ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/10/402,405 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 30 ოქტომბერი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე
ოთარ სიჭინავა - წევრი
ჯონი ხეცურიანი - წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და მესამე პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე, საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და მოსარჩელის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი იოსებ ლომაშვილი.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №402) მომართა მოსარჩელე ანზორ მანძულაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. მოსარჩელემ მოითხოვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 18 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №405) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. მოსარჩელემ მოითხოვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, №402 და №405 კონსტიტუციური სარჩელები წარმოებაში მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელების, თანდართული საბუთების განხილვისა და 2006 წლის 24 ოქტომბრის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეების წარმომადგენელთა განმარტების საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებასთან და მათ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2006 წლის 29 მარტის, 10 მაისისა და 16 ივნისის განმწესრიგებელი სხდომების საოქმო ჩანაწერებით (№2/3/370; №2/4/382; №2/6/390) არსებითად განსახილველად მიღებულ 370-ე, 382-ე და 390-ე ნომრებით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი. გამწესრიგებელ სხდომაზე კოლეგიამ ასევე გამოარკვია სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის მიერ №405 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებული საკითხები და მოისმინა მოსარჩელის წარმომადგენლის შესაბამისი განმარტება.
II
1. №402 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ მოყვანილი მტკიცებულებები და არგუმენტაცია შეეხება მხოლოდ საკუთრების ჩამორთმევას. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეს არ მოუყვანია სხვა მტკიცებულებები და უცვლელად დატოვა მოთხოვნა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეეხება საკუთრების უფლების შეზღუდვის წესს, შემთხვევებსა და ფარგლებს. საკუთრების შეზღუდვა და საკუთრების ჩამორთმევა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღიარებული და უზრუნველყოფილი სიკეთე - საკუთრების უფლება, არის ერთმანეთისაგან როგორც ფორმით, ასევე შინაარსით განსხვავებული ინსტიტუტი. იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელე მოითხოვდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მთლიანად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და არა მის რომელიმე პუნქტთან მიმართებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებდა კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას.
2. №402 კონსტიტუციურ სარჩელში სხვა მხრივ დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.
3. №405 კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.
4. №405 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე მოითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რადგანაც მის მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი. ამ კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელე მხარე არის საქართველოს სახალხო დამცველი. თუმცა, სახალხო დამცველის უფლებამოსილებებიდან და მისი კონსტიტუციური სარჩელის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მხარეში ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ არა მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველი, არამედ პირთა ის წრე, რომელთა უფლებების დაცვასაც ახდენს სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანით.
5. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმა მიღებულია 2005 წლის 24 ივნისს და ამოქმედდა 2005 წლის 2 აგვისტოს, დაინტერესებულ პირს აქვს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა. განსხვავებული მდგომარეობაა, როდესაც საერთო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა და სასამართლომ შესაძლებელია გამოიყენოს საქმის გადაწყვეტისას სადავო ნორმა ან საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ნორმაზე დაყრდნობით უკვე გამოტანილია და კანონიერ ძალაში შესული. ამ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე საერთო სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერების ან დარღვეული უფლებების აღდგენის პერსპექტივა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით, შეიძლება საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ დადგეს. ამდენად, რეალურია საფრთხე, რომ პირის უფლებების დარღვევამ მიიღოს გამოუსწორებელი და შეუქცევადი ხასიათი.
III
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №402 (ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №405 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №402 (ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. შეჩერდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. №402 და №405 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს №370, №382 და №390 კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
6. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
7. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
8. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პრეზიდენტს.
9. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანომდებლო მაცნეში“.
10. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი