმა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/6/877 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. №877 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 4 და 17 ოქტომბერს.
2. №877 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. №877 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ხსენებულ კონსტიტუციურ დებულებებში, შესაბამისად, დაცული იყო საკუთრების, პირის შესახებ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლებები.
4. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრის შემდეგ მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები განამტკიცებს საკუთრების უფლებას და განსაზღვრავს მისი შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი იცავს ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან. ამავე პუნქტით განსაზღვრულია ამ უფლების შეზღუდვის საფუძველი. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით უზრუნველყოფილია პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება. იგივე პუნქტი ითვალისწინებს ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს.
5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „კანონის“) 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ ჰონორარის გადახდის ვალდებულებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს იმ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს (შემდგომში - „ორგანიზაცია“), ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების შესაბამისად. იგივე პუნქტი, შესაბამის ორგანიზაციას აძლევს უფლებამოსილებას, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, მათ შორის, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან მოითხოვოს ინფორმაცია ზემოხსენებულ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ.
6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გადახდის წესს. კერძოდ, ხსენებული დებულების თანახმად, „ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, აღნიშნულ მწარმოებლებს ან იმპორტიორებს და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტი“. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში.“
7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.
8. კონსტიტუციური სარჩელიდან და თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები - „შპს ალტა“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“, „შპს ოქეი“, „შპს სმაილი“ და „შპს ზუმერი ჯორჯია“ არიან საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტიორები საქართველოში. 2016 წლის აპრილში ააიპ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ“ - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ, მოსარჩელეებს გაუგზავნა წერილი და მოსთხოვა ჰონორარის გადახდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით.
9. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას. პირველ რიგში, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჰონორარის გადახდაზე ვალდებულ პირად განსაზღვრავს არა ფიზიკურ პირს, რომელიც რეალურად ახორციელებს ნაწარმოების რეპროდუცირებას, არამედ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებსა და იმპორტიორებს.
10. მოსარჩელეთა მითითებით, იმპორტიორების მიერ გადასახდელი ჰონორარი ფაქტობრივად საავტორო უფლებათა მფლობელთათვის იმ ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც ამ უკანასკნელთ შესაძლოა მიადგეთ ფიზიკური პირების მიერ იმპორტირებული ტექნიკური მოწყობილობების ან/და მატერიალური მატარებლების გამოყენებით ნაწარმოების რეპროდუცირებისას. მოსარჩელეთა განმარტებით, ამ შემთხვევაში იმპორტიორები საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებით მოსარგებლეები არ არიან. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყვნენ ისინი პასუხისმგებელნი საავტორო უფლებების მფლობელთა წინაშე მესამე პირების მიერ ნაწარმოების შესაძლო რეპროდუცირების გამო. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმპორტიორი ჰონორარის თანხას შემძენზე გადაიტანს პროდუქტზე ფასის გაზრდით, სადავო ნორმა მათი ბიზნესისთვის კვლავ პრობლემური იქნება, ვინაიდან მათ მოუწევთ პროდუქციაზე ფასის გაძვირება ან სხვადასხვა ადმინისტრაციული რესურსების შემცირება.
11. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ფინანსური ტვირთის სწორედ მოსარგებლეებზე, ფიზიკურ პირებზე დაკისრება იქნებოდა სამართლიანი, ვინაიდან სწორედ ისინი ახდენენ ნაწარმოების რეპროდუცირებას. ამასთანავე, კანონმდებლობა ფიზიკურ პირს არ აკისრებს ჰონორარის გადახდის ვალდებულებას, თუ იგი თავად ახდენს იმპორტს და თუ ამ პირობებში არ არსებობს საავტორო უფლებების შელახვის რისკი, გაურკვეველია, რატომ ეკისრებათ მოსარჩელეებს იმავე პროდუქციის იმპორტირებისას ეს ვალდებულება.
12. ამის გარდა, მოსარჩელეთა მოსაზრებით, დღესდღეობით, ნაწარმოების რეპროდუცირების მთავარი წყაროა არა, მაგალითად, ფლეშმეხსიერებები, არამედ ინტერნეტი. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ დღევანდელ პირობებში ჰონორარის გადახდის ვალდებულების დაკისრება უფრო სამართლიანი იქნებოდა ინტერნეტ მიმწოდებლებისათვის და მომხმარებლებისთვის. აგრეთვე, მოსარჩელეთა მითითებით, საავტორო უფლებათა მფლობელები შესაძლოა, თავად იყვნენ პასუხისმგებელი ამგვარი ზიანისთვის, ვინაიდან მათ შეუძლიათ, ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით შეზღუდონ, ნაწარმოების კომპენსაციის გარეშე, რეპროდუცირების შესაძლებლობა.
13. მოსარჩელე მხარის აზრით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ასევე არღვევს მათი საკუთრების უფლებას. კერძოდ, სადავო ნორმით დადგენილი ჰონორარი ფაქტობრივად ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც საავტორო უფლებების მფლობელებს ადგებათ ფიზიკურ პირთა მიერ მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების გამოყენების ნაწარმოების რეპროდუცირებისას. ხოლო სადავო ნორმა არ განსაზღვრავს არც ზიანის ოდენობას და მისი გადახდის წესს და არც ზიანის ოდენობის გამოთვლისა და გადახდისთვის აუცილებელ სახელმძღვანელო კრიტერიუმებს. შესაბამისად, იზრდება იმის რისკი, რომ ორგანიზაციამ გაუმართლებლად გაზარდოს საავტორო უფლებების მფლობელებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა და დაადგინოს მისი გადახდის არასამართლიანი წესი.
14. ზემოხსენებულის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარეს მოჰყავს ჰონორარის გადახდის მომენტი და აღნიშნავს, რომ გადახდის წესის მომწესრიგებელი ნორმების არარსებობის გამო, იმპორტიორის მიერ ჰონორარის გადახდის ვალდებულება დაკავშირებულია ტექნიკური მოწყობილობის და მატერიალური მატარებლის იმპორტის მომენტთან და არა უშუალოდ რეალიზაციის ფაქტთან. შესაბამისად, იმპორტიორს ჰონორარის გადახდა უწევს, მათ შორის, ისეთი საქონლისთვის, რომელიც მომავალში შესაძლოა, საერთოდ ვერ იქნეს რეალიზებული და, შესაბამისად, ზიანიც არ დადგეს.
15. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით, კონკრეტული ჰონორარის ოდენობისა ან ჰონორარის ოდენობის გამოთვლის სახელმძღვანელო კრიტერიუმების არარსებობის გამო, კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს ერთგვაროვან მიდგომას ყველა სახის მოწყობილობისთვის/მატერიალური მატარებლისათვის. ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისას არ ხდება საქონლის განსხვავებული დანიშნულების ან/და ფუნქციების გათვალისწინება. მაგალითად, ფიჭური ტელეფონის პირველადი დანიშნულებაა სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება და იგი უნდა იქნეს გამიჯნული ისეთი მოწყობილობებისგან, რომელთა პირდაპირი დანიშნულება ნაწარმოების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებაა.
16. მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმაზეც, რომ კანონმდებლობაში ზემოხსენებული კრიტერიუმების არარსებობა გამორიცხავს საქპატენტის და სასამართლოს მიერ სამართლიანი ფასის დადგენის შესაძლებლობასაც, ვინაიდან არ არსებობს ფასის გამოთვლის ობიექტური კრიტერიუმები, რითიც ეს ორგანოები იხელმძღვანელებდნენ.
17. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მართალია, სადავო 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი მოიცავს მხარეებს შორის შეთანხმებისა და ამის შესაბამისად ტარიფის დადგენის შესაძლებლობას, თუმცა იმპორტიორს არ შეუძლია, კოლექტიური მართვის ორგანიზაციას მიუთითოს, რატომ არ უნდა დაიბეგროს კონკრეტული ობიექტი. აღნიშნული გამოწვეულია სახელმძღვანელო კრიტერიუმების არარსებობით. ამასთან, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ „საქპატენტს“, განაკვეთის დადგენისას, იმის მტკიცების ტვირთი, თუ რატომ არის განაკვეთი შეუსაბამო, გადააქვს მოსარჩელეებზე, რომელთაც, აღნიშნულის დასამტკიცებლად, უწევთ მთელი რიგი პროცედურების ჩატარება და რესურსის ხარჯვა.
18. მოსარჩელეებმა დამატებით მიუთითეს, რომ კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ვალდებულება, ყველა იმპორტიორსა და მწარმოებელს თანაბრად დაუდგინოს ჰონორარის განაკვეთები. მოსარჩელეთა მითითებით, აგრეთვე ბუნდოვანია, აკისრებს თუ არა ორგანიზაცია ჰონორარის გადახდის ვალდებულებას ყველა იმპორტიორსა და მწარმოებელს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია ერთ იმპორტიორს მაინც არ მოსთხოვს სადავო ნორმით გათვალისწინებულ ფინანსური ვალდებულების შესრულებას, ხსენებული იმპორტიორი უფრო ნაკლებ ფასად გაყიდის პროდუქციას და ეს პირდაპირ დააზიანებს მოსარჩელეების კომერციულ ინტერესებს.
19. გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ჰონორარი თავისი არსით კონსტიტუციით გათვალისწინებული გადასახადია და, შესაბამისად, მისი ოდენობა, გამოანგარიშების და გადახდის წესი კანონით უნდა იყოს დადგენილი.
20. №877 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადება ეწინააღმდეგება მოსარჩელეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და სახელმწიფო დაწესებულებებში მათ შესახებ დაცულ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლებებს.
21. მოსარჩელეთა განმარტებით, დასახელებული სადავო ნორმა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველ ორგანიზაციას ანიჭებს უფლებამოსილებას, ფიზიკური და იურიდიული პირისგან და სახელმწიფო ორგანიზაციებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირებისათვის გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ, თავად მწარმოებლებისა და იმპორტიორების თანხმობის გარეშე. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ წარმოებისა და იმპორტის შესახებ ინფორმაცია იმდენად ფართოა, რომ ორგანიზაციას შესაძლოა, წვდომა ჰქონდეს ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავს კონფიდენციალურ ან კომერციულ საიდუმლოებას, ასევე პირებს შორის განხორციელებულ მიმოწერას, სატელეფონო საუბარსა თუ სხვა სახის ტექნიკური საშუალებით განხორციელებულ შეტყობინებას. ამასთან, კანონი ორგანიზაციას არ უდგენს ამ გზით მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის ვალდებულებას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსარჩელეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. მოსარჩელეთა მითითებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვის საფრთხე განსაკუთრებით ხელშესახებია მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, ვინაიდან ნებისმიერ კერძო პირს შეუძლია, ჩამოაყალიბოს კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და, სათანადო ლეგიტიმაციის არქონის მიუხედავად, მოიპოვოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
22. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომელიც ადგენს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტით მოსარგებლეთა ვალდებულებას, მოთხოვნის შემთხვევაში ორგანიზაციას წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ისინი არ არიან საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტით მოსარგებლეები, თუმცა ორგანიზაცია მათ ასეთად მიიჩნევს, რაც დასტურდება ორგანიზაციასა და იმპორტიორებს შორის მიმოწერით. მათი პოზიციით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ვინაიდან კანონი ორგანიზაციას არ უდგენს სადავო ნორმებით მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის ვალდებულებას. ამგვარი მოწესრიგებით კი იქმნება მოსარჩელეთა კომერციული საიდუმლოების გამჟღავნების რისკი.
23. მოპასუხე მხარემ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა ნაწარმოების უსასყიდლო გამოყენებისგან, ავტორის კანონით გარანტირებული ჰონორარით უზრუნველყოფა და ფიზიკური პირის რეპროდუცირების ადმინისტრირება.
24. მოპასუხის პოზიციით, რეპროდუცირება საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელის ქონებრივი უფლებაა და მისი განხორციელებისათვის ავტორს ეკუთვნის ჰონორარი. თუმცა, ვინაიდან შეუძლებელია, დადგინდეს (გააკონტროლოს უფლების მფლობელმა), თუ როდის, რა რაოდენობით და რა სახის ნაწარმოების რეპროდუცირებას განახორციელებს ფიზიკური პირი, კანონმდებელმა გაითვალისწინა უმრავლესი ქვეყნების გამოცდილება და უფლების მფლობელისთვის ჰონორარის გადახდა დააკისრა ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს. მოპასუხის განმარტებით, სადავო რეგულაციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ფიზიკური პირის მიერ ნაწარმოების რეპროდუცირების ადმინისტრირება და ჰონორარის შეგროვება. შედეგად, ავტორი და მომიჯნავე უფლების მფლობელი დაკარგავდა სამართლიანი ანაზღაურების უფლებას მისი ნაწარმოების და მომიჯნავე უფლების ობიექტების გამოყენებისას.
25. ამასთან, მოპასუხის პოზიციით, ჰონორარის გადახდის ვალდებულების მწარმოებლებსა და იმპორტიორებისთვის დაკისრება სამართლიანია, ვინაიდან ფიზიკური პირის მიერ ნაწარმოებების რეპროდუცირება ხდება იმპორტიორის მიერ მიწოდებული რეპროდუცირებისათვის გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების საშუალებით, რისთვისაც ეს უკანასკნელი იღებს ფინანსურ სარგებელს. გარდა ამისა, მოპასუხე განმარტავს, რომ ჰონორარის გადამხდელი რეალურად არა იმპორტიორი, არამედ საქონლის შემძენი - ფიზიკური პირია, ვინაიდან ჰონორარის ოდენობა სწორედ რეპროდუცირებაუნარიანი მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების ფასში აისახება.
26. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარის მოსაზრებას ჰონორარის სამართლებრივი ბუნების შესახებ. მოპასუხის პოზიციით, ჰონორარი გადაიხდება ფიზიკური პირისთვის რეპროდუცირების უფლების მინიჭებისთვის და ის არ არის ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი. უფრო კონკრეტულად, ფიზიკური პირის მიერ რეპროდუცირებაუნარიანი მოწყობილობის ან მატერიალური მატარებლის შეძენისას იგულისხმება, რომ ის მოახდენს საავტორო და მომიჯნავე უფლებით დაცული ობიექტის რეპროდუცირებას, რისთვისაც უნდა გადაიხადოს შესაბამისი ჰონორარი. ამდენად, მომხმარებელი ჰონორარს იხდის ნაწარმოების რეპროდუცირების შესაძლებლობისთვის და არა იმ ზიანისთვის, რომელიც შესაძლოა, ავტორს რეპროდუცირების შედეგად მიადგეს.
27. მოპასუხემ დამატებით აღნიშნა, რომ იმპორტიორებსა და მწარმოებლებს არ ეკისრებათ ჰონორარის გადახდის ვალდებულება ისეთ ობიექტებზე, რომლებიც რეპროდუცირებისთვის არ გამოიყენება. ამასთან, ჰონორარი სიმბოლური ოდენობით გადაიხდება და არ უნდა ჩაითვალოს იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის მძიმე ფინანსურ ტვირთად. მოპასუხე მხარე უთითებს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტავს, რომ კანონი ადგენს სამართლიანი ჰონორარის დადგენის ვალდებულებას, რაც მოიცავს სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების გამოყენების ვალდებულებას.
28. მოპასუხე მხარემ აგრეთვე განაცხადა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში საკუთრების უფლებაზე ფასწარმოქმნა ხდება ურთიერთშეთანხმების გზით, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპის საფუძველზე. კანონი საავტორო უფლების მფლობელს ვერ დაუწესებდა თავისი უფლების განკარგვის ფასს და ვერ დაადგენდა გარკვეულ კრიტერიუმებს, ვინაიდან ეს სახელმწიფოს მხრიდან პირის უფლებაში უხეში ჩარევა იქნებოდა.
29. ამის გარდა, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მხარეების მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სადავო ნორმა „საქპატენტს“ ანიჭებს სამართლიანი ჰონორარის და მისი გადახდის წესის დადგენის უფლებამოსილებას. კანონმდებლობის მიხედვით, „საქპატენტი“ ახორციელებს საჯარო პოლიტიკას საავტორო უფლებების დაცვისა და განხორციელების სფეროში და ჰონორარის განსაზღვრისათვის კომპეტენტური ორგანოა. გარდა ამისა, სადავო ნორმა ასევე შეიცავს ჰონორარის დადგენილი ოდენობის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისა და „საქპატენტის“ მიერ უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერ გამოყენებას.
30. მოპასუხე არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმით, საქონელზე ჰონორარის გადახდის ერთიანი რეჟიმია დადგენილი. ის მიუთითებს ორგანიზაციის მიერ იმპორტიორებისთვის გაგზავნილ წერილზე, სადაც შესაბამისი მოწყობილობებისთვის და მატერიალური მატარებლებისთვის განსხვავებული საავტორო ჰონორარი არის დადგენილი. ამასთან, მატერიალურ მატარებლებზე გადასახდელი საავტორო ჰონორარის ოდენობა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა მოწყობილობებზე. გარდა ამისა, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ თანამედროვე ციფრულ სამყაროში ტელეფონები მხოლოდ ზარების განსახორციელებლად აღარ გამოიყენება და მას სხვადასხვა ფუნქცია აქვს, მათ შორის, ნაწარმოების რეპროდუცირების ფუნქცია. მოპასუხე მხარე აგრეთვე მიუთითებს კანონის 64-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა გამორიცხავს განსხვავებული ტარიფის დადგენის შესაძლებლობას სხვადასხვა იმპორტიორის შემთხვევაში.
31. მოპასუხემ აღნიშნა, რომ კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ერთადერთ ორგანიზაციას საქართველოში წარმოადგენს ააიპ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“, ხოლო კანონმდებლობით ამგვარ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისთვის დადგენილია საკმაოდ მაღალი ბარიერები, რომლის დაკმაყოფილებასაც „ნებისმიერი“ რეგისტრირებული არასამეწარმეო ორგანიზაცია ვერ შეძლებს. მოპასუხე მიუთითებს კანონის 63-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას შექმნისთვის სჭირდება ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე ხელშეკრულების დადება უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.
32. ამასთან, მოპასუხე მხარემ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სადავო ნორმების ინტერპრეტაცია და აღნიშნა, რომ სადავო ნორმა მოითხოვს არა ყველა სახის ინფორმაციაზე წვდომას, არამედ, ის შეეხება მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. მოპასუხე მხარე ეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის - ააიპ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განვითარებულ აზრს და განმარტავს, რომ სადავო ნორმით მოთხოვნილი ინფორმაცია შეიძლება იყოს რეპროდუცირებისათვის გამოსაყენებელი მოწყობილობისა და მატერიალურ მატარებელთა ჩამონათვალი, მათი ოდენობა და ღირებულება, რომლის საფუძველზეც დაანგარიშდება გადასახდელი ჰონორარის ოდენობა.
33. ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ ორგანიზაციასა და მოსარგებლეს შორის იდება წერილობითი შეთანხმება ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ. შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია, პირმა მოითხოვოს ინფორმაციის გამჟღავნებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ამასთან, ორგანიზაციის სტატუსისა და ფუნქციების გათვალისწინებით, არ არსებობს მის მიერ ინფორმაციის ბოროტად გამოყენების საფრთხე.
34. განსახილველ საქმეზე მოწმის სახით მოწვეულ იქნა ააიპ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ გამგეობის თამჯდომარის მოადგილე - მირიან კულულაშვილი. მოწმემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმები არა იმპორტიორებსა და მწარმოებლებს, არამედ არაპირდაპირი გზით ფიზიკურ პირებს უწესებს ჰონორარის გადახდის ვალდებულებას. ამასთან, მართლაც, შესაძლოა არსებობდეს ობიექტების რეალიზების გარეშე დარჩენისა თუ სხვა სახის რისკები და სწორედ აქედან გამომდინარე, ჰონორარის განაკვეთი ყოველთვის არის ძალზე დაბალი, სიმბოლური. გარდა ამისა, თუ იმპორტიორი ან მწარმოებელი დაასაბუთებს, რომ ობიექტები პროფესიული ან სხვა მსგავსი მიზნებისთვის სჭირდება, ის სრულად თავისუფლდება ჰონორარის გადახდის ვალდებულებისგან. ამავდროულად, ჰონორარის გადახდის ვალდებულების პირდაპირი გზით ფიზიკური პირებისთვის დაკისრების შემთხვევაში, ადმინისტრირება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა და გამოიწვევდა ფინანსური ტვირთის ზრდას. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი ინსტიტუტი საავტორო უფლებების დაცვის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი და ეფექტურად ადმინისტრირების გზაა.
35. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ შეუძლებელია კანონში ჰონორარის განაკვეთის დადგენის კრიტერიუმების გაწერა, რადგან ეს კრიტერიუმები დამოკიდებულია ბევრ და მუდმივად ცვალებად ფაქტორზე. ამასთან, მართალია, განაკვეთები განსხვავდება სფეროების მიხედვით, თუმცა ერთ სფეროში ყველას თანაბარი განაკვეთი აქვს დადგენილი. ამასთან, არ ხდება მოწყობილობის შესაძლებლობისა და ფუნქციური დატვირთვის მიხედვით განსხვავება, ვინაიდან ეს ადმინისტრაციულად შეუძლებელია.
36. მოწმემ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ასოციაციის მიერ მოითხოვება მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ჰონორარის დასათვლელად. ამასთან, იმპორტიორთან ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაა კონფიდენციალურობის დაცვა, რომელიც ზღუდავს ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის გამჟღავნებას. ამასთან, ორგანიზაციას ინფორმაციის გამჟღავნების არანაირი ინტერესი არ აქვს.
37. მოწმემ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ, მართალია, ფორმალურად კანონი ითვალისწინებს სხვა კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების ჩამოყალიბების შესაძლებლობას, თუმცა პრაქტიკულად ეს შეუძლებელია, რადგან კანონი ამგვარი ორგანიზაციებისგან ითხოვს სხვა სახელმწიფოების მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაფორმებას. საავტორო უფლებათა ასოციაციას უკვე აქვს პარტნიორობა 180 სახელმწიფოს მსგავს ორგანიზაციასთან. შესაბამისად, სხვა ორგანიზაციები ვერ მოახერხებენ ამ ფორმით ჩამოყალიბებას.
38. საქმეზე მოწმის სახით იქნა მოწვეული „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე. მოწმე ნიკოლოზ გოგილიძის განმარტებით, იმპორტიორები კანონის მიზნებისთვის მოსარგებლეები არიან. მოწმე უთითებს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ორგანიზაციას უფლება აქვს, მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა, როდესაც ის ჰონორარს აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე, ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმები შეეხება მწარმოებლებსა და იმპორტიორებს. შესაბამისად, იმპორტიორებს მოსარგებლეებად თავად კანონი მოიხსენიებს. ამასთან, მოწმე განმარტავს, რომ მოსარგებლე არის ყველა ის სუბიექტი, რომელიც საავტორო უფლებების გამოყენებით ან პოტენციური გამოყენებით იღებს სარგებელს. იმპორტიორები რეპროდუცირებაუნარიანი საქონლის გაყიდვის გზით იღებენ სარგებელს და, შესაბამისად, კანონის მიზნებისთვის განიხილებიან მოსარგებლეებად.
39. მოწმემ აღნიშნა, რომ ჰონორარი გადაიხდება რეპროდუცირების უფლების მინიჭებისთვის და ის რეპროდუცირების შედეგად ავტორისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან კავშირში არ არის. მოწმეს მაგალითად მოჰყავს MMS-ის სერვისი და აღნიშნავს, როდესაც პირი ოპერატორისგან ყიდულობს წუთობრივ საკომუნიკაციო ტარიფს, ამ ტარიფში შედის გარკვეული ინტელექტუალური საკუთრების გადასახადი, რომელსაც მობილური ოპერატორი და კლიენტი უხდიან MMS-ის ფუნქციის შემქმნელს. მართალია, MMS-ის სისტემა პირმა შეიძლება არასდროს გამოიყენოს, თუმცა MMS-ის სისტემის გამოყენების შესაძლებლობა უკვე ქმნის ინტელექტუალური საკუთრებისთვის ანაზღაურების გადახდის საფუძველს. მოწმის განმარტებით, ანალოგიური შემთხვევა არის სადავო ნორმით მოწესრიგებულ ურთიერთობაში. ჰონორარის გადახდა ხდება ნაწარმოების პოტენციური რეპროდუცირებისთვის და უშუალო ზიანს მნიშვნელობა არ აქვს.
40. მოწმემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ჰონორარის გადამხდელები რეალურად არა იმპორტიორები, არამედ საქონლის საბოლოო გადამხდელები - ფიზიკური პირები არიან. ამასთან, არარეალიზებული საქონლის ფინანსური ტვირთი თავად იმპორტიორის ბიზნეს-რისკია და პროდუქციის გაყიდვაუნარიანობა მან წინასწარ უნდა გათვალოს. მოწმის მითითებით, სადავო ნორმები ადგენენ ბალანსს ავტორისა და საზოგადოების ინტერესებს შორის. სადავო ნორმით გათვალისწინებული ჰონორარის იმპორტიორების მიერ გადახდა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური გზაა, სხვაგვარი მოწესრიგება ძალზე გაზრდიდა ხარჯებს და არაეფექტურს გახდიდა სისტემას.
41. მოწმემ აღნიშნა, რომ კანონი კრძალავს ერთ სფეროში რამდენიმე ორგანიზაციის არსებობას და მიუთითა კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, დაშვებულია, შექმნა ცალკეული ორგანიზაციებისა უფლებების ან უფლებათა მფლობელების სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ანდა ორგანიზაციებისა, რომლებიც მართავენ უფლებათა ერთი კატეგორიის მფლობელთა სხვადასხვა უფლებას.
42. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მხარეთა მიმართვის შემთხვევაში „საქპატენტი“ მოქმედებს როგორც არბიტრი. ხოლო მის მიერ დადგენილი განაკვეთი ორგანიზაციამ თანაბრად უნდა გაავრცელოს ყველა იმპორტიორზე. განაკვეთის განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მოწმემ აღნიშნა, რომ საქპატენტი ხელმძღვანელობს გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე და ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოების მიდგომებს. ამასთან, შეუძლებელი იქნებოდა ჰონორარის კრიტერიუმების კანონით განსაზღვრა, რადგან ეს შექმნიდა კანონში მუდმივი ცვლილებების საჭიროებას.
43. ააიპ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ“ საქმეზე წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის პოზიცია. პოზიციის თანახმად, კანონი ფინანსურ ტვირთს არაპირდაპირ აკისრებს ფიზიკურ პირებს, ხოლო რაც შეეხება ჰონორარის ოდენობას, წარმოუდგენელია, სახელწიფო პირს უწესებდეს საკუთარი ნაწარმოების ფასს, ვინაიდან საბაზრო ეკონომიკის პირობებში საკუთრების უფლებაზე ფასწარმოქმნა ხდება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპის საფუძველზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციის ნორმის ცვლილება
1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომელთაც მსგავსი/იდენტური შინაარსი გააჩნიათ (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-1).
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განმტკიცებული იყო პირადი ცხოვრების, პირადი საქმიანობის ადგილის, პირადი ჩანაწერის, მიმოწერის, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბარის, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებების ხელშეუხებლობის უფლება და მისი შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულ კონსტიტუციურ ნორმას შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცული იყო საკუთრების უფლება და მისი შეზღუდვის დასაშვები კონსტიტუციური ფარგლები. აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებებს შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გარანტირებული იყო პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან და სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლება და მისი შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები. ხსენებულ კონსტიტუციურ დებულებას შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი: ა) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; ბ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; გ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებისა და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
5. განსახილველი საქმის გადაწყვეტა მოითხოვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებას სხვადასხვა შინაარსის კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
2. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით
2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული უფლების სფერო
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. კონსტიტუციის დასახელებული ნორმა განამტკიცებს საკუთრების უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლების დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1/370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ).
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
9. შესაბამისად, „სახელმწიფოს ქმედება, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს საკუთარ ქონებას ან/და კერძო პირებისაგან ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება a priori განიხილება როგორც ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-7).
2.2. სადავო ნორმების შინაარსის, უფლების შეზღუდვის და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება
2.2.1. სადავო ნორმების შინაარსი
10. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებს. აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ჰონორარი გადაიხდება პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა (აუდიო- და ვიდეომაგნიტოფონებისა და სხვა მოწყობილობათა) და მატერიალურ მატარებელთა (ფონო- და ვიდეოფირების, კასეტების, ლაზერული ფირფიტების, კომპაქტფირფიტებისა და სხვა მატერიალურ მატარებელთა) მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ. ხოლო კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, აღნიშნულ მწარმოებლებს ან იმპორტიორებს და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტი“. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკუთრების უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია, სადავო ნორმების, მათთან კავშირში მყოფი სხვა ნორმებისა და მოწესრიგებული ურთიერთობის სპეციფიკის ანალიზი. სადავო ნორმები მოთავსებულია კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
12. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს შემთხვევებს, თუ როდის არ გამოიყენება ამავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი, რომელთა შორის არის „აუდიოვიზუალური ნაწარმოების, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირება“. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესისაგან განსხვავებით, უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ჰონორარი“. აღნიშნული ჰონორარის გადახდაზე პასუხისმგებელ სუბიექტებად კი სადავო ნორმა სწორედ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებსა და იმპორტიორებს განსაზღვრავს.
13. კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დასახელებული ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს იმ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების შესაბამისად. თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ჰონორარი ნაწილდება შემდეგნაირად: 40 პროცენტი – ავტორებს, 30 პროცენტი – შემსრულებლებს, 30 პროცენტი – ფონოგრამების დამამზადებლებს. თავის მხრივ, ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი, კანონის 21-ე მუხლის სადავოდ გამხდარი მე-6 პუნქტის თანახმად, განისაზღვრება, ერთი მხრივ, ზემოაღნიშნულ მწარმოებლებს ან იმპორტიორებს და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს, ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს საქპატენტი.
2.2.2. საკუთრების უფლების შეზღუდვა
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებისა და იმპორტიორებისთვის აწესებს ფინანსურ ვალდებულებას - მათ აკისრებს ჰონორარის გადახდას, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტი შეიცავს ამ ვალდებულების მოცულობის განსაზღვრის წესს.
15. როგორც უკვე აღინიშნა, ნორმატიული აქტი, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას, ქონებით სარგებლობას ან/და განკარგვაზე აწესებს ფინანსურ ტვირთს ან აიძულებს პირს, დადოს ქონებრივი გარიგება, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას. სადავო ნორმები ერთობლივად ზღუდავს მწარმოებლებისა და იმპორტიორების თავისუფლებას, თავისუფლად სარგებლობდნენ და განკარგავდნენ საკუთარ ქონებას, აკისრებს მათ ფინანსურ ტვირთს და ადგენს ამ ფინანსური ტვირთის ოდენობის გამოთვლისა და გადახდის წესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვა, რაც საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.
2.2.3. შესაფასებელი მოცემულობა
16. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მიუთითებს, რომ საკუთრების უფლებას ეწინააღმდეგება პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის ფინანსური ტვირთის დაკისრება და ამ ტვირთის მოცულობის განმსაზღვრელი წესები. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, მათთვის ფინანსური ტვირთის დაწესება არაკონსტიტუციურია იმდენად, რამდენადაც - მწარმოებლები და იმპორტიორები თავად არ არიან საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოების მოსარგებლენი და შესაბამისად მათ არც უნდა ეკისრებოდეთ ჰონორარის გადახდის ვალდებულება. ხოლო ჰონორარის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით ისინი მიუთითებენ, რომ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი, არათუ ადგენს ჰონორარის ოდენობასა და მისი გადახდის წესებს, არამედ სახელმძღვანელო კრიტერიუმებსაც კი არ შეიცავს, რომელიც დაეხმარებოდა მხარეებს, „საქპატენტს“ და სასამართლოს, დაადგინონ სამართლიანი ფასი და გადახდის პირობები, რაც ქმნის უსამართლო და არაგონივრული ჰონორარის ოდენობისა და გადახდის წესის დადგენის რისკს.
17. ამავდროულად, მოსარჩელეთა მტკიცებით, ჰონორარის გადახდის ვალდებულების განმსაზღვრელი წესი შეიცავს კონკურენციის შეზღუდვის საფრთხეს, ვინაიდან ობიექტური კრიტერიუმების არარსებობის გამო იქმნება სხვადასხვა იმპორტიორისათვის განსხვავებული ოდენობის ჰონორარის დადგენის რისკები, რაც მათ არათანაბარ პირობებში ჩააყენებს და შეზღუდავს კონკურენციას. მოსარჩელეთა მითითებით, აგრეთვე, ბუნდოვანია, ორგანიზაცია ყველა იმპორტიორსა და მწარმოებელს აკისრებს თუ არა ჰონორარის გადახდის ვალდებულებას. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია ერთ იმპორტიორს მაინც არ მოსთხოვს სადავო ნორმით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულებას, ხსენებული იმპორტიორი უფრო ნაკლებ ფასად გაყიდის პროდუქციას და ეს პირდაპირ დააზიანებს მოსარჩელეების კომერციულ ინტერესებს.
18. ზოგადად, სახელმწიფოს ვალდებულება, ეკონომიკური აგენტებისთვის შექმნას თანაბარი პირობები და მიიღოს ზომები კონკურენტული ეკონომიკური გარემოს, თავისუფალი ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის, მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებული მეწარმეობის თავისუფლების უფლებიდან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ, II-3). აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეებს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ მეწარმეობის კონსტიტუციურ თავისუფლებასთან მიმართებითაც, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად და მიუთითა: „ზოგადად, თავისუფალ ბაზარზე გარკვეული საქონლისა თუ მომსახურების შესყიდვისას ურთიერთმოლაპარაკების შედეგად სხვადასხვა პირები სხვადასხვაგვარ შედეგებს აღწევენ, ზოგი სარფიან გარიგებას დებს, ზოგი კი - ნაკლებად. თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ კანონმდებლობა კერძო პირებს საშუალებას აძლევს, ესა თუ ის საბაზრო პირობა შეთანხმების შედეგად განსაზღვროს, ჯანსაღი კონკურენციის შეზღუდვაზე ვერ მიუთითებს. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში საბაზრო კონკურენციის უზრუნველსაყოფად საჭირო იყოს, ბაზრის ყველა მოთამაშეს გარკვეული სერვისისა თუ საქონლის იდენტურ პირობებში შეძენის საშუალება მიეცეს, თუმცა ეს ვერ იქნება მიჩნეული როგორც კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან მომდინარე ზოგადი მოთხოვნა ყველა შემთხვევაში. შესაბამისად, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით რეგულირდება სპეციალური შემთხვევა, რომლის ფარგლებიც, ჰონორარის გადახდის პირობები არა მხარეთა შეთანხმებით, არამედ რაიმე სხვა ფორმით უნდა გადაწყდეს, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს სათანადო არგუმენტაცია, რატომ არის ამ შემთხვევაში აუცილებელი ურთიერთობის მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად გადაწყვეტის გამორიცხვა. მსგავსი არგუმენტაცია კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, სადავო ნორმების თავისუფალი მეწარმეობის უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ამ თვალსაზრისითაც დაუსაბუთებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/6/877 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამრიგად, განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაფასებს ჰონორარის ოდენობის განმსაზღვრელი წესის გამო კონკურენციის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხს.
19. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, შეესაბამება თუ არა საკუთრების უფლებას სადავო ნორმით გათვალისწინებული ფინანსური ტვირთის დაწესება და კონსტიტუციურია თუ არა ტვირთის მოცულობის დადგენის წესი.
2.3. შეფასების ტესტი
20. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების კონსტიტუციური უფლება აბსოლუტური არ არის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“ შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ჩარევა მხოლოდ ფორმალური და მატერიალური კრიტერიუმების დაცვით არის შესაძლებელი (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-9).
2.4. ფორმალური მოთხოვნები
21. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს, რომ საკუთრების უფლება შეიზღუდოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმები, რომლებიც მწარმოებლებისა და იმპორტიორებისთვის ადგენს ფინანსურ ვალდებულებას და მის მოცულობას, განსაზღვრულია საკანონმდებლო აქტით - „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აღნიშნული ფორმალური მოთხოვნა დაცულია.
22. მოსარჩელე სადავო კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის არაკონსტიტუციურობის თაობაზე მიუთითებს, რომ ჰონორარი გარკვეულწილად გადასახადია და მისი ოდენობა უნდა განისაზღვრებოდეს კანონით და არა მხარეთა შეთანხმებით, „საქპატენტის“ ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა.
23. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების რეგლამენტაციის კონსტიტუციურ სტანდარტებს. ცხადია, ადამიანის უფლებათა მზღუდავი ნორმები, რეგულირების შინაარსის მიუხედავად, თავსებადი უნდა იყოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებთან (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-10). შესაბამისად, კონსტიტუციური უფლებების დარღვევას გამოიწვევს ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი ნორმა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად დაადგენს გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას და შემოღების წესს, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-24).
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადი არის პირის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გაღებული სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი კონკრეტული საპასუხო შესრულების გარეშე. გადასახადი ემსახურება სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების კონსოლიდირებას. სხვა ტიპის გადასახდელებისაგან განსხვავებით, იგი არ გადაიხდება რაიმე ინდივიდუალური სიკეთით სარგებლობისთვის და რაიმე კონკრეტული მიზნის მისაღწევად. გადასახადის შეგროვებას/ადმინისტრირებას სახელმწიფოს ფუნქციონირების ზოგადი მიზანი აქვს და არ უკავშირდება კონკრეტული საპასუხო სარგებლის, საჯარო სერვისის მიღებას ან საქმიანობის განხორციელებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-26). ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მიზნებისთვის მოსაკრებელი „კონკრეტული სიკეთისათვის დადგენილი გადასახდელია და მისი აკრეფა ხდება სპეციფიკური მიზნებით. მოსაკრებელი არის ის კონტრიბუცია, რომელსაც გადამხდელი იხდის კონკრეტული საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისათვის. მოსაკრებლის შემთხვევაში ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული ხარჯები ნაწილდება იმ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან პოტენციურად სარგებლობენ ამ სიკეთით“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-27).
25. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმებით გათვალისწინებულია პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიერ ჰონორარის გადახდის ვალდებულება. ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს იმ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების შესაბამისად. ჰონორარი ნაწილდება ნაწარმოების ავტორებს, შემსრულებლებსა და ფონოგრამის დამამზადებლებს შორის. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ფინანსურის ტვირთის გაღება არ ხდება სახელმწიფოს სასარგებლოდ, ზოგადი ან/და კონკრეტული საჯარო სერვისების დაფინანსების მიზნით. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ჰონორარი არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ გადასახადს ან მოსაკრებელს და მასზე არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის ამ პოზიციას სადავო ნორმების კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან წინააღმდეგობის თაობაზე.
2.5. სამართლებრივი უსაფრთხოება
26. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით, კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით არ არის განსაზღვრული არათუ ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, არამედ ის სახელმძღვანელო კრიტერიუმებიც კი, რომლებიც დაეხმარებოდა მხარეებსა და სახელმწიფოს, დაედგინათ იმპორტიორისთვის ჰონორარის ოდენობის და გადახდის სამართლიანი პირობები. მოსარჩელე მხარე მიუთითებს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპის დარღვევაზე და განმარტავს, რომ სადავო ნორმა შეიცავს მისი საკუთრების არაგონივრულად შეზღუდვის რისკებს. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად პასუხობს სადავო ნორმა განსაზღვრულობის მოთხოვნებს.
27. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-3).
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი. კანონი უნდა პასუხობდეს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსაზღვრულობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი სწორი აღქმა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
29. ამავე დროს, „განსაზღვრულობის მასშტაბი ზოგად დადგენას არ ექვემდებარება, არამედ დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის თავისებურებაზე. საკანონმდებლო რეგულირებისას, რა თქმა უნდა, იმთავითვე ვერ იქნება აცილებული ყველა გაურკვევლობა და ეჭვი, მაგრამ აუცილებელია, რომ კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი, სრულიად გარკვევით ჩამოაყალიბოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, „კონკრეტული შემთხვევის თავისებურების ანალიზისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული იმ ურთიერთობის სპეციფიკა, რომელსაც არეგულირებს შესაფასებელი ნორმატიული აქტი. შესაძლებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული იყოს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნები, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ურთიერთობას აწესრიგებს ეს კანონი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).
30. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც სასამართლომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო, ვინაიდან მისი რამდენიმე შესაძლო განმარტებიდან ერთ-ერთი კონსტიტუციის საწინააღმდეგო იყო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-30). დასახელებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმის ბუნდოვანების საფუძვლით, არაკონსტიტუციურობას განაპირობებდა არა ცალკე აღებული ნორმის განუსაზღვრელი შინაარსი, არამედ ის გარემოება, რომ მისი რომელიმე კეთილსინდისიერი განმარტება არაკონსტიტუციურ შედეგებს აყენებდა.
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის განვითარების კვალდაკვალ, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმიდან რამდენიმე წესი იკითხება, „რომელთაგან ერთ-ერთი არაკონსტიტუციურია, სასამართლო სადავო ნორმას მთლიანად არაკონსტიტუციურად აღარ ცნობს, არამედ აფასებს და საჭიროების შემთხვევაში ძალადაკარგულად ცნობს კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს. ამდენად, 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მოქმედ პრაქტიკაზე მორგების შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც მოსარჩელე მხარისათვის არის პრობლემატური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).
32. საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა განსხვავებულია პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ცალკე აღებული სადავო ნორმის ბუნდოვანება შეიძლება იყოს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლეო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). თუმცა განსახილველ შემთხვევაში პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან დაკავშირებული განჭვრეტადობის სტანდარტი არარელევანტურია, ვინაიდან, ერთი მხრივ, სადავოდ არ არის გამხდარი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის კონსტიტუციურობა, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება არ არის მოთხოვნილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
33. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, განსაზღვრულობის პრინციპთან მიმართებით ნორმის შეუსაბამობის სამტკიცებლად საკმარისი არ არის მოსარჩელის მითითება ნორმის ზოგად ხასიათზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ვერ გამოირიცხება ზოგადი ნორმების კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს თითოეული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას და ამ გზით უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს არაკონსტიტუციური შინაარსის ნორმების გამოყენება. სწორედ ასე მიიღწევა, ერთი მხრივ, ურთიერთობათა მეტ-ნაკლებად ამომწურავი სამართლებრივი მოწესრიგება, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ ნორმის საფუძველზე გაკეთებული თითოეული სამართლებრივი განმარტება არ დარჩება კონსტიტუციური კონტროლის მიღმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ მოსარჩელემ ამტკიცოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, მან უნდა მიუთითოს იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც, მისი აზრით, უფლების დარღვევას იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73-74).
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის არგუმენტი ნორმის ზოგად და განუსაზღვრელ ბუნებასთან დაკავშირებით, არ უნდა იყოს გაზიარებული. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთრების უფლებასთან შეაფასებს თავად სადავო ნორმებისა და მათი ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, ასევე მხედველობაში მიიღებს, არსებობს თუ არა მათი არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობა.
2.6. თანაზომიერების პრინციპი
35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. კერძოდ, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
2.7. ლეგიტიმური საჯარო მიზანი
36. ამრიგად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმებით გათვალისწინებული საკუთრების უფლების შეზღუდვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუ არ არსებობს შესაფერისი ღირებული მიზანი, ზედმეტია იმ საშუალებების შეფასება, რითიც ეს მიზანი მიიღწევა ან რამდენად აღმატებულია მიზნიდან გამომდინარე სიკეთე იმ ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც შეზღუდული უფლებიდან გამომდინარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
37. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა ნაწარმოების უსასყიდლო გამოყენებისგან, ავტორის კანონით გარანტირებული ჰონორარით უზრუნველყოფა და ფიზიკური პირის რეპროდუცირების ადმინისტრირება. აღსანიშნავია, რომ ავტორის კანონით გარანტირებული ჰონორარით უზრუნველყოფა და ფიზიკური პირის რეპროდუცირების ადმინისტრირება კავშირშია საავტორო და მომიჯნავე უფლებების უსასყიდლო გამოყენებისაგან დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან და მისი უზრუნველყოფისათვის პირობების შექმნისთვის არის განკუთვნილი. აქედან გამომდინარე, სასამართლო ლეგიტიმურ მიზნად ერთიანად განიხილავს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას ნაწარმოების უსასყიდლო გამოყენებისაგან.
38. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორი განმარტებულია როგორც „ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები“. ანალოგიურად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულია საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებების დაცვა. აღნიშნული კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მომიჯნავე უფლებების სუბიექტები არიან შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები. აღნიშნულ სუბიექტებს აქვთ რიგი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, რომლებიც უკავშირდება საავტორო უფლებების ობიექტების, ნაწარმოებების შესრულებას, ამა თუ იმ ინფორმაციის მატარებელზე შენახვას და გავრცელებას. ამრიგად, უნდა დადგინდეს, არის თუ არა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების შემქმნელი პირების, ავტორებისა და მომიჯნავე უფლებების მფლობელი სუბიექტების დაცვა ნაწარმოების უსასყიდლო გამოყენებისაგან ის საჯარო ინტერესი, რომლის მისაღწევადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაიშვება საკუთრების უფლების შეზღუდვა.
39. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია“. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ინტელექტუალური საკუთრებისა და შემოქმედებითი შრომის ნაყოფის დაცვა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მნიშვნელოვანი ინტერესია.
40. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების შემქმნელი პირების ავტორად აღიარება და მათი ეკონომიკური ინტერესების დაცვა უკავშირდება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ამოცანებს. ამ ფორმით სახელმწიფო ხელს უწყობს ინოვაციურ და შემოქმედებით საქმიანობას, მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების შექმნას, შენარჩუნებას და განვითარებას, აგრეთვე საზოგადოების კულტურული იდენტობის ჩამოყალიბებას. მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების შემქმნელი პირების მატერიალური და არამატერიალური ინტერესების დაცვა ახალისებს მათ მიერ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას, რითაც წვლილი შეაქვს საზოგადოების პროგრესში.
41. ავტორების მიერ შექმნილი სიკეთით საზოგადოების სარგებლობას ხელს უწყობენ ნაწარმოებების შემსრულებლები, ამა თუ იმ ინფორმაციის მატარებელზე შემნახველი და გამავრცელებელი პირები და მთელი ის კომერციული ინდუსტრია, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. ამ თვალსაზრისით, მომიჯნავე უფლებების მფლობელი სუბიექტების ეკონომიკური ინტერესების დაცვა პირდაპირ კავშირშია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებასთან და ხელს უწყობს მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების შექმნას, გავრცელებას და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას.
42. საავტორო და მომიჯნავე უფლებების სათანადო დაცვის არარსებობის შემთხვევაში, ნაწარმოებების თავისებურებების გათვალისწინებით, ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა, შესაბამისი ანაზღაურების გადახდის გარეშე, მარტივად მოახდინოს ნაწარმოების რეპროდუცირება. ასეთი მიდგომა გამოიწვევს ნაწარმოებების გაუფასურებას. შესაბამისად, ავტორს აღარ ექნება ნაწარმოების შექმნის საფასურის მიღების შესაძლებლობა, რაც შეამცირებს ნაწარმოების შექმნის მოტივაციას. ნაწარმოებების შექმნის შემცირების შემთხვევაში დაზარალდება საზოგადოებრივი ინტერესი, ვინაიდან საზოგადოებას ექნება მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების მიღწევებით სარგებლობის ნაკლები შესაძლებლობა.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა არის ის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი, რომლისთვისაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა.
2.8. გამოსადეგობა
44. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ არის საკმარისი. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
45. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნად დასახელდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების ნაწარმოების უსასყიდლოდ გამოყენებისაგან დაცვა. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოსადეგობის შეფასებისას უნდა დადგინდეს, რა უფლებებს უკავშირდება ნაწარმოების გამოყენება და როგორ უზრუნველყოფს მისი უსასყიდლო გამოყენების გამორიცხვას სადავო ნორმები.
46. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ადგენს ნაწარმოების ავტორის პირად არაქონებრივ უფლებებს, ამავე კანონის მე-18 მუხლით განისაზღვრება ავტორის ქონებრივი უფლებები, მათ შორის, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნაწარმოების რეპროდუცირების განხორციელების ნების დართვის ან აკრძალვის უფლება. დასახელებული კანონი ასევე შეიცავს მომიჯნავე უფლებების მფლობელთა უფლებების განმსაზღვრელ წესებს. კანონის 47-ე მუხლი ადგენს შემსრულებლის პირად და ქონებრივ უფლებებს, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს შესრულების ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლებას, ასევე ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირების ნების დართვას ან აკრძალვას. კანონის 48-ე მუხლით დადგენილია ფონოგრამის დამამზადებლის უფლებები, მათ შორის, ფონოგრამის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლება. ანალოგიური უფლებებია დადგენილი კანონის 49-ე მუხლით ვიდეოგრამის დამამზადებლისათვის.
47. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი შეიცავს წესებს ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის ნაწარმოების რეპროდუცირების შესახებ. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტი დასაშვებად აცხადებს, საჯარო გაცნობის გზით, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე რეპროდუცირებას. განსახილველი საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი გამონაკლისი, რომელიც მიუთითებს, რომ „ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესისაგან განსხვავებით, უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ჰონორარი“. ამ პუნქტით დადგენილი ჰონორარის გადამხდელ სუბიექტად კანონის 21-ე მუხლის სადავოდ გამხდარი მე-4 პუნქტი განსაზღვრავს პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებსა და იმპორტიორებს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ჰონორარი ნაწილდება იმ ნაწარმოებების ავტორებსა და საავტორო ან მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს შორის, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, სხვაგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ავტორებს მიეცემათ ჰონორარის 40%, შემსრულებლებს - 30% და ფონოგრამის დამამზადებლებს - 30%.
48. ამრიგად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიებით, ავტორებსა და საავტორო ან მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს მიეცემათ გარკვეული ანაზღაურება - ჰონორარი აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისათვის. აღნიშნული ჰონორარის გადახდა ეკისრებათ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებსა და იმპორტიორებს. ჰონორარის შეგროვებას და განაწილებას ახორციელებს ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების შესაბამისად. ამასთან, კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს ჰონორარის ოდენობისა და გადახდის და მხარეთა შორის შეუთანხმებლობისას საკითხის გადაწყვეტის წესებს, რაც უზრუნველყოფს ჰონორარის შეგროვებას. ამ თვალსაზრისით, გამოყენებული ღონისძიებები დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალებებია, რადგან აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების სარგებლობისათვის ჰონორარის გადახდის გზით იცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების ეკონომიკურ ინტერესებს.
49. აღსანიშნავია, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ჰონორარი აგრეთვე არ გადაიხდევინება ფიზიკურ პირთა მიერ აღნიშნული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების პირადი მიზნით იმპორტირების შემთხვევაში. აღნიშნული გარემოება ვერ გამორიცხავს სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიების გამოსადეგობას, ვინაიდან პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის ჰონორარის გადახდის დაკისრება იცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ეკონომიკურ ინტერესებს იმის მიუხედავად, იხდიან თუ არა სხვა სუბიექტები (მაგალითად, ფიზიკური პირები) ანალოგიური მოწყობილობების იმპორტირებისათვის შესაბამის ჰონორარს.
50. ამასთან, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, დღესდღეობით, ნაწარმოების რეპროდუცირების მთავარი წყაროა არა ინფორმაციის ფიზიკური მატარებლები (მაგალითად - ფლეშმეხსიერებები), არამედ - ინტერნეტი და ვებგვერდები. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს უფრო მეტად გამართლებულად მიაჩნია ჰონორარის გადახდის დაკისრება ინტერნეტმიმწოდებლებისა და ინტერნეტის მომხმარებლებისათვის. ის გარემოება, რომ ნაწარმოებების რეპროდუცირება ასევე ხდება ინტერნეტის მეშვეობით, ვერ გამორიცხავს რეპროდუცირების სხვა წყაროების - ფიზიკური მოწყობილობებისა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის ჰონორარის გადახდის დაკისრების გამოსადეგობას. ეჭვქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ნაწარმოებების რეპროდუცირება ხდება სხვადასხვა მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების გამოყენებით. შესაბამისად, სადავო ღონისძიება ამ მოწყობილობებისა და მატარებლების იმპორტიორებსა და მწარმოებლებს აკისრებს ჰონორარის გადახდის ვალდებულებას და, ამ გზით, იცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს. ინტერნეტის, ინფორმაციის მატერიალური მატარებლებისა და ნაწარმოების რეპროდუცირების სხვა წყაროებზე ჰონორარის დაწესება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ეკონომიკური ინტერესების ურთიერთშემავსებელ, ალტერნატიულ საშუალებებად შეიძლება იქნეს განხილული. შესაბამისად, ერთ წყაროზე ჰონორარის არარსებობა ვერ შეფასდება როგორც მეორე წყაროზე შემოღებული ჰონორარის არამართებულობის დამადასტურებელ გარემოებად და ვერც მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ინტერესების დაცვის შესაძლებლობას დააყენებს ეჭვქვეშ.
51. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება, ტექნიკური მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის ჰონორარის გადახდის ვალდებულების დაკისრება და ჰონორარის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა ეფექტურად ემსახურება ავტორთა და საავტორო უფლების სხვა მფლობელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვას.
2.9. აუცილებლობა
52. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.
53. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა განსახილველ საქმეზე გამოყენებული უფლებაშემზღუდველი ღონისძიება, ჰონორარის გადახდის დაკისრება და ჰონორარის მოცულობის განმსაზღვრელი წესები ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება. კერძოდ, შესაძლებელია თუ არა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა უსასყიდლოდ გამოყენებისაგან იმგვარად, რომ ნაკლებად შეიზღუდოს პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებისა და იმპორტიორების საკუთრების უფლება.
2.9.1. ჰონორარის გადახდის ვალდებულების დაკისრება მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის
54. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლები და იმპორტიორები არ არიან ნაწარმოებით მოსარგებლეები და შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა იყვნენ ეს უკანასკნელნი პასუხისმგებელნი იმ ზიანისთვის, რომელსაც ავტორები განიცდიან ფიზიკურ პირთა მიერ პირადი მიზნებისთვის ნაწარმოებების რეპროდუცირების შედეგად.
55. როგორც აღინიშნა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლი, ზოგადი წესით, დასაშვებად აცხადებს მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირებას ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის და ამისთვის არ მოითხოვს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობას და მისთვის ჰონორარის გადახდას. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება უკავშირდება ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისს და ჰონორარის გადახდის ვალდებულებას ადგენს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ფიზიკური პირი პირადი სარგებლობისას ახდენს აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირებას. ასეთ შემთხვევებში ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილია - მიიღოს შესაბამისი ჰონორარი. ხოლო სადავო ნორმა დასახელებული ჰონორარის გადახდას აკისრებს არა ფიზიკურ პირს, რომელმაც უშუალოდ ისარგებლა ნაწარმოებით და მოახდინა მისი პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირება, არამედ - შესაბამისი მოწყობილობების იმპორტიორებსა და მწარმოებლებს. მოსარჩელეთა არგუმენტაცია სწორედ ამ გარემოებას მიემართება, რომ უსამართლოა ჰონორარის გადახდის დაკისრება შესაბამისი მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების იმპორტიორებისათვის, ვინაიდან ნაწარმოების რეპროდუცირებას ახდენს სხვა პირი.
56. ღონისძიების აუცილებლობის შემოწმების კონტექსტში მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რატომ გახდა საჭირო ჰონორარის გადახდის დაკისრება მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის და რატომ არ იქნებოდა შესაძლებელი საავტორო და მომიჯნავე უფლებების ეფექტიანად დაცვა სხვაგვარად, მაგალითად - ჰონორარის უშუალოდ მოსარგებლე ფიზიკური პირებისათვის დაკისრების გზით.
57. როგორც აღინიშნა, ჰონორარის გადახდა უკავშირდება ნაწარმოების რეპროდუცირებისათვის საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ქონებრივი ინტერესების დაცვას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჰონორარის გადახდის საფუძველს ქმნის ფიზიკური პირის მიერ აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირება. ამგვარად, ჰონორარის უშუალოდ ნაწარმოების რეპროდუცირების განმახორციელებელი ფიზიკური პირისათვის დაკისრება საჭიროს გახდიდა თითოეული ფიზიკური პირის მიერ რეპროდუცირების ფაქტის დადგენას, შესაბამისი ჰონორარის ოდენობის განსაზღვრას და ჰონორარის გადახდევინების ადმინისტრირებას. ალტერნატიულად შესაძლებელია, ჰონორარის გადახდის ვალდებულება კანონმდებელს ფიზიკური პირისთვის დაეკისრებინა არა უშუალოდ რეპროდუცირებისათვის, არამედ - მოწყობილობისა და მატერიალური მატარებლის შეძენის მომენტისთანავე. თუმცა ორივე შემთხვევაში ჰონორარის გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირების რაოდენობიდან გამომდინარე, მწარმოებლებისა და იმპორტიორების ჩართულობის გარეშე ჰონორარის გადახდის მსგავსი სისტემის ადმინისტრირება წარმოუდგენლად რთული იქნებოდა და ფაქტობრივად შეუძლებელს გახდიდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას. შედეგად კი, იგივე ეფექტურობით ან სულაც ვერ მიიღწეოდა ლეგიტიმური მიზანი და დაუცველი დარჩებოდნენ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელები.
58. ფიზიკური პირებისათვის ჰონორარის გადახდის დაკისრების ვალდებულების ადმინისტრირების სირთულეზე მიუთითეს საქმეზე მოწვეულმა მოწმეებმაც, კერძოდ, ააიპ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ გამგეობის თამჯდომარის მოადგილე - მირიან კულულაშვილის განცხადებით, ჰონორარის გადახდის ვალდებულების პირდაპირი გზით ფიზიკური პირებისთვის დაკისრების შემთხვევაში ადმინისტრირება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა. „საქპატენტის“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ გოგილიძის განმარტებით კი - სხვაგვარი მოწესრიგება ძალზე გაზრდიდა ხარჯებს და არაეფექტურს გახდიდა სისტემას.
59. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჰონორარის გადახდის ვალდებულების დაკისრება არა შესაბამისი მოწყობილობების იმპორტიორებისა და მწარმოებლებისათვის, არამედ უშუალოდ რეპროდუცირების განმახორციელებელი პირებისათვის იმავე ეფექტურობით ანდა სულაც ვერ მიაღწევდა ლეგიტიმურ მიზანს.
60. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა ჰონორარის გადახდის ვალდებულებას აკისრებს ნაწარმოების რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა იმპორტიორებსა და მწარმოებლებს და, ამ გზით, ქმნის საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ეფექტურ საშუალებას. თავის მხრივ, ეს ღონისძიება არ არის მიმართული პირთა წრისკენ აბსტრაქტულად, ნაწარმოებების ფიზიკური პირების მიერ რეპროდუცირებისგან მოწყვეტილად. ფაქტია, რომ ნაწარმოების რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა იმპორტიორები და მწარმოებლები ხელს უწყობენ ფიზიკურ პირთა მიერ ნაწარმოებების პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირებას, ხელმისაწვდომს ხდიან მათთვის შესაბამის მოწყობილობას და ამით თავადვე იღებენ ფინანსურ სარგებელს. შესაბამისად, სადავო ნორმა ჰონორარის გადახდას აკისრებს პირებს, რომლებიც, გარკვეულწილად, არაპირდაპირ სარგებლობენ საავტორო და მომიჯნავე უფლებებით, პირადი მიზნით რეპროდუცირებისათვის გამოსაყენებელ მოწყობილობათა რეალიზაციის გზით იღებენ მოგებას და უშუალოდ რეპროდუცირების განმახორციელებელი ფიზიკური პირების შემდეგ ყველაზე ახლოს არიან რეპროდუცირებასთან.
61. ჰონორარი უკავშირდება ფიზიკური პირის მიერ ნაწარმოების რეპროდუცირებას და ამისათვის გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატარებელთა მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ ჰონორარის გადახდას პრაქტიკული ადმინისტრირების თვალსაზრისითაც. მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ შესაბამისი მოწყობილობების წარმოების, იმპორტისა და რეალიზების ფაქტი ქმნის ნაწარმოებების რეპროდუცირების წინაპირობას და ჰონორარის გადახდის უშუალო საფუძველს. მწარმოებლებისა და იმპორტიორების რაოდენობის, მათი საქმიანობის გათვალისწინებით, იქმნება ჰონორარის გადახდის ადმინისტრირების ხელსაყრელი პირობები, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყოფილიყო იგივე ჰონორარის გადახდის ვალდებულების სხვა პირებისათვის დაკისრების შემთხვევაში.
62. მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ, დღესდღეობით, ინტერნეტმა და შესაბამისმა ვებგვერდებმა ჩაანაცვლეს ტრადიციული რეპროდუცირების საშუალებები (მაგ.,: ფლეშმეხსიერებები). აღნიშნულის გათვალისწინებით, უფრო სამართლიანი იქნებოდა შესაბამისი ფინასური ტვირთის ინტერნეტპროვაიდერებისა და ვებგვერდებისთვის დაკისრება.
63. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა ეს არგუმენტი არც სადავო რეგულირების აუცილებლობის კომპონენტთან დაკავშირებით არის გასაზიარებელი. როგორც აღინიშნა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა ნაწარმოებთა უსასყიდლო გამოყენებისაგან შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიების გამოყენებით. ამავდროულად, ნაწარმოების უსასყიდლო რეპროდუცირება შესაძლებელია მოხდეს როგორც ტექნიკური, ფიზიკური მოწყობილობებისა და მატარებლების მეშვეობით, ისე ციფრულად, ინტერნეტგვერდებისა და კომპიუტერული პროგრამების საშუალებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნაწარმოების გამოყენებისათვის გადასახდელი კომპენსირების სისტემები ფიზიკური მოწყობილობებით და მატარებლებით რეპროდუცირებისა და ინტერნეტით რეპროდუცირების შემთხვევებში ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. შესაბამისად, ინტერნეტით ნაწარმოების რეპროდუცირებისათვის ინტერნეტპროვაიდერებისა და ინტერნეტგვერდებისათვის ჰონორარის გადახდის დაკისრება ვერ იქნება განხილული როგორც ფიზიკურ მოწყობილობათა და მატარებელთა მეშვეობით ნაწარმოებების რეპროდუცირებისას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის საშუალება.
64. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია და არც სხვაგვარად გამხდარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია რომელიმე სხვა ღონისძიების შესახებ, რომელიც ნაკლებად შეზღუდავდა საკუთრების უფლებას და შესაძლებელს გახდიდა იგივე ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება - ჰონორარის დაკისრება შესაბამისი მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლების იმპორტიორებისა და მწარმოებლებისათვის, აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს.
2.9.2. ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესი
65. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმებით დადგენილია როგორც იმპორტიორებისა და მწარმოებლებისათვის ჰონორარის გადახდის ვალდებულება, ისე ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესი. ამრიგად, ჰონორარის გადახდის ვალდებულების შემოწმების შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა აუცილებლობის მოთხოვნებს თავად ჰონორარის ოდენობის განმსაზღვრელი წესი.
66. განსახილველ შემთხვევაში, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს ჰონორარის ოდენობის და გადახდის წესს, რომლის თანახმადაც, ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ორგანიზაციასა და მწარმოებლებს/იმპორტიორებს შორის შეთანხმებით. მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მხარის/მხარეების მიმართვის საფუძველზე ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშების და გადახდის წესს ადგენს „საქპატენტი“, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
67. თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს, რომ უფლების შეზღუდვა განხორციელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის საჭირო (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
68. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა ნაწარმოების უსასყიდლო გამოყენებისაგან. თუ დადგინდება, რომ იმპორტიორებსა და მწარმოებლებს ეკისრებათ იმაზე მაღალი ოდენობის ჰონორარის გადახდის ვალდებულება, ვიდრე ეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დასაცავად არის აუცილებელი, ჩაითვლება, რომ შეზღუდვა არათანაზომიერია და არღვევს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას.
69. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ღონისძიება, რომელიც ემსახურება საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ სუბიექტთა ეკონომიკური ინტერესების დაცვას ნაწარმოების უსასყიდლო გამოყენებისაგან, აუცილებელია, ვიწროდ იყოს მიზანმიმართული უშუალოდ ნაწარმოების გამოყენების კომპენსირებისაკენ და არ იწვევდეს დაუსაბუთებელი, არაადეკვატური ფინანსური ტვირთის დაწესებას. განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელი ნორმებით დადგენილია ღონისძიება, რომელიც უკავშირდება საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ სუბიექტთათვის გარკვეული ეკონომიკური საზღაურის, ჰონორარის მიკუთვნებას, ფიზიკური პირების მიერ ნაწარმოების პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირებისათვის. შესაფასებელი ურთიერთობისა და რეპროდუცირების სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, ასეთ შემთხვევებში ჰონორარის ოდენობის ადეკვატურობა ვერ იქნება გაგებული იმგვარად, რომ ანაზღაურება მოხდეს ზუსტად ნაწარმოების რეპროდუცირების პროპორციული ოდენობით. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არაგონივრული იქნებოდა იმგვარი საკანონმდებლო მექანიზმის შემოღება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების მიერ ნაწარმოების პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირების თითოეული ფაქტის აღნუსხვას და მისი შესაბამისი ჰონორარის გადახდევინებას. ასეთი მოთხოვნის დადგენა ადმინისტრირების შეუძლებლობის გამო, ფაქტობრივად შეიძლება გაუთანაბრდეს ჰონორარის გადახდევინებაზე უარის თქმას. შესაბამისად, დასაშვებია ფიზიკური პირების მიერ ნაწარმოების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირების ჰონორარი სხვა მეთოდიკის გამოყენებით დაანგარიშდეს. ამავდროულად, ჰონორარის ოდენობა მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს ნაწარმოების რეპროდუცირების რეალურ შესაძლებლობას. ამისათვის აუცილებელია, ჰონორარის განსაზღვრისას მხედველობაში იქნეს მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს ნაწარმოების რეპროდუცირებაზე. ამასთანავე, ჰონორარის ოდენობა არ უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ სრულად ასცდეს ჰონორარის მიზნებს. გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია ჰონორარის გადახდევინება ისეთ შემთხვევებში, როდესაც აშკარაა, რომ ნაწარმოების რეპროდუცირება არ ხდება ან არ მოხდება.
70. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ ადგენს ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს, ასევე არ შეიცავს სახელმძღვანელო კრიტერიუმებსაც კი, რომლებიც დაეხმარებოდა მხარეებს, „საქპატენტს“ და სასამართლოს, დაადგინონ სამართლიანი ფასი და გადახდის პირობები. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კანონი შეუზღუდავ თავისუფლებას ანიჭებს ორგანიზაციას, თავად განსაზღვროს ჰონორარის ოდენობა, გამოანგარიშებისა და გადახდის წესი. შესაბამისად, იქმნება რისკი, რომ ჰონორარის ოდენობა არ იყოს განსაზღვრული სამართლიანად და პროპორციულად.
71. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების და არც საერთო სასამართლოების პრაქტიკა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის სადავო ნორმების განმარტების თაობაზე, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა სადავო ნორმების მის მიერ შემოთავაზებული განმარტების მართებულობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა ... გამონაკლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე უფლებამოსილია, არ მიიღოს საერთო სასამართლოს მიერ შემოთავაზებული განმარტება, თუ ის აშკარად არაგონივრულია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). ამასთანავე, ამგვარი პრაქტიკის არარსებობის პირობებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის შეზღუდული შესაძლებლობით, რომ თავადვე განმარტოს სადავო ნორმატიული აქტი. ცხადია, არ გამოირიცხება, რომ კონკრეტული საქმის განმხილველმა საერთო სასამართლომ ნორმას საკუთარი განმარტებით განსხვავებული შინაარსი შესძინოს. ასეთ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე უფლებამოსილია, ნორმატიული აქტი შეაფასოს იმ შინაარსით, რაც მას საერთო სასამართლოს განმარტებებმა შესძინა.
72. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, მწარმოებლებს ან იმპორტიორებს და იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს განსაზღვრავს „საქპატენტი“. თავის მხრივ, „საქპატენტის“ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამავდროულად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, ჰონორარი არ გადაიხდევინება იმ მოწყობილობებსა და მატერიალურ მატარებლებთან დაკავშირებით, რომლებიც ექსპორტის საგანია ან პროფესიული მოწყობილობა, რომელიც არ არის განკუთვნილი საშინაო გამოყენებისათვის.
73. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონით, ექსპლიციტურად არ არის განსაზღვრული ჰონორარის ოდენობის გამოთვლის კონკრეტული სახელმძღვანელო კრიტერიუმები. თუმცა კანონით განისაზღვრება ჰონორარის გადახდის საფუძველი და ობიექტი. კერძოდ, სადავო ნორმებით გათვალისწინებული „ჰონორარი“ გულისხმობს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჰონორარს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, „ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესისაგან განსხვავებით, უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ჰონორარი“.
74. შესაბამისად, კანონის მიხედვით, ჰონორარი გადაიხდება აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისათვის. ამასთან, კანონის ტექსტი ექსპლიციტურად მიუთითებს „შესაბამის“ ჰონორარზე. ამგვარად, ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისას უმთავრესი სახელმძღვანელო პრინციპია იმის დადგენა - ხდება თუ არა შესაბამისი მოწყობილობით ან ინფორმაციის მატარებლით ფიზიკურ პირთა აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირება. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეუძლებელია, ზუსტად იმის განსაზღვრა, განხორციელდა თუ არა ან თუ განხორციელდა - რამდენჯერ განხორციელდა ფიზიკური პირების მიერ ნაწარმოების რეპროდუცირება. აღნიშნულის მიუხედავად, აშკარაა კანონის სულისკვეთება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობის ან ინფორმაციის მატარებლის რეალიზაცია არ მომხდარა ან სხვაგვარად გამოირიცხება ფიზიკური პირის მიერ მისი გამოყენებით აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირება, არ არსებობს ჰონორარის გადახდის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. სხვაგვარად, არაგონივრული იქნებოდა ფიზიკური პირის მიერ ნაწარმოების პირადი მიზნით რეპროდუცირებისათვის დაწესებული ჰონორარის გადახდევინება ისეთ მოწყობილობებზე, რომელთა მიმართაც ცალსახაა, რომ მათი გამოყენებით რეპროდუცირება პრაქტიკულად ვერ განხორციელდება.
75. ამის გარდა, როგორც აღინიშნა, კანონი ექსპლიციტურად მიუთითებს „შესაბამის ჰონორარზე“, რისი მოთხოვნის უფლებაც გააჩნია ავტორსა თუ საავტორო უფლების სხვა მფლობელს. ჰონორარის შესაბამისობის დადგენისთვის საჭირო გარემოება შეიძლება იყოს მოწყობილობისა და ინფორმაციის მატარებლის ბუნება, ფუნქციები, მისი პირველადი დანიშნულება, დაახლოებით იმის ალბათობა, რა სიხშირით იქნება იგი გამოყენებული აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისათვის და ა.შ. ამდენად, ორგანიზაციასა და მწარმოებელ/იმპორტიორებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, სამართალშემფარდებელი, კანონიდან გამომდინარე, ვალდებულია, მხედველობაში მიიღოს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება და არ დაადგინოს შეუსაბამო ჰონორარის ოდენობა. სხვაგვარად, ჰონორარის გადახდის დაკისრება გასცდება კანონის მიზანს და ჰონორარის გადახდა მოხდება არაადეკვატური, არაგონივრული ოდენობით, რაც ცალსახად შეეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
76. ჰონორარის ოდენობის და გადახდის წესის სამართლიანად დაწესებას ასევე უზრუნველყოფს მისი განსაზღვრის პროცედურა. სადავო ნორმა ცალსახად მიუთითებს, რომ ჰონორარის ოდენობა და მისი გადახდის წესი ეფუძნება, ერთი მხრივ, ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შორის შეთანხმებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ორგანიზაცია მოკლებულია შესაძლებლობას, ერთპიროვნულად განსაზღვროს ხსენებული საკითხები. ამდენად, იმპორტიორები და მწარმოებლები თავად მონაწილეობენ ჰონორარის განსაზღვრის პროცესში და უფლება აქვთ, წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები, რათა ერთობლივად, კოლექტიურ ორგანიზაციასთან ერთად განსაზღვრონ ჰონორარის ადეკვატური ოდენობა.
77. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი შეთანხმება არ იქნა მიღწეული, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი დაწესებულება „საქპატენტი“ ვალდებულია, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღოს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება და ისე განსაზღვროს ჰონორარის სამართლიანი ოდენობა, იმგვარად, რომ არ შეეწინააღმდეგოს თავად ღონისძიების მიზანს - ფიზიკურ პირთა მიერ აუდიოვიზუალური და ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისათვის ადეკვატური ჰონორარის დაწესებას. ამავდროულად, თუ „საქპატენტი“ არასწორად განახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას და არ მიიღებს მხედველობაში კანონის მოთხოვნებს, მხარეებს აქვთ მისი გადაწყვეტილების კანონიერების სასამართლოში გადამოწმების შესაძლებლობა.
78. როგორც აღინიშნა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 მუხლის თანახმად, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში „საქპატენტი“ გადაწყვეტილებას იღებს და განსაზღვრავს „ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს“, ხოლო ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი დათქმის გარეშე საჩივრდება სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, გადაამოწმოს, რამდენად კანონიერად განისაზღვრა ჰონორარის ოდენობის, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი.
79. აღსანიშნავია, რომ სამართლიანი ფასისა და მისი განსაზღვრის კონკრეტული სახელმძღვანელო კრიტერიუმების არსებობის საჭიროების შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა საქმეზე, რომელიც შეეხებოდა მაჟორიტარი აქციონერების მიერ მინორიტარი აქციონერებისგან აქციათა სავალდებულო გამოსყიდვას „სამართლიან ფასად“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1/370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). დასახელებულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია „სამართლიან ფასად“ აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა სათანადო პროცედურული გარანტიების არსებობის შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ აქციების ფასის გაანგარიშების კონკრეტული მეთოდი საკანონმდებლო დონეზე არ იყო მოწესრიგებული (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1/370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზეც მსგავსი საკითხია გადასაწყვეტი. მართალია, ჰონორარის განმსაზღვრელი კონკრეტული კრიტერიუმები კანონმდებლობით გაწერილი არ არის, თუმცა კანონით გათვალისწინებულია ჰონორარის გადახდის საფუძველი და უფლების დაცვის პროცედურული გარანტიები.
80. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი იძლევა ჰონორარის უსამართლოდ განსაზღვრის შესაძლებლობას. ჰონორარის უსამართლოდ, არაადეკვატურად განსაზღვრის შესაძლებლობაზე არ მიუთითებს არც კანონით დადგენილი მატერიალური კრიტერიუმები და არც ჰონორარის განსაზღვრის პროცედურა.
81. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ასევე შეეხებოდა ჰონორარის გადახდის დაკისრების მომენტს. კერძოდ, მისი მითითებით, სადავო ნორმები ორგანიზაციას და „საქპატენტს“ ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ დაადგინონ ჰონორარის გადახდის ოდენობა მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლების იმპორტისთანავე, იმგვარად, რომ მხედველობაში არ მიიღონ ის გარემოება, მოხდა თუ არა მისი რეალიზაცია.
82. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პრაქტიკაში სადავო ნორმები ამგვარად გამოიყენება. ამავდროულად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჰონორარის გადახდის საფუძველია შესაბამისი ნაწარმოების ფიზიკური პირის მიერ რეპროდუცირება, ხოლო მოწყობილობის ან ინფორმაციის მატარებლის რეალიზაცია არ ხდება, არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი ჰონორარის გადახდის დაკისრებისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ჰონორარის ადმინისტრირების სხვადასხვაგვარი მეთოდი არსებობდეს. შესაძლოა, ჰონორარის იმგვარი ადმინისტრირებაც, როდესაც შესაბამისი მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლის იმპორტირებისთანავე ხდება ჰონორარის გადახდევინება და შემდგომში, იმპორტიორის მიერ იმის დადასტურების შემდგომ, რომ კონკრეტული მოწყობილობების რეალიზაცია არ მომხდარა, ადგენდეს გადახდილი ჰონორარის დაბრუნების პირობას. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კანონი არ ითვალისწინებს ჰონორარის გადახდის ვალდებულებას ისეთ მოწყობილობებსა და ინფორმაციის მატარებლებზე, რომელთა მიმართაც დადასტურებულია, რომ მათი რეალიზაცია არ მომხდარა და არ შექმნილა მათი გამოყენებით ფიზიკური პირების მიერ ნაწარმოების პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირების თეორიული შესაძლებლობაც კი.
83. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა იმ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, სადავო ნორმებით, ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისას არ ხდება საქონლის განსხვავებული დანიშნულების ან/და ფუნქციების გათვალისწინება და დადგენილია ერთგვაროვანი მიდგომა ყველა სახის მოწყობილობისთვის/მატერიალური მატარებლისათვის. როგორც აღინიშნა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი ადგენს ჰონორარის ოდენობის სამართლიანი, შესაბამისი წესით განსაზღვრას. აქედან გამომდინარე, კანონის მიხედვით, ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისას სამართალშემფარდებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა რელევანტური გარემოება, მათ შორის, მოწყობილობისა და ინფორმაციის მატერიალური მატარებლის მახასიათებლები. ამავდროულად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ნათელს გახდიდა, რომ პრაქტიკაში ხდება სადავო ნორმის ამგვარი ნორმატიული შინაარსით გამოყენება და, ამ თვალსაზრისით, არსებობს საკუთრების უფლების შეზღუდვის თანაზომიერების შემოწმების საჭიროება.
84. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ „საქპატენტს“, ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისას, მტკიცების ტვირთი, თუ რატომ არის ოდენობა შეუსაბამო, გადააქვს მოსარჩელეებზე, რომელთაც უწევთ აღნიშნულის დასამტკიცებლად მთელი რიგი პროცედურების ჩატარება და რესურსის ხარჯვა. მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ სათანადო ინფორმაცია/მტკიცებულებები დასახელებული არგუმენტაციის რეალურობის თაობაზე, ასევე არც იმაზე მიუთითებიათ, რა ოდენობის არის ეს ხარჯები, ხდება თუ არა მათ მიერ დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ამ ხარჯების ანაზღაურება და რატომ არის ეს საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. ამავდროულად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი 21-ე მუხლის მე-6 მუხლი განსაზღვრავს ჰონორარის ოდენობის, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესებს და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტებს/ორგანოებს (მხარეები, „საქპატენტი“, სასამართლო). აღნიშნული საკანონმდებლო ნორმით არ არის მოწესრიგებული ისეთი პროცედურული საკითხები, როგორიც არის მტკიცების ტვირთი, მტკიცებისათვის ხარჯების გაღება და მათი ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია არ მიემართება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელ სადავო ნორმას და არ იქნება მხედველობაში მიღებული.
85. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სადავო კანონი არ ითვალისწინებს იმ ოდენობის ჰონორარის გადახდევინების ვალდებულებას, რომ გადააჭარბოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის საჭიროებას. შესაბამისად, აუცილებლობის მოთხოვნები ამ თვალსაზრისით დაცულია.
2.10. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
86. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, სადავო ნორმები რამდენად სამართლიანად ადგენს ბალანსს, ერთი მხრივ, იმპორტიორებისა და მწარმოებლების საკუთრების უფლებასა და მეორე მხრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის საჯარო ინტერესს შორის. სადავო ნორმებით განსაზღვრული ბალანსის სამართლიანობის შესაფასებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული ინტერესის დაცვის მნიშვნელობა.
87. უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს რა სიმძიმის არის ნაწარმოების პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირებისას გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლების იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიმართ დადგენილი ფინანსური ტვირთი, რადგან იგი განაპირობებს საკუთრების უფლების შეზღუდვის ინტენსივობას. როგორც წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგინდა, იმპორტიორებსა და მწარმოებლებს ეკისრებათ ფიზიკურ პირთა მიერ აუდიოვიზუალური და ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოებების პირადი სარგებლობისათვის ჰონორარის გადახდა. ამავდროულად, ჰონორარის განსაზღვრის კანონით გათვალისწინებული მატერიალური კრიტერიუმები და პროცედურა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჰონორარის ოდენობა დადგინდეს სამართლიანად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის საჭიროების პროპორციულად.
88. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმებით დადგენილი ფინანსური ტვირთი უკავშირდება შესაბამისი მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლების იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიერ მათი პროდუქციის ბაზარზე განთავსებას. ისინი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომს ხდიან იმგვარ პროდუქციას, რომელიც გამოიყენება ნაწარმოებების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისათვის. შესაბამისად, იმპორტიორები და მწარმოებლები მათი ეკონომიკური საქმიანობის ბუნების გათვალისწინებით, თავადვე გარკვეულ სარგებელს იღებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ფიზიკური პირების მიერ გამოყენებით. მათ მიერ მოგების მიღება არაპირდაპირ უკავშირდება ნაწარმოებების რეპროდუცირებას და ქმნის ამის ფაქტობრივ შესაძლებლობას.
89. ამავდროულად, იმპორტიორებისა და მწარმოებლებისათვის ფინანსური ტვირთის დაწესება მათ მიერ სარეალიზაციო პროდუქციაზე, გარკვეულწილად, იძლევა ტვირთის მომხმარებელზე გადანაწილების შესაძლებლობას. კერძოდ, ეკონომიკური აგენტებისათვის ამა თუ იმ პროდუქციის რეალიზაციაზე დამატებითი ფინანსური ტვირთის დაწესებისას მაღალი ალბათობით ივარაუდება, რომ ეს ტვირთი აისახება პროდუქციის საბაზრო ფასზე. შესაბამისად, იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიერ ჰონორარის გადახდა, გადახდილი ჰონორარის ფარგლებში იწვევს პროდუქციის (შესაბამისი მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლების) ფასის ზრდას. შედეგად, არაპირდაპირ ტვირთი უწესდებათ იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიერ რეალიზებული პროდუქციის მომხმარებლებს. მაგალითისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ტვირთი საბოლოო მომხმარებელზე აისახება, ხოლო მომსახურების გამწევის დღგ-სგან გათავისუფლება შეღავათიან პირობებს ქმნის საბოლოო მომხმარებლისათვის (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/2/671 გადაწყვეტილება საქმეზე „სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
90. ამრიგად, სადავო ნორმით დადგენილი ჰონორარი შესაძლებელია აისახოს პროდუქციის ფასში და ფაქტობრივად პროდუქციის მომხმარებლებზე გადანაწილდეს. იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიმართ დადგენილი გადასახდელი ეკონომიკურ ტვირთად აწვება მომხმარებლებს. ამ პირობებში უშუალოდ იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიმართ ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ჰონორარის გადახდის ადმინისტრირების, მისი ფასში შეყვანის ეკონომიკური ტვირთი. ამავე დროს, საქმის განხილვის დროს არ გამოკვეთილა, რომ ჰონორარის გადახდის შედეგად პროდუქციის ფასი იმდენად იზრდება, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ან/და არსებითად რთულდება მისი რეალიზება, რაც შეუსაბამოდ მძიმე ტვირთად აწვება მოსარჩელეთა სამეწარმეო საქმიანობას.
91. სადავო ნორმით დადგენილი ბალანსის სამართლიანობის შეფასებისას, ასევე მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული სადავო ნორმით დაცული ლეგიტიმური ინტერესები. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმები ემსახურება საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელი სუბიექტების ეკონომიკური ინტერესების დაცვას. თავის მხრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა დაცვა ემსახურება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარებას. საავტორო და მომიჯნავე უფლებების ადეკვატური დაცვის არარსებობის შემთხვევაში შემცირდებოდა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების შექმნის მოტივაცია, რაც შეაფერხებს ამ სფეროს განვითარებას.
92. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ეფექტური და გონივრული ღონისძიება, რომელიც სამართლიანად აბალანსებს კერძო და საჯარო ინტერესებს. ამგვარად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები ადგენს საკუთრების უფლების თანაზომიერ შეზღუდვას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებისა და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით
3.1 დაცული სფერო
93. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა“.
94. დასახელებული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს - პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირადი ცხოვრებით დაცულია პირების კერძო სფერო (სივრცე). აქ იგულისხმება როგორც კონკრეტული ტერიტორია, ადგილი (მაგალითად, საცხოვრებელი სახლი, პირადი ავტომანქანა ან სხვა პირადი მფლობელობა), ისე განსაზღვრულ პირთა წრე, ვისთანაც პირს სურს კომუნიკაცია, ვისაც ის ირჩევს კონკრეტული ურთიერთობისათვის, ასევე საკითხები, რომელთა ანონიმურობა და ხელშეუხებლობა ან პირთა მხოლოდ კონკრეტულ წრეში განსაჯაროებაც სურს პირს. კერძო, პირად სივრცეს (სფეროს) ადამიანი თავად ქმნის და აქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მის მიერ შერჩეულ, სასურველ ან მისთვის საჭირო საკითხებზე კომუნიკაცია მიუწვდომელი, ანონიმური, ხელშეუხებელი დარჩება ყველა იმ პირისათვის, რომელიც მან საკუთარი პირადი სივრცის მიღმა დატოვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
95. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ეს უფლება სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისათვის, მისი სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა არსებითად განმსაზღვრელია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). „პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება თავისუფლების კონცეფციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს არის პიროვნების უფლება, მისი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან. პირადი ცხოვრების უფლება არის თითოეული ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების საფუძველი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განჩინება №1/2/458 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-4).
3.2. სადავო ნორმების შინაარსი
96. მოსარჩელე მხარე ითხოვს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებისა და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას.
97. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადების მიხედვით, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებს უფლება აქვთ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისგან, მათ შორის, სახელმწიფო ორგანიზაციებისგან და დაწესებულებებისგან მოითხოვონ ინფორმაცია პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ. აღნიშნული სადავო ნორმა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებს ანიჭებს უფლებამოსილებას, ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის, მოსარჩელეებს - იმპორტიორებსა და მწარმოებლებს მოსთხოვოს ინფორმაცია შესაბამისი მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლების წარმოებისა და იმპორტის შესახებ.
98. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.“ დასახელებული სადავო ნორმა მიუთითებს „საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტით მოსარგებლეთა“ ვალდებულებაზე, რომ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას წარუდგინონ დოკუმენტები საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ. მოსარჩელეები დაობენ იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიმართ დაწესებული ვალდებულების კონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, მოიაზრებიან თუ არა „მოსარგებლეში“ მწარმოებლები და იმპორტიორები.
99. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი არ შეიცავს ტერმინ „მოსარგებლეს“ ლეგალურ დეფინიციას. ამავდროულად, კანონის სისტემისა და სტრუქტურის გათვალისწინებით, მოსარგებლეებში შესაძლებელია, მოაზრებულ იქნენ იმპორტიორები და მწარმოებლებიც. კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ორგანიზაციას უფლება აქვს, „მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა, როდესაც ის ჰონორარს აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში“. თავის მხრივ, კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტიც და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტიც შეეხება საავტორო უფლების ობიექტის პირადი მიზნით რეპროდუცირებისთვის ჰონორარის გადახდას, რასაც ახორციელებენ ტექნიკური მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების მწარმოებლები და იმპორტიორები. ხოლო კანონის 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 მუხლების საფუძველზე ჰონორარის ოდენობაზე შეთანხმება ხდება ორგანიზაციასა და მწარმოებელ/იმპორტიორებს შორის. შესაბამისად, თავად კანონის დებულებები იმპორტიორებსა და მწარმოებლებს მოსარგებლეებად მოიხსენიებს. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ მოსარგებლეებში შესაძლებელია, მოაზრებული იყვნენ მწარმოებლები და იმპორტიორებიც. აქედან გამომდინარე, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 64-ე მუხლის სადავოდ გამხდარი მე-4 პუნქტი ადგენს, მათ შორის, მწარმოებლისა და იმპორტიორის ვალდებულებას, ორგანიზაციას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.
100. ამრიგად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას აქვს უფლებამოსილება, ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოსთხოვოს ინფორმაცია პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ. ორგანიზაცია ასევე უფლებამოსილია, დასახელებულ მოწყობილობათა და ინფორმაციის მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებისა და იმპორტიორებისაგან მოითხოვოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.
3.3. უფლების შეზღუდვა
101. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას იწვევს ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც რაიმე ფორმით ზღუდავს პირად სივრცესა და კომუნიკაციას, გარეშე პირებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ისეთ სფეროსა და ინფორმაციაზე, რომელთა მიმართაც პირს აქვს ანონიმურობისა და ხელშეუხებლობის ინტერესი და მოლოდინი.
102. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება მიემართება იმპორტიორებისა და მწარმოებლების საქმიანობის ცალკეული ასპექტების, შესაბამისი მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლების იმპორტისა და წარმოების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს და აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. ეს უკანასკნელი შესაძლებელია, უკავშირდებოდეს მათ მიერ იმპორტირებული/წარმოებული მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლების გარკვეულ მახასიათებლებს, რომლებიც იძლევა ინფორმაციას ამ მოწყობილობებით/მატარებლებით ნაწარმოების რეპროდუცირებისა და ამ ფორმით საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ.
103. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ინფორმაცია შეეხება იმპორტიორებისა და მწარმოებლების საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, რომელთა მიმართაც ამ სუბიექტებს შესაძლებელია გააჩნდეთ ანონიმურობისა და გაუმჟღავნებლობის ინტერესი და მოლოდინი. სავსებით ლეგიტიმურია სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მოლოდინი, რომ მისი საქმიანობის კონკრეტული თავისებურებების შესახებ არსებული მონაცემები მისი თანხმობის გარეშე არ გახდება ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის. შესაძლოა, ასეთ მონაცემებს მიეკუთვნებოდეს იმპორტირებული/წარმოებული პროდუქციის შესახებ გამართული მოლაპარაკებების, დადებული ხელშეკრულებების, მათი იმპორტის/წარმოების თარიღის, რაოდენობის, ღირებულებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ ცნობები, რომლებიც იძლევა დეტალურ ინფორმაციას იმპორტიორის/მწარმოებლის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება უკავშირდება ისეთი კატეგორიის ინფორმაციას, რომლის მიმართაც შესაძლებელია იმპორტიორებსა და მწარმოებლებს ჰქონდეთ გაუმჟღავნებლობის ინტერესი და მოლოდინი. შესაბამისად, ასეთი ინფორმაცია, თავისი არსით, განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ „პირად სივრცესა და კომუნიკაციას“.
104. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ითვალისწინებს ისეთი ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას, რომელიც ინახება როგორც უშუალოდ იმპორტიორებსა და მწარმოებლებთან, ისე სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებული პირადი სივრცე და კომუნიკაცია მოიცავს პირის შესახებ არსებული ისეთი მონაცემების დაცვას, რომელთა მიმართაც პირს აქვს ხელშეუხებლობის მოლოდინი, იმის მიუხედავად, ეს ინფორმაცია დაცულია უშუალოდ ამ პირთან, თუ ნებისმიერ სხვა კერძო პირთან. მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შესაძლებელია, ჰქონდეთ გონივრული მოლოდინი, რომ მათი საქმიანობის შესახებ მონაცემების ხელშეუხებლობა დაცული იქნება დაუსაბუთებელი ხელყოფისაგან, იმის მიუხედავად, ეს მონაცემები ინახება მათთან, თუ მესამე პირებთან. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირად სივრცესა და კომუნიკაციას, იმის მიუხედავად, ღონისძიება მიემართება უშუალოდ მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან, თუ სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან არსებულ ინფორმაციას.
105. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები უზრუნველყოფს კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომობას ინფორმაციაზე, რომელთა მიმართაც იმპორტიორებსა და მწარმოებელ პირებს აქვთ გაუმჟღავნებლობისა და დაცვის მოლოდინი. შესაბამისად, სადავო ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება.
3.4. შეფასების ტესტი
106. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლოა შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, „როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. ამრიგად, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობისათვის აუცილებელია, დაცული იყოს რიგი ფორმალური და მატერიალური მოთხოვნები. ამ მოთხოვნებთან სადავო ნორმების შესაბამისობას საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებლად შეაფასებს.
3.5. ფორმალური მოთხოვნები
107. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების კანონით შეზღუდვის მოთხოვნა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში პირადი სივრცისა და კომუნიკაციის შეზღუდვა დაწესებულია საკანონმდებლო აქტით - „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, სადავო ნორმები შეესაბამება ზემოთ დასახელებულ კონსტიტუციურ მოთხოვნას.
108. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი პირადი სივრცისა და კომუნიკაციის უფლების თავისებურებების გათვალისწინებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფორმალურ მოთხოვნას შეიცავს. კერძოდ, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის უფლება დასაშვებია შეიზღუდოს „სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სამართლებრივი ბუნებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ამ უფლების დაცვის განსაკუთრებულ სტანდარტს აწესებს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი დებულებით განისაზღვრება არა მხოლოდ ამ უფლების მატერიალური შინაარსი, არამედ დადგენილია მისი შეზღუდვის განსაკუთრებული ფორმალური გარანტიები. აღნიშნული უფლების შეზღუდვის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს უფლების შეზღუდვის ფორმალური კონსტიტუციური გარანტიები – სახეზე უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებაში ჩარევის საჭიროება მოსამართლემ უნდა შეაფასოს და, როგორც წესი, სწორედ მისი გადაწყვეტილება ქმნის პირადი სივრცისა და კომუნიკაციის შეზღუდვის საფუძველს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის №2/1/484 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
109. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც უფლებაში ჩარევის წინაპირობად განსაზღვრა ქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მნიშვნელოვან ბერკეტს. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ უფლებაში ჩარევა მოხდეს ნეიტრალური ორგანოს - სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც, ერთი მხრივ, ემსახურება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონის სწორად გამოყენების კონტროლს, ხოლო, მეორე მხრივ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფს უფლებაში ჩარევის აუცილებლობის შემოწმებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II- 111).
110. ამასთან, „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის აუცილებლობის შემოწმება გულისხმობს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლების სწორად გამოყენების კონტროლს. სასამართლო კონტროლი ამ შემთხვევაში არ მოიცავს იმის გადამოწმებას, რამდენად სწორად არის განსაზღვრული კანონმდებლობით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის საფუძვლები ან რამდენად აუცილებელია უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების მინიჭება ამა თუ იმ აღმასრულებელი ორგანოსთვის. სასამართლო გადაწყვეტილების დათქმა ემსახურება აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონის სწორად გამოყენების უზრუნველყოფას და არა კანონით დადგენილი საფუძვლების აუცილებლობის შემოწმებას. კანონით დადგენილი საფუძვლების აუცილებლობის შემოწმება ხდება საკონსტიტუციო კონტროლის ფარგლებში, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება რეგულაცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მატერიალურ სტანდარტებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II- 112).
111. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების არსისა და დანიშნულების გათვალისწინებით, მოწესრიგებული ურთიერთობის სპეციფიკის მიხედვით, სხვადასხვაგვარია ამ მოთხოვნების გამოყენებისა და შეფარდების საფუძვლები. კერძოდ, ეს მოთხოვნები არ გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს გადაწყვეტილების დათქმა აზრს/საჭიროებას მოკლებულია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-115-117).
112. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმებით გათვალისწინებული ურთიერთობისა და ღონისძიების სპეციფიკა, რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა სამართალშემფარდებლის (ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის) მიერ კანონის არასწორად გამოყენებით პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის საფრთხე, რაც განაპირობებდა კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმალური გარანტიების გამოყენებას.
113. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმები ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებს აღჭურავს უფლებამოსილებით, რომ იმპორტიორებისა და მწარმოებლების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს მათგან და ნებისმიერი პირისგან. ამასთანავე, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებს არ აქვთ მინიჭებული რაიმე იძულების ღონისძიების განხორციელების უფლებამოსილება. მაგალითად, სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოებისგან განსხვავებით, ორგანიზაციები არ არიან აღჭურვილი უფლებამოსილებით, ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენონ ფიზიკური იძულების ღონისძიებები. მწარმოებლებისა და იმპორტიორების, ასევე სხვა პირისაგან ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მათ შეუძლიათ, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოითხოვონ სამოქალაქო უფლებების აღსრულებისათვის დადგენილი ზოგადი წესით - სასამართლოსადმი მიმართვის მეშვეობით. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის გამოთხოვის საფუძვლის, გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობისა და სხვა საკითხებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
114. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობის ბუნებისა და დადგენილი ღონისძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, არ იკვეთება სამართალშემფარდებლის ან/და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების მიერ, კანონის არასწორი გამოყენების გზით, მოსარჩელეთა პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხე. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან მიმართებით არ არსებობს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებისა და გადაუდებელი აუცილებლობის მოთხოვნების გამოყენების საჭიროება.
3.6. ლეგიტიმური მიზანი
115. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის აუცილებელია, დაცული იყოს მატერიალური მოთხოვნებიც. მათ შორის, უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე აღნიშნა, რომ თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობა. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება, შესაძლებელია შეიზღუდოს „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
116. სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების ლეგიტიმურ მიზნად დასახელდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა. წინამდებარე გადაწყვეტილებაში (იხ. სამოტივაციო ნაწილის 36-43 პარაგრაფები) უკვე დადგინდა, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სუბიექტების ეკონომიკური ინტერესების დაცვა უკავშირდება საჯარო მიზნებს და მის მისაღწევად დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი უშვებს პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვას „სხვათა უფლებების“ დასაცავად. შესაბამისად, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი შესაძლებელია იყოს ამა თუ იმ პირისათვის კანონით მინიჭებული ინტერესების, მათ შორის, საავტორო და მომიჯნავე უფლების სუბიექტებისათვის მინიჭებული ქონებრივი ინტერესების დაცვა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმების მიღების დასახელებული ლეგიტიმური მიზანი აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიების გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა ვიწრო გაგებით.
3.7. გამოსადეგობა
117. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფოს მიერ შერჩეული საშუალება იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. როგორც აღინიშნა, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების უფლებამოსილება, გამოითხოვონ ინფორმაცია პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ, აგრეთვე ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის, უკავშირდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების მიერ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებას და განაწილებას.
118. როგორც წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე აღინიშნა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით, შესაბამის მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებისა და იმპორტიორების ვალდებულება, გადაიხადონ ჰონორარი ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის აუდიოვიზუალური და ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირებისათვის, ემსახურება საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვას (იხ. სამოტივაციო ნაწილის 44-51 პარაგრაფები). ამასთან, იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიერ აღნიშნული ჰონორარის გადახდის ადმინისტრირებას (შეგროვება, განაწილება) ახორციელებენ, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები. თავის მხრივ, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციებისათვის იმის შესაძლებლობის მინიჭება, რომ მოითხოვონ ინფორმაცია იმპორტირებული/წარმოებული მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლების შესახებ, ემსახურება მათ მიერ ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების ეფექტურად განხორციელებას.
119. ინფორმაცია შესაბამისი მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლების იმპორტის, წარმოებისა ამ მოწყობილობებით ნაწარმოებების რეპროდუცირების შესახებ უზრუნველყოფს ორგანიზაციების მიერ ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისათვის სათანადო პირობების შექმნას. სწორედ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორგანიზაციებს აქვთ ჰონორარის სათანადოდ შეგროვებისა და განაწილების საშუალება. ამასთან, ეს ინფორმაცია შესაძლებელია იყოს როგორც უშუალოდ მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან, ისე - სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. თავის მხრივ, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოპოვების უფლებამოსილება იძლევა მისი სისწორის გადამოწმებისა და ჰონორარის ოდენობის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას.
120. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ემსახურება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის - საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელი სუბიექტების ეკონომიკური ინტერესების დაცვას. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიება აკმაყოფილებს გამოსადეგობის მოთხოვნას.
3.8. აუცილებლობა
121. აუცილებლობის მოთხოვნასთან შესაბამისობის შესაფასებლად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ხომ არ არის სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა იმაზე ფართო, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის არის აუცილებელი და ხომ არ არსებობს სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
122. მოსარჩელეთა განმარტებით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი მიუთითებს „მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ“ ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებაზე და შეიძლება მოიაზრებდეს, მათ შორის, ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც არ არის საჭირო ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო ნორმების განმარტება სამართალგამომყენებლის მიერ არ მომხდარა. შესაბამისად, არ არსებობს პრაქტიკა, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული განმარტების მართებულობას.
123. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ორგანიზაციებს ანიჭებს უფლებამოსილებას, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მოითხოვონ ინფორმაცია შესაბამის მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ. აღნიშნული სადავო ნორმა ექსპლიციტურად არ განსაზღვრავს, შესაბამისი მოწყობილობებისა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ არსებული რომელი ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება აქვთ ორგანიზაციებს. ამავდროულად, ნორმის გონივრული განმარტებისათვის მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული ღონისძიების დანიშნულება. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება უკავშირდება ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის აუდიოვიზუალური და ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირების ჰონორარის შეგროვებას და განაწილებას. შესაბამისად, ღონისძიების არსისა და სადავო ნორმის მიზანმიმართულების გათვალისწინებით, ორგანიზაციებს მინიჭებული აქვთ დასახელებული მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატერიალური მატარებლების იმპორტისა და წარმოების შესახებ იმ ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება, რომელიც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. სხვაგვარი განმარტება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებს შესაძლებელია, ჰქონდეთ წარმოებისა და იმპორტის შესახებ მეტი ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება, არ იქნებოდა ღონისძიების მიზნებისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი.
124. თავის მხრივ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლი შეეხება ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.
125. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ითვალისწინებს ორგანიზაციების მიერ იმ მოცულობის ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებას, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება არ არის იმაზე ფართო, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის არის საჭირო.
126. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის ორგანიზაციებისთვის გადაცემული ინფორმაციის დაცვის მყარ გარანტიებს. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის ორგანიზაცია, ფუნქციონალური გაგებით არ არის დაინტერესებული ინფორმაციის სხვა მიზნებით გამოყენებისათვის. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებისას ორგანიზაციასა და იმპორტიორს შორის იდება კონფიდენციალურობის შესახებ ხელშეკრულება, რაც სამოქალაქოსამართლებრივად უზღუდავს ორგანიზაციას ინფორმაციის გავრცელებას.
127. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონფიდენციალურობის შესახებ ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. შესაბამისად, საკანონმდებლო ვალდებულების გარეშე ასეთი ხელშეკრულების დადება მეტწილად ორგანიზაციების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და ვერ ჩაითვლება ინფორმაციის გამჟღავნებისაგან დაცვის მყარ გარანტიად. ამასთანავე, არ არის საკმარისი იმაზე მითითება, რომ ორგანიზაციებს, მათი ფუნქციიდან გამომდინარე, არ ექნებათ დაინტერესება, გაავრცელონ ესა თუ ის ინფორმაცია. მხოლოდ ამა თუ იმ ორგანიზაციის ფუნქცია ვერ იქნება იმის გარანტია, რომ ორგანიზაცია ან მისი რომელიმე წარმომადგენელი ნებსით ან უნებლიეთ არ გაავრცელებს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
128. კანონმდებლობით, არ არის განსაზღვრული ორგანიზაციის ვალდებულება, რომ უზრუნველყოს მწარმოებლებისა და იმპორტიორების შესახებ მისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. აგრეთვე, არ არის დადგენილი ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის დამუშავების სათანადო ადმინისტრაციული, ინსტიტუციური და ტექნიკური სტანდარტები, რომლებიც გამორიცხავდა ინფორმაციის უნებლიე გავრცელებას. კერძოდ, არ არის განსაზღვრული, რა ფორმით უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის დამუშავება, ორგანიზაციის რომელ თანამშრომელს და რა დათქმით აქვს ამ ინფორმაციის გამოყენების უფლება, როგორია ინფორმაციის შენახვის ტექნიკური მოთხოვნები და ა.შ. ასევე არ არის განსაზღვრული ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა. ამ პირობებში ინფორმაციის ორგანიზაციისათვის გადაცემა, თავისთავად, მოიცავს მისი მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას. ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის ორგანიზაციებისთვის გადაცემული ინფორმაცია შესაძლებელია გარეშე პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს როგორც ორგანიზაციისა და მისი წარმომადგენლების განზრახვით, ისე ასეთი განზრახვის არარსებობის შემთხვევაშიც, ინფორმაციის უნებლიედ გავრცელებისას.
129. იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ორგანიზაციებისათვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მყარ გარანტიებს, არსებობს საფრთხე, რომ გარეშე პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მწარმოებლებისა და იმპორტიორების საქმიანობის შესახებ არსებული ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზარალოს მათი ინტერესები. მაგალითად, ასეთი საკანონმდებლო სისტემის პირობებში შესაძლებელია, მწარმოებლებისა და იმპორტიორების კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მათ მიერ წარმოებული/იმპორტირებული პროდუქციის შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, კონკურენტმა მათ წინააღმდეგ გამოიყენოს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ, II-39).
130. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, სადავო ნორმები ეფექტურად ემსახურება საავტორო უფლებების მფლობელთა ინტერესების დაცვას ორგანიზაციისთვის ფიზიკური და იურდიული პირებისგან ჰონორარის გამოანგარიშებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილების მინიჭებით, თუმცა აღნიშნული ინსტიტუტი იმაზე მეტად ზღუდავს პირის (ამ შემთხვევაში მოსარჩელეების) პირადი ცხოვრების უფლებას, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, შესაძლებელია საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელი სუბიექტების ეკონომიკური ინტერესების იმგვარად დაცვა, რომ არ დაირღვეს მწარმოებლებისა და იმპორტიორების პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები. შესაძლებელია, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველ ორგანიზაციებს გადაეცეთ მწარმოებლებისა და იმპორტიორების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია იმგვარად, რომ არსებობდეს ამ ინფორმაციის დაცვის სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რათა გამორიცხული იყოს მისი თანმდევი ნეგატიური ეფექტი.
131. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ლეგიტიმური მიზნების მიღწევის არასაჭირო საშუალებაა და ეწინააღმდეგება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. შესაბამისად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადება და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით
4.1. დაცული სფერო
132. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.“
133. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებულ კონსტიტუციურ დებულებაში „მთავარი სუბიექტი არის პირი, რომლის კერძო სფეროს მიკუთვნებული მონაცემებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში. შესაბამისად, ამ პუნქტით დაცული სიკეთე არის პირის კერძო, პრივატული სფეროს ხელშეუხებლობა, პირადი მონაცემების საიდუმლოება. ეს ნორმა იცავს პირის ფუნდამენტურ უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, მის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამხელისაგან დაცვა. ამ უფლებას სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება შეესატყვისება – არ დაუშვას აღნიშნული მონაცემების ხელმისაწვდომობა, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
134. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია… ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ პირს არ სურს მის კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას პირის კერძო სფერო, სანამ თავად ეს პირი არ გამოხატავს საწინააღმდეგო ნებას და არ მოითხოვს ინფორმაციის გაცემას. ამ დროს კონსტიტუციით დაცული მთავარი ფასეულობაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
135. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში განმტკიცებული უფლების სუბიექტად მითითებულია - ადამიანი, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლება, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზეც (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
136. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური ან იურიდიული პირის თანხმობის გარეშე, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც დაკავშირებულია მის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ უფლებას და საჭიროებს შესაბამის კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.
4.2. სადავო ნორმის შინაარსი და უფლების შეზღუდვა
137. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებას, რომლის თანახმად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, სახელმწიფო ორგანიზაციებისგან და დაწესებულებებისგან მოითხოვონ ინფორმაცია პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ. წინამდებარე გადაწყვეტილებით, უკვე დადგინდა, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებაში მოხსენიებული „მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ“ ინფორმაცია მოიცავს იმ მონაცემებს, რომლებიც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველ ორგანიზაციას ესაჭიროება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული ჰონორარის ოდენობის დადგენისათვის (იხ. სამოტივაციო ნაწილის 91-100 პარაგრაფები).
138. ამრიგად, სადავო ნორმა, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველ ორგანიზაციებს ანიჭებს უფლებამოსილებას, სახელმწიფო ორგანოებისგან გამოითხოვონ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული ჰონორარის ოდენობის დადგენისათვის. თავის მხრივ, დასახელებული პროდუქციის იმპორტსა და წარმოებას ახორციელებენ ცალკეული სუბიექტები, იმპორტიორები და მწარმოებლები, მათ შორის, მოსარჩელეები. შესაბამისად, სადავო ნორმა ითვალისწინებს მათ მიერ იმპორტირებული/წარმოებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებასაც.
139. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ პირმა მოახდინა გარკვეული პროდუქციის იმპორტი, ასევე მონაცემები იმპორტირებული საქონლის რაობის, მისი რაოდენობისა და ფასის შესახებ პირდაპირ ან ირიბად შეეხება პირის საქმიანობას, იძლევა მისი საქმიანობის ცალკეული ასპექტების შესახებ დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ასეთი ინფორმაცია სრულ ან ნაწილობრივ წარმოდგენას ქმნის კერძო პირის ფინანსებზე და ფინანსურ მდგომარეობაზე (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
140. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა მიუთითებს „ორგანიზაციებისგან და დაწესებულებებისგან“ ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობაზე. პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია ინახებოდეს არაერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო დაწესებულებებში.
141. საგადასახადო და საბაჟო სამსახურები სახელმწიფო დაწესებულებებია და პირის შესახებ იქ არსებული ინფორმაცია ითვლება ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციად. „საგადასახადო ორგანოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული და სახელმწიფო ამოცანების განმხორციელებელი ორგანოებია და იქ თავმოყრილი ნებისმიერი ფორმის ინფორმაციის სრული სპექტრი შეიძლება იქნეს განხილული, როგორც „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია““ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). ამრიგად, საგადასახადო და საბაჟო სამსახურებსა თუ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში მოთავსებული ინფორმაცია შესაძლებელია ჩაითვალოს ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციად, რომლის კონფიდენციალურობასაც იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი.
142. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ორგანიზაციას ანიჭებს პირის ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან დაკავშირებულ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლება.
4.3. შეფასების ტესტი
143. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დაცული უფლება აბსოლუტური არ არის და ამავე პუნქტით დასაშვებია მისი შეზღუდვა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც „ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად“.
144. პირის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის ხელშეუხებლობა შეიძლება შეიზღუდოს უფლების შეზღუდვის შესაბამისი ფორმალური და მატერიალური მოთხოვნების დაცვით (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის №2/1/484 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
145. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ პირადი ცხოვრების უფლების ფარგლები სოციალური ცხოვრების ყველა ეტაპზე ერთნაირი არ არის, რაც განაპირობებს სახელმწიფოს თავისუფალი მიხედულების ზღვრის ცვლილებასაც ამ უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-101).
4.4. ფორმალური მოთხოვნა
146. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის კანონით შეზღუდვის მოთხოვნას. კერძოდ, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
147. განსახილველ შემთხვევაში, იმპორტიორის ფინანსების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის უფლება გათვალისწინებულია საკანონმდებლო აქტით - „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონისმიერი დათქმის ფორმალური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
4.5. ლეგიტიმური მიზანი
148. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მატერიალური მოთხოვნაა, რომ შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპს. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, უპირველესად, უნდა შემოწმდეს ლეგიტიმური მიზნის არსებობა. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში პირის შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლების შეზღუდვა დასაშვებია „როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად“.
149. განსახილველ შემთხვევაში შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად დასახელდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელი სუბიექტების ეკონომიკური ინტერესების დაცვა. წინამდებარე გადაწყვეტილებით უკვე დადგინდა, რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი, ერთი მხრივ, მიეკუთვნება „საჯარო ინტერესს“ და დასაშვებია მის მისაღწევად საკუთრების უფლების შეზღუდვა (იხ. სამოტივაციო ნაწილის 36-43 პარაგრაფები), ხოლო, მეორე მხრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელი სუბიექტების ეკონომიკური ინტერესების, მათთვის კანონით მინიჭებული ქონებრივი უფლებების დაცვა განიხილება „სხვათა უფლებების“ დაცვად და ქმნის პირადი სივრცისა და კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის საფუძველს (იხ. სამოტივაციო ნაწილის 116-ე პარაგრაფი). ამრიგად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა უკავშირდება საჯარო ინტერესებისა და სხვათა უფლებების დაცვას და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქმნის ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს.
4.6. გამოსადეგობა
150. თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, აუცილებელია, შემზღუდველი ღონისძიების გამოყენებით, შესაძლებელი იყოს სახელმწიფოს მიერ დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის მიზანია, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელი სუბიექტების ეკონომიკური ინტერესების დაცვა.
151. როგორც აღინიშნა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებით, კოლექტიურ საფუძველზე უფლებების მართვის ორგანიზაციისათვის მინიჭებული უფლებამოსილება ემსახურება მის მიერ ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირთა მიერ აუდიოვიზუალური და ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოებების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისათვის ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების ფუნქციის ეფექტიანად შესრულებას. წინამდებარე გადაწყვეტილებაში დადგინდა, რომ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებამოსილება უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაციების მიერ ჰონორარის ოდენობის განსაზღვრას, მის შეგროვებას და განაწილებას (იხ. სამოტივაციო ნაწილის 117-120 პარაგრაფები). ანალოგიურად, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და დაწესებულებიდან გამოთხოვის უფლებამოსილებაც, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ჰონორარის ეფექტიანად შეგროვებასა და განაწილებას.
4.7. აუცილებლობა
152. უფლების შეზღუდვა აგრეთვე უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს მიერ შერჩეული მექანიზმი უნდა იყოს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომლითაც არსებულის მსგავსი ეფექტურობით იქნება შესაძლებელი ლეგიტიმური მიზნის მიღწევა. შესაბამისად, უნდა გაირკვეს, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ხომ არ არის იმაზე ფართო, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის არის აუცილებელი და ხომ არ არსებობს სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
153. მოსარჩელე მხარე აპელირებდა, რომ სადავო ნორმით, ორგანიზაციას შეუსაბამოდ ფართო მოცულობის ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება გააჩნია. როგორც აღინიშნა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შესაბამის მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ იმ მოცულობის ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებას, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის (იხ. სამოტივაციო ნაწილის 99-ე პარაგრაფი).
154. ზემოთ უკვე დადგინდა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ემსახურება საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვას. კერძოდ, მწარმოებლებისა და იმპორტიორების საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაციის ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის ორგანიზაციებისთვის გადაცემით, აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, შეაგროვონ და გაანაწილონ აუდიოვიზუალური და ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოებების ფიზიკურ პირთა მიერ სარგებლობისათვის დაწესებული ჰონორარი. წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე აღინიშნა, რაოდენ დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სათანადოდ დაცვას (იხ. სამოტივაციო ნაწილის 36-43 პარაგრაფები). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება ემსახურება უაღრესად მნიშვნელოვან ინტერესებს.
155. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცულ პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებას, ვინაიდან კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ორგანიზაციის ვალდებულება, რომ უზრუნველყოს მწარმოებლებისა და იმპორტიორების შესახებ მისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, „რომ, მართალია, სადავო ნორმები ეფექტურად ემსახურება საავტორო უფლებების მფლობელთა ინტერესების დაცვას ორგანიზაციისთვის ფიზიკური და იურდიული პირებისგან ჰონორარის გამოანგარიშებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილების მინიჭებით, თუმცა აღნიშნული ინსტიტუტი იმაზე მეტად ზღუდავს პირის (ამ შემთხვევაში მოსარჩელეების) პირადი ცხოვრების უფლებას, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, შესაძლებელია საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელი სუბიექტების ეკონომიკური ინტერესების იმგვარად დაცვა, რომ არ დაირღვეს მწარმოებლებისა და იმპორტიორების პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები. შესაძლებელია, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებს გადაეცეთ მწარმოებლებისა და იმპორტიორების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია იმგვარად, რომ არსებობდეს ამ ინფორმაციის დაცვის სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რათა გამორიცხული იყოს მისი თანმდევი ნეგატიური ეფექტი“ (იხ. სამოტივაციო ნაწილის პარაგრაფები 128-130).
156. განსახილველ შემთხვევაშიც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის სათანადო გარანტიებს. შესაბამისად, უფლების შეზღუდვა იმაზე ფართოა, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.
157. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ლეგიტიმური მიზნების მიღწევის არასაჭირო საშუალებაა და ეწინააღმდეგება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. შესაბამისად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადება არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №877 („შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
ა) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
ბ) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იმპორტიორს ავალდებულებს, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებს გადასცეს პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა (აუდიო- და ვიდეომაგნიტოფონებისა და სხვა მოწყობილობათა) და მატერიალურ მატარებელთა (ფონო- და ვიდეოფირების, კასეტების, ლაზერული ფირფიტების, კომპაქტფირფიტებისა და სხვა მატერიალურ მატარებელთა) წარმოებისა და იმპორტის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. კონსტიტუციური სარჩელი №877 („შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი