„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/6/1311 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი და რობერტ ხახალევი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – დავით ზილფიმიანი, იოსებ ბარათაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ქრისტინე კუპრავა; მოპასუხის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელი სალომე ბარბაქაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1311) მომართეს: „შპს სტერეო+“-მა, იტალიის რესპუბლიკის მოქალაქეებმა – ლუკა სევერინმა და ლაშა ზილფიმიანმა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რობერტ ხახალევმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1311 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. ამავე საოქმო ჩანაწერით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც უშვებს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილზე ან აქციებზე საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების იმ იურიდიულ პირზე გამოცემის შესაძლებლობას, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი. №1311 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 6 მარტს.
2. №1311 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის (შემდგომში - საქართველოს იუსტიციის მინისტრის №21 ბრძანება) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილია, რომ აუქციონში/ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად კი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია და ცენზურა დაუშვებელია. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
5. №1311 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები არიან მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული კომპანია „შპს სტერეო+“ და მისი პარტნიორები. კომპანიის ძირითადი მიზანია მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა. კერძოდ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურება ყველა კერძო ტელევიზიისათვის, რა მიზნითაც შპს „სტერეო+“-ს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაგან (შემდგომში - კომისია) მიღებული აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სხვადასხვა კატეგორიის ლიცენზიები. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის №ას-1062-1022-2016 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე კომპანიის ერთ-ერთ პარტნიორს, დავით ზილფიმიანს, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხის გადახდევინება, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში (შემდგომში - აღსრულების ეროვნული ბიურო) დაიწყო სააღსრულებო წარმოება, ყადაღა დაედო მის კუთვნილ 50%-იან წილს კომპანიაში და მოსალოდნელია მისი სარეალიზაციოდ გატანა აუქციონზე.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმები იძლევა ავტორიზებული/ლიცენზირებული კომპანიის წილის/აქციების იძულებითი აუქციონის წესით გასხვისების შესაძლებლობას კომისიის შეტყობინებისა და წინასწარი თანხმობის გარეშე, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე–27-ე მუხლების თანახმად, დაუშვებელია. ამავდროულად, სადავო ნორმების საფუძველზე, წილის გასხვისება შესაძლებელია, მოხდეს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რაც ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს და, შესაბამისად, გამოიწვევს სამაუწყებლო სფეროში ლიცენზიის მფლობელი კომპანიისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაუქმებას. აღნიშნულს შედეგად მოჰყვება კომპანიის საქმიანობის პარალიზება და მისი წილების საბაზრო ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირება, რაც არღვევს როგორც მოსარჩელე კომპანიის, აგრეთვე მისი პარტნიორების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაციები ეწინააღმდეგება „სტერეო+“-ის და მისი მომსახურებით მოსარგებლე ტელევიზიების გამოხატვის თავისუფლებას და ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
7. №1311 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა დამატებით აღნიშნეს, რომ ავტორიზებული პირის წილის ან აქციების რეალიზაციის შემთხვევაში, კომისიისათვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება ემსახურება აღნიშნულ ბაზარზე კონკრეტული სუბიექტის მიერ მონოპოლიური მდგომარეობის მოპოვებისა და მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის პრევენციას. კომისიისათვის შეტყობინების ვალდებულება იმ სუბიექტს ეკისრება, რომლის წილის ან აქციების რეალიზაციაც ხდება. მოსარჩელეთა მითითებით, კომისიისათვის შეტყობინების ვალდებულება არსებობს მაშინაც კი, როდესაც ავტორიზებული პირის წილის ან აქციების რეალიზაცია ხორციელდება არა უშუალოდ აღნიშნული პირის მიერ, არამედ იძულებითი აუქციონის გზით. აღნიშნული ვალდებულების შესრულება კი, იძულებითი აუქციონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსარჩელე კომპანიისათვის შეუძლებელია, რადგანაც მისთვის წინასწარ უცნობია იძულებით აუქციონზე წილის ან აქციების შემსყიდველი პირის ვინაობა. ამგვარი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი, არსებობს მისთვის ფულადი სანქციების დაკისრების რისკი. შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა მოსარჩელე კომპანიას იმ შემთხვევაშიც ეკისრება, როდესაც აღნიშნული მისი ბრალეულობით არ არის განპირობებული. მოსარჩელეთა პოზიციით, განსახილველ შემთხვევაში, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იქნება არა მოსარჩელეთა ბრალეულობა კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვის პროცესში, არამედ თავად კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დათქმას, რომელიც ამგვარ კომპანიას, იძულებითი აუქციონის შემთხვევაში, შეტყობინების ვალდებულებისაგან ან/და, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლებდა.
8. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, მართალია, სადავო კანონმდებლობა ცალსახად განსაზღვრავს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი სუბიექტის ვალდებულებას, მისი წილის ან აქციების რეალიზაციის დროს წინასწარ შეატყობინოს კომისიას, ასევე ადგენს, რომ ამგვარი წილის ან აქციების მფლობელი არ შეიძლება იყოს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი, მაგრამ იგი არ ითვალისწინებს მკაფიო მოწესრიგებას იმის თაობაზე, როგორ უნდა გადაწყდეს აღნიშნული საკითხი იძულებითი აუქციონის პირობებში. სადავო კანონმდებლობა ცალსახად არ განსაზღვრავს, კომისიისათვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როგორ არის შესაძლებელი ამგვარი ვალდებულების დარღვევის სავარაუდო უარყოფითი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილება ან როგორი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს კომისიამ ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ პასუხობენ განსაზღვრულობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული იურიდიული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანის შემთხვევაში, იძულებით აუქციონში მონაწილე პირების მიმართ არ ითვალისწინებს კომისიისათვის შეტყობინებისა და წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულებას და არ კრძალავს იძულებით აუქციონში ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მონაწილეობას.
10. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
11. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმები ემსახურება კრედიტორების საკუთრების უფლების დაცვის ლეგიტიმურ საჯარო მიზანს. სადავო ნორმები მიმართულია იმ კრედიტორთა ინტერესების დაცვისაკენ, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაც დამოკიდებულია იძულებითი აუქციონის წარმატებით ჩატარებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, აგრეთვე ემსახურება მართლმსაჯულების აღსრულებას. ამავდროულად, გამოყენებული ღონისძიება არის დასაშვები, აუცილებელი და ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვიწროდ პროპორციული საშუალება.
12. მოპასუხის პოზიციით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული პირის წილი ან აქციები არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი, რომლის გასხვისება ნებისმიერი ფორმითაა დასაშვები. შესაბამისად, კანონით დადგენილ ფარგლებში, დასაშვებია მასზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება – მფლობელობა, სარგებლობა, განკარგვა და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებითი აუქციონის წესით, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისების შედეგად, აღნიშნულ წილზე ან აქციებზე საკუთრების უფლების გადასვლის დაბრკოლების უფლებამოსილება აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ გააჩნია, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აღნიშნული კომპანიის წილს ან აქციებს შეიძენს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი. მოპასუხის არგუმენტაციით, აღსრულებისას, იძულებით აუქციონზე ყიდვა-გაყიდვის ობიექტი არის არა თავად მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია/ავტორიზაცია, არამედ აღნიშნული ლიცენზიის/ავტორიზაციის მფლობელი კომპანიის წილი. ამდენად,ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კომპანიის წილის შეძენა არ არის მართლსაწინააღმდეგო გარიგება, მაუწყებლობის ლიცენზიის/ავტორიზაციის დაკარგვა კი მხოლოდ ამ გარიგების თანამდევი შედეგია.
13. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, აგრეთვე განმარტა, რომ, თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს საზოგადოების ინტერესს, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის საკუთრებაში არ აღმოჩნდეს მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე კომპანია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მაუწყებლობის გამჭვირვალობა. მოპასუხის პოზიციით, აღნიშნული დანაწესიდან მომდინარე უარყოფითი შედეგების პრევენციის ვალდებულება არა სახელმწიფოს, არამედ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებულ/ავტორიზებულ პირს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში, საკითხი შეეხება სამეწარმეო ურთიერთობებს, სადაც საწესდებო ავტონომიის ფარგლებში, პარტნიორებს/აქციონერებს აქვთ შესაძლებლობა, თავიდან აიცილონ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული იურიდიული პირის წილის ან აქციების პირდაპირ ან ირიბად მფლობელობა. კერძოდ, მათ აქვთ შესაძლებლობა, წესდებით გაითვალისწინონ პირობები, რომელიც შეზღუდავს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული იურიდიული პირის წილის ან აქციების ფლობას და, ამგვარი პირობის დადგომის შემთხვევაში, შემძენი ვალდებული იქნება, გაასხვისოს წილი, მაგალითად, სხვა პარტნიორების/აქციონერების მიმართ საჯარო შეთავაზების გზით და ა. შ.
14. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, სახელმწიფოს გააჩნია მართლმსაჯულების აღსრულების, კრედიტორის ინტერესთა (დროული და ადეკვატური) დაკმაყოფილების და იძულებით აუქციონზე შემძენის კანონიერი ინტერესების დაცვის პრიორიტეტული ინტერესი მეწარმე სუბიექტის მიერ ლიცენზიის შეჩერების/გაუქმების რისკებთან მიმართებით. შესაბამისად, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას.
15. მოპასუხე მხარის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლის მითითებით, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საჯარო აუქციონზე შესაძლებელია, მყიდველის ინტერესი უკავშირდებოდეს არა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი სუბიექტის, როგორც ლიცენზირებული/ავტორიზებული პირის წილის ფლობას, არამედ აღნიშნული ლიცენზიის მიღმა საწარმოს სხვა ქონებასაც. შესაბამისად, ისეთი რეგულაცია, რომელიც აუქციონში გამარჯვებულ პირს შეუზღუდავს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლას, გამოიწვევს არა მხოლოდ მოვალის კრედიტორის, არამედ აუქციონში გამარჯვებული პირის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევას, რამდენადაც ამგვარი დაშვების ფარგლებში სახელმწიფო სრულიად უგულებელყოფს იმგვარი ინტერესის არსებობას, რომელიც შესაძლებელია, უკავშირდებოდეს, ლიცენზიის მიღმა, სუბიექტის სხვა ინტერესს. შესაბამისად, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირისათვის მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენის შეზღუდვით, სახელმწიფო არაკონსტიტუციურად შეზღუდავს როგორც კერძო პირის მიერ ქონებაზე საკუთრების მოპოვების კონსტიტუციურ უფლებას, აგრეთვე კრედიტორის ინტერესს, მოითხოვოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დროული აღსრულება. ამავდროულად, ამგვარი ტრანზაქციის განხორციელება აკრძალული არ იქნება აღნიშნული საწარმოს პარტნიორისათვის, რომელსაც შეეძლება, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, ნებაყოფლობით გაასხვისოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული პირის აქციები, მათ შორის, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირზე. შესაბამისად, მოპასუხის პოზიციით, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, რომ სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება და იმაზე მეტად იზრუნოს კონკრეტულ საწარმოზე და მის პარტნიორებზე/აქციონერებზე, ვიდრე თავად აღნიშნული საწარმოს პარტნიორებს/აქციონერებს აქვთ მასზე ზრუნვის ვალდებულება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაციები საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უნდა იქნეს მიჩნეული.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1311 კონსტიტუციური სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან (გამოხატვის თავისუფლება) და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან (საკუთრების უფლება) მიმართებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც მაუწყებლობის/ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანის შემთხვევაში, იძულებით აუქციონში მონაწილე პირების მიმართ არ ითვალისწინებს კომისიისათვის შეტყობინებისა და წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულებას და არ კრძალავს იძულებით აუქციონში ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მონაწილეობას. განსახილველ შემთხვევაში, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს სადავო ნორმების შესაბამისობის დადგენას თვისობრივად სხვადასხვა შინაარსის მქონე კონსტიტუციურ უფლებებთან. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის თითოეული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
1. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
1.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების დაცული სფერო
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილი საკუთრების უფლება თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და განვითარების საფუძველია. საკუთრების უფლების სრულყოფილი რეალიზაციის გარეშე შეუძლებელია საბაზრო ეკონომიკის განვითარება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე აღნიშნული კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული საკუთრების უფლება „ ... ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ... ასევე ... შესაძლოა, განხილული იქნეს, როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის ლიცენზია/ავტორიზაცია სამაუწყებლო სიხშირეებზე წვდომის, მათი გამოყენებისა და მაუწყებლობის განხორციელების საფუძველია, რომელსაც გააჩნია ეკონომიკური ღირებულება და აღნიშნულ სფეროში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. საქმიანობის უფლების ლიცენზია/ავტორიზაცია, ერთი მხრივ, თავად განეკუთვნება საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცულ ქონებრივ სიკეთეს, მეორე მხრივ კი, წარმოშობს ლეგიტიმურ საკუთრებით ინტერესებს, ამავე ლიცენზიის/ავტორიზაციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე, მოპოვებულ/მოპოვებად ეკონომიკურ სარგებელზე. შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს, ისევე როგორც მის პარტნიორებს/აქციონერებს გააჩნიათ საქმიანობის ლიცენზიის/ავტორიზაციის შენარჩუნების, მისი შეჩერებისაგან, ჩამორთმევისაგან ან გაუქმებისაგან და, აღნიშნულიდან გამომდინარე, თავად ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის ღირებულებისა და შესაბამისი შემოსავლის შემცირებისაგან დაცვის ლეგიტიმური კონსტიტუციური ინტერესი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ, ზოგადად, კერძოსამართლებრივი წესრიგის შექმნა, საკუთრების უფლების შინაარსისა და ფარგლების დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან მომდინარე სახელმწიფოს ვალდებულების შემადგენელი ნაწილია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული კონსტიტუციური სიკეთეა აგრეთვე პირის შესაძლებლობა, დაცული იყოს სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან იმგვარი სამართლებრივი წესრიგის ჩამოყალიბებისაგან, რომელიც იწვევს პირისათვის სხვადასხვა სახის გაუმართლებელი ვალდებულებების დაწესებას.
5. ამდენად, საკუთრების უფლებით, პრაქტიკული და ეფექტური სარგებლობის მიზნებისათვის საკმარისი არ არის პირთა უზრუნველყოფა მხოლოდ აბსტრაქტული უფლებრივი გარანტიებით. აუცილებელია იმგვარი სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას. „საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებაზე.
1.2. სადავო ნორმების შინაარსისა და მოსარჩელის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს იძულებით აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლის/მიღების წესს. აღნიშნული ნორმის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ხსენებული დანაწესის მსგავსი შინაარსისაა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, გამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ამდენად, სადავო რეგულაციები აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს და შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლას უკავშირებს აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ მხოლოდ აღნიშნული ქონების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულებას, განურჩევლად იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების ბუნებისა და ქონებასთან დაკავშირებული სხვა საჯაროსამართლებრივი ვალდებულებისა.
7. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მაუწყებლის წილის ფლობა უკავშირდება გარკვეულ ვალდებულებებს და შეზღუდულია პირთა წრე, რომელიც შეიძლება ფლობდეს მას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი. შესაბამისად, ხსენებული კომპანიის წილის ან აქციების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის პირდაპირ ან ირიბად შეძენა/ფლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევასა და შესაბამისი სანქციების დაწესებას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურებისას, შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომისია უფლებამოსილია, მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. მაუწყებლის მიერ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი, კომისია ვალდებულია, მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა. აღნიშნული კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია განიხილავს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, ხოლო ამავე კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ლიცენზიის მფლობელი პირი ლიცენზიის შეჩერების ვადის განმავლობაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა ლიცენზიის გაუქმების საფუძველია. ამავდროულად, აღნიშნული კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 112 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიას გააჩნია სამაუწყებლო სფეროში ავტორიზებულ პირზე ზემოქმედების არსებითად იდენტური მექანიზმები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეაჩეროს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი პირის ავტორიზაცია დარღვევის აღმოფხვრამდე, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. ამავდროულად, აღნიშნული მუხლის 111 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. ამდენად, ნათელია, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული კომპანიის წილის ან აქციების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ პირდაპირ ან ირიბად შეძენამ შესაძლებელია, გამოიწვიოს აღნიშნული კომპანიისათვის ფინანსური სანქციების დაწესება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება, აგრეთვე ავტორიზებული პირის ავტორიზაციის შეჩერება და ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების აკრძალვა.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ დასახელებული კანონი აბსოლუტურად გამორიცხავს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის მქონე პირის წილის ფლობის შესაძლებლობას. კომისიის წარმომადგენლის მითითებით, აღნიშნული მექანიზმები ემსახურება მაუწყებლობის სფეროში დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზნებს. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების მფლობელი პირდაპირ ან ირიბად გახდება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი, კომისია გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს. შესაბამისად, „შპს სტერეო+“-ის წილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ პირდაპირ ან ირიბად შეძენამ შესაძლებელია, გამოიწვიოს „შპს სტერეო+“-ისათვის როგორც ფინანსური სანქციების დაკისრება, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ძალაში მყოფი ლიცენზიების შეჩერება ან გაუქმება და მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერება. აღნიშნული კი, თავისთავად, გულისხმობს ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების შეჩერებას ან აკრძალვას.
9. „შპს სტერეო+“-ისათვის მაუწყებლობის სფეროში შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, იგი აღარ იქნება უფლებამოსილი, განახორციელოს ლიცენზიით/ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა – მაუწყებლობა. აღნიშნული საქმიანობა კი მოსარჩელე კომპანიის ბრუნვისა და ეკონომიკური სარგებლის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. საქმიანობის ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის შეწყვეტა უარყოფით ზეგავლენას ახდენს კომპანიის ღირებულებაზე. ამდენად, ლიცენზიით/ავტორიზაციით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლების შეზღუდვამ შესაძლოა, გამოიწვიოს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის ფინანსური მაჩვენებლების, შემოსავლების ან/და მოგების შემცირება, ეკონომიკურად არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება და ეკონომიკური ზიანი. თავის მხრივ, სამეწარმეო სუბიექტისათვის ფინანსური სანქციების დაკისრება ან/და შესაბამისი საქმიანობის უფლების შეჩერება ან გაუქმება უარყოფით ზეგავლენას ახდენს აღნიშნული კომპანიის პარტნიორების ან/და აქციონერების ფინანსურ ინტერესებზე.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები, ამ თვალსაზრისით, იწვევს როგორც მოსარჩელე კომპანიის, აგრეთვე მისი პარტნიორების საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
11. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი საკანონმდებლო ხელისუფლებას უდგენს ისეთი სამართლებრივი წესრიგის ჩამოყალიბების ვალდებულებას, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით პრაქტიკულ და ეფექტურ სარგებლობას. სახელმწიფო ვალდებულია, სააღსრულებო წარმოების პროცესში, ქონების იძულებითი რეალიზაციისას, შექმნას იმგვარი სამართლებრივი სისტემა და პროცედურული გარანტიები, რომელიც გამორიცხავს პირის საკუთრების ობიექტზე არაგონივრული ზემოქმედების შესაძლებლობას. კერძოდ, სააღსრულებო პროცედურები, იძულებით აუქციონზე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული კომპანიის წილის ან აქციების რეალიზაციის შემთხვევაში, უნდა გამორიცხავდეს აღნიშნული კომპანიისათვის სხვდასხვა სახის ისეთი არანებაყოფლობითი ვალდებულებების დაკისრებას, რომელიც გაუმართლებლად აყენებს ზიანს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიზღუდება როგორც აღნიშნული კომპანიის, აგრეთვე მისი პარტნიორების ან აქციონერების საკუთრების კონსტიტუციური უფლება.
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და 26-ე მუხლის პირველი პუნქტი, ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, ითვალისწინებს შეძენის განზრახვის თაობაზე კომისიისათვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას, თუ მათი შეძენის შედეგად, შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში, ჯამში, აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5% ან მეტი. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. ამავდროულად, აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიისათვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც ხდება.
13. აღსანიშნავია, რომ იძულებითი აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. ამასთან, დაფარულია მონაწილეთა ვინაობა და სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას. მოსარჩელე კომპანიისათვის იძულებითი აუქციონის დასრულებამდე უცნობია იძულებით აუქციონში მონაწილე პირთა ვინაობა. აღნიშნული გარემოების გამო, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული კომპანიის წილის იძულებით აუქციონზე გასხვისებისას აღნიშნული კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, შეასრულოს მასზე დაკისრებული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება.
14. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი თავისი წილის ან აქციების გასხვისების შესახებ კომისიას ფორმალურად შეატყობინებს, იძულებითი აუქციონის შედეგების გამოცხადებისა და გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ, იგი შემძენისგან დამოუკიდებლად, მოკლებული იქნება შესაძლებლობას, შეასრულოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. აღნიშნული ნორმის თანახმად, ავტორიზებული პირი, რომლის წილის ან აქციების რეალიზაციაც ხდება, ვალდებულია, კომისიისათვის წარდგენილ შეტყობინებაში მიუთითოს შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან; სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა, აგრეთვე ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს, მათ შორის, კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე. შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, კომისიას შეატყობინოს არა მხოლოდ შემძენი სუბიექტის ვინაობის თაობაზე, არამედ წარუდგინოს მას მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით მკაფიოდ განსაზღვრული ინფორმაცია. აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის კი, თავის მხრივ, აუცილებელია, კომპანიას გააჩნდეს იმგვარ განსაკუთრებულ ინფორმაციაზე წვდომა, როგორიცაა, მათ შორის, წილის შემძენი სუბიექტის საქმიანობისა და ეკონომიკური მაჩვენებლების (მაგალითად, შემოსავლები) შესახებ ინფორმაცია. ზემოთ მითითებული სხვადასხვა სახის ინფორმაციის ბუნებიდან გამომდინარე, კომპანია, რომლის წილის რეალიზაციის პროცესიც მიმდინარეობს, შემძენი სუბიექტის ნებისაგან დამოუკიდებლად, მოკლებულია შესაძლებლობას, წარუდგინოს იგი კომისიას.
15. კომისიისათვის წინასწარი შეტყობინების წარდგენისა და თანხმობის მიღების ვალდებულება არ ეკისრება არც იძულებით აუქციონზე ქონების შეძენით დაინტერესებულ და არც იძულებითი აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს. გასაჩივრებული რეგულაციები, იძულებით აუქციონზე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული სუბიექტის წილის ან აქციების შეძენისას, შეტყობინების არარსებობას საკუთრების უფლების გადასვლის დამაბრკოლებელ გარემოებად არ მიიჩნევს. ამდენად, სადავო რეგულაციები არ ითვალისწინებს იძულებით აუქციონზე ავტორიზებული პირის წილის გასხვისების პროცესში კომისიისათვის წინასწარი შეტყობინების წარდგენისა და, აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველმყოფ გარანტიებს.
16. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილი ან აქციები, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, იძულებით აუქციონზე გასხვისდეს კომისიისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. შედეგად კი, კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას, განახორციელოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე–27-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, კერძოდ, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის პრევენციის მიზნით, მათ შორის, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს შეძენის პირობების კორექტირება ან აკრძალოს ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას. ამასთან, სააღსრულებო წარმოების პროცესში არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დააბრკოლებდა აღნიშნული კომპანიის წილის ან აქციების შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლას. ხსენებულმა კი შესაძლებელია, გამოიწვიოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოსარჩელე კომპანიის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ჩამოყალიბება. აღნიშნული კი, თავის მხრივ, დაკავშირებულია მისთვის, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის, სპეციფიკური ვალდებულებების დაწესებასთან.
17. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, საკუთარი გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე სპეციფიკური ვალდებულება. მათ შორის, ინფორმაციის გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულებები, რომელთა არსი, ბუნება და ფარგლები განისაზღვრება ამავე კანონის 31-ე–35-ე მუხლებით. კერძოდ, ინფორმაციის გამჭვირვალობის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ სუბიექტს ეკისრება, მათ შორის, საკუთარი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაციის, სხვადასხვა ტექნიკური ელემენტების, საშუალებებისა და მახასიათებლების, ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან, თავისუფალ სიმძლავრეებთან და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობების, დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების ანგარიშსწორების პირობების გასაჯაროების ვალდებულება. დანახარჯებისა და შემოსავლების გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია, ავტორიზებულ პირს მოსთხოვოს სააღრიცხვო, ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის, დანახარჯების განაწილებისა და სხვა ავტორიზებული პირებისაგან მიღებული შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა და, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, საკუთარი გადაწყვეტილებით გაასაჯაროოს ავტორიზებული პირის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დასახელებული კომპანია ვალდებულია, ამ კანონით გათვალისწინებული მომსახურების გარკვეული კატეგორიის მიწოდება განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით და სხვა.
