საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/466 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 4 დეკემბერი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია – წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის სიტყვების: “საქართველოში მცხოვრებ” და “საქართველოს” (რომელიც გრძელდება სიტყვებით “იურიდიულ პირებს”) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№466) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა 2008 წლის 9 დეკემბერს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2009 წლის 26 თებერვალს. საქმე არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა 2009 წლის 27 თებერვლის №1/1/466 საოქმო ჩანაწერით.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, “სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტი და “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. №466 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის სადავო დებულებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. კერძოდ, დასახელებული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის მიხედვით კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება არა აქვთ: ფიზიკურ პირებს, თუ ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები და იმავდროულად, არ ცხოვრობენ საქართველოში, აგრეთვე იურიდიულ პირებს, თუ ისინი არ არიან რეგისტრირებულნი საქართველოში.
4. მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმის გამოყენების შესაბამის პრაქტიკაზეც, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 6 აპრილის №1/7/281 განჩინებაზე, რომლითაც საფრანგეთის ორ მოქალაქეს, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვათ მათი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე, იმ მიზეზით, რომ ისინი არ ცხოვრობდნენ საქართველოში. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით, მათ ვერ დაიცვეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ მათი საკუთრება საქართველოში არსებობდა და შესაბამისად ისინი ექცეოდნენ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ყველა ადამიანის უფლებას, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა სახელმწიფოს ავალდებულებს, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება უზრუნველყოს ყველა იმ პირისათვის, რომელიც მისი იურისდიქციის ქვეშ ექცევა. საქართველოს იურისდიქციის ქვეშ კი შეიძლება მოექცნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი საქართველოში.
6. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში მითითებული უფლებები და თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზეც. მოსარჩელე სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას ზუსტად ასეთ უფლებათა რიგს განაკუთვნებს. სახალხო დამცველის აზრით, იურიდიულ პირებს, მათი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად, უნდა ჰქონდეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, თუ ისინი ექცევიან საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ სიტყვები: “საქართველოს იურიდიული პირი” “საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი”-ს იდენტური შინაარსის მატარებელია.
7. საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველ მუხლზე, რომელიც ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, მათი იურისდიქციის ქვეშ მოქცეული ყველა პირისთვის უზრუნველყონ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა. ამასთან კონვენციის მე-16 მუხლი ითვალისწინებს, რომ უცხო ქვეყნის პირებს შეიძლება დაუწესდეთ შეზღუდვები კონვენციის გარკვეული უფლებებით სარგებლობაზე, თუმცა ეს არ ვრცელდება კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაზე.
8. მოსარჩელე მტკიცებულებად იშველიებს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას იხილავს “პირის” სარჩელის საფუძველზე.
II
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების იშვიათ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
სასამართლომ უნდა განმარტოს სახელმწიფოს იურისდიქციის განხორციელების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის დიაპაზონი, პირველ რიგში, თავად საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. შესაბამისად, გადასაწყვეტია საკითხი, საქართველოში არმცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, ისევე როგორც უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებს მიღმა ტოვებს მხოლოდ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის სადავო ნორმა თუ საქართველოს კონსტიტუციაც. ამ საკითხის სრულყოფილი გადაწყვეტა მოითხოვს კონსტიტუციის არაერთი ნორმის ერთობლივ, სისტემურ განმარტებას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლების განმარტება თავისთავად მოითხოვს შემდეგ საკითხზე პასუხის გაცემასაც: ვინაიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ მათი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, საქართველოში არმცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, ისევე როგორც უცხო ქვეყნის იურიდიული პირები შეიძლება თუ არა იყვნენ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებების სუბიექტები.
3. გარდა ამისა, ვინაიდან საკითხი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი კომპეტენციის კონსტიტუციით განსაზღვრული ფარგლების დადგენას, საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტა ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ერთგვაროვან განვითარებასა და სრულყოფას.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია საქმე არსებითად განიხილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
III
ხელმძღვანელობს რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცეს საქართველოს სახალხო დამცველის 466-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, მისი პლენუმზე არსებითად განხილვის საკითხის გადასაწყვეტად;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ქეთევან ერემაძე