საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/466 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 27 თებერვალი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია – წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ბესარიონ ზოიძე – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის სიტყვების “საქართველოში მცხოვრებ” და “საქართველოს” (რომელიც გრძელდება სიტყვებით “იურიდიულ პირებს”) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №466) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა 2008 წლის 9 დეკემბერს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2009 წლის 26 თებერვალს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, “სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტი და “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. კერძოდ, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის მიხედვით კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება არა აქვთ: ფიზიკურ პირებს, თუ ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები და იმავდროულად, არ ცხოვრობენ საქართველოში, აგრეთვე იურიდიულ პირებს, თუ ისინი არ არიან რეგისტრირებულნი საქართველოში.
4. არსებული მდგომარეობის დემონსტრირებისთვის მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 6 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც საფრანგეთის ორ მოქალაქეს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე უარი ეთქვათ მათი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე, იმ მიზეზით, რომ ისინი არ ცხოვრობდნენ საქართველოში. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით, მათ ვერ დაიცვეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ მათი საკუთრება საქართველოში არსებობდა და შესაბამისად ისინი ექცეოდნენ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ყველა ადამიანის უფლებას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ პირისათვის, რომელიც მისი იურისდიქციის ქვეშ ექცევა. საქართველოს იურისდიქციის ქვეშ კი შეიძლება მოექცნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, იმისგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ თუ არა ისინი საქართველოში.
6. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ იურიდიულ პირებსაც, მათი საქართველოში რეგისტრაციის ფაქტის მიუხედავად, უნდა ჰქონდეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. ამასთან დაკავშირებით, კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ სიტყვები “საქართველოს იურიდიული პირი” “საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი”-ს იდენტური შინაარსის მატარებელია. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში მითითებული უფლებები და თავისუფლებები მათი შინაარსის გათვალისწინებით ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზეც. მოსარჩელე სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას იმ უფლებათა რიგს განაკუთვნებს, რომელიც იურიდიულ პირებსაც გააჩნიათ.
7. საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველ მუხლზე, რომელიც ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, მათი იურისდიქციის ქვეშ მოქცეული ყველა პირისთვის უზრუნველყონ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა. ამასთან კონვენციის მე-16 მუხლი ითვალისწინებს, რომ უცხო ქვეყნის პირებს შეიძლება დაუწესდეთ შეზღუდვები კონვენციის გარკვეული უფლებებით სარგებლობაზე, თუმცა ეს არ ვრცელდება კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაზე.
8. მოსარჩელე მტკიცებულებად იშველიებს აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას იხილავს “პირის” სარჩელის საფუძველზე.
II
№466-ე კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №466) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის სიტყვების “საქართველოში მცხოვრებ” და “საქართველოს” (რომელიც გრძელდება სიტყვებით “იურიდიულ პირებს”) კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კ. ვარძელაშვილი
ვ. გვარამია
ქ. ერემაძე
ბ. ზოიძე
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ქეთევან ერემაძე