18. შესაბამისად, არსებული სამართლებრივი მოწესრიგების პირობებში შესაძლებელია, იძულებით აუქციონზე მოსარჩელე კომპანიის წილის გასხვისების შედეგად, დასახელებული კომპანია არანებაყოფლობით აღმოჩნდეს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რაც გამოიწვევს მისთვის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებულ სხვდასხვა სახის სპეციფიკური ვალდებულების დაკისრებას. ასეთ შემთხვევაში კომპანია იძულებული გახდება, შეცვალოს, მათ შორის, საკუთარი საქმიანობის ძირითადი პრინციპები მასზე, როგორც ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად. კერძოდ, შესაძლოა, საჭირო გახდეს კონკურენტებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმის, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაშვების პირობების, ფორმისა და მეთოდების შეცვლა. აგრეთვე შესაბამის ბაზარზე შეთავაზებული მომსახურებისა თუ საქონლის ფასწარმოქმნის თავისუფლება შესაძლოა დაექვემდებაროს სატარიფო რეგულაციებს და გაიზარდოს სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსადმი მისი ანგარიშვალდებულების ხარისხიც. ყოველივე ზემოაღნიშნული ზეგავლენას მოახდენს კომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და არსებითად შეცვლის გარემოს, რომელშიც იგი იმყოფებოდა წილების ან აქციების იძულებით აუქციონზე რეალიზაციამდე. სადავო ნორმები ამ თვალსაზრისითაც ზღუდავს მოსარჩელეთა საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
19. საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთებისას მოსარჩელეებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე იმ გარემოებაზე, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულება, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული კომპანიის წილის გასხვისების შესახებ მოხდეს კომისიისათვის წინასწარი შეტყობინება, ეკისრება ავტორიზებულ პირს. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, კომპანიის წილი შესაძლებელია ისე გასხვისდეს, რომ ობიექტურად ვერ მოხდეს კომისიისათვის წინასწარი შეტყობინება, რაც გამოიწვევს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. შედეგად კი, კომპანიას აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაეკისრება ფინანსური სანქციები.
20. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება, თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად, შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში, ჯამში, აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5% ან მეტი. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მათ შორის, წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. №1311 კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თამარ ხუხუნაიშვილის განმარტებით, ავტორიზებული წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანიას არ დაეკისრება სანქცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების არაბრალეულად შეუსრულებლობისათვის. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელეს დამატებით არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარწმუნებდა კომისიის თანამშრომლის პოზიციის უსაფუძვლობაში. კერძოდ, მოსარჩელის არგუმენტაციიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე კომისიისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე გასხვისების შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანიას აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის რაიმე სახის ფინანსური ან/და არაფინანსური სანქცია დაეკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ამ თვალსაზრისით, არ დასტურდება მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ფაქტი.
1.3. უფლების შეზღუდვის გამართლება
21. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება, მიუხედავად მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობისა, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია „ ... უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო საკუთრებითი ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). აუცილებელია, „მესაკუთრემ გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
22. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა საჯარო ინტერესებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. სწორედ საჯარო ინტერესის არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამავდროულად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ უფლების შეზღუდვის ფორმალური და მატერიალური მოთხოვნების დაცვით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
1.3.1. სადავო ნორმების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ფორმალურ მოთხოვნებთან მიმართებით
23. საქართველოს კონსტიტუციის დებულებები, გარკვეულ შემთხვევებში, განსაზღვრავენ, რომ ადამიანის ძირითადი უფლებებისა თუ თავისუფლებების შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი ფორმის დაცვით. ამ თვალსაზრისით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საკითხის კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნის დაუცველობა კი, თავად რეგულაციის შინაარსისაგან დამოუკიდებლად, განაპირობებს უფლების შემზღუდველი ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის შინაარსობრივად იდენტური დებულება. შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, სფეროს რეგულირებისას კანონქვემდებარე აქტში კანონით გათვალისწინებული ნორმების გამეორება არღვევს თუ არა უფლების კანონით შეზღუდვის კონსტიტუციურ მოთხოვნას.
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, კონკრეტული საკითხის კანონით მოწესრიგების საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა მასზე გადაწყვეტილების მიმღებ ლეგიტიმურ ორგანოდ საქართველოს პარლამენტის განსაზღვრას ემსახურება. „კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით მიუთითებს იმ საკითხებს, რომელთა მოწესრიგების უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს პარლამენტს გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-20). ხსენებული მოთხოვნა უზრუნველყოფს, რომ აღნიშნული პროცესი განხორციელდეს „უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელსაც აქვს ხალხის მიერ მინიჭებული მაღალი ლეგიტიმაცია. საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებისას აქტის მიღება ხდება წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოს მიერ შესაბამისი პროცედურების საფუძველზე. ამდენად, საქართველოს პარლამენტი არის ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც საკითხს წყვეტს გამჭვირვალე საკანონმდებლო პროცესის საფუძველზე, პოლიტიკური დებატების შედეგად, რაც საფუძველშივე ქმნის დამატებით ფილტრს უფლებაში გაუმართლებლად ჩარევის რისკების შესამცირებლად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-28).
25. ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების კანონით შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული კონსტიტუციური მოთხოვნა უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაციას. თავის მხრივ, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის „ ... დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, არამედ მისი მიზანია, აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც გამოხატულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის თავებში მოცემული რეგულირებებით, რომლებიც განსაზღვრავს ხელისუფლების თითოეული შტოს კომპეტენციას და მის ურთიერთმიმართებას სხვა შტოებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6, 7).
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მიმართულია სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრაციისა და ბოროტად გამოყენების რისკების თავიდან აცილებისკენ. სახელმწიფო ხელისუფლების ამგვარი ინსტიტუციონალიზაციის პირობებში შესაძლებელი ხდება სახელისუფლებლო ძალაუფლების უზურპირების პრევენცია, უზენაესი და წარუვალი კონსტიტუციური ღირებულების – ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №3/4/641 გადაწყვეტილება საქმეზე „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-2). ამასთან, „კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისი კონსტიტუციური ლეგიტიმაციის არმქონე სუბიექტის მიერ განხორციელება ქმნის როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის რისკებს, ისე საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ეფექტიან ფუნქციონირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №3/4/641 გადაწყვეტილება საქმეზე „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-6).
27. ამდენად, უფლების კანონით შეზღუდვის მოთხოვნის უმთავრესი მიზანია, უზრუნველყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების თვითნებურად, ბოროტად გამოყენების პრევენცია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მნიშვნელოვან საკითხებზე შეზღუდვის დაწესებისათვის კანონის მოთხოვნა, რაც თავისთავად გულისხმობს საკითხის გადაწყვეტას გამჭვირვალე საკანონმდებლო პროცესის საფუძველზე, პოლიტიკური დებატების შედეგად. თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საკითხის მოწესრიგებისას ზემოაღნიშნული რისკები გამოირიცხება იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი უფლებების შემზღუდველ კანონქვემდებარე სამართლებრივ აქტში არსებული რეგულაცია ზუსტად იმეორებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო აქტში მითითებული რეგულაციის შინაარსს/ტექსტს. მსგავს შემთხვეებში უფლების შეზღუდვის საფუძველი, შინაარსი და ფარგლები განისაზღვრება საქართველოს კანონით. კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტით საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული რეგულაციის ტექსტის/შინაარსის გამეორებას კი, მხოლოდ ტექნიკური ხასიათი გააჩნია, ეჭვქვეშ არ აყენებს ზემოაღნიშნული მიზნების რეალიზაციას და არ ეწინააღმდეგება საკითხის კანონით მოწესრიგების ფორმალურ კონსტიტუციურ მოთხოვნას.
28. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი ერთი და იმავე შინაარსის მქონე კანონისა და მინისტრის ბრძანების ნორმა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მინისტრის მიერ საკითხის მოწესრიგება კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგო არ არის. შესაბამისად, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, ფორმალური თვალსაზრისით არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
1.3.2. უფლების შეზღუდვის მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციის მე-19 მუხლის მოთხოვნებთან
29. უფლების კანონით შეზღუდვის მოთხოვნასთან ერთად საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასევე ადგენს, რომ საკუთრების უფლება შესაძლოა შეიზღუდოს მხოლოდ საჯარო ინტერესების შესაბამისად. ამავდროულად, „კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად პასუხობს დადგენილი შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნებს.
1.3.2.1. ლეგიტიმური მიზანი
30. უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმები. კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებად დაასახელეს (ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის საკუთრებითი ინტერესის დაცვა, რამდენადაც აუქციონზე კონკრეტული პირის წილის ან აქციების შეძენის ინტერესი შესაძლებელია, უკავშირდებოდეს არა საწარმოს, როგორც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების ფლობას ან ლიცენზიით/ავტორიზაციით ნებადართული საქმიანობის განხორციელებას, არამედ აღნიშნული ლიცენზიის/ავტორიზაციის მიღმა საწარმოს სხვა ქონებასაც; (ბ) იმ კრედიტორთა საკუთრებითი ინტერესების დაცვა, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაც დამოკიდებულია იძულებითი საჯარო აუქციონის დროულად, ადეკვატურად და წარმატებით ჩატარებაზე.
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების შეძენის უფლება გულისხმობს პიროვნების შესაძლებლობას, გახდეს მესაკუთრე. ადამიანის მისწრაფება საკუთრების მოპოვებისკენ, მისთვის დამახასიათებელ ნორმალურ სოციალურ ქცევას წარმოადგენს. მისი ეს სწრაფვა პიროვნული თავისუფლების ერთგვარი გამოვლინებაა. საკუთრების შეძენის კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს ადამიანს, შექნას მისი საკუთრება და ამის საფუძველზე უზრუნველყოს საკუთარი კეთილდღეობა ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამდენად, აუქციონზე ქონების შეძენისას შემძენი საკუთრების კონსტიტუციური უფლების ფარგლებში მოქმედებს. შესაბამისად, მისთვის კონსტიტუციური უფლების რეალიზების შესაძლებლობის მინიჭება მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სიკეთეს წარმოადგენს.
32. როგორც უკვე აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის საკუთრებითი ინტერესის დაცვის მიღმა, მოპასუხე მხარის მიერ სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნად ასევე დასახელდა კრედიტორთა მოთხოვნის აღსრულება. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორისათვის საკუთრებითი ინტერესის დროული და ადეკვატური დაკმაყოფილება ღირებული კონსტიტუციური სიკეთეა, რომელიც მომდინარეობს სამართლიანი სასამართლოს (სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება) ან საკუთრების უფლებიდან (სხვა აქტების აღსრულება). სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ქონებრივი ვალდებულების შეუსრულებლობისაგან ეფექტურად დასაცავად შექმნას სათანადო სამართლებრივი გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დადგებოდა როგორც კრედიტორთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ სანდოობის, აგრეთვე, ზოგადად, სამართლებრივი სტაბილურობის საკითხი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანებს უნდა გააჩნდეთ განცდა, რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისას, მეორე მხარის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში, არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რათა მათი ინტერესები არ იქნეს გაუმართლებლად შელახული. აღნიშნულის არარსებობა მკვეთრად დააბრკოლებდა ნებისმიერ პირს ამგვარ ურთიერთობებში შესვლისაგან და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას დააყენებდა ეჭვქვეშ. იმავდროულად, კრედიტორთა კანონით განსაზღვრული წესით აღიარებული მოთხოვნების დაკმაყოფილება დასახელებულ გადაწყვეტილებათა მიმართ სანდოობის საწინდარს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-22).
33. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იძულებით აუქციონზე ქონების შემძენი სუბიექტის საკუთრების შეძენისა და კრედიტორების აღიარებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობის შექმნა ღირებული კონსტიტუციური სიკეთეებია, რომელთა დასაცავადაც შესაძლებელია მოსარჩელეთა საკუთრების უფლების შეზღუდვა.
1.3.2.2. გამოსადეგობა
34. თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შემზღუდველი რეგულაცია იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. იმისათვის, რომ გასაჩივრებული რეგულაცია პასუხობდეს გამოსადეგობის მოთხოვნას, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
35. სადავო ნორმები იძულებით აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ღირებულების სრულად გადახდას. სააღსრულებო კანონმდებლობით იძულებით აუქციონში მონაწილეობის პროცედურული ასპექტები იმგვარადაა განსაზღვრული, რომ უზრუნველყოფს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მასში მონაწილეობისა და სარეალიზაციოდ შეთავაზებული ქონების შეძენისა და მასზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. ამდენად, სადავო ნორმები ქმნის მოსარჩელე კომპანიის ან/და მისი პარტნიორების კრედიტორების მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მათ შორის, აღნიშნული კომპანიის წილის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტზე გასხვისების გზით. ამდენად, სადავო ნორმები ხელს უწყობს მესამე პირების მიერ მაუწყებლის წილის შეძენას და ამ ფორმით კრედიტორთა დაკმაყოფილებას. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა აკმაყოფილებს გამოსადეგობის მოთხოვნას.
1.3.2.3. აუცილებლობა
36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის.
37. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით დასახელებული ორივე არგუმენტი მიემართება მაუწყებლობის/ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების საჯარო აუქციონზე შეძენის უფლების მქონე პირთა წრის შემცირებას. მოსარჩელე, ერთი მხრივ, მიიჩნევს რომ უნდა გამოირიცხოს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ ხსენებული ქონების შეძენა და წილის შეძენა კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე (რაც თანხმობის არარსებობის შემთხვევაში კვლავ ქონების შემძენ სუბიექტთა წრეს შეამცირებს).
38. მაუწყებლობის/ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების საჯარო აუქციონზე შეძენის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვა, თავისთავად, ამცირებს ხსენებულ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის შესაძლებლობას. ამავე დროს, შემძენ სუბიექტთა წრის შემცირება ასევე ამცირებს ქონების პოტენციურ სარეალიზაციო ფასს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული ღონისძიებების გატარება პოტენციურად შეამცირებს კრედიტორთა დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ისევე, როგორც გაართულებს და გარკვეულ პირთათვის კი სრულად გამორიცხავს საკუთრების შეძენის შესაძლებლობას. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმით დადგენილი ქონების შესყიდვის შესაძლებლობის რომელიმე პირისთვის შეზღუდვა, შეამცირებს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ეფექტურობას.
39. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ არ არსებობს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ნაკლებად შემზღუდველი და მსგავსად ეფექტური საშუალება. შესაბამისად, სადავო ნორმები პასუხობენ აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.
1.3.2.4. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. აუცილებელია, უფლებაშემზღუდველი ღონისძიების შემუშავებისას სახელმწიფომ დაადგინოს სამართლიანი ბალანსი იმგვარად, რომ სიკეთე, რომლის მიღწევასაც ემსახურება სადავო ნორმა, აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს.
41. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმიდან მომდინარე ორ, ერთმანეთისაგან განსხვავებული ფორმის საკუთრების უფლების შეზღუდვას. ხსენებული შეზღუდვები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს. შესაბამისად, სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს თითოეულ მათგანთან მიმართებით, რამდენად არსებობს ზემოთ ხსენებული ლეგიტიმური მიზნების დაცვის აღმატებული ინტერესი.
1.3.2.4.1. სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემის შესაძლებლობას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე
42. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმები უშვებენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის გასხვისების შესაძლებლობას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე. შედეგად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, კომპანიის წილის ან აქციების გასხვისებისას გამოიყენოს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენისა და კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის პრევენციისათვის მინიჭებული მექანიზმები. შესაბამისად, იძულებითი აუქციონის არსებულ სისტემაში შეუძლებელი ხდება კომისიის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება. შედეგად, შესაძლოა მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, იგი გახდეს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელსაც ეკისრება მთელი რიგი ვალდებულებები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-17-მე-18 პარაგრაფები).
43. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის პროპორციულობის (ვიწრო გაგებით) შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია აუქციონზე ქონების იძულებით გასხვისების პროცესის იმგვარად რეგულირება, რომ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სირთულეების გარეშე გამოირიცხოს კომპანიის წილის კომისიის კონტროლის გარეშე გასხვისება. მაგალითად, შესაძლებელია ისეთი სისტემის შემოღება, რომლის ფარგლებშიც აუქციონში გამარჯვებულ პირს ექნება მაკონტროლებელი ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულება და წილზე საკუთრების მოპოვება შესაძლებელი გახდება კომისიის სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის საკითხი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან მიმართებით. კერძოდ, „კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-4 ბრძანების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება შეძენის შემთხვევაში შემძენს (კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს); ამავდროულად, აღნიშნული ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, კონცენტრაციის მონაწილეებს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობათ, მათ შორის, აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს კონცენტრაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე (მარეგისტრირებელ ორგანოში მის რეგისტრაციამდე).
44. ამდენად, არსებული ფორმით უფლების შეზღუდვის სასარგებლო არგუმენტად არ გამოდგება იძულებითი აუქციონის ფარგლებში კომისიისთვის შეტყობინების სისტემის ფუნქციონირების შეუძლებლობა ან/და გადაულახავი ადმინისტრაციული სირთულე. მოცემულ შემთხვევაში უფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას ერთმანეთს უპირისპირდება მხოლოდ კერძო პირთა ინტერესები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად აღემატება სადავო ნორმის საფუძველზე საწარმოს წილის შემძენის (იმ პირობებში, როდესაც წილის შეძენა ხსენებულ საწარმოს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონედ აქცევს) და კრედიტორის ინტერესები მოსარჩელეთა ინტერესს, მათი ნების საწინააღმდეგოდ არ იქცნენ საბაზრო ძალაუფლების მქონე და, შესაბამისად, ზემოთ ხსენებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ვალდებულებების ადრესატ პირად.
45. როგორც აღინიშნა, მოსარჩელესა და მის მდგომარეობაში მყოფი კომპანიების ინტერესის შეზღუდვა უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ისინი შესაძლებელია დაექვემდებარონ კომისიის მკაცრ რეგულირებას, რაც, რამდენადმე შეაფერხებს მათ თავისუფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართონ კომერციული საქმიანობა. ამავდროულად, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა ემსახურება კრედიტორებისა და აუქციონზე წილის შეძენის მსურველი პირების ინტერესების დაცვას. ამასთან, იმის უზრუნველყოფით, რომ წილის გასხვისება არ მოხდეს იმგვარ სუბიექტზე, რომლის მიერ წილის შეძენა ეწინააღმდეგება სფეროში ჯანსაღ კონკურენციას ან კომპანიას აქცევს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, კრედიტორთა ინტერესი არსებითად არ შეიზღუდება. კრედიტორებს არ წაერთმევათ შესაძლებლობა, აუქციონზე რეალიზაციის გზით გასხვისდეს კომპანიის წილი, თუმცა შეძენის მსურველთა წრიდან გამოირიცხება მხოლოდ პირთა ცალკეული კატეგორია, რამაც შესაძლოა, მცირედით შეაფერხოს კრედიტორების მოთხოვნის ეფექტიანად დაკმაყოფილება. ასეთ შემთხვევაში, კრედიტორების ინტერესის დაცვის საჭიროება და პოტენციური შემძენის ინტერესი, რომ შეიძინოს კომპანიის წილი იმ პირობებშიც, როდესაც კომპანია იქცევა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, ვერ გადაწონის ავტორიზებული კომპანიისა და მისი პარტნიორების ინტერესს, შეუფერხებლად განახორციელონ საკუთარი კომერციული საქმიანობა.
46. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს გონივრულ ბალანსს უფლების შეზღუდვის შედეგად დაცულ ინტერესებსა და თავად შეზღუდვის შედეგად დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემის შესაძლებლობას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე, როდესაც ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისება ექვემდებარება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე–27-ე მუხლების შესაბამისად შეტყობინებას, ვერ პასუხობს კონსტიტუციის მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
1.3.2.4.2. სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული პირის წილზე ან აქციებზე საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემის შესაძლებლობას, რომლის მიერ წილის ან აქციების შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად
47. სადავო ნორმები უკავშირდება კრედიტორთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იძულებით აუქციონზე მაუწყებლობის სფეროში მოქმედი ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისებას. მსგავსი ღონისძიებების განხორციელებისას, სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შერჩეული მოწესრიგების მოდელი უნდა უზრუნველყოფდეს დაპირისპირებულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენას და მაქსიმალურად იყოს მიმართული მხარეებისათვის შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებისკენ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
48. სადავო ნორმებით გათვალისწინებულმა შეზღუდვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული კომპანიის ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის გაუქმება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-7-მე-9 პარაგრაფები). ამგვარი მიზეზით სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობის უფლების განუხორციელებლობამ შესაძლოა, გამოიწვიოს კომპანიის ღირებულების შემცირება და მისთვის და მისი პარტნიორებისათვის ან აქციონერებისათვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის მიყენება. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული ეკონომიკური სუბიექტისათვის ამ სფეროში საქმიანობა, როგორც წესი, შემოსავლის ძირითადი წყაროა. ამ პირობებში, ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის გაუქმებამ შესაძლოა, გამოიწვიოს საწარმოს სრული პარალიზება, სათანადო ბაზარზე არსებული ავტორიტეტისა და მომხმარებლების დაკარგვა, საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუფასურება, მესამე პირებთან ურთიერთობაში არსებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების გადახდევინების დაკისრება, უკიდურეს შემთხვევაში კი, გაკოტრება ან ლიკვიდაცია. ამდენად, მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფ პირთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ავტორიზაციის/ლიცენზიის შენარჩუნებას.
49. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა ლიცენზიის/ავტორიზაციის დაკარგვის დამდგენმა წესმა დააკმაყოფილოს პროპორციულობის (ვიწრო გაგებით) მოთხოვნები, საჭიროა იგი იცავდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა პირების ან საჯარო ინტერესებს. ამდენად, უნდა შეფასდეს მაუწყებლის წილის იმ პირობით შეძენა, რომ მაუწყებელი ლიცენზიას/ავტორიზაციას დაკარგავს, რამდენად წარმოადგენს შემძენისა და კრედიტორის იმდენად მნიშვნელოვან სასიცოცხლო ინტერსს, რომელიც გაამართლებდა მოსარჩელის უფლების ზემოთ ხსენებულ უმძიმესი ფორმით შეზღუდვას.
50. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული კომპანიის წილის ბუნებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ წილის შეძენის ინტერესი მხოლოდ (ან მომეტებულად) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან სხვა ისეთ სუბიექტებს გააჩნიათ. დასახელებული წილი ან აქციები ქონების იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის მიმართაც შესაძლებელია, არსებობდეს განუსაზღვრელი რაოდენობის პოტენციურ შემძენთა დაინტერესება. შესაბამისად, ზემოთ ხსენებული პირებისათვის იძულებითი აუქციონის ფარგლებში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული საწარმოს წილის შეძენის აკრძალვა კრედიტორებს კვლავ უტოვებს დასახელებული ქონების გასხვისების გზით მოთხოვნის დაკმაყოფილების რეალურ შესაძლებლობას. შესაბამისად, ასეთ პირობებში კრედიტორების ინტერესის შეზღუდვა არ იქნებოდა მაღალი ინტენსივობის.
51. ამავე დროს, საწარმოს წილის იმ პირობით შეძენის შემთხვევაში, რომ იგი ლიცენზიას/ავტორიზაციას დაკარგავს, შემძენის ინტერესი ვერ იქნება მიმართული მისი სამაუწყებლო საქმიანობის შედეგად ეკონომიკური სარგებლის მიღებასთან. ამავდროულად, არ გამოირიცხება, რომ გარკვეულ შემთხვევაში, ლიცენზირებული/ავტორიზებული კომპანიის წილის შეძენის ინტერესი დაკავშირებული იყოს კომპანიის ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის მიღმა არსებულ სხვა ქონების შეძენასთან. მაგალითად, შესაძლებელია, ასეთ ინტერესს განაპირობებდეს ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკური დანადგარები, მოწყობილობები და სხვა აქტივები. ამასთანავე, შესაძლებელია, არსებობდეს მოგების მიღების ინტერესი კომპანიის საქმიანობის სხვა ისეთი სფეროდან, რომელიც არ საჭიროებს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიასა და ავტორიზაციას. ამრიგად, ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების მიუხედავად, ზემოთ დასახელებულ პირებს შესაძლებელია, მაინც გააჩნდეთ კომპანიის წილის შეძენის გარკვეული ინტერესი. თუმცა ეს ინტერესი შესაძლოა უკავშირდებოდეს არა უშუალოდ საწარმოს, არამედ მისი გარკვეული კომპონენტების შეძენას თავად საწარმოს მიერ სამაუწყებლო საქმიანობის გაგრძელების განზრახვის გარეშე. ამდენად, ხსენებული ინტერესი ვერ იქნება იმდენად პატივსადები, რომ გაამართლოს მოსარჩელეთა მიმართ დადგენილი უფლების უმკაცრესი ფორმით შეზღუდვა.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ ადგენს სამართლიან ბალანსს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული საწარმოს და მისი პარტნიორების უფლებების შეზღუდვასა და ამ შეზღუდვის შედეგად დაცულ სიკეთეს შორის. მოსარჩელეთა უფლებისათვის მიყენებული ზიანი შეზღუდვის შედეგად დაცულ სიკეთესთან შედარებით არის ბევრად მძიმე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემის შესაძლებლობას, რომლის მიერ წილის ან აქციების შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად.
2. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით
2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლების დაცული სფერო
53. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები კი მიუთითებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასა და ცენზურის დაუშვებლობაზე.
54. გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის საფუძველი, ადამიანისა და საზოგადოების სრულფასოვნად განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
55. ამავდროულად, „ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა. აზრის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, რომ მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება კი უზრუნველყოფს, რომ აზრი მივიდეს ავტორიდან ადრესატამდე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
56. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულია არა მხოლოდ პირის უფლება, თავისუფლად გაავრცელოს აზრი, ინფორმაცია, შეხედულებები, არამედ აგრეთვე ის საშუალებები, რომლებიც აზრის, შეხედულებების გამოთქმის, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღებისათვის არის აუცილებელი. აღნიშნულ საშუალებებს განეკუთვნება, მათ შორის, ბეჭდვითი მედია, სამაუწყებლო საშუალებები, მათ შორის, რადიომაუწყებლობა და ტელემაუწყებლობა, აგრეთვე ინფორმაციის და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
57. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულია, მათ შორის, „ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წარმოებიდან, ინფორმაციის მატარებლებიდან, რომლებიც გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-14).
58. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა, უზრუნველყოს ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების მეშვეობით, რაც უმთავრესად, სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხორციელდება. ამდენად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72). ამასთან, გამოსახულებისა და ხმოვანი გამოხატვის შესაძლებლობების გამო, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია აუდიოვიზუალურ მედიას. შესაბამისად, აუცილებელია, აღნიშნული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის განხორციელებისათვის საკმარისი გარანტიების შექმნა.
59. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სათანადო ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ინფორმირებულობის დონე, თითოეული ადამიანის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული უფლებით ეფექტური სარგებლობა და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების დემოკრატიული განვითარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებაში ჩაურევლობა არა მხოლოდ მათი მესაკუთრეების საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული უფლების ნაწილია, არამედ განეკუთვნება საზოგადოების თითოეული წევრის ინტერესს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73). აღნიშნულ არგუმენტაციას უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს თავად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება“.
60. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულება იცავს როგორც საკუთრების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი), ისე მეწარმეობის თავისუფლებასა და კონკურენციის ხელშეწყობას (საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი). აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასა და მათი მონოპოლიზაციის აკრძალვაზე განცალკევებით მიუთითებს, რაც ცხადყოფს, რომ გამოხატვის თავისუფლება გამორჩეულად იცავს არა მედიასაშუალებების მესაკუთრეთა ქონებრივი ან ბიზნეს ინტერესების უზრუნველყოფას, არამედ თავად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და მათი მესაკუთრეების მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებას და საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობას, თავისუფალ მედიაგარემოში მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74).
61. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სამართლებრივი წესრიგი, რომელშიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დაცული იქნებიან იმგვარი ვალდებულებების დაწესებისაგან, რომლებიც დაუსაბუთებლად შეზღუდავენ მათ მიერ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას და უარყოფით გავლენას მოახდენენ მათ მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლებებით სრულყოფილ სარგებლობაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულაცია, რომელიც აფერხებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას, მე-2 პუნქტს და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს.
2.2. მოსარჩელის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
62. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციების შინაარსისა და მათგან მომდინარე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისას დაადგინა, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისებისას სადავო ნორმები უშვებს კომპანიის წილის გასხვისებას ისეთ პირზე, რომელთა მიერ შეძენამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-7–მე-9 პარაგრაფები). კომპანია, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, აღარ იქნება უფლებამოსილი, განახორციელოს ლიცენზიით ან/და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა – მაუწყებლობა და თავისუფლად გაავრცელოს აზრი და ინფორმაცია. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესი, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შედეგად უშვებს აღნიშნული ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის შეჩერების ან გაუქმების შესაძლებლობას, ქმნის მნიშვნელოვან წინაღობას მოსარჩელე კომპანიის ან/და მისი პარტნიორების მიერ იდეებისა და მოსაზრებების თავისუფლად გავრცელებისათვის. ამდენად, ამ თვალსაზრისით გასაჩივრებული ნორმებით იზღუდება მოსარჩელე კომპანიის და მისი პარტნიორების საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით განმტკიცებული უფლება.
63. მოსარჩელე მხარე აზრის, ინფორმაციის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს აგრეთვე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, კომისიისათვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება ემსახურება რომელიმე კომპანიის მიერ ბაზარზე მნიშვნელობანი საბაზრო ძალაუფლების მოპოვების თავიდან აცილებას. ამავდროულად, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის წილი ან აქციები კომისიისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე გასხვისდება და კომისია მიიჩნევს, რომ სუბიექტის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოპოვებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, მოსარჩელე კომპანიას შესაძლებელია, დაეკისროს სანქციები. მოსარჩელეთა პოზიციით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს კომისიის ცალსახა ვალდებულებას, იმოქმედოს შემთხვევებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად არღვევენ კონკურენციას სამაუწყებლო ბაზარზე. ყოველივე აღნიშნული კი აფერხებს მოსარჩელე კომპანიის საქმიანობას და ზღუდავს როგორც მისი, აგრეთვე მისი პარტნიორების საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულ უფლებას.
64. როგორც აღინიშნა, სადავო რეგულაციები ითვალისწინებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის გასხვისებას კომისიისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, რამაც შესაბამისი გარემოებების არსებობისას შესაძლებელია, გამოიწვიოს კომპანიის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ჩამოყალიბება და მისთვის სხვადასხვა სპეციფიკური ვალდებულების დაწესება. ხსენებული ვალდებულებები, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულებებს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-17–მე-18 პარაგრაფები).
65. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი იმ პირებისათვის, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება, თავისთავად, არ იწვევს აზრის გამოხატვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. დასახელებული სუბიექტებისათვის გამოხატვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების უფლების შეზღუდვა შესაძლებელია სახეზე იყოს მაშინ, როდესაც კონკრეტული ვალდებულება ან ბარიერი ისეთი ბუნების არის, რომელიც აფერხებს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვის წარმოსაჩენად, უნდა დადგინდეს უშუალოდ კონკრეტული ვალდებულებიდან, მისი შინაარსიდან გამომდინარე უფლების შეზღუდვის არსებობა. ამ თვალსაზრისით, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარე მიუთითებდა მხოლოდ იძულებითი აუქციონის სისტემის იმგვარად ჩამოყალიბების არაკონსტიტუციურობაზე, რომელიც გამორიცხავს კომისიისათვის შეტყობინების წარდგენისა და წინასწარი თანხმობის მიღების შესაძლებლობას, რაც იწვევს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მის ჩამოყალიბებასა და, შესაბამისად, მის მიმართ სხვადასხვა სახის სპეციფიკური ვალდებულების დაწესებას. ამავდროულად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გამხდარა სხვაგვარად ცნობილი, თუ რატომ შეიძლება ჩაითვალოს ამა თუ იმ სპეციფიკური ვალდებულების დაკისრება ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებაზე დადგენილ იმგვარ ტვირთად, რომ ამ წესით გასხვისება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეფასდეს.
66. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემის შესაძლებლობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე, როდესაც ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისება ექვემდებარება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე–27-ე მუხლების შესაბამისად შეტყობინებას, არ ზღუდავს მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით გარანტირებულ უფლებას.
2.3. უფლების შეზღუდვის გამართლება
67. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით განმტკიცებული აზრის, ინფორმაციის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლება, მიუხედავად მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულებისა, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დასახელებული უფლებების შეზღუდვა დასაშვები და გამართლებულია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ნათელია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლების ზემოაღნიშნული ასპექტების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, მხოლოდ კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნის დაცვითა და მკაფიოდ და ამომწურავად განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად (იხ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2.3.1. ფორმალური მოთხოვნები
68. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებით სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით უფლების კანონით შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნა დაკმაყოფილებულად მიიჩნია (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 23-ე–28-ე პარაგრაფები). ამ მხრივ, არ არსებობს აღნიშნულ საკითხზე გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით განცალკევებულად ან განსხვავებულად მსჯელობის აუცილებლობა. შესაბამისად, აღნიშნულ ეტაპზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად პასუხობს გასაჩივრებული რეგულაციები საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მატერიალურ მოთხოვნებს.
2.3.2. მატერიალური მოთხოვნები - თანაზომიერების პრინციპი
2.3.2.1. ლეგიტიმური მიზანი
69. აზრის, გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა გამართლებულია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით მკაფიოდ იდენტიფიცირებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების შესაბამისად, დასახელებული უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს, მათ შორის, სხვათა უფლებების დასაცავად. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმების მიზნად მითითებულია იძულებით აუქციონზე მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შემძენი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის საკუთრებითი ინტერესის დაცვის და მოსარჩელე კომპანიის პარტნიორების კრედიტორების აღსასრულებელი (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი) მოთხოვნების დაკმაყოფილება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 30-ე–33-ე პარაგრაფები). შესაბამისად, არსებობს დასახელებული კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისათვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი – საკუთრების კონსტიტუციური უფლების გარანტირებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გზით, სხვისი უფლებების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი.
2.3.2.2. გამოსადეგობა
70. როგორც აღინიშნა, თანაზომიერების პრინციპის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია, შემზღუდველი ღონისძიება აგრეთვე იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. წინამდებარე გადაწყვეტილებით აგრეთვე დადგინდა, რომ გასაჩივრებული ნორმები უზრუნველყოფენ, იძულებითი აუქციონის გზით, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული პირის წილზე ან აქციებზე საკუთრების უფლების დაუბრკოლებლად გადასვლას ნებისმიერ შემძენ პირზე. შედეგად კი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ აღნიშნული კატეგორიის ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას; მეორე მხრივ კი, მოსარჩელე კომპანიის პარტნიორების კრედიტორების აღიარებულ მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილებას. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 34-ე–35-ე პარაგრაფები). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი შეზღუდვა აკმაყოფილებს გამოსადეგობის მოთხოვნას.
2.3.2.3. აუცილებლობა
71. როგორც აღინიშნა, გამოსადეგობასთან ერთად, უფლების, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული აზრის, გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების უფლების შემზღუდველი ღონისძიება აუცილებელია იყოს უფლების შეზღუდვის ვიწროდ მიმართული საშუალება და არ არსებობდეს ნაკლებად ინტენსიური საშუალებით სათანადო ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობაზე მსჯელობისას აგრეთვე დაადგინა, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევისათვის უფლების ნაკლებად შემზღუდველი საშუალება. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაციების ამგვარი ფორმულირებით არარსებობის შემთხვევაში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, მოეპოვებინა საკუთრების უფლება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული პირის წილზე ან აქციებზე, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, შეამცირებდა პირის საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვის საკანონმდებლო სტანდარტებს. ამავდროულად, აღნიშნული კატეგორიის ქონებაზე პოტენციურ შემძენთა რაოდენობის შემცირებით, შეიზღუდებოდა მოსარჩელე კომპანიის პარტნიორების კრედიტორების აღიარებული მოთხოვნების დაკმაყოფილების ალბათობაც (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 36-ე–39-ე პარაგრაფები). ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებითაც პასუხობენ აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.
2.3.2.4. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
72. „შპს სტერეო+“, ისევე, როგორც ნებისმიერი სამაუწყებლო სფეროში ფუნქციონირებადი მასობრივი ინფორმაციის საშუალება, სამაუწყებლო საქმიანობას ახორციელებს ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის საფუძველზე. შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მაუწყებლობის განხორციელებისა და აღნიშნული ფორმით აზრის, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების რეალიზაციის ერთადერთი შესაძლებლობა ტელე-რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის ფლობაა. დასახელებული მაუწყებლები შესაძლებელია განსხვავდებოდნენ სამიზნე ჯგუფის, დაფარვის არეალის, თემატიკისა და პროგრამების, აგრეთვე აღნიშნული პროგრამების ხელმისაწვდომობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. ამასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, მაუწყებლობა მიმართულია და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის ან მისი გარკვეული ჯგუფისათვის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ და თანამედროვეობის სხვა აქტუალურ საკითხებზე იდეების გავრცელებასა და ინფორმაციის მიწოდებას. სწორედ ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის ფლობა და ლიცენზიით ან/და ავტორიზაციით ნებადართული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა უზრუნველყოფს კულტურული მრავალფეროვნების მოთხოვნებისა და იდეების, ინფორმაციისა და მოსაზრებების პლურალისტური გამოხატვის უფლების რეალიზაციას. ამავდროულად, მაუწყებლობის სფეროში უკვე მოქმედი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიმართ, საზოგადოების მხრიდან არსებობს სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების განსაკუთრებით მაღალი ლეგიტიმური მოლოდინი.
73. ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კომპანია, ისევე, როგორც მისი პარტნიორები ან აქციონერები, მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, აღნიშნული კომპანიის მეშვეობით, სწორედ ამ ფორმით, პროგრამებითა და თემატიკით, ინტენსივობითა და დაფარვის არეალით გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, იდეები და თავისუფლად გაავრცელონ ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს გააჩნიათ მითითებული ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის შეჩერების ან გაუქმებისაგან დაცვის მომეტებული ინტერესი.
74. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილის შემძენის ან/და კრედიტორის ინტერესები არ არის იმდენად აღმატებული, რომ გაამართლოს ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების ფორმით მოსარჩელეთა საკუთრების უფლების უმკაცრესი შეზღუდვა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 47-ე-52-ე პარაგრაფები). ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ გამოხატვით თავისუფლების კონტექსტში მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ინტერესი, მინიმუმ, საკუთრების უფლებით დაცული ინტერესის თანასწორია, რიგ შემთხვევებში კი, შესაძლოა აღმატებულიც იყოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის მსგავსად, სადავო ნორმით დადგენილი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაც ვერ პასუხობს პროპორციულობის (ვიწრო გაგებით) მოთხოვნებს.
75. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული პირის წილზე ან აქციებზე საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემის შესაძლებლობას, რომლის მიერ წილის ან აქციების შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად, ადგენს ინტერესთა არასამართლიან ბალანსს, არღვევს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას, მე-2 პუნქტს და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1311 („„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი და რობერტ ხახალევი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემის შესაძლებლობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე, როდესაც ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისება ექვემდებარება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე–27-ე მუხლების შესაბამისად შეტყობინებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემის შესაძლებლობას, რომლის მიერ წილის ან აქციების შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი