საქართველოს მოქალაქე დავით ცისკარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/1254 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 თებერვალი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2018 20:26 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე დავით ცისკარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1254) მომართა საქართველოს მოქალაქე დავით ცისკარაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2017 წლის 7 სექტემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 22 თებერვალს.
2. №1254 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო შესაბამისი სასჯელის სახით დადგენილია ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების შეზღუდვა ვადით ორ წლამდე. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ხოლო მე-3 ნაწილი პასუხისმგებლობას ადგენს მე-2 ნაწილში მითითებული ქმედებისათვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, სანქციის სახით კი განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე.
4.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას. კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის ფიზიკური თავისუფლების ხელშეუვალობის უფლება, ხოლო 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
5. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მტკიცებით, სადავო ნორმა თავისი შინაარსით არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი რეგულირების საგანს, არამედ დელიქტური სამართლის ნაწილია. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს ეძლევა ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა სამოქალაქო წესით, გასაჩივრებული ქმედების კრიმინალიზება და პირისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.
6.კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, სხვისი ნივთით სარგებლობა ან/და მისი გაუფრთხილებლობით დაზიანება სოციალური ურთიერთობების დამახასიათებელი და თანმდევი პროცესია. დასახელებული ქმედების კრიმინალიზებით და ნასამართლობის თანმდევი უარყოფითი შედეგის გათვალისწინებით, თითოეულ პირს უჩნდება შიში სხვისი საკუთრებით სარგებლობისას შემთხვევით არ დააზიანოს ნივთი. ამდენად, სადავო ნორმის ადრესატს ერთმევა შესაძლებლობა, განავითაროს ნორმალური სოციალური ურთიერთობები, რაც არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა ასევე პრობლემურია მისი ბუნდოვანებისა და მოქმედების ფარგლების განჭვრეტადობის თვალსაზრისით. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლი არ იძლევა სისხლისსამართლებრივი დანაშაულისა და სამოქალაქო დელიქტის მკაფიოდ გამიჯვნის შესაძლებლობას. ნორმის ადრესატს არ შეუძლია განსაზღვროს როდის წარმოადგენს მისი ქმედება სამოქალაქოსამართლებრივ დელიქტს და როდის არის სისხლისსამართლებრივად დასჯადი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის აზრით, გასაჩივრებული დებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას.
8. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისათვის დადგენილი სანქციები, თავად ქმედების სიმძიმის და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, არაპროპორციულია. მაშინ, როდესაც, სხვისი ნივთის განზრახვის გარეშე დაზიანება იწვევს უმნიშვნელო შედეგს და არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებას, დაწესებული სისხლისსამართლებრივი სანქციებით მიუღწეველი ხდება სასჯელის მიზნები, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენა, დანაშაულის პრევენცია და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამდენად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
9.მოსარჩელე მხარის პოზიციით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების შეზღუდვისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაგონივრულია. დასახელებული სანქციების გამოყენება არ შეიძლება სხვისი ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება/განადგურებისთვის, რადგან სასჯელის სიმძიმე ბევრად აღემატება აღნიშნული დანაშაულიდან მომდინარე საფრთხეებსა და რისკებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს.
10. მოსარჩელე მხარე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართებით აღნიშნავს, რომ გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა უნდა იყოს სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება, თუმცა სადავო ნორმის გაუქმება არ გამოიწვევს სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება/განადგურებისას თანმდევი შედეგის სახით სიცოცხლის მოსპობის დაუსჯელობას, ვინაიდან მსგავს შემთხვევებზე გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით).
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ […] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1254 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის პირველი ივნისის (944-IIს) საქართველოს კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რიგ ნორმებში განხორციელდა ცვლილება, მათ შორის ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, ხოლო შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა 2018 წლის პირველი იანვრიდან, ე.ი. კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების შეზღუდვა, ჩანაცვლდა შინაპატიმრობით.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1254 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ძალადაკარგულია.
5. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სამართალწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1254 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
7. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
8. №1254 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. ხსენებული ნორმის თანახმად, სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
9. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია უმთავრესად უკავშირდება იმის დასაბუთებას, რომ სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება, თავისთავად, არ უნდა იყოს სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი. შესაბამისად, სასარჩელო არგუმენტაცია მიემართება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებს. სადავო ნორმის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურობის დასაბუთება კი შემოიფარგლება მარტოოდენ იმის მითითებით, რომ გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებისას/განადგურებისას შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობის დასჯა ისედაც შესაძლებელია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) საფუძველზე და ამისთვის სპეციალური შემადგენლობის არსებობა არ არის საჭირო. ამასთანავე, მოსარჩელე დასახელებული ქმედებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით პასუხისმგებლობის დაწესებას არაკონსტიტუციურად არ მიიჩნევს.
10. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო სივრცის ფორმირების პროცესში კანონმდებელმა შესაძლებელია მიმართოს სამართლებრივი ტექნიკის სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის, განსაზღვროს/გადაწყვიტოს, თუ რომელი კანონით ან კანონის მუხლით მოაწესრიგოს ესა თუ ის სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლო ვერ გაიზიარებს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ დასაბუთებას, რომლის თანახმადაც, კონკრეტული ქმედების შედეგად დამდგარი სიცოცხლის მოსპობის დასჯად ქმედებად გამოცხადებისთვის კანონმდებლის მიერ სპეციალური შემადგენლობის შექმნა, თავისთავად, მიუთითებს ამ ნორმის არაკონსტიტუციურობაზე. ზოგადი ნორმის არსებობის მიუხედავად, ცალკეული ურთიერთობისათვის სპეციალური შემადგენლობის შექმნა მიღებული მეთოდია, ხოლო მისი გამოყენების საკითხი სრულად ექცევა კანონმდებლის მიხედულების სფეროში.
11. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს მისი უფლების დარღვევაზე და არა ზოგადი ან/და სპეციალური ნორმებით სადავო ურთიერთობის მოწესრიგების მიზანშეწონილობაზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რატომ არ უნდა იყოს სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ამ თვალსაზრისით N1254 კონსტიტუციურ სარჩელში არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი N1254 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1254 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე დავით ცისკარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1254 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე დავით ცისკარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი